კვირის ამბები

მოცვის ბიზნესი აჭარაში

08.10.2013 • 7655
მოცვის ბიზნესი აჭარაში

 

 

 

აგროკორპორაციის სადემონსტრაციო ნაკვეთის მენეჯერი ამბობს, რომ ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე მოცვზე მოთხოვნა იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე მოცვის გასაყიდი ფასი 3,30 ლარია, ხოლო ნერგის ფასი –  6 ლარი.  

 

 

„მოცვი მსოფლიო ბაზარზე ძვირად ფასობს, ამდენად მისი წარმოება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. მსურველი ბევრია, ამიტომ ნერგების წარმოების გაზრდას ვაპირებთ. ფერმერებს საჭირო სწავლება-კონსულტაციასაც ჩავუტარებთ“ –  ამბობენ აგროკორპორაციაში.

 

 

მოცვს სამრეწველო დანიშნულება აქვს, ყინვაგამძლეა, უხვმოსავლიანი, ვიტამინებით მდიდარი.  გემური თვისებებით გამორჩეული და გარეგნულადაც მიმზიდველი. ნაყოფი ჩვეულებრივ მოცვთან შედარებით მაგარია, უძლებს ტრანსპორტირებას და რამდენიმე დღითაც ინახება, მშრალად გაყინვის პირობებში კი რამდენიმე თვეს ძლებს. საუკეთესოა მისგან დამზადებული ხილფაფა, მურაბები ან აწვენი. მოცვი გამოიყენება მედიცინასა და კულინარიაში.

 

 

ვიდრე საქართველოში მოცვის ფერმერული მეურნეობები განვითარდება, მოსახლეობა მოცვს ტყეში აგროვებს და კერძო პირებს აბარებს.  

 

 

მოცვი აჭარაში ძირითადად მაღალმთიან მუნიციპალიტეტების მთებში ხარობს, დაბლობში აგვისტოში შემოდის, მაღლობში კი სექტემბრამდე გრძელდება კრეფა.

 

 

ეს კენკროვანი მცენარე სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. წელს მოცვის შეგროვებით დაკავებული ოჯახები კმაყოფილნი არიან, მოსავალი კარგი იყო და გასულ წელთან შედარებით ფასიც მაღალია.

 

 

აჭარის მუნიციპალიტეტებში მოცვის მიმღები პუნქტები არ არის, თუმცა მოსახლეობას მოცვის რეალიზებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექმნება.

 

 

კენკრას სოფელში ჩასული კერძო პირები ადგილზევე იბარებენ, შესაბამისად მოცვის ჩაბარების ფასს სოფლებსა და იალაღებზე გადამყიდველები განსაზღვრავენ. წელს 1 კილოგრამი მოცვის ჩაბარების ფასი ქედაში 1,50 – 2 ლარს შორის მერყეობს, ხულოსა და შუახევში საშუალოდ 1,50 ლარია, თუმცა რიგ სოფლებში, იშვიათად, გადამყიდველები მოცვს 2,00-2,50 ლარადაც იბარებენ.

 

 

მოცვი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევში მცხოვრები ზურაბ ფასანიძის ოჯახის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

 

 

ფასანიძეები მოცვს წლებია კრეფენ. ოჯახის რამდენიმე წევრი მოცვის საკრეფად ადრიან დილით მიდიან მთაში და საღამოს ბრუნდებიან. ფასანიძეები ამ სეზონზე მოცვს უკვე 15 დღეა კრეფენ, თუმცა ჯერ არ ჩაუბარებიათ, რადგან ხმელი მოცვი უფრო ძვირია.

 

 

„მოცვი ტყეში მოდის და შესაბამისად ტყეში გვიწევს სიარული, დღეში 4-5 კილომეტრს ფეხით გავდივართ. დაკრეფილი მოცვი ხელით და ზურგით რამდენიმე კილომეტრი უნდა ატარო. ახლა 150 კილოგრამი ხმელი მოცვი მაქვს. მეზობლებმა ნედლი ჩააბარეს, მე ვაშრობ, მირჩევნია ხმელი ჩავაბარო, უფრო მოგებული დავრჩები, მაგრამ ვისაც ფული სჭირდება, გამოშრობას არ ელოდება. გაშრობას 15 დღე სჭირდება მაინც, 1 კილოგრამი ხმელი მოცვი გასულ წელს 22 ლარში ჩავაბარე, წელს არ ვიცი რამდენს გადაიხდიან, ნედლი მოცვი 2,00-2,50 ლარი ღირს, დღეში ჩემი ოჯახი 70-80 კილოგრამ მოცვს კრეფს“-  ამბობს ზურაბ ფასანიძე.

 

 

ნამონასტრევისგან განსხვავებით 1 კილოგრამი მოცვის ჩაბარების ფასი 50 თეთრით ნაკლებია სოფელ საციხურში. სოფლის მკვიდრი ამირან ქარცივაძე ამბობს, რომ მოცვი სოფლის შემოსავლად იქცა და სეზონზე დიდი თუ პატარა მოცვის საკრეფად მთებში დილაადრიან მიდის.

 

 

„სოფლიდან მოსახლეობა დილით გავდივართ მთაში. მოცვის კრეფა ძნელია, ნაყოფი პატარაა, თან მოცვის ბუჩქი ეკალ-ბარდითაა დაფარული. კრეფას აგვისტოში ვიწყებთ, ჯერ არ მოლეულა, ამინდმა ხელი თუ შეგვიწყო და არ გათოვდა, დავკრეფთ, მე მთაში მაქვს სახლი, იქ გადამაქვს და ვაშრობ, ხმელის გადაადგილება შედარებით ადვილია. წონაში იკლებს, ახალდაკრეფილ მოცვში 1,50 ლარს იხდიან, ვარაუდობენ, რომ ხმელი მოცვის ფასი 25 ლარი იქნება“ –  ამბობს ამირან ქარცივაძე.

 

 

შუახეველი მალხაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ დღვანის თემში დაკრეფილ მოცვს ადგილზე ყიდულობდა და ბათუმში გადმოჰქონდა გასაყიდად:

 

 

„ადგილზე ლარნახევრად ვიბარებ და ბაზარზე 2 ლარად ვყიდი. მართალია, მალფუჭებადი არ არის, მაგრამ როცა კასრებით გადაგაქვს მოცვი, ძირში რაც არის, იჭყლიტება და 2 ლარს აღარ გიხდიან“.

 

 

ქედელმა გიგა ქობულაძემ წელს 4 ტონა მოცვი ჩაიბარა და გაყიდა:  „სოფლის მოსახლეობა კილოგრამს 1,50 ლარად მაბარებდა, ჩამქონდა ბათუმში და 2 ლარში ვყიდდი. საკუთარი ავტომობილით მიმყავდა საკრეფად სოფლიდან 15 კილომეტრით დაშორებულ მთაში და მათგან ვიბარებდი, მგზავრობის ღირებულებას არ ვახდევინებდი, ერთი ადამიანი დღის განმავლობაში 20-30 კილოგრამს კრეფს.“

 

 

საქართველოდან მოცვის ექსპორტი სამი წლის წინ დაიწყო.

 

 

 აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინფორმაციით, საქართველოდან 2010 წელს 2 480 კგ – 18 993 დოლარის ღირებულების გამხმარი მოცვის ექსპორტი რუმინეთში, უკრაინასა და ბელორუსში განხორციელდა. ამავე წელს ქვეყნიდან 21 575 კილოგრამი – 46 386 დოლარის ღირებულების გაყინული მოცვი იტალიაში გაიტანეს.

 

 

მოცვზე მზარდი მოთხოვნაა ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ძირითადი მიმწოდებელი რუსეთია. აგროკორპორაციაში ამბობენ, რომ თუ საქართველო მოცვის წარმადობას გაზრდის, ევროკავშირის ბაზრის ათვისება შესაძლებელი იქნება. 

 

 

მოცვს წარმოებაში გორის საკონსერვო ქარხანა იყენებს. „კულას“ მარკეტინგის მენეჯერის გაიანე ეგანიანის ინფორმაციით „კულას“ ბრენდის ქვეშ მოცვის უშაქრო წვენს აწარმოებენ. პროდუქტის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 4,25 ლარია. გაიანე ეგანიანი ამბობს, რომ კომპანია მოცვს მოსახლეობისაგან ყიდულობს.

 

 

2011 წელს 37 475 კილოგრამი 116 501 აშშ დოლარის ღირებულების მოცვის ექსპორტი იტალიასა და თურქეთში განხორციელდა.  2012 წლის ექვს თვეში რუსეთის ბაზარზე 2 940 კილოგრამი 7 497  აშშ დოლარის ღირებულების მოცვი გაიტანეს. 2013 წლის მონაცემებს სტატისტიკის სამსახური აზუსტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: