სიახლეები

სკოლის დირექტორები არჩევნების მოლოდინში

09.10.2013 • 1476
სკოლის დირექტორები არჩევნების მოლოდინში

დირექტორთა შესარჩევ ტესტირებას განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ატარებს. ტესტირებაში მონაწილეობა ბათუმის თითქმის ყველა სკოლის მოქმედმა დირექტორმა მიიღო. მათი დიდი ნაწილი იმედოვნებს რომ დირექტორად იმავე სკოლაში გააგრძელებს მუშაობას, სადაც ამჟამად არიან. გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანდიდატებს შორის უნდა იყოს კონკურენცია, სამეურვეო საბჭოები კი გაცილებით პრინციპულები.

მარიზა აბაშიძე, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორია. მან ტესტირება 2011 წელს გაიარა, წელს კი დირექტორების არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის დღეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. „იქნება თუ არა კონკურენცია ჯერ არ ვიცით, რადგან ჯერ გასაუბრების მეორე ეტაპია გასავლელი. როგორც ვიცი ბათუმიდან 70-მდე მსურველი იყო ტესტირებაზე გასული, არიან ისეთებით, რომლებმაც ჩემს მსგავსად წინა წლებში აიღო სერტიფიკატი, ამიტომ რეალური სურათის დადება ჯერ ნაადრევია. თუმცა მე ვაპირებ რომ ჩემი სკოლისთვის ვიბრძოლო“. მარიზა აბაშიძეს იმედი აქვს რომ ახლადარჩეული სამეურვეო საბჭო, მის მიერ წარდგენილ სკოლის განვითარების კონცეფციას მხარს დაუჭერს. „ისინი საკმაოდ მოტივირებულები არიან“-აცხადებს იგი.

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, მანანა თავართქილაძეც. „წინა კონკურსი გავლილი მაქვს და ვაპირებ ჩემი კანდიდატურა შევთავაზო სამეურვეო საბჭოს“.

მერვე საჯარო სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა, ტესტირების პირველი ეტაპი წელს გაიარა და ელოდება გასაუბრების შედეგებს. მისი აზრით, კანდიდატების სიჭარბე არჩევნებში მოსალოდნელია: „გამოჩნდებიან ალბათ მსურველები, სამუშაოს ეძებენ ადამიანები“-ამბობს იგი.

ოპტიმისტური მოლოდინები აქვს მეცხრე სკოლის დირექტორსაც. ნუგზარ სურმანიძე ამ დროისთვის გასაუბრებას ელოდება და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს. „ჩემი სკოლიდან არ მყავს კონკურენტები, ერთმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ქულები დააკლდა. თუმცა ახალი კადრებიც მოსალოდნელია“. მას იმედი აქვს რომ სამეურვეო საბჭო მხარდს დაუჭერს: „ყველაფერს მაინც არჩევნების დღე გადაწყვეტს“.

„ბათუმელების“ მიერ გამოკითხულ მოქმედი დირექტორებიდან, მეცამეტე სკოლის დირექტორი გულიკო ჯიჯავაძე ერთადერთია, რომელსაც ტესტირება არ გაუვლია. „ძველ სერტიფიკატს ვადა გაუვიდა, ახალ არჩევნებში კი არ ვაპირებ მონაწილეობას. ვერც იმას გეტყვით, რამდენს კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს ამ სკოლაში მუშაობის სურვილი“.

თემურ სირაბიძე მეთოთხმეტე სკოლის დირექტორია, თუმცა, ახალი სერტიფიკატი არ აქვს: „თუ ტესტირება ისევ იქნება, მომავალში გავივლი. ამ არჩევნებზე რას გადავწყვეტ არ ვიცი, არ მიფიქრია ამ თემაზე“. მეთვრამეტე სკოლაში კი ორი პედაგოგია სერტიფიცირებული, აქედან ერთი, რამაზ ადაძე უკვე მართავს სკოლას და მომავალ არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს.

როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ფაქტობრივად დირექტორობის მსურველებს სკოლის შეცვლის სურვილი არ აქვთ. გამონაკლისია მეთექვსმეტე სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია, რომელიც არჩეული დირექტორია და ექვსი წელი რაც სკოლას მართავს. გასულ წელს რესტირება გაიარა, წელს კი მეორე ეტაპს, ანუ გასაუბრებაზე გასვლას ელოდება.

„ამ სკოლამ ძალიან ბევრი მომცა. თუმცა, უარს არ ვიტყოდი სხვა სკოლაში მუშაობაზე“. მისი აზრით, ერთსა და იმავე სკოლაში დიდი ხნით მუშაობას ორი მხარე აქვს. „დადებითი მხარეა ის რომ კარგად იცნობ კოლექტივს და იცი ყველას შესაძლებლობები. უარყოფითია კი ის, რომ ეჩვევი მათ და შეიძლება რაღაცაზე თვალი დახუჭო“. ის მომხრეა იმის, რომ ერთსა და იმავე სკოლაში, დირექტორმა 12 წელზე დიდხანს აღარ იმუშაოს.

დირექტორების არჩევნებამდე სკოლებმა ორი თვის წინ, სამი წლით ახალი სამეურვეო საბჭოებიც აირჩიეს. თამთა კვარაცხელია ახლადარჩეული სამეურვე საბჭოების პასუხისმგებლობის გარდა, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. იგი ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური პირველი სამეურვეო საბჭოები იყო, სამეურვეო საბჭოებში წელსაც არიან ნაკლებად კვალიფიცირებული და ინდიფერენტული წევრები. „ეს საბჭოებიც იმ დირექტორების მუშაობისას აირჩა, რომლებსაც იმავე სკოლებში აქვთ დირექტორობის გაგრძელების სურვილი. ამიტომ, ისინი ერთმანეთის წინაშე რაღაც ანგარიშვალდებულებას გრძნობენ და ეს ადამიანურია. ამასთან, მშობლების დიდი ნაწილიც ინდიფერენტულია მოვლენების მიმართ და ისეთივე სუსტია, როგორც ზოგადად, საზოგადოებაში სამოქალაქო პოზიცია“.

თამთა კვარაცხელია აზრით, დღეს დირექტორების არჩევნები პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალია, თუმცა სამეურვეო საბჭო ისევ რჩება სუსტ რგოლად. „სკოლის ბედი რეალურად დამოკიდებულია არა სამეურვეო საბჭოზე, არამედ განათლების სისტემაზე რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია, რადგან განათლების პოლიტიკა დღემდე შეუმუშავებელია და იმდენჯერ იცვლება მიდგომა ძირითადი საკვანძო საკითხების მიმართ, რამდენი ახალი მინისტრიც მოვა“.

აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, სულიკო თებიძის აზრით, კვალიფიციური დირექტორის არჩევა მთლიანად სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული: „უნდა გაიზარდოს მათი პასუხისმგებლობა, რადგან მე ბევრ კანდიდატს ვიცნობ ვისაც იდეების კარგი ბანკი აქვს და ამის გამოყენება უნდა შეძლონ“.

„ბათუმელები“ სკოლებში ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოს, რამდენიმე წევრ მშობელსაც გაესაუბრა. ნატალია გეგეჭკორი მეორე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრია, იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რაიმე პრინციპული მოთხოვნები არ აქვს: „მოქმედი დირექტორის კმაყოფილი ვარ, თუმცა არჩევნების დროს სხვა კანდიდატების პროგრამებსაც გადავხედავ“.

მოქმედი დირექტორის მიმართ კმაყოფილებას გამოხატავს პირველი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი მაია ქოჩიაშვილიც. „არჩევნებზე ჯერ არ მიფიქრია, თუმცა მე პირადად, ჩვენი დირექტორის მუშაობით კმაყოფილი ვარ. არ მაქვს არანაირი პრეტენზია. სხვა საკითხებს ახლა ვეცნობი“.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: