კვირის ამბები

როგორ მოვიქცეთ გველის დაგესვლის დროს

31.07.2013 • 7034
როგორ მოვიქცეთ გველის დაგესვლის  დროს

 

გურამ წიკლაური. ფოტო: რადიო თავისუფლება
გურამ წიკლაური. ფოტო: რადიო თავისუფლება

ბატონო გურამ, საქართველოში გავრცელებული გველის სახეობებიდან რომელი გვხვდება აჭარაში და რამდენად საშიშია მათი ნაკბენი ?

 

საქართველოში დაახლოებით 22 სახეობის გველია გავრცელებული. აქედან 4-5 სახეობის გველია უფრო შხამიანი. ყველაზე შხამიანია გიურზა, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული და რეალურად ერთადერთი გველია საქართველოში, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აჭარაში გავრცელებულია კავკასიური გველგესლა, მისი ნაკბენი ადამიანს ვერ კლავს, მიუხედავად იმისა, რომ ინტოქსიკაცია საკმაოდ ძლიერია. სხვა შხამიანი გველი აჭარაში არ გვხვდება.

 

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა პირველ რიგში, თუკი გველმა უკბინა? არის მოსაზრება, რომ ნაკბენი პირით უნდა ამოიწოვოს ან ლახტი უნდა იქნას გადახვეული. რამდენად სწორია ეს მეთოდი?

 

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლახტის გადაჭერა, რადგან მაინც არ შველის. შხამი სისხლძარღვებით კი არ ვრცელდება, არამედ ლიმფური სადენებით, რასაც ჩვენ ვერ გადავკეტავთ. რაც შეეხება პირით ამოწოვას, ასეთი რამ მეც გავაკეთე, როცა მიკბინა შხამიანმა გველმა. ამ პროცედურას სჭირდება 15-20 წუთი. უნდა ამოწოვო და გადანერწყვო. თუმცა, ესეც არ არის კარგი რჩევა, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს პირის ღრუში აქვს რაიმე დაზიანება, მაგალითად ღრძილებიდან ან კბილიდან სისხლდენა, ამ შემთხვევაში შეიძლება შხამი სისხლის მეშვეობით გადავიდეს ორგანიზმში. მთავარია შხამი არ მოხვდეს სისხლში, კუჭში მოხვედრა არ არის საშიში, რადგან ნერწყვი და კუჭის წვენი შლის შხამს.

 

დაგესვლიდან  რამდენი საათის განმავლობაში უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს, რომ არ დაიღუპოს?

 

 

1-2 საათის განმავლობაში ადამიანს გიურზას ნაკბენიც არ კლავს. აჭარის შემთხვევაში, პრაქტიკულად გამორიცხულია ადამიანის სიკვდილი. გიურზას ნაკბენის შემთხვევაშიც შესაძლებელია მაქსიმუმ ექვსი-შვიდი საათის განმავლობაში მიმართო ექიმს. თუმცა, აქ  გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. ბავშვის შემთხვევაში აუცილებელია უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო სუსტია და მეორე ეს არის ალერგიული ფაქტორი. ნებისმიერი შხამი არის მძლავრი ალერგენი, ამიტომ, თუ ადამიანი არის ალერგიული, შხამმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული შოკი და ეს გახდეს სიკვდილის მიზეზი. იგივე შეიძლება მოხდეს ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაშიც კი.

 

რა ადგილას არის ნაკბენი ყველაზე საშიში?

 

 

სხეულის კიდურებზე – ხელზე ან ფეხზე ნაკბენი შედარებით უსაფრთხოა, ყველაზე საშიშია თავსა და მკერდზე ნაკბენი.

 

 

 რამდენად შესაძლებელია, რომ შხამის საწინააღმდეგო შრატი სახლის პირობებში შევინახოთ და გველის დაკბენის შემთხვევაში გამოვიყენოთ?

 

არავითარ შემთხვევაში. შრატი შეიძლება გაუკეთდეს ადამიანს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში. უფლებაც არ აქვს ადამიანს, რომ იყიდოს და სახლში შეინახოს, რადგან შრატს აქვს მოკლე ვადა შენახვის. თუ გაფუჭებულ შრატს გაუკეთებ პაციენტს,  ვადაგასული შრატი მოკლავს. 

 

გველებისგან თავდაცვის მიზნით ხშირად იყენებენ გოგირდს, განსაკუთრებით სოფლებში. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?

 

 გოგირდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი მას დახურულ სივრცეში იყენებ. თუ არსებობს ეჭვი, რომ სარდაფში ან ოთახში შესულია გველი, რომ დაწვათ გოგირდი და გველს დავუტოვოთ გასასვლელი, მაშინ გავა გველი, მაგრამ ღია სივრცეში არ იმოქმედებს. ყველაზე კარგი პრევენციაა, ეზოში ბალახის გათიბვა, რადგან ზაფხულში ბალახს გველი იყენებს მზისგან თავშესაფრად. ასევე საშენი ან სხვა მასალები არ უნდა იყოს ეზოში, რომ გველმა არ გამოიყენოს თავშესაფრად.  

 

 

ყველაზე აგრესიული როდის არის გველი, სეზონს აქვს მნიშვნელობა?

 

 

საერთოდ, გველი ადამიანის მიმართ აგრესიული არ არის. ყველა კბენის შემთხვევა არის თავდაცვა. თუ ადამიანი ძალიან მიუახლოვდა ან ფეხი დააბიჯა, ამ შემთხვევაში კბენს ხოლმე.

 

ღამით თუ გვხვდება გველი, ან წყალში თუ არის ის საშიში?

 

შემოდგომაზე უფრო აქტიურია გველი. ზაფხულში, როცა სიცხეა, პრაქტიკულად არ შეგხვდება. უფრო აქტიურია დილით და ღამე. რაც შეეხება წყალს, არის ასეთი სახეობა -ესკულაპის მცურავი, რომელიც იზრდება ორნახევარ მეტრამდე და რატომღაც მისი ყველას ეშინია, მაგრამ ის არ არის საშიში, თუმცა, ზოგადად, შხამიანი გველი წყალშიც იკბინება.      

გადაბეჭდვის წესი


ასევე: