ქართული ოცნება ბათუმში გამარჯვებისთვის ემზადება

“ჩვენი გათვლებით კარგი შედეგებია, უბრალოდ ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით. დაგეგმილი არაფერი გვაქვს, სპონტანურად აღვნიშნავთ აუცილებლად. სავალდებულო არ არის ფოიერვერკი. ხახლი მოვა – ჩვენი მხარდამჭერები და ეს იქნება” – ამბობს გიორგი ერმაკოვის პრესსამსახური.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგებით ბათუმში გიორგი ერმაკოვი ლიდერობს

 

გიორგი ერმაკოვი (“ქართული ოცნება”) – 42, 6%,

გიორგი დიასამიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 14, 7%,

 

შეგახსენებთ, ეს არის რუსთავი 2-ის ეგზითპოლის შედეგები 18 საათის მონაცემებით. 

 

 

 

 

 

 

დაპირდა თუ არა არჩილ ხაბაძე გონიოს მოსახლეობას მიწებს ხმების სანაცვლოდ

 

ბათუმის მერობის კანდიდატის, გოჩა გუგუნავას შტაბის  განცხადებით, არჩილ ხაბაძემ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მიწის დარეგისტრირებას დაპირდა, რაც წინასაარჩევნო მოსყიდვაა.

 

„კომისია არის შექმნილი და ყოველ დღე ვმუშაობთ იმაზე, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ“- ეუბნება არჩილ ხაბაძე შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას.

 

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ საუბარში ერთვება შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ამბობს:  „თუ გინდათ არჩევნებამდე დავანაწილოთ ეს ნაკვეთები, რახან წამოიჭრა ეს საკითხი. მოიტანეთ რეალური სია, ცენტრალური ხელისუფლებიდანაც არის პოლიტიკური ნება და ბატონმა არჩილმაც ბრძანა“.

 

„არც ვყიდით (მიწას)და არც არაფერს ვუშვებით…“ -ამბობს ხაბაძე ჩანაწერში.

 

 

არჩილ ხაბაძემ, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირი კომენტარი, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გააკეთა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

 

„ არ მაქვს სურვილი აგონიაში მყოფი ოპონენტების პროვოკაციას ავყვე, მაგრამ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საჭიროდ ვთვლი გამოვეხმაურო გოჩა გუგუნავას განცხადებას, თითქოს გონიოს მოსახლეობას მიწების დაბრუნებას დავპირდი არჩევნებში ხმის მიცემის სანაცვლოდ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 13 ივნისს უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად მართლაც შევხვდი გონიოს მოსახლეობას მათივე თხოვნით და კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ სამთავრობო კომისია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მხოლოდ შესწავლისა და საბოლოო დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათ მოთხოვნებზე რეაგირება. არანაირი საუბარი არჩევნებზე და დაპირება მიწების დაბრუნებაზე არ ყოფილა. რაც შეეხება ოპონენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, ისიც ადასტურებს, რომ საუბარი არჩევნებს არ ეხებოდა“.

„ამომრჩევლებს ითვლიან როგორც ცხვრებს“ – ბრიფინგი სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის ოფისში

 

„დღეს ვიყავით ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე და თითქმის ყველგან დაგვხვდნენ მობილიზებული მმართველი პარტიის დამთვლელები. ისევ კორიდორში უწევთ ადამიანებს არჩევანს გაკეთება, მათ ითვლიან, როგორც ცხვრებს!“  -ეს განცხადება დღეს „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ბრიფინგზე ვიდეომასალაც წამოადგინეს, სადაც ჩანს, #16 უბანზე მობილიზებული სამარშუტო ტაქსი, რომელსიც ქალბატონები ისხდნენ ხელში სიებით.

 

 

ბრიფინგზე „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზეც ისაუბრეს. კერძოდ, ბათუმის 38-ე უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა ერთ-ერთ ამომრჩეველს 50 ლარი გადასცა. მმართველი პარტიის დამკვირვებელმა თანხის გადაცემის ფაქტი აღიარა, თუმცა უარყო, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა.

 

 

 

ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგი საარჩევნო დარღვევებზე

 

გიორგი კირთაძის თქმით, მათ დამკვირვებლებს დღის განმავლობაში ხელი ეშლებოდათ ვიდეო გადაღებაში, რაც კანონით დაუშვებელია, მისივე თქმით პრობლემები იყო საჩივრების დაწერასთან დაკავშირებითაც, კერძოდ კი, რამდენიმე უბანში მდივანი არ არეგისტრირებდა საჩივარს და არ იძლეოდა დამოწმებულ ცნობას.

 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ახლა ქართული ოცნება გეგმავს ე.წ. “კარუსელის” ჩატარებას – “მათ წინასაარჩევნოდ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ გაეგოთ, თუ რომელი ამომრჩევლები არ მივიდოდნენ უბანზე. მაგალითად #82 უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს, მის ნაცვლად ხმა უკვე მიცემული დახვდა” – ამბობს ის. თუმცა მათ მიერვე მოწედებული ინფორმაციით, ამ დარღვევაზე საჩივარი არ დაწერილა.

 

 

ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს ვიდეოკამერებით აკვირდება

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ვიდეოკამერებით იღებს. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს 40 კამერით აკვირდება. 

„ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან

ბათუმის #30-ე საარჩევნო უბანთან, რამდენიმე ათეულ მეტრის დაშორებით მოქალაქეების ჯგუფია მობილიზებული. ერთ-ერთი დამკვირვებელი, მიხეილ ფუტკარაძე ამბობს, რომ მათ სიები აქვთ და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები  არიან. „ბათუმელების“ ჟურნალისტს ერთ-ერთმა მოქალაქემ, დალი ქემოკლიძემ ცესკოს აკრედიტაცია წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის წამომადგენელია. ტელეფონზე საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მას აქვს კანონით იქ ყოფნის უფლება. პეროდულად იგი საარჩევნო უბანში ბრუნდება და კომისის თავმჯდომარეს განცალკევებით ესაუბრება.

„ქართული ოცნების“ კოორდნატორები არიან  #38 უბანზეც. უბანზე მისულ „ბათუმელების“ კორესპოდენტს დამკვირვებელმა უთხრა, რომ მან შენიშნა, როგორ გადასცემდნენ ფულს საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები მოქალაქეს. „ვალი გვქონდა მძღოლის და გადავუხადეთ“ – ასე განუმარტეს „ბათუმელების“ კორესპოდენტს ფულის გადაცემის მიზეზი ჯგუფის წევრებმა და საარჩევნო უბნიდან მოშორებით გადაინაცვლეს. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები.

„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ მათი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან შორიახლოს მოქალაქეების არჩევნებზე მისვლას უწევენ კოორდნაციას, მისი თქმით, ეს კანონის ჩარჩოებში ჯდება. ირაკლი ჭეიშვილი არ აკონკრეტებს, მათი რამდენი წარმომადგენელი მუშაობს დღეს ბათუმში საარჩევნო უბნებთან.

100 ბიულეტენი 103 ამომრჩეველს

 

12 საათის მონაცემებით რეგისტრირებული 103 ამომრჩველიდან უკვე ხმა მისცა 92 ამომრჩეველმა. კომისიის წევრები ასევე ამ უბნის ამომრჩველები არიან, თუმცა, ბიულეტენების სიმცირის გამო, რამდენიმე მათგანმა შესაძლოა ხმა ვერ მისცეს. 103 ამომრჩევლისთვის უბანზე 100 ბიულეტენია.

 

 

 

ქობულეთში მოკლე შორტით მისულ ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს

 

ქობულეთის #63 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც მოკლე შორტები ეცვა, უბანზე არ შეუშვეს.  აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაიწერა. 

თვითმმართველობის არჩევნები ქედაში

 

ქედის მუნიციპალტეტში სულ 31 საარჩევნო უბანია, ამ დროისთვის საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა. 
 
 

არჩევნები 2014 – ბათუმი [განახლებადი]


23:05 მას შემდეგ, რაც ოლქის თვმჯდომარე და საიას წარმომადგენლები #30 უბანზე მივიდნენ, დათვლის პროცედურა გაგრძელდა ისე, როგორც ამას საიას დამკვირვებელი მაკა დოლიზე ითხოვდა. იქამდე კომისიის წევრები ბიულეტენებს ახარისხებდნენ უხმოდ ისე, რომ არ აცხადებდნენ თუ ვინ რამდენი ხმა დააგროვა.


22:59 #30 უბანზე, ბათუმის ოლქის თავმჯდომარის კახა ჯაიანისგან კომისიის წევრებმა მიიღეს შენიშვნა – “გიწერენ საჩივარს ჩაიბარეთ, მიეცით ცნობა.”

 

22:50 #30 უბანზე იმყოფება ბათუმი ოლქის თავმჯდომარე კახა ჯაიანი და საიას წარმომადგენელი ნინო ტავლალაშვილი, ასევე “სამართლიანი არჩევნებიდან” მადონა ბერიძე. ისინი არკვევენ თუ, რატომ მოითხოვა კომისიის თავმჯდომარემ საიას დამკვირვებლის მაკა დოლიძის ჩანაცვლება.

 

22:40 #30 უბნის კომისიის თავმჯდომარემ დაურეკა ოლქის თავმჯდომარეს, საიას და “სამართლიანი არჩეევნების” დამკვირვებლების შესახებ და უთხრა რომ – მოაშოროს.  დამკვირვებლების მიმართ, შეურაცხმყოფელი წინადადებები ამ უბანზე მთელი დღეა ისმის. 

პრეტენზიები ამ დამკვირვებლების მიმართ, ოპოზიციური პოარტიების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ, იმის გამო რომ მათი მიზეზით პროცედურა გაჭიანურდა.


21:11  #30 უბანზე კენჭისყრით გამოვლენილი მთვლელი შეცვალეს, რის გამოც საიას დამკვირვებელი წერს საჩივარს. კომისიის წევრების მხრიდან მის მიმართ ისმის ფრაზები – “როგორ იქცევი, ასე არ შეიძლება, ყველაფერი წინ გაქვს”.

 

18:06 #29 უბანზე, 17 საათისთვის 1426-დან მხოლოდ 337-მა ამომრჩეველი მივიდა. ამ დრომდე ამ უბანზე საჩივარი არ დაწერილა.


17:50 ქედაში განსაკუთრებული აქტივობა წონიარისის თემში, საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ #29 უბანზე ფიქსირდება.

როგორც  ერ-ერთი ამომრჩეველი ამბობს, ამ უბანზე ამორჩევლები სოფლებიდან კანდიდატებს მოჰყავთ, ამ მაჟორიტარულ ოლქში ორი დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

ამავე უბანზე რეგისრატორმა, ჟუჟუნა გოგიტიძემ ამომრჩეველს ერთის ნაცვლად გამგებლობის ორი ბიულეტენი გადასცა, აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა შეიტანა


16:30 #38 უბანზე, მოქალაქემ ვერ იპოვა თავისი თავი სიაში, მისივე ვარაუდით ამის მიზეზი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა გახდა. მას ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.


16:01 #38 საარჩევნო უბანზე “მომავლის არჩევნების” დამკვირვებელს, კომისიის თავმჯდომარე არ აძლევდა ვიდეოს გადაღების საშუალებას, თუმცა მას შემდეგ რაც საჩივარი დაიწერა, მას მიეცა გადაღების უფლება.

 

15:02 ამ დროსთვის #17 უბანზე 1392-დან 292-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, #54 უბანზე 1368-დან 336-მა, ხოლო #18 საარჩევნო უბანზე 1474 ამომრჩევლიდან 320-მა. 


14:10 ამ დროისათვის რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შეინიშნება. ბათუმის #19 უბანზე სიაში 1416 ამომრჩევლიდან 180-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, #16 უბანზე – 1517 ამომრჩევლიდან 250-მა ამომრჩეველმა. 

 

13: 21 #53 უბანზე ჩანაწერთა წიგნში გაკეთებული საიას დამკვირვებლის შენიშვნის მიხედვით, დილის 8 საათისთვის უბანი მზად არ იყო გახსნისთვის, შევსებული არ იყო საკონტროლო ფურცელი და კომისიის თავმჯდომარემ ამ გამოაცხადა ბიულეტენების ოდენობა. ამ უბანზე 1264 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12 საათის მონაცემებით ხმა მისცა 148 ამომრჩეველმა. 


12:45 #13 საარჩევნო უბანზე 41 ნომრიანი მაისურით მოსულმა მოხუცმა მისცა ხმა, რის თაობაზეც შენიშვნა დაიწერა. უბანზე 1430 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან ხმა მისცა 185-მა ამომრჩეველმა. 

 

12: 20 ბათუმის #102 უბანთან ახლოს „დემოკრატიის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დამკვირვებლის, ბექა ექსეულიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზება შეინიშნებოდა. 

„სამარშუტო ტაქსით იყვნენ, დაახლოებით 15 ადამიანი. 20-25 მეტრის მოშორებით იდგნენ საარჩევნო უბნიდან, სიებით და ტელეფონზე რეკავდნენ, ხალხს მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისათვის“. მისი თმით, ისმოდა მოწოდებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაც. 

დამკვირვებლის თქმით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ უბანზე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ და მოისმინეს ინფორმაცია ამის შესახებ. ფაქტზე დაიწერა საჩივარი. 

უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მერაბ ბოლქვაძის თქმით, ამჟამად უბანზე სიმშვიდეა. საარჩევნო უბანზე 1246 ამომრჩეველია რეგისტირებული.

 

12: 10 ამ დროისთვის ერთი საჩივარია დაწერილი შუახევის მუნიციპალიტეტში, საჩივარი არასამთავრობო ორგანოზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ # 38 უბანზე დაწერა, უბანზე ერთდროულად შევიდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ლეიბორისტული პარტიების“ ორი წარმომადგენელი, არასამთავრობომ ეს ფაქტი გაასაჩივრა. 

12 საათის მონაცემებით შუახევში 15087 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 3 267 ამომრჩეველმა.


ერთი საჩივარი დაიწერა ხულოს #18 უბანზე, საჩივარი აქ საიას დამკვირვებელმა დაწერა, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელმოუწერელი ბიულეტენი მისცა, საჩივარის საფუძველზე რეგისტრატორი საარჩევნო უბნიდან მოიხსნა. 12 საათისთვის აქ 23 915 ამომრჩევლიდან არჩევანი 4 543 ამომრჩევლმა გააკეთა. 
 

12:09 #91 უბანზე ამომრჩეველი 11 საათის შემდეგ გააქტიურდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და წინა არჩევნებთან შედარებით აქტივობა დაბალია. ამ უბანზე რეგისტირირებული 1425 ამომრჩევლიდან ამ დროისათვის ხმა მისცა 248 ამომრჩეველმა. 


11: 45 #66 -ე უბანს გახსნისას მზად არ იყო საარჩევნო ბიულეტენები. უბანზე რამდენიმე შენიშვნა დაიწერა, მათ შორის: გაფრთხილებულ იქნა თავმჯდომარე; კომისიის წევრი, რომელიც საარჩევნო უბანზე ეწეოდა სიგარეტს და რეგისტრატორი, რომელმაც რამდენიმე ბიულეტენს წინასწარ მოაწერა ხელი, იმ მიზეზით, რომ ამომრჩევლის ნაკადი იყო დიდი და დროს დაზოგავდა, შენიშვნის შემდეგ მან ბიულეტენების ხელმოწერა შეწყვიტა. #66-ე უბანზე 1120 ამომრჩეველია. 

 

11:40  „რეფორმატორების“ დამკვრვებლის თქმით, ბათუმის #31-ე უბანზე, „ერთიანობის დარბაზის“ დამკვირვებელი ხმის მიცემს დროს კაბინაში ამომრჩეველს ორჯერ შეყვა. განმცხადებელს ამ საკითხზე საჩვარი ჯერ არ დაუწერია.

 

11:26 ბათუმის # 39-ე საარჩევნო უბანზე 123 ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე სულ რეგისტრირებულია 1416 ამომრჩეველი, შემოსულია 1350 ბიულეტენი. 

 

11:17 #10 უბანზე ამ დროსათვის ხმა მისცა 85-მა ამომრჩეველმა. უბანზე სულ 1516 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

 
 

11:00 #31 უბანზე ხმის მისაცემად მოსულმა მოქალაქემ საკუთარი თავი სიაში ვერ იპოვა. მისი თქმით, იგი ამ უბნის ამომრჩეველია, სიაში არიან მისი ოჯახის წევრები. ერთიან ელექტრონულ სიაში გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იგი ამომრჩეველთა სიაში საერთოდ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მოქმედი პირადობის მოწმობა და 2013 წლის საპრეზდენტო არჩევნებზე, მისი თქმით, ამ უბანზე მისცა ხმა.  

 

10:45  #9 უბანზე 1281 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 65-მა ამომრჩეველმა. უბანი 10 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. როგორც კომისიაში განმარტავენ, უბნის გვიან გახსნის მიზეზი გახდა ჟურნალისტის უბანზე დაშვების საკითხი. 

 

10: 15 ბათუმის #17 უბანზე არჩევნებს აკვირდებოდა მოქალაქე აკრედიტაციის გარეშე. მისი განმარტებით, იგი „პატრიოტთა ალიანსის“ წამომადგენელია. შენიშვნის შემდეგ მან დატოვა უბანი. 

 

10:07 ბათუმის #33-ე უბანზე ამ დროისათის 86-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე 1468 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

 

10:00 ბათუმის #46-ე უბანზე აქტივობა საკმაოდ დაბალია. ორი საათის მანძილზე აქ ხმა მისცა 45-მა ამომრჩეველმა. 

 

9:30 ამ დროსათვის ბათუმის #30-ე უბანზე აქტივობა მაღალია. უბანზე დაიწერა პირველი შენიშვნა დამკვირვებლის მიერ, რეგისტრატორებმა თვითნებურად გაცვალეს ადგილები. უბანზე სამართლიანი არჩევნებისა და კომისიის რამდენიმე წევრს შორის შელაპარაკება მოხდა, დამკვირვებლის შეკითხვებს კომისიის წევრები უხეშად პასუხობენ. ამ უბანზე 1453 ამომრჩეველია, ბიულეტენების რაოდენობა 1350-ა. 

 

გია მასალკინი: ჟურნალისტებმა შექმენით კასტა

ბატონო გია, ფილმში, რომელიც ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ მოამზადა და რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობის კრიტიკას ეძღვნებოდა, იყო თუ არა რაიმე ფაქტობრივი უზუსტობა?

მე ვთვლი, რომ ეს იყო სარკასტულად გადაღებული ფილმი, სადაც ექსპერტად გამოყვანილია პეტრე ზამბახიძე, რომელიც დაახლოებით იგივე ხელფასს ღებულობს და იგივე მივლინებებში დადის, როგორც იქ წარმოჩენილი პირები. ანუ თუ მე მინდა გადავიღო სარკაზული ფილმი, მე გადავიღებ; თუ მინდა ანალიტიკური, ანალიტიკურს გადავიღებ, ეს შეფასების ნაწილია, მე რომ არ მომწონებოდა ფილმი, ჟურნალისტთან მაინც არ დავრეკავდი.

გაგიმეორებთ კითხვას, ფილმში ფაქტობრივი უზუსტობა იყო თუ არა?

ფაქტობრივი უზუსტობები თითქმის არ ყოფილა.

 

თითქმის არ ყოფილა რას ნიშნავს?

შენ მე ახლა მისმევ ისეთ კითხვას, ნებისმიერი პასუხი შენთვის იქნება მომგებიანი. მე ვამბობ, ფილმი იყო სარკასტული. მაგალითად, მე მინდა გადავიღო ბათუმის უნივერსიტეტზე სარკასტული ფილმი, მე ვაჩვენებ ბინძურ ტუალეტებს, ვაჩვენებ კედელზე იდიოტურ წარწერებს,  2-3 იდიოტ ლექტორთან შევალ და ვაჩვენებ სტუდენტები რას ამბობენ მასზე.

ფილმი იყო გადაღებული სარკასტულად. მე ვთვლი, რომ უზნეობაა, როცა შენ გამოგყავს ექსპერტად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ზამბახიძე. როცა საუბარია უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე.

ფილმში სად შეგვხვდათ პეტრე ზამბახიძე  ექსპერტად?

შენ ახლა იცავ ფილმს. ჩემი აზრი თუ გაინტერეებს, გეუბნები, რომ პეტრეს ამ ფილმში გამოყვანა არის პატარა უსინდისობა.

თქვენ ეჭვი გამოთქვით, რომ ეს ფილმი შეკვეთილია. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას?

მე ვთვლი, რომ ნებისმიერ მედიაორგანიზაციაში არსებობს სარედაქციო პოლიტიკა. ამ ტელევიზიას „ნაციონალების“ მმართველობის დროს ერთ ლარად გადაეცა მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება, ბათუმსა და თბილისში. პასუხები, თუ რატომ გადაეცა ეს ქონება ტელევიზიის მფლობელებს, ჩვენ არ მიგვიღია.

 

ვისგან უნდა მიგეღოთ ეს პასუხები?

ჟურნალისტებისგან, ვინც მუშაობს ამ ტელევიზიაში. იმ ადამიანებს, ვისაც მოაქვთ თავი სინდისის ეტალონად, უნდა აინტერესებდეთ, ვის სარედაქციო პოლიტიკას ახორციელებენ ეს ჟურნალისტები. ტელევიზიის მფლობელებს სააკაშილმა ქონება გადასცა, შესაბამისად, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ირიბად ჯაბა ანანიძე იქნება თუ პეტრე ბალანჩივაძე, ისე რომ თითონაც ვერ ხვდებიან და მსხვერპლი არიან, ახორციელებენ გარკვეულ შეკვეთას, გარკვეული ძალებიდან. ვინ არის ეს ძალები? ის, ვინც იხდის ფულს, უკვეთავს მუსიკას.

 

თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ ტვ 25-ის გაყიდვას, ანუ იმას, რასაც ახლა თქვენ  ლაპარაკობთ, ჯაბა ანანიძემ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფილმი მიუძღვნა.  

ვიცი, მეც ვნახე. მერე რა მიიღო პასუხი ჯაბამ?

 

თქვენი აზრით, პასუხი გამოძიებას უნდა ეთქვა თუ ჟურნალისტს?  

პროკურატურა ცუდად მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ ჯაბას ეს ფილმი  არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არ უნდა დაედო.

ფილმი, რომელიც თქვენ ასე არ მოგწონთ, „სოროსის ფონდის“ მიერ არის დაფინანსებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენც არაერთხელ დაუფინანსებიხართ „ღია საზოგადოება საქართველოს“. აქედან გამომდინარე გეკითხებით, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ „სოროსის ფონდი“ აფინანსებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ შეკვეთილ სიუჟეტებს?

მე ეს ფილმი არ გამიკრიტიკებია არსად, როცა მე ვაკრიტიკებ ქალბატონ მედეას, მაქვს უფლება მეორე მხარესაც მივუთითო. მე მინდა „ბათუმელებმა“ დაწეროს ჩემი ასეთი კომენტარი, სად და რატომ მიიღო „ტელეარხი 25“-ის მფლობელებმა მილიონი ლარი.

 

თქვენ როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, მიმართეთ თუ არა პროკურატურას, რომ გაგეგოთ 1 ლარად რატომ გადასცეს ტვ 25-ის მფლობელებს მილიონების ღირებულების ქონება?

არა.

 

რატომ?

ნაკლებად მაინტერესებს ეს საკითხი, სიმართლე რომ გითხრა.

აბა ჟურნალისტისგან რატომ ითხოვთ ამას?

ჟურნალისტები უნდა ადგნენ და ხელმძღვანელობას მოსთხოვონ პასუხი, რაში მიიღეს ქონება… მაშინ მეც ვიტყვი, რომ არ ვიღებ უმაღლეს საბჭოზე პასუხისმგებლობას, ხომ არ იქნება სწორი. თქვენ, ჟურნალისტები რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენი ერთ-ერთი ფლაგმანი ტელევიზია მილიონობით ლარს იღებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, რა გააკეთეთ ამისთვის? უმაღლეს საბჭოსთან რომ მიხვედით სისტოკვებით, რატომ არ მიხვედით „25-ე არხთან“ და არ გაშალეთ პლაკატები.

 

თქვენი აზრით, მე უნდა დავმდგარიყავი „ტვ 25“-თან, როგორც თქვენ ამბობთ, „სვისტოკით“?

აბა მე უნდა დავმდგარიყავი? – ეს არის თვენი სტილი, ჟურნალისტებმა შექმენით კასტა მიუკარებლობის, ჩვენი კრიტიკა არ შეიძლებაო… რატომ არ დაწერეთ ანალიტიკური გამოძიება 25-ე არხზე?

 

 „ბათუმელებს“   „ტვ 25-ის“ გასხვისების ფაქტზე ჰქონდა მომზადებული სტატია… 

მეორე წერილი რატომ არ მიძღვენით, არ გაინტერესებთ ვინ მოისყიდა 25-ე არხი?

საგამოძიებო ფილმების სერიას, სტუდია REC ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დაფინანსებით ამზადებს. ტელეარხი 25-ეთერში კი ამ სტუდიის ჟურნალისტების მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმები გადის. პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებმა სულ 9 გამოძიება უნდა მოამზადონ. ამ პროექტის ფარგლებში ეს ჯაბა ანანიძის პირველი ფილმი იყო. მანამდე კი ჯაბა ანანიძე საგამოძიებო ფილმებსი irex-ის დაფინანსებით ამზადებდა. ისიც ტელეარხი25 ეთერში გადიოდა, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოამზადა ჯაბა ანანიძემ ტვ25-ის მფლობელებს რომ სახელმწიფო ქონება გადასცეს ამ თემაზე ფილმი.

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

 

ბათუმის საკრებულოს წევრი, გიორგი კირთაძე ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი, ბათუმში არჩევნების გაყალბებას გადასატანი ყუთებით ცდილობს.

 

მისივე განმარტებით, 13 ივნისს, ოლქიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, მაგალითად, ბათუმის 78-ე საარჩევნო უბანში გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის განცხადება არც ერთ მოქალაქეს არ ჰქონდა წარდგენილი. თუმცა, დღეს, 14 ივნისის ოლქის მონაცემებით ამ უბანზე 20 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

კანონით, გადასატანი ყუთის სარგებლობის მსურველებს, განცხადებით 12 ივნისს 6 საათმდე უნდა  მიემართა საარჩევნო უბნისთვის.

 

საიას იურისტის, გია ქარცივაძის განმარტებით კი, თუ იქნება საარჩევნო ოლქის თანხმობა, გადასატანი ყუთების მოსარგებლე ამომრჩევლების სია, შეიძლება 13 ივნისსაც დაზუსტდეს.

 

ბათუმის #79 ოლქის თავმჯდომარის, კახა ჯაიანის განმარტებით, 13 ივნისს დაემატა 26 ამომრჩეველლი გადასატანი ყუთების სიას. მისივე განმარტებით, ეს უზუსტობა დაკავშირებული იყო ტექნიკური ხარვეზთან.

 

კახა ჯაიანის მტკიცებით, დღეს 14 ივნისს გადასატანი ყუთების სიას ამომრჩეველი არ დამატებია.

ოლქის მონაცემებით, ბათუმში სულ 727 ამომრჩეველია რეგისტრირებული გადასატანი ყუთის სიაშია.

 

 

გია მასალკინი ჯაბა ანანიძის ფილმზე: „ეს ფილმი გააშვებინეს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე“

გია მასალკინი

გია მასალკინმა ასევე  თქვა, რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მედეა ვასაძეს მოსთხოვა თანამდებობის დატოვება: „მე ვფიქრობ, რომ დატოვებს თანამდებობას მედეა ვასაძე,დეპუტატმა არ უნდა დაურეკოს ჟურნალისტს და ელაპარაკოს იმ ტონით, რა ტონითაც ელაპარაკა“.

მისივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა 19 ივნისს შეიკრიბება და მიიღებენ გადაწყვეტილებას მედეა ვასაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

მასალკინმა გადაცემაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან, ეკა თარგამაძესთან ოპონირებისას  ასევე აღნიშნა: „არც პროკურატურ არ გვივარგა და არც სასამართლო, რადგან თქვენი კადრებია მაქ“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებმა, დროებით მუშაობა შეწყვიტეს.

მათი ინფორმაციით, მედეა ვასაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის გამო დეპუტატები: პეტრე ზამბახიძე, ასმათ დიასამიძე და თემურ ბოლქვაძე კომისიაში მანამდე არ იმუშავებენ, ვიდრე ვასაძე კომისიის თავმჯდომარის პოსტს არ დატოვებს.

წინასაარჩევნო გარემო აჭარაში

 

 

სიუჟეტიდან შეიტყობთ  რატომ ხსნიან კანდიდატურებს წინასაარჩევნოდ მაღალმთიან აჭარაში და რაში ადანაშაულებს მმართველ გუნდს ოპოზიცია.

 

მან-სან-კანის ფინალში N17 სკოლამ გაიმარჯვა

 

ფინალური შეხვედრა დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა და მასში ბათუმის ოთხი სკოლა მონაწილეობდა.

მეორე ადგილზე 11 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე ჟიურიმ კითხვა-პასუხით #13 საჯარო სკოლა გამოავლინა.

 

პირველ აგილზე გასულ გუნდს საჩუქრად მუსიკალური ცენტრი, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გამოვლენილებს ციფრული ფოტოაპარატები გადასცეს.

მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ჩემპიონატი ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების მხარდაჭრით ჩატარდა.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ფედერაციის პრეზიდენტის კობა ბერეკაშვილის, თქმით  ნიჭიერი ახალგაზრდები აჭარის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრებისთვის შეირჩევიან.

მან-სან-კანი ბათუმში სამი თვეა მიმდინარეობდა. მასში სულ სკოლა მონაწილეობდა და მის ჩასატარებლად მერიას 15 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

 

ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე პოლიციამ დაკითხა

 

ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი ფეისბუქ გვერდი ინტერნეტში გუშინ გამოჩნდა, რის გამოც ჯაბა ანანიძემ გუშინვე მიმართა პოლიციის მეორე ქვეგანყოფილებას, გამოიძონ ვინ არის გვერდის ავტორი – “დღეს დაგვიბარეს გასაუბრებაზე, ანუ ეს იყო სწინასწარი საგამოძიებო მოქმედება, გასაუბრება–გამოკითხვის სახით. მე მათ მოვუყევი დეტალები, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ორშაბათიდან დღემდე. ასევე დავაფიქსირე ის გარემოებაც, რომ ეჭვი მაქვს ამ გვერდის შექმნა უკავშირდება სატელეფონო სკანდალს ჩემსა და დეპუტატს შორის”, – ამბობს ჯაბა. 

 

ჯაბა ანანიძემ დეპუტატ მედეა ვასაძის მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლისა და დისკრიმინაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო პროკურატურას ორშაბათს მიმართა, თუმცა გამოძიება დღემდე არ დაწყებულა – “მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ეს ყველაფერი დეტალურად დავუწერეთ და სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც მივაწოდეთ, მათ მხოლოდ შესწავლა დაიწყეს, გამოძიება კი არა. არც დაკითხვაზე დავუბარებივარ და არც ჩვენების სახით ჩაუწერიათ ჩემგან რამე”, – ამბობს ჟურნალისტი.

 

 

 

მთავრობამ ბათუმში არასათანადო საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამა დაამტკიცა

 

დადგენილებაში აღნიშნულია რომ „ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარჯების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი წლების ბიუჯეტებში გათვალისწინება, საჭიროების შემთხვევაში“.

 

ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის მიზნებია:


ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობების (შემდგომში – არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი) ლიკვიდაციის ხელშეწყობა;

 

ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;

 

გ) ქალაქის განაშენიანების განვითარება;

 

დ) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

 

ე) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.

 

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობას მიიღებენ:

 

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავშირებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს;

 

ბ) ქ. ბათუმის მერია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

 

გ) საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა;

 

დ) იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისაგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად, გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.

 

აღნიშნული პროგრამის მიზნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირებულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

 

თავის მხრივ, დეველოპერული კომპანია ვალდებულია პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინოს:

მასსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, დეველოპერულ კომპანიაზე გასცეს კრედიტი არა უმეტეს შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე:

 

დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ 500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

 

საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან გააფორმებს ორგანიზაციის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შესაბამის ხელშეკრულებას, თუ დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია სრულად აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს;

 

დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილნი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელშეკრულების პირობები, ამ პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

პროგრამაში ასევე აღნიშნულია „ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიას:

ა) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, პროგრამაში მონაწილე პირთათვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან გასათავისუფლებად;

 

ბ) უზრუნველყოს პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა;

 

გ) უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე პირთათვის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადების მინიმალიზაცია“.

 

პროგრამის შესრულების მონიტორინგს განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.

ჟურნალისტები პროკურატურის მხრიდან სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ

ტვ4–ის ჟურნალისტი სოფო ჟღენტი ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება  უნდა მიეღო, მედეა ვასაძის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ და ის ფაქტი, რომ პროკურატურის მხრიდანაც აქამდე არანაერი რეაქცია არ არის, დაუსჯელობის განცდას ქმნის საზოგადოებაში, რაც სხვა დანაშაულის პროვოცირების მიზეზიც ხდება – ზუსტად ვერ ვიტყვი ის შეურაცხმყოფელი ფეისბუქ გვერდის შექმნა, უკავშირდება თუ არა ამ ადამიანს პირდაპირ, მაგრამ კავშირი აშკარად არის. ამ ადამიანებმა პროვოცირება და ლეგიტიმაცია გაუკეთეს იმას, რომ  შეიძლება ამაზე ლაპარაკი, ამაზე ქილიკი. თუ დეპუტატი არ ისჯება, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვა ევალება, რიგით მოქალაქეს ალბათ ვერაფერს მოვთხოვთ გარდა იმისა, რომ თვითშეგნება ქონდეს უფრო მაღალი” – ამბობს სოფო.

ჯაბა ანანიძის ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოს არ აქვს რეაქცია ჟურნალისტებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე – “ამ საკითხზე აქამდე არ მომხდარა არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი რეაგირება, მედეა ვასაძემ უნდა დატოვოს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდბეობა. მოვითხოვთ რომ შეწყდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა და სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი” – ამბობს ჯაბა ანანიძე. 

ტვ25–მა დღეს პროტესტის ნიშნად საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების ჩვენება შეაჩერა. 

ფოლკლორული ფესტივალი ბათუმში

ფესტივალის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ბულვარის კოლონადებთან კონცერტი გამართეს.

საერთაშორისო ფესტივალი „აჭარის ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის“ ორგანიზებითა და აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება. მისი დამფუძნებლის ანზორ დევაძის თქმით, წელს ფესტივალი პირველად იმართება და მონაწილე ქვეყნებიდან 370 მონაწილეა ჩართული.

ფესტივალი ოთხ დღეს გაგრძლდება. მონაწილეები ხვალ ბათუმის საზაფხულო თეატრში კონცერტს გამართავენ.

დასწრება უფასოა.

 

ჯაბა ანანიძე დაკითხვაზე დაიბარეს

 

გუშინ, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ჯაბა ანანიძისა და სხვა ბათუმელი ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი  გვერდი შეიქმნა, “ტელეარხმა25”- ის დირექციამ  პოლიციას  მიმართა და ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.

TV 25-მა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა

 

 

 

უკანასკნელ პერიოდში „ტელეარხი 25“-ის დისკრედიტაციის მცდელობისა და ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი ფაქტების გამო არხის დირექციამ მივიღეთ გადაწყვეტილება პროტესტის რადიკალური ფორმისათვის მიგვემართა და ერთი დღით ვწყვეტთ მუშაობას.“ – ამ განცხადებას „ტელეარხი 25“ ავრცელებს. 

 

არხის ხელმძღვანელობა და დირექცია სამართალდამცავებს სთხოვს უმოკლეს დროში გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტები. 

ჟურნალისტების აქცია ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერად ბათუმში, ოზურგეთში, თელავსა და ქუთაისში

 

ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მხარდამჭერ აქციას მართავენ დღეს ჟურნალისტები ქუთაისშიც და პროკურატურას ფაქტის დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებენ.

 

11 ივნისს ჯაბა ანანიძის მხარდამჭერი აქცია  თელავში გამართა „კახეთის ხმის” ჟურნალისტების ინიციატივით.  აქციაში კახეთის რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. 

 

10 ივნისს კი ბათუმელი ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა სლოგანებით – „დაიცავით ადამიანის უფლებები”, “წაიკითხეთ კონსტიტუცია”, “გამოიძიეთ ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტები”. აქციას შეურთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. 

 

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ 25-ე არხის ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს 8 ივნისს, ტელეეთერში გაშვებული საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“- ტრანსლირების შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.  

 

 აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა. 

 

გუშინ კი „ფეისბუქზე” გამოჩნდა ანონიმი მომხმარებლის მიერ შექმნილი გვერდი, რომელიც ჯაბა ანანიძის და ტვ 25-ის სხვა ჟურნალისტის შეურაცხმყოფელ ფოტოებსა და სტატუსებს ავრცელებს.  ტელეარხმა აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმართა სამართალდამცავებს. 

რა ღირს ექთნის შრომა

საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კლინიკაში, ადრინდელ სიტუაციასთან შედარებით, ამ მხრივ მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა, საექთნო საქმის ძირითად პრობლემად ისევ დაბალი ანაზღაურება რჩება. „ექთნისა და მისი თანაშემწის ხელფასი მინიმუმ 300 ლარი მაინც უნდა იყოს“, – ამბობს ის.

ქეთევან გარსევანიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში საექთნო საქმე არანაირი კანონმდებლობით არ რეგულირდება, გარდა იმ რამდენიმე ბრძანებისა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციის კონტროლისა და სამედიცინო ნარჩენების შესახებ გამოსცემს. გარდა ამისა, ნორმატივების არ არსებობის გამო, ზოგიერთ განყოფილებაში, სადაც ექთანი არა უმეტეს 10 პაციენტს უნდა უვლიდეს, 15 და 20 პაციენტიც კი ჰყავთ მოთავსებული -„ეს ადამიანები 24 საათი ფეხზე დგანან და ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ჩვენს ქვეყანაში პენსიონერებს უხდიან 150 ლარს, როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი მაინც არ ეკუთვნით გასამრჯელო?!“ – ამბობს ქეთევან გარსევანიშვილი. მისივე თქმით, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც ექთნების ასოციაციის მონაცემებით 80 ლარსაც კი უხდიან ექთნებს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 245 ექთანი მუშაობს. საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, მათთან ექთნის ხელფასი მინიმუმ 150 ლარია, თუმცა მათ, ვინც უფრო მეტი დატვირთვით, უფრო რთულ სამუშაოზე მუშაობს, ხელფასი გამომუშავების მიხედვით ეზრდებათ და მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ იგი ათას ლარამდეც კი აღწევს. მალხაზ ხალვაშის თქმით, მას შემდეგ, რაც ბათუმში ახალი (რეფერალური) საავადმყოფო გაიხსნა, გეგმიური ოპერაციების კომპონენტი რესპუბლიკურიდან რეფერალურში გადავიდა, რესპუბლიკურის ქირურგიულ დეპარტამენტში კი ძირითადად ურგენტული (გადაუდებელი) ოპერაციები კეთდება, რაც ბევრად უფრო იაფი ღირს და, შესაბამისად, საავადმყოფოს შემოსავალმაც იკლო. იმის გამო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური და სხვა დეპარტამენტები უფრო დიდი დატვირთვით მუშაობენ, ამ განყოფილების ექთნებს ხელფასი ცოტათი გაეზარდათ, თუმცა ამ მცირედი მატების ხარჯზე საგრძნობლად იკლო საოპერაციოს ბლოკში დასაქმებული ექთნების ხელფასმა.

საოპერაციოს ექთნების თქმით, იმის გამო, რომ ზოგს უფრო მეტი დატვირთვა (ოპერაცია) აქვს, ზოგს კი არა, ზოგიერთს ძალიან დაბალი ხელფასი გამოსდის, ამიტომ ექთნების გუნდმა (9 ექთანი) გადაწყვიტა ხელფასი საერთო ყულაბით აიღოს და შემდეგ გადაანაწილოს თანაბრად.

ნუნუ ჩურუგბა 55 წელია საოპერაციო განყოფილების ექთანია და უკვე ოთხი წელია ლაპარასკოპიის აპარატზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ დაბალი ხელფასების მიზეზი პაციენტების კლებაა, მაგრამ მისი აზრით, უსამართლობაა ის, რომ ეს მხოლოდ მათ ხელფასებზე აისახება. ის მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში შემოსული თანხა სხვანაირად უნდა ნაწილდებოდეს: „ექთნის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად არ ვჩანვართ, განსაკუთრებით საოპერაციოს მედდები. ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული და შრომაც სათანადოდ უნდა ფასდებოდეს“.

ნუნუ ჩურუგბას თქმით, მისი ყველაზე მაღალი ხელფასი 600 ლარი იყო, რომელიც ერთი წლის წინ აიღო.

მაგული გუნდაძე 13 წელია საოპერაციო განყოფილების ექთანია. ამბობს, რომ მათი სამუშაო მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს – „როდის ვის შემოიყვანენ, არ ვიცით, გადაუდებელი ოპერაციისთვის მუდამ მზად უნდა იყოს სტერილური იარაღი. საკმაოდ სტრესული სამსახური გვაქვს, ხელფასი კი ბოლო თვეს 190 ლარი გამომივიდა“.

გიული ცეცხლაძე ერთი წელია რაც საოპერაციო განყოფილების ექთანია, იქამდე ოთხი წელი სანიტრად მუშაობდა: „ღამის ცვლაში ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სამუშაო ღამით უფრო ნაკლებია. იგივე პროცედურებია ჩასატარებელი – იარაღების სტერილიზაცია, ზოგადად სისუფთავის დაცვა, ოპერაციებზეც ვდგავართ, თუმცა ამ თვეში მხოლოდ 150 ლარი ავიღე“.

ბათუმის #4 პოლიკლინიკაში სულ 20 ექთანი და 3 სანიტარი მუშაობს, რომელთა ხელფასებიც საყოველთაო დაზღვევის პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ანაზღაურებას კაპიტაციურად (სულადობრივად) იღებენ. „თუ შიდა სტანდარტით შემოსულ თანხაზე მეტი შემოვა, იქედან პროცენტულად ემატებათ ანაზღაურებაზე“, – ამბობს პოლიკლინიკის ხელმძღვანელი, ციცო ბაკურიძე. აქ მომუშავე ექთნის მაქსიმალური ხელფასი 300 ლარია, მინიმალური კი – 120, იმის მიხედვით, თუ ვის რამდენ პაციენტთან უწევს მუშაობა.

ბათუმის სამშობიარო სახლში 43 სანიტარი და 108 ექთანი მუშაობს. საავადმყოფოს დირექციის ინფორმაციით სანიტრის ხელფასი 200 ლარია, ექთნისა კი 200 ლარიდან იწყება და გამომუშავების მიხედვით შესაძლოა 800 ლარამდეც ავიდეს.

კლინიკა „მედინაში“ სანიტრის ხელფასი 150 ლარიდან იწყება, ასამდე ექთანი კი ანაზღაურებას გამომუშავებით იღებს:  „ჩვენთან ძირითადად ყველას გამომუშავებით აქვს ხელფასი. არიან ექთნები, რომელთაც 3 000 ლარზე მეტიც კი გამოსდით ანაზღაურება“, – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი, ჯუმბერ უნგიაძე.

მისივე თქმით, ხელფასი იმის მიხედვით დგინდება, თუ როგორ აფასებს სახელმწიფო სამედიცინო პერსონალის შრომას. „თუ სახელმწიფოს, მთელი ორსულობის მანძილზე, ორსული ქალის მეთვალყურეობა შეფასებული აქვს 52 ლარით, რომელშიც ანალიზების, ექოსკოპიის, ექიმის, ექთნისა და სანიტრის ხარჯიც შედის, ვფიქრობ, უადგილოა მხოლოდ ექთნებისა და სანიტრების დაბალ ხელფასზე საუბარი“, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, მალხაზ ხალვაშის თქმით კი, საქართველოში ექთნების დაბალი ხელფასი მათი დაბალი კვალიფიციურობითაც არის გამოწვეული: „იმის გამო, რომ ჩვენთან არ არსებობს ექთნებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ამის ორგანიზება თავად კერძო კლინიკებს უწევთ, თუმცა ამას ცოტა მათგანი თუ აკეთებს“. მისივე თქმით, ექთნების დაბალი კვალიფიციურობა იმ მხრივადაც აისახება ხელფასზე, რომ საავადმყოფო ნაცვლად ერთი კვალიფიციური კადრისა, იღებს სამ ნაკლებკვალიფიციურ კადრს და მათზე ხელფასის გადანაწილება ხდება.

საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელი, ქეთევან გარსევანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ექთნებისა და მათი თანაშემწეების ხელფასების ზრდას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მსგავს საკითხებს სახელმწიფო არ არეგულირებს და ის, თუ რამდენს გადაუხდიან სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ზღვის წყლის ხარისხი აჭარაში

 

„კვარიათი, სარფი, ბათუმში პლაჟი აკვაპარკის მიმდებარედ, ბათუმის ცენტრალური პლაჟი (სასტუმრო „შერატონის“ ზღვის მხარეს), ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე  ქობულეთში ორ ადგილას – ბობოყვათსა და ქობულეთის გამგეობის წინ – ეს ის ადგილებია, საიდანაც სინჯები ავიღეთ. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. ზღვის წყალი უსაფრთხოა და ბანაობა შეიძლება,“ – აცხადებს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ კონცელიძე.

 

 

მისივე განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 38 ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული ზემოთ ჩამოთვლილ რვა მონაკვეთზე. ყოველ ჯერზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი იყო.

 

 

ბათუმში სანაპირო ზოლში რამდენიმე ადგილია, სადაც კანალიზაცია ღია ზღვაში ჩაედინება. ყოველ ჯერზე, როცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო მონაცემებს აქვეყნებს, გარემოსდამცველები სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებენ. ნოდარ კონცელიძის თქმით, მდინარის შესართავებთან ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება. 

 

 

„რეკრეაციულ ზონებში, სადაც მდინარეთა შესართავებია, იქ ჩვენ კვლევებს არ ვატარებთ. მაგალითად, ყოროლისწყალზე, მეჯინისწყალზე საბანაო ადგილები არ არის, რეკრეაციული ზოლი არ არის და ჩვენ იქ დაკვირვებას არ ვახორციელებთ,“- აცხადებს ნოდარ კონცელიძე.

 

 

მისივე განცხადებით, ზღვის წყლის ხარისხის კონტროლი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. წლის განმავლობაში კი 150 ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა დაგეგმილი. 

გერმანული ბანკი „ბათუმის წყალს“ „არ თმობს“

მიმდინარე წლის 3 ივნისს, ფრანკფურტში „ბათუმის წყლის“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის“ მართვაში გადაცემა-არგადაცემასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას, „ბათუმის წყლის“, ბათუმის მერიისა და  აჭარის მთავრობის წარმომდგენლები არ ესწრებოდნენ.

შეხვედრა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული გნვითარების სამინისტროს, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვისა და თავად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შორის შედგა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვალდებულებას, რომ საქართველოს მთავრობა დაიცავს იმ მიღწევებსა და გამოცდილებებს, რომელიც განხორციელდა (KFW)-სა და ევროკვშირის მიერ დაფინანსებული ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფრგლებში (ამჟამად პროექტის განხორციელება მესამე ეტაპზეა).

მესამე (ანუ მიმდინარე) ფაზის სამუშაოებისთვის 2012 წელს გერმანულმა ბანკმა გამოყო 20 მილიონი ევრო – 20-წლიანი სესხი; ასევე, დამატებით გამოიყო 19 მილიონი ევრო გრანტი, აქედან 4 მილიონი ევროკავშირმა. ბათუმის მერიამ კი ამ ეტაპზე ქალაქის ბიუჯეტიდან წყლმომარაგებისთვის 5 მილიონი ევრო უნდა დახარჯოს.

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ყველა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს წყლის სექტორის ეფექტურ განვითარებას. თუმცა, ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში წყლისა და საკანალიზაციო სერვისების სავარაუდო ინტეგრაცია საქართველოს გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიასთან მათ გაიგეს შემდეგნაირად:

ა) „ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის მიმდინარე მესამე ფაზის გაგრძელება იქნება უზრუნველყოფილი და მიმდინარე საკონტრაქტო დადგენილებები, ისევე როგორც უკვე დამკვიდრებული, კარგად ფუნქციონირებადი განხორციელების სქემა, არ უნდა შეიცვალოს.

ბ) პროექტის განმახორციელებელი მხარეების როლები და ვალდებულებები, კერძოდ ბათუმის მერიისა და შპს „ბათუმის წყლისა“, უნდა შენარჩუნდეს ფინანსური შეთანხმების თანახმად (მე-3 ფაზის სასესხო, ფინანსური და განსაკუთრებული ხელშეკრულებები).

 

გ) ბანკის პოზიციაა, რომ ყველა წარმოდგენილმა საკონტრაქტო პარტნიორმა გააგრძელოს მათი ვალდებულების შესრულება, რომელიც უკვე შეთანხმებულია ზემოაღნიშნულ ფინანსურ ხელშეკრულებებში და რთული და შრომატევადი განახლება ამ ფინანსური ხელშეკრულებებისა და მიმდინრე პროექტის შესაძლო დაყოვნება – ან უარეს შემთხვევაში შეწყვეტა, თავიდნ უნდა იქნეს აცილებული.

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების წყლის სექტორისა და საკანალიზაციო ჩაშვების სისტემების გაუმჯობესების ღონისძიებების შემსწავლელი კომისიის“ ბათუმის შეხვედრის მიუხედავად (31 მაისს, რომელსაც არ ესწრებოდნენ KFW-ის წარმომადგენლები), საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება „აჭარის დარჩენილი მუნიციპალიტეტების ინტეგრაციის თაობაზე“ (ყველა მუნიციპალიტეტი – გარდა ბათუმისა).

ბანკი იმედოვნებს, რომ კომისიის შემდეგ შეხვედრებზე წამოყენებული და განხილული იქნება აჭარის წყლის სექტორის კონსოლიდაციის სხვადასხვა ფორმა და ვარიანტები ყველა შესაბამის მონაწილესთან ერთად.

„ბათუმელების“ ინფორმაციით KFW მზადაა უზრუნველყოს შეღავათიანი სესხი 20 მილიონ ევრომდე და 2 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრები, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მცდელობას – აჭარაში ნახევრად ურბანული ადგილებისა და სოფლების წყლისა და კანალიზაციის სერვისების გაუმჯობესებას.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ „მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას“. თუმცა, დღის წესრიგში არ დგას თბილისის, რუსთავის, მცხეთის, საჩხერისა და მარნეულის წყალმომარგების  „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ მართვაში გადაცემა.

2014 წლის 16 ივნისს თბილისში განზრახულია მაღალი დონის შეხვედრის გამართვა KFW-ს ბანკს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. კომისიის პირველი შეხვედრის გამართვა კი (ყველა მონაწილესთან ერთად)  2014 წლის ივლისის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.

მანამდე KFW ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან „აჭარის დარჩენილი ტერიტორიების (ბათუმის გარდა- ავტ.) სავარაუდო ინტეგრაციის გეგმას ელოდება.

ბამბუკის ცოცხები ელექტრონული ტენდერით

 

 

 

ცოცხების მიწოდების პერიოდი განისაზღვრება ტენდერში გამარჯვებულთან შესაბმისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდება – ეტაპობრივი, მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისი ოდენობით მოწოდების ადგილი – ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა #167.

 

 

გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მხარეთა მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ. შემსყიდველის მხრიდან აქტზე ხელმომწერი პირია შპს ,,სანდასუფთავების“ საწყობის გამგე, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს დაგვა–დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

 

ამასთან, „შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის; თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს“;

 

 

„ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“;

 

 

„ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს“.

 

 

„სანდასუფთავების“ მიერ ბამბუკის ცოცხებზე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 13 ივნისს დასრულდება. მთლიანობაში, 12 ათას ლარად  „სანდასუფთავება“ დაახლოებით 1 მილიონ 600 ათას ცალ 70-80 სმ-ის სიგრძის ბამბუკის გამომშრალი ტოტის წვერს შეიძენს.

ახალი სასაფლაო გარეგანათებით, ოფისითა და საპირფარეშოთი

 

 

ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“-ს მიერ გამოცხდებული ელექტრონული ტენდერის მიხედვით, ახლი სასაფლაოს დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე“.

 

 

მიღება-ჩაბარების დროს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარული“-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დადებითი დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასა და ტექნიკურ პირობებში მითითებულ მოთხოვნებთან და საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან საპროექტო დოკუმენტაციის (გარდა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტისა) შესაბამისობის შესახებ.

 

 

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

 

 

დასაპროექტებელი ტერიტორიის გაწმენდა;

ტერიტორიის დატერასება სექტორებისა და საფლავების ადგილების მიხედვით;

ლითონის ჭიშკრებისა და ალაყაფის მოწყობა;

სასფლაოების გარე ღობის მოწყობა დეკორატიული მავთულბადით;

სასაფლაოზე არსებული გზის კეთილმოწყობა და სასაფლაოს შიდა გზების მოწყობა;

საპირფარეშოებისა და დახურული ტიპის ყვავილების სავაჭრო ჯიხურის მშენებლობა;

გარე განათების მოწყობა;

წყლის ქსელის მოწყობა;

ორსართულიანი თანმედროვე საოფისე შენობის მოწყობა;

ავტოსადგომის მოწყობა;

სანიაღვრე და საწრეტი არხების მოწყობა;

ელექტრო მომარაგება;

საკანლიზაციო სისტემის მოწყობა;

ბილიკებისა და საჭიროების შემთხვევაში ტერასებს შორის კიბის საფეხურების მოწყობა;

საფლავის არანაკლებ სამი ესკიზური ნიმუშის შედგენა;

ლანდშაფტური დაგეგმარება.

 

 

გამარჯვებულმა მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. 

„ბათუმის წყლის“ ბედი დახურულ კარს მიღმა

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შპს „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის დაფინანსების შეუფერხებლად გაგრძელების თაობაზე მოსალაპარაკებლად გერმანიაში ჩავიდა. სამთავრობო კომისიის სახელით დონორთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მინისტრ ელგუჯა კოხრეიშვილს ბათუმის საკრებულოს მცირე დარბაზში გამართულ სხდომაზე კენჭისყრით მიანიჭეს.

 

 

დონორ ორგანიზაციასთან შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, რომელიც ამავე დროს შპს „ბათუმის წყლის“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის  მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბათუმის წყლის ცენტრალურ მართვაში გადაცემაზე საუბარი არ არის.“

 

 

„მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან შედგა“, – ეს ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ პარასკევს, 6 ივნისს, მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით გაავრცელა.

 

თემურ მურღულიას ამ საკითხზე „ბათუმელებიც“ დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში მან „ბათუმელებს“ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

„სამთავრობო კომისიამ ორჯერ იმსჯელა. გარდა იმისა, რომ დონორმა ორგანიზაციამ არ შეაჩეროს პროექტი და არ იყოს ამ მხრივ რაიმე შეფერხება, სხვა წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვუთხარით დონორს, რომ მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა   მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას. მათ თქვეს, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა. გაიზიარეს კონსოლიდაციის პროცესთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია. მათი კითხვა იყო, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება იმ წარმატებების მდგრადობა, რაშიც მათ მოახდინეს ინვესტირება. ავუხსენით, რომ რადგან ჩვენ ყველა იმ ორგანიზაციას [ბათუმის წყალს] ვინარჩუნებთ, როგორც ცალკე სტრუქტურას, შესაბამისად, პროცესს არანაირი შეფერხება არ ექნება.“

 

 

მიუხედავად მინისტრის მოადგილის განცხადებისა, რომ „მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას“, დღის წესრიგში არ დგას იმ ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის„ მართვაში გადაცემა, სადაც ეს კომპანია დღეს არ ახორციელებს წყალმომარაგებას. ესენია: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, საჩხერე,  მარნეული.

 

 

კომპანიამ სამინისტროსთან ერთად მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე წყალმომარაგების უფლების გადაცემის კამპანია წამოიწყო, რაც მოწონებულია კიდეც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი სპეციალური დადგენილებით.

 

 

რატომ მხოლოდ აჭარა? – „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტროში ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ რეგიონში, მათ შორის ქ. ბათუმშიც, „პრობლემებია წყალმომარაგების განვითარების კუთხით“. არადა, ბათუმი გამონაკლისია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFჭ) დაფინანსებითა და ბანკის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

 

 

 

 

პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გერმანულმა ბანკმა 2007 წელს 17,5 მილიონი ევრო გამოყო სესხად (40-წლიანი სესხი, 10-წლიანი შეღავათით, 0,75 წლიური საპროცენტო განაკვეთით). ამ ეტაპზე უშუალოდ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4,5 მილიონი ევრო.

 

 

მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ბანკმა 2008 წელს ბათუმისთვის გამოყო 35 მილიონი ევრო (20-წლიანი სესხი, 5-წლიანი შეღავათით და 1,9 წლიური საპროცენტო განაკვეთით). ამასთან, დამატებით აჭარის მთავრობისთვის გამოყო სესხი 10 მილიონი ევრო, საიდანაც 3,5 მილიონი ევრო მოხმარდა ბათუმს, დანარჩენი კი ახალისოფელი-გონიო-კვარიათი-სარფის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს. მეორე ეტაპზე ბათუმის მერიამ უშუალოდ თავისი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევრო გახარჯა. ბანკმა ამ პერიოდში დამატებით 2 მილიონი ევროს გრანტიც გამოყო.

 

 

მესამე (მიმდინარე) ეტაპისთვის 2012 წელს გერმანულმა ბანკმა გამოყო 20 მილიონი ევრო – 20-წლიანი სესხი, 4,5 საპროცენტო განაკვეთით; თუმცა, დამატებით გამოიყო 19 მილიონი ევრო გრანტი, აქედან 4 მილიონი ევროკავშირის მიერ. მერიამ ამ ეტაპზე ქალაქის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისთვის 5 მილიონი ევრო უნდა დახარჯოს.

 

 

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) 25 მილიონი ევროს ახალი შეღავათიანი სესხის გამოყოფას აჭარის სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწყობადაც აპირებდა, თუმცა პროცესი აჭარაში წყალმომარაგების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეჩერებულია.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთგვარად ჩიხშია მთავრობის/სამინისტროს სურვილი   აჭარაში წყალმომარაგების ერთიან დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებაც. მიზეზი სწორედ გერმანული ბანკია, რომელიც „ბათუმის წყლის“ მართვის, მუნიციპალურიდან ცენტრალურ დაქვემდებარებაში გადასვლის წინააღმდეგია. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს დღემდე არ აკეთებს. ბანკის თბილისის ოფისიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

 

 

თემურ მურღულიას ინფორმაციით, კონკრეტულ საკითხებზე შესათანხმებლად ბანკის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და მათთან ერთად დიდი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს. თემურ მურღულია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად გერმანიაში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

წყალი და არჩევნები

 

 

წყალი
წყალი

ერთ კვირაში (თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ) წყალმომარაგება აჭარაში მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის საკრებულოს ექსკლუზიური უფლება იქნება.  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალი დებულებით კი არჩევნების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდებას აჭარაში (ქალაქსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებში) გააგრძელებენ კომპანიები: „ბათუმის წყალი“, «ქობულეთის წყალკანალი», «ქობულეთის სოფლის წყალი», «ხელვაჩაურის წყალკანალი», «ქედის წყალკანალი», «შუახევის წყალკანალი» და «ხულოს წყალკანალი». ეს შვიდივე კომპანია არის მუნიციპალური საწარმო და ამავე დროს არიან წყალმომარაგების ლიცენზიანტები.

 

 

აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის წყალმომარაგების უფლების ჩამორთმევა კი ერთადერთ მიზანს ემსახურება – როგორმე «საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია» შემოვიდეს აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებამდე, ვინაიდან არჩევნების შემდეგ ის ამას ვეღარ მოახერხებს, არჩევნების შემდეგ მმართველობაც და ქონებაც მუნიციპალიტეტების საკუთრება იქნება.

 

გაიზრდება თუ არა ტარიფი

 

„- ტარიფი არ გაზრდილა, რადგან მერია ახორციელებს სუბსიდირებას.

– ეს არ არის სუბსიდირება, ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ტარიფი არ გაიზარდოს, ამიტომ ის ახდენს ერთგვარ შევსებას.

– თქვენ შეგიძლიათ ამას დაარქვათ მერიის წყალობა მოსახლეობას, ეს სუბსიდირებაა.“ – ეს დიალოგი კომისიის თავმჯდომარეს თემურ მურღულიასა და „ბათუმის წყლის“ დირექტორს ჯანი ვარშალომიძეს შორის ბათუმში დახურულ სხდომაზე გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემთხვაში მერიამ სუბსიდირება უნდა გააგრძელოს, თუ საკრებულო მიიჩნევს, რომ ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში ტარიფი გაიზრდება.

 

 

თუმცა, ბათუმის საკრებულო, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოები არჩევნების შემდეგ შეინარჩუნებენ უფლებას – თავად განუსაზღვრონ დაქვემდებარებაში მყოფ ლიცენზიანტ კომპანიებს წყლის მოხმარების ტარიფი და არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა).

 

 

ანუ, შპს «ბათუმის წყლის» შემთხვევაში ტარიფებს ადგენს ბათუმის საკრებულო და დაადგენს არჩევნების შემდეგაც, თუ, რა თქმა უნდა, სხვას არ გადასცემს ამ კომპანიის მართვის უფლებას და/ან ვიდრე არ მიმართავს «ბათუმის წყალი» სემეკს სატარიფო განაცხადით.

 

 

«ბათუმის წყალს» (არც აჭარაში არსებულ სხვა ლიცენზიანტ კომპანიებს), როგორც სემეკში გვითხრეს, მათთვის ასეთი განაცხადით არ მიუმართავს. საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფებით ამ კომპანიის მუშაობა კი სრულიად ლეგიტიმურია და იქნება მომავალშიც, თუ ბათუმის საკრებულო ამ მიდგომით გააგრძელებს მუშაობას.

 

 

«ბათუმის წყალი» მომხმარებელს ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფით ახდევინებს: 51 თეთრი 1კბ/მ-ზე გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის, ხოლო ვინც სულადობით იხდის – 1,85 ლარი ერთ სულზე. კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 4 ლარია 1 კბ/მ-ზე.

 

 

`საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას» კი ზღვრულ  ტარიფებს სემეკი უდგენს. ამ კომპანიის ტარიფების მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 50 თეთრამდე გამრიცხველიანებული მომხმარებლისთვის, 2,4 ლარამდე – სულადობით ერთ სულზე და 4,3 ლარი – კომერციული მომხმარებლებისთვის.

 

 

იმისთვის, რომ ბათუმში ტარიფები არ გაზრდილიყო, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს 560 ათასი ევრო დაიხარჯა. ამდენივეს დახარჯვას აპირებს მერია წელსაც, თუ რაღა თქმა უნდა, «ბათუმის წყალი» მას დარჩება.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის საკრებულო შპს `ბათუმის წყლის~ ცენტრალურ მართვაში გადაცემის საკითხს მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გადაწყვეტს და საზოგადოებას ამ ფაქტის წინაშე მოულოდნელად დააყენებს, არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამისი აქტების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ესაუბრა.

 

 

ნათია აფხაზავა სხვა ორგანიზაციებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარისადმი გასაგზავნ წერილს ამზადებს.

 

 

„ჩვენ გვაქვს კითხვები, თუ რა ხდება ბათუმის წყალთან მიმართებაში და ვაპირებთ წერილობით მოვთხოვოთ ამაზე ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს. ამის შემდეგაც მივიღებთ გაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ჩავერთოთ პროცესში“  –  ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.

 

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ გადაცემასთან დაკავშირებულ პროცესების შესახებ სრული ინფორმაციის არქონაზე, საკრებულოშიც საუბრობენ.

 

 

„ასეთი მასშტაბის საკითხი უნდა იყოს საჯარო. ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი. საკრებულოს წევრები აზრზე არ არიან რა ხდება „ბათუმის წყალთან“ მიმართებაში“, – ამბობს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გენო თებიძე: `ამ საკითხს კენჭისყრაზე მხარს არ დავუჭერ, ბათუმის წყლის გასხვისება ქალაქის ღალატის ტოლფასია. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, გვაქვს აღებული ვალდებულებები და დონორთან არ უნდა მოვიქცევით არასწორად. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ მთავრობას ევრაზიის ბანკი აძლევს 500-მილიონიან კრედიტს, რისთვისაც საჭიროა ქონების ჩადება. მათ „ბათუმის წყლის“ ქონება სჭირდებათ, მეტი არაფერი აინტერესებთ.“

 

 

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს რვა წევრი „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემას მხარს არ უჭერს. საკითხს მხარს არ დაუჭერს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე ნუკრი დოლიძეც.

 

 

საკრებულოს წევრებს: ჯუმბერ კობალაძეს, გოდერძი ტოტოჩავას და კობა ზაქარიას გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. ნაზიბროლა ქობულაძის თქმით კი, საკითხი საკრებულოს კენჭისყრამდე არ მივა, რადგან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის თავისი განკარგულებით უკვე გადაწყვიტა.

 

 

ბათუმის საკრებულოდან სამთავრობო კომისიაში საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაურ ფატლაძე შედიან. შესაბამისად ყველაზე მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე მათ აქვთ.

 

 

«ჩვენი მოსაზრებაა „ბათუმის წყლის“ ინტეგრირება წყალმომარაგების კომპანიასთან მანამდე არ განხორციელდეს, სანამ რეაბილიტაციის პროექტი არ დამთავრდებოდა. ერთი პატარა შეთანხმებისათვის გერმანულ ბანკთან თვეები გვჭირდება. ამ მოლაპარაკებას რა დრო დასჭირდება? – მე არ ვარ წინააღმდეგი იყოს ერთიანი მართვა, ან სახელმწიფო გადაწყვეტილების წინააღმდეგი როგორ ვიქნები, მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ საჭირო იქნება ყველა ვალდებულების გადაცემა, ეს რამდენ ხანს შეაჩერებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს?“ – ეს კითხვა კომისიის დახურულ სხდომაზე ზაურ ფატლაძემ დასვა.

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის წყლის გადაცემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ასე გამოხატა: „საკითხი ჯერ განხილვის ფაზაშია და წინასწარ ვერაფერს გეტყვით“ .

 

 

ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაციების წერილიდან:

 

„პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში, სხვა დანარჩენ, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არ არის განმარტებული ამ ინიციატივის განხორციელების აუცილებლობა და, ზოგადად, საჭიროება. ჩვენ, ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს – მოქალაქეებს, გვაინტერესებს, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ან რატომ განიხილა ეს მეტად სასიცოცხლო საკითხი მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირების მიღმა; რატომ მოეწერა ხელი ზემოაღნიშნულ განკარგულებას თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე მაშინ, როდესაც თვითმმართველობის ახალი კოდექსის მე-16 მუხლის «თ» ქვეპუნქტით «წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება»  მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში შედის – რატომ ართმევენ თვითმმართველ ქალაქს საკუთარ უფლებამოსილებას, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მართვის გარდა, შპს «ბათუმის წყლის» ქონებაც შეიძლება «საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის» ხელში აღმოჩნდეს.

 

 

რა ბედი ეწევათ აქ დასაქმებულ ადამიანებს; ან რა არგუმენტებით წარდგება საქართველოს მთავრობა  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KWF), რომელიც ბოლო რამდენიმე წელია შპს «ბათუმის წყლის» ძირითადი დონორი ორგანიზაციაა და ორიენტირებულია სწორედ მუნიციპალური და არა ცენტრალიზებული პროექტების მხარდაჭერაზე და ბოლოს, როგორ აისახება ეს ცვლილება ბათუმის მცხოვრებლებზე – ხომ არ გაიზრდება ტარიფი, ვინ გაუწევს წყალმომარაგების სისტემას კონტროლს და ა.შ.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლება და ვალდებულია გააუმჯობესოს ადგილებზე მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობები; გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივი თავისებურებანი და მოქალაქეთა ინტერესები”.

 

 

შპს ბათუმის წყლისპოზიცია

 

გრძელვადიანი გეგმების არარსებობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა ვაწარმოოთ, საკადრო და კვალიფიკაციის პრობლემა; დავალიანება, ანუ ამოღების პრობლემა; უკანონო მიერთებების გამოვლენის პრობლემა – ეს ის საკითხებია, რომლებიც შპს `ბათუმის წყლის~ დირექტორს კომპანიის ცენტრალურ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ დახურულ სხდომაზე წაუყენა.

 

 

კომპანიაში ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს „ტყუილი“ უწოდეს. კომპანიის თანამშრომლები, რომლებსაც „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემაზე უარყოფითი პოზიცია აქვთ, ჩართულ დიქტოფონთან საუბარს ერიდებიან.

 

 

„ბათუმის წყლის“ დირექტორის მოადგილე თემურ ბედინაძე: „ჩვენ გვაქვს საუკეთესო სისტემა, რომელიც დონორი ორგანიზაციის დახმარებით შეიცვალა და ახალი ტექნიკით აღიჭურვა. ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად გადიან სწავლებას პარტნიორ კონსულტანტ ორგანიზაციებთან. ჩვენ გვყავს ბევრად მომზადებული სპეციალისტები ამ დარგში, ვიდრე ნებისმიერ ორგანიზაციას მთელ საქართველოში. რაც შეეხება თანხის ამოღების პრობლემას, გადახედეთ ამ და წინა წლების სტატისტიკას, პრობლემა ამ მხრივ არ გვაქვს“.

 

 

 

18 მილიონიდავალიანება

 

სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ კომპანიის დავალიანებაზეც დასვა კითხვები. რაზეც კომპანიის დირექტორმა ჯანი ვარშალომიძემ განმარტა, რომ საკითხი სადავოა და გადახედვას ექვემდებარება. საუბარია 18 მილიონზე, რომელიც საგადასახადომ ე.წ დანაკარგების გამო დააკისრა.

 

 

ფინანსურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ კომპანია ყოველწლიურად 30-40 მილიონ კუბურ მეტრ წყალს მოიპოვებს, ხოლო მომხმარებელზე მიწოდებულია  3-4 მილიონი კუბ.მ წყალი. გამომდინარე აქედან დანაკარგმა საშუალოდ 80-90 % შეადგინა.

 

 

საგადასახადო ინსპექციის შუალედური აქტის მიხედვით 2007 წელს დანაკარგმა სულ 26 670 370 კუბ.მ შეადგინა, რაც „საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით“ პროპორციულად მოსახლეობას, კომერციულ და საბიუჯეტო სისტემას მიაკუთვნეს.

 

დადგენილი სარეალიზაციო ფასების მიხედვით დანაკარგის დაბეგვრამ შემოსავლები 11 571 516 ლარით გაზარდა.

 

 

საგადასახადო ინსპექციას „ბათუმის წყალი“ არ ეთანხმება.

 

თეიმურაზ ბედინაძე: „შპს `ბათუმის წყალი~ წყლისა და კანალიზაციის გადასახადის დარიცხვას სულადობის შესაბამისად ახდენდა და გარკვეულწილად დღესაც ახდენს არა რეგისტრირებულ პირთა მიხედვით, არამედ, ფაქტობრივად, მცხოვრებ პირთა რაოდენობის შესაბამისად“.

 

 

ბათუმის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება

 

სატენდერო პირობების თანახმად ქალაქის ქუჩებში 215 გარე გამოყენების ქსელური კამერა დამონტაჟდება.

 

 

მომწოდებელმა უნდა განახორციელოს კამერებისა და მართვის/შე-ნახვის ელემენტების ერთჯერადი ინსტალაცია, კაბელიზაცია და ოპტიკურ ქსელში ჩართვა, კერძოდ: მოწოდებული აპარატურის ყველა ელემენტის ინსტალაციის ადგილას მიტანა, ადგილზე მონტაჟი, შემსყიდველის მიერ მონტაჟის ადგილზე უკვე ორგანიზებული ელ. კვების კვანძთან დაერთება, ლოკალურ ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართვა და 2014 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქ. ბათუმში განთავსებულ ცენტრალურ საოპერატორო ცენტრიდან თითოეულ, სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟებულ ვიდეო კამერაზე მუდმივი – მინიმუმ 20 მბ/წმ სიჩქარით წვდომა.

 

 

ტენდერში გამარჯვებულმა საკონტროლო ვიდეოკამერების მიწოდება-მონტაჟი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს; ხოლო საკონტროლო ვიდეოკამერების ინსტალაცია-ინტეგრაცია კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე;  საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.

 

 

ქალაქის მერია ვიდეო-კონტროლის სისტემის მოწყობის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაში დამატებით 11 ათას ლარს გადაიხდის. ამ მომსახურების შესყიდვაზე ცალკე ტენდერია გამოცხადებული.

 

 

რა გახდა ახალშობილი ტყუპების გარდაცვალების მიზეზი

 

რა გახდა ტყუპების გარდაცვალების მიზეზი და რატომ გამოუშვეს ტკივილების ჩივილით მისული ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოდან? აჭარის ჯანდაცვის მინისტროს მოადგილე, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ სამინისტრო საქმის კურსშია და ამ დროისათვის მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ექიმის დანაშაული არ იკვეთება.

 

„ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა ორსულობა, აღრიცხვაზე დროულად იყო აყვანილი  და ყველა გამოკვლევა ჩატარებული აქვს, გეგმიური კონსულტაციებიც. როგორც ირკვევა, ოჯახში, წინა დღეებში გარკვეული სიტუაცია იყო, რამაც გამოიწვია ორსული ქალბატონის ფიზიკური გადაღლა და ჰქონდა ტკივლები.  მას  სატელეფონო საუბარი  ჰქონდა მის ექიმთან, რომელმაც ურჩია მიემართა სტაციონარისთვის.  

 

სტაციონარში მორიგეობდა სხვა გინეკოლოგი, რომელმაც გააკეთა ექოსკოპია, მე პირადად ვნახე ექოსკოპიის მონაცემები, იქ არ იკვეთება განსაკუთრებული პათოლოგია, რომელიც მოითხოვდა სტაციონარში მოთავსების აუცილებლობას. პაციენტიც არ გრძნობდა თავს ცუდად და მან გადაწყვიტა სახლში წასულიყო. ნაადრევი მშობიარობა შეძლება გამოიწვია მისმა გადაადგილებამ.“  – ამბობს ლევან გორგილაძე.  

 

მისი თქმით,  იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გადაწყვეტდა სტაციონარში დაწოლას, მას თავად უნდა აენაზღაურებინა ხარჯები ან ეს თანხა უნდა ანაზღაურებულიყო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სხვა პროგრამის ფარგლებში, რადგან სახელწიფო პროგრამაში ეს ხარჯები არ შედიოდა.

 

ლევან გორგილაძის თქმით, საკითხს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის, თუმცა ექიმის პასუხისგმებლობის საკითხის დაყენების უფლება მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამედიცინო რეგულირების საააგენტოს აქვს.

 

 

 

„კიდევ არ გათხოვილხარ, როდის თხოვდები?“

ქალების ნაწილი, რომლებმაც დაძლიეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, მიიჩნევენ, რომ გაუთხოვარი ქალების სტიგმატიზაცია საქართველოში დღემდე აქტუალურია. მირანდა 35 წლისაა. მას მიაჩნია, რომ წარმატებული ქალია, რადგან აქვს პროფესია, სამსახური, საკუთარი შემოსავალი და პირად ცხოვრებას თავად განაგებს, თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი მაინც ხშირად ხდება.

„ყოველ წუთს მახსენებენ, – როცა მოხუცდები პატრონი არ გეყოლება, რომ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები ჩემი პატრონები არ იქნებიან. გათხოვება საჭიროა არა იმისთვის, რომ იპოვო მეგობარი და იცხოვრო ადამიანთან ერთად, ვინც გიყვარს, არამედ სტატუსთან და გარანტიებთან, რომ არ დარჩე მარტო“.

მირანდას აზრით, შეცვლილია „პატრონთან“ დაკავშირებული სტერეოტიპი: „თუ ადრე ეს „პატრონი“ იყო ქმარი, ახლა არის შვილი“.

თუ ოჯახისთვის გაუთხოვრობა „პატრონის გარეშე დარჩენას“ ნიშნავს, მეზობლებისთვის – საეჭვო მდგომარეობას. „ალბათ, არ აქვს საკუთარი თავის იმედი, ბუნებრივია, ამაში ქალწულობას გულისხმობენ“, – გვეუბნება მირანდა.

გაუთხოვარი ქალის როლი საქართველოში ასეთია: „ან რჩები ოჯახში ძიძად და  ვთქვათ, უვლი ძმისშვილებს, ან ხარ მოსამსახურე. ეს ძალიან გულდასაწყვეტი სტატუსია“.

მირანდას თქმით, გაუთხოვარი ქალის მიმართ დამოკიდებულება გამაღიზიანებელია სამსახურშიც – „მეტი რა საქმე გაქვს გაუთხოვარ ქალს„; „გაუთხოვარ ქალს რად უნდა პრემია, იმას შვილები ჰყავს“. თუ რაიმეზე პრეტენზია გამოთქვი და ხარ გაუთხოვარი, ესე იგი, ამის გამო ხარ პრეტენზიული და არა იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობ“.

საქართველოში ქალები, ფაქტობრივად, არ განიხილებიან ოჯახის მემკვიდრეებად. ქონება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ეკუთვნის მხოლოდ ბიჭს, რაც ქალების დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფაქტორია: „მე გამიმართლა იმაში, რომ მამა უფრო ლიბერალი მყავს  და გარეშე ზეწოლებს ამით ვუმკლავდები. სხვა შემთხვევაში ძალიან გამიჭირდებოდა. მაგალითად, ბებია წინააღმდეგი იყო ჩემი პროფესიის, შვილებს როგორ უნდა მიხედოო, ამიტომ არის ტენდენცია საქართველოში პედაგოგი ქალების, ორ საათზე სახლში იქნება“.

ეთერი 50 წლისაა. ერთადერთი, რაზეც გული წყდება, ის არის, რომ შვილი არ ჰყავს. „რადგან არ გავთხოვდი, არ ვგრძნობ თავს უბედურად. ძალიან თავისუფალ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემიც თავისუფალი ადამიანი იყო. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას, კუთხურობას, რელიგიას, მისთვის ღირსება იყო მთავარი. არც იმაზე ჰქონია გართულება, რომ ბიჭი არ ჰყავდა. გოგონები ჩემთვის ყველაფერიაო, ამბობდა“.

ეთერი იხსენებს შემთხვევას, როცა მამას რბილი ხასიათის გამო უსაყვედურეს: „ერთხელ მოვიდა და ხმამაღლა დაგვიწყო ლაპარაკი. გამიკვირდა და ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ახლა კაცმა მითხრა, შენი გოგონები სახლში თავს კარგად გრძნობენ და იმიტომ არ თხოვდებიან, მკაცრად უნდა მოექცეო. ხშირად საყვედურობდნენ მამას, საზღვარგარეთ ნუ უშვებ, ნუ აძლევ ამდენ თავისუფლებასო. ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მკაცრი მამის პირობებში, ალბათ მაშინ იძულებით მოგვიწევდა გათხოვება“.

საზოგადოებაში დღემდე არსებობს დამოკიდებულება, რომ მარტოხელა ქალი ადვილად დასაჩაგრია: `„მის მცდელობა ბევრს ჰქონდა, თუმცა  ვიბრძვი. მარტოობაში ვერ ვხედავ პრობლემას. ადამიანი თვითონ არის საკუთარი თავის პატრონი, მარტო მოვდივართ და მარტო წავალთ. არც შვილია ყოველთვის გარანტია, რომ შენ გვერდით იქნება, თუმცა რომ მყვარებოდა, შვილს აუცილებლად გავაჩენდი. მხოლოდ სტატუსის გამო ოჯახის შექმნა ჩემთვის წარმოუდგენელია. ბევრ ისეთ კაცს ვიცნობ ჩემ გარშემო, მასთან ოჯახი კი არა, 15 წუთსაც ვერ ვძლებ სასაუბროდ. ვფიქრობ, ასეთ კაცთან ოჯახის შექმნა, უბრალოდ, თვალთმაქცობაა“.

ეთერის აზრით, დღეს საქართველოში საზოგადოება გაბრაზებულია. „ადამიანებს თავისუფლება, სიყვარული, განათლება აკლიათ. მე კი ადამიანს ისეთს ვიღებ, როგორიც არის“.

„არ თხოვდები?“, – მსგავსი კომენტარიი 35 წლის კესოს ცხოვრებაშიც ხშირად ისმის. „უნივერსიტეტში სწავლისას გათხოვილი ლექტორი გვეუბნებოდა, რომ არ უნდა გავთხოვილიყავით ადრე, გაუთხოვარი კი, ამბობდა, გათხოვდით, თორემ ჩემსავით დარჩებითო. არიან ოჯახები, რომლებიც სტერეოტიპების გამო აიძულებენ ქალიშვილებს გათხოვებას. გოგონებიც ხშირად პირველ შემხვედრს მიყვებიან. შემდეგ იწყება კონფლიქტი“.

კესოს აზრით, სტერეოტიპების გამო შეცვლილია კაცის დამოკიდებულებაც ქალის მიმართ: „თუ ადრე ქალები უყენებდნენ კაცს გარკვეულ პირობებს, ახლა კაცი აყენებს პირობებს. ბინა აქვს? სოციალურად უზრუნველყოფილია? მაშინ მოიყვანს ასეთ ქალს, ოღონდ მისი მშობლები არ უნდა აწუხებდნენ. მაშინ, როცა ქალები საკუთარ შვილებსაც კი ვერ ზრდიან, ვერ აჭმევენ, ვერ არქმევენ სახელს დედამთილების, დიდი დედამთილების და ა.შ. ნებართვის გარეშე. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა მამიდა სკოლაში მოვიდა და მითხრა: ჩემს ძმისშვილს დედაზე ლექსებს ნუ ასწავლი, ცუდი დედა ჰყავსო. გავგიჟდი. ასეთ პირობებში ქალი ცოლიც ვერ იქნება, რადგან ის მუდმივად ზეწოლის ქვეშაა.“

კესოს მიაჩნია, რომ არსებული სტერეოტიპების გამო საქართველოში ზოგადად ქალებს საზოგადოება არ აძლევს პირადი ცხოვრების უფლებას: „ერთხელ ვთქვი, რომ ბინა უნდა ვიყიდო და ცალკე ვიცხოვრო-მეთქი, დაგღუპავს შენი ევროპული ლიბერალიზმიო – მეუბნება ახლობელი. გაუთხოვარი ქალი სად გავუშვათ მარტო? ან კიდევ: მარტო ცხოვრება რატომ გინდა, ვიღაც უნდა გაიჩინო? ან შვილი რად გინდა, ძმისშვილები არ გყავს? – ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა“.

კესო ამბობს, რომ ხშირად ჩარჩოების შექმნას ქალებიც უწყობენ ხელს, მისი დანგრევა კი აღარ შეუძლიათ: „ბუნების კანონია, რომ ქალმა შვილი უნდა გააჩინოს, ამის იქეთ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, პირველ რიგში, სწორედ ქალები იწყებენ ქალის პატიოსნების განხილვას, რაც ხშირ შემთხვევაში მახინჯი ფორმით ხდება. თუ ქალი და კაცი ღმერთმა თანასწორუფლებიან არსებებად შექმნა, რატომ ეზღუდება ქალს ის, რაშიც არ იზღუდება კაცი“.

კესო ამბობს, რომ სანამ არსებობს კითხვა – „რატომ არ თხოვდები?“, საზოგადოების განათლებასა და განვითარებაზე საუბარი რთულია. „ნორმალურ საზოგადოებას რატომ არ ვთხოვდები, არ უნდა აინტერესებდეს“.

გენდერის კვლევის სპეციალისტის, იდა ბახტურიძის მოსაზრებით, კითხვები: „რატომ არ თხოვდები“ და „როდის თხოვდები“ აჩვენებს კულტურის დამოკიდებულებას ქალის როლის მიმართ, ქალის, როგორც ინდივიდთან და  მის სექსუალურ ცხოვრებასთან.

„ქალის სტატუსი დაკავშირებულია მხოლოდ ოჯახთან. ეს ნიშნავს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი უნდა იყოს კუთვნილებით დამოკიდებულებაში მამაკაცთან, რადგან არსებობს უპირატესი სქესი – მამაკაცი და ქალი მხოლოდ დანამატია.

ქალის ღირებულება, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, მაინც განისაზღვრება იმით, არის თუ არა ის დედა და ოჯახზე მზრუნველი. თუმცა არც ამ შემთხვევაშია ის დაზღვეული ძალადობისგან. ქალი, რომელიც არ (ვერ) თხოვდება, მისი ღირებულება როგორც ადამიანის, ძალიან დაბალია. საქართველოში გაუთხოვრობა ნაკლოვანებაა.

მუდმივად იმის შეხსენება, „რატომ არ თხოვდები“, ქალებშიც ბადებს დანაშაულის განცდას და ქალები ბოდიშსაც კი იხდიან, რომ არ ჰყავთ ოჯახი. „მე არ უნდა მომბაძო“, ხშირად მსმენია გაუთხოვარი ქალებისგან.

საზოგადოება აკონტროლებს ქალის სექსუალურ ცხოვრებას და გამორიცხავს, რომ ის იყოს დედა ოფიციალური ქორწინების გარეშე. ამ ბარიერს რეალიზებული ქალები მეტ-ნაკლებად ლახავენ, თუმცა ქალები, რომლებიც ვერც კარიერას იკეთებენ და ვერც თხოვდებიან, ყველა შემთხვევაში მარგინალიზებული არიან“.

იდა ბახტურიძის აზრით, ქალთა მიმართ ფიზიკური თუ მენტალური ძალადობა რომ დასრულდეს, საჭიროა საზოგადოებამ, სახელმწიფომ არ იქილიკოს გენდერულ თანასწორობაზე და სერიოზულად, საჭიროდ აღიქვას ქალთა უფლებების დაცვა.   „ქალს არ უნდა უხდებოდეს გმირობა იმის სამტკიცებლად, რომ ისიც ადამიანია და მაშინაც ადამიანია, თუ ის არ არის გათხოვილი“.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზეც, ვინც შშმ პირებზე ზრუნავს“

თაზო მჟავანაძე

„ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების დასაქმებას, ისინი გაივლიან სამთვიან პრაქტიკას და შემდეგ მათი მონაცემები გადაეცემა ჩვენს პარტნიორ დასაქმების სააგენტოს. ვფიქრობთ, რომ ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს შშმ პირებს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა მარტო შშმ პირებზე, არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც მათზე ზრუნავს. ამ მემორანდუმით ჩვენი ორგანიზაცია ექსკლუზიურ-სამართლებრივი დაცვის პარტნიორად იხდის ურიდიულ ფინანსურ რეამინაციას“ – განაცხადა თაზო მჟავანაძემ, ორგანზაციის – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ – ხელმძღვანელმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ბენეფიციარებს სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევს, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როცა საქმე სასამართლო დავებს ეხება.

„აგროგაცია“ და „შშმ პირთა უფლებებისათვის“ იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ტრენონგებისა და სერტიფკატების გაცემის ფინანასური მხარდაჭერა, ისინი შეარჩევენ სტუდენტებს, რომლებიც გაივლიან პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციაში, ხოლო შპს „იურიდიული და ფინანასური რეანიმაცია“ უზრუნველყოფს სამთვიან პრაქტიკას პარტნიორი ორგანიზაციის წევრებისათვის, ასევე, უზრუნველყოფს ტრენინგ-სემინარების ჩატარებას სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის.

ავთანდილ ბერიძე მედეა ვასაძეზე: „მე ამ სატელეფონო ზარში კანონის დარღვევას ვერ ვხედავ“

 „მე ამ სატელეფონო ზარში დანაშაულის ნიშნებს და კანონის დარღვევას ვერ ვხედავ.  ვერ აღმოვაჩინე კანონის ის მუხლი, რომელიც იქნა დარღვეული. სხვა ყველაფერი შეფასების სხვა კრიტერიუმებში გადადის და ამაზე მოგვინებით მოგახსენებთ“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.

 

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ 25-ე არხის ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს 8 ივნისს, ტელეეთერში გაშვებული საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“- ტრანსლირების შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.  

 

 აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა.  

 

მედეა ვასაძის უმაღლეს საბჭოში მუშაობის მანძილზე ეს  პირველი ინციდენტი არ არის. 2013 წელს დეპუტატს, შემდგომში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამჯდომარეს, მოქალაქე დოდო დიასამიძემ უჩივლა. იგი დეპუტატს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პროკურატურა ამ საქმეს ჯერ ისევ იძიებს.

 

მედეა ვასაძეს ასევე უჩივლა მისმა ყოფილმა თანაშემწემ, სოფიო კობალაძემ.

 

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობას, ეს  მეოთხე ინციდენტია, რომელიც ჟურნალისტებსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოხდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

 

 

2013  წელს „ინტერპერსნიუსის“ ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ შეიტანა სასამართლოში სარჩელი ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე. დავა მორიგებით დასრულდა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.

 

 

გასულ წელს სასამართლოს მიმართა „გურია ნიუსის“, შემდგომში რადიო „აჭარას“ ჟურნალისტმა ტარიელ ცეცხლაძემ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის აღდგენის მოთხოვნით.

 

2013 წელს კი უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარებით მოიხსენია გაზეთი  „ბათუმელები“ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენენა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს.

 

 

Exit mobile version