სიახლეები

„ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან

15.06.2014 •
„ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან

ბათუმის #30-ე საარჩევნო უბანთან, რამდენიმე ათეულ მეტრის დაშორებით მოქალაქეების ჯგუფია მობილიზებული. ერთ-ერთი დამკვირვებელი, მიხეილ ფუტკარაძე ამბობს, რომ მათ სიები აქვთ და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები  არიან. „ბათუმელების“ ჟურნალისტს ერთ-ერთმა მოქალაქემ, დალი ქემოკლიძემ ცესკოს აკრედიტაცია წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის წამომადგენელია. ტელეფონზე საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მას აქვს კანონით იქ ყოფნის უფლება. პეროდულად იგი საარჩევნო უბანში ბრუნდება და კომისის თავმჯდომარეს განცალკევებით ესაუბრება.

„ქართული ოცნების“ კოორდნატორები არიან  #38 უბანზეც. უბანზე მისულ „ბათუმელების“ კორესპოდენტს დამკვირვებელმა უთხრა, რომ მან შენიშნა, როგორ გადასცემდნენ ფულს საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები მოქალაქეს. „ვალი გვქონდა მძღოლის და გადავუხადეთ“ – ასე განუმარტეს „ბათუმელების“ კორესპოდენტს ფულის გადაცემის მიზეზი ჯგუფის წევრებმა და საარჩევნო უბნიდან მოშორებით გადაინაცვლეს. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები.

„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ მათი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან შორიახლოს მოქალაქეების არჩევნებზე მისვლას უწევენ კოორდნაციას, მისი თქმით, ეს კანონის ჩარჩოებში ჯდება. ირაკლი ჭეიშვილი არ აკონკრეტებს, მათი რამდენი წარმომადგენელი მუშაობს დღეს ბათუმში საარჩევნო უბნებთან.

გადაბეჭდვის წესი