სიახლეები

კორპუსი მე-19 საუკუნეში აგებული სახლის ნაცვლად

09.10.2013 •
კორპუსი მე-19 საუკუნეში აგებული სახლის ნაცვლად

 

 

გუშინ ბათუმის არქიტექტორთა საბჭომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად გაფართოებული სხდომა გამართა. სწორედ ამ სხდომაზე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ძველ ბათუმში მდებარე კიდევ ორი სახლი უნდა დაინგრეს. კლდიაშვილის #8-ში და ვაჟა-ფშაველას # 9/10-ში მდებარე სახლების ნაცვლად ექვსსართულიანი შენობის აშენებაა დაგეგმილი. ამხანაგობა, რომელმაც მშენებლობის ნებართვა ორი წლის წინ მიიღო, ნებართვას  კიდევ ორი სართულის დამატებისათვის ითხოვს.

 

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში  ამბობს, რომ დღეს არსებული რეალობის შეცვლა შეუძლებელია და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

 

 

 „თავის  დროზე უნდა მიცემოდა  სახლს სტატუსი და რადგანაც სტატუსი არა აქვს, თუ გააასაჩივრებს რომელიმე არასამთავრობო, მოიგებს საქმეს და  სათანადო დოკუმენტაცია იქნება ეგაა, თორემ  მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაჩერო.  გაცემულია უკვე მშენებელობის ნებართვა,“ – აცხადებს ბიძინა აფხაზავა.

 

სახლი კლდიაშვილის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
სახლი კლდიაშვილის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

 

 

საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის აზრით პირველ რიგში  უნდა გაირკვეს, რამდენად კანონიერადაა გაცემული მშენებლობის ნებართვა, ხოლო შემდეგ  უნდა გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით.

 

 

„პირველი უბედურება ისაა, რომ უნდა დაინგრეს, ხოლო მეორე უბედურება ის, რომ უნდა აშენდეს შენობა, რომელიც არქიტექტორებსაც არ მოსწონთ. 

 

2008 წელს, როდესაც შეიქმნა  კულტურული მემკვიდრეობის სია, 400 შენობა  დაასახელა  თბილისიდან ჩამოსულმა კომისიამ, მაგრამ ნაწილი შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, ნაწილი არა. კლდიაშვილზე მდებარე  არც ერთი შენობა არ არის შეტანილი.  ქუჩაზე, რომელზეც ყველა სახლი  ძალიან ძველია, მეცხრამეტე საუკუნეა, ან მეოცე საუკუნის დასაწყისი. გასაგებია რატომაც, დაწყებულია ქუჩის ნგრევა.  როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, ეს იყო ნაღმები, რომელიც დღეს ფეთქდება. დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არაფერი არ შეუძლია. ყველა უძლურია,  ვისაც ველაპარაკე, არავის არაფერი არ შეუძლია.  ქვეყანაში, სადაც არც ერთი პრეზიდენტი თავისით არ გადამდგარა, არ შეგვიძლია ერთი შენობის ნგრევის შეჩერება კანონიერად,“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

 

 

დღესვე განცხადება გაავრცელა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ.

 

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ამ ფაქტს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად არ შეცვლილა. საჭიროა მყისიერი რეაგირება და რეგულაციების მიღება/გამკაცრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით,“ – ნათქვამია  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: