სიახლეები

მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ქედაში

05.10.2013
მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ქედაში

 

გიორგი მარგველაშვილი ქედაში
გიორგი მარგველაშვილი ქედაში

 

პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის სამზადისი ქედაში დილიდან დაიწყო. წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხალხის ნაკადის შეგროვებას  სოფლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწევდნენ, სოფლებიდან მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებით უფასოდ ჩამოიყვანეს. სპორტსკოლის შენობაში  შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა პირველ საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლების მიღწევაზე ისაუბრა და ამომრჩეველს წარმატებული საქართველოსთვის 41 ნომრის მოხაზვისკენ მოუწოდა.

 

,,მე შესაძლებლობა მომეცა ამ ხალხთან საქმიანი მომავლის თაობაზე ერთიანი გეგმა დაგვესახა. აქ არის ერთდროულად სერიოზული პრობლემები ეკომიგრანტების, მცირემიწიანობის, განსახლების პრობლემა, ასევე პოტენციის შემცველი, მაგრამ რეალურად აჭარა ქვეყნის დემოგრაფიულად გადარჩენის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ამაში პრობლემაც უნდა დავინახოთ და პრობლემის გადაჭრაც, მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ  ამ საკითხების დარეგულირების რესურსი აქტიურად არ ჩანს. მაგრამ ჩვენ გულისყურით ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც აჭარაში არის დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი ქართული ოჯახის გაძლიერებაა. აჭარა ამის არაჩეულებრივი მაგალითია და აქ არსებული პრობლემები ჩვენი მუშაობის შედეგად პოტენციალად უნდა შევატრიალოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქედაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა: ,,ყველაფრის ერთბაშად მიღწევა შეუძლებელია, ამას დრო სჭირდება, დღეს პოლიცია ადაიანებს აღარ ატერორებს, განათლების სისტემაში შეიცვალა მიდგომები, უფასო სახელმძღვანელოები დავურიგეთ, უფასო ფაკულტეტებია, დღეს პრესა და მედია თავისუფალია, ჯანდაცვაში ყველა ადამიანია დაცული“.

 

წინასაარჩევნო შეხვედრას ქედაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

,,მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. გასულ წელს მიწისზვრის დროს სახლს ბზარები გაუჩნდა და თავზე მენგრევა. ცხრაჯერ მივმართე ადგილობრივ გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც მოვედი აქ, მინდოდა დახმარება გიორგი მარგველაშვილისთვის მეთხოვა, თუმცა ვერ მოვახერხე“, – განაცხადა სოფელ უჩხითში მცხოვრებმა ციალა გოგიძემ.

 

მოსახლეობასთან შეხვედრა არის დაგეგმილი შუახევსა და ხულოშიც.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: