კვირის ამბები

“მოხეტიალე შუქურა” ბათუმში

12.08.2013 • 1870
“მოხეტიალე შუქურა” ბათუმში

პატარა სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ძველი ბათუმის ქუჩებში მიდიან.  სატვირთოზე დამაგრებული ხმის გამაძლიერებლიდან  სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ისმის, მიქსი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.  ვინილის ფირფიტები სინათლეს აშუქებენ, რაც ძველი ბათუმის არქიტექტურას ახალ იერს აძლევს. ილეინ ბაკჰოლცმა  ბათუმს საინტერესო ინსტალაციით აცნობა რომ „ბათუმის ეზოს ამბები“ წელსაც გაცოცხლდა.

„სინათლის ინსტალაციის საშუალებით ძველი ბათუმის კედლები იქნება სხვაგვარი.    შეიძლება ყოველდღიურად ხედავდე ერთსა და იმავე რაღაცას, მაგრამ თუ კარგად გაახელ თვალებს, შეიძლება ის საინტერესო და არაჩვეულებრივი იყოს. ამისთვის არ გჭირდება არც ფული და არც არაფერი ისეთი განსაკუთრებული,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ილეინ ბაკჰოლცმა.

„ამ ქუჩებს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, ყოველდღე დავდივარ მაგრამ, დღეს ახლიდან აღმოვაჩინე თითქოს ყველაფერი,“ – ეს კი ბათუმელი მოქალაქის აზრია, მას შემდეგ რაც მან ილეინის „მოხეტიალე შუქურით“  ბათუმის ქუჩები მოიარა.

„მოხეტიალე შუქურა“ სწორედ ასე ჰქვია ილეინის პროექტს და ეს მართლაც ერთგვარი შუქურაა ძველი ქალაქის კარგად ნაცნობი ქუჩების თავიდან აღმოსაჩენად.  ილეინის თქმით  საქართველო მეოთხე ქვეყანაა, სადაც  მსგავს  პროექტს ახორციელებს.

„ჩემთვის  საინტერესოა, როდესაც ხელოვნება კვეთს სხვადასხვა კულტურას. მიუხედავად ქვეყნებს შორის სხვაობისა, შედეგი, ჩვენების შემდეგ, ყოველთვის ერთნაირია. ჩემი ინსტალაცია იმ ადგილებს, რომლებიც ყველამ კარგად იცის,  განსხვავებულად აჩვენებს იმავე ადამიანებს, რომლებიც ამ კედლებს მანამდე განსხვავებულად ვერ აღიქვამდნენ.

მუსიკაც აბსტრაქტულია, მთელი მსოფლიოდან არის მიქსი მუსიკის. ეს მუსიკა აღწევს იმას, რომ ადამიანები, მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ, განიცდიან ერთსა და იმავეს. ორი ადამიანი რომ მიდის ერთად და რაღაც  თემაზე ლაპარაკობს, ორი გრძნობაა. ერთია, რას ლაპარაკობენ, მეორეა ის, რომ გადიხარ რაღაც მანძილს, რომელიც განიჭებს რაღაც სხვა გრძნობას.  ამ პროექტის ერთ-ერთი  მთავარი მომენტი ის არის, რომ ადამიანებს შორის განსხვავებები, სოციალური იქნება ის თუ სხვადასხვანაირი, დაინგრეს და ერთად განიცადონ ეს მომენტი,“ – ამბობს ილეინ ბაკჰოლცი.

„მსგავსი პროექტები დააინტერესებს არა მარტო პროფესიონალებს, არამედ ჩვეულებრივ  ადამიანებსაც. არა აქვს მნიშვნელობა, ის იქნება მთელი ცხოვრება არტში, თუ პირველად შეხედავს ამას. ხელოვანი მათ გადასცემს მესიჯს და ეს მესიჯი ერთნაირად მიუვა ორივეს. ეს პროექტი აძლევს ადამიანებს დისკუსიის გამართვის და ერთმანეთთან დაახლოების საშუალებას,“ –  ამბობს პროექტის კურატორი ლიდია მეთიუ, სახვითი ხელოვნების პროფესორი ნიუ-იორკიდან.

„ბათუმის ეზოს ამბები“ კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში აერთიანებს.

საჯარო სივრცეს  ბათუმის ერთ-ერთი უბნის რამდენიმე ქუჩა და ეზო წარმოადგენს, სადაც პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მხატვრები ეზოს მცხოვრებლებთან ერთად საინტერესო პერსონალურ ისტორიებს, ოჯახებში არსებულ ფოტო-მასალებს, საყოფაცხოვრებო საგნებს, ეზოს ურბანულ გარემოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას ხელოვნების ენაზე „გადათარგმნიან”.

12 ხელოვანი, სხვადასხვა სახელოვნებო მედიიდან 10 დღის განმავლობაში  ეზოს მცხოვრებლებთან ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველზე შექმნიან ჯგუფურ და ინდივიდუალურ ნამუშევრებს, პერმანენტულის, პერფორმანსის ან დროებითის სახით. ნამუშევრები გამოიფინება ბოლო 3 დღის განმავლობაში იმავე ეზოებსა და ქუჩებში (23, 24 და 25 აგვისტოს).

„ჩაკეტილი სივრცეებიდან, რომელიც განკუთვნილია ხელოვნებისთვის, ხელოვნება გადმოგვაქვს უფრო საზოგადოებრივ ადგილას, ეზოში, რომელიც ასევე ჩაკეტილია. ეზოები რეალურად ჩაკეტილი სივრცეა, პრივატულია, თუმცა ჩვენ ამ კონცეფტით ვიზიდავთ ხალხს. ეს არის უფრო  სათემო, საჯარო ხელოვნების არტი,”- ამბობს პროექტის დირექტორი ლევან ხუჯაძე.

გამოფენები ქუჩებსა და ეზოებში, გარკვეული დროით, მნიშვნელოვნად შეცვლიან ეზოების იერსახეს და  მობინადრეთა აქამდე უცნობ, კულტურულ, ისტორიულ და ყოფით თავისებურებებს  ხელოვნების ნიმუშების სახით წარმოადგენენ.

პროექტი  აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, საქართველოში ამერიკის საელჩოს და პარქსონის კურატორული დიზაინის კვლევით ლაბორატორიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი