„მრჩეველთა საბჭო პატარა უმაღლეს საბჭოს დაემსგავსება“ – გენო გელაძე

 

ბატონო გენო, თქვენ იყავით იმ კომისიის წევრი, რომელმაც უმაღლეს საბჭოში წარსადგენი კონკურსანტები შეარჩია.  როგორ აფასებთ თქვენს როლს ამ კონკურსში და  რას ფიქრობთ  დეპუტატების მიერ გაკეთებულ არჩევანზე?

ჩემი აზრით, კომისიის ფუნქცია თავიდანვე არასწორად განისაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებას მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი კონკურსანტებიდან ავარჩევდით ხუთ კანდიდატს და არა ოცდაოთხს, როგორც მოხდა. რადგან კომისიას ჰქონდა კონკურსანტებთან გასაუბრებისა და კონცეფციების გაცნობის შესაძლებლობა.  კომისიამ უფრო სიღრმისეულად იმუშავა, ვიდრე უმაღლესმა საბჭომ. ახლა რა მივიღეთ? კომისიამ შეასრულა ტექნიკური ფუნქცია, რეალურად დაიწუნა მხოლოდ ათი კანდიდატი, რომლებიც ძალიან შორს იდგა საკონკურსო მოთხოვნებისგან, მაგრამ კონკურსანტთა რაოდენობა მაინც ვერ გაცხრილა და საბოლოოდ ისეთი კანდიდატები დარჩნენ ასარჩევი, რომლებიც არაფრით გამოირჩეოდნენ.

ხომ არ ნანობთ კომისიის მუშაობაში რომ მიიღეთ მონაწილეობა, თუკი ფიქრობთ, რომ მაინც არასასურველი კანდიდატები გავიდნენ? 

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია  სულ სხვა კანონპროექტის მომხრე იყო, მიმაჩნია, რომ პროცესში უნდა ვყოფილიყავი ჩართული და სხვა ნებისმიერ პროცესშიც ჩავერთვებით, რადგან ამით  მოვახერხეთ გაგვეგო ის, თუ როგორ წყდებოდა შიგნით საკითხები.

თქვენი აზრით რომელი კონკურსანტები აკმაყოფილებდნენ პირობებს?  

იმ ადამიანებიდან, ვისაც მე გამოვარჩევდი, მხოლოდ ნატა იმედაიშვილი მოხვდა ბორდში, დანარჩენი ყველა ხმების გარეშე დარჩა. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეკა ჩხარტიშვილი, რადგან კარგი კონცეფცია ჰქონდა, მაღალმთიანი აჭარიდან იყო სურმანიძე, რომელიც ძალიან აქტიური იყო, ყურადღება მივაქციე მიქელაძესაც,    რომელიც კარგად ერკვეოდა თანამედროვე ტექნოლოგიებში და ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭოში ეს კანდიდატი კარგი იქნებოდა. ასევე შეიძლებოდა ბესო ლილუაშვილისა და ნინო ჩხეტიას კანდიდატურების განხილვაც. ვფიქრობ, უმაღლეს საბჭოს დიდი არჩევანი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ის საბჭო შეირჩა, რომელიც, ჩემი აზრით, გუნდურად ვერ იმუშავებს.

რატომ?

განსხვავებული ხედვების გამო. `ნაცმოძრაობამ~ ჯერჯერობით ვერც ერთი კანდიდატურა ვერ გაიყვანა, მაგრამ ხელმეორე კენჭისყრისთვის თუ იგივე კანდიდატები დარჩნენ, ამ კონფიგურაციით ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ეფექტური ვერ იქნება და იგი რაღაცით დაემსაგვსება პატარა უმაღლეს საბჭოს.

ფიქრობთ, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები პოლიტიკური ნიშნით შეირჩა? 

ყველა შეიძლება არა, მაგრამ რამდენიმე შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკური ნიშნით.

როგორც ვიცით, ზაზა ხალვაში, რომელიც ამ საბჭოში ქართული ოცნებისმხარდაჭერით შევიდა, რამდენიმე წლის წინ აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ გაუშვეს. მას სწორედ ცენზურისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო ჰქონდა ჟურნალისტებთან უთანხმოება. როგორ ფიქრობთ, ზაზა ხალვაშის მხარდაჭერით, რა მესიჯი გააკეთა ოცნებამმრჩეველთა საბჭოში და რამდენად რეალურია, რომ ხალვაში და იმედაიშვილი როგორც ერთი გუნდი, ისე იმუშავებს? 

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს გუნდი ვერ შეიკვრება. მიმაჩნია, რომ ტელევიზიაში  არ უნდა იყოს დაპირისპირებული მხარეები, რადგან ეს არ არის პოლიტიკური ცენტრი, ეს ხუთი ადამიანი გარდამავალ პერიოდში ფაქტობრივად ნულიდან იწყებს ყველაფერს და თუ მათ ყველაფერზე სხვადასხვა აზრი ექნებათ, ვერც შედეგს მიაღწევენ. ზაზა ხალვაში და  ნატა იმედაიშვილი, რომლებიც კონფლიქტში იყვნენ ტელევიზიაში მუშაობის დროს,  ერთ გუნდს ვერ შექმნიან, მით უფრო, რომ აქედან ერთ-ერთი უნდა იყოს ხელმძღვანელი. მათ უნდა იმსჯელონ პრიორიტეტებზე, ბიუჯეტზე და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა აირჩიონ ტელევიზიის დირექტორი. ჩემი აზრით, ხალვაში და იმედაიშვილი ერთი და იმავე კანდიდატს ხმას არ მისცემენ.

ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანდიდატების ბეგრაუნდზე უმაღლეს საბჭოს უნდა ემსჯელა? 

ჩემი აზრით პოლიტიკოსებმა იმ კანდიდატების გაყვანაზე იფიქრეს, რომლებიც მათთვის იქნებოდა დასაყრდენი. შეიძლება ერთი მხრივ კარგიც არის, რომ ისინი განსხავებული პოზიციის ხალხია, მაგრამ მეორე მხრივ ჩნდება კითხვა, რამდენად განავითარებენ ისინი ტელევიზიას.

ტელევიზიის დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე, იყო ნაბიჯი წინ, ბორდის ეფექტურობა კი მინიმუმ სამ თვეში გამოჩნდება. თუკი აღმოჩნდება, რომ მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ სამი წევრი წყვეტს ყველაფერს, ორი კი მუდმივად ოპოზიციაშია, ეს ნიშნავს, რომ მოქნილი სისტემა ვერ შეიქმნა.

როგორ ფიქრობთ, რომ არ ყოფილიყო საბჭოში მუშაობა ანაზღაურებადი, ან ყოფილიყო ვთქვათ, სიმბოლური ხელფასი,  შემცირდებოდა თუ არა პოლიტიკური ინტერესების რისკი?

მე ადრეც ვამბობდი, რომ ასეთი სახის საქმიანობა ანაზღაურებადი არ უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, მაშინ გაცილებით უკეთესი მრჩეველთა საბჭო ეყოლებოდა ტელევიზიას და ვიღაცები ამ ადგილს, როგორც ახლობლის დასაქმების ალტერნატივად, არ მოიაზრებდნენ. მინიმუმ, ყველა შეეცდებოდა  იდეის მატარებელი ხალხის ლობირება გაეწია.

ცოფის შემთხვევა ბათუმში

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარო ჩხაიძე ამბობს, რომ 2013 წელს ცოფის შემთხვევა მეორედ დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა სექტემბერში იყო, რომელიც სიცოცხლის დაკარგვით დასრულდა. ფატალურ შედეგს კი ის იძლევა, რომ ძაღლის კბენისას ადამიანები პროფილაქტიკისთვის არ მიმართავენ ექიმს.  

 

 

„პაციენტი სახის არეში იყო დაკაწრული. დაესვა კლინიკური დიაგნოზი. აღებულია ნიმუში, მოხდება ლაბორატორიულ  კვლევა. დაკბენის დროს მას არ მიუმართავს პროფილაქტიკური დაწესებულებებისთვის. წელს ცოფი მეორედ გამოვლინდა. ორივე შემთხვევაში პაციენტს არ მიუმთავს ექიმისთვის. მხოლოდ მაშინ მიმართეს ჰოსპიტალს, როცა სახეზე კლინიკური ნიშნები დადგა. მინდა მოსახლეობას მივმართო: ნებისმიერი ცოფზე საეჭვო ცხოველისაგან დაკბენის, დადორბლვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური მკურნალობა“.

 

 

ცოფი მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ლეტალური შედეგით მთავრდება. მსოფლიოში ამ დაავადებისგან ყოველწლიურად 55000-ზე მეტი ადამინი იღუპება.

რის შეცვლას აპირებენ მოსწავლეები სკოლაში

მეათეკლასელი მარიამ შერვაშიძე, პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობის ახლადარჩეული თავმჯდომარეა. ის წინა წელს სკოლის თვითმმართველობის წევრიც იყო. ის ჯერ კლასის რჩეული გახდა, შემდეგ კი სკოლის. თვითმმართველობის თავმჯდომარეობისთვის პირველ სკოლაში სულ ოთხი მოსწავლე იბრძოდა.

„წინა თვითმმართველობის მუშაობით კმაყოფილი არ ვარ. კოორდინაციას ხშირად ვერ ვახერხებდით და ზოგჯერ დაბნეულებიც ვიყავით. ყოველთვის ვერ გამქონდა ჩემი იდეები, ამიტომაც მინდოდა თავმჯდომარე გავმხდარიყავი, რადგან საკუთარი იდეების განხორციელების მეტი შანსი მაქვს“-გვეუბნება მარიამი. მისი, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარის პრიორიტეტები, სკოლაში სპორტული აქტივობების გაზრდა იქნება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვფიქრობ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ისეთი პროექტები, რომელსაც წინა წლებში უფრო დიდი დრო ეთმობოდა. წინა წელს სკოლამ 15 პროექტი მოიპოვა, მაგრამ მე გაცილებით მეტის მიღწევას ვაპირებ. მინდა სამოქალაქო საკითხებზე მეტი დისკუსია გავმართოთ, უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ სასკოლო კლუბებიც“.

ანა პერტაიაც მეათეკლასელია. იგი ამბობს, რომ ახალი თვითმმართველობა ჯერ კიდევ არ არის გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბებული: „ამისთვის ერთი კვირა კიდევ გვაქვს. იდეების შემოტანა თვითმმართველობაში სკოლის ყველა მოსწავლის ვალდებულებაა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით რომ მოსწავლეები გავააქტიუროთ“.

გივი ბიბილეიშვილი მარიამ შერვაშიძის კონკურენტი იყო არჩევნებში. მართალია ის თავმჯდომარე ვერ გახდა, თუმცა მიიჩნევს რომ იდეები არ არის მხოლოდ თავმჯდომარის საფიქრალი: „პირველი რის გაკეთებასაც ვაპირებ, საქველმოქედო კონცერტია. შემოსული თანხა კი მოხუცთა სახლს ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უნდა გადავცეთ“.

მოსწავლეები ამბობენ, რომ არჩევანში თავისუფალი იყვნენ, თუმცა სკოლის კოორდინატორი სისუსტეებსაც ამხელს: „შეიძლება ამით წესები დავარღვიეთ, მაგრამ მოსწავლეებს ვურჩევდით აქტიური ბავშვებისთვის მიეცათ ხმა“-გვეუბნება ნონა ჩხაიძე.

ის რასაც მოსწავლეები თვითმმართველობის აქტიურობად და წარმატებად ასახელებენ, ძირითადად კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებებია. „ყოველწლიურად აღვნიშნავთ დავითის ხსენების დღეს და ვაწყობთ ინტელექტუალურ თამაშებს, გარემოს დაცვის ავღნიშნეთ, საქველმოქმედო კონცერტებს ვაწყობთ და კიდევ სპორტულ ღონისძიებებს ვაკეთებთ“-გვეუბნებიან მოსწავლეები. ეს აქტივობები თითქმის ყველა სკოლაში ტრადიციულია.

„განსხვავებული რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს არის უფრო მეტი დისკუსია ისეთ საკითხებზე, რაც მოზარდების აზრის პატივისცემას გაზრდის“-ამბობს ანა პერტაია. მისი თქმით, დღეს სკოლაში მოზარდების აზრის გათვალისწინება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, ნაკლებად ხდება. „შარშან პრიორიტეტიული იყო ბავშვთა უფლებებზე დისკუსიები, ეს უნდა გაგრძელდეს, ამასთან, მოსწავლეებმა უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ დემოკრატიულ ღირებულებებზე მსჯელობას, რომ საფუძველშივე ჰქონდეთ სწორი წარმოედგენა, ამ ღირებულებებზე. მე პირადად სწორედ ამ კუთხით ველოდები თვითმმართველობისგან აქტივობებს“.

„ჩემთვის სიახლეა თუნდაც ის, რომ დაწყებითი კლასის ბავშვებს ოკუპაციაზე ვესაუბრებით. ვცდილობთ არ მივცეთ ამ თემას პროპაგანდის სახე, ისე შევძლოთ იმ გმირებზე საუბარი, რომლებიც ჩვენთვის მაგალითია“-გვეუბნება ანა.

ელენე დავითაძე მეცხრე კლასელია. იგი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა: „აქამდე უფრო ზედაპირული წარმოდგენა მქონდა მათ საქმიანობაზე და ნაკლებადა მაინტერესებდა. ველოდები რომ ახალი თვითმმართველობა თითოეულ მოსწავლემდე მივა და მათ გააქტიურებას მოახერხებს“.

თავმჯდომარე და წევრებიც, თანხმდებიან იმაზე, რომ კიდევ ერთი სიახლე, რაზეც ახალი თვითმმართველობა დისკუსიას დაიწყებს, ეს დაუწერელი აკრძალვებია, რომელსაც სკოლის შიდაგანაწესი არ ითვალისწინებს: „მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება მაღალი კლასის მოსწავლემ თმები შეიღებოს მაგალითად წითლად, ან სხვა ფერებში? არსად წერია რომ თმის შეღებვა აკრძალულია, მაგრამ მასწავლებლები მაინც გვიშლიან“. თმის ფერის გარდა, მოსწავლეები აპირებენ მეტი დისკუსია გამართონ იმაზე, თუ რატომ აღარ სცემენ მოსწავლეები პატივს მასწავლებლებს ისე როგორც ადრე.

მე-18 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, რუსუდან სარხანიძე გახდა, ის სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე გასულ წელსაც იყო. მისი პრიორიტეტები ქალთა და ბავშვთა უფლებებზე დისკუსიები იქნება: „ბოლო პერიოდში სკოლიდან ბევრი გოგონა თხოვდება. გასულ წელს ორმა შექმნა ოჯახი, წელსაც ორი წავიდა. ბიჭებსაც ადრეულ ასაკში მოჰყვათ ცოლი და ისინი სრულფასოვანი განათლების მიღებას ვერ ახერხებენ, ვფიქრობ ეს პრობლემაა რომელზეც სკოლამ ხშირად უნდა ისაუბროს“.

მე-18 საჯარო სკოლის თვითმმართველობა

რუსუდანი ამბობს, რომ გოგონების საკმაოდ დიდი ნაწილი, თავის მომავალს განათლებაში ვერ ხედავს: „მათ მიაჩნიათ რომ საბოლოოდ მაინც ოჯახის შექმნა და სახლში ყოფნა მოუწევთ, ვერ აცნობიერებენ იმას რა სირთულეების წინაშე შეუძლება დადგნენ ისინი მომავალში. გვინდა რომ რაც შეიძლება ბევმა ბიჭმა მიიღოს დისკუსიაში მონაწილეობა, რადგან ისინი გახდებიან ოჯახის ფუძე“.

კიდევ ერთი პრობლემა რაზეც რუსუდანი საუბრობს, ბიჭების აქტივობაა. „მათ ეუხერხულებათ ღონისძიებებში მონაწილეობა. ურჩევნიათ სკოლის გარეთ იყონ აქტიური. შევეცდები რომ მათთან მეტი კომუნიკაცია მქონდეს“.

მაგდა მიქაბერიძე მე-12 კლასელია. ის პირველად გახდა თვითმმართველობის წევრი. ამბობს, რომ ჯერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტები ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული „ახლა ვფიქრობ და კვირის ბოლომდე ჩამოვაყალიბებ“. მეთორმეტეკლასელი ანა შერვაშიძე, იმედოვნებს რომ ახალი თვითმმართველობა უფრო ქმედითი იქნება: „ჩვენ წინა წლების მოუგვარებელ პრობლემებზეც მოგვიწევს ფიქრი. ეს სკოლის ბუფეტია. არ მოგვწონს რომ პატარა და დასვენების დრო იმდენად მცირეა, ჭამას ვერ ვასწრებთ“.

პრობლემების გამოსწორების იმედი აქვს, მეათეკლასელ ლუსინა პაპიკიანს: „თვითმმართველობის წევრი ვიყავი გასულ წელსაც, მაგრამ უკმაყოფილო ვარ მუშაობით. ბავშვები გაბნეული ვიყავით და კომუნიკაცია ცუდი გვქონდა. ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ“.

ახალი თვითმმართველობა ბათუმის მეშვიდე სკოლაშიც აირჩიეს. მოსწავლეებმა არჩევანი ნინო ქათამაძეზე შეაჩერეს. ახალი თავმჯდომარე მიიჩნევს რომ სკოლაში აუცილებელია სამოქალაქო კლუბების გააქტიურება.

მე-7 საჯარო სკოლის თვითმმართველობა

გოგი დავითაძე ახალი თვითმმართველობის წევრია. მისი თქმით, სკოლის ბუფეტი თითქმია ყველა სკოლის სუსტი წერტილია. „უფრო დიდი უნდა იყოს და კომფორტული“. ვალერი გოგოძე ამ პრობლემის მოგვარებით იწყებს თვითმმართველობაში აქტიურობას. „აუცილებლად გვექნება კარგი ბუფეტი, სკამები, მაგიდები ყველაფერი შესაცვლელია. ჩვენი წინამორბედებიც ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ვერ შეძლეს, ჩვენ გავაკეთებთ“.

ვალერი გოგოძე და სხვა წევრები მიიჩნევენ რომ სკოლაში სხვა პრაქტიკული საკითხებიცაა მოსაგვარებელი. მაგალითად წყლის საკითხი. ასევე, სპორტული დარბაზები და მათი აღჭურვილობა. „მე სპორტულ სფეროში ვარ აქტიური. შარშან რამდენიმე ტურნირი ჩავატარე და გამოფენებიც მოვაწყე ისტორიაში, ვფიქრობ ამ მიმართულებით ვიმუშავებ“-გვეუბნება ლუკა მალაყმაძე.

სამივე სკოლა განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყოფს სკოლის ლაბორატორიების მუშაობის საკითხს.
„ვფიქრობ სკოლაში ნაკლებად ფიქრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ ჩვენს განათლებას ეხება. ქიმიისა და ფიზიკის სწავლა ლაბორატორიების გარეშე შეუძლებელია. თვითმმართველობისგან სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ველოდები“-ამბობს ანა შერვაშიძე.

„მე ჯერ პატარა ვარ და თვითმმართველობაში მუშაობას პირველად ვიწყებ, მაგრამ ცდების საკითხი სკოლაში აუცილებლად უნდა მოგვარდეს“-გვეუბენა მეშვიდეკლასელი მარიამ კონცელიძე.

მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის სტრუქტურული ერთეულია. მისი ფუნქციებია შეიმუშაოს რეკომენდაციები სკოლის შინაგანაწესის შესახებ, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მონაწილეობა მიიღოს მოპოვებული გრანტის განკარგვაში.

სკოლის თვითმმართველი რგოლების საქმიანობის შესახებ არსებულ პრობლემებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი სწავლობს. ამავე ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ სკოლის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია სკოლის მართვაში მოსწავლეთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით: „მოსწავლეთა თვითმმართველობის ქმედუნარიანობის შეფასება შეიძლება შემდეგი მახასიათებლებით: როგორია მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამეურვეო საბჭოს, ადმინისტრაციის თანამშრომლობა, ხდება თუ არა მოსწავლეების მიერ შემუშავებული პროექტების მხარდაჭერა სკოლის ადმინისტრაციის მიერ და რა რესურსებს ფლობს ადმინისტრაცია ამ მიმართულებით“.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

 

ყურადღება – სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის

 

2013 წლის 18 ოქტომბერს, პარასკევს 10:00 საათზე, ქ. ბათუმში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომით აქცია ,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ უკვე მეორედ გაიმართება. აქციაში ჩაერთვებიან ბათუმის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიცია, ადგილობრივი პროკურატურა, ასევე ბათუმის მერიის, ბათუმის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომლები.

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 3-4 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს.

 

ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. რაც შეეხება დონორობის მსურველს, მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი. ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი) იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ბრიგადა ადგილზე, იმუშავებს.

 

სისხლის ჩაბარება მოხდება: ქალაქ ბათუმში, კერძოდ შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ (მის: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის #30) აქციაში ჩართვის მსურველები დაგვიკავშირდით: საკონტაქტო პირი: თამთა დემურიშვილი სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი 599923082 ლიზა თედორაძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 577750120

 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მსურველები – მეორე ეტაპი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა იმ 24 პირის სია, რომლებიც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. უმაღლესი საბჭოს ცნობით, ხვალ შერჩეული 24 პირის დებატები გაიმართება, ხოლო ზეგ, ანუ 17 ოქტომბერს საბჭოს ხუთი წევრი დასახელდება.

5-წევრიანმა საკონკუროს კომისიამ 24 კანდიდატი რეგისტრირებული 34 კონკურსანტიდან შეარჩია. შერჩეულები არიან:

1. ნინო ჩხეტია
2. ბესიკ ლილუაშვილი
3. გიორგი ირემაძე
4. ვახტანგ ღლონტი
5. ოლღა ჟღენტი
6. ლევან გობრონიძე
7. რამაზ სურმანიძე
8. ოთარ გოგოლიშვილი
9. ჟუჟუნა შაინიძე
10. ზურაბ ღლონტი
11. ზაზა ხალვაში
12. ნუგზარ მგელაძე
13. ნანა ვერულაშვილი
14. ეკატერინე ჩხარტიშვილი
15. გიორგი ფირცხალაიშვილი
16. ქეთევან გოლეთიანი
17. როინ სურმანიძე
18. ნუგზარ ჟორდანია
19. გიორგი გოგიბერიძე
20. გოჩა მიქელაძე
21. ემზარ დიასამიძე
22. რუსუდან იმედაიშვილი
23. ბეჟან გობაძე
24. ირაკლი დარცმელიძე.

ბათუმში ცხედარი აღმოაჩინეს

 

დღეს ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა: „ზღვაში შევიდა და დაიხრჩო. ძალადობის ნიშნები არ აქვს“-აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. 

ახალ კორპუსში ხალხი შეიჭრა

 

ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ ცარიელ კორპუსში წუხელ, გვიან ღამით 50-მდე ადამიანი შეიჭრა. ზოგი მათგანი აქამდე ხელვაჩაურში, 53 ბატალიონის ტერიტორიზე თვითნებურად იყო ჩასახლებული. ზოგიც ეკომიგრანტია. ისინი უკვე რამდენიმე თვეა თავშესაფარს ითხოვენ.

 

აჭარის მთავრობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კობა ჩხეიძის ინფორმაციით, „ბენზეში არსებული ორი კორპუსი მიზნობრივად აშენდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ მოსახლეობისთვის, რომლებსაც სტიქიის შედეგად დაენგრა ბინები. ამ ხალხის ნაწილი წალკიდან უკუმიგრეირებულია, ნაწილი 53-ე ბატალიონიდანაა, ნაწილი კი – ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველები არიან. შენობა ამჟამად პოლიციის დაცვის პასუხისმგებლობის ქვეშაა. რვა ადამიანმა, მათ შორის ერთმა ფეხმძიმე ქალბატონმა დატოვა კორპუსი. ალბათ, უახლოეს პერიოდში დანარჩენებიც დატოვებენ, რადგან იქ არ არის წყალი, შუქი. ახალი ადამიანის შეშვება, ან საკვები პროდუქტით მათი მომარაგება არ მოხდება“.

 

თავშესაფრის მაძიებელი მოსახლეობა ერთ კორპუსში, ბოლო სართულზეა  შეჭრილი. ისინი იქ ამ წუთებშიც ელექტროენერგიისა და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე იმყოფებიან.

 

„შეჭრილები” შუქს და წყალს ითხოვენ

 

 

„მოვითხოვთ, რომ გაგვიყვანონ ელექტროენერგია, წყალი და დაგვიდგან ნაგვის ურნები. ჩვენ გაუსაძლიs პირობებში ვცხოვრობთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ არჩევნების შემდეგ ქოხების დანგრევით დაემუქრა.

 

„ზუსტად არ ვიცი, რომელიც უწყებიდან იყო ის კაცი, მერიიდან თუ აჭარის მთავრობიდან და გვითხრა, რომ არჩევნების შემდეგ კინწისკვრით გაგყრით მაგ ქოხებიდანო. მხოლოდ საარჩევნოდ ვჭირდებით ყველას, ჩვენი პრობლემები კი არც ერთ ხელისუფლებას გულთან არ მიაქვს“, – ამბობს ჟუჟუნა მიქელაძე.

 

 

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ,  სამხედრო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე შეჭრილ ოჯახებს ბათუმის მერია ვერ დაეხმარება, რადგან მიწის ფართობი, სადაც ეკომიგრანტებისა და ცოციალურად დაუცველების ქოხებია განთავსებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის საკუთრებაშია.

 

 

„ვერც შუქს გაიყვანს მერია, რადგან ეს ოჯახები არ არიან აბონენტები, გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორია არ აქვთ დარეგისტრირებული. რაც შეეხება ნაგვის კონტეინერებს, „სანდასუფთავებამ“ ისინი ცენტრალურ მაგისტრალზე განათავსა, თუმცა ჩასახლებული მოსახლეობა მათ არ იყენებს“, – ამბობს მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირინა შერვაშიძე.

 

 

აჭარის მთავრობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა ამ ოჯახებისთვის აღნიშნული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის საკითხს არ განიხილავს.

 

„ბევრი ადამიანი ცხოვრობს გაცილებით უარეს პირობებში, ვიდრე ჩასახლებული მოსახლეობა. ეს მათი არჩევანია, რადგან, როგორც შესწავლის შედეგად გამოირკვა, აქციის მონაწილეების ნაწილს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საკუთრება გააჩნიათ. ვისაც არ აქვს საკუთრება, მათ შეუძლიათ იმ დრომდე იცხოვრონ, სანამ ხელისუფლება მათი მდგომარეობის შესწავლას ბოლომდე არ დაასრულებს“.

 

 

 

რა მიაჩნია პერეირას

პერეირა ერთი ბუნჩულა მოხუცია, რომელსაც ლიმონის წვენი და სუნელებიანი ომლეტი უყვარს, თავისი ჩვევები აქვს, გარდაცვლილი ცოლის სურათს ესაუბრება,  გაზეთში მუშაობს და ფრანგი მწერლების მოთხრობების თარგმანებს აქვეყნებს, მოკლედ, წყნარად ბრუნავს თავისი ორბიტის გარშემო იმ დღემდე, ვიდრე ახალგაზრდა მეამბოხეს, მონტეირო როსის გაიცნობს.

პორტუგალიაში ამ დროს საშინელი ამბები ხდება. ხალხს ქუჩაში ხვრეტენ, გაზეთებში გასაშვებ სტატიებზე ჯერ ცენზურამ უნდა გასცეს ნებართვა, ხმის ამოღება უკვე გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. პერეირას უშფოთველობას ეს ამბები არ არღვევს, რადგან მიაჩნია, რომ უკვე მოხუცია, უძლური და არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია. მხოლოდ ის უნდა, წყნარად მოკვდეს. მას ნამდვილად ასე მიაჩნია. მონტეირო როსის გამოჩენისთანავე პერეირას ცხოვრებაში უცნაური ამბები იწყება. გულით დაავადებული მოხუცი ყველაფრისჩამთრევი მანქანის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. თითქოს ისევ არ ცდება თავის ორბიტას, მაგრამ იმიტომ არა, რომ  მხდალია.

პერეირა ძველი ყაიდის, კონსერვატიული შეხედულებების ადამიანია და მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა, ბრძოლა მხოლოდ ბარიკადებზე მიმდინარეობდეს. ბრძოლა ფრანგი მწერლების თარგმანების გამოქვეყნებითაც შეიძლება, თუ ამ მწერლებს სწორად შეარჩევ. ფრანგი მწერლები ხომ იმ ამოხუთულ ლისაბონში „ერთადერთნი არიან, ვისაც ღირსება შერჩათ.

მკითხველი თავიდან ბრაზდება იმაზე, რომ პერეირას ბევრი რამ შეუძლია და არ აკეთებს, მაგრამ საბოლოოდ, გულის ავადმყოფობით გატანჯული მოხუცი სწორედ თავისი რედაქციიდან ჩაიდენს წარმოუდგენელ გმირობას. გმირობა კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ყველა ჟურნალისტის უფლებაა, იყოს თავისუფალი, მიაჩნია პერეირას.

პერეირას ამბავი, გარკვეულწილად, გაკვეთილია. გაკვეთილი ჩვეულებრივი ხალხისთვის, ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჟურნალისტებისთვის.  პერეირა მაგალითია, როგორ შეიძლება, ღირსებისთვის იბრძოლო ნებისმიერი ადგილიდან: ოფისიდან, საკუთარი სახლიდან, ბარიკადებთან, მიტინგებზე, ან სულაც ყოველდღიურ რუტინაში ჩამხრჩვალმა.სალაზარმა ერთხელ თქვა, აბსოლუტური ძალაუფლების არსებობა სრულიად დასაშვები, მისაღები და შესაძლებელია, ხოლო აბსოლუტური თავისუფლება არც არსებობს და ყოვლად შეუძლებელიცააო.  ჰოდა, პერეირამ თავისი ნაბიჯით სულ ცხვირპირში მიახალა, აგერ ბატონო, რა ვუქენი თქვენს აბსოლუტურ ძალაუფლებას, აგერ, თუ არ უარსებია აბსოლუტურ  თავისუფლებასო.

წიგნში უხშირესად, გამაღიზიანებლად მეორდება ფრაზა „მიაჩნია პერეირას~. თითქოს მკითხველის გადასაწყვეტია, მართლა მოხდა ეს ამბები, თუ მხოლოდ საბრალო პერეირამ მიიჩნია ასე. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლისაბონში იმ ზაფხულს, ნამდვილად მოხდა ეს საოცარი ამბები და ისიც მიგვაჩნია, რომ „მიაჩნია პერეირას“ ძალიან საჭირო წიგნია. ხალხის მეხსიერება მოკლეა,  ზოგჯერ ყველას ძალიან გვჭირდება ტაბუკისნაირმა ტიპებმა მაგრად ჩაგვავლონ მხრებში ხელები და შეგვანჯღრიონ. მარტო ჩვენთან არა, ლისაბონშიც ხშირად ავიწყდებათ მათ თავებზე დატრიალებული წისქვილის ქვები. აი, სულ რამდენიმე წლის წინ „დიდი პორტუგალიელის“ გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში, როგორ გგონიათ, ვინ დაიკავა პირველი ადგილი?

ვინ და ანტონიუ  სალაზარმა.

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

კორპუსი მე-19 საუკუნეში აგებული სახლის ნაცვლად

 

 

გუშინ ბათუმის არქიტექტორთა საბჭომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად გაფართოებული სხდომა გამართა. სწორედ ამ სხდომაზე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ძველ ბათუმში მდებარე კიდევ ორი სახლი უნდა დაინგრეს. კლდიაშვილის #8-ში და ვაჟა-ფშაველას # 9/10-ში მდებარე სახლების ნაცვლად ექვსსართულიანი შენობის აშენებაა დაგეგმილი. ამხანაგობა, რომელმაც მშენებლობის ნებართვა ორი წლის წინ მიიღო, ნებართვას  კიდევ ორი სართულის დამატებისათვის ითხოვს.

 

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში  ამბობს, რომ დღეს არსებული რეალობის შეცვლა შეუძლებელია და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

 

 

 „თავის  დროზე უნდა მიცემოდა  სახლს სტატუსი და რადგანაც სტატუსი არა აქვს, თუ გააასაჩივრებს რომელიმე არასამთავრობო, მოიგებს საქმეს და  სათანადო დოკუმენტაცია იქნება ეგაა, თორემ  მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაჩერო.  გაცემულია უკვე მშენებელობის ნებართვა,“ – აცხადებს ბიძინა აფხაზავა.

 

სახლი კლდიაშვილის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
სახლი კლდიაშვილის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

 

 

საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის აზრით პირველ რიგში  უნდა გაირკვეს, რამდენად კანონიერადაა გაცემული მშენებლობის ნებართვა, ხოლო შემდეგ  უნდა გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით.

 

 

„პირველი უბედურება ისაა, რომ უნდა დაინგრეს, ხოლო მეორე უბედურება ის, რომ უნდა აშენდეს შენობა, რომელიც არქიტექტორებსაც არ მოსწონთ. 

 

2008 წელს, როდესაც შეიქმნა  კულტურული მემკვიდრეობის სია, 400 შენობა  დაასახელა  თბილისიდან ჩამოსულმა კომისიამ, მაგრამ ნაწილი შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, ნაწილი არა. კლდიაშვილზე მდებარე  არც ერთი შენობა არ არის შეტანილი.  ქუჩაზე, რომელზეც ყველა სახლი  ძალიან ძველია, მეცხრამეტე საუკუნეა, ან მეოცე საუკუნის დასაწყისი. გასაგებია რატომაც, დაწყებულია ქუჩის ნგრევა.  როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, ეს იყო ნაღმები, რომელიც დღეს ფეთქდება. დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არაფერი არ შეუძლია. ყველა უძლურია,  ვისაც ველაპარაკე, არავის არაფერი არ შეუძლია.  ქვეყანაში, სადაც არც ერთი პრეზიდენტი თავისით არ გადამდგარა, არ შეგვიძლია ერთი შენობის ნგრევის შეჩერება კანონიერად,“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

 

 

დღესვე განცხადება გაავრცელა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ.

 

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ამ ფაქტს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად არ შეცვლილა. საჭიროა მყისიერი რეაგირება და რეგულაციების მიღება/გამკაცრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით,“ – ნათქვამია  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

ესტონეთის ელჩის ვიზიტი აჭარის მთავრობაში

„ჩემი პირველი შეხვედრა იყო აჭარის რესპუბლიკის თავმჯდომარესთან.  ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. თანამშრომლობა მიმდინარეობს ესტონეთის კოლეჯებსა და ადგილობრივ სასწავლო ცენტრებს შორის გაცვლით პროექტებთან დაკავშირებით.. ვისაუბრეთ კონკრეტულ ბიზნეს პროექტებისა და ტურიზმის შესახებ. მოხარული ვარ, რაც აჭრაში კეთდება ამ მიმართულებით,“- აღიშნა ესტონეთის ელჩმა პრიიტ ტურკმა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ესტონეთის საპატიო კონსული საქართველოში ნუგზარ შარაძე და აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.

გიორგი თავამაიშვილმა განაცხადა, რომ სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს, მათ შორისაა ქობულეთში არსებული პროფესიული სასწავლებელი „ახალი ტალღა“.

„შეხვედრაზე ვისაუბეთ წმინდა პროფესიულ საკითხებზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე. ელჩი ასევე დანტერესდა ტურიზმით საარჩევნო პროცესით და ამ მხრივაც მოხდა ინფორმაციების გაცვლა,“- აღნიშნა განათლების მინისტრმა.

ესტონეთის ელჩმა ქობულეთში მდინარე კინტრიშზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობაზეც გააკეთა კომენტარი. რომელსაც ესტონური კომპანია ააშენებს:

„ჩვენ ხელს ვუწყობთ ესტონელ ინვესტორებს აქ ჩამოსვლაში. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს გარემოს რეგულაციების დაცვით. ასევე ხდება ესტონეთშიც,“ – აღნიშნა პრიიტ ტურკმა და დასძინა,  რომ დღევენდელ შეხვედრაზე ამ საკითზე არ უსაუბრიათ.

სკოლის დირექტორები არჩევნების მოლოდინში

დირექტორთა შესარჩევ ტესტირებას განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ატარებს. ტესტირებაში მონაწილეობა ბათუმის თითქმის ყველა სკოლის მოქმედმა დირექტორმა მიიღო. მათი დიდი ნაწილი იმედოვნებს რომ დირექტორად იმავე სკოლაში გააგრძელებს მუშაობას, სადაც ამჟამად არიან. გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანდიდატებს შორის უნდა იყოს კონკურენცია, სამეურვეო საბჭოები კი გაცილებით პრინციპულები.

მარიზა აბაშიძე, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორია. მან ტესტირება 2011 წელს გაიარა, წელს კი დირექტორების არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის დღეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. „იქნება თუ არა კონკურენცია ჯერ არ ვიცით, რადგან ჯერ გასაუბრების მეორე ეტაპია გასავლელი. როგორც ვიცი ბათუმიდან 70-მდე მსურველი იყო ტესტირებაზე გასული, არიან ისეთებით, რომლებმაც ჩემს მსგავსად წინა წლებში აიღო სერტიფიკატი, ამიტომ რეალური სურათის დადება ჯერ ნაადრევია. თუმცა მე ვაპირებ რომ ჩემი სკოლისთვის ვიბრძოლო“. მარიზა აბაშიძეს იმედი აქვს რომ ახლადარჩეული სამეურვეო საბჭო, მის მიერ წარდგენილ სკოლის განვითარების კონცეფციას მხარს დაუჭერს. „ისინი საკმაოდ მოტივირებულები არიან“-აცხადებს იგი.

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, მანანა თავართქილაძეც. „წინა კონკურსი გავლილი მაქვს და ვაპირებ ჩემი კანდიდატურა შევთავაზო სამეურვეო საბჭოს“.

მერვე საჯარო სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა, ტესტირების პირველი ეტაპი წელს გაიარა და ელოდება გასაუბრების შედეგებს. მისი აზრით, კანდიდატების სიჭარბე არჩევნებში მოსალოდნელია: „გამოჩნდებიან ალბათ მსურველები, სამუშაოს ეძებენ ადამიანები“-ამბობს იგი.

ოპტიმისტური მოლოდინები აქვს მეცხრე სკოლის დირექტორსაც. ნუგზარ სურმანიძე ამ დროისთვის გასაუბრებას ელოდება და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს. „ჩემი სკოლიდან არ მყავს კონკურენტები, ერთმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ქულები დააკლდა. თუმცა ახალი კადრებიც მოსალოდნელია“. მას იმედი აქვს რომ სამეურვეო საბჭო მხარდს დაუჭერს: „ყველაფერს მაინც არჩევნების დღე გადაწყვეტს“.

„ბათუმელების“ მიერ გამოკითხულ მოქმედი დირექტორებიდან, მეცამეტე სკოლის დირექტორი გულიკო ჯიჯავაძე ერთადერთია, რომელსაც ტესტირება არ გაუვლია. „ძველ სერტიფიკატს ვადა გაუვიდა, ახალ არჩევნებში კი არ ვაპირებ მონაწილეობას. ვერც იმას გეტყვით, რამდენს კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს ამ სკოლაში მუშაობის სურვილი“.

თემურ სირაბიძე მეთოთხმეტე სკოლის დირექტორია, თუმცა, ახალი სერტიფიკატი არ აქვს: „თუ ტესტირება ისევ იქნება, მომავალში გავივლი. ამ არჩევნებზე რას გადავწყვეტ არ ვიცი, არ მიფიქრია ამ თემაზე“. მეთვრამეტე სკოლაში კი ორი პედაგოგია სერტიფიცირებული, აქედან ერთი, რამაზ ადაძე უკვე მართავს სკოლას და მომავალ არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს.

როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ფაქტობრივად დირექტორობის მსურველებს სკოლის შეცვლის სურვილი არ აქვთ. გამონაკლისია მეთექვსმეტე სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია, რომელიც არჩეული დირექტორია და ექვსი წელი რაც სკოლას მართავს. გასულ წელს რესტირება გაიარა, წელს კი მეორე ეტაპს, ანუ გასაუბრებაზე გასვლას ელოდება.

„ამ სკოლამ ძალიან ბევრი მომცა. თუმცა, უარს არ ვიტყოდი სხვა სკოლაში მუშაობაზე“. მისი აზრით, ერთსა და იმავე სკოლაში დიდი ხნით მუშაობას ორი მხარე აქვს. „დადებითი მხარეა ის რომ კარგად იცნობ კოლექტივს და იცი ყველას შესაძლებლობები. უარყოფითია კი ის, რომ ეჩვევი მათ და შეიძლება რაღაცაზე თვალი დახუჭო“. ის მომხრეა იმის, რომ ერთსა და იმავე სკოლაში, დირექტორმა 12 წელზე დიდხანს აღარ იმუშაოს.

დირექტორების არჩევნებამდე სკოლებმა ორი თვის წინ, სამი წლით ახალი სამეურვეო საბჭოებიც აირჩიეს. თამთა კვარაცხელია ახლადარჩეული სამეურვე საბჭოების პასუხისმგებლობის გარდა, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. იგი ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური პირველი სამეურვეო საბჭოები იყო, სამეურვეო საბჭოებში წელსაც არიან ნაკლებად კვალიფიცირებული და ინდიფერენტული წევრები. „ეს საბჭოებიც იმ დირექტორების მუშაობისას აირჩა, რომლებსაც იმავე სკოლებში აქვთ დირექტორობის გაგრძელების სურვილი. ამიტომ, ისინი ერთმანეთის წინაშე რაღაც ანგარიშვალდებულებას გრძნობენ და ეს ადამიანურია. ამასთან, მშობლების დიდი ნაწილიც ინდიფერენტულია მოვლენების მიმართ და ისეთივე სუსტია, როგორც ზოგადად, საზოგადოებაში სამოქალაქო პოზიცია“.

თამთა კვარაცხელია აზრით, დღეს დირექტორების არჩევნები პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალია, თუმცა სამეურვეო საბჭო ისევ რჩება სუსტ რგოლად. „სკოლის ბედი რეალურად დამოკიდებულია არა სამეურვეო საბჭოზე, არამედ განათლების სისტემაზე რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია, რადგან განათლების პოლიტიკა დღემდე შეუმუშავებელია და იმდენჯერ იცვლება მიდგომა ძირითადი საკვანძო საკითხების მიმართ, რამდენი ახალი მინისტრიც მოვა“.

აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, სულიკო თებიძის აზრით, კვალიფიციური დირექტორის არჩევა მთლიანად სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული: „უნდა გაიზარდოს მათი პასუხისმგებლობა, რადგან მე ბევრ კანდიდატს ვიცნობ ვისაც იდეების კარგი ბანკი აქვს და ამის გამოყენება უნდა შეძლონ“.

„ბათუმელები“ სკოლებში ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოს, რამდენიმე წევრ მშობელსაც გაესაუბრა. ნატალია გეგეჭკორი მეორე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრია, იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რაიმე პრინციპული მოთხოვნები არ აქვს: „მოქმედი დირექტორის კმაყოფილი ვარ, თუმცა არჩევნების დროს სხვა კანდიდატების პროგრამებსაც გადავხედავ“.

მოქმედი დირექტორის მიმართ კმაყოფილებას გამოხატავს პირველი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი მაია ქოჩიაშვილიც. „არჩევნებზე ჯერ არ მიფიქრია, თუმცა მე პირადად, ჩვენი დირექტორის მუშაობით კმაყოფილი ვარ. არ მაქვს არანაირი პრეტენზია. სხვა საკითხებს ახლა ვეცნობი“.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

ლიტერატურული ფესტივალი შუახევში

ფესტივალი ფურტიოს თაღოვან ხიდთან გაიხსნა, რასაც მოჰყვა სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის მონახულება. ისტორიული ადგილების დათვალიერების შემდეგ ფურტიოს საჯარო სკოლის ეზოში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ლიტერატურულ საღამოში მონაწილეების გარდა ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო, მწერლები და პოეტები მოსახლეობას საკუთარ ნაწარმოებებს უკითხავდნენ, მოსახლეობა კი საკუთარი კუთხის ფოლკლორს აცნობდა და საინტერესო ისტორიებს უყვებოდა სოფელში მისულ სტუმრებს.

რეჟისორი, პროექტის ავტორი და ფესტივალის ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ფესტივალის მიზანი მომავალი თაობის ხელშეწყობა, სოფელში მცხოვრები დამწყები პოეტების წარმოჩენა და ახალგაზრდებში წიგნების პოპულარიზაციაა.

„ლიტერატურული ფესტივალი შუახევში პირველად ჩატარდა, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტულურისა და  სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში 22 მწერალი და პოეტი ჩაერთო. ჩვენი მიზანია ლიტერატურული ფესტივალი დამკვიდრდეს და საერთაშორისო სახე მიიღოს, აქ მოვიდნენ ქართველი და უცხოელი მწერლები, მოსახლეობა მათ შემოქმედებას გაეცნო. მთა ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, მე მიმაჩნია, რომ ყველაზე თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ მთაში, სწორედ ამ ხალხს, აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს სჭირდება ხელშეწყობა.“ –  უთხრა ვახტანგ ბერიძემ „ბათუმელებს“.

ფესტივალი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი სამი ხეობის: ჭვანის, მარეთისა და ზამლეთის  გაცნობას და შემოქმედებით საღამოების მოწყობას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი კი _ კრებულისა და გაზეთის გამოცემას. კრებულში პროექტში მონაწილე 22 მწერლისა და პოეტის მიერ დაწერილი ლექსები, ნოველები და მოთხრობები შევა, რომლებიც ფესტივალის პირველ ეტაპზე ნანახ  ეთნოგრაფიას, ისტორიასა და მთიელი ხალხის ყოფა-ცხოვრებას ასახავს.

ფესტივალის პირველი ეტაპი და ლიტერატურული ტური 22 სექტემბერს მარეთის ხეობაში დასრულდა. სოფელ ცინარეთში სასოფლო კლუბში პოეტური საღამო გაიმართა, სადაც ბელა ქებურიამ, ნიკა ფუტკარაძემ, გენრი დოლიძემ, როინ აბუსერიძემ, აჩიკო ბერიძემ და სხვებმა სოფლის კლუბში შეკრებილ მოსახლეობას საკუთარი ლექსები წაუკითხეს. ადგილობრივმა 80 წლის ნიკოლოზ ხუჯაძემ საკუთარი ლექსითა და სახუმარო ისტორიებით მოხიბლა სტუმრები, საღამო უჩამბის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ფანდურზე აჟღერებულ აჭარული განდაგანით დაასრულა.

„მსგავსი ფესტივალი ხშირად უნდა ჩატარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა შემოქმედებმა, რომლებიც ჰორიზონტზე არ ჩანდნენ, გაიცნეს ავტორები, მწერლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ხარ ცნობადი სახე და არ გყავს აუდიტორია, წერის ხალისიც გეკარგება, მიმაჩნია, რომ წერა მხოლოდ ახირებაა და მეტი არაფერი, მაგრამ როცა გაქვს შესაძლებლობა ვიღაცას წაუკითხო შენი ნაწერი, ვიღაცამ ტაში დაგიკრას, ესეც წახალისებაა დამწყები პოეტისთვის“ – აღნიშნა პოეტმა აჩიკო ბერიძემ.

ფესტივალის ორგანიზატორი ამბობს, რომ ფესტივალის პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ვახტანგ ბერიძე იმედოვნებს, რომ ლიტერატურული ფესტივალი დამკვიდრდება და სამომავლოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს: „პროექტის პირველი ეტაპი შედგა და თანაც ძალიან კარგად, რაც შეეხება მეორე ეტაპს, კრებულისა და გაზეთის გამოცემას, ოქტომბრის ბოლოს გამოიცემა 200 ეგზემპლარი, სახელწოდებით „ზე-კართან“. ვიმედოვნებ, რომ ფესტივალი მომავალშიც განხორციელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, უფრო მეტი დამწყები თუ შემდგარი მწერალი, პოეტი ჩაერთვება ფესტივალში და საკუთარ შემოქმედებას გააცნობს მოსახლეობას“.

გარემოსდამცველები ორაგულის გადასარჩენად

 

 

მდინარე კინტრიშზე ჰიდროპროეტის განხორციელებას შპს „ჰიდრო დეველოპმენტ ქომფანი“ გეგმავს. პროექტის მიხედვით „კინტრიშა-2“ ექვს მეგავატიანი სიმძლავრის კაშხლური ტიპის ჰიდროელექტროსადგური იქნება. კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უკვე წარუდგინა.

 

„მდინარე კინტრიში დღეის მდგომარეობით საქართველოში ერთადერთი საორაგულე მდინარეა. შპს „გერგილის“ მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი კი, რომელიც კომპანიამ სამინისტროს წარუდგინა არის გაყალბებული, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მდინარეში საქვირითოდ შედიოდა ორაგული თუმცა ამჟამად ეს სახეობა იქ აღარ გვხვდება. საერთოდ გადაშენების პირას მყოფი სახეობების მიმართ დამოკიდებულება, რომ „ისედაც ცოტაა და რა მოხდა მერე“ – არასწორია. კინტრიშზე დაგეგმილია 5, 5 მეათედი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რითაც სახელმწიფო დიდ სარგებელს ვერ მიიღებს. ორაგული კი შეიძლება საერთოოდ გადაშენდეს, თანაც ტურიტულ პოტენციალსაც  ვაყენებთ ამით დარტყმას“- განაცხადა ბიფინგზე „ასოციაცია ფლორა და ფაუნას“  წარმომადგენელმა რამაზ მიქელაძემ.

 

შავი ზღვის ორაგული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობაა. 

 

კინტრიშზე ჰესის აშენებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალიც“ ეწინაათღმდეგება.

 

„ნაციონალი“ დეპუტატი ნეპოტიზმზე აჭარაში

 

ასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე

 

უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ ნაციონალურ მოძრაობის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არსებულ ნეპოტიზმზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მაღალ თანამდებობებზე ნათესაური ურთიერთობით ინიშნებიან.

 

„კვლავ გრძელდება ნეპოტიზმი აჭარაში. ხაბაძე-ბერიძე-დუმბაძის კლანი კვლავ ანაცვლებენ და ასაქმებენ თავიანთ ნათესავებს საჯარო სამსახურებში არსებულ თანამდებობებზე. ამის დასტურია გამგებლების ერთ დღეში გამოცვლა და მათი ნათესავებით ჩანაცვლება. კერძოდ ქედის გამგებელი დუმბაძის ნათესავია. ქობულეთის გამგებელი ყოფილი ბანკირი და არჩილ ხაბაძის მეგობარი“.

 

უმაღლესი საბჭოს წევრი ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ ტენდენციად თვლის:

 

„ზოგადად, პრემიერ-მინისტრმა დააკანონა ტენდენცია – თუ არ გყავს „ქართულ ოცნებაში“ პატრონი, თუ არ ხარ თანამდრბობის პირის ოჯასხის წევრი, ან ნათელ-მირონი, მაშინ  წარმოუდგენელია მოხვიდე საჯარო სამსახურში და გადადგა წინ ნაბიჯი“.

 

ასმათ დიასამიძემ ყველა საჯარო სამსახურში თანამდებობებზე დანიშვნა კონკურსის ჩატარების წესით მოითხოვა, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს კონკურსში მონაწილეობის საშუალებას.

აჭარის მთავრობის შეხვედრა ტრაპზონისა და რიზეს გუბერნატორებთან

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ამ გუბერნიებსა და აჭარას შორის დიდი ხანია მებობრული ურთიერთობა არსებობს და მის გასაგრძელებლად ახალი გუბერნატორიც თანახმაა.

 

„თურქეთის რესპუბლიკის გუბერნიებთან: ართვინი, რიზე, ტრაპზონი, ტრადიციულად გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. დღეს იყო ტრაპზონის ახალ გუბერნატორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, ურთიერთობებზე, რაც აქამდე იყო ტრაპზონსა და აჭარას შორის კულტურის, განათლების, ტურიზმის მიმართულებით. ტრაპზონთან ახალმა გუბერნატორმაც გამოთქვა ურთიერთობის გაღრმავების სურვილი“. – ანიშნა არჩილ ხაბაძემ.

 

მხარეებს შორის სამომავლოდ  კულტურული ღონისძიებები იგეგმება არჩილ ხაბაძის განცხადებით, „ნოემბრის დასაწყისში იქნება ბათუმის დღეები ტრაპზონში, დაგეგმილია მხატვრების გამოფენა. ასევე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. იგეგმება ტრაპზონის დღეები ბათუმში იმიტომ, რომ ბათუმი და ტრაპზონი დამეგობრებული ქალაქები არიან.“

 

 „შეხვედრაზე განვიხილეთ ორ რეგიონს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს. სავაჭრო, ეკონონიკურ და ტურიზმის სფეროში,“- განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ტრაპზონის გუბერნატორმა აბდილ ჯელილ ოზმა.

 

აბდილ ჯელილ ოზი ტრაპზონის გუბერნატორად აგვისტოში დაინიშნა.  

სიცოცხლისათვის საშიში ევკალიპტები ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე

ავტომაგისტრალზე ხის წაქცევის გამო მგზავრები არ დაზიანებულან. თუმცა თვითმხილველების თქმით, ამის ალბათობა ყოველთვის იყო. შპს „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელი ეთერ მაჭუტაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა მწვავეა და ის სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს: „ის ხე, რომელიც წინა შაბათს ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე მოიგლიჯა, გარე დათვალიერებით სრულიად ჯანსაღი იყო, მაგრამ შემდეგ, როცა  ფესვები დავათვალიერეთ, აღმოჩნდა, რომ ხე საერთოდ არაფერზე იდგა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ხეებიც იყოს ამ მდგომარეობაში. მითუმეტეს, რომ მათი უმეტესობა დაახლოებით სამოცდაათი წლის ან საუკუნოვანია.“

GE DIGITAL CAMERA

მაგისტრალზე წაქცეული ხე დამუშავების შემდეგ

პრობლემის შესწავლის, ეკოლოგიური დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელმა ქალაქის მერს ჯემალ ანანიძეს მიმართა: „მოვითხოვე სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, რომელშიც გარემოს დამცველებიც ჩაერთვებიან. დაყოვნება ძალიან საშიშია. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“ –  ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

ევკალიპტის ხეები ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე (ხელვაჩაურის ავტომაგისტრალი) ათი კილომეტრის მანძილზეა გაშენებული, იგივე სიტუაციაა გონიოს ავტომაგისტრალზეც. პრობლემის შესწავლისა და მისი გადაწყვეტის მიზნით მუშაობას მერიაში ამ კვირიდან ოფიციალურად დაიწყებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ხეები გარეგნულად ჯანსაღად გამოიყურება, მისი ფესვთა სისტემა ცუდადაა განვითარებული. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ძირფესვიანად ამოიგლიჯა ხე. სპეციალისტების მოსაზრებაა, ხეები გადაიჭრას 15 მეტრ სიმაღლეზე, ეს აუცილებელია, მაგრამ რადგანაც სამუშაო მოცულობითია, მას სჭირდება დაგეგმვა, თავისი ბიუჯეტი, ეს კი ერთ დღეზე ან ერთ თვეზე ვერ დასრულდება.“ –  ამბობს ქალაქის მერი ჯემალ ანანიძე.

მერის ინფორმაციით, იმის გამო, რომ არჩევნების დასრულებამდე საარჩევნო კოდექსი საბიუჯეტო ცვლილებებს კრძალავს, ხეების გადაჭრის სამუშაოებისთვის თანხა ვერ გამოიყოფა. თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლოა მერიამ დაინტერესებულ კომპანიებს ევკალიპტის ფოთლების უსასყიდლოდ გადაცემის სანაცვლოდ სამუშაოების საკუთარი ხარჯებით შესრულება შესთავაზოს.

ბინები სტუდენტებისათვის ხიჭაურში

 

მოსიაშვილები ხიჭაურის უნივერსიტეტთან ერთ-ერთი ახლოს მდებარე სოფელია. სოფელში მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლების გაფართოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხიჭაურში საპატრიარქომ ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი გაიხსნა და სტუდენტებმა საცხოვრებლად ფართობის დაქირავება დაიწყეს. ბოლო წლებში მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი გაქირავებული ფართობიდან მიღებული სარგებელი იყო, სტუდენტების მოლოდინში უნივერსიტეტის მიმდებარე სოფლებში ზოგმა ახალი სახლი ააშენა, ზოგმაც- არსებული გააფართოვა.

 

აქაური მოსახლეობა წელს ფართობის დამქირავებლის ნაკლებობას უჩივის, მოთხოვნის ნაკლებობასთან ერთად  ღირებულება 10-20 ლარით გაიაფდა.

 

აქ ფართობი ძირითადად საწოლით ქირავდება, საწოლის ფასი 50 ლარიდან იწყება და 60 ლარამდეა. გადახდილ თანხაში ელექტროენერგიის საფასურიც შედის. გასულ წელს საწოლის ღირებულება 60-70 ლარი იყო.

 

 

ნუგზარ ბერიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც სახლი „გესტჰაუსად“ აქცია. სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე სტუდენტებისთვის ცალკე ოთახები, სამზარეულო და აბაზანა მოაწყო. მას ერთდროულად 15 სტუდენტის მიღება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ სამი საწოლი აქვს გაქირავებული. ნუგზარი ამბობს, რომ რადგან წინა წლებში მსურველი ბევრი იყო, მის მახლობლად მეზობელი სოფლიდან ბერიძეებმა სახლი ჩადგეს, დღეს კი სახლი დაკეტილია.

 

 

„წინა წლებში ბევრი მსურველი იყო, 10 საწოლი მქონდა გაქირავებული, წელს მხოლოდ ორი გავაქირავე და ისიც 55 ლარში, გასულ წელს 60-70 ლარს მიხდიდნენ. მეზობლებთანაც ანალოგიური ვითარებაა, სტუდენტების რაოდენობამ იკლო, უფასო ფაკულტეტები რომ დაიშვა, აქ აღარ აბარებს აბიტურიენტი. ვინც ჩააბარა, ბევრს საბუთები გადააქვს, სტუდენტებს ხიჭაურის ბინებიც იტევს, იქ ფასი გაიზარდა, 100 ლარია, თუმცა მაინც ურჩევნიათ დაიქირავონ ადგილზე“ – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

 

 

დამქირავებლის ნაკლებობას უჩივის ჟუჟუნა მოსიძეც: „იმისთვის, რომ სტუდენტმა საწოლი შენთან დაიქირავოს, ოთახში კარადა, მაგიდა, სკამები და ცალკე აბაზანა უნდა გქონდეს. ოთახები მოვამარაგე საჭირო ინვენტარით, აბაზანაც მოვაწყვე, მაგრამ მსურველი აღარ არის, ორ და სამ სტუდენტზე არ ღირს გაქირავება, შუქის გადასახადს ვერ ანაზღაურებს. წელს სამი საწოლი გავაქირავე, გასულ წელს ხუთი მქონდა გაქირავებული“ –  ამბობს ჟუჟუნა.

 

 

„საერთოდ ვერ გავაქირავე, სწავლის დასრულების შემდეგ გზაზე სტუდენტები გაფენილი იყო, წელს თითო-ოროლას თუ დაინახავ აქ“ – ამბობს თემურ ბერიძე.

 

 

ბინების გაიაფებით კმაყოფილნი არიან სტუდენტები.

`ხელვაჩაურში ვცხოვრობ, წელს ჩავირიცხე ხიჭაურის უნივერსიტეტში, ფართობი მეგობართან ერთად სოფელ მოსიაშვილებში დავიქირავე, 55 ლარს ვიხდით, რაშიც ელექტროენერგიის გადასახადიც შედის. კმაყოფილი ვარ ფასით და საცხოვრებლითაც“ –  ამბობს მზისადარი ხაჯიშვილი.

„ოთხი წელია ერთ ოჯახში ვრჩები, ჩემთან ერთად სამ სტუდენტს აქვს საწოლი დაქირავებული. რაც უფრო ახლოსაა უნივერსიტეტთან საცხოვრებელი, ფასიც მეტია, მე აქ შევეჩვიე, ოთხი წლის განმავლობაში თვეში 60 ლარს ვიხდი“-  ამბობს თემურ ქარცივაძე.

 

მოცვის ბიზნესი აჭარაში

 

 

 

აგროკორპორაციის სადემონსტრაციო ნაკვეთის მენეჯერი ამბობს, რომ ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე მოცვზე მოთხოვნა იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე მოცვის გასაყიდი ფასი 3,30 ლარია, ხოლო ნერგის ფასი –  6 ლარი.  

 

 

„მოცვი მსოფლიო ბაზარზე ძვირად ფასობს, ამდენად მისი წარმოება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. მსურველი ბევრია, ამიტომ ნერგების წარმოების გაზრდას ვაპირებთ. ფერმერებს საჭირო სწავლება-კონსულტაციასაც ჩავუტარებთ“ –  ამბობენ აგროკორპორაციაში.

 

 

მოცვს სამრეწველო დანიშნულება აქვს, ყინვაგამძლეა, უხვმოსავლიანი, ვიტამინებით მდიდარი.  გემური თვისებებით გამორჩეული და გარეგნულადაც მიმზიდველი. ნაყოფი ჩვეულებრივ მოცვთან შედარებით მაგარია, უძლებს ტრანსპორტირებას და რამდენიმე დღითაც ინახება, მშრალად გაყინვის პირობებში კი რამდენიმე თვეს ძლებს. საუკეთესოა მისგან დამზადებული ხილფაფა, მურაბები ან აწვენი. მოცვი გამოიყენება მედიცინასა და კულინარიაში.

 

 

ვიდრე საქართველოში მოცვის ფერმერული მეურნეობები განვითარდება, მოსახლეობა მოცვს ტყეში აგროვებს და კერძო პირებს აბარებს.  

 

 

მოცვი აჭარაში ძირითადად მაღალმთიან მუნიციპალიტეტების მთებში ხარობს, დაბლობში აგვისტოში შემოდის, მაღლობში კი სექტემბრამდე გრძელდება კრეფა.

 

 

ეს კენკროვანი მცენარე სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. წელს მოცვის შეგროვებით დაკავებული ოჯახები კმაყოფილნი არიან, მოსავალი კარგი იყო და გასულ წელთან შედარებით ფასიც მაღალია.

 

 

აჭარის მუნიციპალიტეტებში მოცვის მიმღები პუნქტები არ არის, თუმცა მოსახლეობას მოცვის რეალიზებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექმნება.

 

 

კენკრას სოფელში ჩასული კერძო პირები ადგილზევე იბარებენ, შესაბამისად მოცვის ჩაბარების ფასს სოფლებსა და იალაღებზე გადამყიდველები განსაზღვრავენ. წელს 1 კილოგრამი მოცვის ჩაბარების ფასი ქედაში 1,50 – 2 ლარს შორის მერყეობს, ხულოსა და შუახევში საშუალოდ 1,50 ლარია, თუმცა რიგ სოფლებში, იშვიათად, გადამყიდველები მოცვს 2,00-2,50 ლარადაც იბარებენ.

 

 

მოცვი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევში მცხოვრები ზურაბ ფასანიძის ოჯახის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

 

 

ფასანიძეები მოცვს წლებია კრეფენ. ოჯახის რამდენიმე წევრი მოცვის საკრეფად ადრიან დილით მიდიან მთაში და საღამოს ბრუნდებიან. ფასანიძეები ამ სეზონზე მოცვს უკვე 15 დღეა კრეფენ, თუმცა ჯერ არ ჩაუბარებიათ, რადგან ხმელი მოცვი უფრო ძვირია.

 

 

„მოცვი ტყეში მოდის და შესაბამისად ტყეში გვიწევს სიარული, დღეში 4-5 კილომეტრს ფეხით გავდივართ. დაკრეფილი მოცვი ხელით და ზურგით რამდენიმე კილომეტრი უნდა ატარო. ახლა 150 კილოგრამი ხმელი მოცვი მაქვს. მეზობლებმა ნედლი ჩააბარეს, მე ვაშრობ, მირჩევნია ხმელი ჩავაბარო, უფრო მოგებული დავრჩები, მაგრამ ვისაც ფული სჭირდება, გამოშრობას არ ელოდება. გაშრობას 15 დღე სჭირდება მაინც, 1 კილოგრამი ხმელი მოცვი გასულ წელს 22 ლარში ჩავაბარე, წელს არ ვიცი რამდენს გადაიხდიან, ნედლი მოცვი 2,00-2,50 ლარი ღირს, დღეში ჩემი ოჯახი 70-80 კილოგრამ მოცვს კრეფს“-  ამბობს ზურაბ ფასანიძე.

 

 

ნამონასტრევისგან განსხვავებით 1 კილოგრამი მოცვის ჩაბარების ფასი 50 თეთრით ნაკლებია სოფელ საციხურში. სოფლის მკვიდრი ამირან ქარცივაძე ამბობს, რომ მოცვი სოფლის შემოსავლად იქცა და სეზონზე დიდი თუ პატარა მოცვის საკრეფად მთებში დილაადრიან მიდის.

 

 

„სოფლიდან მოსახლეობა დილით გავდივართ მთაში. მოცვის კრეფა ძნელია, ნაყოფი პატარაა, თან მოცვის ბუჩქი ეკალ-ბარდითაა დაფარული. კრეფას აგვისტოში ვიწყებთ, ჯერ არ მოლეულა, ამინდმა ხელი თუ შეგვიწყო და არ გათოვდა, დავკრეფთ, მე მთაში მაქვს სახლი, იქ გადამაქვს და ვაშრობ, ხმელის გადაადგილება შედარებით ადვილია. წონაში იკლებს, ახალდაკრეფილ მოცვში 1,50 ლარს იხდიან, ვარაუდობენ, რომ ხმელი მოცვის ფასი 25 ლარი იქნება“ –  ამბობს ამირან ქარცივაძე.

 

 

შუახეველი მალხაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ დღვანის თემში დაკრეფილ მოცვს ადგილზე ყიდულობდა და ბათუმში გადმოჰქონდა გასაყიდად:

 

 

„ადგილზე ლარნახევრად ვიბარებ და ბაზარზე 2 ლარად ვყიდი. მართალია, მალფუჭებადი არ არის, მაგრამ როცა კასრებით გადაგაქვს მოცვი, ძირში რაც არის, იჭყლიტება და 2 ლარს აღარ გიხდიან“.

 

 

ქედელმა გიგა ქობულაძემ წელს 4 ტონა მოცვი ჩაიბარა და გაყიდა:  „სოფლის მოსახლეობა კილოგრამს 1,50 ლარად მაბარებდა, ჩამქონდა ბათუმში და 2 ლარში ვყიდდი. საკუთარი ავტომობილით მიმყავდა საკრეფად სოფლიდან 15 კილომეტრით დაშორებულ მთაში და მათგან ვიბარებდი, მგზავრობის ღირებულებას არ ვახდევინებდი, ერთი ადამიანი დღის განმავლობაში 20-30 კილოგრამს კრეფს.“

 

 

საქართველოდან მოცვის ექსპორტი სამი წლის წინ დაიწყო.

 

 

 აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინფორმაციით, საქართველოდან 2010 წელს 2 480 კგ – 18 993 დოლარის ღირებულების გამხმარი მოცვის ექსპორტი რუმინეთში, უკრაინასა და ბელორუსში განხორციელდა. ამავე წელს ქვეყნიდან 21 575 კილოგრამი – 46 386 დოლარის ღირებულების გაყინული მოცვი იტალიაში გაიტანეს.

 

 

მოცვზე მზარდი მოთხოვნაა ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ძირითადი მიმწოდებელი რუსეთია. აგროკორპორაციაში ამბობენ, რომ თუ საქართველო მოცვის წარმადობას გაზრდის, ევროკავშირის ბაზრის ათვისება შესაძლებელი იქნება. 

 

 

მოცვს წარმოებაში გორის საკონსერვო ქარხანა იყენებს. „კულას“ მარკეტინგის მენეჯერის გაიანე ეგანიანის ინფორმაციით „კულას“ ბრენდის ქვეშ მოცვის უშაქრო წვენს აწარმოებენ. პროდუქტის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 4,25 ლარია. გაიანე ეგანიანი ამბობს, რომ კომპანია მოცვს მოსახლეობისაგან ყიდულობს.

 

 

2011 წელს 37 475 კილოგრამი 116 501 აშშ დოლარის ღირებულების მოცვის ექსპორტი იტალიასა და თურქეთში განხორციელდა.  2012 წლის ექვს თვეში რუსეთის ბაზარზე 2 940 კილოგრამი 7 497  აშშ დოლარის ღირებულების მოცვი გაიტანეს. 2013 წლის მონაცემებს სტატისტიკის სამსახური აზუსტებს.

რთველი აჭარაში

 

 

ქედელ ოთარ თურმანიძეს ვაზი 1200 მეტრ ფართობზე აქვს გაშენებული, მას ძირითადად ორი სახეობის ყურძენი – „ჩხავერი“ და „ცოლიკაური“  მოჰყავს. მოსავალი ჯერ არ აუღია, თუმცა ერთი ტონა ყურძნის აღებას ვარაუდობს. ფერმერი იმედოვნებს, რომ რეალიზების პრობლემა არ შეექმნება, რადგან ფირმასთან („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ხელშეკრულება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გააფორმა, იგი ჯერ მხოლოდ ყურძნის შაქრიანობის მომატებას ელოდება.

 

 

„ერთ კილოგრამ ცოლიკაურში ერთი ლარი და სამოცდაათი თეთრი შემოგვთავაზეს. ზოგს მოეწონა ღირებულება, ვინც შემოთავაზებით კმაყოფილი დარჩა, ხელშეკრულება გააფორმა ფირმასთან და ფულიც დაუტოვეს. მან, ვინც შემოთავაზებული ფასით უკმაყოფილო დარჩა, ხელშეკრულებისგან თავი შეიკავა.  ცოლიკაურის ამ ფასად ჩაბარება, ვფიქრობ, კარგი კრეფას ოქტომბერში დავიწყებთ, მზიანი ამინდი რომ ყოფილიყო, დაიკრიფებოდა, მაგრამ წვიმამ ხელი შეუშალა ყურძნის დაშაქრიანებას“  – ამბობს სოფელ ორცვაში მცხოვრები ოთარ თურმანიძე.

 

 

ორცვისგან განსხვავებით ცოლიკაური დაკრიფეს და ადგილზე გაყიდეს ტიბეთელმა ფერმერებმა, მოსახლეობამ ყურძენი 1,50-2,00 ლარად გაყიდა.

 

„შარშანდელთან შედარებით წელს მოსავალი ადრე მოვიდა და რთველიც ადრე დაიწყო, ცოლიკაური 12 ოჯახს გვაქვს გაშენებული სოფელში და თითქმის ყველამ დაკრიფა, ზოგი ღვინოს წურავს და ღვინოს ყიდის, ზოგიც ყურძენს, გააჩნია ვის როგორ აწყობს.  მეც დავკრიფე 700 კილოგრამამდე, მაგრამ არ გამიყიდია, ღვინო დავწურე. ჩემმა ძმამ 1 ტონა მოიწია, მიღებული მოსავლის ნახევარი გაყიდა და კმაყოფილიც დარჩა“ – ამბობს სოფელ ტიბეთაში მცხოვრები  შოთა ბერიძე.

 

 

მეძიბნელი ბადრი დუმბაძე ამბობს, რომ სოფელში ყურძნის მოშენება მოსახლეობამ ბოლო წლებში დაიწყო:

„ადრე ბევრ ოჯახს ჰქონდა ვაზი მოშენებული, მაგრამ გლეხს შემოსავალს არ უტოვებდა და გაჩეხეს. ვაზის მოშენება ბოლო წლებში ისევ დაიწყო მოსახლეობამ, მსხვილი ფერმერი სოფელში 7-8 არის, დანარჩენებს პირადი მოხმარებისთვის მოჰყავს და სახლისთვის ღვინოს წურავს. მეც ახლად მოვაშენე, გასაყიდი ჯერ არ მაქვს“ – ამბობს ბადრი დუმბაძე.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ქედაში ყურძნის რეალიზების პრობლემა არ იქნება.

 

 

„გასულ წელს 45 ტონა ჩხავერი ჩავიბარეთ მხოლოდ, მიმდინარე წელს ჩხავერსაც ჩავიბარებთ და ცოლიკაურსაც. ამ ეტაპზე ღირებულება ცნობილი არ არის, ურთიერთშეთანხმებით მოხდება ღირებულების დადგენა,  ფასი 1 ლარსა და 70 თეთრს იქნება მიახლოებული “  – ამბობს „ბათუმელებთან“  შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“  მენეჯერი ალეკო დადიანი.

 

 

 

ორი ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშე

 

ჯგუფში ერთი მასწავლებელი და ორი ძიძა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ორი მასწავლებელი და ერთი ძიძა მონაცვლეობით, მორიგეობით მუშაობენ. საბავშვო ბაღების უმეტესობამ იმის გამო, რომ გასულ წელს ლიმიტით გათვალისწინებულზე მეტი ბავშვი მიიღო, წელს ბავშვების მიღება შეაჩერა: „გასულ წელს ელექტრონული რეგისტრაციის შედეგი იყო ის, რომ იმაზე მეტი ბავშვი მივიღეთ, ვიდრე შესაძლებლობა გვქონდა. იძულებულები გავხდით ჯგუფებში ბავშვები დაგვემატებინა. ამის გამო წელს საერთოდ შევაჩერეთ მიღება“ –  ამბობს #4 საჯარო ბაღის დირექტორი ირმა ნაკაშიძე. 

 

ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კერვალიშვილის ინფორმაციით, წელს ბაღის გარეშე ორი ათასამდე აღსაზრდელი დარჩა. ამას ემატება ის ათასი ბავშვიც, რომლებიც კერძო ბაღებში გადანაწილდნენ.

 

ბათუმში სულ თორმეტი კერძო ბაღი მუშაობს. ამ ბაღებში სწავლების ფასი თვეში 80- 150 ლარია.

 

 ნინო კერვალიშვილის ინფორმაციით ბევრი მშობელი, რომლებმაც ბავშვი ბაღში ადმინისტრაციისგან მიღებული უარის გამო ვერ მიაბარეს, შესაძლოა ნოემბერში დაკმაყოფილდეს: „ნოემბერში ბათუმში ორი ახალი ბაღი გაიხსნება, ერთ ბაღში კი მესამე სართულს ვამატებთ, რაც დამატებით ჯგუფის გახსნის შესაძლებლობას მოგვცემს.“

 

სამოქალაქო სოლიდარობა – „ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან“

 

 

„სამოქალაქო სოლიდარობა“ 14 სექტემბერს დაფუძნდა. ორგანიზაცია სამი მმართველი ორგანოსგან შედგება – დამფუძნებელთა საბჭო, წევრთა საერთო კრება და გამგეობა. გამგეობაში შედიან ზაზა მამალაძე, მამუკა არეშიძე, გიორგი კორკოტაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეიმურაზ კობახიძე, დავით ბეგიაშვილი, გია დეისაძე, ნანა თხელიძე. გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია ბესო ხარძიანი.

 

„სამოქალაქო სოლიდარობა“ ორიენტირებულია ყველა იმ ადამინზე, ვინც 1 ოქტომბრის მერე აუსრულებელი დაპირებების მსხვერპლი გახდა. ჩვენი სურვილია ყველა ეს ადამიანი გავაერთიანოთ და ერთად მოვითხოვოთ, დაპირებული სამართლიანობის აღდგენა“-განაცადეს ორგანიზაციის წამომადგენლებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.

 

 

 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და „სამოქალაქო სოლიდარობის“ წევრი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამართლიანობა არც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმდგარა, ამიტომ სამართლიანობისთვის ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან უფრო ეფექტური იქნება:  

 

 

„რამდენი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. რასაკვირველია სამართლიანობისთვის ბრძოლა პარტიიდანაც შეიძლება, მაგრამ ვიცი როგორი ტიპის პარტიაცაა „ქართული ოცნება“, ამიტომ ვთვლი, რომ საზოგადოებრივი სექტორიდან უფრო უკეთესი შედეგი იქნება“.  

 

მამუკა არეშიძე „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს.

 

„ქართული ოცნების დამფუძნებელთა გარკვეული ნაწილი ჩამოშორებულია პარტიულ ცხოვრებას. ჩვენი იქ ყოფნა არის ფორმალური. მე, პირადად, ჯერჯერობით მხოლოდ იმიტომ არ გავდივარ პარტიიდან, რომ არ მინდა ისინი გავახარო, ვინც ამ პარტიაში გამარჯვების შემდეგ შეცვივდნენ და დაიკავეს თანამდებობები“- აღნიშნა არეშიძემ.

 

ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათელა ხარაძე იქნება, ტექნიკური კოორდინატორი კი თამარ ღოღობერიძე. 

თვითმმართველობა სტუდენტების თვალით

23-მა სტუდენტმა ბათუმის მერიასა და საკრებულოში გაიარეს  საზაფხულო სტაჟირება. სამი თვის მანძილზე ისინი მუშაობდნენ ბათუმის  საკრებულოში კომისიებთან ერთად, მონაწილეობდნენ  სხდომებსა და დოკუმენტაციის განხილვებში.

 

შეხვედრაზე საზაფხულო სტაჟირებაზე მყოფმა სტუდენტებმა მიღებული პრაქტიკის შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს. მათ პროგრამის ფარგლებში  ოთხი  პროექტი მოამზადეს.  რომელთაგან „ნურიგელის ტბის დაჭაობება“ და „ახალგაზრდების საზაფხულო დასაქმების პროექტი“ საკონკურსოდ გამოცხადდა. სტუდენტების მიერ შედგენილი პროექტები სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემების გადაწყვეტის ხერხებსა და რეკომენდაციებს ასახავს.

 

 

„ნურიგელის ტბის დაჭაობების“ საფრთხე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სტაჟიორმა სტუდენტებმა შეისწავლეს. ის გამარჯვებულ პროექტად დასახელდა

 

„ტბა საგანგაშო მდგომარეობაშია. მიმდინარეობს დაჭაობება.  პროექტში დეტალურადაა გაწერილი რეაბილიტაციისთვის საჭირო რეკომენდაციები. საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიიშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ამ საკითხს გაითვალისწინებენ“ – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი აბაშიძე.

 

სტუდენტთა საზაფხულო სტაჟირება განვითარების და ხელშეწყობის კავშირის, „პროგრესის“ ინიციატივითა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად განხორციელდა. „პროგრესის“ხელმძღვანელის,  ნინო გაბუნიას თქმით, პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

 

BATUMI CALLING – მუსიკალური ფესტივალი ბათუმში

 

 

შაბათს, 12 ოქტომბერს კი ფესტივალზე მსმენელები ბათუმელ მუსიკოსებს, Bek Bekson-სა და  Atina -ს მოუსმენენ, პროექტით, ASEA SOOL.  

 

 

ფესტივალზე დაუკრავს ასევე POST-ottO & მეგი გოგიტიძე და ბენდი MAGGIE N’ Guys.  კონცერტი ბათუმის ხელოვნების ცენტრში (ბენზე) გაიმართება, საღამოს 8 საათზე და ბილეთის ფასი 10 ლარია.

 

 

 

კვირას, 13 ოქტომბერს კი მსმენელებს სტენლი ჯორდანის, გრემის ოთხგზის ნომინანტისა და ვირტუოზი გიტარისტის მოსმენა შეეძლებათ. ბილეთის ფასი კონცერტზე 25-30 ლარია.  

 




ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ადგილებში:

კომპნია LIFETIME  –  ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. #8, ტელ: 422 293000 _ ბილეთების ყიდვა ადგილზევე თანხის გადახდით.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი (ბულვარის შესასვლელთან).  

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სასტუმრო „რედისონ ბლუ“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ბათუმის საზაფხულო თეატრი, არტ-ლაბორატორია, კომპანია LIFETIME.  

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ფესტივალის გვერდი ფეისბუქზე. 

„არა ნაცებს კოჰაბიტაცია” – დაზიანებული საარჩევნო პლაკატები

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა რევაზ ხარაძემ ეს ფაქტი გააპროტესტა და სამართალდამრღვევის პასუხისგება მოითხოვა:

„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს განახორციელა საჯარო მოხელემ, ბათუმის მერიის თანამშრომელმა მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც სისტემატურად არღვევს საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი პარტიის უფლებებს“.

მოპაექრე მხარეების მიერ პლაკატების განზრახ ჩამოხევა ან დაზიანება კანონმდებლობით ისჯება. მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის სამსახურში მუშაობს, ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად მან ჩაიდინა პროტესტის ნიშნად:

„ამაზრზენია ის, რომ დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატია დღეს. პროტესტის ნიშნად გამოვედი და გადავხაზე მისი საარჩევნო პლაკატები. ეს ნამდვილად მე გავაკეთე და  პასუხისმგებელი ვარ ჩემ საქციელზე“.

გარდა მერიისა, მერაბ ღოღობერიძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.

 

„ხალხის პარტია“ აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

 

„11 თვე გავიდა მას შემდეგ რაც აჭარაში შეიცვალა ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება და უმაღლესი საბჭო. სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში ვერ დავინახე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ხალხის საკეთილდღეოდ რამე ცვლილება.  მაქვს სრული უფლება მოვითხოვო აღმასრულებელ ხელისუფლებისა და უმაღლეს საბჭოსაგან, რომ 11 თვის გაწეული მუშაოის შესახებ ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას.  ქალაქში მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობა, ქალაქელებს ეშინიათ დიდი წვიმის. აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. დავდივარ შეხვედრებზე და ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მათ ყურადღება არ ეთმობათ მიტოვებულია სოფელი და ხალხი“.

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას ჰქონდა შვიდთვიანი და ოთხთვიანი ანგარიშის წარდგენა. ჯუმბერ თავართილაძე თქმით, მედიასაშუალებებით გაეცნო მას, მაგრამ რაიმე კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯი ვერ ამ ანგარიშებში ვერ შენიშნა.

მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ქედაში

 

გიორგი მარგველაშვილი ქედაში
გიორგი მარგველაშვილი ქედაში

 

პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის სამზადისი ქედაში დილიდან დაიწყო. წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხალხის ნაკადის შეგროვებას  სოფლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწევდნენ, სოფლებიდან მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებით უფასოდ ჩამოიყვანეს. სპორტსკოლის შენობაში  შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა პირველ საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლების მიღწევაზე ისაუბრა და ამომრჩეველს წარმატებული საქართველოსთვის 41 ნომრის მოხაზვისკენ მოუწოდა.

 

,,მე შესაძლებლობა მომეცა ამ ხალხთან საქმიანი მომავლის თაობაზე ერთიანი გეგმა დაგვესახა. აქ არის ერთდროულად სერიოზული პრობლემები ეკომიგრანტების, მცირემიწიანობის, განსახლების პრობლემა, ასევე პოტენციის შემცველი, მაგრამ რეალურად აჭარა ქვეყნის დემოგრაფიულად გადარჩენის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ამაში პრობლემაც უნდა დავინახოთ და პრობლემის გადაჭრაც, მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ  ამ საკითხების დარეგულირების რესურსი აქტიურად არ ჩანს. მაგრამ ჩვენ გულისყურით ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც აჭარაში არის დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი ქართული ოჯახის გაძლიერებაა. აჭარა ამის არაჩეულებრივი მაგალითია და აქ არსებული პრობლემები ჩვენი მუშაობის შედეგად პოტენციალად უნდა შევატრიალოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქედაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა: ,,ყველაფრის ერთბაშად მიღწევა შეუძლებელია, ამას დრო სჭირდება, დღეს პოლიცია ადაიანებს აღარ ატერორებს, განათლების სისტემაში შეიცვალა მიდგომები, უფასო სახელმძღვანელოები დავურიგეთ, უფასო ფაკულტეტებია, დღეს პრესა და მედია თავისუფალია, ჯანდაცვაში ყველა ადამიანია დაცული“.

 

წინასაარჩევნო შეხვედრას ქედაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

,,მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. გასულ წელს მიწისზვრის დროს სახლს ბზარები გაუჩნდა და თავზე მენგრევა. ცხრაჯერ მივმართე ადგილობრივ გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც მოვედი აქ, მინდოდა დახმარება გიორგი მარგველაშვილისთვის მეთხოვა, თუმცა ვერ მოვახერხე“, – განაცხადა სოფელ უჩხითში მცხოვრებმა ციალა გოგიძემ.

 

მოსახლეობასთან შეხვედრა არის დაგეგმილი შუახევსა და ხულოშიც.

 

„მაინცადამაინც თბილისელები უნდა ჩამოვიდნენ, რომ ბილეთებს მიაწყდეთ?“

 

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ქეთევან მანელიშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „ბათუმური შემოდგომის”  ფესტივალს მაინც დაესწრება მაყურებელი.

 

„ჩვენ გვქონდა ელისო ბოლქვაძის ფესტივალი და ცოტა შეგვეშინდა, იმდენად რამდენადაც მაყურებელი ვერ დავაინტერესეთ 8 დღის მანძილზე. ვერც ბილეთის ფასით, ვერც  მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით, ვერ დავაინტერესეთ მასტერკლასით. მაინცდამაინც თბილისლები უნდა ჩამოვიდნენ სპექტაკლით  ან თბილისლები უნდა წამოვიდნენ დასასწრებად რომ ბილეთებს მიაწყდეთ? „ქეთო და კოტეზე“ რომ ხდებოდა ისე. კარგი სპექტაკლი იყო, მაგრამ არანაკლებს შეიძლება მოუსმინოთ აქ.  თუ მაყურებელი არ იქნება, აბა რისთვის ვმუშაობთ, რისთვის ვდგამთ სპექტაკლს, რისთვის ვხარჯავთ ფულს. ფინანსთა სამინისტრო მერე ჩვენ გვეკითხებ,  რამდენია შემოსული თანხა კონცერტიდან. რამდენია და  ნული,“ – განაცხადა ქეთევან მანელიშვილმა.  

  

მისივე თქმით მაყურებლის დასაინტერესებლად სხვადასხვა გზას და მეთოდს მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი ვერ მიიღეს.

 

„ბილეთების ფასი ჩამოვაგდეთ, იფიქრეს საშინელიაო და არ მოვიდნენ.  ავწიეთ,  ძვირიაო, ვერ მოვიდნენ, ვერ გავიგე რა უნდა ვქნათ. შეიძლებოდა ზვიად ბოლქვაძის კონცერტზე ხალხი არ მოსულიყო? არ მოვიდნენ. მერე ისევ ჩვენ დავრეკეთ.  მეთქი ცარიელი რომ არ იყოს დარბაზი. ვრეკავდით, ჩვენ ბოდიში, მოდით, ფული არ არის გადასახდელი. უბილეთოდ  მობრძანდით, დაგვესწარით, კარგი კონცერტია და მართლა ასე იყო. შევავსეთ დარბაზი. ფაქტია მაყურებელი არ გვყავს. მაშინ რატომ ვაფინანსებთ მუსიკალურ სკოლებს, სასწავლებლებს. თუ მასწავლებელს არ აინტერესებს, მოსწავლეს არ აინტერესებს ე.ი. რა გამოდის“ – განაცხადა ქეთევან მანელიშვილმა.

 

 

 

5 ოქტომბერს ფესტივალი „ბათუმური შემოდგომა“ იწყება

„ბათუმური შემოდგომის“ საფესტივალო პროგრამა ასე გამოიყურება:

5 ოქტომბერი:  ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, ოთარ ქათამაძის საბავშვო მუსიკალური სპექტაკლით „სათამაშო ცხენი“.

11 ოქტომბერი:  კლასიკური მუსიკის საღამო  სიმფონიური ორკესტრი, საოპერო სტუდიის სოლისტები, დირიჟორი – ემინ გუვენ იაშლიჯამი (თურქეთი), სოლისტი – პეტრე ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი – ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო).

19 ოქტომებრი:  ჯაბა სალუქვაძის ფოტო გამოფენა ,,უკომენტაროდ“

დოკუმენტურ-მუსიკალური ფილმის ,,როიალი ზღვაში” ავტორი – ნინელი  გოგიტიძე და მუსიკალური ცენტრის წიგნი-ალბომი ,,ბათუმი, მუსიკალური ეპიზოდები”-ის პრეზენტაცია, ავტორი – ლიკა აროშიძე.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის სოლო კონცერტი

23 ოქტომბერი:  „კლასიკური მუსიკის საღამო“ – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპეროს სტუდიის სოლისტები

29 ოქტომბერი:  საოპერო სპექტაკლი – პიეტრო მასკანის ოპერა ,,სოფლის ღირსება“, დირიჟორი მაურიციო პრეციოზი (იტალია)

2 ნოემბერი:  ქართველი მუსიკოსის ზაზა მარჯაიშვილის საავტორო კონცერტი „საჩუქარი ბათუმს“

9 ნოემბერი:  ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის – ენვერ ხაბაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო  ქალაქ ბათუმის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის  სახელმწიფო  ქორეოგრაფიული ანსამბლი  ,,ბათუმი”, აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი,  სახელმწიფო ვოკალური  ანსამბლი ,,ბათუმი”,  ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ბათუმის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა, პედაგოგი – ეკატერინე ღლონტი.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორის განცხადებით  მუსიკალური ფესტივალის „ბათუმური შემოდგომისათვის“  აბონემენტები გაიყიდება. ფესტივალზე სულ 7 საღამო გაიმართება, მასზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება კი 10 ლარი იქნება.

„ერთი ლარი და ორმოცი თეთრიც არ გამოდის თითო საღამოზე დასწრების ღირებულება. იქნებ ახლა მაინც მოვიდეს მაყურებელი,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორმა გიორგი მიქელაძემ.

„ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“

 

ციალა ქათამიძე
ციალა ქათამიძე


ის ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე დაიბადა… მას დიდხანს ელოდნენ და… ისიც გაჩნდა… დიდი ზღვისფერი თვალებითა და  კულულა თმით… ბუნდოვნად ახსოვს ბავშვობა – ძმებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაში… ფიჭვნარში მოსეირნე დედ-მამა… საღამოს – ვახშამი ბებია-ბაბუასთან… პირველი ზღაპარი… პირველი წიგნი… მოგიზგიზე ბუხარი… ტალღებზე მოლივლივე თოლიები… ხმაურიანი ტალღები… ზღვა… ხან ლურჯი, ხან მოვარდისფრო, ხან ცისფერი… ხანაც, შავი ზღვა… სკოლა… პირველი ზარი… დედასთან განშორებით გამოწვეული პირველი ცრემლი… პირველი სიყვარული… ეს ყველაფერი მართალია, ძალიან ბუნდოვნადაა ჩარჩენილი მის მეხსიერებაში, მაგრამ ის გრძნობა, რაც მაშინ ჰქონდა, არასოდეს ტოვებს… ჰქონდა მთავარი – სულიერი სიმშვიდისა და სილაღის განცდა…

 

უცებ ყველაფერი ავტომატის და ქვემეხების ხმამ შთანთქა… მამა და ძმები სადღაც წავიდნენ… ირგვლივ ყველაფერს თითქოსდა შავი ფარდა გადაეფარა, ომის ფარდა… მას შემდეგ ზღვაც შავი ფერია… გამუდმებით…

 

როცა ძალიან უჭირს… ზღვის სანაპიროზე მიდის, გონებით ცდილობს დაუბრუნდეს იმ ვარდისფერ სამყაროს… მაგრამ არ გამოსდის… გაჰყურებს ზღვას… ის კი არც ვარდისფერია და არც ლურჯი… მას კვლავ შავი ფარდა გადაკვრია… შეჰყურებს ზღვისფერ სამყაროს, გაჰყურებს ტალღებს, ცას… მეორე ნაპირს… აინტერესებს: იქ, რა ფერია სამყარო… იქნებ იქ ზღვა ლურჯია… ან ცისფერი, ან სულაც მოვარდისფრო… ან იქნებ, იქაც შავია ზღვა… უნდა იცოდეს მაინც… თუმცა, ამაზე ფიქრიც კი აშინებს… არათუ, ამ ფიქრის ვინმესთვის გამხელა…

 

ეს ალისას ისტორიაა… თითქოსდა განსაკუთრებული არაფერია… უამრავი მსგავსი ისტორია გვაქვს მოსმენილი – ტელევიზიით, გაზეთით თუ პირად საუბრებში… იმ მომენტში გულდასმით ვუსმენთ, გვტკივა, განვიცდით, მაგრამ მალევე გვავიწყდება… მე კი ალისა და მისი ემოცია დღემდე ვერ დავივიწყე… ვერ დავივიწყე პატარა, მეოცნებე გოგონა… ლამაზ სამყაროზე მეოცნებე…

 

წლების წინ, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე… ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთობლივად ვსწავლობდით მოლდოვაში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტს… მის გამომწვევ მიზეზებს და ერთად ვეძებდით გამოსავლის გზებს… ამ პროექტის ქვეტექსტი ალბათ, ყველასთვის ნათელია… აღარ ჩავუღრმავდები… უბრალოდ, ის მინდოდა მეთქვა, რომ ალისა იქ გავიცანი და პირველი კითხვა, რაც მან დამისვა იყო: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“. როცა ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა, მითხრა: ვხუმრობო. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში არაერთხელ გამჩენია კითხვა: რას გულისხმობდა ალისა ზღვის ფერში?… მხოლოდ დამშვიდობების დღეს გავბედე მეკითხა… დღემდე ამაყი ვარ იმით, რომ ალისამ გამანდო მისი ოცნებები, გრძნობები, ინტერესი…

 

ის სოხუმის მახლობლად ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს… და ზუსტად ისევე სტკივა, ისევე უხარია, ოცნებობს თუ დარდობს, როგორც მე… მე, რომელიც ბათუმში, ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობ…

 

ომის, ქაღალდების, საქმეების, მოლაპარაკებების, კონფლიქტების, ბიუჯეტის, სტრატეგიების, კანონების, სხვა სიტყვებისა თუ ცნებების ქვეშ არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ, ეს – ადამიანები, ადამიანური ისტორიები,  გრძნობები, ემოციები, მიზნები და ოცნებებია. საუკეთესო საშუალება კომუნიკაციის, სიძლიერის, ერთობის, განვითარების, წარმატების…

 

მას შემდეგ ვაკვირდები ტალღებს ინტერესით… წელიწადის ყოველ დროს… თითქოსდა ვამოწმებ, მეშინია რამე არ გამომეპაროს… ვაითუ ვერ დავიჭირო ფერთა გრადაცია… (ან – ვაითუ გამომრჩეს (ან/და ვაითუ დავკარგო) ფერთა გრადაცია… პოეტურად ჟღერს) არადა, ალისა ელოდება პასუხს კითხვაზე: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან  მოვარდისფრო?“

 

2013 წელი, 27 სექტემბერი

შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა სახლი არის კარგი საშუალება მასწავლებლებისთვის, აიმაღლონ პროფესიული დონე. ჩვენი მიზანია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ზოგს ჰგონია, რომ მოვა მასწავლებელთა სახლში და საგანს ვასწავლით, მაგრამ არაა ასე. ჩვენთან უნდა მოვიდეს პროფესიონალი, რომელმაც უკვე კარგად იცის საგანი და ჩვენ ვასწავლით მას სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას. ჩვენ ვასწავლით როგორ ვასწავლოთ, როგორ ავხსნათ მიმზიდველად ესა თუ ის საკითხი, საინტერესო რომ იყოს ბავშვებისთვის. საუბარია არა საგნობრივ მომზადებაზე, არამედ გადამზადებაზე.

 

ბატონო ირაკლი, მასწავლებელთა სახლის არ არსებობა რა პრობლემას უქმნიდა პედაგოგებს აჭარაში?

პროფესიული ტრენინგები ტარდებოდა თბილისში. ჩვენი პედაგოგები ვერ ახერხებდნენ ყოველთვის წასვლას, რადგან გარკვეულ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. გარდა ამისა, ხშირად ტრენინგების გრაფიკი არ იყო მისაღები მასწავლებლებისთვის. ამიტომ შევქმენით აჭარაში მასწავლებელთა სახლი. ახლა გამოცხადებული გვაქვს კონკურსი ადგილობრივი ტრენერების შესარჩევად. ამ დროისთვის განაცხადების მიღება უკვე დამთავრებულია – სულ  280 განაცხადია შემოსული. კონკურსის წესით შეირჩევიან მომავალი ტრენერები, რომლებიც გადაამზადებენ მასწავლებლებს. პირველი ეტაპი არის განაცხადების მიღება, გადახედვა, შემდგომ იქნება გასაუბრება, გასაუბრების შემდეგ კი იქნება მესამე ეტაპი  – მასწავლებელთა დატრენინგება და ტრენერებად მომზადება. ტრენინგის გავლის შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ, თუ ვინ გახდება ტრენერი. 

 

რამდენი ტრენერი უნდა შეირჩეს თითოეულ საგანში?

არ გვაქვს ტრენერთა რაოდენობაზე შეზღუდვა. დავუშვათ ერთ საგანში შემოსულია 15 განცხადება. ღმერთმა ქნას მოხდეს ისე, რომ 15-ვე შეირჩეს. ჩვენ 15-ვეს მივცემთ საშუალებას, იყოს ტრენერი. ყველა ერთდროულად ვერ დაიწყებს ბუნებრივია, მაგრამ რეზერვში გვეყოლება. გვინდა ადგილობრივი ბაზა გვქონდეს. ტრენინგები გრძელვადიანია – 18-19 დღეს გრძელდება. წარმოიდგინეთ 18 დღე უცხო ქალაქში წასვლა მასწავლებლებისთვის რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რამდენად რთულია. ბათუმში კი აჭარის მასშტაბით ნებისმიერ პედაგოგს შეეძლება მოსვლა და გადამზადება.

 

იქნება თუ არა მასწავლებელთა სახლში შესაძლებელი პედაგოგების სერტიფიცირებისთვის მომზადება?

სერტიფიცირებისთვის მომზადებაზეც არის საუბარი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს  იმის საფუძველი, რომ პედაგოგი მარტო სერტიფიცირებისთვის მოსამზადებლად მოვიდეს. პირიქით, პედაგოგი თვითონ უნდა  ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია მიიღოს. „აი, ახლა მე სერტიფიკატი ავიღე, მეტი ტრენინგი და გადამზადება აღარ მინდა“, – ასეთი შეხედულება არ უნდა იყოს… ალბათ რესურსცენტრებიც ჩაერთვება, თავად სკოლის დირექტორიც უნდა იყოს დაინტერესებული იმითი, რომ მის სკოლაში ყველა მასწავლებელი იყოს თანამედროვე მეთოდოლოგიასთან ადაპტირებული, რაც შეიძლება მეტი ტრენინგი გაიაროს და რაც შეიძლება მეტად საინტერესო გახადოს გაკვეთილები. რაც უფრო მაღალი დონის პედაგოგები გვეყოლება, იმდენად მაღალი იქნება სწავლის დონეც.

 

რამდენ საგანში აპირებთ მასწავლებლების გადამზადებას?

ზოგადი პროფესიული უნარები, განათლების დაწყებითი საფეხური, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული, გერმანული,     ინგლისური, რუსული ენები. ყველა  საგანში იქნება საგნობრივი კონსულტანტი და ამ საგნობრივ კონსულტანტს ეყოლება  კოორდინატორი.

 

რამდენი მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი წელს?

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თვეში შვიდი გრძელვადიანი და ოთხი მოკლევადიანი ტრენინგის ჩატარება. ანუ შვიდი გრძელვადიანი ჯგუფი უნდა დავატრენინგოთ და ოთხი _ მოკლევადიანი. ჩვენთან ნებისმიერ პედაგოგს ექნება საშუალება უფასოდ გადამზადდეს. სწავლის ხარისხს  ვერ გააუმჯობესებ, თუკი არ გყავს კვალიფიციური პედაგოგი.

 

 

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები სასამართლო დაკითხვაზე

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საფო კობალაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. საქმესთან მიმართებაში მოწმის სახით სასამართლომ უმაღლესი საბჭოს ხუთი თანამშრომელი – მარინა ბერიძე, პაატა კეშელავა, შალვა ჯინჭარაძე, აკაკი ბერიძე და თამარ წილოსანი დაკითხა. ორი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.


მოწმეებმა განაცხადეს, რომ უმაღლეს საბჭოში მედეა ვასაძესა და სოფიო კობალაძეს შორის მომხდარი შელაპარაკების უშუალო თვითმხილველები არ არიან. თუმცა ესმოდათ სოფიო კობალაძე ხმამაღლა როგორ ესაუბრებოდა დეპუტატ მედეა ვასაძეს. ასევე ამბობენ, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერილობითი  ახსნა-განმარტება, ვინმესგან ზეწოლის გარეშე, ინდივიდუალურად ჩააბარეს.


საფო კობალაძე კი ყვება, რომ მედეა ვასაძე თვითონ უყვიროდა მას და ქალაქის დატოვინებითაც დაემუქრა. მისივე თქმით,  ფაქტის შესახებ იქ მყოფმა ოცამდე თანამშრომელმა მაინც გაიგო.


მომჩივან მხარეს ეჭვი ეპარება მოწმეების სიმართლეში, რასაც საფო კობალაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე რამდენიმე გარემოებით ხსნის:


„მოწმეებმა თქვეს ერთმანეთის დაწერილი ახნა-განმარტებებით არ გვისარგებლიაო. თუმცა ახსა-განმარტების შესავალი და ბოლო ნაწილი არის იდენტური, სიტყვებიც კი არაა გადაადგილებული. მოწმეების ჩვენებათა გაზიარება არ შეიძლება, რადგან ნაწილი მათგანი არის მედეა ვასაძის ნათესავი; ნაწილი სამსახურეობრივად დაქვემდებარებული, რომლებიც თუკი სიმართლეს იტყვიან, აღმოჩნდებიან სოფიო კობალაძის მდგომარეობაში. შემიძლია ვთქვა, რომ სოფიო კობალაძის სამსახურიდან გათავისუფლება ემსახურებოდა ერთ მიზანს -უმაღლეს საბჭოში შეექმნათ ალიბი იმის საწინააღმდეგოდ, თუკი ჩემი მარწმუნებელი იტყოდა სიმართლეს დოდო დიასამიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მათ ჰყოლოდათ მოწმეები, თითქოს სოფიო კობალაძე ემუქრებოდა  მედეა ვასაძეს ჩვენების შეცვლით“.


კონფლიქტი უმაღლეს საბჭოსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, მას შემდეგ დაიწყო, როცა დეპუტატსა და მოქალაქე დიანა (დოდო) დიასამიძის შორის მომხდარი ინციდენტის თვითმხილველმა საფო კობალაძემ აღიარა, რომ მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა დიანა დიასამიძე და ნივთმტკიცების – მობილური ტელეფონის შეცვლა სთხოვა.


სასამართლოს მედეა ვასაძე პროცესში ჯერ არ ჩაურთავს. მის მოწმის სახით დაკითხვაზე მომჩივანი მხარე კვლავ აპირებს სასამრთლოს თხოვნით მიმართოს.

 

რაც შეეხება მესამე მხარედ ლია ვაჩეიშვილის ჩართვას, მან ისარგებლა უფელბით და უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. ლია ვაჩეიშვილი საფო კობალაძის ყოფილ თანამდებობას იკავებს.


მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2013 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნა. შემდეგ პროცესზე, დღეს არ გამოცხადებულ მოწმეებს – ჟუჟუნა ცენტერაძესა და მანანა ფარტენაძეს დაკითხავენ.


საფო კობალაძე სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.

“არა ძალადობას” – აქცია ბათუმში

დღეს ბათუმში ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.  აქციაში რომლის  ორგანიზატორი  ასკა – აჭარის სამოქალაქო კლუბების ალიანსი იყო, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

„ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი მარიამ კოჩალიძე თავად ძალადობის მსხვერპლი გახდა,“  „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“,  „არ გვინდა ვიყოთ ძალადობის მსხვერპლნი“  – ამ შინაარსის პლაკატებით აქციის მონაწილეებმა აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა გამართეს და მარიამ კოჩალიძის მკვლელობა დაგმეს, რომელიც გასულ წელს მსგავსი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

„დღეს არის ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ამ აქციით ვგმობთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობას,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირანდა ტაკიძე.

„მსგავს ამ აქციას ჩვენ ყოველი წლის 2 ოქტომბერს ვმართავთ.  წინა წელს   აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო მარიამ კოჩალიძე, რომელიც მოგეხსენებათ რომ გარდაიცვალა. დღევანდელი ჩვენი მთავარი მიზანი არის ის რომ  კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას რომ მარიამისმსგავსი აქტიური მოქალაქეები გვჭირდება. ძალადობამ  არ უნდა შეიწიროს ადამიანი, მითუფრო ისეთი ადამიანი რომელსაც თვითონ ებრძვის ძალადობას,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორიმა, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ქებულაძემ.

თვითნებურად შესახლებულთა სიებს არასამთავრობოები სწავლობენ

დისკუსიას „53-ბატალიონის“ ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

 „სამთავრობო სიების მიხედვით ამ ბატალიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 1400 ადამიანია ჩასახლებული. ჩვენი მონიტორინგით 205 ადამიანის იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული აქტების გადამოწმება შევძელით. ამ აქტებიდან 80% დაეთანხმა იქ მოცემულ ინფორმაციას, 20 % კი არა. ვაპირებთ ამ 20%-ის ადგილზე შესწავლას. მეორე ეტაპზე დავიწყებთ კონკრეტულად მოქალაქეების დოკუმენტებში მოცემული პრობლემების შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზებზე მუშაობას. დამაიმედებელი აღმოჩნდა ის, რომ მუნიციპალური კომისიების ამ მიმართულებით მუშაობა სამართლიანადაა ჩატარებული, რაც დაგვეხმარება შემდეგი კვლევის განხორციელებაში“. – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა ლევან გობაძემ.

გარკვეული მიზეზების გამო გადამოწმების პროცესი არ დასრულებულა ქედასა და ბათუმში. მონიტორინგის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ „53-ე ბატალიონში“ მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე არ იმყოფება და თურქეთშია წასული. ლევან გობაძემ აღნიშნა, რომ მონიტორინგის პროცესი ოქტომბერში დასრულდება.

დისკუსიაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, რომელმაც მთავრობის წარმომადგენელ კობა ჩხეიძეს ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან  შესაძლო დახმარების თხოვნით  მიმართა:

„ჩემთვის სრულიად გასაგებია ამ ეტაპზე მთავრობა რომ ვერ შეძლებს მათ დახმარებას, მაგრამ იქნებ ელექტროენერგიისა და სანდასუფთავების პრობლემა მაინც მოუგვაროთ“.

არასამთავრობოებმა დისკუსიის ბოლოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, იმის ნიშნად, რომ ისინი ამ მიმართულებით სამომავლოდაც გააგრძელებენ ერთობლივად მუშაობას.

საპროცესო შეთანხმება „ლუხუმ კაპანაძის და სხვათა“ საქმეზე

„ლუხუმ კაპანაძე, სერგი კაკალაშვილი, პაატა დათიშვილი, გივი თევზაძე, გოჩა კურტანიძე, თამაზ კაპანაძე, თამაზ მღებრიშვილი“, – ამ პირებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა 26 სექტემბერს ჩაატარა. იმ დღეს მოსამართლეს პროკურორმა და ადვოკატმა აცნობეს, რომ თამაზ მღბრიშვილთან საპროცესო გარიგებას აფორმებენ, ამიტომაც „კაპანაძისა და სხვათა მიმართ“ საქმიდან, ბრალდებულ მღებრიშვილის საქმის ცალკე გამოყოფა ითხოვეს.

 

მოსამართლემ ადვოკატ შოთა ბოლქვაძის და პროკურორ გელა კუჭაშვილის ერთობლივი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

საპროცესო შეთანხმება პროკურატურისა და ბრალდებულ თამაზ მღებრიშვილს შორის იმავე დღეს სხვა მოსამართლემ გოჩა ფუტკარაძემ დაამტკიცა.

 

რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სანაცვლოდ დათანხმდა პროკურატურა თამაზ მღებრიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქმის პროკურორს გელა კუჭაშვილს მიმართა.

 

„ინფორმაცია, როგორც ასეთი, არაფერი მოუწოდებია. ფაქტობრივად დადგენილია, რომ მას [თამაზ მღებრიშვილს] ამ გადაწყვეტილებით [ქარხნის იაფად გაყიდვა] სარგებელი არ მიუღია. ადამიანი ნასამართლევი არ არის. თან იცოდა მაგან, რომ კაკალაშვილები და კაპანაძეები სარგებლობდნენ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით. აღიარებს, რომ არ უნდა გამეტანა ამ ციფრებში ქარხანა აუქციონზეო“.

 

რა კრიტერიუმებით ისარგებლა პროკურატურამ, როცა თამაზ მღებრიშვილის 50 ათასი ლარით დაჯარიმება გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც მისი ქმედებით სახელმწიფომ მინიმუმ 3 233 856 ლარი იზარალა? – ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რაზეც პროკურორი გელა კუჭაშვილი განმარტავს:

 

„ასე გადაწყდა ხელმძღვანელობასთან, ბატონ ანზორთან [ანზორ უსტიაძე – აჭარის პროკურატურა – ავტ.] შეთანხმებით… კი იცით ახლა, ამ გარიგებიდა სარგებელი მღებრიშვილს არ მიუღია. მისი უძრავ-მოძრავი ქონება – ყველაფერი დაყადაღებული გვაქვს. ერთი რამ შეიძლება დავაფიქსირო, კაკალაშვილი და კაპანაძე რომ გამოცხადდენ ძიებასთან, ზიანს, რაც არის, თუ არ აანაზღაურებენ, არ გაუფორმდებათ საპროცესო. ეს არის გადაწყვეტილი ყველგან, პროკურატურაში“.

 

თითქმის ერთი თვის წინ ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ მოხელეს – აბესალომ გურგენიძეს გაუფორმა. აბესალომ გურგენიძეს ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

ძიების ვერსიით, აბესალომ გურგენიძეს და თამაზ მღებრიშვილს ბიზნესმენები სერგი კაკალაშვილი და ლუხუმ კაპანაძე სახელმწიფო თანამდებობის პირების ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდნენ და აცნობეს ქიმიურ ფარმაცვეტული ქარხნის შესყიდვას რომ აპირებდნენ. „ავტორიტეტულ პირად“ ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სახელდება.

 

თავის მხრივ გურგენიძემ ძიებას განუმარტა, რომ დოკუმენტების მომზადება მას თამაზ მღებრიშვილმა დაავალა.

 

დაავალა თუ არა ქარხნის იაფად გაყიდვა თამაზ მღებრიშვილს ვანო მერაბიშვილმა? – ამ კითხვაზე პასუხი პროკურორ გელა კუჭაშვილს თამაზ მღებრიშვილისგან უნდა მიეღო. პროკურორის განმარტებით, „თამაზ მღებრიშვილმა თქვა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ კაპანაძისა და კაკალაშვილის უკან ვინ იდგაო – ამიტომ დათანხმდა ამ საქმის გაკეთებას“.

 

4 344 856 ლარად შეფასებული „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული“ ქარხნის  1 111 000 ლარად გაყიდვის გამო აჭარის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები პროკურატურამ 2013 წლის თებერვალში დააკავა. ლუხუმ კაპანაძე და მასთან დაახლოებული სხვა პირები მაშინაც და ახლაც უცხოეთში იმყოფებიან.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა, ლუხუმ კაპანაძემ თავისი ბიზნესის ძირითადი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე გადაყიდა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

 

დღეს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვევიან.

 

პრესცენტრის ცნობით, ბათუმის მოხუცებულთა სახლს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენლები 12 საათისთვის ეწვევიან.

 

„სამინისტროსა და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხანდაზმულებს უფასო გამოკვლევები 2 თვის წინ ჩაუტარდათ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

 

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა.

Exit mobile version