სიახლეები

დღესასწაული ‘მოვალეობის მოხდის მიზნით’

05.06.2015 • 1363
დღესასწაული ‘მოვალეობის მოხდის მიზნით’

 

სოფო ჟღენტი
სოფო ჟღენტი

26 მაისს არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი ბათუმში, თუმცა ბევრი ღონისძიება დროში არ დაემთხვა გაწერილ გეგმას და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასე მოხდა, მაგალითად, „ბათუმობაზეც“ გასულ წელს. როგორ შეაფასებთ ქალაქის მერიისა და შესაბამისი სამსახურების ძალისხმევას, ქალაქში გამართონ ხალხმრავალი, მასშტაბური ღონისძიებები? 


ეს იმაზე მიუთითებს, რომ კოორდინირებულად არ მუშაობენ. სულ მეჩვენება, რომ დამოკიდებულებაა ასეთი – ეს არ არის მნიშვნელოვანი, სერიოზული საქმე. ეს არა მარტო 26 მაისიდან ჩანს, ზოგადად, თუ მოვყვებით ბოლო პერიოდში როგორ ტარდებოდა მსგავსი ღონისძიებები, თუნდაც ორი, სამი და ხუთი წლის წინათ, დამოკიდებულება იყო ერთნაირი _ თითქოს რაღაც კეთდებოდა მოვალეობის მოხდის მიზნით. შარშან ყველაზე მეტად გავბრაზდი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რომ გავაფორმეთ, ბათუმში ერთი დროშაც კი არ გამოფენილა. საჯარო სტრუქტურებზე რომ დროშა აეფრიალებინათ, თუნდაც სიმბოლურად, ესეც კი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა და ზეიმის გარდა, ეს იყო პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი. ამის მიუხედავად, ქალაქში ისეთი განწყობა იყო, თითქოს არც არაფერი ხდებოდა. სულ მგონია, რომ წინასწარ ნაფიქრი და დაგეგმარებული არ არის მსგავსი ღონისძიებები.

 

 ეს არის მერიის თუ, ზოგადად, მთავრობის კოორდინაციის პრობლემაა?

 

 ალბათ ყველაფერი ერთად. პრობლემაა ისიც, რომ არაპროფესიონალები მუშაობენ ამ მიმართულებით. მეორე ის არის, რომ რომც დაგეგმონ საინტერესოდ, ამის პოპულარიზაცია არ ხდება, მასშტაბურობის უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ და არის კოორდინაციის პრობლემაც. როცა ქვეყანაში რაღაც ხდება სინქრონულად, ყველა უწყებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამაზე. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო რას აკეთებს შეიძლება არ ახსოვდეს მერიას და ა.შ. ეს ჯაჭვური პროცესია, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმ ღონისძიებების ორგანიზებასა და ხარისხზე, რაც იმართება. არ ეტყობა ის, რომ ადამიანების ჯგუფმა სერიოზულად იმუშავა ამაზე და ყველაფერზე გათვლა ჰქონდა. განსაკუთრებით ცუდად ეს ჩანს ახალი წლის დღეებში, როცა ბევრი საზეიმო ღონისძიება იმართება.

 

 ამ ტიპის ღონისძიებების დაგეგმვაზე მუშაობს მერიის აიპი – კულტურის ცენტრი, განათლებისა და კულტურის განყოფილება მერიაში, ცალკეა ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც ხშირად ერთვება სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში. ერთი შეხედვით ადამიანური რესურსი არის, მაგრამ საორგანიზაციო საკითხები მაინც ვერ გვარდება სათანადოდ. რატომ?

 

 ალბათ იმიტომ, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა გააკეთონ მსგავსი ღონისძიებები. ის ფული, რომელიც ამ საქმისთვის არის გამოყოფილი, მნიშვნელოვანია სწორად დაიხარჯოს. ამაშია მთავარი პრობლემა. მე მახსოვს, ახალი წლისთვის რამდენიმე ორგანიზაციამ სცადა პროექტის შეტანა, მაგრამ მერიამ ცოცხალი თავით არ დააფინანსა სხვა იდეები და ინიციატივები. წინასწარ 5-6 თვით კი არ იწყება ღონისძიებების დაგეგმვაზე ფიქრი, არამედ 20 ან 15 დღით ადრე. ზაფხულშიც შეუძლიათ დაიწყონ იმაზე ფიქრი, რომ კერძო კომპანიებმა აიღონ რაღაც ინიციატივები, მაგალითად, ახალი წლისთვის, დაყონ ადგილები სექტორებად, შეიძლება გამარჯვებული იდეები გამოაცხადონ… უბრალოდ, არა აქვთ დამოკიდებულება, რომ ეს ძალიან სერიოზული საქმეა. არადა, ამაში ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ და ქმნიან იმას, რასაც ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები იმ 15 დღეში ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავენ, მაგრამ 15 დღეში რომ ასეთი ღონისძიებები კეთდებოდეს, ამხელა სამსახურები არ იქნება საჭირო.

 

ეს ადამიანები, ალბათ, ამ 15 დღეში გიჟებივით დარბიან და ადამიანის სახე არ აქვთ დაღლილობისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში შეფასებასაც კი არავინ აკეთებს: როგორი გამოვიდა, რა ხარვეზები იყო, გაერთო ხალხი ან არ გაერთო, სწორად დაიხარჯა თუ არა თანხა, მომავალ წელს რა უნდა შეიცვალოს, რა სეგმენტზე უნდა გაითვალოს… – ეს არ ხდება. თუნდაც გამოკითხვები რომ იყოს სოციალურ ქსელებში, რაზეც ფული არ დაიხარჯება: რა უნდათ, რითი გაერთობიან ადამიანები, იქნებ გავცდეთ ამ აბაშიძის ქუჩას და გავიდეთ ახალ ბულვარში, ბენზეში. ეს გათვლები არ არის და პრობლემაა როგორც არაპროფესიონალიზმის, ასევე პასუხისმგებლობის. არავინ არ არის მოტივირებული, რომ შეცდომების შემდეგ ისწავლოს. თუ მე მევალება, რომ ხალხისთვის საზეიმო განწყობა შევქმნა ქალაქში, მე უნდა ვიჯდე და მთელი დღეები ამაზე ვფიქრობდე. ამაში უხდიან ადამიანებს ფულს, იხარჯება მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და საბოლო ჯამში, მაინც 20-15 დღით ადრე იწყება მზადება და კეთდება ის, რაც კეთდებოდა 5-10 წლის წინ, ან ახალი არ გამოდის კარგი და ორგანიზებული. თუ ასე უნდა იყოს, მაშინ 15 დღით შევკრიბოთ ეს ადამიანები და რასაც აკეთებენ, ისე გააკეთონ, სამსახურები ამისთვის საჭირო აღარ არის.

 

ხშირად კრიტიკა არ სცდება სოციალურ ქსელებს. საკრებულოში ყოფილა როდისმე იმ ტიპის შენიშვნები, რომ რაღაც ღონისძიება არ იყო კარგად ორგანიზებული და ვიღაცას პასუხი უნდა მოვთხოვოთ?

 

გულწრფელად რომ გითხრათ, საკრებულოში ან თუნდაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ეს არ მომხდარა, რადგან სხვა, უფრო საყოფაცხოვრებო საკითხები განიხილება, ვთქვთ, წყალი სადღაც არ არის უბანში და ა.შ. 

 

 არის ისეთი მოსაზრებაც, რომ როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემა გვაქვს, რა დროს გართობაა ან ამაში ცოტა თანხა უნდა იხარჯებოდეს. რატომ არის სახალხო ღონისძიებები მნიშვნელოვანი?

 

 ბევრი სოციალური პრობლემა გვაქვს მოუგვარებელი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს ამ ტიპის საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები – საყოველთაო ზეიმი ადამიანებში ერთსულოვნების, ფასეულობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ხალხმა ეს უნდა იგრძნოს და იზეიმოს, რადგან განწყობა გადამდებია. სახალხო დღესასწაული რაღაც დინამიკის შესაქმნელად აუცილებელია და მის მომზადებას დრო უნდა ეთმობოდეს. თუ ამაში სერიოზული შრომა ჩაიდება, თუკი ამაზე პროფესიონალები იმუშავებენ, ეს აუცილებლად აისახება შედეგზე.

 

 მსგავსი ღონისძიებების ცალკე ნაწილია ბიუჯეტიდან დაფინანსებული სუფრები, სადაც ძირითადად მთავრობის წევრები ან ის ადამიანები ხვდებიან, რომელთაც საგანგებოდ იწვევენ. ეს რამდენად სწორია?

 

 ეს არის კრიმინალი. მე ვნახე და ადრე სიუჟეტიც გავაკეთე, როცა შუამთობისთვის ბიუჯეტში იყო ჩადებული თანხა ოთხი თიკანის, ბაქლავის და ა.შ. შესაძენად. ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდა ბიუჯეტში ეს ჩადებული. მთელი შუახევი იქ ხომ არ იქნება არა?! ეს მაგიდა გათვლილია მაქსიმუმ 200 ადამიანზე და ეს არ არის სახალხო ზეიმი. მსგავსი საკითხებით შესაბამისი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ, თუ რატომ იხარჯება ვიღაცის ჭამაში ბიუჯეტი. რატომ უნდა გაიმართოს სუფრა ხალხის ფულით სახალხო დღესასწაულზე? ეს აბსურდია. 

 

 გამოსავალი რა არის?

 

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თვითმმართველობის დონეზე არ გვაქვს, ვთქვათ, ხოსე კარერასის ან სხვა ცნობილი ვარსკვლავის ჩამოყვანის ფინანსები, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს, საორგანიზაციო საკითხების მაინც, რომ განწყობა შეიქმნას. ეს უნდა იყოს ერთიანი კულტურის პოლიტიკის ნაწილი. მსგავსი ღონისძიებები მეტყველებს იმაზე, თუ რა დონეზეა ქვეყანა, სახალხო დღესასწაულები გვაგრძნობინებს განვითარების რა ეტაპზე ვართ.

 

გადაბეჭდვის წესი