ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქალაქში მშენებლობების გაზრდაზე საუბრობდა და მას „უზნეობა“ უწოდა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ყველა მშენებლობა, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს, წინა ხელისუფლების დროსაა დაწყებული.
„საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდა და გვიყვებოდა, თუ როგორ გაზარდეს ამ ხნის განმავლობაში ქალაქში სასტუმროების მშენებლობა. დღესდღეობით მხოლოდ ორი ახალი სასტუმრო შენდება და ორივე სასტუმროს მშენებლობაზე ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო მოლაპარაკებები. მაჩვენონ ერთი პროექტი მაინც, რომელშიც თვითონ იყო ჩართული და გადაწყვიტა რომელიმე ინვესტიციის საკითხი. მიწის ნაკვეთებსაც კი ვერ ჰყიდის და რომელ მშენებელობების გაზრდაზეა საუბარი. მე ამას უზნეობას ვუწოდებ და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას“-განაცხადა გიორგი კირთაძემ.
გიორგი კირთაძე საკრებულოს „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, მამული ჟღენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განცხადება ბათუმის საზღვრების გაფართოებაზე გააკეთა. „უნდა ჩაეხედა იმ საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მოხდა ბათუმის გაფართოება. ბათუმი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გაფართოვდა“- აცხადებს კირთაძე.