Batumelebi | შიდა აუდიტის ორი წლის მუშაობის შედეგი – არც ერთი დასკვნა შიდა აუდიტის ორი წლის მუშაობის შედეგი – არც ერთი დასკვნა – Batumelebi
RU | GE  

შიდა აუდიტის ორი წლის მუშაობის შედეგი – არც ერთი დასკვნა

 

შიდა აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტში 2011 წლის მარტში შეიქმნა, სამსახურის უფროსად ჯამბულ თურმანიძე, მთავარ სპეციალისტად კი ერეკლე აბაშიძე ოთხი თვის შემდეგ  დაინიშნენ. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტში თითქმის ორი წელია ფუნქციონირებს, სამსახური მონაცემებს არ ასაჯაროებს.

სამსახურის უფროსი პირად საუბარში ამბობს, რომ აუდიტი  2011-2012 და მიმდინარე წლის მონაცემებს ერთდროულად ამუშავებს, მონიტორინგის შედეგები მხოლოდ მაშინ გასაჯაროვდება, როცა სამსახური ერთი წლის მონაცემებს შეისწავლის და დასკვნას დადებს.

„ბათუმელების“ კითხვას, როდის შეისწავლის შიდა აუდიტი ერთი წლის მონაცემებს და მოამზადებს დასკვნას, ჯამბულ თურმანიძე არ პასუხობს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ მისი მუშაობა ვადაში არ არის გაწერილი და დასკვნასა და მონიტორინგის შედეგებს მაშინ დადებს, როცა შესწავლა დასრულდება.

საკრებულოს თავმჯდომარემ ბადრი დიასამიძემ თქვა, რომ შიდა აუდიტმა შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს: „წარმოდგენილი შენიშვნები ბიუროს სხდომაზე განვიხილეთ, ის შენიშვნა, რომლებიც მისაღები იყო, გავუგზავნე წარმოების ხელმძღვანელებს და გავაცანი, შენიშვნები შემოვიდა, გადარიცხვებზე, საწვავზე, დარღვევები არ ყოფილა.“

მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ბოლქვაძე შიდა აუდიტის მუშაობით კმაყოფილია და დასძენს, რომ სამსახურს მისი გამგებლობის პერიოდის შესწავლა სთხოვა: „შიდა აუდიტი მუშაობს, მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, ვთხოვე ჩემი მუშაობის პერიოდი შეესწავლათ, აუდიტი შესაბამისი დებულებით მოქმედებს,“ –  ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე