ნეტგაზეთი • RU

საკრებულოს წევრები დაზიანებული ქუჩებისა და ტროტუარების შესახებ

 

 ბათუმის საკრებულოს წევრები batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას –  „ბულვარი, მერია, ნავსადგური – ვინ უნდა განაახლოს განათების ბოძები? გამოეხმაურენ.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით,  ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათია და აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.  

„გემები შემოდის, ტურისტები შემოდიან და უხერხულია, რომ ასეთ მდგომარეობაშია სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორია.  მივმართოთ მათ, ვისიც არის ეს ტერიტორია და   გადმოეცეს  ბათუმის მერიას, რომ მისი მოწესრიგება შევძლოთ“-განაცხადა  ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე. 

ბათუმის მერიის  საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის თქმით, სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მისი მერიაზე გადაცემის მოთხოვნით, განცხადება შესაბამის უწყებებს გაუგზავნეს.

 ირაკლი ჩავლეიშვილმა ყურადღება ქუჩებისა და ტროტუარების საკითხზეც გაამახვილა. ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, მისი თქმით, მერიამ მშენებლები უნდა დააჯარიმოს ან დაავალდებულოს,  დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია.

„9 მარტის ქუჩაზე კომუნიკაციები გაუყვანიათ და დაზიანებულია  ასფალტის საფარი. ნოდარ დუმბაძის ქუჩა ერთ-ერთი საჩვენებელი ქუჩაა ამ ქალაქში და კისერს მოიტეხ, რომ გაივლი, ისეთ მდგომარეობაშია. მშენებლობის დროს მძიმეწონიანი მანქანები დადიოდა და დაზიანდა. ასეთ დროს უნდა დავავალდებულოთ მშენებელი, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მოაწესრიგოს ტერიტორია“.  

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, მსგავსი ვითარებაა გამსახურდიასა და ჟორდანიას ქუჩებთან არსებულ სკვერებშიც:   „მოსაწესრიგებელია „ვაიკიკის“ გვერდით არსებული სკვერი, სადაც თენგიზ ბაკურიძემ ააშენა კორპუსი.  ქვაფენილები ამოყრილია და მერიის მიერ დადგმული საყვავილე ქოთნებიც დაზიანებულია. ასეთ დეტალებს ყურადღება უნდა მიექცეს“. 

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით გარკვეული პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება:

„ტროტუარებზე აჰყავთ ავტომანქანები და ბოძებს აზიანებენ. მე თვითონ შევესწარი ასეთ ფაქტს და შენიშვნა რომ მივეცი, ლამის ხელი შემომიბრუნა, ისე გაბრაზდა მოქალაქე.  ვფიქრობ, ქალაქის მოვლაზე ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა“- განაცხადა მან.

საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის თქმით, ქუჩებსა და ტროტუარებზე განთავსებული ვიდეოთვალების გვერდით გამაფრთხილებელი ნიშნებიც უნდა განთავსდეს: „თავის დროზე ამაზე იყო სახალხო დამცველის   რეკომენდაციაც, რომ მოქალაქეებს ვიდეოთვალის არსებობაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რადგან ყველას აქვს უფლება იცოდეს, სად ხორციელდება მათი ჩაწერა. მერიის სამსახურებმა ეს უნდა გაითვალისწინონ“. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.