როდის გაიხსნება „სემირამიდას ბაღები“ – ტოვებს თუ არა აზერბაიჯანელი ინვესტორი ბათუმს

სასტუმრო კომპლექსი „გაზელი“ (ე.წ. „სემირამიდას ბაღები“) ბათუმში, ზღვისპირას შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2013 წლის აგვისტომდე უნდა გახსნილიყო. მიმდინარე წლის 19 მაისს კი, სასტუმრო კომპლექსის გახსნა კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადა.

სამინისტროში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ კომპანიამ გარკვეულო სამუშაოების შესრულება ვერ მოასწრო. ერთ-ერთი ინფორმირებული წყაროს ცნობით კი, აზერბაიჯანულმა მხარემ მშენებელ კომპანიას მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის გადახდა შეუწყვიტა.

წყაროს თქმით, ის, რომ ინვესტორს ფული არ აქვს, არადამაჯერებელია. ამასთან, საუბარია მშენებარე კომპლექსის გაყიდვაზეც: „ამბობენ, ფული არ გვაქვსო, მაგრამ არ იქნება ეს სიმართლე. მშენებლობა თითქმის დასრულებულია. გამორიცხული არ არის ობიექტი გაიყიდოს. შესაძლებელია იტალიელები შემოვიდნენ. ეს მშენებელი კომპანიაც ეუბნება – ჩვენ მოგვყიდეთო. დეტალები არ ვიცი. ვითომ ორ თვეში გადაწყდება ყველაფერი“.

ჩვენივე ინფორმაციით, ინვესტორს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის 31 მილიონამდე აშშ დოლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა ხარჯებმა უკვე 40 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

სასტუმროს თურქული „მაფა სამშენებლო სავაჭრო კომპანიის ბათუმის ფილიალი“ („მაფა“) აშენებს. კომპანიაში ოფიციალურ კომენტარს, თუ რატომ შეჩერდა მშენებლობა, არ აკეთებენ. „ჩათვალეთ, რომ ჩვენ ჩვენი სამუშაო ფაქტობრივად შევასრულეთ. ის, თუ ვინ დაასრულებს დარჩენილ სამუშაოებს, ეს დამკვეთზეა დამოკიდებული“, – გვითხრეს კომპანიაში.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა გამზაევას 2011 წლის ივნისში, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა გამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.

„მაფას“ სასტუმროს მშენებლობა კომპანია SW INN LLC-მა დაუკვეთა. კომპლექსის მშენებლობა მხოლოდ 2012 წელს დაიწყო. სასტუმრო კომპლექსში 130-ზე მეტი ნომერი იქნება. დასაქმებულთა 90% კი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

მშენებლობაზე დღეს გამოკრული სტენდის მიხედვით, დამკვეთი შპს „გლორიაა“. „გლორია“ კი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, იგივე SW INN LLC-ია, რომელსაც სახელწოდება 2010 წელს შეეცვალა. კომპანიის სახელწოდების შეცვლასთან ერთად, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა, ზარიფა გამზაევამ კომპანიის კაპიტალში დამატებით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე ქ. ბათუმში, მისამართზე – კ. გამსახურდიას ქუჩა #8-10 (საკონსტიტუციო სასამართლოს უკან).

ეს ქონება – ორი ავტოფარეხი, საერთო ჯამში, 27 კვ/მ და 618 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი პირველ სართულზე, მაშინ 1 მილიონ ექვსი ათას ხუთას ლარად შეფასდა. ამ ქონების შეტანით შპს „გლორიას“ საწესდებო კაპიტალი 3 მილიონ 393 ათასზე მეტი ლარით განისაზღვრა. კომპანიის წილის 50,8 პროცენტს ზარიფა გამზაევა ფლობს, დანარჩენი წილი კი რეგისტრირებულია ჯამილა და მალახატ ასკეროვებზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ისინი ზარიფა გამზაევას შვილები არიან.

რატომ ვერ მოესწო სასტუმროს გახსნა 2013 წელს? რა მიზეზების გამოა შეჩერებული მშენებლობა და როდის განახლდება? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ აზერბაიჯანშიც სცადა და თბილისშიც, სადაც კომპანია „გლორიას“ წარმომადგენლობის ოფისია. მცდელობის მიუხედავად, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ.

აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით გარკვეულია, რომ ზარიფა გამზაევა აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია AძAL-ის პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. ამასთან, ზარიფა გამზაევა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილ არზუ ალიევასთან ერთად „Silkway Holding“-ში შემავალი შილკწაყBანკ-ის დამფუძნებელია. მილიარდერის მეუღლე ასევე ფლობს პარფიუმერულ მაღაზიათა უმსხვილეს ქსელს – „გაზელი“.

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ალიევასა და ზარიფა გამზაევას ჰოლდინგში 23 კომპანიაა გაერთიანებული და ავიაციის სფეროს მომსახურებაში დომინანტური როლი აქვს.

აზერბაიჯანულენოვანი რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ზარიფა გამზაევა და პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილი საკმაოდ სკანდალური პიროვნებები არიან. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, მათ საქმიანობას „თან ახლდა და ახლავს მთელი რიგი სამართალდარღვევები და კორუფციული ელემენტები“.

 

80 ახალგაზრდა ბათუმელი მთის ბანაკებში დაისვენებს

 

სამთო ბანაკები წელს უნდა მოეწყოს გველეთში (ყაზბეგის რაიონი) – 1 ბანაკი 25 კაცზე; მულახში (მესტიაში) – 1 ბანაკი 27 კაცზე და შოვში (რაჭა) – 1 ბანაკი 28 კაცზე;

 

გველეთი

 

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური მთამსვლელების ინსტრუქტაჟით, მათი უშუალო მონაწილეობითა და მეთვალყურეობით უსაფრთხო ასვლა, დაბანაკება და ჩამოსვლა:

მესტიიდან პირველი კატეგორიის მწვერვალ „დადიაშზე”, 3800 მ;

შოვიდან პირველი კატეგორიის მწვერვალ „დოლომისზე“, 3500 მ;

ყაზბეგიდან პირველი კატეგორიის მწვერვალ „შინოზე”, 4000 მ.

 

მულახი

 

მერიის პროგრამა „სამთო ბანაკი“ ითვალისწინებს საზაფხულო ბანაკების მოწყობას საქართველოს მთიანეთში (სვანეთი, რაჭა და  ყაზბეგი,) „სადაც ახალგაზრდები 8 დღის განმავლობაში იცხოვრებენ კარვებში, გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ისწავლიან ტურისტული ტექნიკის გამოყენებას (თანაბარი განიკვეთის თოკების ერთმანეთში გადაკვანძვა, სამთო აღჭურვილობის გამოყენებას, კარვის აწყობა, ზურგჩანთის ჩალაგება, მდინარეზე თოკით გადასვლა).

 

ასევე სამთო ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია: სპორტული შეჯიბრებები, ყოველდღიური ლაშქრობები, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საღამოები. აკლიმატიზაციის შემდეგ მონაწილეები ავლენ მწვერვალზე.

 

შოვი

მსურველებს შეარჩევს მერიის შესაბამისი კომისია გასაუბრების, სამოტივაციო წერილისა და  შევსებული აპლიკაციის მიხედვით.

 
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ 17-27 წლამდე ასაკის მქონე პირები, რომლებიც ცხოვრობენ ან სწავლობენ ქ. ბათუმში.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ახალგაზრდას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოხალისედ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების განხორციელების პროცესში ან მოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სამოქალაქო საქმიანობაში. მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი სარეკომენდაციო წერილის სახით“.

 

პროგრამა უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულსა და ბათუმის მერიას შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე. ტენდერში წინადადებების მიღება კი 25 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.

საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

 

 

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა)1-ლი ნაწილითა და 214-ე მუხლის (საბაჟო წესის დარღვევა) მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ხუთ წლამდე, ხოლო საბაჟო წესის დარღვევა – ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

 

ცხმორისი-გეგელიძეების და შუახევი-უჩამბას გზაზე ასფალტის საფარი დაიგება

 

საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისი-გეგელიძეების  საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი  არასდროს ყოფილა. წელს  2760 მეტრ სიგრძეზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.  

 

სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბონდი 2009“.  დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 6 ადგილობრივია.  ჩასატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება  868 730  ლარია.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის შუახევი-უჩამბას საავტომობილო გზაზე კი 3500 მეტრზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობისათვის მოსამზადებელი  სამუშაოები.  

 

დეპარტამეტის ინფორმაციით, სამუშაოებს  შპს „გზები“ აწარმოებს.  დასაქმებულია 14 ადამიანი, მათ შორის 4 ადგილობრივია.  ჩასატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება 940 450  ლარს შეადგენს. 

 

მუჰაჯირები და მათი შთამომავლები

 

თურქეთში მცხოვრები ნური ილდირიმი ქართველი მუჰაჯირის შთამომავალია ბურსადან. ის ერთ-ერთი მათგანია იმ ათიათასობით ქართველს შორის, რომლებიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რომელთა წინაპრებმაც 140 წლის წინ  დატოვეს საქართველო.

 

„ბაბუაჩემის მამა და მისი ექვსი ძმა ჩამოსულა ბურსაში საქართველოდან, სავარაუდოდ ხულოდან. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ბაბუას მამას ერქვა ბეჰლული, მის ძმებს: მევლუდი, ეუბი, სეიდალი და შაბანი. სამწუხაროდ, ერთის სახელი არ მახსოვს. ძმებს შორის ყველაზე პატარა იყო ბეჰლული. ძალიან ახალგაზრდა იყო, ბურსაში, ინეგოლის რაიონში რომ ჩამოვიდა და დასახლდა. ზუსტი ცნობები, თუ როგორ მოახერხეს აქ ჩამოსვლა, არ მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, საკმაოდ რთულ გზას გამოივლიდნენ,“- იხსენებს ნური ილდირიმი თავის წინაპრების ისტორიას.

 

ნური ილდირიმი

 

ნურის წინაპრების ისტორია იმ ადამიანების ისტორიის მსგავსია, რომლებმაც მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში საკუთარი სამშობლო დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ. მათი კრებითი სახელი საქართველოს ისტორიის ფურცლებზე არის – ქართველი მუჰაჯირები.  

 

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა. აჭარაში მცხოვრები მუსულმანი ქართველები კი სამშობლოდან გადაიხვეწნენ. ქართველების მასობრივად გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში, ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. მთელს მხარეში შიმშილი და გაჭირვება მძვინვარებდა. ოსმალეთის ჯაშუშების კარგმა მუშაობამ ბევრი ქართველი დაარწმუნა, რომ იქ, ოსმალეთის იმპერიაში, უკეთესი ცხოვრება ელოდათ. საქართველოში დარჩენის შემთხვევაში კი მათ  რუსები რჯულს შეუცვლიდნენ. ათასობით ქართველი მუსულმანი ქედიდან, ხულოდან, შუახევიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან აიყარა და უკეთესი ცხოვრების საძიებლად ოსმალეთის იმპერიას მიაშურა. ამ პროცესს მუჰაჯირობა უწოდეს და გადასახლების მსურველებს სპეციალური ვადა დაუწესეს, თუ რა დროში უნდა მოესწროთ სამშობლოს დატოვება. 

 

წასვლის მსურველებს 1878 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე უნდა დაეტოვებინათ საქართველო. თუმცა პროცესი სინამდვილეში 1921 წლამდე, საქართველოს გასაბჭოებამდე გაგრძელდა.

 

მუჰაჯირობით დაინტერესებული იყვ¬ნენ ოსმალები, ყველა მხრივ უწყობდნენ ხელს  წასვლის მსურველებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადასულიყო ოსმალეთის იმპერიაში საცხოვრებლად. მუჰაჯირობის მსურველები ოჯახებით წასვლამდე სოფლიდან აგზავნიდნენ ე.წ. „დელეგატებს“. ოსმალეთში ჩასულ დელეგატებს ხელგაშლილი ხვდებოდნენ და „ოქროს მთებს“ ჰპირდებოდნენ. უკან დაბრუნებულებს თავიანთ სოფლებში ჩამოჰქონდათ ამბავი ზღაპრული ცხოვრების შესახებ, რომელიც ელოდათ უცხო ქვეყანაში. ამ ისტორიების პარალელურად, რეალური ცხოვრება აჭარაში ყოვლად აუტანელი იყო. იმ პერიოდის პრესაში ბევრი წერილი იბეჭდებოდა აჭარაში გამეფებულ უსამართლობასა და უკიდურეს სიდუხჭირეზე.

 

მუჰაჯირად წასვლა გარკვეული წესით ხდებოდა. წასვლის მსურველი ვალდებული იყო რუსული ადმინისტრაციისთვის ჩაებარებინა მიწის ნასყიდობის საბუთი ანდა ხელწერილი მიწაზე სამუდამოდ უარის თქმის შესახებ. ამის შემდეგ მას უფლება ჰქონდა, გაეყიდა ან გაეჩუქებინა თავისი ქონება.

 

აჭარიდან მკვიდრი მოსახლეობის მუჰაჯირად წასვლას რუსეთის ხელისუფლებაც დიდად უწყობდა ხელს. ერთადერთი, ვინც მუჰაჯირობით იმ პერიოდში შეწუხებული იყო, ქართველი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. სერგეი მესხმა გაზეთ „დროების“ ფურცლებზე არაერთი სტატია მიუძღვნა მუჰაჯირების თემას. მესხი თავის წერილებში ხელისუფლებას და პირველ რიგში, ქართველ საზოგადოებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რომლებსაც ისინი ახლადშემოერთებული აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების მიმართ იჩენდნენ.

 

„თითქმის არც ერთი ფაქტით, არც ერთი სახსრით და ჩვენი მოქმედებით, ჯერ არ დაგვიმტკიცებია ამ ხალხისთვის, რომ ჩვენ ამათთვის ბედნიერება და სიკეთე გვსურს, რომ ჩვენ ნამდვილ ძმებად მიგვაჩნია ისინი და ვზრუნავთ მათთვის, და ამის შემდეგ რად უნდა გვიკვირდეს, რომ ისინი მიდიან ოსმალეთში, სადაც საქმით თუ ვერ უსრულებენ, სიტყვით ჰპირდებიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ხელის გამართვას და დახმარებას. ამაზე ყველა ქართველმა უნდა იფიქროს, რომ ნაპოვნი ძმა ხელახლა არ დაგვეკარგოს“, – წერდა „დროების“ ფურცლებზე სერგეი მესხი.

 

იმ პერიოდის საქართველოში სამშობლოდან წასასვლელად გამზადებული ადამიანების ბედზე საზრუნავად საზოგადო მოღვაწეების გარდა არავის ეცალა. მათი წერილები და გულისტკივილი კი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ემიგრაციის ტალღა შეეჩერებინა. დაპირებული სამოთხე მუჰაჯირებმა ვერც ოსმალეთის იმპერიაში იპოვეს. ნური ილდირიმი თავისი წინაპრის ისტორიას იხსენებს და ამბობს:

 

„როცა ბაბუაჩემის მამა და მისი ძმები ბურსაში ჩამოვიდნენ, ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლები იყო. იყო ომი. თითქმის ყველა ოჯახიდან ხალხი ომში მიდიოდა. 9-10 წელი მაინც დაჰყვეს ჯარში.

 

როგორც გადმოცემით ვიცი, ბეჰლულ ბაბუას ცოლი სადღაც 75 წლის ყოფილა, რომ  გარდაცვლილა. ამის შემდეგ ცოლად მოუყვანია ახალგაზრდა ქვრივი ქალი. სწორედ იმ ქალთან შეეძინა ბეჰლულს ბაბუაჩემი – აბდულლაჰი. თუმცა ისე მომკვდარა, შვილის ნახვას ვერ მოსწრებია. ორი წლის ყოფილა ბაბუაჩემი, როცა დედაც გარდაცვლია. ექვს წლამდე დედის მამასთან ცხოვრობდა, რომლებიც გვარად მამალაძეები ყოფილან. ბაბუაჩემი თავის უფროს ძმას ბაბუას ეძახდა, რადგან ძმა სამოცი წლით უფროსი იყო მასზე“.

 

ინეგოლში, სადაც ნური ილდირიმი ცხოვრობს, სულ  18 ქართული სოფელია. როგორც ის ამბობს, ერთი სოფელი მაჭახელადან ჩამოსული ქართველი მუჰაჯირების შთამომავლებითაა დასახლებული, ორი სოფელი – ჩაქვიდან. „ჩემს სოფელს ჰქვია გულბაჰჩე, კიდევ ორი სოფელია, სადაც ხულოდან ჩამოსულები ცხოვრობენ. დანარჩენ სოფლებში კი სულ შუახევიდან ჩამოსულები არიან დასახლებულნი“,- ამბობს ნური.

 

ის რამდენიმე წელია საკუთარ გენეოლოგიას იკვლევს. დედის მხრიდან მისი წინაპრები  ქამადაძეები ყოფილან, მამის მხრიდან გვარი კი ჯერ ვერ დაადგინა.

„მამაჩემის მხრიდან გვარის ისტორია არ ვიცი. ოსმალეთის იმპერიის დროის გვარი ოღლი იყო. ბაბუას როგორც ახსოვდა – ვეჯელოღლი, ველეზოღლი ან ჯეჯელოღლი. მინდოდა გვარის ისტორია გამომეკვლია, წერილიც მივწერე, მაგრამ მომწერეს ოსმალური არქივები რემონტშიაო. მე ახლა ვეძებ და მაინტერესებს ჩემი გენეოლოგია. მიკვირს ადრე, მაგალითად, ბაბუაჩემის უფროს ძმას რატომ არ დააინტერესა თავისი წარმოშობა? რატომ არ ჰკითხა თავის მამას წარსული? სამწუხაროდ, ჩემს გარდა ეს საკითხი არც ჩემს ოჯახში აინტერესებს არავის.

 

პატარაობაში, როცა სკოლაში დავდიოდი, ვხვდებოდი, რომ ჩვენ განსხვავებულები ვიყავით. სკოლაში, ქალაქსა და ქუჩებში თურქული ლაპარაკი მესმოდა, სახლსა და სოფელში – ქართული. ჩემებს ვეკითხებოდი, თუ რატომ ამბობდნენ, ჩვენ გურჯები ვართ, ბათუმელი აჭარლებიო.

 

პირველად 2006 წელს ჩამოვედი საქართველოში ჩემს დეიდაშვილთან ერთად. რადგან მამაჩემის მხარის ისტორია არ ვიცოდი, დედაჩემის მხარის ნათესავების ძებნა დავიწყე. ბიძაჩემმა დამაბარა, ნახე კიდევ თუ არიან ჩვენი ნათესავებიო. შუახევში, სოფელ ფურტიოში უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი ნათესავები, ადრე მათ მელიქოღლები ერქვაო.  2006-ში ვიყავი პირველად ფურტიოში და ჩემი ნათესავები ვიპოვე.

 

აღფრთოვანებული დავრჩი შუახევის, ბათუმის და მთლიანად საქართველოს ნახვით. მთელი დღეები, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვფიქრობდი, ნეტავ ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ? აქ დადიოდნენ?

 

თურქეთში 140 წელია ვცხოვრობთ და ჩემს ოჯახში, ჩემს ნათესავებში მხოლოდ მე ვარ მონდომებული, ვიპოვო საკუთარი ფესვები. ბევრ ჩემს ნათესავს ჰგონია, რომ თურქია. აქ ჩვენი ოჯახის მსგავსი ოჯახები ბევრია. თუმცა არიან ოჯახებიც, რომლებმაც იციან თავიანთი ისტორია“. 

 

ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ჭოროხი იმიტომაა ჩქარი მდინარე, რომ „გურჯისტანში ჩამოიტანოს მუჰაჯირთა სულები და ფიქრები“.

 

„გურჯისტანს, ანუ საქართველოს ისინი „დიდმემლექეთს“ ეძახიან. მეორე თქმულების თანახმად, იქაური ქალები ქმრების ჩუმად ტირიან, ცრემლებს ე.წ. გუგუმებში (თუნგი) აგროვებენ და ზაფხულში, ჩურუგას (ივლისი) თვეში გვალვების დროს უწყვეტად ადიან კოლადან, არტანიდან, შავშეთიდან, კლარჯეთიდან, სპერიდან, ერუშუთიდან, სხვა ქართული პროვინციებიდან მტკვრის სათავესთან, მიაქვთ დაგროვილი ცრემლი და უმატებენ თითქმის დამშრალ მტკვარს, რომელსაც საქართველოში ჩამოაქვს იქაურთა დარდი და ტკივილი“,- წერს ასოცირებული პროფესორი თამაზ ფუტკარაძე თურქეთის ქართულ მოსახლეობაზე მომზადებულ ნაშრომში.

ინფო ტური კინტრიშის ხეობაში

 

ღონისძიების ფარგლებში აჭარაში მოქმედმა ტუროპერატორებმა ნაკრძალის შესახებ ინფორმაცია  მიიღეს. ტურის ფარგლებში მათ კოხის საკალმახე მეურნეობა, სოფელ ქობულეთის, კობალაურისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, წმინდა გიორგის მონასტერი, კოლხური ბზის კორომები და უძველესი მარანი დაათვალიერეს.

ტურის მონაწილეებს, ტურიზმის განყოფილებისაგან სასაჩუქრე ჩანთები გადაეცათ.

 

ქობულეთში ტურიზმის კვირეული 4 ივნისს გაიხნა. კვირეულის ფარგლებში, იგეგმება ფოტოგამოფენა სახელწოდებით “ქობულეთიდან დანახული საქართველო”, ასევე ერთდღიანი ტრენინგ-სემინარი თემაზე “ტურიზმის განვითარება პატარა ქალაქში”.



თემის სამედიცინო პუნქტების მედდებს გლუკომეტრის აპარატები და ტესტ-ჩხირები გადაეცემათ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თემის სამედიცინო პუნქტებისათვის გლუკომეტრის აპარატები გასულ წელსაც შეიძინა, სამინისტროს ინფორმაციით, წელს აღნიშნულ სადიაგნოსტიკო საშუალებას 100 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს და ამით დასრულდება ექიმამდელი სამედიცინო დაწესებულების გლუკომეტრის აპარატებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ის ყველა თსპ-ს გადაეცემა.

 

„სოფლის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო ყველწლიურად ახორცილებს.

 

უწყების ცნობით, 2015 წელს, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 783 400 ლარით. პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო საშუალებებით და მედდების ხელფასით უზრუნველყოფასა. წელს, თემის სამედიცინო პუნქტებისათვის შეძენილია 38 219 ლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტი და 9 839 ლარის ღირებულების შესახვევი მასალა.

 

2014 წელს, პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა 200 846 სოფლის მოსახლეს. პირველადი დახმარების მედიკამენტებზე გაიხარჯა 57 553 ლარი. თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე გამოიყო 677 383 ლარი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფუნქციონირებს 186 თემის სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებულია 230 მედდა.

დაზარალებულები მოსამართლეს წამებაში ბრალდებულების დაკავებას სთხოვენ

 მარცხნივ: ზაზა ჯიქია, გიორგი ვეკუა

დაზარალებულებს შორის არიან პატიმრები, რომლებიც სასჯელს ციხეებში ახლაც იხდიან. ბოლო სასამართლო პროცესზე სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მისცა სასამართლოს ჩვენება. მან მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულების – ჯიქიასა და ვეკუას დაპატიმრება სთხოვა. წამებაში ბრალდებულები პატიმრობიდან სასამართლომ გირაოს საფუძველზე ორი წლის წინ გაათავისუფლა.

“გიორგი ვეკუა ნანახი არ მყავს, ჯიქია საზიზღრად გვექცეოდა, მაყენებდნენ შეურაცხყოფას, სასწაულად გვამცირებდნენ, მკლავდნენ ცემით… თავში გვირტყამდნენ, ცემა ერთია, ფსიქოლოგიურად გვანგრევდნენ, მისი პატიმრებს კი არა თანამშრომლებსაც ეშინოდათ. ცემა ყველა ციხეშია, მაგრამ აქ უმიზეზოდ სცემდნენ… დედაჩემი ამოვიდა, 70 წლის ქალი და მხოლოდ შვიდი წუთი მომცეს უფლება მენახა, პაემნის უფლებას გვიზღუდავდნენ… თქვენ ფიქრობთ, რომ რასაც ვყვები ეს სიმართლე არ არის? 2010 წელს ვინც იხდიდა სასჯელს ყველას ჰკითხეთ, იმავეს მოგიყვებიან. ცემით ხალხი ხერხემალში ჰყავთ გადატეხილი. პირველად ციხეზე რომ ამიყვანეს, 2010 წელი იყო, ტანსაცმელი გამხადეს, მხრებზე ვარსკვლავი მეხატა, ქურდებს შეაგინეო მითხრეს, მე არა ვარ ქურდი, სხვას რატომ უნდა შევაგინო-მეთქი… მომკლეს ცემაში. უფრო ხშირად აბანოში გვცემდნენ, სისხლი ადვილად ირეცხებოდა და იმიტომ. რამდენჯერ მცემეს? – 10-12-ჯერ.

 

მე მაინტერესებს, რატომ არიან ისინი თავისუფლებაში, ჩვენ როცა დანაშაული ჩავიდინეთ, ორ თვეში გაგვასამართლეთ, ეს მწამებლები კი ორი წელია გარეთ არიან. ეს სამართალია, ბატონო მოსამართლე? ესენი ციხეში უნდა იყვნენ, ცუდი ხალხია ესენი, ძალიან ცუდი, საზიზღრობებს სჩადიოდნენ… მე გთხოვ დააპატიმროთ ესენი. როგორც მე გამასამართლეთ ორ თვეში, როცა დანაშაული ჩავიდინე, ესენიც ისე გაასამართლეთ”.

 

პატიმარმა, რომელსაც დაკითხვის პროცესში მთელი სხეული უცახცახებდა, გასვლის წინ ციხის ყოფილ ხელმძღვანელს მიმართა – “მაინტერესებს შვილი ან ცოლი არ გყავს? ცოდვის არ გეშინია?”. ის დარბაზიდან ბადრაგმა გაიყვანა, გასვლის დროს შეგინების გამო მოსამართლემ დარბაზიდან გაყვანილი პატიმარი 400 ლარით დააჯარიმა.

 

აი, რა უამბო კიდევ რამდენიმე პატიმარმა სასამართლოს: „ათასჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე. კედელთან მიგვაყენებდნენ ზურგით, უკნიდან ხელკეტებს გვირტყამდნენ, ადვოკატებმა იცოდნენ რაც ხდებოდა ციხეში, მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ, ეშინოდათ უარესი შედეგის… პასუხი უნდა აგონ ამათ იმ სისასტიკისთვის, რაც გამოვიარეთ…“

 

„გვცემდნენ ყოველ დღე უმიზეზოდ: საბანი ვითხოვე – მცემეს, ექიმს ვერ მოითხოვდი, ერთხელ ჩუსტი გამძვრა- იმიტომ მცემეს. ჯიქია მახსოვს იმიტომ, რომ ნიღაბი არ ეკეთა, სხვები ნიღბებით იყვნენ. ესენი გირაოთი არ უნდა იყვნენ გარეთ~.
ადვოკატები ტრადიციულად ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდნენ დაზარალებულებს: ჰყავდათ თუ არა მათ მოწმეები, როცა ციხეში სცემდნენ, რას ფიქრობდნენ მაყურებლის ინსტიტუტზე და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან. ზოგი პატიმარი ამ კითხვებს პასუხობს, ზოგი კი კითხვებით ღიზიანდება. ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატები – სოსო ჯალაღონია და პაატა ბოლქვაძე იცავენ, სახელმწიფო ბრალმდებელი კი პროკურორი ირაკლი გაჩეჩილაძეა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო მეორე წელია განიხილავს. ჯერ მოწმეების ნახევარიც არ ჰყავთ დაკითხული.

ბათუმის მერია სამინისტროებსა და უწყებებს შორის ფეხბურთში ტურნირს ჩაატარებს

 

ბათუმის მერიის მოთხოვნაა პრეტენდენტმა უზრუნველყოს აჭარის სამინისტროებისა და უწყებების გუნდების მონაწილეობა ტურნირში;  მონაწილეთა ინფორმირება შეჯიბრების ჩატარების შესახებ; მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის დროულად მიღება; აფიშების განთავსება; გახმოვანების აპარატურით მომსახურება; ასევე 9 დღით  მთავარი მსაჯის (1კაცი), მსაჯების (2 კაცი), ექთნისა  (1 კაცი) და მდივნის (1 კაცი) მომსახურება.

 

გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს შეჯიბრების გახსნა-დახურვის ცერემონიალის მოწყობა; საუკეთესო ნომინაციების გამოვლენა (საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო ნახევარმცველი, საუკეთესო თავდამსხმელი საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი) და გამარჯვებულთათვის ფასიანი საჩუქრების გადაცემა; ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოება სიგელებითა და თასებით (სიგელები გადაეცემა პირველ, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ გუნდებს (3 ცალი), ასევე ნომინაციებში გამარჯვებულებს (6 ცალი)); ტურნირში შესაბამისი სახეობის სპორტის ფედერაციის ჩართულობა.

 

სატენდერო პირობების მიხედვით ტურნირის ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად. აუცილებელია ტექნიკური პირობების ყველა მოთხოვნის შეთანხმება მერიასთან, ასევე გამარჯვებულმა მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა წარმოადგინოს ტურნირის დებულება.

 

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ტენდერი მერიამ 24 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 29 ივნისს დასრულდება. 

ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონი ამოქმედდა

 

კანონის მიხედვით ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

 

ბიზნესომბუდსმენი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია. მასზე რაიმე ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია.

 

ბიზნესომბუდსმენი განცხადების განხილვისას ნეიტრალურია და არ წარმოადგენს განმცხადებელს ან იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის გადაწყვე­ტი­ლების/ქმედების მარ­თლზომიერებასაც საეჭვოდ ხდის განმცხადებელი.  ბიზნესომბუდსმენი მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის დაცვით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას.

 

 ბიზნესომბუდსმენს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მას, როგორც ბიზნესომბუდსმენს, გაანდეს. ეს უფლება ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.

 

ბიზნესომბუდსმენს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით. ბიზნესომბუდსმენს უფლება არ აქვს, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

 

ბიზნესომბუდსმენს ასევე უფლება არ აქვს, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

 

კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ პარლამენტმა 28 მაისს მიიღო და ძალაში 4 ივნისს შევიდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება.

 

თავის დროზე კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რომლის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ახალ კანონს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები შეექმნა.

დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 90 მილიონ ლარზე მეტი

 

დღევანდელი დღის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურში დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობაა 439 513. დაბრუნებული რიგითი ნომრის [317 714] გათვალისწინებით, ამ დროისთვის თანხის დაბრუნებას 121 799 მოქალაქე ელოდება.

 

დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხის დაბრუნებაზე დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 2015 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ახალი ბინები ბათუმის მერიას

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „კინოს უბანთან” ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ხელშეკრულება 2012 წლის დასაწყისში გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. N42-ში, ზუბალაშვილის შესახვევი N1-ში და ზუბალაშვილისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე უძრავ ქონებებზე კომპანიას 2014 წლის აგვისტომდე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აეგო. იმავდროულად ინვესტორის ერთ-ერთი ვალდებულება იყო, რომ ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში 400 კვ/მ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართობი გადაეცა.

 

11 კეთილმოწყობილი ბინა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში 2015 წლის თებერვალში დაირეგისტრირა, აქედან 9 ბინა კი მაისში ბათუმის მერიას გადასცა საკუთრებაში. როგორ განკარგავს აღნიშნულ ბინებს ბათუმის მერია? – ამ კითხვით “ბათუმელები” ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს დაუკავშირდა.

 

გიორგი ერმაკოვი

 

„ახლა ანგარიშს ვერ ჩაგაბარებთ ზუსტად რაში გვჭირდება ეს ბინები, მაგრამ გეტყვით, რომ ესაა საბინაო ფონდი, რომელსაც ვიყენებთ დანიშნულებისამებრ. გვიწევს ქონების ჩამორთმევა ექსპროპრეაციით, ან გვაქვს ასათვისებელი გარკვეული ფართობები, ისე, როგორც მაგალითად ერისთავის ქუჩაზე, ან გაგვყავს გზა, ან საკრებულოს გადაწყვეტილებით გადავცემთ ბინებს, მაგალითად, მრავალშვილიან (7 და მეტი შვილი) ოჯახს. ანუ, ასეთი ღონისძიებებისთვის ამ საბინაო ფონდით ვსარგებლობთ – ვაძლევთ სანაცვლოდ მოქალაქეებს, ვაძლევთ ასევე რემონტის თანხასაც“, – აღნიშნა “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ქალაქის მერმა.

 

გიორგი ერმაკოვის თქმით, ქალაქის სხვადასხვა უბანში, სადაც აითვისეს ტერიტორია და მოქალაქეებთან ვალდებულება წარმოეშვა სახელმწიფოს, ქალაქს ამ შემთხვევაში, ამისთვის იქნება გამოყენებული ეს ბინები ზ. გამსახურდიას ქუჩაზე: „ასეთი ოჯახები გვყავს. რაც შეეხება დაკონკრეტებას, ინდივიდუალური პირები არიან და ზოგს შესაძლოა არ უნდოდეს ინფორმაციის გაჟღერება. რაც შეეხება სახელმწიფოს თუ ქალაქის ქონებას, მას უკანონოდ არ გავცემთ“.

 

ამ კორპუსში რომლის პირველ სართულზე მაღაზია ვაიკიკია ბათუმის მერიას 9 ბინა აქვს

 

ბათუმის მერიას გარდა აღნიშნული ბინებისა, საკუთრებაში კიდევ 50-მდე ბინა აქვს ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომლებშიც არავინ ცხოვრობს (ეს ბინები მერიას საკუთრებაში 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში აქვს დარეგისტრირებული).

 

რატომ არ გამოიყენა ეს ფონდი მერიამ და რატომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეები ბინებით, თუ ასეთი ვალდებულება გააჩნდა – ამასთან დაკავშირებით ქალაქის მერი აღნიშნავს: „სხვა ბინებიც გვაქვს, ალბათ, გვქონდა, მაგრამ ეს თქვენი განსასაზღვრი ხომ არ არის, რატომ ვაძლევთ ერთ და არა სხვა სახლში ბინას… კანონის ფარგლებს არ გავცდებით. ყველას, ვისაც ეკუთვნის ასეთ შემთხვევაში, მერიის თუ ფინანსთა სამინისტროს ფონდში რიცხული თუ ამორიცხული საცხოვრებელი ფართობები, კანონის შესაბამისად გადაეცემა“.

 

2014 წელს და მიმდინარე წლის აპრილამდე პერიოდში მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში სულ შესული და განხილული იქნა 2027 მოქალაქის განცხადება ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.

 

ამავე სამსახურის ინფორმაციით: „რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ ადამიანებისა ან/და ოჯახების რაოდენობას, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, მსგავსი ინფორმაცია ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში არ მოიპოვება“.

 

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში, როგორც მერიიდან გვიპასუხეს, ხორციელდება განცხადებების აღრიცხვიანობა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ. 2011 წლიდან 2015 წლის 27 მარტამდე კი აღნიშნულ სამსახურში სულ შესულია 2064 განცხადება: „აქედან, თანაქალაქელებისთვის სტანდარტული საცხოვრისის _ იაფი სახლის (ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გრძელვადიანი გამოსყიდვის (ეტაპობრივად გადახდის) უფლებით) პროექტში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რაოდენობა 216-ია“.

 

„ქალაქის მერია განცხადების საფუძველზე არავის ბინას არ აძლევს. საბინაო ფონდში არსებული ბინები არ განიკარგება არც ერთ შემთხვევაში გარდა შემთხვევისა, რაც არის კანონით გათვალისწინებული. ის, რომ მოქალაქე შემოდის განაცხადით – ბინა არა მაქვს, მასეთი განცხადება უამრავი იქნება, მაგრამ საბინაო ფონდიდან ბინის განკარგვა ამ განცხადებების საფუძველზე არ შეიძლება. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, მერია საჩუქრად გადასცემს ვინმეს ბინას? – მიუხედავად იმისა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი საცხოვრებელი. მაგრამ მე რომ ბინა არ მქონდეს და მივწერო რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მომეცით ბინა, ასეთი კანონი არ არსებობს. ამასთან, როგორც ამბობენ – გამოკეტილი არ არის ეს ბინები, იქედან გამომდინარე, რომ ვსარგებლობთ ამ ფართობებით საჭიროებისამებრ“,  – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა `ბათუმელებთან“.

 

კითხვაზე, შეისწავლა ან შეისწავლის თუ არა მერია ამ განცხადებებს? ქალაქის მერი გვპასუხობს: „როგორ უნდა შევისწავლოთ განცხადებები, ვინც გვწერს ბინა არ გვაქო… ჩვენ რეესტრს ვაკეთებთ და საერთო ინფორმაცია გვაქვს რამდენი განაცხადია, თორემ ბინის გადაცემა, როგორც ასეთი, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ხდება. სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ ეკომიგრანტებს გადაეცემა. ამ შემთხვევაშიც, არსებობს სამთავრობო კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ეკომიგრანტებთან დაკავშირებით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასტუმრო ლეო გრანდი გახსნა

სასტუმრო 182-ნომრიანია, მასში ასევე საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრია განთავსებული. მთავრობის ინფორმაციით სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდება.

სასტუმრო „ლეო გრანდის“ გახსნამდე პრემიერ-მიმისტრმა ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, “ორბი ჯგუფის” პროექტის  “Orbi Beach Tower”-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

როგორ მოემზადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სეზონისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დაიჯესტში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, ორგანიზება გაუწია სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მედიის საინფორმაციო ტურებს (ლიტვა, სომხეთი,პოლონეთი, ისრაელი, ბელორუსია, თურქეთი, ყაზახეთი); აწარმოა მონიტორინგი სამიზნე ქვეყნებში წარმოებული სარეკლამო კამპანიების შესახებ, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში 15 ივნისამდე გრძელდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მხარდაჭერა გაუწია რეგიონში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას “ექსპო-ბათუმი 2015”, რომლის ფარგლებშიც უმაპინძლა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

ტურიზმის დეპარტამენტი პერმანენტულად მონაწილეობდა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ახდენდა ისეთ საერთაშორისო ღონისძიებებში, როგორებიც იყო საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი, საქართველოს დღეები ასტანაში, ზაბრჟეს ინდუსტრიული ტურიზმის კონფერენცია.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მაისის თვეში ჩაატარა მონიტორინგი როგორც არსებული ტურისტული მარშრუტების შემოწმების, ისე 2015 წლის სეზონთან დაკავშირებული სიახლეების გამოვლენის მიზნით.

ირაკლი ღარიბაშვილი: მშენებლობის მხრივ პოზიტიური დინამიკა გვაქვს [ფოტო]

„კომპანია „ორბი ჯგუფმა“ საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. განხორციელებული აქვს 450 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. ასე, რომ, მე ვულოცავ და კიდევ ერთხელ მინდა მთავრობის სახელით დიდი მხარდაჭერა დავუდასტურო ამ კომპანიას, მის მფლობელებს, მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმეს ეწევიან. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში, საქართველოში მშენებლობა ძალიან კარგი ტემპებით ვითარდება. გასულ წელს ჩვენ გვქონდა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს, აჭარაში რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურად, ზოგი გაიხსნა და წელს კიდევ გაიხსნება რამდენიმე, რაც ნიშანია იმისა, რომ ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის და პოზიტიური დინამიკა გვაქვს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Orbi Beach Tower-ის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრა [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

მთავრობის ინფორმაციით 39 სართულიანი, 785 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექს “Orbi Beach Tower”-ის ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია 400 ადამიანი, მშენებლობის დასრულების შემდგომ კი 200 ადამიანი დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრმა დღესვე ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა.

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ბათუმში ორი პირია დაკავებული

 

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ამავე სამმართველოს მე-6 და მე-7 განყოფილებების თანამშრომლებმა, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე: სასტუმრო „ანას“ დროებითი მფლობელი, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელი, 1979 წელს დაბადებული რომან ფ. დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი: სასტუმროს და დისკო-კლუბ „ლეგასის“ დროებითი მფლობელები, საქართველოს მოქალაქეები – 1970 წელს დაბადებული ემზარ მ. და 1991 წელს დაბადებული ვახტანგ მ, სასტუმრო „ელეგანტის“ დროებითი მფლობელი, 1962 წელს დაბადებული ნინა კ, სასტუმრო „ეფესის“ დროებით მფლობელები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. და 1983 წელს დაბადებული თამერ ი.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

„აჭარ ენერჯი-2007“-ს ხელვაჩაურში კერძო საკუთრებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა

 

ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველ კომისიას ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-მა 2014 წლის 19 ივნისს  მიმართა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „მოცემულ შემთხვევაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის მე-13-მე-14 კილომეტრის სარეკონსტრუქციო ტერიტორიაზე მოხვედრილი ფიზიკური პირების: მამუდა, აბდულა, თემურ და რომან თავდგირიძეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ვინაიდან დასახელებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს საავტომობილო გზის მშენებლობა მისი ამაღლების მიზნით, მანამ სანამ მოხდება ჰიდროელექტროსადგურის ოპერირება. აღნიშნული სამუშაოს შედეგად თავიდან იქნება აცილებული ჰესის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა, რომელზედაც განთავსებულია სასაფლაო. ამასთან, ,,კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთებზე უნდა გაკეთდეს დიაფრაგმული კედელი, ასევე საავტომობილო გზის დამცავი ქვის საყარი, რომელიც მთელს ტერიტორიას დაიცავს დატბორვისაგან“.  

 

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღსანიშნავია, რომ ,კომპანიამ განახორციელა მთელი რიგი სამუშაოები და შეისყიდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მაგრამ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ ოთხ მესაკუთრესთან, რომლებმაც შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებასა და მიწის ნაკვეთების გასხვისებაზე უარი განაცხადეს.

 

შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ს მიენიჭა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ: მამუდა თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 2898 კვ.მ; აბდულა თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 896 კვ.მ; თემურ თავდგირიძის  საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 2932 კვ.მ და რომან თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 3024 კვ.მ.

 

ჭოროხზე მშენებარე ჰესი [ფოტო მანანა ქველიაშვილი]

 

 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი-2007”-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, ,,კომპანიამ“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უნდა უზრუნველყოს 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა – მათ შორის უნდა აშენდეს ,,კირნათისა” და ,,ხელვაჩაური I” ჰიდროელექტროსადგურები, ხოლო მესამე პროექტი არჩევითია და გადაწყდება ,,კომპანიის“ ინიციატივით. 

1 800 რეპრესირებული გაზრდილ კომპენსაციას ელოდება

 

 

საიას აჭარის ფილიალში რეპრესირებულთა რიგებია

 

რეპრესირებულ მოქალაქეებზე კომპენსაციის გაცემა ხელისუფლებამ 2011 წლიდან დაიწყო. მოქალაქეებმა თავიანთი და მათი ოჯახის წევრების რეპრესიის შესახებ დოკუმენტაციის მოძიება არქივებში დაიწყეს, სწორედ ამ მასალების საფუძველზე უნდა ეღიარებინა სასამართლოს ისინი რეპრესიების მსხვერპლად. საარქივო დოკუმენტაციის მოპოვება გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებდა, საკომპენსაციო თანხა კი, რომელსაც სახელმწიფო რეპრესირებულებზე გასცემდა, ძალიან დაბალი იყო – 200-300 ლარი. მაქსიმალური თანხა, რაც ამ პერიოდში რეპრესირებულებზე გაიცა, 500 ლარი იყო.

რეპრესირებულები ან მათი პირდაპირი შთამომავლები მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფომ მათ დასცინა, რადგან საკომპენსაციო თანხა არ იყო იმ ზიანის ადეკვატური, რაც თვითონ თუ მათმა ოჯახის წევრებმა მიიღეს საბჭოთა რეჟიმისგან. ამ მიზეზით ადამიანების გარკველმა ნაწილმა დოკუმენტების მოძიების პროცესი შეწყვიტა, რის გამოც ეს პირები კანონში შეტანილი ცვლილების მიუხედავად, გაზრდილ კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ.

„სასამართლოს ეს ადამიანები რეპრესირებულად 2014 წლის ბოლომდე უნდა ეღიარებინა. ეს იყო კანონით დადგენილი ვადა. გამომდინარე იქედან, რომ თავდაპირველად კომპენსაციის თანხა იყო ძალიან დაბალი, გარკვეულმა პირებმა ჩათვალეს, რომ პროცესის გაგრძელება აღარ ღირდა, არც სასამართლოსთვის მიუმართავთ. რადგან ვადები გაშვებულია, ისინი გაზრდილ კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ“, –  ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი.

იურისტის განცხადებით, ეს დეტალი საკანონმდებლო ორგანოს კანონში ცვლილებების შეტანის განხილვის დროს უნდა გაეთვალისწინებინა და შეზღუდვა მოეხსნა.

ამ დროისთვის საიას ახალი სარჩელის მომზადების მიზნით 1300-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა და ეს ციფრი დღითი დღე მატულობს.
„მათ, ვინც პირველ ეტაპზე მიმართა სასამართლოს და აიღო კომპენსაცია, გაზრდილი კომპენსაციის მისაღებად ხელმეორედ უნდა მიმართონ სასამართლოს. ამ შემთხვევაში საკმარისია მოქალაქემ სასამართლოში წარადგინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველად გამოიტანა სასამართლომ. გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს სასამართლო ბეჭდით დამოწმებული“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

ამ კატეგორიის მოქალაქეებს ზედმეტი პროცედურის გავლა აღარ უწევთ. ხოლო ის პირები, რომლებიც რეპრესირებულად აღიარა სასამართლომ, მაგრამ მათ კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ, გაზრდილ თანხას მიიღებენ.

„კომპენსაციის ოდენობაზე ახლაც იმსჯელებს სასამართლო. განსხვავება ის არის, რომ საკომპენსაციო თანხა ვეღარ იქნება ათას ლარზე ნაკლები. ხოლო ის თანხა, რაც მოქალაქემ პირველ ეტაპზე აიღო, ბუნებრივია, გამოაკლდება იმ თანხას, რომელსაც კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ აიღებს“.
მოქალაქეებმა განცხადებით მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს უნდა მიმართონ. როგორც გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, ადგილობრივ საქალაქო სასამართლოებს არ მიეცათ საქმეების განხილვის უფლება.

„თუ მოქალაქეს ექნება სურვილი, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს, მაშინ უნდა ჩავიდეს თბილისში ან ქუთაისში. თუმცა, სასამართლოს შეუძლია მათი პროცესზე დასწრების გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება“.

რეპრესირებულ პირებს საიას უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს. გიორგი ხიმშიაშვილი: „არიან ისეთი პირებიც, ვინც თავის დროზე კერძო ადვოკატები დაიქირავა და მათი მომსახურების საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო მცირე კომპენსაციის მიღების გამო. ამიტომ, მათ შესაძლებლობა აქვთ აიღონ გაზრდილი კომპენსაცია და ეს ვალი დაფარონ.“

 
სასამართლო გადაწყვეტილებას რეპრესირებული პირი წარადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, მას პირად ანგარიშზე უნდა დაერიცხოს სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის თანხა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებით რეპრესირებულთა გაზრდილი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეებს უფლება აქვთ, სასამართლოს 2018 წლის ბოლომდე მიმართონ.

საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებულ პირთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 1936-1939 წლებში სულ 30 ათასი ადამიანია რეპრესირებული. რეპრესირებულ პირთა ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარაშია.

 

ატესტატის გარეშე დარჩენილები

 

ქვეყნის მასშტაბით გამოსაშვებ გამოცდებზე დაახლოებით 44 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. მათგან ნაწილი გამოცდებზე არ გამოცხადდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წელს განმეორებით აბარებდნენ გამოცდას. განათლების ეროვნული ცენტრის ცნობით, მათგან თითქმის 5%-მა ვერ მოახერხა ბარიერის დაძლევა, ეს დაახლოებით 2 200 მოსწავლეა.

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, ბათუმის სკოლების მოსწავლეებმა წელს ყველაზე ცუდი შედეგი მათემატიკის გამოცდაზე აჩვენეს. „მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წელს გადალახა 93.2%-მა – ყველაზე ცუდი შედეგი ეს გვაქვს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 96%. უცხო ენაში ზღვარი გადალახა 95,5%-მა. გასულ წელს – 97,5%-მა. როგორც მე ვიცი, ძირითადად, რუსულზე იყო ჩავარდნა. კარგი მდგომარეობა გვაქვს ქართულსა და ისტორიაში: 98.3%-მა დაძლია ქართული, 98,4%-მა კი – ისტორია“, – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის უფროსი.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „1796 მოსწავლიდან გამოცდები ყველა საგანში ვერ დაძლია 176-მა მოსწავლემ, მათგან მხოლოდ 41 მოსწავლე იქნება ვალდებული განმეორებით ისწავლონ მე-12 კლასში ან ექსტერნად დაძლიოს ეს კლასი. მთლიანობაში გამოცდა ვერ ჩააბარა 9,8%-მა. წინა წელსაც თითქმის იგივე მდგომარეობა გვქონდა – 9,9%~ ჩაიჭრა“.

გასულ წელს საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეებიდან წელს განმეორებით დარეგისტრირდა 137 მოსწავლე, მათგან 46-მა ბარიერი ვერც წელს დაძლია.

რატომ გაუჭირდათ წელს მოსწავლეებს მათემატიკის გამოცდის ჩაბარება იმაზე მეტად, ვიდრე გასულ წელს? – სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ეკატერინე თურმანიძე, რომელიც ამადროულად მასწავლებელთა სახლის ტრენერიც არის, ფიქრობს, რომ ტესტი რთული არ იყო:
„მათემატიკის გამოცდის დილემა იცით რა არის – სახელმძღვანელო გვაქვს ძალიან ცუდი, ხოლო პროცესი, რომელშიც ბავშვები არიან მე-12 კლასში, ძალიან არახელსაყრელია. მე-12 კლასში შემოდის მასალა, რომელსაც ვერ წვდება ბავშვების 2%-ი. ერთი აბიტურის საათი არასაკმარისია იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე 12 წლის მასალა მოვიდეს აჟურში – განმეორება, მათემატიკური სხეულის შემეცნება-აღქმა. ეს პროცესი მხოლოდ მასწავლებლების მიდგომებზეა დაყვანილი“.

ამის მიუხედავად ეკატერინე თურმანიძე ფიქრობს, რომ მოსწავლეებისთვის ეს საგანი დაუძლეველი არ არის: „მე ვასწავლი სოფლის სკოლაში, სადაც მოტივაცია პრაქტიკულად გვაქვს ნულოვანი. ბავშვებიც ცოტა გვყავს – 4 ბიჭი და 2 გოგონა, რომელთაგან ერთ-ერთი გათხოვილი იყო და ყველა სიკეთესთან ერთად ბოლო წელი დადიოდა სპეციალური განრიგით, ანუ ესენი არ არიან ბავშვები სასათბურე პირობებიდან, რეპეტიტორებთან რომ იზრდებიან, მაგრამ ექვსივემ იმ ნიშანზე ჩააბარა, რა ნიშნის მოლოდინიც გვქონდა. ეს არ იყო სენსაციური შედეგი, მაგრამ არც ცუდი იყო“.

ეკატერინე თურმანიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოს შექმნაში პედაგოგებმა უნდა მიიღონ მონაწილება: „სახელმძღვანელო ჩვენი მოსაფიქრებელია, თორემ პროფესორს, ვინც ამ სახელმძღვანელოს წერს, არ დაესიზმრება პრობლემები, რასაც ჩვენ ვაწყდებით. სახელმძღვანელო რომ იყოს ნორმალური და მე-12 კლასში არაფერს რომ აღარ ვამატებდეთ, ცოდნის სისტემაში მოყვანით რომ ვიყოთ დაკავებულები, არავის გაუჭირდებოდა ამ გამოცდის ჩაბარება“.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის ინფორმაციით, იმ მოსწავლეებმა, რომლებიც აპირებენ კიდევ ერთი წელი ისწავლონ მე-12 კლასში, უმჯობესია მერიას მიმართონ დაფინანსების თხოვნით: „გასულ წელსაც გვყავდა ასეთი მოსწავლეები და ვიცი, რომ ზოგი მათგანის სწავლა დააფინანსა ბათუმის მერიამ. მაგრამ პროცედურები იქნება გასავლელი, სკოლამ უნდა მიმართოს თვითმმართველობას, დოკუმენტები უნდა მომზადდეს და ა.შ. ხოლო ის მოსწავლეები, რომლებმაც მე-12 კლასი დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ რომელიმე საგანში, შემდეგი სასწავლო წლის ბოლოს დარეგისტრირდებიან გამოსაშვებ გამოცდებზე და ჩააბარებენ იმ საგანს, რომელიც წელს ვერ ჩააბარეს. ეს უფასოა“.

წელს კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა ბათუმის სკოლების შემთხვევაში, – გასულ წელს 80 მოსწავლე არ დაუშვეს გამოცდებზე გაცდენების გამო. წელს მათი რაოდენობა განახევრდა – 40 მოსწავლეს უთხრეს უარი ამ მიზეზით.

რაც შეეხება კერძო სკოლებს – მათ უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე საჯაროებს. „მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კერძო სკოლებს უფრო ნაკლები მე-12 კლასელი ჰყავთ, ვიდრე საჯარო სკოლებს. კერძო სკოლებიდან მხოლოდ ერთ სკოლაში გვყავს ჩაჭრილები – ოთხი ბავშვი ჩაიჭრა, დანარჩენმა ყველამ ყველა გამოცდა ჩააბარა“.

ბათუმის საჯარო სკოლებს შორის ორი სკოლაა, რომელთა ყველა მეთორმეტეკლასელმა ჩააბარა გამოცდა. ეს სკოლებია – მე-10 (31 მოსწავლე) და მე-15 (62 მოსწავლე) სკოლები. გოჩა დავითაძის ინფორმაციით, ყველაზე ბევრი მეთორმეტეკლასელი ჰყავდა პირველ სკოლას – 133; ამ სკოლაში გამოცდა ჩააბარა 139-მა მოსწავლემ (6 გასული წლის კურსდამთავრებული იყო). წელს პირველ სკოლაში ორმა მოსწავლემ ვერ დაძლია გამოცდა, ხოლო მეორე სკოლაში ერთმა მეთორმეტეკლასელმა.

 

ზღვარგადალახულთა პროცენტული რაოდენობა გამოცდების მიხედვით

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციების წევრი გახდა

 

ელისო ბოლქვაძე

 

ეს ასოციაცია უკვე 60 წელზე მეტია რაც არსებობს და აერთიანებს წამყვან მუსიკალურ, თეატრალურ და მულტიდისციპლინარულ ფესტივალებს მთელ ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ.

 

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, გიორგი მასალკინი და აკაკი ძნელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ, რომლებიც ამ დროისთვის ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში იმყოფებიან. მათი ინფორმაციით,  ბათუმის გარდა, ევროპული ფესტივალების ასოციაში  ორი ახალი წევრი, ფესტივალი – იტალიიდან და ბელგიიდან მიიღეს.

 

ეს არის ის ფესტივალების ქსელი, რომელიც აერთიანებს მთავარ ფესტივალებს ევროპაში. „ჩვენ შევეცდებით, რომ არ შემოვიფარგლოთ მუსიკით და შევიყვანოთ ამ ქსელში სხვა ფესტივალები საქართველოდან – კინო, ცეკვა, ფოლკლორი, თეატრი და ასე შემდეგ“- ამბობს, გიორგი მასალკინი.

 

 ფესტივალების საერთაშორისო ასოციაცია  1952 წელს შვეიცარიაში დაარსდა. ახლა შტაბ-ბინა აქვთ გენტში, ბელგიაში.

 

ბათუმის ფესტივალი ცნობილმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ  გასულ წელს დააარსა. პირველი კონცერტი ბათუმში 10 ივლისს გაიმართა.

 

ფესტივალის ფარგლებში პიანისტმა მასტერ-კლასებიც ჩაატარა ბავსვებისთვის, სადაც 47 ბავშვი დარეგისტრირდა.  

 

ჩეხეთი, ქალაქი ოსტრავა. ფესტივალების ასოციაციის კონფერენციაზე

 

 

საქართველოში განქორწინების სტატისტიკა გაიზარდა

 

რეგიონების მიხედვით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 3 348, თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ 1 423 – იმერეთში და 1 036 – ქვემო ქართლში.

 

აჭარაში განქორწინებულთა რაოდენობა გასულ წელს 678  იყო, 2013 წელს კი 546.

 

2013 წელთან შედარებით განქორწინების სტატსიტიკა  ქვეყნის მასშტაბით  1 030 -ითაა გაზრდილი.  წინა წლებთან შედარებით მაჩვენებლი თიტქმის ყველა რეგიონში მაღალია.

 

2013 წელთან შედარებით, 2014 წელს, შემცირებულია დაქორწინებულთა რაოდენობაც. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 34  693 წყვილი დაქორწინდა, გასულ წელს კი 31 526 წყვილი.

 

 

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „რედისონში“ მოსამართლეებს ხვდება

 

ნინო გვენეტაძე

 

აღნიშნული შეხვედრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გაგრძელებაა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

 

განხილვის თემა ასევე იქნება, საქართველოს  კანონებში, – „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ და „საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“  და „უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ“ შესატანი ცვლილებები.

 

კანონპროექტების წარმოდგენის შემდეგ, გაიმართება დისკუსია.

 

შეხვედრის ინიციატორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოა. შეხვედრა იმართება ევროპის საბჭოს პროექტის,-  „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

 

 

შეხვედრა მოსამართლეებთან სასტუმრო „რედისონში“

 

ტენდერი „ალი და ნინოს“ ადგილმონაცვლეობაზე

 

„ალი და ნინო“

 

სატენდერი პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია, სატენდერო პირობების სრული დაცვით განახორციელოს ბათუმის სანაპიროზე არსებული ქანდაკების „ალი და ნინო“-ს ადგილმონაცვლეობა.

 

ქანდაკების ადგილმონაცვლეობის აუცილებლობა, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  ქანდაკების  ტექნიკური ნორმების დარღვევით დადგმამ გამოიწვია.

 

მძიმე ქანდაკების ზღვასთან ახლოს განთავსებამ საფრთხე შეუქმნა „ალის და ნინო“-ს, რადგან ტალღების მიმოქცევის შედეგად, ქანდაკებას საძირკველი დაუზიანდა.

 

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ქანდაკება „ნინო და ალი“-ს დემონტაჟი და მონტაჟი განახორციელოს  უსაფრთოების პირობების ყველა ნორმის დაცვით.

 

სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

 

ქანდაკების დემონტაჟისა და მონტაჟის დროს გამოყენებული ყველა მასალა, უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ  სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს.

 

„ყველა მასალა, – მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული“ – წერია სატენდერო წინადადებაში.

 

სატენდერო წინადადებების მიღება 26 ივნისამდე გრძელდება.

 

„ალი და ნინო“-ს  ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ვალდებულია ქანდაკების ადგილმონაცველობა შეათანხმოს ავტორთან. ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ეს შეთანხმება თამარ კვესიტაძესთან ოფიციალურად მიღწეულია.

 

„ალი და ნინო“  ზღვის სანაპიროდან, რამდენიმე მეტრით ზემოთ, ბულვარის მიმართულებით ამოინაცვლებს.

 

 

რა ცვლილებებს გეგმავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ხელმძღვანელი

 


კობა ნაკაიძე



ბატონო კობა, რა ცვლილებების აუცილებლობას ხედავთ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში?

მე ვფიქრობ, რომ საკადრო ცვლილებები არ იქნება. მაგრამ, იქნება ახალი პროგრამები და ახალი პროექტები. ძველი პროგრამები დასახვეწია. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა წინა საუკუნის 90-იანი წლებში და ვაპირებ რომ   21-ე საუკუნეში გადმოვიყვანო.  შენობაში არც გათბობის სისტემა მუშაობს.


პროგრამული სიახლეები ახსენეთ, რა გაქვთ იდეაში, ერთი მაინც რომ დაგვისახელოთ?

მართალი გითხრათ, გუშინ მივედი ახალ სამსახურში და ჯერ არ გავცნობივარ მათ რა პრიორიტეტები აქვთ  2016 წლისთვის, თუმცა ამ წელში რის განხორციელებასაც სასწრაფოდ ვფიქრობთ,  ეს არის c ჰეპატიტის გამოკვლების პროგრამა.  ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდეს რომ ეს პროგრამა დაფინანსდეს. გამოკვლევები ფასიანია, 70 პროცენტს იხდის პაციენტი, 30 პროცენტს კი სოციალურად დაუცველი პირი. სახელმწიფო მხოლოდ მკურნალობას აფინანსებს, ამიტომ გვინდა რომ ჩვენ გამოკვლევების კომპონენტი დავაფინანსოთ. აჭარის მასტაბით ვაპირებთ რომ უფასო გავხადოთ  c ჰეპატიტზე გამოკვლებები. დანარჩენი სიახლეები ალბათ 2016 წლის პრიორიტეტებში შევა. ბევრი კითხვები მე თვითონ მაქვს ჩემს თავთან და ჯერ ამ კითხებს უნდა გავცე პასუხი.


რას უკავშირდება თქვენი კითხები?

ყველაფერს. იგივე ბიუჯეტს, პროგრამებს, ინფრასტრუქტურას, რა შეიძლება გაკეთდეს წელს და ა.შ ბევრი დრო არ მაქვს და ვფიქრობ რა შეიძლება მოვასწროთ. აგვისტოში 2016 წლის პრიორიტეტები უნდა წარვადგინო და ესეც მოსასწრებია.


ახლა რამდენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიუჯეტი?

არ ვიცი, მე ჯერ დოკუმენტებს არ გავცნობივარ. გუშინ წარმადგინეს 5 საათზე და ორშაბათიდან უნდა გავეცნო ყველაფერს.


იქნებ საკმარისია არსებული ბიუჯეტი ცვლილებებისთვის?

არა, რაღაც-რაღაცეები არ არის შეტანილი ბიუჯეტში, რაც წესით უნდა იყოს. სირცხვილია რეგიონში სანიტარულ მდგომარეობას აკონტროლებდე და შენ თვითონ ანტისანიტარიაში მუშაობდე.


რა თანხის მოთხოვნას აპირებთ ბიუჯეტიდან?

დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზეა საუბარი. ბუნებრივია, მთავრობას უნდა დაუსაბუთო ამ თანხების საჭიროება და აუცილებლობა.  


როდის აპირებთ დასაბუთებული წინადადებების წარდგენას?

მაქსიმუმი ვადა მაქვს ათი დღე. ამ ვადაში მონახაზი მზად უნდა მქონდეს.  15 ივლისამდე მთავრობაში უნდა შევიტანო განაცხადი.

 

 

ფიროსმანი ბათუმშია

ნიკო ფოროსმანის ნამუშევარი

 

ბათუმში “მოგზაურობამდე” ფიროსმანის ნამუშევრები გამოფენილი იყო წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და ქუთაისის ისტორიის მუზეუმში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, წინანდალში ფიროსმანის ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში 9 749 დამთვალიერებელმა ნახა, რაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მეზეუმში 2014 წლის მაისში დაფიქსირებულ ვიზიტორთა რაოდენობას ორჯერ აღემატებოდა.

ქუთაისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, ორი კვირის განმავლობაში განცხორციელებული გამოფენის შედეგებიც ასევე აღემატება მუზეუმში სხვა დღეებში დაფიქსირებულ ვიზიტორთა  რაოდენობას.

„ფიროსმანის მოგზაურობის“ პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მირზაანში ფოროსმანის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეებისა და ფონდების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე განხორციელდება ფიროსმანის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებულ ნამუშევრების „შოთა რუსთაველისა~ და „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ რესტავრაცია.

ორგანიზატორთა თქმით, გამოფენა რესტავრაციისა და დაცვის სამსახურის გამკაცრებული კონტროლით ხორციელდება.

გამოფენა ბათუმში თვის ბოლომდე გაგრძელდება. ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში მეორედ იმართება.


ნიკო ფოროსმანი

ფიროსმანი, ხელოვნების მუზეუმში

საგამოფენო აფიშები

რა შეიცვლება ბულვარში ტურისტულ სეზონზე

 

ბათუმის ბულვარი

 

ბათუმის ბულვარის გამწვანებისათვის წელს ადმინისტრაცია 380 ათას ძირ ერთწლიანი ყვავილებისა და 3 249 ძირ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების შეძენას აპირებს. მოხდება ბულვარში დაზიანებული გაზონის აღდგენა ახალი კორდით და ჩრდილის ამტანი ბალახის თესლის შესყიდვა, რისთვისაც მთლიანობაში 371 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

იგეგმება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა რაშიც 50 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.
ბულვარისთვის წელს შეიძენენ 50 საბაღე სკამს, 200 ცალ ევროპული სტანდარტების შესაბამის სამგანყოფილებიან საბაღე ურნებს, 5 ველოსიპედს. დამონტაჟდება 16 ცალი სასმელი წყლის შადრევნი.

 

შეიცვლება არდაგანის ტბის ირგვლივ განლაგებული სანათები – „ეკლექტიკები“ და მათ ნაცვლად ახალი ტიპის დეკორატიული სანათები დამონტაჟდება; მოხდება სტიქიის გამო დაზიანებული განათების ელემენტების აღდგენა-შეკეთება და დამიწების კონტურების მოწყობა ბულვარის მტელ ტერიტორიაზე.

 

ბულვარში გარე განათების მომსახურებისთვის – 210 979 ლარი, ხოლო გარე განათებისა და მუსიკალური შადრევნების ელ.ენერგიის ხარჯში 280 000 ლარია გაწერილი.

 

ბულვარის ტერიტორიის დასუფთავება და სანიტარული მომსახურება ადმინისტრაციას 603 142 ლარი, ხოლო შადრევნების მოვლა-პატრონობის მომსახურება 210 508 ლარი დაუჯდება. ცალკე 100 000 ლარია გათვალისწინებული ბულვარში შადრევნებისათვის სათადარიგო ნაწილების შესაძენად, ხოლო წყლის ხარჯი – 37 ათასი ლარია. ბულვარის ზოოკუთხისა და მის მობინადრეთა მომსახურებისთვის კი 55 557 ლარია გათვალისწინებული. 602 796 ლარი დაიხარჯება ბულვარის ტერიტორიის დაცვაში.

 

1 890 253 ლარია გამოყოფილი მიმდინარე სამშენებლო – სარემონტო სამუშაოებისთვის, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული დაზიანებული მოზაიკის შესაცვლელად, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოსაწყობად, ასევე შეიცვლება დაზიანებული ფილები, ბორდიურები; მოეწყობა სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღების ჭები, მოხდება საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია ძველ ბულვარში.

 

162 843 ლარი დაიხარჯება ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება – დაგეგმარებაში.
ამ და სხვა სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან წელს მთლიანობაში 5 704 600 ლარია გამოყოფილი.

შაბათ-კვირის ”პოპკორნი”

საათი    

 

    ფილმი         


   ფასი


12:00 

სან ანდრეასი 3D 

 7 ლარი

15:00

ასტრალი 3

 8 ლარი

17:00

ასტრალი 3

 8 ლარი

20:00

სან ანდრეასი 3D 

 7 ლარი

22:30

ასტრალი 3

 8 ლარი

სან ანდრეასი /  San Andreas 


სან ანდრეას / San Andreas


 
სან ანდრეასის ოფიციალური ტრეილერი


ასტრალი 3 / Chapter 3 


ასტრალი 3 / Chapter 3


ასტრალის ოფიციალური ტრეილერი





გახდება თუ არა ქალაქის ყოფილი მერი ბსუ-ს კანცლერი?

ჯემალ ანანიძე

„თანამდებობის დატოვების საფუძველი არის ჩემი პირადი განცხადება, სხვა რა საფუძველი უნდა ჰქონდეს. ეჭვის თვალით ბევრ რამეს უყურებენ ადამიანები, მაგრამ ყველაფერი საეჭვო ხომ არ არის“, – ამბობს ედიშერ ჩავლეიშვილი.

ედიშერ ჩავლეიშვილი არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ თითქოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა პოლიტიკური ძალების სამიზნე ისევ გახდა.

„პოლიტიკური ინტრიგების გამო არ მომხდარა ჩემი წამოსვლა, რომელი პოლიტიკოსი მე ვარ“, – ამბობს ის.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სამუშაოდ ისევ უნივერსიტეტში რჩება: „თუმცა შეიძლება სხვაგანაც დავაპირო მუშაობა, რა ვიცი, ყველაფერი ხდება“.

უნივერსიტეტის იურისტი გიორგი დიასამიძეც ამბობს, რომ ედიშერ ჩავლეიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. პროცედურულად, როგორც გიორგი დიასამიძე ამბობს, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არჩევნები გამოაცხადა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 27 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება, შემდეგში კი საბჭო შეარჩევს მხოლოდ ერთ კანდიდატს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭო თავის მხრივ ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტებისა და ლექტორებისგან შედგება.

წარმომადგენლობითი საბჭო წარდგენიდან გარკვეულ ვადაში ვალდებულია განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. წარმომადგენლობითი საბჭო 26 წევრისგან შედგება.

ბსუ-ს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე განცხადების შეტანას აპირებს ბათუმის ყოფილი მერი, ფინანსისტი ჯემალ ანანიძე. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ჯემალ ანანიძემ დაუდასტურა.

„კი ბატონო, მეც ვემზადები, რადგან ჩემი პროფესიის მიმართულებაა ეს თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არის კონკურსი და არავინ არ არის შეზღუდული. ვფიქრობ, დიდი კონკურენცია იქნება, ამიტომ ვამუშავებ გეგმას. ჯერ საბუთები არ შემიტანია, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, მონაწილეობის მიღება“.

ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ მას უნივერსიტეტში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ეს აძლევს გარკვეულ იმედს, რომ მას აკადემიური საბჭო და შემდეგ წარმომადგენლობითი საბჭო მხარს დაუჭერს:

„მიუხედავად იმისა, რომ სხვაგანაც ვმუშაობდი, სალექციო დატვირთვა მქონდა და ჩემეული ხედვა მაქვს, თუ როგორ შეიძლება ვიმუშაო სამომავლოდ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად კეთილგანწყობილია წარმომადგენლობითი საბჭო მის მიმართ, ჯემალ ანანიძე ამბობს: „უნივერსიტეტის საკმაოდ დიდი ნაწილი მიცნობს, 1994 წლიდან ვმუშაობ აქ და ვფიქრობ, რომ 60-70 პროცენტი კარგად მიცნობს“.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ფუნქცია უნივერსიტეტში საფინანსო-საბიუჯეტო, მატერიალურ-ტექნიკური და ადმინისტრაციის რესურსების მართვაა. „ბიუჯეტზე, ქონებასა და ტექნიკურ განვითარებაზე კანცლერი აგებს პასუხს“.

ბათუმის უნივერსიტეტი კანცლერს ოთხი წლის ვადით ირჩევს. პირველი კანცლერი გია მეტრეველი 2006 წლის დეკემბერში აირჩიეს. შემდეგ ამ თანამდებობაზე 2007 წელს აირჩიეს მალხაზ ნაკაშიძე, რომელსაც უფლებამოსილება 2009 წლის 30 იანვარს შეუწყდა. 2009 წლის 23 მარტს, მალხაზ ნაკაშიძე ჩაანაცვლა დავით ლეკვეიშვილმა, რომელსაც ეს თანამდებობა 2011 წლის 10 ნოემბრამდე ეკავა. ბოლო კანცლერი – ედიშერ ჩავლეიშვილი თანამდებობაზე 2011 წლის 13 დეკემბერს აირჩიეს, გადადგომის შესახებ მისი განცხადება მიმდინარე წლის 22 მაისით არის დათარიღებული.

ოფიციალური ინფორმაცია ბსუ-ს კანცლერების გადადგომის ნაწილში იდენტურია – ყველა მათგანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღესასწაული ‘მოვალეობის მოხდის მიზნით’

 

სოფო ჟღენტი
სოფო ჟღენტი

26 მაისს არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი ბათუმში, თუმცა ბევრი ღონისძიება დროში არ დაემთხვა გაწერილ გეგმას და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასე მოხდა, მაგალითად, „ბათუმობაზეც“ გასულ წელს. როგორ შეაფასებთ ქალაქის მერიისა და შესაბამისი სამსახურების ძალისხმევას, ქალაქში გამართონ ხალხმრავალი, მასშტაბური ღონისძიებები? 


ეს იმაზე მიუთითებს, რომ კოორდინირებულად არ მუშაობენ. სულ მეჩვენება, რომ დამოკიდებულებაა ასეთი – ეს არ არის მნიშვნელოვანი, სერიოზული საქმე. ეს არა მარტო 26 მაისიდან ჩანს, ზოგადად, თუ მოვყვებით ბოლო პერიოდში როგორ ტარდებოდა მსგავსი ღონისძიებები, თუნდაც ორი, სამი და ხუთი წლის წინათ, დამოკიდებულება იყო ერთნაირი _ თითქოს რაღაც კეთდებოდა მოვალეობის მოხდის მიზნით. შარშან ყველაზე მეტად გავბრაზდი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რომ გავაფორმეთ, ბათუმში ერთი დროშაც კი არ გამოფენილა. საჯარო სტრუქტურებზე რომ დროშა აეფრიალებინათ, თუნდაც სიმბოლურად, ესეც კი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა და ზეიმის გარდა, ეს იყო პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი. ამის მიუხედავად, ქალაქში ისეთი განწყობა იყო, თითქოს არც არაფერი ხდებოდა. სულ მგონია, რომ წინასწარ ნაფიქრი და დაგეგმარებული არ არის მსგავსი ღონისძიებები.

 

 ეს არის მერიის თუ, ზოგადად, მთავრობის კოორდინაციის პრობლემაა?

 

 ალბათ ყველაფერი ერთად. პრობლემაა ისიც, რომ არაპროფესიონალები მუშაობენ ამ მიმართულებით. მეორე ის არის, რომ რომც დაგეგმონ საინტერესოდ, ამის პოპულარიზაცია არ ხდება, მასშტაბურობის უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ და არის კოორდინაციის პრობლემაც. როცა ქვეყანაში რაღაც ხდება სინქრონულად, ყველა უწყებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამაზე. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო რას აკეთებს შეიძლება არ ახსოვდეს მერიას და ა.შ. ეს ჯაჭვური პროცესია, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმ ღონისძიებების ორგანიზებასა და ხარისხზე, რაც იმართება. არ ეტყობა ის, რომ ადამიანების ჯგუფმა სერიოზულად იმუშავა ამაზე და ყველაფერზე გათვლა ჰქონდა. განსაკუთრებით ცუდად ეს ჩანს ახალი წლის დღეებში, როცა ბევრი საზეიმო ღონისძიება იმართება.

 

 ამ ტიპის ღონისძიებების დაგეგმვაზე მუშაობს მერიის აიპი – კულტურის ცენტრი, განათლებისა და კულტურის განყოფილება მერიაში, ცალკეა ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც ხშირად ერთვება სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში. ერთი შეხედვით ადამიანური რესურსი არის, მაგრამ საორგანიზაციო საკითხები მაინც ვერ გვარდება სათანადოდ. რატომ?

 

 ალბათ იმიტომ, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა გააკეთონ მსგავსი ღონისძიებები. ის ფული, რომელიც ამ საქმისთვის არის გამოყოფილი, მნიშვნელოვანია სწორად დაიხარჯოს. ამაშია მთავარი პრობლემა. მე მახსოვს, ახალი წლისთვის რამდენიმე ორგანიზაციამ სცადა პროექტის შეტანა, მაგრამ მერიამ ცოცხალი თავით არ დააფინანსა სხვა იდეები და ინიციატივები. წინასწარ 5-6 თვით კი არ იწყება ღონისძიებების დაგეგმვაზე ფიქრი, არამედ 20 ან 15 დღით ადრე. ზაფხულშიც შეუძლიათ დაიწყონ იმაზე ფიქრი, რომ კერძო კომპანიებმა აიღონ რაღაც ინიციატივები, მაგალითად, ახალი წლისთვის, დაყონ ადგილები სექტორებად, შეიძლება გამარჯვებული იდეები გამოაცხადონ… უბრალოდ, არა აქვთ დამოკიდებულება, რომ ეს ძალიან სერიოზული საქმეა. არადა, ამაში ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ და ქმნიან იმას, რასაც ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები იმ 15 დღეში ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავენ, მაგრამ 15 დღეში რომ ასეთი ღონისძიებები კეთდებოდეს, ამხელა სამსახურები არ იქნება საჭირო.

 

ეს ადამიანები, ალბათ, ამ 15 დღეში გიჟებივით დარბიან და ადამიანის სახე არ აქვთ დაღლილობისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში შეფასებასაც კი არავინ აკეთებს: როგორი გამოვიდა, რა ხარვეზები იყო, გაერთო ხალხი ან არ გაერთო, სწორად დაიხარჯა თუ არა თანხა, მომავალ წელს რა უნდა შეიცვალოს, რა სეგმენტზე უნდა გაითვალოს… – ეს არ ხდება. თუნდაც გამოკითხვები რომ იყოს სოციალურ ქსელებში, რაზეც ფული არ დაიხარჯება: რა უნდათ, რითი გაერთობიან ადამიანები, იქნებ გავცდეთ ამ აბაშიძის ქუჩას და გავიდეთ ახალ ბულვარში, ბენზეში. ეს გათვლები არ არის და პრობლემაა როგორც არაპროფესიონალიზმის, ასევე პასუხისმგებლობის. არავინ არ არის მოტივირებული, რომ შეცდომების შემდეგ ისწავლოს. თუ მე მევალება, რომ ხალხისთვის საზეიმო განწყობა შევქმნა ქალაქში, მე უნდა ვიჯდე და მთელი დღეები ამაზე ვფიქრობდე. ამაში უხდიან ადამიანებს ფულს, იხარჯება მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და საბოლო ჯამში, მაინც 20-15 დღით ადრე იწყება მზადება და კეთდება ის, რაც კეთდებოდა 5-10 წლის წინ, ან ახალი არ გამოდის კარგი და ორგანიზებული. თუ ასე უნდა იყოს, მაშინ 15 დღით შევკრიბოთ ეს ადამიანები და რასაც აკეთებენ, ისე გააკეთონ, სამსახურები ამისთვის საჭირო აღარ არის.

 

ხშირად კრიტიკა არ სცდება სოციალურ ქსელებს. საკრებულოში ყოფილა როდისმე იმ ტიპის შენიშვნები, რომ რაღაც ღონისძიება არ იყო კარგად ორგანიზებული და ვიღაცას პასუხი უნდა მოვთხოვოთ?

 

გულწრფელად რომ გითხრათ, საკრებულოში ან თუნდაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ეს არ მომხდარა, რადგან სხვა, უფრო საყოფაცხოვრებო საკითხები განიხილება, ვთქვთ, წყალი სადღაც არ არის უბანში და ა.შ. 

 

 არის ისეთი მოსაზრებაც, რომ როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემა გვაქვს, რა დროს გართობაა ან ამაში ცოტა თანხა უნდა იხარჯებოდეს. რატომ არის სახალხო ღონისძიებები მნიშვნელოვანი?

 

 ბევრი სოციალური პრობლემა გვაქვს მოუგვარებელი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს ამ ტიპის საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები – საყოველთაო ზეიმი ადამიანებში ერთსულოვნების, ფასეულობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ხალხმა ეს უნდა იგრძნოს და იზეიმოს, რადგან განწყობა გადამდებია. სახალხო დღესასწაული რაღაც დინამიკის შესაქმნელად აუცილებელია და მის მომზადებას დრო უნდა ეთმობოდეს. თუ ამაში სერიოზული შრომა ჩაიდება, თუკი ამაზე პროფესიონალები იმუშავებენ, ეს აუცილებლად აისახება შედეგზე.

 

 მსგავსი ღონისძიებების ცალკე ნაწილია ბიუჯეტიდან დაფინანსებული სუფრები, სადაც ძირითადად მთავრობის წევრები ან ის ადამიანები ხვდებიან, რომელთაც საგანგებოდ იწვევენ. ეს რამდენად სწორია?

 

 ეს არის კრიმინალი. მე ვნახე და ადრე სიუჟეტიც გავაკეთე, როცა შუამთობისთვის ბიუჯეტში იყო ჩადებული თანხა ოთხი თიკანის, ბაქლავის და ა.შ. შესაძენად. ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდა ბიუჯეტში ეს ჩადებული. მთელი შუახევი იქ ხომ არ იქნება არა?! ეს მაგიდა გათვლილია მაქსიმუმ 200 ადამიანზე და ეს არ არის სახალხო ზეიმი. მსგავსი საკითხებით შესაბამისი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ, თუ რატომ იხარჯება ვიღაცის ჭამაში ბიუჯეტი. რატომ უნდა გაიმართოს სუფრა ხალხის ფულით სახალხო დღესასწაულზე? ეს აბსურდია. 

 

 გამოსავალი რა არის?

 

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თვითმმართველობის დონეზე არ გვაქვს, ვთქვათ, ხოსე კარერასის ან სხვა ცნობილი ვარსკვლავის ჩამოყვანის ფინანსები, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს, საორგანიზაციო საკითხების მაინც, რომ განწყობა შეიქმნას. ეს უნდა იყოს ერთიანი კულტურის პოლიტიკის ნაწილი. მსგავსი ღონისძიებები მეტყველებს იმაზე, თუ რა დონეზეა ქვეყანა, სახალხო დღესასწაულები გვაგრძნობინებს განვითარების რა ეტაპზე ვართ.

 

ეჩვევა თუ არა საზოგადოება ნარჩენების დიფერენცირებულად შეგროვებას? [ფოტო]

ასე გამოიყურება ურნები დღეს:

ჯერჯერობით აჭარაში ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ქაღალდს, პოლიეთილინსა და შუშას ცალ-ცალკე გადაამუშავებენ, არ არსებობს.

ბათუმის ბულვარმა ახალი სანაგვე ურნების შესაძენად 121 ათასი ლარი დახარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

 

 

კობა ნაკაიძე პროფესიით ექიმია, 1988 -1993 წწ ის იყო ჩაქვის რაიონული საავადმყოფოს ექიმი პედიატრი, 1993 -1995 წწ – ქობულეთის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე, 1995 – 2005 წწ – შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” დირექტორი, 2009 – 2010 წწ – სადაზღვეო კომპანია ,,იმედი L” -ის კონსულტანტი, 2012 წლიდან დღემდე კი სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორად მუშაობდა.

 

ტენდერი სასათბურე კონსტრუქციის შესყიდვაზე

 

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო პირობების მიხედვით სასათბურე კონსტრუქცია, რომელსაც სამინისტრო  48 000 ლარად შეისყიდის 200 კვ.მ-ს უნდა აღემატებოდეს, ლითონის კარკასისა უნდა იყოს და ამავდროულად პოლიეთილენის ფირით, მულჩფირით, 2 ტონიანი სარწყავი ავზით, წვეთოვანი სარწყავი მილებითა და წყლის საქაჩი ტუმბოთი უნდა იყოს აღჭურვილი. სასათბურე კონსტრუქციას თან უნდა ახლდეს აწყობისა და მონტაჟის ინსტრუქცია ქართულ ენაზე.

 

საჭიროების შემთხვევაში, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, სამონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტანტების ადგილზე მივლინება უნდა უზრუნველყოს.

 

სასათბურე კონსტრუქციის შესაძენად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადების მიღება ხვალ, 6 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რომელი კომპანია შეიძენს სათბურს.

 

სათბურს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2015 წლის პროგრამის „მემცენარეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის“ – ქვეპროგრამის „ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში შეისყიდის.

 

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სათბურები სამინისტროს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის გამწვანების სამსახურმა სკვერში ყვავილები დარგო. გამწვანებისა და სანდასუფთავების სამსახურების გარდა, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაც შეუერთდა, რომლის თანამშრომლებმაც გამვლელებს ქოთნით ყვავილები აჩუქეს.

ვარდების სკვერში დღეს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებიც გამოვიდნენ, რომლებმაც გარემოს დაცვის თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს.

ხელვაჩაურში 1937-38 წლებში რესპესირებულთა სამარხებს ეძებენ

 

 

 

ჯგუფის  შექმნისა და შეკრების მიზანია, შეისწავლოს და დაადგინოს დაკარგული სამარხების ადგილსამყოფელი, რომლის ერთ-ერთი  სავარაუდო ადგილია ე.წ „ სალიბაურის სამთავრობო სახლის“  მიმდებარე ტერიტორიაა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ადლიაში არსებული  სამარხების შესახებ, სადაც რეპრესირებული ადამანებია დამარხული, თუმცა ადგილს არ გააჩნია სამარხის სტატუსი.

 

ჯგუფის წევრის რამაზ სურმანიძის თქმით, შესასწავლია ჭოროხის სანაპირო, აჭარისწლის მიმდებარე ტერიტორია და  კიდევ სხვა ადგილები, რაშიც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი  დახმარების გაწევა შეუძლია.

 

სამუშაო ჯგუფში არიან საკრებულოს წევრები,  ქართულ-ებრაული ასოციაციის ხელმძღვანელი, ქართველთა და აზერბაიჯანელთა აჭარის საქველმოქმედო საზოგადოების პრეზიდენტი.

 

სამუშაო ჯგუფის წევრები,  ხელვაჩაურში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავს  – 1937-38 წლებში კომუნისტური მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ რესპრესირებული-დახვრეტილი პირების შესახებ ინფორმაციის  არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კონკურსი გამოცხადდა

 

 კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე  და გააკეთონ განაცხადები სასურველ პოზიციაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 13 ივნისია.

 


ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: გამგებლის თანაშემწე; მთავრი სპეციალისტები – დაბა ჩაქვის, საჩინოს, ლეღვას, ციხისძირის,  დაბა ოჩხამურისა და ხალას ადმინისტრაციულ ერთეულებში; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში; საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი; საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის აღრიცხვის, დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის აღრიცხვის საკითხებში; გამგებლის წარმომადგენელი – დაგვას, ხალას, საჩინოს და აჭყვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში; ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებში; საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ბანკთან ურთიერთობისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშების საკითხებში; სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი სამობილიზაციო საკითხებში და ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – რეგისტრატორი.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 ვაკანსიაზე. 

 

კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება – განაცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

 

კონკურსანტებს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვთ სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის ტესტირების დადებითი შედეგი გამოიყენოს მიმდინარე კონკურსის ტესტირების ეტაპის შედეგად. ასეთ დროს კონკურსანტი არ მონაწილეობს კონკურსის მეორე ეტაპზე – ტესტირებაზე და იგი პირდაპირ დაიშვება კონკურსის მესამე ეტაპზე – გასაუბრებაზე.

 

აღნიშნულმა კონკურსანტმა კონკურსის მეორე ეტაპის (ტესტირების) დადებითი შედეგის მათ მიერ გამოყენების თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროსადმინისტრირებად ვებ-გვერდზე დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთონ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სახელზე შევსებული განცხადება (განცხადებაში უნდა მიეთითოს წინა კონკურსის ტესტირების დადებითი შედეგების გამოყენების სურვილი) და ტესტირების ეტაპზე მიღებული დადებითი შედეგის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

 

კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღის და დროის, ეტაპების ჩატარების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ოფიციალურ ვებ-გვერდსა და მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

 

სასმელი წყალი, რომლის ხარისხზეც პასუხს არავინ აგებს

 

 

მოსახლეობა ჭის ანუ შეუმოწმებელ წყალს მოიხმარს ადლიის, ანგისის, მეჯინისწყლის, კახაბრის, შარაბიძეების დასახლებაში. დალი ბერიძე ერთ-ერთი მათგანია, ის ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, შარაბიძეების დასახლებაში ხუთსართულიან კორპუსში ცხოვრობს. მისი ოჯახი ჭის წყლით სარგებლობს. წყლის საქაჩი ჭაბურღილის შეძენა-მონტაჟისთვის დალიმ და სადარბაზოს მეზობლებმა თანხა შეაგროვეს, რადგან კორპუსში შემავალი წყლის სისტემა მოძველებულია და არ მუშაობს. დალიმ იცის, რომ ”მატორის წყალი” დაბინძურებულია. ის ცდილობს თავისი ოჯახის უსაფრთხოება შეძლებისდაგვარად დაიცვას – ამერიკაში მცხოვრებ მეგობარს სპეციალური ფილტრი ჩამოატანინა და სამზარეულოს ონკანზე აქვს დამონტაჟებული.
”ბაქტერიებს ვერ შველის, მაგრამ, როგორც ამიხსნეს, კარგი დამცავი შრეები აქვს. მეზობელმა წყალი ლაბორატორიულად შეამოწმებინა და უთხრეს, რომ დაბინძურებული, სასმელად უვარგისია, მაგრამ მაინც მოვიხმართ. სხვა წყალი, უბრალოდ, არ არსებობს”.

ანალოგიურად ”მატორის წყალს” მოიხმარენ დალის მეზობლებიც. შარაბიძეების დასახლებაში ყველა სადარბაზოს თავისი წყლის საქაჩი მოწყობილობა აქვს. მეზობლებს ჭაბურღილის ჩართვა-გამორთვაზე მორიგეობა აქვთ დაწესებული.

წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეც. აქ არამხოლოდ სასმელი წყლის, არამედ ტექნიკური წყლის პრობლემაც კი დგას.

 

”დაბინძურებულ წყალზეც თანახმა ვარ, სახლის დასალაგებლად და გასარეცხად მაინც გამოვიყენებდი”, – ამბობს ინეზა მაიბა.

”არჩევნებამდე ერთი კაცი იყო მოსული, ხელი მოგვაწერინა, რომ ხმას თუ მივცემდით, წყალს გაგვიკეთებდა. არჩევნების შემდეგ არც ის კაცი გამოჩენილა და არც წყალი გვაქვს. არც ის ვიცით ვინაა ჩვენი დეპუტატი. ეს პრობლემა წლებია დგას და არ გვჯერა, რომ ვინმე მართლა მოაგვარებს”, – ამბობს ციური რახიმოღლი. ისიც ანგისის დასახლებაში ცხოვრობს.

 

სისტემაში წყალი წლებია არ მოდის ადლიის დასახლებაშიც, თუმცა აქ უწყლობის პრობლემა დღის წესრიგში არც ისე მწვავედ დგას, – ყველა ოჯახს ეზოში ინდივიდუალური ჭაბურღილი აქვს დამონტაჟებული. აქ მოსახლეობას ჭის წყლის ხარისხი არ აშინებს. ამბობენ, რომ ჭიდან საუკეთსო ცივი წყალი ამოდის. თუმცა მათგან ბევრს წყლის ხარისხი არასდროს შეუმოწმებია.

 

”ეს წყალი ორმოცი მეტრის სიღრმიდან მოდის. ამას შემოწმება არ სჭირდება. სისტემის წყალი როგორ არ გვინდა, მატორს დენი მიაქვს და გადასახადი იზრდება”, – ამბობს ენვერ წულუკიძე. მისი მეზობლის თქმით კი, რომელიც ასევე ჭაბურღილის წყლით სარგებლობს, ჭების წყლის ხარისხი ადლიაში ბოლოს ”კომუნისტების დროს შეამოწმეს”.

წყალმომარაგების, მათ შორის ტექნიკური წყლით უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა (მე-16 თავი). კოდექსში ასევე ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და ასევე, არ არის კანონით აკრძალული.

ბათუმში მოსახლეობის სასმელი წყლის მომარაგება მერიასთან დადებული შეთანხმების თანახმად შპს ”ბათუმის წყლის” კომპეტენციაა. ეს ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას მიწოდებული წყლის ხარისხზეც. თუმცა, თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნის მიუხედავად, შპს ”ბათუმის წყალს”, რომელიც 100 %-ით მერიის საკუთრებაა, იმ წყლის ხარისხის კონტროლი არ ევალება, რომელსაც მოსახლეობა თვითნებურად დამონტაჟებული ჭაბურღილებიდან მოიხმარს. უფრო მეტიც, ორგანიზაციის პრესსამსახურის განმარტებით, ”ბათუმის წყალი” წყლის მიწოდებაზე მხოლოდ იმ უბნებში იღებს ვალდებულებას, რომლებშიც წყლის გაყვანილობის სისტემას რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა.

აჭარაში სურსათის ხარისხის, მათ შორის სასმელი წყლის კონტროლი სურსათუვნებლობის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოს აბარია. სამსახური ამ ფუნქციის შესასრულებლად როგორც საკვები პროდუქტის, ასევე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით სინჯებს პერიოდულად იღებს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის უწყებას რეაგირებისთვის რეკომენდაციით მიმართავს. თუმცა რა ხარისხის წყალს მოიხმარს მოსახლეობა, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტი არსებული სისტემით სასმელ წყალს ვერ აწვდის, ამის კონტროლი არც სურსათუვნებლობის სამმართველოს ევალება.

”სახელმწიფო კონტროლი ასეთი წყლების გამოკვლევას ვერ გაითვალისწინებს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ცენტრალიზებულ წყალსადენზე, თუმცა თუ გამოვლინდა ეპიდემიოლოგიურად საშიში სიტუაცია, შეიძლება პროგრამას გადავუხვიოთ. შარშან გვქონდა პრეცედენტი, როცა ასეთი ჭაბურღილებიდან ავიღეთ სინჯი. ე.წ. ოცნების ქალაქში ის წყალი გადავამოწმეთ, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარდა. გამოიკვეთა სანიტარული დარღვევები. პათოგენები, რაც დაავადებებს გამოიწვევდა, არ დაფიქსირებულა, თუმცა წყალი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ამის თაობაზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ვაცნობეთ”, – ამბობს სურსათუვნებლობის სააგენტოს აჭარის სამმართველოს სპეციალისტი გიგლა ჯიბლაძე.

 

გიგლა ჯიბლაძე პროფესიით ჰიგიენისტ-ეპიდემიოლოგია. მას პროფესიული გამოცდილება საფუძველს აძლევს ივარაუდოს, რომ ჭაბურღილების წყალი ძირითადად არასტანდარტულია: ”მას მოიპოვებენ შეუსაბამო სიღრმიდან, ამის გამო ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ სანიტარული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში არ იყოს. ჩვენ ამ წყალზე სახელმწიფო კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ისევე როგორც ოჯახში დამზადებულ საჭმელზე”.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდზე მოდის დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, `რაც, სავარაუდოდ, გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.”

დიარეით მიმდინარე დაავადებათა საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით კი, 2014 წელს აჭარაში საკვებით მოწამვლის 5 153 შემთხვევა დაფიქსირდა. დიფერენცირებული არ არის აქედან რამდენი შემთხვევა უკავშირდებოდა სასმელ წყალს. 2015 წელს, იანვრიდან დღემდე, მოწამვლის 1 155 შემთხვევაა დაფიქსირებული.

”დაბინძურებული წყალი შესაძლოა ნაწლაური ინფექციის გამომწვევი მიზეზი გახდეს, თუმცა არის თუ არა დაინფიცირების მიზეზი წყალი, ლაბორატორიულად უნდა დადასტურდეს. თუ წყალში ბაქტერიაა, გამოვლენა უფრო მალე იჩენს თავს. ვსაუბრობ დღეებსა და კვირეებზე. თუ წყალი შეიცავს ქიმიურ მინარევებს, ეს სხვა საკითხია”, – განმარტავს ინფექციონისტი ლალი საღარაძე.

კითხვაზე, თუ ავადობა არ ვლინდება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ წყალი სუფთაა? ეპიდემიოლოგი გიგლა ჯიბლაძე პასუხობს: ”რადგან არ მოვიწამლეთ და ავად არ გავხვდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყალი სასარგებლოა. მოსახლეობას, რომელსაც ის არ შეუმოწმებია და ამტკიცებს, რომ წყალი სასარგებლოა, აქვს სუბიექტური შეგრძნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი წყალი ნორმის ფარგლებში ჩაჯდეს. თუ მე დღეს არ მოვიწამლე, არ ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ჰიგიენური ნორმა. თვითმმართველობის კანონში წერია, რომ მუნიციპალიტეტი უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, მათი პრეროგატივაა მიმართონ შესაბამის ლაბორატორიას, აიღონ სინჯები და გამოიკვლიონ სასმელი წყალი. მითუმეტეს, რომ ზედამხედველობის სამსახურს ჰყავს ჰიგიენისტი, რომელიც ამას უნდა აკონტროლებდეს”.
ბათუმის მერიის სანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა ნუგზარ ცეცხლაძემ განმარტა, რომ სასმელი წყლის ხარისხის კვლევა არც მის განყოფილებას ეხება.

სასმელი წყლის მინიმალისტურ შემოწმებას სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში 72 საათზე მეტი სჭირდება და 78 ლარი ღირს. ამ დროისთვის არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფდა.

 

 

ბათუმის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მერია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს, პროექტი ოთხფაზიანია და ამ ეტაპზე მესამე ფაზა ხორციელდება. მერის მრჩევლის ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, რომელიც ამ მიმართულებას კურირებს, შემოერთებულ ტერიტორიაზე (ადლია, ანგისა, კახაბერი, შარაბიძეები) წყალგაყვანილობის სისტემის შესაცვლელად უახლოეს მომავალში ეკონომიკურ-ტექნიკური კვლევა დაიწყება, რის შემდეგაც ჩამოირიცხება თანხა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად (ჩაქვსა და მახინჯაურში ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია), მომავალ წელს კი გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე. ჯაბა ტუღუშის თქმით, ამ დროისთვის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა წყლით მახინჯაურის ძველი სისტემიდან სპეციალური განრიგის მიხედვით მარაგდება.

 

სპეციალისტის მოსაზრება
ჭის წყლის ხარისხზე


მიუხედავად იმისა, რომ ადლიის დასახლება ერთი ჰორიზონტია, ახლო-ახლოს მდებარე ორ ჭაბურღილში შეიძლება დაფიქსირდეს სხვადასხვა მონაცემი. ეს დამოკიდებულია ნიადაგზე, თუ რა ტიპის დაბინძურება ხდება კონკრეტულ ადგილზე. წყალი უნდა გამოიკვლიონ, როგორც ორგანულ-ლეპტიკურად – სუნი, გემო და ფერი, ასევე ქიმიურ-მიკრობიოლოგიურად.

ზოგადად კი, სამი ტიპის წყალი არსებობს. ზედა ფენის წყალი, რომელიც მიწის ზედაპირიდან 2-2 მეტრს არ აღემატება. ზედა ფენის წყლის დაბინძურების რისკი მაღალია, ამიტომ სანიტარული თვალსაზრისით სასმელად მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შემდეგია გრუნტის წყლები, ის წარმოიქმნება წყალგამტარ და წყალგაუმტარ ფენას შორის, 5-6 მეტრიდან რამდენიმე ათეულ მეტრამდე, რაც წარმოადგენს ადგილობრივ მომარაგებას. ცენტრალიზებული წყალი ადვილად კონტროლირებადია.

არტეზიული წყალი მრავალგაუმტარ ფენათა შორის არსებული წყალია. ეს შეიძლება იყოს ას მეტრამდე სიღრმეში. ეს წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მიკრობიოლოგიურადაც სუფთაა.

Exit mobile version