მთიანი აჭარა

რთველი აჭარაში

08.10.2013 • 4315
რთველი აჭარაში

 

 

ქედელ ოთარ თურმანიძეს ვაზი 1200 მეტრ ფართობზე აქვს გაშენებული, მას ძირითადად ორი სახეობის ყურძენი – „ჩხავერი“ და „ცოლიკაური“  მოჰყავს. მოსავალი ჯერ არ აუღია, თუმცა ერთი ტონა ყურძნის აღებას ვარაუდობს. ფერმერი იმედოვნებს, რომ რეალიზების პრობლემა არ შეექმნება, რადგან ფირმასთან („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ხელშეკრულება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გააფორმა, იგი ჯერ მხოლოდ ყურძნის შაქრიანობის მომატებას ელოდება.

 

 

„ერთ კილოგრამ ცოლიკაურში ერთი ლარი და სამოცდაათი თეთრი შემოგვთავაზეს. ზოგს მოეწონა ღირებულება, ვინც შემოთავაზებით კმაყოფილი დარჩა, ხელშეკრულება გააფორმა ფირმასთან და ფულიც დაუტოვეს. მან, ვინც შემოთავაზებული ფასით უკმაყოფილო დარჩა, ხელშეკრულებისგან თავი შეიკავა.  ცოლიკაურის ამ ფასად ჩაბარება, ვფიქრობ, კარგი კრეფას ოქტომბერში დავიწყებთ, მზიანი ამინდი რომ ყოფილიყო, დაიკრიფებოდა, მაგრამ წვიმამ ხელი შეუშალა ყურძნის დაშაქრიანებას“  – ამბობს სოფელ ორცვაში მცხოვრები ოთარ თურმანიძე.

 

 

ორცვისგან განსხვავებით ცოლიკაური დაკრიფეს და ადგილზე გაყიდეს ტიბეთელმა ფერმერებმა, მოსახლეობამ ყურძენი 1,50-2,00 ლარად გაყიდა.

 

„შარშანდელთან შედარებით წელს მოსავალი ადრე მოვიდა და რთველიც ადრე დაიწყო, ცოლიკაური 12 ოჯახს გვაქვს გაშენებული სოფელში და თითქმის ყველამ დაკრიფა, ზოგი ღვინოს წურავს და ღვინოს ყიდის, ზოგიც ყურძენს, გააჩნია ვის როგორ აწყობს.  მეც დავკრიფე 700 კილოგრამამდე, მაგრამ არ გამიყიდია, ღვინო დავწურე. ჩემმა ძმამ 1 ტონა მოიწია, მიღებული მოსავლის ნახევარი გაყიდა და კმაყოფილიც დარჩა“ – ამბობს სოფელ ტიბეთაში მცხოვრები  შოთა ბერიძე.

 

 

მეძიბნელი ბადრი დუმბაძე ამბობს, რომ სოფელში ყურძნის მოშენება მოსახლეობამ ბოლო წლებში დაიწყო:

„ადრე ბევრ ოჯახს ჰქონდა ვაზი მოშენებული, მაგრამ გლეხს შემოსავალს არ უტოვებდა და გაჩეხეს. ვაზის მოშენება ბოლო წლებში ისევ დაიწყო მოსახლეობამ, მსხვილი ფერმერი სოფელში 7-8 არის, დანარჩენებს პირადი მოხმარებისთვის მოჰყავს და სახლისთვის ღვინოს წურავს. მეც ახლად მოვაშენე, გასაყიდი ჯერ არ მაქვს“ – ამბობს ბადრი დუმბაძე.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ქედაში ყურძნის რეალიზების პრობლემა არ იქნება.

 

 

„გასულ წელს 45 ტონა ჩხავერი ჩავიბარეთ მხოლოდ, მიმდინარე წელს ჩხავერსაც ჩავიბარებთ და ცოლიკაურსაც. ამ ეტაპზე ღირებულება ცნობილი არ არის, ურთიერთშეთანხმებით მოხდება ღირებულების დადგენა,  ფასი 1 ლარსა და 70 თეთრს იქნება მიახლოებული “  – ამბობს „ბათუმელებთან“  შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“  მენეჯერი ალეკო დადიანი.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: