სიახლეები

გახდება თუ არა ქალაქის ყოფილი მერი ბსუ-ს კანცლერი?

05.06.2015 • 1578
გახდება თუ არა ქალაქის ყოფილი მერი ბსუ-ს კანცლერი?

ჯემალ ანანიძე

„თანამდებობის დატოვების საფუძველი არის ჩემი პირადი განცხადება, სხვა რა საფუძველი უნდა ჰქონდეს. ეჭვის თვალით ბევრ რამეს უყურებენ ადამიანები, მაგრამ ყველაფერი საეჭვო ხომ არ არის“, – ამბობს ედიშერ ჩავლეიშვილი.

ედიშერ ჩავლეიშვილი არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ თითქოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა პოლიტიკური ძალების სამიზნე ისევ გახდა.

„პოლიტიკური ინტრიგების გამო არ მომხდარა ჩემი წამოსვლა, რომელი პოლიტიკოსი მე ვარ“, – ამბობს ის.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სამუშაოდ ისევ უნივერსიტეტში რჩება: „თუმცა შეიძლება სხვაგანაც დავაპირო მუშაობა, რა ვიცი, ყველაფერი ხდება“.

უნივერსიტეტის იურისტი გიორგი დიასამიძეც ამბობს, რომ ედიშერ ჩავლეიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. პროცედურულად, როგორც გიორგი დიასამიძე ამბობს, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არჩევნები გამოაცხადა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 27 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება, შემდეგში კი საბჭო შეარჩევს მხოლოდ ერთ კანდიდატს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭო თავის მხრივ ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტებისა და ლექტორებისგან შედგება.

წარმომადგენლობითი საბჭო წარდგენიდან გარკვეულ ვადაში ვალდებულია განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. წარმომადგენლობითი საბჭო 26 წევრისგან შედგება.

ბსუ-ს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე განცხადების შეტანას აპირებს ბათუმის ყოფილი მერი, ფინანსისტი ჯემალ ანანიძე. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ჯემალ ანანიძემ დაუდასტურა.

„კი ბატონო, მეც ვემზადები, რადგან ჩემი პროფესიის მიმართულებაა ეს თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არის კონკურსი და არავინ არ არის შეზღუდული. ვფიქრობ, დიდი კონკურენცია იქნება, ამიტომ ვამუშავებ გეგმას. ჯერ საბუთები არ შემიტანია, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, მონაწილეობის მიღება“.

ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ მას უნივერსიტეტში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ეს აძლევს გარკვეულ იმედს, რომ მას აკადემიური საბჭო და შემდეგ წარმომადგენლობითი საბჭო მხარს დაუჭერს:

„მიუხედავად იმისა, რომ სხვაგანაც ვმუშაობდი, სალექციო დატვირთვა მქონდა და ჩემეული ხედვა მაქვს, თუ როგორ შეიძლება ვიმუშაო სამომავლოდ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად კეთილგანწყობილია წარმომადგენლობითი საბჭო მის მიმართ, ჯემალ ანანიძე ამბობს: „უნივერსიტეტის საკმაოდ დიდი ნაწილი მიცნობს, 1994 წლიდან ვმუშაობ აქ და ვფიქრობ, რომ 60-70 პროცენტი კარგად მიცნობს“.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ფუნქცია უნივერსიტეტში საფინანსო-საბიუჯეტო, მატერიალურ-ტექნიკური და ადმინისტრაციის რესურსების მართვაა. „ბიუჯეტზე, ქონებასა და ტექნიკურ განვითარებაზე კანცლერი აგებს პასუხს“.

ბათუმის უნივერსიტეტი კანცლერს ოთხი წლის ვადით ირჩევს. პირველი კანცლერი გია მეტრეველი 2006 წლის დეკემბერში აირჩიეს. შემდეგ ამ თანამდებობაზე 2007 წელს აირჩიეს მალხაზ ნაკაშიძე, რომელსაც უფლებამოსილება 2009 წლის 30 იანვარს შეუწყდა. 2009 წლის 23 მარტს, მალხაზ ნაკაშიძე ჩაანაცვლა დავით ლეკვეიშვილმა, რომელსაც ეს თანამდებობა 2011 წლის 10 ნოემბრამდე ეკავა. ბოლო კანცლერი – ედიშერ ჩავლეიშვილი თანამდებობაზე 2011 წლის 13 დეკემბერს აირჩიეს, გადადგომის შესახებ მისი განცხადება მიმდინარე წლის 22 მაისით არის დათარიღებული.

ოფიციალური ინფორმაცია ბსუ-ს კანცლერების გადადგომის ნაწილში იდენტურია – ყველა მათგანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: