სიახლეები

რის შეცვლას აპირებენ მოსწავლეები სკოლაში

16.10.2013 • 6357
რის შეცვლას აპირებენ მოსწავლეები სკოლაში

მეათეკლასელი მარიამ შერვაშიძე, პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობის ახლადარჩეული თავმჯდომარეა. ის წინა წელს სკოლის თვითმმართველობის წევრიც იყო. ის ჯერ კლასის რჩეული გახდა, შემდეგ კი სკოლის. თვითმმართველობის თავმჯდომარეობისთვის პირველ სკოლაში სულ ოთხი მოსწავლე იბრძოდა.

„წინა თვითმმართველობის მუშაობით კმაყოფილი არ ვარ. კოორდინაციას ხშირად ვერ ვახერხებდით და ზოგჯერ დაბნეულებიც ვიყავით. ყოველთვის ვერ გამქონდა ჩემი იდეები, ამიტომაც მინდოდა თავმჯდომარე გავმხდარიყავი, რადგან საკუთარი იდეების განხორციელების მეტი შანსი მაქვს“-გვეუბნება მარიამი. მისი, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარის პრიორიტეტები, სკოლაში სპორტული აქტივობების გაზრდა იქნება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვფიქრობ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ისეთი პროექტები, რომელსაც წინა წლებში უფრო დიდი დრო ეთმობოდა. წინა წელს სკოლამ 15 პროექტი მოიპოვა, მაგრამ მე გაცილებით მეტის მიღწევას ვაპირებ. მინდა სამოქალაქო საკითხებზე მეტი დისკუსია გავმართოთ, უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ სასკოლო კლუბებიც“.

ანა პერტაიაც მეათეკლასელია. იგი ამბობს, რომ ახალი თვითმმართველობა ჯერ კიდევ არ არის გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბებული: „ამისთვის ერთი კვირა კიდევ გვაქვს. იდეების შემოტანა თვითმმართველობაში სკოლის ყველა მოსწავლის ვალდებულებაა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით რომ მოსწავლეები გავააქტიუროთ“.

გივი ბიბილეიშვილი მარიამ შერვაშიძის კონკურენტი იყო არჩევნებში. მართალია ის თავმჯდომარე ვერ გახდა, თუმცა მიიჩნევს რომ იდეები არ არის მხოლოდ თავმჯდომარის საფიქრალი: „პირველი რის გაკეთებასაც ვაპირებ, საქველმოქედო კონცერტია. შემოსული თანხა კი მოხუცთა სახლს ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უნდა გადავცეთ“.

მოსწავლეები ამბობენ, რომ არჩევანში თავისუფალი იყვნენ, თუმცა სკოლის კოორდინატორი სისუსტეებსაც ამხელს: „შეიძლება ამით წესები დავარღვიეთ, მაგრამ მოსწავლეებს ვურჩევდით აქტიური ბავშვებისთვის მიეცათ ხმა“-გვეუბნება ნონა ჩხაიძე.

ის რასაც მოსწავლეები თვითმმართველობის აქტიურობად და წარმატებად ასახელებენ, ძირითადად კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებებია. „ყოველწლიურად აღვნიშნავთ დავითის ხსენების დღეს და ვაწყობთ ინტელექტუალურ თამაშებს, გარემოს დაცვის ავღნიშნეთ, საქველმოქმედო კონცერტებს ვაწყობთ და კიდევ სპორტულ ღონისძიებებს ვაკეთებთ“-გვეუბნებიან მოსწავლეები. ეს აქტივობები თითქმის ყველა სკოლაში ტრადიციულია.

„განსხვავებული რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს არის უფრო მეტი დისკუსია ისეთ საკითხებზე, რაც მოზარდების აზრის პატივისცემას გაზრდის“-ამბობს ანა პერტაია. მისი თქმით, დღეს სკოლაში მოზარდების აზრის გათვალისწინება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, ნაკლებად ხდება. „შარშან პრიორიტეტიული იყო ბავშვთა უფლებებზე დისკუსიები, ეს უნდა გაგრძელდეს, ამასთან, მოსწავლეებმა უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ დემოკრატიულ ღირებულებებზე მსჯელობას, რომ საფუძველშივე ჰქონდეთ სწორი წარმოედგენა, ამ ღირებულებებზე. მე პირადად სწორედ ამ კუთხით ველოდები თვითმმართველობისგან აქტივობებს“.

„ჩემთვის სიახლეა თუნდაც ის, რომ დაწყებითი კლასის ბავშვებს ოკუპაციაზე ვესაუბრებით. ვცდილობთ არ მივცეთ ამ თემას პროპაგანდის სახე, ისე შევძლოთ იმ გმირებზე საუბარი, რომლებიც ჩვენთვის მაგალითია“-გვეუბნება ანა.

ელენე დავითაძე მეცხრე კლასელია. იგი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა: „აქამდე უფრო ზედაპირული წარმოდგენა მქონდა მათ საქმიანობაზე და ნაკლებადა მაინტერესებდა. ველოდები რომ ახალი თვითმმართველობა თითოეულ მოსწავლემდე მივა და მათ გააქტიურებას მოახერხებს“.

თავმჯდომარე და წევრებიც, თანხმდებიან იმაზე, რომ კიდევ ერთი სიახლე, რაზეც ახალი თვითმმართველობა დისკუსიას დაიწყებს, ეს დაუწერელი აკრძალვებია, რომელსაც სკოლის შიდაგანაწესი არ ითვალისწინებს: „მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება მაღალი კლასის მოსწავლემ თმები შეიღებოს მაგალითად წითლად, ან სხვა ფერებში? არსად წერია რომ თმის შეღებვა აკრძალულია, მაგრამ მასწავლებლები მაინც გვიშლიან“. თმის ფერის გარდა, მოსწავლეები აპირებენ მეტი დისკუსია გამართონ იმაზე, თუ რატომ აღარ სცემენ მოსწავლეები პატივს მასწავლებლებს ისე როგორც ადრე.

მე-18 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, რუსუდან სარხანიძე გახდა, ის სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე გასულ წელსაც იყო. მისი პრიორიტეტები ქალთა და ბავშვთა უფლებებზე დისკუსიები იქნება: „ბოლო პერიოდში სკოლიდან ბევრი გოგონა თხოვდება. გასულ წელს ორმა შექმნა ოჯახი, წელსაც ორი წავიდა. ბიჭებსაც ადრეულ ასაკში მოჰყვათ ცოლი და ისინი სრულფასოვანი განათლების მიღებას ვერ ახერხებენ, ვფიქრობ ეს პრობლემაა რომელზეც სკოლამ ხშირად უნდა ისაუბროს“.

მე-18 საჯარო სკოლის თვითმმართველობა

რუსუდანი ამბობს, რომ გოგონების საკმაოდ დიდი ნაწილი, თავის მომავალს განათლებაში ვერ ხედავს: „მათ მიაჩნიათ რომ საბოლოოდ მაინც ოჯახის შექმნა და სახლში ყოფნა მოუწევთ, ვერ აცნობიერებენ იმას რა სირთულეების წინაშე შეუძლება დადგნენ ისინი მომავალში. გვინდა რომ რაც შეიძლება ბევმა ბიჭმა მიიღოს დისკუსიაში მონაწილეობა, რადგან ისინი გახდებიან ოჯახის ფუძე“.

კიდევ ერთი პრობლემა რაზეც რუსუდანი საუბრობს, ბიჭების აქტივობაა. „მათ ეუხერხულებათ ღონისძიებებში მონაწილეობა. ურჩევნიათ სკოლის გარეთ იყონ აქტიური. შევეცდები რომ მათთან მეტი კომუნიკაცია მქონდეს“.

მაგდა მიქაბერიძე მე-12 კლასელია. ის პირველად გახდა თვითმმართველობის წევრი. ამბობს, რომ ჯერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტები ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული „ახლა ვფიქრობ და კვირის ბოლომდე ჩამოვაყალიბებ“. მეთორმეტეკლასელი ანა შერვაშიძე, იმედოვნებს რომ ახალი თვითმმართველობა უფრო ქმედითი იქნება: „ჩვენ წინა წლების მოუგვარებელ პრობლემებზეც მოგვიწევს ფიქრი. ეს სკოლის ბუფეტია. არ მოგვწონს რომ პატარა და დასვენების დრო იმდენად მცირეა, ჭამას ვერ ვასწრებთ“.

პრობლემების გამოსწორების იმედი აქვს, მეათეკლასელ ლუსინა პაპიკიანს: „თვითმმართველობის წევრი ვიყავი გასულ წელსაც, მაგრამ უკმაყოფილო ვარ მუშაობით. ბავშვები გაბნეული ვიყავით და კომუნიკაცია ცუდი გვქონდა. ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ“.

ახალი თვითმმართველობა ბათუმის მეშვიდე სკოლაშიც აირჩიეს. მოსწავლეებმა არჩევანი ნინო ქათამაძეზე შეაჩერეს. ახალი თავმჯდომარე მიიჩნევს რომ სკოლაში აუცილებელია სამოქალაქო კლუბების გააქტიურება.

მე-7 საჯარო სკოლის თვითმმართველობა

გოგი დავითაძე ახალი თვითმმართველობის წევრია. მისი თქმით, სკოლის ბუფეტი თითქმია ყველა სკოლის სუსტი წერტილია. „უფრო დიდი უნდა იყოს და კომფორტული“. ვალერი გოგოძე ამ პრობლემის მოგვარებით იწყებს თვითმმართველობაში აქტიურობას. „აუცილებლად გვექნება კარგი ბუფეტი, სკამები, მაგიდები ყველაფერი შესაცვლელია. ჩვენი წინამორბედებიც ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ვერ შეძლეს, ჩვენ გავაკეთებთ“.

ვალერი გოგოძე და სხვა წევრები მიიჩნევენ რომ სკოლაში სხვა პრაქტიკული საკითხებიცაა მოსაგვარებელი. მაგალითად წყლის საკითხი. ასევე, სპორტული დარბაზები და მათი აღჭურვილობა. „მე სპორტულ სფეროში ვარ აქტიური. შარშან რამდენიმე ტურნირი ჩავატარე და გამოფენებიც მოვაწყე ისტორიაში, ვფიქრობ ამ მიმართულებით ვიმუშავებ“-გვეუბნება ლუკა მალაყმაძე.

სამივე სკოლა განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყოფს სკოლის ლაბორატორიების მუშაობის საკითხს.
„ვფიქრობ სკოლაში ნაკლებად ფიქრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ ჩვენს განათლებას ეხება. ქიმიისა და ფიზიკის სწავლა ლაბორატორიების გარეშე შეუძლებელია. თვითმმართველობისგან სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ველოდები“-ამბობს ანა შერვაშიძე.

„მე ჯერ პატარა ვარ და თვითმმართველობაში მუშაობას პირველად ვიწყებ, მაგრამ ცდების საკითხი სკოლაში აუცილებლად უნდა მოგვარდეს“-გვეუბენა მეშვიდეკლასელი მარიამ კონცელიძე.

მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის სტრუქტურული ერთეულია. მისი ფუნქციებია შეიმუშაოს რეკომენდაციები სკოლის შინაგანაწესის შესახებ, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მონაწილეობა მიიღოს მოპოვებული გრანტის განკარგვაში.

სკოლის თვითმმართველი რგოლების საქმიანობის შესახებ არსებულ პრობლემებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი სწავლობს. ამავე ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ სკოლის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია სკოლის მართვაში მოსწავლეთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით: „მოსწავლეთა თვითმმართველობის ქმედუნარიანობის შეფასება შეიძლება შემდეგი მახასიათებლებით: როგორია მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამეურვეო საბჭოს, ადმინისტრაციის თანამშრომლობა, ხდება თუ არა მოსწავლეების მიერ შემუშავებული პროექტების მხარდაჭერა სკოლის ადმინისტრაციის მიერ და რა რესურსებს ფლობს ადმინისტრაცია ამ მიმართულებით“.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: