მთიანი აჭარა

ბინები სტუდენტებისათვის ხიჭაურში

08.10.2013 • 2275
ბინები  სტუდენტებისათვის  ხიჭაურში

 

მოსიაშვილები ხიჭაურის უნივერსიტეტთან ერთ-ერთი ახლოს მდებარე სოფელია. სოფელში მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლების გაფართოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხიჭაურში საპატრიარქომ ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი გაიხსნა და სტუდენტებმა საცხოვრებლად ფართობის დაქირავება დაიწყეს. ბოლო წლებში მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი გაქირავებული ფართობიდან მიღებული სარგებელი იყო, სტუდენტების მოლოდინში უნივერსიტეტის მიმდებარე სოფლებში ზოგმა ახალი სახლი ააშენა, ზოგმაც- არსებული გააფართოვა.

 

აქაური მოსახლეობა წელს ფართობის დამქირავებლის ნაკლებობას უჩივის, მოთხოვნის ნაკლებობასთან ერთად  ღირებულება 10-20 ლარით გაიაფდა.

 

აქ ფართობი ძირითადად საწოლით ქირავდება, საწოლის ფასი 50 ლარიდან იწყება და 60 ლარამდეა. გადახდილ თანხაში ელექტროენერგიის საფასურიც შედის. გასულ წელს საწოლის ღირებულება 60-70 ლარი იყო.

 

 

ნუგზარ ბერიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც სახლი „გესტჰაუსად“ აქცია. სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე სტუდენტებისთვის ცალკე ოთახები, სამზარეულო და აბაზანა მოაწყო. მას ერთდროულად 15 სტუდენტის მიღება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ სამი საწოლი აქვს გაქირავებული. ნუგზარი ამბობს, რომ რადგან წინა წლებში მსურველი ბევრი იყო, მის მახლობლად მეზობელი სოფლიდან ბერიძეებმა სახლი ჩადგეს, დღეს კი სახლი დაკეტილია.

 

 

„წინა წლებში ბევრი მსურველი იყო, 10 საწოლი მქონდა გაქირავებული, წელს მხოლოდ ორი გავაქირავე და ისიც 55 ლარში, გასულ წელს 60-70 ლარს მიხდიდნენ. მეზობლებთანაც ანალოგიური ვითარებაა, სტუდენტების რაოდენობამ იკლო, უფასო ფაკულტეტები რომ დაიშვა, აქ აღარ აბარებს აბიტურიენტი. ვინც ჩააბარა, ბევრს საბუთები გადააქვს, სტუდენტებს ხიჭაურის ბინებიც იტევს, იქ ფასი გაიზარდა, 100 ლარია, თუმცა მაინც ურჩევნიათ დაიქირავონ ადგილზე“ – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

 

 

დამქირავებლის ნაკლებობას უჩივის ჟუჟუნა მოსიძეც: „იმისთვის, რომ სტუდენტმა საწოლი შენთან დაიქირავოს, ოთახში კარადა, მაგიდა, სკამები და ცალკე აბაზანა უნდა გქონდეს. ოთახები მოვამარაგე საჭირო ინვენტარით, აბაზანაც მოვაწყვე, მაგრამ მსურველი აღარ არის, ორ და სამ სტუდენტზე არ ღირს გაქირავება, შუქის გადასახადს ვერ ანაზღაურებს. წელს სამი საწოლი გავაქირავე, გასულ წელს ხუთი მქონდა გაქირავებული“ –  ამბობს ჟუჟუნა.

 

 

„საერთოდ ვერ გავაქირავე, სწავლის დასრულების შემდეგ გზაზე სტუდენტები გაფენილი იყო, წელს თითო-ოროლას თუ დაინახავ აქ“ – ამბობს თემურ ბერიძე.

 

 

ბინების გაიაფებით კმაყოფილნი არიან სტუდენტები.

`ხელვაჩაურში ვცხოვრობ, წელს ჩავირიცხე ხიჭაურის უნივერსიტეტში, ფართობი მეგობართან ერთად სოფელ მოსიაშვილებში დავიქირავე, 55 ლარს ვიხდით, რაშიც ელექტროენერგიის გადასახადიც შედის. კმაყოფილი ვარ ფასით და საცხოვრებლითაც“ –  ამბობს მზისადარი ხაჯიშვილი.

„ოთხი წელია ერთ ოჯახში ვრჩები, ჩემთან ერთად სამ სტუდენტს აქვს საწოლი დაქირავებული. რაც უფრო ახლოსაა უნივერსიტეტთან საცხოვრებელი, ფასიც მეტია, მე აქ შევეჩვიე, ოთხი წლის განმავლობაში თვეში 60 ლარს ვიხდი“-  ამბობს თემურ ქარცივაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: