კვირის ამბები

შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის

02.10.2013 • 2062
შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა სახლი არის კარგი საშუალება მასწავლებლებისთვის, აიმაღლონ პროფესიული დონე. ჩვენი მიზანია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ზოგს ჰგონია, რომ მოვა მასწავლებელთა სახლში და საგანს ვასწავლით, მაგრამ არაა ასე. ჩვენთან უნდა მოვიდეს პროფესიონალი, რომელმაც უკვე კარგად იცის საგანი და ჩვენ ვასწავლით მას სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას. ჩვენ ვასწავლით როგორ ვასწავლოთ, როგორ ავხსნათ მიმზიდველად ესა თუ ის საკითხი, საინტერესო რომ იყოს ბავშვებისთვის. საუბარია არა საგნობრივ მომზადებაზე, არამედ გადამზადებაზე.

 

ბატონო ირაკლი, მასწავლებელთა სახლის არ არსებობა რა პრობლემას უქმნიდა პედაგოგებს აჭარაში?

პროფესიული ტრენინგები ტარდებოდა თბილისში. ჩვენი პედაგოგები ვერ ახერხებდნენ ყოველთვის წასვლას, რადგან გარკვეულ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. გარდა ამისა, ხშირად ტრენინგების გრაფიკი არ იყო მისაღები მასწავლებლებისთვის. ამიტომ შევქმენით აჭარაში მასწავლებელთა სახლი. ახლა გამოცხადებული გვაქვს კონკურსი ადგილობრივი ტრენერების შესარჩევად. ამ დროისთვის განაცხადების მიღება უკვე დამთავრებულია – სულ  280 განაცხადია შემოსული. კონკურსის წესით შეირჩევიან მომავალი ტრენერები, რომლებიც გადაამზადებენ მასწავლებლებს. პირველი ეტაპი არის განაცხადების მიღება, გადახედვა, შემდგომ იქნება გასაუბრება, გასაუბრების შემდეგ კი იქნება მესამე ეტაპი  – მასწავლებელთა დატრენინგება და ტრენერებად მომზადება. ტრენინგის გავლის შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ, თუ ვინ გახდება ტრენერი. 

 

რამდენი ტრენერი უნდა შეირჩეს თითოეულ საგანში?

არ გვაქვს ტრენერთა რაოდენობაზე შეზღუდვა. დავუშვათ ერთ საგანში შემოსულია 15 განცხადება. ღმერთმა ქნას მოხდეს ისე, რომ 15-ვე შეირჩეს. ჩვენ 15-ვეს მივცემთ საშუალებას, იყოს ტრენერი. ყველა ერთდროულად ვერ დაიწყებს ბუნებრივია, მაგრამ რეზერვში გვეყოლება. გვინდა ადგილობრივი ბაზა გვქონდეს. ტრენინგები გრძელვადიანია – 18-19 დღეს გრძელდება. წარმოიდგინეთ 18 დღე უცხო ქალაქში წასვლა მასწავლებლებისთვის რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რამდენად რთულია. ბათუმში კი აჭარის მასშტაბით ნებისმიერ პედაგოგს შეეძლება მოსვლა და გადამზადება.

 

იქნება თუ არა მასწავლებელთა სახლში შესაძლებელი პედაგოგების სერტიფიცირებისთვის მომზადება?

სერტიფიცირებისთვის მომზადებაზეც არის საუბარი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს  იმის საფუძველი, რომ პედაგოგი მარტო სერტიფიცირებისთვის მოსამზადებლად მოვიდეს. პირიქით, პედაგოგი თვითონ უნდა  ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია მიიღოს. „აი, ახლა მე სერტიფიკატი ავიღე, მეტი ტრენინგი და გადამზადება აღარ მინდა“, – ასეთი შეხედულება არ უნდა იყოს… ალბათ რესურსცენტრებიც ჩაერთვება, თავად სკოლის დირექტორიც უნდა იყოს დაინტერესებული იმითი, რომ მის სკოლაში ყველა მასწავლებელი იყოს თანამედროვე მეთოდოლოგიასთან ადაპტირებული, რაც შეიძლება მეტი ტრენინგი გაიაროს და რაც შეიძლება მეტად საინტერესო გახადოს გაკვეთილები. რაც უფრო მაღალი დონის პედაგოგები გვეყოლება, იმდენად მაღალი იქნება სწავლის დონეც.

 

რამდენ საგანში აპირებთ მასწავლებლების გადამზადებას?

ზოგადი პროფესიული უნარები, განათლების დაწყებითი საფეხური, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული, გერმანული,     ინგლისური, რუსული ენები. ყველა  საგანში იქნება საგნობრივი კონსულტანტი და ამ საგნობრივ კონსულტანტს ეყოლება  კოორდინატორი.

 

რამდენი მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი წელს?

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თვეში შვიდი გრძელვადიანი და ოთხი მოკლევადიანი ტრენინგის ჩატარება. ანუ შვიდი გრძელვადიანი ჯგუფი უნდა დავატრენინგოთ და ოთხი _ მოკლევადიანი. ჩვენთან ნებისმიერ პედაგოგს ექნება საშუალება უფასოდ გადამზადდეს. სწავლის ხარისხს  ვერ გააუმჯობესებ, თუკი არ გყავს კვალიფიციური პედაგოგი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: