მთავარი,სიახლეები

„მრჩეველთა საბჭო პატარა უმაღლეს საბჭოს დაემსგავსება“ – გენო გელაძე

22.10.2013 • 2459
„მრჩეველთა საბჭო პატარა უმაღლეს საბჭოს დაემსგავსება“ – გენო გელაძე

 

ბატონო გენო, თქვენ იყავით იმ კომისიის წევრი, რომელმაც უმაღლეს საბჭოში წარსადგენი კონკურსანტები შეარჩია.  როგორ აფასებთ თქვენს როლს ამ კონკურსში და  რას ფიქრობთ  დეპუტატების მიერ გაკეთებულ არჩევანზე?

ჩემი აზრით, კომისიის ფუნქცია თავიდანვე არასწორად განისაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებას მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი კონკურსანტებიდან ავარჩევდით ხუთ კანდიდატს და არა ოცდაოთხს, როგორც მოხდა. რადგან კომისიას ჰქონდა კონკურსანტებთან გასაუბრებისა და კონცეფციების გაცნობის შესაძლებლობა.  კომისიამ უფრო სიღრმისეულად იმუშავა, ვიდრე უმაღლესმა საბჭომ. ახლა რა მივიღეთ? კომისიამ შეასრულა ტექნიკური ფუნქცია, რეალურად დაიწუნა მხოლოდ ათი კანდიდატი, რომლებიც ძალიან შორს იდგა საკონკურსო მოთხოვნებისგან, მაგრამ კონკურსანტთა რაოდენობა მაინც ვერ გაცხრილა და საბოლოოდ ისეთი კანდიდატები დარჩნენ ასარჩევი, რომლებიც არაფრით გამოირჩეოდნენ.

ხომ არ ნანობთ კომისიის მუშაობაში რომ მიიღეთ მონაწილეობა, თუკი ფიქრობთ, რომ მაინც არასასურველი კანდიდატები გავიდნენ? 

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია  სულ სხვა კანონპროექტის მომხრე იყო, მიმაჩნია, რომ პროცესში უნდა ვყოფილიყავი ჩართული და სხვა ნებისმიერ პროცესშიც ჩავერთვებით, რადგან ამით  მოვახერხეთ გაგვეგო ის, თუ როგორ წყდებოდა შიგნით საკითხები.

თქვენი აზრით რომელი კონკურსანტები აკმაყოფილებდნენ პირობებს?  

იმ ადამიანებიდან, ვისაც მე გამოვარჩევდი, მხოლოდ ნატა იმედაიშვილი მოხვდა ბორდში, დანარჩენი ყველა ხმების გარეშე დარჩა. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეკა ჩხარტიშვილი, რადგან კარგი კონცეფცია ჰქონდა, მაღალმთიანი აჭარიდან იყო სურმანიძე, რომელიც ძალიან აქტიური იყო, ყურადღება მივაქციე მიქელაძესაც,    რომელიც კარგად ერკვეოდა თანამედროვე ტექნოლოგიებში და ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭოში ეს კანდიდატი კარგი იქნებოდა. ასევე შეიძლებოდა ბესო ლილუაშვილისა და ნინო ჩხეტიას კანდიდატურების განხილვაც. ვფიქრობ, უმაღლეს საბჭოს დიდი არჩევანი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ის საბჭო შეირჩა, რომელიც, ჩემი აზრით, გუნდურად ვერ იმუშავებს.

რატომ?

განსხვავებული ხედვების გამო. `ნაცმოძრაობამ~ ჯერჯერობით ვერც ერთი კანდიდატურა ვერ გაიყვანა, მაგრამ ხელმეორე კენჭისყრისთვის თუ იგივე კანდიდატები დარჩნენ, ამ კონფიგურაციით ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ეფექტური ვერ იქნება და იგი რაღაცით დაემსაგვსება პატარა უმაღლეს საბჭოს.

ფიქრობთ, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები პოლიტიკური ნიშნით შეირჩა? 

ყველა შეიძლება არა, მაგრამ რამდენიმე შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკური ნიშნით.

როგორც ვიცით, ზაზა ხალვაში, რომელიც ამ საბჭოში ქართული ოცნებისმხარდაჭერით შევიდა, რამდენიმე წლის წინ აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ გაუშვეს. მას სწორედ ცენზურისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო ჰქონდა ჟურნალისტებთან უთანხმოება. როგორ ფიქრობთ, ზაზა ხალვაშის მხარდაჭერით, რა მესიჯი გააკეთა ოცნებამმრჩეველთა საბჭოში და რამდენად რეალურია, რომ ხალვაში და იმედაიშვილი როგორც ერთი გუნდი, ისე იმუშავებს? 

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს გუნდი ვერ შეიკვრება. მიმაჩნია, რომ ტელევიზიაში  არ უნდა იყოს დაპირისპირებული მხარეები, რადგან ეს არ არის პოლიტიკური ცენტრი, ეს ხუთი ადამიანი გარდამავალ პერიოდში ფაქტობრივად ნულიდან იწყებს ყველაფერს და თუ მათ ყველაფერზე სხვადასხვა აზრი ექნებათ, ვერც შედეგს მიაღწევენ. ზაზა ხალვაში და  ნატა იმედაიშვილი, რომლებიც კონფლიქტში იყვნენ ტელევიზიაში მუშაობის დროს,  ერთ გუნდს ვერ შექმნიან, მით უფრო, რომ აქედან ერთ-ერთი უნდა იყოს ხელმძღვანელი. მათ უნდა იმსჯელონ პრიორიტეტებზე, ბიუჯეტზე და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა აირჩიონ ტელევიზიის დირექტორი. ჩემი აზრით, ხალვაში და იმედაიშვილი ერთი და იმავე კანდიდატს ხმას არ მისცემენ.

ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანდიდატების ბეგრაუნდზე უმაღლეს საბჭოს უნდა ემსჯელა? 

ჩემი აზრით პოლიტიკოსებმა იმ კანდიდატების გაყვანაზე იფიქრეს, რომლებიც მათთვის იქნებოდა დასაყრდენი. შეიძლება ერთი მხრივ კარგიც არის, რომ ისინი განსხავებული პოზიციის ხალხია, მაგრამ მეორე მხრივ ჩნდება კითხვა, რამდენად განავითარებენ ისინი ტელევიზიას.

ტელევიზიის დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე, იყო ნაბიჯი წინ, ბორდის ეფექტურობა კი მინიმუმ სამ თვეში გამოჩნდება. თუკი აღმოჩნდება, რომ მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ სამი წევრი წყვეტს ყველაფერს, ორი კი მუდმივად ოპოზიციაშია, ეს ნიშნავს, რომ მოქნილი სისტემა ვერ შეიქმნა.

როგორ ფიქრობთ, რომ არ ყოფილიყო საბჭოში მუშაობა ანაზღაურებადი, ან ყოფილიყო ვთქვათ, სიმბოლური ხელფასი,  შემცირდებოდა თუ არა პოლიტიკური ინტერესების რისკი?

მე ადრეც ვამბობდი, რომ ასეთი სახის საქმიანობა ანაზღაურებადი არ უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, მაშინ გაცილებით უკეთესი მრჩეველთა საბჭო ეყოლებოდა ტელევიზიას და ვიღაცები ამ ადგილს, როგორც ახლობლის დასაქმების ალტერნატივად, არ მოიაზრებდნენ. მინიმუმ, ყველა შეეცდებოდა  იდეის მატარებელი ხალხის ლობირება გაეწია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: