მწვანე აქცია საბავშვო ბაღის ეზოში

 

აქციის მონაწილეებმა ეზოში მცენარეები დარგეს. მოეწყო გამოფენაც. გამოფენილი იყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ნახატები. 

 

„21-ე საუკუნე ცნობილია როგორც ეკოლოგიური კატასტროფების საუკუნე. ბუნება და მისი დაცვა ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია კატასტროფების შენელებაში. ასევე ეკოლოგიური გარემო – წყალი, ჰაერი, მიწა არც თუ ისე ჯანსაღია ჩვენს გარემოში. საკვები გენმოდიფიცირებულია, სათამაშოებისა და ბევრი საოჯახო ნივთის მოხმარება იწვევს ბავშვებში და, საერთოდ, ადამიანებში სხვადასხვა ონკოლოგიურ და ლეიკემიურ დაავადებებს, რომლითაც არა ერთი პატარა არის დაავადებული. ვფიქრობ, ჩვენი ვალია არ დავაბინძუროთ გარემო, არ გავანადგუროთ ბუნება. დავრგოთ მცენარეები და მოვუაროთ მას. ანუ ისე მოვიხმაროთ ჩვენი ბუნება, რომ მომავალ თაობებსაც შეეძლოთ მისი მოხმარება. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს საბავშვო ბაღში ჩაგვეტარებინა აქცია სახელწოდებით – „სუფთა გარემო და მწვანე ბუნება“, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური კულტურის დანერგვასა და განვითარებას პატარა ბავშვებში და კერძოდ ჩვენს აღსაზრდელებში”, – ამბობს მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორი ნინო ბაბაკიშვილი. 


 

აქციას საბავშო ბაღების გაერთიანებიდანაც ესწრებოდნენ.

საბავშვო ბაღში ამბობენ, რომ მსგავსი აქციები კიდევ იგეგმება.

ძველ ბულვარში გამყოფი ზოლი მოშლილია [ფოტო]

 

საბჭოს ერთ-ერთი წევრის, გია რამიშვილის თქმით, ნებართვის გაცემის მიზეზი ის გახდა, რომ ძველი გამყოფი ზოლის ფილები ამორტიზირებული იყო.  საბჭოს ნებართვის მისაღებად ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა. 

ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ზირაქაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ამორტიზირებულთან ერთად სხვა პრობლემაც აქვს: „ძველ გამყოფ ზოლს მოვლა-პატრონობა სჭირდება, მის გასასუფთავებლად ვიყენებდით ქიმიურ საშუალებებს, წმენდის დროს კი მასალა იშლებოდა”.

ახლა ბულვარის ადმინისტრაცია გამყოფ ზოლს, რომელზეც სკამებიც განთავსდება, გრანიტისგან ამზადებს. ბულვარის ადმინისტრაციას უკვე ჰყავს ტენდერში გამარჯვებული – ძველი გამყოფი ზოლის დემონტაჟისა და ახლის გასაკეთებლად ბულვარის ადმინისტრაცია 234 ათას ლარს დახარჯავს. 

საკრებულოს წევრი სტიქიით დაზარალებულზე: ღმერთმა დასაჯა

 

შუქრი ბერიძეს გასული წლის ნოემბერში მდინარე ყოროლისწყლის სიახლოვეს წყალდიდობამ სახლი დაუნგრია. მან დახმარების თხოვნით ბათუმის მერიას მიმართა, მაგრამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.

 

ირაკლი მიქელაძე
ირაკლი მიქელაძე

როგორც დღეს ბათუმის საკრებულოში განმარტეს, ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას.

 

საკრებულოს წევრი ჯაბა ბერიძე ითხოვს, დაზარალებულის დაკმაყოფილებას მერიის სარეზერვო ფონდიდან.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატ კობა ჩხეიძეს კითხვაზე, არის თუ არა ეს მოქალაქე სტიქიით დაზარალებული? საკრებულოს წევრმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი მიქელაძემ ხუმრობანარევი რეპლიკით უპასუხა – „ღმერთმა დასაჯა“.

 

ბათუმის მერიას, ისე როგორც აჭარის მთავრობას, გაცხადებული აქვს, რომ სტიქიით დაზარალებული ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ. ამ მიზნით სარეზერვო ფონდებიც არსებობს. 

შშმ პირების აქცია

 

აქციას შეუერთდნენ ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის,  ავტოტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურების თანამშრომლები. 

ბათუმელი ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ მისი სურვილია ეტლით სარგებლობა ერთი დღით სცადონ ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მასწავლებლებმა,  ბაკნების მმართველებმა, მუზეუმების დირექტორებმა, ინვესტორებმა და საჯარო მოხელეებმა, რომ უკეთ გაიგონ რა პრობლემები ექმნებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქალაქში გადაადგილებისას. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ასე სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც მიმართავენ: დააჯარიმონ ის ადამიანები, რომლებიც ავტომანქანებს ტროტუარებზე აჩერებენ, რის გამოც ეტლით მოსარგებლე ადამიანებს გადაადგილების  პრობლემები ექმნებათ. 

აქციას მერიის თანამშრომლებიც შეურთდნენ

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სახელმწიფოს პოლიტიკა”- ამ სახელწოდებით მოამზადა სიუჟეტი სალომე დეკანაძემ, ის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე, სკოლის მოსწავლეა. მან სცადა, გაერკვია როგორ ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბათუმში, რა პროგრამები აქვს ქალაქის მუნიციპალიტეტს, რატომ არ ჰყავს დასაქმებული აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უწყებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და როგორია მოქალაქეების პასუხისმგებლობა. სიუჟეტის ნახვა შესაძლებელია  ბმულზე
 

 

სამმა მამაკაცმა 25 წლის სექსმუშაკი ფანჯრიდან გადააგდო

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მეორე სართულიდან გადმოგდებული 25 წლის გ.ხ.-ს  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მას სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, ქალი სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადმოაგდო ფანჯრიდან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიება დაწყებულია. გამოძიების მსვლელობისას დადგინდება, ქალი გადმოაგდეს თუ გადმოვარდა მეორე სართულიდან“.


დანაშაულის კვალიფიკაციაც, სავარაუდოდ, ყველა მოწმის დაკითხვის შემდეგ გაირკვევა. ჯერჯერობით უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.


ფანჯრიდან გადმოგდებული გოგონა არ არის საქართველოს მოქალაქე და ის ბათუმში სექსმუშაკად მუშაობდა.


ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამბობენ, რომ ქალის დაზიანებაზე წუხელ მათ გამოძახება არ ჰქონიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზარალებული წუხელ პოლიციას არ დაუკითხია. 

დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

 

 

გამოცდები 11 საგანმათლებლო მიმართულებაში ჩატარდება და წელს პირველად  A, B და C ტიპის ტესტებად იქნება დაყოფილი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მისთვის სასურველი A, B ან C ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს.

 

როგორც გასულ წლებში, ისევე წელსაც ტესტები ოთხი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

 

11 საგანმანათლებლო მიმართულება A, B და C ტიპის ტესტების მიხედვით:

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) A

2. ჯანდაცვა A

3. ჰუმანიტარული A

4. ხელოვნება A

5. აგრარული A

6. განათლება A

7. სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) A

8. საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) B

9. მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა B

10. ბიზნესი და ეკონომიკა B

11. სამართალი C

 

 

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების მიხედვით გაიცემა სახელმწიფო გრანტი. მაგისტრანტობის მსურველები სახელმწიფოსგან სრულ დაფინანსებას მხოლოდ აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღებენ.

 

საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.

 

იხილეთ:  გზამკვლევი 2015 წელს მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის

სპორტული ბაზის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდება

 

ანგისის სპორტული ბაზა, შესასვლელი

 

კითხვა-პასუხის რეჟიმში კი გამოთქმულია ტენდერში არამონაწილე პრეტენდენტების შეკითხვები და შენიშვნები. ერთ-ერთი კომპანია შპს „ხაგის“ წარმომადგენელი ხათუნა ხვადაგიანი წერს, რომ ტექნიკური და ფინანსური პირობები კონკრეტულად ერთ კომპანიაზეა მორგებული. ტენდერის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2015 წლის 6 იანვარს, მერიამ ტენდერი გააუქმა.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, ტენდერის გაუქმების მიზეზი შპს „ხაგის“ შენიშვნა გახდა. „სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა კანონმდებლობის სრული დაცვით და ტენდერი არ იყო მორგებული არც ერთ კერძო კომპანიაზე. შენიშვნების გასათვალისწინებლად ბათუმის მერია მიიჩნევს, რომ ტენდერი საჭიროებს გადამოწმებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დახვეწას“ – აღნიშნულია ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, თავმჯდომარის მოადგილე და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე, კომისიის წევრები ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე და ბათუმის მერიის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსი ვლადიმერ ხინთიბიძე.

 

კომისიის ოქმის მიხედვით სპორტული ბაზის მშენებლობის პროექტის ავტორს კობა კაცაძეს დაევალა ტენდერში არამონაწილე პრეტენდენტების შენიშვნების შესწავლა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი _ ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობის პროექტში მითითებული მასალების შესაბამისობის დადგენა FIFA-ს სტანდარტებთან.

 

ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ტენდერი პროექტის გადაკეთების შემდეგ მარტის ბოლოს გამოცხადდება. შეიცვლება თუ არა ტენდერის სავარაუდო ღირებულება, ვიცე-მერი განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია პროექტის ცვლილებაზე.

147 მილიონი ლარი ავტომობილებისთვის

 

23 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას 12%-ით აპირებს.  

 

2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი, დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა.

2 წლის განმავლობაში 147 მლნ. ლარი საკმარისი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის 9 ლარით მოსამატებლად, ან 2 წლის მანძილზე მთელი სოციალური პაკეტის (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიების და სხვა დახმარებების მიმღებები) მინიმუმ 30%-ით გასაზრდელად – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.


ტენდერების გზით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 113.8 მლნ. ლარი დახარჯეს. თანხა დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (57.3 მლნ. ლარი) და 2014 (55.8 მლნ. ლარი) წლებზე. 2015 წლის ორ თვეში კი ამ მიმართულებით 570,900 ლარი დაიხარჯა.

 

ყველაზე მეტი, 31.7 მლნ. ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა, რისი დიდი ნაწილიც საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა, 2014 წელს გადახდილი 10.8 მლნ. ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 6.5 მლნ. ლარი დახარჯა, 2014 წელს კი მანქანები არ შეუძენია.

 

 

 

სპორტდარბაზი ორი ძიძის ხელში

 

ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, შენობა, სადაც სპორტული დარბაზია განთავსებული მერიის საკუთრებაა. შესაბამისად, შენობის გარემონტებასა და მის ინფრასტრუქტურაზეც მერია ზრუნავს.  

 

„თუმცა, სპორტული დარბაზით   სპორტსკოლის საფეხბურთო კლუბის ბავშვები სარგებლობენ, რომლებიც განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან.   ეს შენობა ან განათლების სამინისტროს უნდა გადაეცეს, რომ მან აიღოს მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა, ან ეს კლუბები გადმოეცეს მერიას. ორი ძიძის ხელში ეს შენობა დაინგრევა“-ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

 საკრებულოს წევრების თქმით, აღნიშნული საკითხი მერიასთან და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდება. 

 

2700 ადგილით და 3 მილიონი ლარით შემცირებული სტადიონის პროექტი

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, პროექტი ფაქტობრივად  მთლიანად შეცვლილია.


„საკრებულოს ასეთი პროექტი არ დაუმტკიცებია. იმედია, სხდომაზე მერია წარმოადგენს განმარტებით ბარათს და აგვიხსნიან თუ რატომ მოხდა პროექტის ცვლილება“.


სპორტული ბაზის პროექტირებაზე 60 ათასი ლარი დაიხარჯა, ცვლილებებზე კი დამატებით  17 ათასი ლარია გამოყოფილი.   


მერიის  კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თენგიზ პეტრიძის თქმით,  პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული იყო 10 მილიონი ლარი, 2015 წლის ბიუჯეტით კი, თენგიზ პეტრიძის განმარტებით, მშენებლობის ღირებულება 3 მილიონი ლარით შემცირდა. 


„თუმცა, გასული წლის ბიუჯეტში ბიუჯეტში მხოლოდ ორნახევარი მილიონი ლარი იყო ასახული, რაც იმას ნიშნავს რომ პროექტი ვერ განხორციელდებოდა. პროექტის მიხედვით ანგისაში მიმდინარეობს როგორც რაგბის სტადიონის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია  სპორტული მოედნის მშენებლობა, აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული რომ  სტადიონი ოთხი ათას მაყურებლის ნაცვლად უფრო ნაკლებზე ყოფილიყო გათვალისწინებული“. 

 

საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ თუკი მერიისგან არ მოხდება ცვლილებების არგუმენტირება, ისინი შეცვლილ პროექტს არ დაამტკიცებენ.  


საკრებულოს წევრები დაზიანებული ქუჩებისა და ტროტუარების შესახებ

„გემები შემოდის, ტურისტები შემოდიან და უხერხულია, რომ ასეთ მდგომარეობაშია სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორია.  მივმართოთ მათ, ვისიც არის ეს ტერიტორია და   გადმოეცეს  ბათუმის მერიას, რომ მისი მოწესრიგება შევძლოთ“-განაცხადა  ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე. 

ბათუმის მერიის  საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის თქმით, სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მისი მერიაზე გადაცემის მოთხოვნით, განცხადება შესაბამის უწყებებს გაუგზავნეს.

 ირაკლი ჩავლეიშვილმა ყურადღება ქუჩებისა და ტროტუარების საკითხზეც გაამახვილა. ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, მისი თქმით, მერიამ მშენებლები უნდა დააჯარიმოს ან დაავალდებულოს,  დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია.

„9 მარტის ქუჩაზე კომუნიკაციები გაუყვანიათ და დაზიანებულია  ასფალტის საფარი. ნოდარ დუმბაძის ქუჩა ერთ-ერთი საჩვენებელი ქუჩაა ამ ქალაქში და კისერს მოიტეხ, რომ გაივლი, ისეთ მდგომარეობაშია. მშენებლობის დროს მძიმეწონიანი მანქანები დადიოდა და დაზიანდა. ასეთ დროს უნდა დავავალდებულოთ მშენებელი, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მოაწესრიგოს ტერიტორია“.  

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, მსგავსი ვითარებაა გამსახურდიასა და ჟორდანიას ქუჩებთან არსებულ სკვერებშიც:   „მოსაწესრიგებელია „ვაიკიკის“ გვერდით არსებული სკვერი, სადაც თენგიზ ბაკურიძემ ააშენა კორპუსი.  ქვაფენილები ამოყრილია და მერიის მიერ დადგმული საყვავილე ქოთნებიც დაზიანებულია. ასეთ დეტალებს ყურადღება უნდა მიექცეს“. 

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით გარკვეული პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება:

„ტროტუარებზე აჰყავთ ავტომანქანები და ბოძებს აზიანებენ. მე თვითონ შევესწარი ასეთ ფაქტს და შენიშვნა რომ მივეცი, ლამის ხელი შემომიბრუნა, ისე გაბრაზდა მოქალაქე.  ვფიქრობ, ქალაქის მოვლაზე ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა“- განაცხადა მან.

საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის თქმით, ქუჩებსა და ტროტუარებზე განთავსებული ვიდეოთვალების გვერდით გამაფრთხილებელი ნიშნებიც უნდა განთავსდეს: „თავის დროზე ამაზე იყო სახალხო დამცველის   რეკომენდაციაც, რომ მოქალაქეებს ვიდეოთვალის არსებობაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რადგან ყველას აქვს უფლება იცოდეს, სად ხორციელდება მათი ჩაწერა. მერიის სამსახურებმა ეს უნდა გაითვალისწინონ“. 

 

აჭარის მთავრობა გონიოს მოსახლეობას პასუხობს

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ალტერნატიული ფართობების მიღების შემთხვევაში ტერიტორია კომერციულად და ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდება: 

„ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას საინვესტიციოდ მიმზიდველი ტერიტორიების გადაცემას, მიყვანილი იქნება კომუნიკაციები – გაზი, ელექტროენერგია, წყალი და  ამ მიწების ისე გამოყენება შეეძლებათ, როგორც მათ სურსთ. ამაზე მიდის საუბარი და ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპი. ამ ეტაპზე გვაქვს გათვლა, თუ რა ინვესტიციები შეიძლება განხორციელეს ამ მიწებზე“.

 წინადადება მთავრობამ 170 ოჯახს შესთავაზა. 

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ახალი დირექტორი

 

ოთარ გოგოლიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის,არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორია.

აქამდე მუზეუმის დირექტორი გოდერძი ტოტოჩავა იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მუზეუმში მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს. 

ბათუმში ჰაერის ხარისხს ამოწმებენ

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი სპეციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე დროული რეაგირებისთვის შეგროვებული მასალების შესაბამის ორგანოებზე გადაცემა, მავნე ნივთიერებათა ზენორმატიული გაფრქვევის/ჩაშვების მინიმიზაციის გზით ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს ხარისხის მდგომარეობის გაუარესებაზე დროული რეაგირება, საწარმოების მიერ გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუარესებაზე დროული რეაგირება, ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ბარაკებში მცხოვრები ოჯახები მერიას დახმარებას სთხოვენ

 

ჟუჟუნა გოგიტიძე და ეკა ბერიძე მერიას დახმარებას სთხოვენ

„მერიაში ყველამ იცის ჩვენი მდგომარეობა. ბარაკებში ცხოვრება არ შეიძლება. ჭერი ჩამომენგრა და სხვასთან ვარ შეკედლებული. მე რა ვქნა?“ – ამბობს ბარაკში მცხოვრები ჟუჟუნა გორგილაძე, რომელიც 24 თებერვალს ბათუმის საკრებულოს წევრებს შეხვდა.

ბათუმის მერია ბარაკებში მცხოვრებლებს კომპენსაციის სახით 1 კვ/მ-ზე 400 დოლარს სთავაზობდა. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, 60-იდან 40-მა ოჯახმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, ცხრა ოჯახი კი კომპენსაციაზე თანახმაა.

„ჩვენ დავგეგმეთ წინა კომისიის სხდომაზე, რომ ამ ხალხთან გავიდოდით და პირადად გავიგებდით ყველა მათგანის პოზიციას. ითქვა ისიც, რომ ამ საკითხს არ უნდა მისცემოდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ შემდეგ არავინ აღარ გავიდა ამ ხალხთან სასაუბროდ“-განაცხადა შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა  „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძემ.   

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თამაზ თურმანიძის თქმით, იაფი სახლის საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო, რამაც მოსახლეობასთან შეთანხმება შეაფერხა: „ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია მერიიდან, რომ იმ ოჯახებთან, რომლებმაც მერიის შეთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადეს, სხვა პოლიტიკური ჯგუფები მუშაობდნენ, ამიტომ, 40-მა ოჯახმა  უარი განაცხადა კომპენსაციის მიღებაზე, მერია კი  მარტო მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა“.   

საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის განცხადებით, სანამ საკრებულო მერიის დადგენილების გაუქმებას მხარს დაუჭერს, აუცილებელია ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობის პოზიციის კიდევ ერთხელ გადამოწმება:

„ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა მდგომარეობაში არიან ის ოჯახები, რომლებსაც ჭერი არ აქვთ თავზე. გამოსავალი იქნება ის, რომ მერიის განკარგულება დავტოვოთ ძალაში, დეტალურად შევისწავლოთ ამ ოჯახების მდგომარეობა და მათი მოსაზრებები. შესაბამისად, ჩვენ გევქნება ადეკვატური სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე“. 

11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სახელმწიფოს სახელით განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24  თებერვალს გამოაცხადა. დარბაზში ბრალდებულის ნათესავები იმყოფებოდნენ. მოსამართლემ მსჯავრდებულს უთხრა, რომ მას აქვს უფლება, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.


ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ძალადობის მსხვერპლი გოგონა ბრალდებულის მეზობლად ცხოვრობს. 

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გოგონას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ნაცხის ანალიზის შედეგად ბრალდებულის სპერმა მცირეწლოვანის ორგანიზმში აღმოჩნდა. მტკიცებულებები, რომელიც საქმის ირგვლივ გამოძიებამ შეაგროვა, მოსამართლის ინფორმაციით, სადავო არც დაცვის მხარეს გაუხდია. ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულსაც, ის ფსიქიკურად ჯანმრთელია. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის, მას არ ჰყავს ცოლ-შვილი, იყო უმუშევარი.


მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი რამინ გვარიშვილი იცავდა, ხოლო ბრალდების მხარეს პროკურორი რამაზ შავაძე წარმოადგენდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-3 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით  მოქმედებას ნიშნავს.  „ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი.“ ეს დანაშუალი 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


შსს-ს თანამშრომლებს ინტერპოლის მონაცემთა ბაზაზე (SMV) წვდომა მიენიჭათ

 

 საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“, 2015 წლის 11 თებერვალს  ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ინტერპოლის მიერ FIND პროექტის მეშვეობით მოხდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზის (SMV) ინტეგრაცია საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.

 

დღეიდან შსს-ს საპატრულო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები საზღვრის კვეთისას, ავტომატურ რეჟიმში, მსუბუქი და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა გადამოწმებას ინტერპოლის მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზაში მოახდენენ.

 

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზას (SMV) ინტერპოლის წევრი ქვეყნები ყოველდღიურად ანახლებენ. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ბაზაში განთავსებულია 6844230 ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები.

 

აჭარის მთავრობა მშენებლობისთვის მიწას ითხოვს

„5023 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაკვეთი თამარის დასახლებაში მდებარეობს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს  ბათუმის მერიის საკუთრებას. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია სოციალური სახლის მშენებლობა, რისთვისაც 2015 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში  ოთხი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ხოლო არქიტექტურის სამსახურში შემოსულია მიწის გამოყენების სამშენებლო პირობებზე განაცხადი“ – აცხადებს გოგა ლომაძე, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი. 

გოგა ლომაძემ მთავრობაზე მიწის გადაცემის საკითხი დღეს, 24 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიას წარუდგინა. საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებს.  

გოგა ლომაძის განცხადებით, ჯერ არ არის ცნობილი, თუ რამდენი კვადრატის მშენებლობა იგეგმება და რამდენი ოჯახისთვისაა ბინები გათვალისწინებული.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, მსგავსი წინადადებები მეტ კონკრეტიკას საჭიროებს:

„გვაინტერესებს როგორი იქნება პროექტის განვითარება, არის თუ არა  საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნების ან სხვა  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაგეგმილი, რადგან ამხელა ფართობზე დასახლებულ მოსახლეობას შესაბამისი პირობები სჭირდება“.

ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, თუკი არ იქნება სრულყოფილი პროექტი წარმოდგენილი, შესაძლებელია ახალმა დასახლებამ ქალაქისთვის დამატებითი პრომლემები შექმნას.

„მიწის გადაცემის წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია დასაბუთებული ინფორმაცია შემოიტანონ“ – განაცხადეს კომისიის წევრებმა.  

კომისიაზე განაცხადეს, რომ თამარის დასახლებაში მერიამ დევნილთა და განსახლების სამინისტროსაც გადასცა მიწა, რაც საბოლოოდ, ამ ტერიტორიის ურბანული განვითარებისთვის პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. 

ირინე გივიაშვილი იშხანის რეაბილიტაციაზე, რვაფეხასა და ბათუმზე


ირინე გივიაშვილი
ირინე გივიაშვილი

ქალბატონო ირინე, რამდენი ხანია რაც ანკარაში ცხოვრობთ და რა საქმიანობით ხართ დაკავებული? თუ გაქვთ ურთიერთობა ქართულ სათვისტომოებთან, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ასეთი ორგანიზაციაა, რამდენ ადამიანს აერთიანებს, თუ ემატებათ ახალი წევრები და რა საქმიანობით არიან დაკავებული ძირითადად?

ანკარაში წელიწად-ნახევარია რაც დავბრუნდით, რადგან 2006-2010 წლებშიც აქ ვცხოვრობდით მთელი ოჯახი, ირაკლის თურქეთში პირველი მისიის დროს. ჩემი თურქეთში ცხოვრების რეჟიმი ნამდვილად არ არის ერთფეროვანი. ოცი წელია თურქეთის საზღვრებში არსებული ქართული შუა საუკუნეების არქიტექტურას ვიკვლევდი, მერე კი ისე მოხდა, რომ „ჩემს“ მემკვიდრეობასთან ერთად ერთ, საერთო საზღვრებში მოვხვდი. გარდა სამეცნიერო კვლევისა, ეს წლები ვცდილობდი ამემაღლებინა საზოგადოებებისა და მთავრობების ყურადღება ამ ობიექტების დაცვასა და პოპულარიზაციის მისაღწევად.

ელჩის მეუღლის სტატუსი ცალკე დიდი ჯაფაა, თუ ამ პასუხისმგებლობას გაიაზრებ და იტვირთებ. ანკარაში საქართველოს დიდი და ლამაზი საელჩო აქვს, ასევე გვაქვს რეზიდენცია, რომელიც თავისთავად არა ელჩის კომფორტული ცხოვრებისათვის შეიქმნა, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის სრულფასოვანი წარმოჩინება მოხდეს. ამიტომ ჩვენს საელჩოსა და რეზიდენციაში ხშირად ვუკეთებთ ორგანიზებას სხვადასხვა სახის მიღებას, გამოფენას, შეხვედრას, ოფიციალურ ვახშამს. ვმეგობრობთ ქართველ სტუდენტებთან, ასევე ჩვენს ისტორიულ დიასპორასთან. ასეთი გაერთიანება არაერთია და გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენ წევრს აერთიანებს. ერთი კი ცხადია, რომ სადაც არ წავალთ, ქართველთა შთამომავალი ყველგან გვხვდებიან, და დღეს ისინი ამას სიამაყით აღიარებენ, არ მალავენ.

რამდენადაც ვიცით, თვალყურს ადევნებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ოშკსა და იშხანში მიდის. როგორც ვიცით, კომპანია „ANFORA MIMARLIK RESTORASYON“ იყო ამით დაკავებული. საქართველოში იყო გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვერ მოხდეს ამ ძეგლების შესაბამისი რეაბილიტაცია, რა ხდება იქ ამჟამად, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და როდის უნდა დასრულდეს?

თქვენ მიერ ნახსენები ფირმა მხოლოდ პროექტირებას ახორციელებს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თურქული კანონმდებლობით სხვა, ტენდერით გამოვლენილი ფირმა აწარმოებს. იშხანში ეს პასუხისმგებლობა იკისრა ფირმამ „OSMAN GULSUM“-მ. იშხანში პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, მეორე ეტაპი გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. ვერ გეტყვით, რომ იდეალურად ჩატარდა, თავდაპირველად მუშების ამარა იყო მიშვებული. არქეოლოგია, ვფიქრობ, რომ ასევე ნაჩქარევად გაკეთდა, ყოველ შემთხვევაში სანამ მასალა არ გამომზეურდება და არ დაიბეჭდება, ეს ეჭვი იარსებებს. ასევე შეუხამებელია ქვა, რომელიც რესტავრაციის დროს იქნა გამოყენებული, სრულიად შეუფერებელია შეფერილობა, ვფიქრობ, რომ ქვის სტუქტურაც სხვაობის გამო შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მომავალში შენობის მთლიანობას. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებოდით და ჩვენს რეკომენდაციებსაც ვუგზავნიდით ჩვენს თურქ კოლეგებს. ჩვენი ეჭვი, რომ 400 დღეში ამხელა სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი იყო, გამართლდა და მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, რომ მეორე ეტაპი დაგეგმეს და ტენდერიც ჩაატარეს. იმედია ის ხარვეზები მეტ-ნაკლებად გამოსწორდება და ახალი ეტაპის სამუშაოები მეტი სიფრთხილით დაიგეგმება და განხორციელდება.

ოშკში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, დასრულდა პროექტირება. შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებდი ამ პროცესს, რომელიც დროში ორჯერ გაიწელა, ერზრუმის ძეგლთა დაცვის სამსახური დიდი პასუხისმგებლობით ექცევა ოშკის რესტავრაციის პროექტს და ასევე პროექტორი ფირმა. მომზადდა სხვადასხვა სახის კვლევა, პროექტი, მოიძებნა ის ქვის საბადო, საიდანაც ოშკის სამშენებლო ქვა იჭრებოდა თავის დროზე. საქართველოს მხარემ უანგაროდ გადასცა ყველა საარქივო ფოტო და ასევე ბატონი ივანე გრემელაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული ოშკის ხარაჩოს პროექტი. მე, ჩემდათავად, უანგაროდ დავწერე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, იმ იდეით, რომ ის ცოდნა, რაც საქართველოშია აკუმულირებული, თურქეთისთვისაც ხელმისაწვდომი გამეხადა. აქვე მინდა დავძინო, რომ საპროექტო ფირმის, „ANFORA MIMARLIK RESTORASYON“-ის არქიტექტორების ცოდნა ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურისა, სამაგალითოდ მაღალია.

ზოგადად, თურქეთში არსებული შუა საუკუნეების ქართული ძეგლების მიმართ ინტერესი დიდია. სიძველეებით უმდიდრესი თურქეთისათვის იშხნისა და ოშკის სარეაბილიტაციო ძეგლთა სიაში ჩასმა ამის დასტურია. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობით დასრულდა, ხოლო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანკარიდან ასევე ოშკისა და იშხნის მოსალოცად გაემგზავრა. ეს უნიკალური მოვლენა იყო, რადგან პატრიარქი მუფთების თანხლებით ატარებდა პარაკლისს და ტაძრები სავსე იყო ქართველი მომლოცველებითა და ადგილობრივი თურქი მოსახლეობით. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როგორც ელჩის მეუღლეს და როგორც ამ მემკვიდრეობის მკვლევარს პრეზიდენტისთვის და პატრიარქისთვის ოშკსა და იშხანში მეგზურობა და გიდობა გამეწია.

სოციალურ ქსელებში კულტურულ მემკვიდრეობას აქტიურად იცავთ. ბათუმის „რვაფეხაზე“ როგორც ვიცი ვიკიპედიაში თქვენ განათავსეთ ინფორმაცია. რამდენად ხშირად ჩამოდიხართ ბათუმში და ამ თვალსაზრისით, ვგულისხობ კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე არქიტექტურას, რა ცვლილებებია თქვენთვის ყველაზე მიუღებელი ან პირიქით, მისაღები?

ბათუმი ჩემთვის გამორჩეულად ახლობელი ქალაქია, მთელი ბავშვობა ყოველ ზაფხულს ბათუმში ვისვენებდით, ჩემი მეუღლეც ბათუმელია, ჩემი მამამთილი კი, ადერკინ კოპლატაძე ბათუმის თავი იყო 20 წელი. ბათუმს ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე, სულ სხვადასხვა მიზეზით, ბოლოს ანკარის ამერიკული არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრებისა და მეგობრების ტურის ფარგლებში ჩამოვედი.
ბათუმი ჩემს წარმოსახვაში თეთრი ქალაქი იყო, არ მომწონს, რომ ძალიან ააჭრელეს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება იტალიური სკულპტურის ჩინური რეპლიკა, არ მესმის რატომ ააშენეს „იზმირის საათის კოშკი“, არ მომწონს დისნეილენდის სტილის კოშკურები ძველ სახლებზე და ოქროსფერი გუმბათები, არ მომწონს ქვაღორღითა და ფლეთილი კლდებით შემკული და გამოქვაბულებად ქცეული კვების ობიექტები (ეს ზოგადქართული მოდაა), გრანდიოზული საცხოვრებელი სახლები სანაპიროზე, ოსმალურ სტილში მიშენებული ფასადები ორთაჯამეს უბანში, ეს ყველაფერი ძალიან ხელოვნურია. მომწონს ახალი ბულვარი, შადრევნები, ველოსიპედით სასიარულო ტრასა, იუსტიციის სახლი, შუქურის არქიტექტურის მქონე შერატონი, ძალიან მომწონს კვესიტაძის `ალი და ნინო~, პირდაპირ სხეულში ატანს… საერთოდ, კი მგონია, რომ ძველი ქალაქები ღირებულია თავისი თვითმყოფადობით და ხელოვნური და უგემოვნებო კიტჩის სანახავად ტურისტები არსად არ დადიან.

რაც შეეხება „რვაფეხას“, შეიძლება ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონებებითაც იყო ძვირფასი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ძვირფასია როგორც ხელოვნების გამორჩეული ნიმუში, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომ ნებისმიერ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბრის უფლებას ჩემი პროფესია – ხელოვნების ისტორიკოსობა და პროფესიული გამოცდილება მაძლევს.

როდესაც „რვაფეხას“ საფრთხე შეექმნა, ვიფიქრე, რომ ეს ინფორმაციის არარსებობითაც იყო გამოწვეული. ამიტომ პირველი რიგის საქმედ სტატიების ისეთ მედიუმში განთავსება გადავწყვიტე, რომელზეც ყველაზე ხშირი და დიდია წვდომა. ვიკიპედიაზე სტატიები სამ ენაზე გამოვაქვეყნე, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. რვაფეხა მართალია საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებითა ეს ანტისაბჭოური ხელოვნებაა, მეტიც ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიური არააგრესიულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით. 

გასულ წელს თურქეთში საჯარო სკოლებში, მსურველთა გარკვეული რაოდენობის შემთხვევაში, დაიშვა ქართული ენის სწავლება პროგრამით. ვიცით, რომ ერთ სკოლაში დაიწყო სწავლა, ახლა რა ხდება, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

დიახ, ქართული ენის სასკოლო პროგრამაში შეტანა დაშვებული იქნა თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ. ეს პროექტი ქართული ისტორიული დიასპორის მიერ იქნა მომზადებული და საქართველომ მადლიერების ნიშნად ამ ინიციატივის ორი ლიდერი, ქალბატონი ქევსერ რუხი და ბატონი ერდალ ქუჩუქი ოქროს საწმისის ორდენებით დააჯილდოვა. კლასი ერთ სკოლაში გაიხსნა. სოფელ ნურიოსმანიეში. კლასის გახსნა ბატონი მუსტაფა კოლატის ინიციატივით მოხდა და ის არის ამ კლასის პედაგოგიც. ბატონი მუსტაფა ღირსების ორდენით იქნა დაჯილდოვებული, რადგან მისი მცდელობით რეალობად იქცა და ხორცი შეესხა იმ დიდ პროექტს, რაც ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლობის 400-წლიანი ოცნება ყოფილა.

ირინე გივიაშვილი მეუღლესთან, ირაკლი კოპლატაძესთან ერთად
ირინე გივიაშვილი მეუღლესთან, ირაკლი კოპლატაძესთან ერთად

თქვენი, როგორც ელჩის მეუღლის აქტივობაზე მინდა გკითხოთ. რას ითვალისწინებს დიპლომატის მეუღლის საქმიანობა? არის თუ არა გარკვეული ჩარჩოები, რაც გზღუდავთ?  თუ პირიქით, ეს გეხმარებათ საქმიანობაში?

ელჩის მეუღლეობა დიდი პასუხისმგებლობა და შრომაა, თუმცა ძლიერია განცდა იმისა, რომ შენ შენს ქვეყანას, შენს კულტურას წარმოადგენ. ამდენად, სადაც არ უნდა ვიყო, იქნება ეს თურქი თუ უცხოელ დიპლომატთა საზოგადოება, კოლეგების გარემო თუ უბრალოდ მეგობარ-ნაცნობების წრე, ყოველთვის გვახსოვს, რომ შენ ხარ სახე შენი ქვეყნის. თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ აქ განსაკუთრებული პატივით გიღებენ და გხვდებიან.

ელჩის, და ზოგადად დიპლომატის მეუღლის, სტატუსი არ შეიძლება განიხილო ცალმხრივად, როგროც მედალს, მასაც ორი მხარე აქვს. რა თქმა უნდა, ის ბევრ რამეში გზღუდავს. პირველ რიგში გწყვეტს შენს მშობლიურ მხარეს, სახლს, ოჯახს, სამეგობროს, სამსახურს. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მით უფრო, რომ სანაცვლოდ მეორე მხარეს ძალიან ცოტა გხვდება. სანაცვლო შენ თავად უნდა შექმნა, მოიპოვო. საკუთარი სტატუსი კეთილი და სასარგებლო საქმეების ინსტრუმენტად უნდა აქციო.

როგორც ვიცით, გიცხოვრიათ სხვა ქვეყნებშიც, სად და ყველაზე კარგად სად გრძნობდით თავს?

სამი წელი ვიცხოვრეთ ირლანდიაში, დუბლინში, ხშირად მიწევდა ჩასვლა ინგლისსშიც. კომუნიკაციებისა და ინფორმაციის გაცვლის პირობებში თვითრეალიზება შეგიძლია გააკეთო ყველგან და ყოველთვის შეგიძლია თავი საჭიროდ ჩათვალო. თავს კი კარგად იქ იგრძნობ, სადაც შენი სახლია, სახლად კი უნდა ჩათვალო ყველა ის ადგილი, სადაც შენ ნებსით თუ უნებლიეთ ცხოვრობ. სამშობლოს გარდა ყველა ადგილი უცხოა, მაგრამ ყველა ადგილი საინტერესოა, ყველგან არიან კეთილი ადამიანები, ყველგან მოდის გაზაფხული და ყველგან არის ნადვილი კულტურული მემკვიდრეობა, რომელთა ძიებაში მოგზაურობა ჩემს პროფესიასთან ერთად ჩემი და ირაკლის ერთ-ერთი დიდი გატაცებაცაა.

გონიოს მოსახლეობა არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ელოდება

 

 

„ეს ის მიწებია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს წაგვართვეს და საკუთრების უფლება გაგვიუქმეს. 250 ოჯახი ელოდება მიწის დაბრუნებას. ველოდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას, რომ ჩვენი პრობლემა მოისმინოს და პასუხი გაგვცეს“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში გონიოს მაცხოვრებელი რამაზ ხიმშიაშვილი.   

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტის ნიშნად, გონიოს ციხესთან  ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებდნენ, რისი უფლებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. 

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ მიწაზე საკუთრება მოსახლეობას 2011 წელს ჩამოართვა. 

 

ფოტო: მანან ქველიაშვილი

უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს ახალარჩეულმა წევრმა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

 

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, არჩევმებში მონაწილე კანდიდატმა ვლადიმერ ბალაძემ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და არჩევნების შედეგები გააპროტესტა. საბჭოს უკვე არჩეულმა წევრმა კი აღნიშნული საჩივრის გამო აკადემიური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა.  

 

„საჩივარი რას შეეხებოდა, დაკონკრეტებით ვერ გეტყვით. ზოგადად, ითხოვდა არჩევნების შედეგების ბათილობას. მიაჩნდა, რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლოდ და ამის გამო ითხოვდა შედეგების ბათილობას. მოგვიანებით ვლადიმერ ბალაძემ დაწერა განცხადება და გაიხმო საჩივარი. ამიტომ საქმის წარმოება შეწყდა და  ჩვენ არსებითად საკითხი არ შეგვისწავლია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.

 

თავად ზაზა დავითაძეც, რომელმაც აკადემიური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა, მიზეზად საჩივარს ასახელებს.

 

„ჩემმა მოწინააღმდეგემ, ვლადიმერ ბალაძემ შემოიტანა საჩივარი და დააყენა ისეთი პრობლემა, რომელიც ცოტა ადრიდან მოდის და ეხება სტუდენტების თვითმმართველობის არჩევნებს. აღოჩნდა, რომ თვითმმართველობაში გარკვეული რაოდენობის სტუდენტები ითვლებიან არალეგიტიმურად, იმიტომ, რომ დოკუმენტები მათი არჩევის შესახებ არაა სრულყოფილი. მე შემეძლო უარი არ მეთქვა აკადემიური საბჭოს წევრობაზე, მაგრამ ეს იქნებოდა საფუძველი იმის, რომ უნივერსიტეტში  სხვადასხვა პრობლემა გაჩენილიყო. პრობლემები ხელს შეუშლიდა უნივერსიტეტის გამართულ მუშაობას. აქედან გამომდინარე, ჩემი, ერთი კაცის ინტერესებს ვარჩიე, რომ უნივერსიტეტში პრობლემები არ წარმოშობილიყო,“ -ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზაზა დავითაძე.

 

ზაზა დავითაძემ არჩევნებში 16 ხმით გაიმარჯვა, 14 ხმა მიიღო მისმა კონკურენტმა ვლადიმერ ბალაძემ, საბჭოს წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, იაშა დიასამიძემ კი საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა.

 

უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში თითო წარმომადგენელია. საბჭო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის წევრებსაც ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები ირჩევენ ფარული კენჭისყრით. საბჭო ოთხი წლის ვადით ირჩევა და ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს, ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვაში და ასე შემდეგ.

 

გაიმართება თუ არა ახალი არჩევნები აკადემიური საბჭოს ახალი წევრის ასარჩევად? გიორგი დიასამიძის თქმით, ახალი არჩევნების გამოცხადება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრეროგატივაა და, შესაბამისად, მასზეა დამოკიდებული დაინიშნება თუ არა არჩევნები. ამასთან, აკადემიურ საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია, დააკმაყოფილებს თუ არა ზაზა დავითაძის განცხადებას. 

ვაკანსიები ბიზნესის სასწავლო ცენტრში



სასტუმრო საქმისმწარმოებელი – III, IV ,V საფეხური;

ბუღალტერი – III, IV ,V საფეხური;

გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.) – III საფეხური;

კორესპონდენტი – III საფეხური;

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის (AutoCad) ოპერატორი – III საფეხური;

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი – II საფეხური;

მცირე ბიზნესის მწარმოებლის IV საფეხური;

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) III, IV საფეხური;


საკონკურსო მოთხოვნები:

 

პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები. 

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

სასტუმრო საქმისმწარმოებლის III, IV და V საფეხურის პრაქტიკის მასწავლებლისადმი წაყენებული მოთხოვნებია: დიდ სასტუმროში პრაქტიკოს მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;

 

ან/და სასტუმრო საქმისმწარმოებლის IV (I – III საფეხური) და V (IV – V საფეხური) საფეხურის პროფესიული დიპლომი;

 

კომპიუტერულისაინჟინრო გრაფიკის (AutoCad) ოპერატორის პრაქტიკის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

 


დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა:


2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა, 13:00-დან 17:00 სთ-მდე.

კონკურსი ჩატარდება საბუთების მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში, კონკურსი ჩატარდება გასაუბრების წესით.

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:


– განცხადება (ივსება ადგილზე);

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– 2 ფოტო სურათი ¾-ზე;

– კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

– პროფესიული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთვევაში);

– რეზიუმე (C.V.)

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა №116 ტელეფონი: 272479

ელექტრონული ფოსტა: businesseducenter@gmail.com 


ჯარიმა არადეკლარირებული ოქროსა და ავტონაწილების გამო

 

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე შემოვიდა საქართველოს მოქალაქე მ. ხ., რომელსაც აღმოაჩნდა 9 ცალი არადეკლარირებული  ოქროს ყელსაბამი (62,05გრ), ასევე, მობილური ტელეფონი IPHONE – 2 ცალი და     SAMSUNG GALAXY win – 2 ცალი.

 

22 თებერვალს სგპ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა ავტობუსი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ს. ი. . ავტობუსის ინსპექტირების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ავტომანქანის ნაწილები. 

 

ორივე კანონდამრღვევს, სსკ-ის 289 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესამაბისად, 3798,55 და 3966,67 ლარის ოდენობით.

 

 

105 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაქვში

 

 Dreamland Oasis-ის მშენებლობის პროცესი დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრმა დავით ბალაძემ დაათვალიერა.  

პროექტის მიხედვით 8 ჰექტარზე ორი სასტუმრო კომპლექსი, აპარტოტელები, სხვადასხვა გასართობი ცენტრები, ბოულინგ ცენტრი, რესტორნები, ღია და დახურული კაფეები, აუზები და სხვა ობიექტები განთავსდება.

 

დღეისათვის ჩაქვში ორი 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ასევე 11 ოთხსართულიანი აპარტოტელის მშენებლობა. აპარტოტელებში სულ 232 აპარტამენტი განთავსდება.

 

პროექტის ფარგლებში 300 ადამიანია დასაქმებული. „Dreamland Oasis“- ის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

 

როგორ ცხოვრობს სამშობიარო სახლში გარდაცვლილი 28 წლის ქალის ოჯახი

ნადიმ ცეცხლაძე შვილებთან და დედასთან ერთად
ნადიმ ცეცხლაძე შვილებთან და დედასთან ერთად

ანრის და-ძმები, 9 წლის ნინო, 4 წლის ლიზი და წლის და ოთხი თვის გეგა მამასთან ერთად ბათუმში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. ნაქირავებ ბინაში შეშის ღუმელი, ერთი საწოლი, ტახტი, მუშამბაგადაფარებული მაგიდა და ვიწრო კარადა დგას. ოთხი შვილის მამა და ოჯახის უფროსი ნადიმ ცეცხლაძე 30 წლისაა. ხელში გეგა ჰყავს და მის დაწყნარებას ცდილობს. საღამო ახლოვდება, ნადიმი სამსახურში უნდა წავიდეს, საიდანაც სახლში გამთენიისას დაბრუნდება, ბავშვები კი ბებიასთან, ნადიმის დედასთან დარჩებიან. ჯერჯერობით ასეა, რა იქნება შემდეგ, არ იციან, ბებია სოფელში უნდა დაბრუნდეს, თაგოში, სადაც ცეცხლაძეების ოთხოთახიან სახლში ნადიმის ძმები ცხოვრობენ ოჯახებით.

 

ნადიმის მეუღლე, 28 წლის ნათია ერთი კვირის წინ დაკრძალეს სოფელ თაგოში. ნათია ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაიცვალა მშობიარობის შემდეგ. გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი ანემია იყო, რომლის მკურნალობა დროულად ვერ მოხდა. ნადიმს მეუღლეზე საუბარი უჭირს. „გვირჩევდნენ ექიმები ჰემატოლოგთან წასვლას. საავადმყოფოში ხელი მოვაწერე საბუთს, რომ სამშაბათს წავიდოდი, 19-20 თებერვალს იყო მშობიარობის დრო. ხელფასს ველოდებოდი. ვერ წახვალ უფულოდ, მიხვალ – ფული გინდა, მერე წამლებს გამოგიწერენ – იქაც ფული გინდა. თანხის გამოც იყო, რა მაქვს დასამალი. დახმარება მე არ მქონდა და სხვა, მას არა აქვს და შენ როგორ დაგეხმარება. დღეს მივიდეთ, ვნახავ ფულს, ხვალ მივიდეთ… და მარტო ეს ხომ არ არის, ბავშვებია, ჭამაა საჭირო, ჩაცმა, ყველაფერი თანხაზეა დამოკიდებული. დამხმარება მე არ მქონდა და ჩემი შრომით რასაც ვნახულობდი, ეს იყო“, – ამბობს ნადიმი.

 

რამდენიმე წლის წინ ნადიმს შვიდი თვის ტყუპი ბავშვები დაეღუპა. „შვიდი თვის ასაკში გამომაკლდნენ. ერთისთვის 8 თვის ასაკში უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია სწორ ნაწლავზე, მეორე წელქვემოთ მოწყვეტილი იყო, ჯერ ერთი გარდაიცვალა, ათი დღის მერე – მეორე. ჩემი დღე და მოსწრება, სულ ექიმებთან ვარ, სულ საავადმყოფოში“, – ხელებს დაჰყურებს ნადიმი.

 

დაახლოებით ორი წლის წინ ნადიმი თავადაც იწვა ტუბსაავადმყოფოში. იმკურნალა, თუმცა მას შემდეგ ექიმთან არ მისულა: „სიმართლე გითხრათ, არც მინდა მისვლა, ცუდი რამე რომ მითხრან, უნდა დავწვე და შვილებს მერე ვინ უნდა მიხედოს?!“

 

ნადიმი 21 წლის დაქორწინდა, თანასოფლელი გოგონა შეირთო ცოლად. თაგოში, ხულოში მდებარე სოფელში, რომელიც გარესამყაროს ძირითადად საბაგირო გზით უკავშირდება, ნადიმის მშობლები და ოთხი ძმა პატარა სახლში ცხოვრობენ, საყანე ნაკვეთმა ყველა უნდა არჩინოს, ამიტომ ნადიმი სოფლიდან წამოვიდა. ჯერ წალკაში ცხოვრობდა, თუმცა ბერძენი მეპატრონისგან სახლის შესყიდვა ვერც მან შეძლო, არც სახელმწიფო დაეხმარა და ბათუმში ჩამოვიდა. იქედან მოყოლებული მუშაობს და ქირით ინახავს ოჯახს. ხან თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, ხან ბათუმში მუშაობდა დროებით სამუშაოებზე, მშენებლობებზე. ჯარში უნდოდა სამუშაოდ წასვლა, თუმცა გორში უარი უთხრეს, ფილტვის პრობლემა გაქვსო: „გაციებული ვიყავი, თურქეთში გავცივდი თუ სხვაგან არ ვიცი, 24 წლის ვიყავი მაშინ. მინდოდა წასვლა ჯარში, ჩემი ოჯახისთვის მივდიოდი იქ პირველ რიგში.“

 

სიდუხჭირის მიუხედავად, ცეცხლაძეების ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს. ნადიმი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის დახმარების სათხოვნელად არ მიუმართავს, თავისი შრომით ცდილობდა გამკლავებოდა პრობლემებს. ყველაზე ძვირადღირებული ნივთი ოჯახში სარეცხი მანქანაა, რომელიც ოჯახმა განვადებით შეიძინა და ჯერ ისევ იხდიან კრედიტს.

 

რა იქნება ახლა, ნადიმმა არ იცის. არ იცის როგორ მოუვლის ბავშვებს, როგორ უზრუნველყოფს სოფელში პატარა ანრის კვებას, რა იქნება მას შემდეგ, რაც აპრილში სამსახურში კონტრაქტის ვადა ამოეწურება და თავიდან უნდა დაიწყოს სამუშაოს ძებნა. „მივყვები ცხოვრების დინებას. ხედავთ, რომ ნაქირავებში ვცხოვრობ, ბინა მე არ მაქვს. ფიზიკურად მძიმე სამუშაოზე არ შემიძლია რომ ვიმუშაო, მძიმეს აწევა არ შეიძლება, გადატვირთვა, მაგრამ რა ვქნა. შვილებსაც რაღაც მომავალი უნდა მისცე, ხომ?! რა ვიცი, ღმერთია ზემოდან!“

 

 

ცეცხლაძეების ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციას.

აჭარის საავადმყოფოებმა 40 295 პაციენტი მიიღეს [ინფოგრაფიკა]

 

მთლიანობაში ბათუმის საავადმყოფოების სტაციონარს 36 383-მა პაციენტმა მიმართა, ქობულეთში – 2752-მა, ქედაში – 374-მა, შუახევში – 151-მა, ხულოში კი 595-მა პაციენტმა.

 

პაციენტების ყველაზე დიდი რაოდენობა, საწოლების პროფილების მიხედვით, ქირურგიული პროფილით დაფიქსირდა, სადაც პაციენტების რაოდენობა 7669-ს შეადგენს, აქედან 1226 ბავშვია;

 

რაოდენობით მეორე ადგილზეა მელოგინები და მშობიარეები (გარდა ორსულთა პათოლოგიისა) – 6413 პაციენტი; შემდეგ მოდის პაციენტები გინეკოლოგიური პათოლოგიებით – 3782; პედიატრიული (სომატური) – 3652 პაციენტი; თერაპიული – 3282 პაციენტი; კარდიოლოგიური – 2993 პაციენტი; სხვა დანარჩენი პაციენტები (მოზრდილები) – 2930; ონკოლოგიური პაციენტები – 1632 და რეანიმაციის პაციენტები (მოზრდილები) –1621.   

 

 

 

 

გაბიონი, რომელიც ვერ შენდება

 

ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე 65 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიმაღლის გაბიონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით, კომპანია „იბერია-ჯ“-ს უნდა გაეკეთებინა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან გაბიონის მოწყობაზე ხელშეკრულება გასული წლის თებერვალში 480 000 ლარზე გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ დამცავი კედლის მშენებლობა ხელშეკრულებით წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, აქ სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში შეჩერდა და მას შემდეგ აღარ განახლებულა.

 

რა გახდა დამცავი კედლის მშენებლობის შეჩერების რეალური მიზეზი ხულოში და როდის დასრულდება სამუშაოები? – ამ კითხვით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსს, ზურაბ სიხარულიძეს მივმართეთ. სატელეფონო საუბარში ზურაბ სიხარულიძემ გვითხრა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაბიონის მშენებელი კომპანიის დირექტორისგან მივიღებდით.

 

კომპანიის დირექტორის ჯუმბერ პაქსაძის განცხადებით, გაბიონის მშენებლობის შეჩერება მიწის მესაკუთრის მხრიდან შექმნილმა წინააღმდეგობამ განაპირობა. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებულ 65 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიმაღლის დამცავი კედლიდან ამ დროისთვის მხოლოდ 30 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრის სიმაღლის კედელია გაკეთებული. მშენებელი დასძენს, რომ სახელმწიფო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო უახლოეს მომავალში გამოიტანს.

 

„მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაბიონი უნდა გაგვეკეთებინა, კერძო საკუთრებაა. მესაკუთრემ კი მშენებლობის გაგრძელების უფლება არ მოგვცა. მშენებლობის გაგრძელებისთვის 950 კვადრატული მეტრი მიწის გამოსყიდვაა საჭირო. საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ვიცი, სამართლოშია საქმე განსახილველად და გადაწყვეტილების გამოტანას ველოდებით. როგორც კი გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, იმ დღიდან განვაახლებთ სამუშაოებს.

გაბიონს თანამედროვე ტექნოლოგიების მასალებით ვაკეთებთ, ყველა მასალა მზად გვაქვს, დასაწყობებულია. როგორც კი დავიწყებთ მუშაობას, თვენახევარში დასრულდება გაბიონის მშენებლობა“, – განაცხადა ჯუმბერ პაქსაძემ.

 

კითხვაზე, რატომ დაიწყო კომპანიამ გაბიონის მშენებლობა კერძო მესაკუთრის მიწაზე, ვიდრე მშენებლობის დამკვეთსა და მესაკუთრეს შორის ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა, ჯუმბერ პაქსაძე პასუხობს:

 

„ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდე მიწის მესაკუთრესთან სიტყვიერად შევთანხმდით, რომ მიწაში დეპარტამენტი 15 000 ლარს გადაუხდიდა. თანხა რომ ჩარიცხვოდა, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო. ჩვენ მუშაობა ხელშეკრულების გაფორმებამდე დავიწყეთ, მიწის მფლობელმა კი შემდეგ სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია და  950 კვადრტულ მიწაში სამმაგი თანხა მოითხოვა. მის მოთხოვნაზე ვერ შევთანხმდით, სწორედ ეს გახდა მუშაობის შეწყვეტის მიზეზი“.

 

თავის მხრივ, კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს მიწის მესაკუთრე ნელი დიასამიძე, ის ამბობს, რომ გაბიონის მშენებლობა მას არ შეუჩერებია, კომპანიამ კი შეთანხმება დაარღვია, კუთვნილი 15 000 ლარი არ ჩაურიცხა, მრავალწლოვანი ხეები გაჩეხა და საკარმიდამო ადგილი გაუნადგურა, რის სანაცვლოდაც ის კომპენსაციას ითხოვს.

 

„არანაირი თანხა არ მიმიღია, მიწა ჩემი კუთვნილებაა და ახლა აღარ ვაძლევ. თავდაპირველად მოლაპარაკება 15 000 ლარზე იყო, თუმცა არ მომცეს, მერე 13 000 ლარზე ჩამოვიდნენ. ახლა 45 000 ლარს ვითხოვ. ერთ წელზე მეტია რა დღეში ვარ, გადათხარეს საკარმიდამო ნაკვეთი და ეზო-კარი, გაჩეხეს ხეხილი, კომპენსაცია მხოლოდ ამისთვის მეკუთვნის, არ ვიცი ვინ რას ამბობს, მაგრამ რაც შეეხება სამუშაოებს, მე არ შემიჩერებია, არ ვიცი რატომ შეაჩერეს“, – ამბობს ნანული დიასამიძე.

 

„სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს, თუ რამდენი ძირი ხე იყო იმ ადგილზე, ამასთან დაკავშირებით აქტია შედგენილი.  მესაკუთრეს, როგორც მიწის, ასევე ხეხილის ნარგავების კომპენსაცია აუნაზღაურდება“, – აცხადებს ჯამბულ პაქსაძე.

 

კომპანიის დირექტორი იმედოვნებს, რომ გაბიონზე სამუშაოებს მარტში განაახლებენ.

 

 

ჰესი, გახიზნულები და დაკარგული წყალი სოფელში

სოფელ დიაკონიძეებში ამბობენ, რომ საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარები შუახევი ჰესის სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება

სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები თამაზ ანანიძის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ნაწილი 29 დეკემბერს ჩაინგრა, ნახევრად ჩანგრეულ იატაკზე მორყეული თარო და მწყობრიდან გამოსული მაცივარი იქვე აგდია. პირველადი საჭიროების ნივთები ოჯახმა მაშველების დახმარებით იმავე დღეს გამოიტანა, დარჩენილი ნივთების გამოტანას ოჯახი სახლის ჩამონგრევის შიშით ვერ ახერხებს.

უსახლკაროდ დარჩენილი ანანიძეები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეზობლის სახლში დააბინავა.

„დღის პირველი საათი იქნებოდა, როცა სახლი გაექანა. მიწისძვრა მეგონა. სამზარეულოდან ნგრევის ხმა შემომესმა, უცებ შევიხედე, დავინახე ჩანგრეულ იატაკში თაროები ცვიოდა, სარეცხი მანქანა გახსნილ იატაკში რომ არ ჩავარდნილიყო, ხელით ჩავებღაუჭე, მინდოდა გადამერჩინა, თურქეთში ნაგროვები ფულით მქონდა ნაყიდი და შემენანა. უცებ მაღალ ხმაზე გაიტკაცუნა, ვიყვირე დამეხმარეთ-მეთქი და გარეთ გამოვვარდი. სარეცხი მანქანა დამიზიანდა, სამზარეულოს ავეჯი დაიმტვრა, მაგრამ არ ვჩივი, მთავარია მე გადავრჩი“, – ყვება დიასახლისი მაგული ანანიძე და დასძენს, რომ „სახლში ცხოვრება შეუძლებელია“. `ხელისუფლებამ მეზობლის სახლში გადამიყვანა და ქირას – 200 ლარს მიხდის, მაგრამ სხვის სახლში რამდენ ხანს ვიყო? ეს ჩემი მიწაა, 34 წელია აქ ვცხოვრობ, გლეხი ვარ, თავს მიწაზე შრომით ვირჩენ, შეიძლება სხვისთვის არაფერია ჩემი ხის სახლი, მაგრამ ჩემთვის სასახლე იყო“, – ამბობს ატირებული ქალი.

ანანიძეების გარდა სახლის მიტოვება სოლომონიძის  ხუთსულიან ოჯახსაც მოუწია. თემურ სოლომონიძემ მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი ოჯახთან ერთად ერთი თვის წინ დატოვა და საკუთარი საცხოვრებლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მიქელაძეების ოჯახში გადაბარგდა, ამ ოჯახსაც ხელისუფლება უხდის საცხოვრებლის ქირას. სოლომონიძეები საკუთარი სახლს დღეში სამჯერ სტუმრობენ – მთავარი მიზეზი ოჯახის მარჩენალი მეწველი ძროხაა, რომლის მოსავლელად თემური ცოლთან ერთად ყოველ დღეს მინიმუმ 5 კილომეტრს გადის.

როგორც თემური გვიყვება, დახმარებისთვის ხელისუფლებასა და გვირაბის მშენებელ კომპანიას წერილობით მიმართა.

„გვირაბის მშენებლობა დაიწყეს თუ არა, სახლმა ფორმა შეიცვალა, არც კარები იხურებოდა, არც ფანჯრები, ბოლოს ისე გადაიხარა, რომ სახლში ყოფნა გვეშინოდა. ყველას მივმართე, რომ ენახათ რა მდგომარეობაში გვიწევდა ცხოვრება. კომპანიიდან მოვიდნენ, აპარატი დააყენეს და აფეთქების სიმძლავრე გაზომეს, იმ დროს ისეთი დაბალი აფეთქება იყო, ვერც ვიგრძენი. მითხრეს, რომ ეს მათი ბრალი არ იყო და პასუხისმგებლობაც არ აიღეს. შემდეგ გამგეობიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია, მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, სხვაგან გადადით, ქირას ჩვენ გადაგიხდითო. წასასვლელი რომ არ მქონდა, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მეზობელთან გადავედი. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ პატარაა, ორ ოჯახს არ გვყოფნის, არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნებით ასე. ჩვენ გადავედით, მაგრამ საქონელი სად წამეყვანა“, – ამბობს თემური და მიტოვებულ სახლს მაჩვენებს.

თემურის ყოფილ საცხოვრებელ სახლთან მისვლამდე, სოფლის გზაზე თამაზ სოლომონიძის ოჯახი ცხოვრობს, თამაზის ოჯახსაც პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა სოფელში აფეთქებები დაიწყეს. თამაზი ამბობს, რომ სახლის საძირკველი მოირყა, სასმელი წყალი მოუწყდა და წყალი კასრებით დააქვს.

„ერთ თვეზე მეტია აღარ გვაქვს წყალი, გარდა სახლისა, წყალი ბოსელში მჭირდება, 5 ძროხა მყავს და მხოლოდ პირუტყვისთვის მინიმუმ 10 ვედრო წყალი უნდა მოვზიდო. წყალი სახლს ქვემოთ, 300 მეტრში გამოდის, მაგრამ იქედან ვერ ამოიყვან. კომპანიას მივმართე მოსულიყვნენ და ენახათ რა მდგომარეობაში ვიყავით, მოვიდნენ, შეამოწმეს, წყალზე პასუხისმგებლობა აიღეს, მოვიყვანთო გვითხრეს. თუმცა დღემდე ველოდებით“, – ამბობს თამაზი.

თამაზის მეუღლე, მაყვალა ყვება, რომ აფეთქების სიმძლავრის გამო სამზარეულოში დალაგებული ჭურჭელი გადმოცვივდა. „ადრე აფეთქებისას სახლში ვერ ვჩერდებოდი, მეშინოდა. მერე შევეჩვიე“,  იგონებს მაყვალა.

სასმელი წყლისა და საძირკველმორყეული სახლის გარდა ამ ოჯახის მთავარი საფიქრალი სახლთან ახლოს გაჩენილი უზარმაზარი ნაპრალია.

„სახლიდან 50 მეტრში ნაპრალი გაჩნდა, მეშინია არ ჩამოიშალოს და არ წაგვლეკოს, გეოლოგებიც მოვიდნენ და კომპანიის წარმომადგენლებიც. მითხრეს კიდევ მოვალთო, მაგრამ მერე აღარავინ მინახავს“, – ამბობს თამაზი.

დიაკონიძეებში მცხოვრები ნაზი ანანიძეც მათ პრობლემას გვირაბის მშენებლობას უკავშირებს. მისი თქმით, სახლის გვერდით მეწყერი ყველა გაწვიმებისას ვითარდება.

„სახლს მცირე ბზარები გაუჩნდა, თუ გაგრძელდება აფეთქებები, ბზარები გაიზრდება და ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავვარდებით, როგორშიც მეზობლები აღმოჩნდნენ. ვინმემ მოგვხედოს. სახლის გვერდით კედელია მომდგარი, წელს ბევრჯერ ჩამოიშალა, გავიტან ჩამოსულ მასას, ისევ ჩამოიშლება. გაწვიმდება თუ არა, შიშისგან ვეღარ გვძინავს,“ – ამბობს ნაზი ანანიძე.

თემურ ანანიძე, რომელიც სოფლის რწმუნებული იყო, სოფლის გეოლოგიურ მდგრადობაზე საუბრობს: „გვირაბის მშენებლობის პროცესში ანანიძეების უბანში მცხოვრებ 14 ოჯახს წყალი შეგვიწყდა. სოფლის მეორე ნაწილში დროებით მცხოვრები ოჯახებიდან წყალი გადმოვიყვანეთ, მაგრამ როცა გაზაფხულზე ხვნა-თესვის დროს დროებითი მცხოვრებლები სოფელს დაუბრუნდებიან, მერე რა ვქნათ? წყალი, რომელსაც ვსარგებლობდით, ადგილზე გამოდიოდა, იქვე ავზი გვქონდა მოწყობილი, სასმელადაც და სარწყავადაც ვიყენებდით, მაგრამ ახლა წყალი დაიკარგა. მოსახლეობამ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე მშენებელ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიასთან“ მემორანდუმი გავაფორმეთ, რომლის თანახმად კომპანია ვალდებულია წყლის პრობლემა მოგვიგვაროს“, – ამბობს თემური.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე აცხადებს, რომ კომპანია სოფელში განვითარებულ პროცესებს გვირაბის მშენებლობას არ უკავშირებს. გამგებლის თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას, მანამდე კი დაზარალებული ოჯახების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი იღებს:

„კომპანიას აქვს დოკუმენტები, სადაც სწერია, რომ სოფელში განვითარებული პროცესები ჰესების მშენებლობას არ უკავშირდება. თუ გეოლოგიური დასკვნით გამოვლინდება, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, მაშინ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, უსაფრთხო გარემო შეუქმნას ამ ორ ოჯახს, მაგრამ თუ სოფელში განვითარებული პროცესები დაუკავშირდება ჰესების მშენებლობას, კომპანია ვალდებულია შესაბამისი რეაგირება მყისიერად მოახდინოს“.

სოფელ დიაკონიძეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პოზიციის გაგება „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

რა ღირს ბათუმის განათება

მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, „აჭარგანათებამ“ ბათუმში გარე განათების 17 082 წერტის მოვლა-პატრონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის შენობების ფასადების განათებებისაც. როგორც ბათუმის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი, დავით ბახტაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, ამ ფასში შედის ერთი წლის მანძილზე გარე განათების წერტების მოვლა-პატრონობა და ქუჩების, ეზოებისა და შენობების განათების უზრუნველყოფა – ყველა ხარჯი, გარდა ელექტროენერგიის ღირებულებისა.

ბათუმის ქუჩების, ეზოების, ძეგლებისა და შენობების განათებისთვის მერია ენერგოკომპანიას ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონ ლარს უხდის, თუმცა ამ თანხაში არ შედის, მაგალითად, ბათუმის ბულვარის განათების ხარჯი. ბათუმის ბულვარი არა მერიიდან, არამედ აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ ბულვარის განათებისთვის გადახდილი თანხა ყოველწლიურად თითქმის ერთი და იგივე რაოდენობისაა და დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს: „ბულვარის ზოლი მთლიანად შვიდი კილომეტრია, ალი და ნინოს ქანდაკებიდან – ახალ ბულვარში, ამფითეატრამდე. ამ ტერიტორიის განათების ხარჯებს ვიღებთ ჩვენ. 296 ათასი ლარი იყო შარშან ბულვარის განათებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის თანხა. წინა წლის მონაცემების მიხედვით ხდება დაანგარიშება, 300 ათასი ლარი ჯდება რეალურად. რაც შეეხება ნათურის შეცვლას და ასე შემდეგ, ამას აკეთებს „აჭარგანათება“, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში“.

რაც შეეხება ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარებს, გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ისინი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ შენობის განათებას.

გასულ წელს 22 292 ლარი გადაიხადა მხოლოდ ანბანის კოშკის განათებისთვის ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, რომელსაც ქალაქში ანბანის კოშკის, პირსისა და ცენტრალურ ქუჩებში სარეკლამო მონიტორების მართვა ევალება. სააგენტოს ეკონომისტი, ვაჟა მეგრელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება სეზონზეა დამოკიდებული: „ეს არის სენსორული განათება, რომელიც ირთვება თავისით [დამოკიდებულია დღის შუქზე], ამიტომ ყოველ თვეში ელექტროენერგიის გადასახადი ერთი და იგივე თანხა არ მოდის,  საშუალოდ 2100 ლარია თვეში. კოშკის მომსახურება კი მთლიანობაში, თავისი ელექტროენერგიითა და კომუნალური ხარჯებით, 70 ათასი ლარი ჯდება წელიწადში.“

სააგენტო თანხას იხდის სარეკლამო მონიტორების შენახვასა და განათებაშიც. გასულ წელს სარეკლამო მონიტორების გაქირავებით სააგენტოში 37 ათასი ლარი შევიდა, თუმცა ამ თანხით სარეკლამო მონიტორებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც კი ვერ მოხერხდა, იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორების მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგებაში სააგენტო დაახლოებით 4 500 ლარს იხდის თვეში, ანუ გასულ წელს დაახლოებით 54 ათასი ლარი დაიხარჯა ხუთი სარეკლამო მონიტორის განათებისთვის. მონიტორზე ერთი წუთით რეკლამის განთავსება 1 ლარი და 45 თეთრი ღირს.

რაც შეეხება ბათუმის პირსს, იგი იჯარითაა გაცემული და მის განათებაზე სააგენტო არ ზრუნავს, იგი ობიექტს მხოლოდ ზედამხედველობას უწევს.

რუსთაველის ქუჩა

ბათუმის განათებისთვის ცალკე ხარჯებია გათვალისწინებული შობა-ახალი წლის დღეებში. ქალაქის ქუჩებისა და შენობების საახალწლოდ მორთვისათვის ტენდერს მერია ყოველწლიურად აცხადებს. შარშან ტენდერში გამარჯვებული „აჭარგანათება“ იყო, რომელსაც მერიამ ქალაქის მორთვისათვის 200 ათასი ლარი გადაუხადა.

წლის დასაწყისში „ბათუმელებმა“ ვებგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა თემაზე – მოგეწონათ თუ არა საახალწლოდ მორთული ბათუმი, რომელშიც 108 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან უმრავლესობამ, 68 პროცენტმა, უპასუხა, რომ „არა“, გამოკითხულთა 15 პროცენტს საახალწოდ მორთული ბათუმი მოეწონა, 12-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ „ადრე უკეთესი იყო“; სამ პროცენტს კი ამ საკითხთან მიმართებაში პოზიცია არ ჰქონდა.

 

 

რას ყიდიან ყოფილი ხელისუფლების წევრები

სპეციალური გაყიდვების გვერდზე თუ მიუთითებთ გასაყიდ ქონებას ბათუმში, რომლის ღირებულება არის 100 ათასიდან ხუთ მილიონამდე დოლარი, შვიდი გასაყიდი ობიექტის შესახებ მონაცემებს მიიღებთ. მათ შორის არის „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“.

„ერთადერთი უნიკალური ადგილია დარჩენილი ბულვარის ტერიტორიაზე. არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს 1168 კვ.მ შენობა-ნაგებობა. მიწა მდებარეობს ბულვარში, კემპინსკისთან“, – ეს განცხადება ქონების ამჟამინდელ მეპატრონეს ეკუთვნის. ბულვარში მდებარე „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“, ანუ პროფკავშირების ქონება, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს გაყიდა. მყიდველი იყო რუსეთის მოქალაქე, 19 წლის ვიოლეტა ბეჭვაია. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც არაერთი ინფორმირებული ადამიანი, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ოფიციალურადაც ადასტურებს, ბულვარში ქონების რეალური მესაკუთრე გახდა დეპუტატი ლევან ქარდავა.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია რა ნათესაური კავშირი აქვს ვიოლეტა ბეჭვაიას დეპუტატ ლევან ქარდავასთან. ცესკოს ამომრჩევლების სიის მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ვიოლეტა ბეჭვაია და ლევან ქარდავა ერთსა და იმავე მისამართზე არიან დარეგისტრირებულები (ლევან ქარდავა – საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კიდევ ერთ სკანდალურ გარიგებასთან ასოცირდება – სწორედ მან იყიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ტელეარხ 25-ის“ წილები. ამ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ როგორც არხის ყოფილი მესაკუთრეები, ისე ლევან ქარდავა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლევან ქარდავამ ტელევიზიის წილები ისევ უკან დააბრუნა – ავტ.).

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“ მესაკუთრემ 2013 წლის 18 თებერვალს ანუ ბოლო საპარლამეტო არჩევნებიდან ოთხ თვეში გაყიდა. უცნობია რა ფასად, რადგან დეპუტატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ვიოლეტა ბეჭვაიას სახელზე დარეგისტრირებულ ტელეფონზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ მისამართზე ვიოლეტა ბეჭვაია არ ცხოვრობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკის“ მფლობელი 2013 წელს ვიოლეტა ბეჭვაიასთან ერთად გახდა ნოდარ გეორგაძეც.

ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებით, ცოტა მოგვიანებით, 2014 წლის ივნისში, ვიოლეტა ბეჭვაიას დარჩენილი წილების მფლობელი უკვე ამირან გეორგაძე ხდება. სწორედ ეს ახალი მფლობელები ყიდიან „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ 5 000 000 დოლარად.

პირადი ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი მფლობელები საქართველოს მოქალაქეები არ უნდა იყვნენ. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღნიშნული ქონება იპოთეკითაც არის დატვირთული.

„ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ პირველ გაყიდვამდე ჰყავდა აქციონერები. მაშინ აქციონერები ითხოვდნენ, რომ თვითონ იყიდდნენ ქონებას საბალანსო ღირებულებით. საპროტესტო აქციების მიუხედავად, მათ ამის უფლება არ მისცეს.

გაყიდვიდან დღემდე ქონებას უვლის ყოფილი დირექტორი ნუგზარ თედორაძე. ის ამბობს, რომ ლევან ქარდავას ადვოკატთან, სანდრო ექიზაშვილთან გასულ კვირასაც ჰქონდა კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ წლებია თვითონ იხდის ელექტროენერგიის გადასახადს და არც შენობის მოვლისთვის გადაუხდიათ მისთვის თანხა. „რატომ დაუკავშირდით ლევან ქარდავას ადვოკატს, თუ ქონება, რომელსაც თქვენ უვლით, არის არა ლევან ქარდავასი, არამედ სხვისი საკუთრება? – ამ კითხვის პასუხად ნუგზარ თედორაძე ამბობს, რომ მას ყოველთვის მხოლოდ ადვოკატთან ჰქონდა ურთიერთობა: „მე ვიცი, რომ ქონება იყიდა ლევან ქარდავამ. მერე ითქვა, რომ მან ეს პოლიკლინიკა გაყიდა, მაგრამ მე მანამდეც და ახლაც კავშირი მქონდა სანდროსთან. ახლაც რომ დავურეკე, მითხრა, რომ ეტყვის ბატონ ლევან ქარდავას ჩემ შესახებ“.

ნუგზარ თედორაძეს იმედი აქვს, რომ ლევან ქარდავა აუნაზღაურებს როგორც საკუთარი ჯიბიდან გადახდილ ელექტროენერგიის საფასურს, ასევე „ცოტა წილსაც მისცემს ამ ქონებიდან, რადგან ამდენი წელია სრულიად უანგაროდ უვლის ქონებას“.

რა პირობით და რა ფასად იყიდა ლევან ქარდავამ საკურორტო პოლიკლინიკა ბათუმის ბულვარში, რის გაკეთებას გეგმავდა ბულვარში საკურორტო პოლიკლინიკის ნაცვლად ან რატომ გადაწყვიტა ქონების გაყიდვა? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ როგორც ნუგზარ თედორაძე უწოდებს, ლევან ქარდავას იურისტს, ალექსანდრე ექიზაშვილს მიმართა. მან თქვა, რომ ამ ქონების ყიდვის შემდეგ დიდი დრო გავიდა და არ ახსოვს პირობების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, დოკუმენტებში ჩახედვის გარეშე არ შეუძლია საუბარი. სანდრო ექიზაშვილი „ბათუმელებს“ დაჰპირდა, რომ ყველა კითხვას უპასუხებს წერილობით.

ბათუმის ბულვარში მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის შენობა 5 000 000 დოლარად იყიდება. ქონების არაოფიციალური მფლობელი პარლამენტარი ლევან ქარდავაა

იმავე ვებპორტალზე, სადაც ძვირადღირებული გასაყიდი ქონების ჩამონათვალია, წერია, რომ ბათუმის ბულვარში კიდევ ორი ქონება იყიდება.

„იყიდება კომერციული ფართი 300 კვ.მ ბათუმის ბულვარში. შენობა არის ბულვარის შუაგულში და ძალიან კარგი ადგილია მაღაზიის ან თუნდაც ოფისის გასახსნელად“, – წერია იმ ქონების გასწვრივ, რომლებსაც ბათუმელები და მისი სტუმრები იცნობდნენ, როგორც რესტორან „აკროპოლისს“. ეს რესტორანი, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული სერვისით გამოირჩეოდა ბათუმში, უკვე დახურულია. ყოფილი რესტორნის შენობა 1 300 000 დოლარად იყიდება.

ტერიტორია ბულვარში ბათუმის მერიამ აღნაგობის უფლებით, 29 წლით, 2010 წელს გადასცა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ნიუ ენერჯის“, რომელმაც ქონება, თავის მხრივ, „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთა. „აკროპოლისის“ ყოფილი მენეჯერი ამბობს, რომ ქონებას სწორედ „საქართველოს ბანკი“ ყიდის: „იყიდება იმიტომ, რომ სეზონი დამთავრდა, იყიდება იმიტომ, რომ ვალები ჰქონდა, იყიდება იმიტომ, რომ წყალი შემოვიდა“.

კიდევ ერთი მენეჯერი ყვება, რომ „აკროპოლისში“ ყოველი შტორმის დროს შედის ზღვის წყალი. „ახლაც რომ მიხვიდეთ ადგილზე, ნახავთ, რომ სამზარეულოს ძვირადღირებული აღჭურვილობა წყალში დგას“, – უთხრა „ბათუმელებს“ „აკროპოლისის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა, რომელიც დასძენს, რომ „აკროპოლისის“ პირველი მესაკუთრე ამჟამად რუსეთში იმყოფება.

ბოლო წლებამდე ბულვარში მიწა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება იყო. გარდა ამისა, აქ მიწის გაყიდვა განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლებოდა. მიზეზი, თუ რატომ გაყიდა სახელმწიფომ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი და რა ფასად ამჯერად ახალ ბულვარში, უცნობია. ცნობილი ისაა, რომ მესაკუთრე უკვე ყიდის სახელმწიფოსგან მიღებულ ამ ქონებას. ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით შედგენილ განცხადებაში ვკითხულობთ:

„გასაყიდი მიწა ახალ ბულვარში: მიწა მდებარეობს აეროპორტის ახალ გზაზე, სანაპიროდან 1500 მეტრში. შესაძლებელია ნაკვეთის მრავალმხრივი გამოყენება. ლოტის ზომა 1,843 მეტრ კვადრატი; ფასი – 220 000 დოლარი“.

„იყიდება კურორტი ურეკი“ – ამ სათაურით განთავსებული ინფორმაცია ურეკში 30 785  კვ/მ ფართობის გაყიდვაზე იუწყება. მიწაზე დამაგრებულია 1 739 კვადრატული მეტრი შენობა, მათ შორის კურორტის ცენტრალური ნაწილი – 899 კვ.მეტრია. უცნობია, რა პირობით და რა ფასად მიიღო მესაკუთრემ თავის დროზე აღნიშნული ქონება, რომელსაც 3 386 000 დოლარად ყიდის.

სემინარი „ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის“ შესახებ

 

ხუთდღიანი უწყებათშორისი სემინარი, რომელიც აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება, ორ ეტაპად გაიმართება. პირველი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციონირებას, ხოლო მომდევნო დღეების განმავლობაში, ამერიკელი ექსპერტების დახმარებით, სამუშაო ჯგუფების ფორმატში იმუშავებენ სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნაზე.

 

ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით აშენდა და 2014 წლის ივნისში ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სივრცეში ნებისმიერი სახის კანონდარღვევის, ინციდენტების, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა და პრევენცია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას.

 

ფინანსთა სამინისტრო 15 მილიონის ობლიგაციას გაყიდის

 

ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების აუქციონი 2015 წლის 18 თებერვალს გამართა. აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 122 მილიონი ლარი.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო სავალუტო აუქციონზე კი ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. აუქციონი 19 თებერვალს შედგა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,1464 შეადგინა.

 

 

რა არის ქსენოფობია

 

დისკუსია პრესკაფეში

 

გიორგი ბერაია, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მრჩეველი: პირველი კითხვა, რომელიც გვიჩნდება ქსენოფობიაზე, არის: რატომ არის ასეთი მიუღებელი ქსენოფობია ცივილიზებული ადამიანებისთვის? ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ რა ეთნიკური წარმომავლობა გვაქვს, რა კანის ფერი გვაქვს და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ქსენოფობიური დამოკიდებულებით, პასუხს ვთხოვთ ადამიანს იმაზე, რაც მის კონტროლს გარეთაა. ყველაზე ხშირად ჰომოფობიური დამოკიდებულება პოლიტიკურ განცხადებებშია, განსაკუთრებით მომგებიანი ფრაზაა წინასაარჩევნოდ – „ქართველობას გვართმევენ!~ ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში კამათი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივ სისტემაზე, პოლიტიკოსის ეკონომიკურ ხედვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ ხშირად პოლიტიკოსებს განათლება არ აძლევს საშუალებას, ასეთ თემებზე ისაუბრონ და ისინი ცდილობენ მოსახლეობაზე პრიმიტიული თემებით ზეგავლენას.

 

რა იწვევს ქსენოფობიას? ეს ჩვენი საზოგადოების ჩაკეტილობის ბრალია, რაც ზოგადად მცირე ერების პრობლემაა. მცირე ერებს ყოველთვის აქვთ თვითგადარჩენის ინსტიქტი. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, საფრანგეთშიც მოიმატა ქსენოფობიური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების რეიტინგმა, მარი ლეპენმა არჩევნებში მაღალი შედეგით გაიმარჯვა და მკვეთრად გამოხატული ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ზოგჯერ ამბობენ, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზება შეიძლება მივიჩნიოთ გამოსავლად. ჩვენს ქვეყანაში ქსენოფობიური შეხედულებები არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, როცა საფრანგეთში ასეთი ქმედებები არის დასჯადი. მაგალითად, ლეპენის მამა რამდენიმეჯერ გაასამართლეს იმის გამო, რომ მან რამდენიმეჯერ გამოიყენა ჰომოფობიური ფრაზები მუსლიმებისა და ემიგრანტების წინააღმდგ. მე არ ვემხრობი ამ იდეას და ეს მიდგომა ხელოვნური მგონია. ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით არის სრულიად თავისუფალი, სიტყვის თავისუფლება არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.

 

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოკითხეს მასწავლებლები და შედეგი იყო ძალიან ცუდი, საუბარია რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე. სახელმწიფომ უნდა შეძლოს სკოლაში ქსენოფობიური დამოკიდებულებების შეცვლა, რადგან სწორედ აქ უყალიბდებათ ადამიანებს შეხედულებები და ისტორიაში ნასწავლმა დაპირისპირებებმა საქართველო-თურქეთს შორის თურქებზე დამოკიდებულება არ უნდა შეგვიცვალოს, უნდა მოხდეს ამის სწორად მიწოდება.
შევეხები საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა უცხოელი მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ნორმა, რომელიც კრძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. ამ საქმეს ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მოჰყვა პოლიტიკური განცხადება, რომ ეს არის „არაეროვნული~, რომ `ქართველმა გლეხმა დაკარგა მიწა~, სინამდვილეში კი ამ ნორმით ქართველს საშუალება მიეცა მიწა გაყიდოს როგორც ქართველზე, ასევე უცხოელზე და ამაში თავისუფალია. მეორე საქმე ეხება ჰომოსექსუალებისთვის დონორობის აკრძალვას-  მეორე მხარის არგუმენტი იყო ის, რომ ისინი წარმოადგენენ შიდსის მაღალ რისკჯგუფს. ეს ნორმაც გააუქმა სასამართლომ.

 

ირაკლი ლომაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: არის თუ არა ჩვენი ერი დაავადებული ქსენოფობიით და საიდან იწყებს ათვლას ქსენოფობია ჩვენში? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაიწყო ოქროს საწმისთან დაკავშირებული მოვლენის დროს, როდესაც მივხვდით, რომ შეიძლება ჩამოვიდეს უცხო და რაღაც წაიღოს. პირადად მე ძალიან გამიხარდებოდა საქართველო ისეთი ქვეყანა რომ იყოს, სადაც სახელმწიფო ყოველთვის გაემიჯნებოდა და მყისიერად დაგმობდა ადამიანის ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ღირსების დამაკნინებელ განცხადებებს თუ ქმედებებს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ყოველივე სხვაგვარად არის. დღეს ჩვენ ქსენოფობიური გამოვლინებები აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე გვხვდება. დააკვირდით ჩვენს ლექსიკას, სადაც ბევრია სხვა ერის დამამცირებელი შედარებები: “მუნიანი თურქები”, “ეშმაკი სომხები”, “ბინძური ჩინელები” და ასე შემდეგ.
ალბათ სწორი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ უცხოს მიმართ შიში ჩნდება ჩაკეტილ საზოგადოებაში, როგორსაც, ფაქტობრივად, ჩვენ წარმოვადგენთ, რადგან სულ რაღაც 20 წელია, რაც დამოუკიდებლად ვიკიდებთ ფეხს. ეს არ არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ მინიმუმ 80-წლიანი ჩაკეტილობა გადაფაროს და ცნობიერებიდან წაშალოს.
ქსენოფობია ასევე წარმოიქმნება იდენტობის ძიებისას, იდენტობის კრიზისულ პირობებში, როცა ძველი დაიმსხვრა, ახალი კი არ არის შემქნილი. ყველა ასეთ ქვეყანაში ნაციონალიზმის აღზევების პროცესი მიდის, რაც შეიძლება უარყოფით მოვლენად შეფასდეს. ასე მოხდა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, როდესაც მასში შემავალ ქვეყნებს მტრული დამოკიდებულება გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ, რადგან მანამდე მათ აიძულებდნენ ერთმანეთთან თანაცხოვრებას. ახალი სახელმწიფოს შექმნა-აღორძინება მოითხოვს მთელი რიგი სახელმწიფოებრივი ნიშნების შეძენას, სხვისგან გამოცალკევებას, საზღვრების გავლებას.

 

დღეს ქსენოფობიური განცხადებები გვხვდება პოლიტიკაში, ეკლესიაში, საზოგადოებასა და მედიაში, სადაც ხშირად ქსენოფობია პატრიოტიზმთან არის გაიგივებული. ქსენოფობიური განცხადებები და ქმედებები პრაქტიკულად დაუსჯელი რჩება სახელმწიფოს მხრიდან და, რაც უფრო აღმაშფოთებელია, ეს მხარდაჭერილია ჩვენი საზოგადოების მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანობის ქვაკუთხედს შემწყნარებლობა და სხვა ადამიანის პატივისცემა წარმოადგენს და თუ შენ არღვევ ამ ცნებებს, ამით პირდაპირ შეურაცხყოფ ღმერთს, რადგან შენ მიერ შეურაცხყოფილი ყოველი ადამიანი ღმერთის ქმნილებაა. ერთ გერმანელ მწერალს უთხრეს, შენ არ გიყვარს ებრაელები, მან კი უპასუხა, დიახ მე არ მიყვარს ებრაელები, ისევე, როგორც არ მიყვარს გერმანელები, ფრანგები და ა.შ. მე მხოლოდ გარკვეული ადამიანები მიყვარსო. ამიტომაც ალბათ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ კონკრეტულ ინდივიდს, ადამიანს როგორც ასეთს, თავისი თავიდან გამომდინარე და არა ეროვნული თუ რელიგიური შეხედულებების გამო.
მიქაელ მახარაძე, სტუდენტი: იქ, სადაც არსებობს ქსენოფობია, შეუძლებელია ვისაუბროთ თავისუფლებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო არ არის რაღაც განზოგადებული თემა, სახელმწიფო იწყება თითოეული ადამიანისგან, თითოეული ინდივიდისგან და ერი, ეს არის საერთო ბედის განცდით დაკავშირებული ადამიანები. სხვა არის ეროვნება და სხვა – ერი. რაც შეეხება ქსენოფობიას, ეს არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა. იგივე პრობლემები ჩანს სხვა ერებშიც. მაგალითისთვის, მე მოვიყვან რუსეთს, სადაც დღესაც გრძელდება მტრის ხატის ძიება, რომ  “დამნაშავე არის ყოველთვის სხვა”.

 

ქეთი კაპანაძე, სტუდენტი: სახელმწიფო განვითარების ერთსა და იმავე ეტაპზე რჩება, თუ ის არ შეიცნობს რაიმე ახალს. ჩვენში ქსენოფობია სწორედ მაგაში გამოიხატება, რომ უცხოსი გვეშინია. ხშირად იძახიან „არ წაგვართვან ტრადიციები, როცა შევალთ ევროკავშირში”.
ზურაბ ზოიძე, სტუდენტი: ქსენოფობიასთან ერთად ჩვენ ვახსენეთ პოლიტიკა და არჩევნები. უმრავლესობა ადვილად იმარჯვებს უმცირესობაზე, უმრავლესობის მხრიდან გაკეთებული განცხადება უმცირესობის შევიწროებაზე უმცირესობის მხრიდან აღიქმება ქსენოფობიად, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ნაკლებად აღიქმება დანაშაულად.
მარიტა გორგილაძე, მოსწავლე: დიდი პრობლემაა ქსენოფობია სკოლაში, თუ გამოხატავ საკუთარ აზრს ქართულისა და ისტორიის ყველა მასწავლებელი გეტყვის, რომ ხარ ტუტუცი, ვერ გაგზარდეს სახლში და ა.შ.

 

ანა პატარაია, სტუდენტი: მარიტას ვეთანხმები იმაში, რომ ისტორიისა და ქართულის მასწავლებლებს გააჩნიათ თავიანთი ინტერპრეტაციები საკითხების მიმართ და თავისუფალი აზრის გამოხატვა იჩაგრება. ჩვენ არ გვაქვს უფლება ისტორია დავამახინჯოთ. ქსენოფობია დღეს დიდი პრობლემაა და ამის დაძლევაში დაგვეხმარება საკუთარი თავის შეცნობა. ამ საკითხში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი და განათლებაში დიდი ძალისხმევა უნდა დახარჯოს. მაგალითად, თბილისში ჰგონიათ, რომ ბათუმში ქართულს გაუმართავად ლაპარაკობენ, ღორის ხორცს არ ჭამენ. ეს გაუნათლებლობის პრობლემაა ჩემი აზრით. მართლმადიდებლობას მინდა შევეხო. ჩვენ თუ გვინდა განათლებულები ვიყოთ, ქსენოფობია დავძლიოთ და პრობლემა გადავწყვიტოთ, პირველ რიგში, ამისკენ რელიგიამ უნდა მოგვიწოდოს.

 

 

მარიამ მაკია, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრი: მაქვს ბევრი სკოლა გამოცვლილი და ბევრი საცხოვრებელი ადგილი, ყველგან ერთნაირი იყო ქართულისა და ისტორიის მასწავლებელი, მაგრამ ახლა სადაც ვარ, მყავს იდეალური ისტორიის მასწავლებელი და ინტერპრეტაციებისგან თავს იკავებს. ამ მასწავლებელს ჩემი კლასელები ურწმუნოს ეძახიან, და ამბობენ, რომ არ უნდა იყოს მასწავლებელი.

თავისუფლების კლუბი-გამარჯვებული კონკურსანტები

 

თამთა კახაბერიძე

 

 

ანტიდისკრიმინაციული კანონი


თამთა კახაბერიძე

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თითქმის სულ იბრძოდა. იბრძოდა თავისუფლებისთვის, იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რელიგიისთვის. ჩვენ მუდამ გვიწევდა წინააღმდეგობის გაწევა სხვა ქვეყნებისთვის, სხვა ერებისთვის, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ ჩვენ დაპყრობას, განადგურებას, ჩვენი რელიგიის, ენის წართმევას. ის, რომ საქართველომ ამ დრომდე მოაღწია და დღეს არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მართლაც იმის დამსახურებაა, რომ ქართველი ერი ყოველთვის მტკიცედ იბრძოდა თავისი საკუთრების გადასარჩენად, რომელსაც რატომღაც ყოველთვის ვიღაც ეცილებოდა.
ასე გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე. ამიტომაც არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ჩვენ, ქართველები, გადავრჩით ქართველობით _ რაშიც იგულისხმება ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობები, ჩვენი რელიგია, რომელიც მუდამ სამშობლოსთან იყო გაიგივებული, ამიტომაც გვაქვს ასეთი გამძაფრებული ეროვნულობის შეგრძნება.

 

როგორც ყველა პატარა ერს, ჩვენც გვეშინია, რომ ვინმემ არ დაგვჩაგროს (როგორც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში), გვეშინია, რომ კიდევ უფრო არ დავპატარავდეთ, არ დავკარგოთ ისიც, რაც გვაქვს. წარსულის ამ ცუდმა გამოცდილებამ, რომელიც მთლიანად ეროვნულობაზე, საკუთარის დაცვაზე, მუდამ ბრძოლისთვის ორიენტირებულობაზე იყო დამყარებული, განაპირობა ის სტერეოტიპული შეხედულებები, რომელიც გვაწუხებს ქართველებს და რაც სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და გვიშლის ხელს, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ცხოვრების რიტმს.

 

ერთ-ერთი ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი წერდა, ჩვენ გვეზარება ჭეშმარიტების ძიება, ამიტომ, მუდამ წინაპრებისგან მიღებული აზროვნებით ვცხოვრობთო. სწორედ იგივე გვჭირს ქართველებს. და, რა მივიღეთ წინაპრებისგან? ძლივს გადარჩენილი სამშობლო, ძლივს შენარჩუნებული ეროვნული თვითმყოფადობა, შეგრძნება იმისა, რომ შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც უცხო, რომელიც წაგვართმევს ჩვენს საკუთრებას, რომელიც დაემუქრება ჩვენს სიცოცხლეს. ამიტომაც გვიჭირს უფრო ლიბერალურად, უფრო დემოკრატიულად შევხედოთ ყველაფერს. ამიტომაც გვიჩნდება ქსენოფობიური დამოკიდებულებები განსხვავებულის მიმართ. ამიტომ გვგონია, რომ ჩვენგან განსხვავებული ადამიანი საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას.
მეორე მხრივ, როცა ვიაზრებთ, რომ ვცხოვრობთ XXI საუკუნეში, ცივილიზებულ სამყაროში, გვინდა ყოველივე საუკეთესოს მივაღწიოთ. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, გვინდა, რომ ვიყოთ ევროპული სახელმწიფო და გვერქვას ევროპელები. ამიტომ, კვლავ ვიბრძვით. ვიბრძვით ძველი შემართებით, რაღაც ახლისკენ.

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნა და ევროკავშირში ინტეგრაცია გახდა. წლებია ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ საქართველოც ღირსია გახდეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, მაგრამ, როცა პირისპირ ვეჯახებით წინააღმდეგობებს, ისევ ძველი მეთოდებით ვიწყებთ ბრძოლას. ევროპელობა გვინდა, მაგრამ არ გვინდა მოვერგოთ იმ სტანდარტებს, რაც ევროინტეგრაციისთვის არის აუცილებელი. დემოკრატია გვინდა, მაგრამ არ გვინდა დემოკრატიული ღირებულებების გაზიარება. ამ ყველაფრის გამო ატყდა აჟიოტაჟი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – ანტიდისკიმინაციული კანონის მიღებაზე საქართველოში. რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა ადამიანს უნდა ვცეთ პატივი განურჩევლად მისი რელიგიის, ეროვნების, წარმომავლობის, კანის ფერის, პოლიტიკური შეხედულების, აზროვნების, სოციალური მდგომარეობის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, პროფესიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა. დემოკრატილი ღირებულებების ამომავალი წერილი ხომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაა?! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ეს. შევიგნოთ, რომ სხვისი დისკრიმინაცია, სხვისი უფლების შელახვა, სხვის მიმართ ქსენოფობიის გამოხატვა ჩვენივე სისუსტეზე მიუთითებს, რომ კეთილდღეობას ვერ მივაღწევთ თუ სხვას დავამცირებთ და არ მიცემთ ნორმალურად არსებობის საშუალებას. ვერ განვვითარდებით მანამ, სანამ, სხვებს არ მოვექცევით ისე, როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ. ევროპელობა თუ გვინდა, ხშირად უნდა გავუმეოროთ საკუთარ თავს ფრაზა, რომელიც ყველა ევროპელს აერთიანებს: ერთიანობა მრავალფეროვნებაშია!

 

ჩემი უახლოესი მეგობარი გერმანიში ცხოვრობს. საკმაოდ ბევრს მოგზაურობს და შთაბეჭდილებებით აღსავსე მიყვება, თუ როგორ იპოვა პიზას კოშკთან მონეტა, თუ როგორ დაუჯდა ციფრული ეიფელთან, თუ როგორ ეწვია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს და როგორ გაახსენა ტრიუმფალურმა თაღმა რემარკი. იმისათვის, რომ მან იმოგზაუროს, არ სჭირდება ბევრი სირბილი დოკუმენტების გასაკეთებლად. ეს საკმაოდ მარტივია მისთვის. ამასთანავე ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან ამის საშუალებას დოკუმენტები იძლევა. უსაფრთხოებაში მოიაზრება საზღვრის მართვა, მიგრაცია, გადაადგილება, თავშესაფარი და ა.შ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვე, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა: კორუფცია, ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა და ანტიდისკრიმინაცია აუცილებელია მისი მოგზაურობისთვის, რათა მან თავი დაცულად იგრძნოს იმ გარემოში, სადაც იმოგზაურებს. ყველაფერი ეს კი იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ვიზების ლიბერალიზაცია მოქმედებს. მეც საკმაოდ ბევრს ვოცნებობ მოგზურობაზე. ვის არ უოცნებია? თუმცა ჩემს ოცნებებში ამას თან მთელი რიგი დოკუმენტების მზადება, ელჩთან შეხვედრა მოჰყვება, შემდეგ პასუხის ლოდინი. და ოცნებაც მბეზრდება ხოლმე, ისე რომ საოცნებო ქვეყნამდე ვერ ჩავაღწევ. რა იქნებოდა, საქართველოშიც რომ მოქმედებდეს ვიზების ლიბერალიზაცია. თუმცა აქამდე კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ალაბთ მოვა დრო და მეც გავუზიარებ ჩემს მეგობრებს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს და მოგზაურობაც გაცილებით მარტივი და უსაფრთხო გახდება.


ანნა ტურიაშვილი



„ევროკავშირი, მითი და რეალობა”
ანნა ტურიაშვილი


ხშირად, როდესაც გეოგრაფიის მასწავლებელი მაიძულებდა მისთვის ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყანა ჩემომეთვალა, ვფიქრობდი, რა იქნებოდა 28-ე საქართველო რომ ყოფილიყო-მეთქი.


რამდენი რამე შეიცვლებოდა არა? რამდენ კანონს მივიღებდით, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებდა, საზოგადაოებაც უფრო თანასწორუფლებიანი გახდებოდა და ჩემს იაჰოვას მოწმე მეგობარზეც, ალბათ, აღარ მოხდებოდა დისკრიმინაცია. თუმცა, სანამ მე ევროკავშირის გაფართოებაზე ვოცნებობ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ევროინტეგრაცია. ამ ადამიანთა უმრავლესობას არგუმენტად მოჰყავს, რომ ჩვენ „ქართველობას~ დავკარგავთ, ვერ შევინარჩუნებთ რწმენას. ყველაფერი ცუდი ხომ ევროკავშირიდან მოდის?!
ისინი ევროპაში მხოლოდ განსხვავებულ ორიენტაციას, ათეიზმს, ტრადიციების დაკარგვას ხედავენ. არა და ალბათ არც იციან, რომ ევროკავშირის დევიზი: „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”, ალბათ არც იმ კანონების შესახებ სმენიათ რამე, რაც ევროინტეგრაციას წინ უძღვის. ჩემი მეგობრისთვის, მაგალითად, ევროკავშირი სრულ თავისუფლებას ნიშნავს და ამიტომაც უჭერს მას მხარს. ალბათ არ იცის, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი, როცა ის თავისუფალია.

 

ამ და სხვა მითებით ცხოვრობს დღევანდელი ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამბობს: „არ გვინდა ევროკავშირი!” ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გვეპატიჟებიან დასავლეთისკენ, ჩვენ კი უარს ვაცხადებთ.
იყო ევროკავშირის წევრი, ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე, დაიცვა სხვისი უფლებები და იცხოვრო უზენაესი კანონით. ეს არის რეალობა და ის უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. და არა ის, რომ საქართველოს აიღებენ და სადმე ევროპაში დაუდებენ ადგილსამყოფს. თუმცა ამას ყველა ვერ ხვდება და ისევ გაიძახიან: „არ გვინდა ევროპა! არ წაგვართვათ „ქართველობა”.

 

მე კი მათ დასამშვიდებლად ვიტყოდი, რომ არ იდარდონ, თუ ასე გავაგრძელეთ, ევროკავშირი აღარ „დაგვემუქრება”.

 

”ხოფის ბაზრობის” აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

 

ხანძარი ხოფის ბაზრობაზე | ბათუმი 07-12-2014 | ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ელქტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ კომპანიას უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში (2013, 2014) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის,სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობისა. შემსყიდველი შემსრულებელ კომპანიისგან ასევე მოითხოვს, შესრულებულ სამუშაოებზე ხუთ წლიან საგარანტიო ვადას.

 

ობიექტი მიღებულად ჩაითვლება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო

ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს დადებითი დასკვნის საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

 

პრეტენდენტ კომპანიებისგან წინადადების მიღება მიმდინარე წლის 11 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

 

ის კომპანია, რომელთანაც შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ გააფორმებს ხელშეკრულებას, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ვალდებული იქნება საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონებისა და ნორმების შესაბამისად, მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენისა და აფეთქების თავიდან ასაცილებლად   უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მიიღოს.

 

აღდგენითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის  დაკვეთის საფუძველზე, საპროექტო-არქიტექტურული კომპანია „არტ-სალონის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით უნდა შეასრულოს. ამ პროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით აღსადგენი საერთო ფართი 690 კვადრატული მეტრია, აღსადგენი სახურავის ფართი – 924 კვ.მ.; შენობის კონსტრუქციული სიმაღლე არ აღემატება 5 მეტრს. აღსადგენი ტერიტორია შედგება ორი რიგი მცირე ზომის პავილიონისაგან დახურული ერთი საერთო სახურავით. მცირე ზომის სავაჭრო პავილიონების საერთო ფართობია 522.95  კვადრატული მეტრია (მათ შორის ერთი რიგი 262.17 კვ.მ და მეორე რიგი 260.78 კვ.მ). ამავე სექციაში არის არსებული ნაგებობები, რომელიც არ დაზიანებულა ხანძრის დროს, მაგრამ დაზიანდა გადახურვის კონსტრუქცია. პროექტში გათვალისწინებულია არსებული ნაგებობების გადახურვაც.

 

ხოფის ბაზრობა ბათუმში, აღმაშენბლის #21-ში 1233 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. ტერიტორია „სავაჭრო ცენტრ 2009“-ს ეკუთვნის. თავის მხრივ ამ კომპანიის მესაკუთრე (100%-ით) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის შესყიდვების მენეჯერის ედუარდ ბალაძის თქმით, ხანძრის დროს დაზიანებული ხოფის ბაზრობის აღდგენით სამუშაობზე ტენდერი პირველად, ახლა 20 თებერვალს გამოცხადდა და 40-მდე მაღაზია აღდგება.

 

„ზარალი მაღაზიის მეპატრონეებს უნდა დაეთვალათ, ამიტომ ზუსტი ზარალი დღეისთვის უცნობია“- ამბობს ედუარდ ბალაძე.

 

„სავაჭრო ცენტრი 2009“-ის (იგივე ხოფის ბაზრობის) მე-5 სექცია 2014 წლის 7 დეკემბერს დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკის მაღაზიის მიმდებარედ ელექტროშედუღება, ე.წ. „სვარკა“გახდა. ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ორი ბაზრობაზე დაიწვა ერთი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხანძრის დროს მიღებული დაზიანებები შედეგად. 

Exit mobile version