სიახლეები

სამოქალაქო სოლიდარობა – „ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან“

08.10.2013 • 1207
სამოქალაქო სოლიდარობა  – „ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან“

 

 

„სამოქალაქო სოლიდარობა“ 14 სექტემბერს დაფუძნდა. ორგანიზაცია სამი მმართველი ორგანოსგან შედგება – დამფუძნებელთა საბჭო, წევრთა საერთო კრება და გამგეობა. გამგეობაში შედიან ზაზა მამალაძე, მამუკა არეშიძე, გიორგი კორკოტაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეიმურაზ კობახიძე, დავით ბეგიაშვილი, გია დეისაძე, ნანა თხელიძე. გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია ბესო ხარძიანი.

 

„სამოქალაქო სოლიდარობა“ ორიენტირებულია ყველა იმ ადამინზე, ვინც 1 ოქტომბრის მერე აუსრულებელი დაპირებების მსხვერპლი გახდა. ჩვენი სურვილია ყველა ეს ადამიანი გავაერთიანოთ და ერთად მოვითხოვოთ, დაპირებული სამართლიანობის აღდგენა“-განაცადეს ორგანიზაციის წამომადგენლებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.

 

 

 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და „სამოქალაქო სოლიდარობის“ წევრი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამართლიანობა არც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმდგარა, ამიტომ სამართლიანობისთვის ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან უფრო ეფექტური იქნება:  

 

 

„რამდენი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. რასაკვირველია სამართლიანობისთვის ბრძოლა პარტიიდანაც შეიძლება, მაგრამ ვიცი როგორი ტიპის პარტიაცაა „ქართული ოცნება“, ამიტომ ვთვლი, რომ საზოგადოებრივი სექტორიდან უფრო უკეთესი შედეგი იქნება“.  

 

მამუკა არეშიძე „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს.

 

„ქართული ოცნების დამფუძნებელთა გარკვეული ნაწილი ჩამოშორებულია პარტიულ ცხოვრებას. ჩვენი იქ ყოფნა არის ფორმალური. მე, პირადად, ჯერჯერობით მხოლოდ იმიტომ არ გავდივარ პარტიიდან, რომ არ მინდა ისინი გავახარო, ვინც ამ პარტიაში გამარჯვების შემდეგ შეცვივდნენ და დაიკავეს თანამდებობები“- აღნიშნა არეშიძემ.

 

ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათელა ხარაძე იქნება, ტექნიკური კოორდინატორი კი თამარ ღოღობერიძე. 

გადაბეჭდვის წესი