ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის საგამოძიებო ფილმის ეთერში გაშვებას არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საეჭვოდ მიიჩნევს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია მასალკინი: „ეს ფილმი გააშვებინეს ეთერში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ვინც მისცა მათ მილიონი ლარი“-განაცხადა ტვ4-ის პირდაპირ ეთერში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია მასალკინმა. ჟურნალისტის კითხვაზე: „ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ“? მასალკინმა უპასუხა: „მე მაქვს გონივრული ეჭვი“.

გია მასალკინმა ასევე თქვა, რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მედეა ვასაძეს მოსთხოვა თანამდებობის დატოვება: „მე ვფიქრობ, რომ დატოვებს თანამდებობას მედეა ვასაძე,დეპუტატმა არ უნდა დაურეკოს ჟურნალისტს და ელაპარაკოს იმ ტონით, რა ტონითაც ელაპარაკა“.
მისივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა 19 ივნისს შეიკრიბება და მიიღებენ გადაწყვეტილებას მედეა ვასაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
მასალკინმა გადაცემაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან, ეკა თარგამაძესთან ოპონირებისას ასევე აღნიშნა: „არც პროკურატურ არ გვივარგა და არც სასამართლო, რადგან თქვენი კადრებია მაქ“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებმა, დროებით მუშაობა შეწყვიტეს.
მათი ინფორმაციით, მედეა ვასაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის გამო დეპუტატები: პეტრე ზამბახიძე, ასმათ დიასამიძე და თემურ ბოლქვაძე კომისიაში მანამდე არ იმუშავებენ, ვიდრე ვასაძე კომისიის თავმჯდომარის პოსტს არ დატოვებს.