მთიანი აჭარა

რას იღებს მაღალმთიანი აჭარა ცენტრალური ბიუჯეტიდან

07.08.2013 • 1980
რას იღებს მაღალმთიანი აჭარა ცენტრალური ბიუჯეტიდან

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით დამტკიცებული თანხა ადგილობრივ თვითმმართველობებში ძირითადად სახელფასო ფონდს, კომუნალურ გადასახადებს, მუნიციპალიტეტში მოქმედ სპეციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს ხმარდება. სპეციალური ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხით კი მუნიციპალიტეტებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ყველაზე მეტი თანხა ხულოს მუნიციპალიტეტს ერგო, ტრანსფერის სახით ადგილობრივი ბიუჯეტი ხულოში 5 მლნ 883 455 ლარით შეივსო, აქედან 4 მლნ 934 000 ლარი გამოთანაბრებითი ტრანსფერია, 949 455 ლარი კი – სპეციალური ტრანსფერი, რაც მთლიანად სოფლის მხარდაჭერის  პროგრამას მოხმარდება.

ცენტრალური დაფინანსების გარდა ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წლის ბოლომდე 912 000 ლარს აჭარის ბიუჯეტიდან მიიღებს, 912 000-ლარიანი გეგმიდან  ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მხოლოდ 14 000 ლარია მიღებულია.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი თემურ ცეცხლაძე ამბობს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის ოდენობას მოსახლეობის რაოდენობა, გზების სიგრძე და ა.შ, სულ 16-მდე კომპონენტი განსაზღვრავს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტად შერჩეული პროექტის დაფინანსებაზე უარი არასოდეს მიუღიათ.

„ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერით ფინანსდება. პროექტი, რომლის დაფინანსებაც მოგვეთხოვოს და არ დაფინანსებულიყო – არ ყოფილა. მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერით ორი დაწყებითი სკოლის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც 60 000 ლარია გამოყოფილი, გარდა ამისა, დაბაში საყრდენი კედლების ჩამოსხმისთვის – 154 000 ლარი, ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამაზე – 77 000 ლარი და კურორტ ბეშუმში სახანძრო შენობის მშენებლობისთვის 48 600 ლარია გაწერილი,“ –  განმარტავს თემურ ცეცხლაძე.

ხულოსთან შედარებით ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო ნაკლები თანხა მიიღო შუახევის მუნიციპალიტეტმა. ადგილობრივი ბიუჯეტი ტრანსფერის სახით აქ 4 043 900 ლარით შეივსო, აქედან გამოთანაბრებითი ტრანსფერი 3 მლნ 417 200 ლარი, სპეციალური ტრანსფერი კი  –  626 700 ლარია. შუახევის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი თეიმურაზ კილაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ძირითადად ტრანსფერზეა დამოკიდებული, რადგან ადგილობრივი შემოსავალი მწირია, ცენტრალური ბიუჯეტიდან  სპეციალური ტრანსფერით მიღებული დაფინანსება კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ხმარდება. სპეციალური ტრანსფერის სახით გამოყოფილი 626 700 ლარიდან აქ ყველაზე მეტი თანხა –  150 000 ლარი სასმელი წყლის მილების შეძენას მოხმარდება.

მიმდინარე წელს შუახევის ადგილობრივმა შემოსავალმა,  გეგმის მიხედვით, 250 000 ლარი უნდა შეადგინოს. თეიმურაზ კილაძე იმედოვნებს, რომ  ადგილობრივი შემოსავალი 2013 წელს გეგმას გადააჭარბებს და ნახევარ მილიონს გაუტოლდება.

2012 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით 3 მლნ 461 000 ლარი მიიღო, სპეციალური ტრანსფერი კი – 669 000 ლარი, აქედან 44 000 ლარით სარეზერვო ფონდი შეივსო, დანარჩენი თანხა სოფლის დახმარების პროგრამას მოხმარდა. ცენტრალური დაფინანსების გარდა შუახევის ბიუჯეტს აჭარის ბიუჯეტმა სპეციალური დანიშნულებით, ტრანსფერის სახით გასულ წელს 1 მლნ 638 200 ლარი გამოუყო. მილიონიანი ფონდიდან შუახევში სპორტკომპლექსი ააშენეს. მიმდინარე წელს კი შუახევში აჭარის ბიუჯეტიდან 964 200 ლარის მიღებას ელიან.

ცენტრალური ბიუჯეტიდან ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას აჭარის მაღალმთიანეთში ქედის მუნიციპალიტეტი მიიღებს. ქედის ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერით წლის ბოლომდე 2 მლნ 823 400 ლარით შეივსება, სპეციალური ტრანსფერით კი  – 51 757 ლარს მიიღებს. აჭარის ბიუჯეტიდან ქედის ბიუჯეტს 2 მლნ 823 400 ლარი დაუმტკიცდა. აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერით ყველაზე მეტი თანხა ორი ბაგა-ბაღის მშენებლობასა და წყალსადენების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ განსახორციელებელი პრიორიტეტები წინასწარ დგება და დაფინანსებაც შესაბამისად მტკიცდება: „განსახორციელებელ პრიორიტეტებს წინასწარ ვიხილავთ, საკითხზე ვთანხმდებით და რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ფინანსდება,“ –  ამბობს გამგებელი.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი შემოსავალი ნახევარ მილიონსაც არ აღწევს. თვითმმართველობებში ადგილობრივი შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობას სოფლის მეურნეობისა და მთის ტურიზმის განვითარებაში ხედავენ.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძე ამბობს, რომ ადგილობრივი შემოსავლის გაზრდა არსებული პოტენციალის ათვისებით არის შესაძლებელი: `მთის რეგიონი არ არის ისეთი შემოსავლიანი, როგორც დაბის რაიონები, ამიტომ ხელისუფლება იძულებულია დაგვაფინანსოს. აქ შესაძლებელია განვითარდეს მთის ტურიზმი, მთა ჩირუხი, მთა ღომა – დიდი პოტენციალია. თუ მოხდება ამ პოტენციალის ათვისება, გაიზრდება ადგილობრივი შემოსავალი, რასაც გვთავაზობს ცენტრალური ბიუჯეტი, უნდა დავკმაყოფილდეთ. მე ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზრდება და აისახება ჩვენს ბიუჯეტზეც. გასაკეთებელი ბევრია და ამჟამად არსებული ტრანსფერი ვერ ეყოფა, ვფიქრობ მომავალში მეტად დაგვაფინანსებს ხელისუფლება“, –  იმედოვნებს საკრებულოს თავმჯდომარე.

გადაბეჭდვის წესი