აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საფო კობალაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. საქმესთან მიმართებაში მოწმის სახით სასამართლომ უმაღლესი საბჭოს ხუთი თანამშრომელი – მარინა ბერიძე, პაატა კეშელავა, შალვა ჯინჭარაძე, აკაკი ბერიძე და თამარ წილოსანი დაკითხა. ორი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
მოწმეებმა განაცხადეს, რომ უმაღლეს საბჭოში მედეა ვასაძესა და სოფიო კობალაძეს შორის მომხდარი შელაპარაკების უშუალო თვითმხილველები არ არიან. თუმცა ესმოდათ სოფიო კობალაძე ხმამაღლა როგორ ესაუბრებოდა დეპუტატ მედეა ვასაძეს. ასევე ამბობენ, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერილობითი ახსნა-განმარტება, ვინმესგან ზეწოლის გარეშე, ინდივიდუალურად ჩააბარეს.
საფო კობალაძე კი ყვება, რომ მედეა ვასაძე თვითონ უყვიროდა მას და ქალაქის დატოვინებითაც დაემუქრა. მისივე თქმით, ფაქტის შესახებ იქ მყოფმა ოცამდე თანამშრომელმა მაინც გაიგო.
მომჩივან მხარეს ეჭვი ეპარება მოწმეების სიმართლეში, რასაც საფო კობალაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე რამდენიმე გარემოებით ხსნის:
„მოწმეებმა თქვეს ერთმანეთის დაწერილი ახნა-განმარტებებით არ გვისარგებლიაო. თუმცა ახსა-განმარტების შესავალი და ბოლო ნაწილი არის იდენტური, სიტყვებიც კი არაა გადაადგილებული. მოწმეების ჩვენებათა გაზიარება არ შეიძლება, რადგან ნაწილი მათგანი არის მედეა ვასაძის ნათესავი; ნაწილი სამსახურეობრივად დაქვემდებარებული, რომლებიც თუკი სიმართლეს იტყვიან, აღმოჩნდებიან სოფიო კობალაძის მდგომარეობაში. შემიძლია ვთქვა, რომ სოფიო კობალაძის სამსახურიდან გათავისუფლება ემსახურებოდა ერთ მიზანს -უმაღლეს საბჭოში შეექმნათ ალიბი იმის საწინააღმდეგოდ, თუკი ჩემი მარწმუნებელი იტყოდა სიმართლეს დოდო დიასამიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მათ ჰყოლოდათ მოწმეები, თითქოს სოფიო კობალაძე ემუქრებოდა მედეა ვასაძეს ჩვენების შეცვლით“.
კონფლიქტი უმაღლეს საბჭოსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, მას შემდეგ დაიწყო, როცა დეპუტატსა და მოქალაქე დიანა (დოდო) დიასამიძის შორის მომხდარი ინციდენტის თვითმხილველმა საფო კობალაძემ აღიარა, რომ მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა დიანა დიასამიძე და ნივთმტკიცების – მობილური ტელეფონის შეცვლა სთხოვა.
სასამართლოს მედეა ვასაძე პროცესში ჯერ არ ჩაურთავს. მის მოწმის სახით დაკითხვაზე მომჩივანი მხარე კვლავ აპირებს სასამრთლოს თხოვნით მიმართოს.
რაც შეეხება მესამე მხარედ ლია ვაჩეიშვილის ჩართვას, მან ისარგებლა უფელბით და უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. ლია ვაჩეიშვილი საფო კობალაძის ყოფილ თანამდებობას იკავებს.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2013 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნა. შემდეგ პროცესზე, დღეს არ გამოცხადებულ მოწმეებს – ჟუჟუნა ცენტერაძესა და მანანა ფარტენაძეს დაკითხავენ.
საფო კობალაძე სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.