ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრში კერვის შემსწავლელი ოთახის მიზანია დაეხმაროს შშმ პირებს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ცენტრის სადღეღამისო თავშესაფარში მყოფ მარტოხელა დედებს კი – პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებაში.
გარდა ამისა, ცენტრის თანამშრომლებს პროფესიონალი მკერავი გადაამზადებს, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ ახალი ბენეფიციარებისთვის დახმარება.
ცენტრს საკერავი მანქანები „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ ერთ-ერთმა წევრმა კომპანიამ „BTM ტექსტილმა“ გადასცა.
როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ქობულეთის პოლიციის უფროსზე, ზაქარია გურჩიანის საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
გუშინ, 30 სექტემბერს, ქობულეთში, აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა გაიტაცეს. ამის შესახებ პოლიციას ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. შეტყობინებიდან გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით ღამის 10 საათიდან სამი საათის განმავლობაში ჟურნალისტი პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი დაკითხეს, სადაც ის მოყვა თუ როგორ გაიტაცეს მანქანა. დაკითხვიდან გამოსულ ჟურნალისტს სამმართველოს ეზოში დახვდა ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი და მას ჩვენების შეცვლა სთხოვა. პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი.
გენერალ ა. აბაშიძის ქუჩის ბოლოში იყიდება ორსართულიანი, 180 კვ/მ ფართობის, კერძო კაპიტალური სახლი მიწის ნაკვეთით (670 კვ/მ), ძველი გარემონტებული. ფასი: 56 ათასი აშშ დოლარი.
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის მე-9 სართულზე სასწრაფოდ იყიდება სამოთახიანი, 80 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა. ფასი: 57 ათასი აშშ დოლარი.
ავტომანქანა, რომელიც აჭარის ტელევიზიის სარგებლობაშია, ქობულეთში გუშინ, 30 სექტემბერს გაიტაცეს და დაამტვრიეს. სავარაუდო გამტაცებელი ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რატი მეგრელიძის ნათესავია. ჟურნალისტთან საუბარში ზაქარია გურჩიანი ამბობს, რომ „მეგობარმა“, „ახლობელმა“ დაურეკა ამ საქმეზე. ჩანაწერის მიხედვით დასტურდება, რომ ზაქარია გურჩიანი თითქმის 20 წუთის განმავლობაში არ იშურებს ძალისხმევას ჟურნალისტი დაითანხმოს ჩვენების შეცვლაზე.
ჟურნალისტ ნინო ინაიშვილის მიმართ წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა. მისგან ყველა ერთ რამეს – ჩვენების შეცვლას ითხოვდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციისთვის ცნობილია სავარაუდო ბრალდებულის ზუსტი ვინაობა, მაგრამ, ჯერჯერობით, ის არ დაუკავებიათ. გატაცების ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.
საზღვაო აკადემიამ წელს თითქმის ყველა პროგრამული მიმართულება ასი პროცენტით დააკომპლექტა. რამდენიმე ვაკანსია დარჩა ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაციის პროგრამაზე, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა. დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში, აბდულ კახიძე ამბობს, რომ გასულ წელს ამ მიმართულებაზე ოთხი სტუდენტი მიიღეს, წელს კი – 21: „პროგრამა ახალია, მაგრამ წელს კონტინგენტი მაინც გაიზარდა. მხოლოდ ოთხი ადგილი დაგვრჩა თავისუფალი. ასი პროცენტით დაკომპლექტდა საზღვაო ნავიგაციის, გემის, მექანიკისა და ელექტრომექანიკის მიმართულებები“.
აბდულ კახიძის ინფორმაციით, კვლავ რეიტინგულია გადაზიდვები და ლოჯისტიკა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, ნავსადგურის მენეჯმენტზე 50 ადგილიდან 44 შეივსო. საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი, რომელიც აკადემიამ გასულ წელს დაამატა, მთლიანად დაკომპლექტდა. ამ სპეციალობაზე სულ 50 ადგილი იყო გამოყოფილი.
ყველაზე მოთხოვნადი ამჯერადაც საზღვაო სპეციალობებია. საზღვაო სპეციალობებზე გასულ წელს ერთი გოგონა სწავლობდა, წელს კი ორი გოგონა ჩაირიცხა. გენდერული თვალსაზრისით, საზღვაო სპეციალობებზე ბიჭები სჭარბობენ, ბიზნესისა და მართვის პროგრამებზე კი – (70 პროცენტი) გოგონები არიან.
აბდულ კახიძე ამბობს, რომ საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი თავიდანვე მოთხოვნადი იყო, ხოლო იმ მიმართულებებზე, სადაც ძირითადი მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნებია, მოთხოვნა მცირდება.
აბდულ კახიძე
„2011 წლამდე საზღვაო სპეციალობებზე მიღება გვქონდა მხოლოდ მათემატიკით. გამომდინარე იქედან, რომ მთელ ქვეყანაში მათემატიკის მცოდნეების ფონი კლებულობს, კონტინგენტის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემები გაგვიჩნდა. ამის გამო დამატებით დავუშვით გეოგრაფიაც. ამან მიღება გამოასწორა, თუმცა გააუარესა სწავლა. შარშან გემთმექანიკურ სპეციალობაზე მათემატიკით სტუდენტები არ მიგვიღია, წელს ცოტათი გაიზარდა მათემატიკით მიღებულთა წილი. გეოგრაფიით მოხვედრილ სტუდენტებს გაუჭირდათ მათემატიკის სწავლა, მაგრამ მათთვის აკადემიამ დამატებითი საათები დანიშნა მათემატიკაში“.
აბდულ კახიძის აზრით, მათემატიკის შესუსტება საბლოოდ ბაზარზე სპეციალისტების დეფიციტს გამოიწვევს: „ქვეყანა წინ ვერ წავა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების გარეშე. მთელ მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოებები განვითარებად ქვეყნებში გადაიტანონ, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკის ზრდას იწვევს. საქართველოში კი, სამწუხაროდ, არავინ არ მორბის, რადგან სპეციალისტების დეფიციტია და არ არსებობს საკმარისი რესურსი, აქ შესაბამისი ბაზები რომ მოამზადონ“.
საზღვაო აკადემიის სპეციალობები სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებებში არ შედის. როგორც აკადემიაში ამბობენ, იმისათვის, რომ აკადემიამ სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, ის სამივე საფეხურის განათლებას უნდა უზრუნველყოფდეს. აკადემიას კი დოქტორანტურის საფეხური არ აქვს.
„წელს სტრატეგიულ გეგმაში შევიტანეთ მინიმუმ ორი სადოქტორო პროგრამის ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგცემს გემთმექანიკური და ელექტრომექანიკური დისციპლინები წარვადგინოთ სახელმწიფო დაფინანსებაზე“, – ამბობს აბდულ კახიძე.
რაც შეეხება საწვრთნელ გემს, რომლის შესყიდვასაც აკადემია რამდენიმე წელია ცდილობს, ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას. აკადემია გემის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფას აჭარის მთავრობას სთხოვს, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს თანხმობაა საჭირო. აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ აკადემიამ ამისთვის ბიზნესგეგმა უნდა წარადგინოს.
„ბიზნესგეგმა გულისხმობს იმას, თუ როგორ მოხდება ამ გემის ექსპლუატაცია შემდგომში, რადგან გემს თავისი ხარჯები აქვს. არ ვიცი ქართულ კანონმდებლობაში როგორ არის, მაგრამ სასწავლო მიზნებისთვის განკუთვნილი გემი ბევრ ქვეყანაში საპორტო მოსაკრებელს არ იხდის, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს ხარჯზეა. გარდა ამისა, გემს სჭირდება კომპეტენტური ეკიპაჟი, რისი შენახვაც საკმაოდ ძვირია. გვჭირდება საწვავი და ტექნიკური უზრუნველყოფაც“.
რექტორის მოადგილის თქმით, აკადემიას შეუძლია პრაქტიკისთვის სხვა საზღვაო სასწავლებლებიდან მოიწვიოს სტუდენტები და ამით გემის შენახვისთვის საჭირო ფინანსური რესურსი მოიძიოს. „2013 წელს ჩვენ გვქონდა ტურები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ არსებობს მოთხოვნა თურქეთიდან და აფრიკიდან, კერძოდ, ნიგერიიდან. ნიგერიის მოსახლება 135 მილიონია და ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა. ისინი დაინტერესული არიან საკუთარი ეკიპაჟით გაიტანონ ნავთობი“.
აბდულ კახიძე ამბობს, რომ საწვრთნელი გემები ძვირადღირებულია, მისი საშუალო ფასი 25-30 მილიონ დოლარამდეა, ამ ღირებულების გემს კი აკადემია ვერ შეიძენს:
„ყველა გემს თავისი კლასი აქვს მინიჭებული. უკლასო გემზე გავლილ პრაქტიკანტს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კვალიფიკაციას არ მიანიჭებს. ბუნებრივია, ასეთ გემს ვერ ვიყიდით. 10-15 წლის გემი რომ შევისყიდოთ, თავისი მოწყობილობებით დაახლოებით 2 მილიონი ან მეტიც დაგვიჯდება“.
აბდულ კახიძის ინფორმაციით, გემის შესყიდვის საკითხი ძალაშია და რექტორი უმაღლეს საბჭოს ბიზნესგეგმას მალე წარუდგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში 42 360 ხანდაზმული მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 65 წლიდან ზემოთ, 100 და მეტი წლის ასაკის კი _ 45 მოქალაქე.
სამინისტრომ 2015 წელს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარება“ ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ 45 მოქალაქეს 1000 ლარი გადასცა. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო ხანდაზმულ მოქალაქეებს უზრუნველყოფს გადაადგილების საშუალებებით, ისინი ასევე ჩართულნი არიან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში.
პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ემზარ პაპიძემ როცა გაიგო, რომ მისი ნაცნობის – შორენა მ.-ს საქმეს [პირადი მოტივით დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ოფიციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენა] გონიოს პოლიციის განყოფილება იძიებდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მისთვის თანხის გამოძალვა განიზრახა.
პროკურორის მტკიცებით, პოლიციელი ნაცნობს – შორენა მ.-ს შეჰპირდა, რომ ახლობელი ადვოკატის მეშვეობით, თანხის სანაცვლოდ, მის საქმეს სასურველი შედეგით დაასრულებდა. პროკურორთან და მოსამართლესთან საქმის მოგვარების სანაცვლოდ კი ბრალდებულისგან 300 ლარი აიღო – ჯერ 200, მოგვიანებით კი – 100 ლარი.
წინასასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მოწმის სახით დაიკითხება პროკურორი დავით ხარძეიშვილი: ადვოკატებმა აღმოაჩინეს, რომ პროკურატურისგან მიღებულ 42-ფურცლიან საქმეს ერთი ფურცელი აკლდა. პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ თქვა, რომ ის ერთი ფურცელი იყო ყდა.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ თუ ერთი ფურცელი აკლია საქმეს, შესაძლოა 7 ფურცელი შეცვლილი იყოს არა, ვთქვათ, პროკურორის, არამედ იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა.
პროკურორის თქმით, კი საქმე ელექტრონული წესით ბაზებში ინახება და წვდომა მასთან უცხო პირებს არ აქვთ. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ დაზარალებულის სისხლის სამართლის საქმე, როგორც მტკიცებულება, ბრალდების მხარეს სასამართლოსგან უნდა გამოეთხოვა და არა პროკურატურის ბაზებიდან.
ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ პროკურორს ჰკითხა, თუ საქმე ელექტრონული წესით ინახებოდა, მაშინ რა ყდა ჰქონდა მას. „ჩვენ პროკურორის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები“, – თქვა ადვოკატმა.
ჯერჯერობით უცნობია პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს დაურთავს თუ არა საქმის მასალებს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე. სასამართლო პროცესი მოსამართლის ინიციატივით გადაიდო. დაცვის მხარე პოლიციელის საქმეში მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას სადაოს ხდის.
აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს პროკურორი ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას ითხოვდა. მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა, რადგან ეს დანაშაული ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„მას შემდეგ, რაც ემზარ პაპიძე მხილებული იქნა დანაშაულის ჩადენაში (2015 წლის 28 ივლისის ღამეს მიმდინარეობდა მისი დაკავების ოპერაცია), ის საგამოძიებო ჯგუფის შემჩნევისას მიიმალა – მისი დაკავება რამდენიმეწუთიანი დევნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მტკიცებულება მიმალვაში ყოფნის დროს გაანადგურა… თავისი უკანონო ქმედებით უსაფუძვლოდ ჩრდილი მიაყენა საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების კეთილსინდისიერ საქმიანობას, რეპუტაციასა და ავტორიტეტს. მან შელახა სახელმწიფოებრივი ინტერესი“, – წერია პროკურატურის დადგენილებაში.
სასამართლომ ბრალდებული გირაოს – 20 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში ახსნა, თუ რატომ მოიქცა ასე: ბრალდებული დაკავებულია მისსავე კაბინეტში, რაც ვერ ადასტურებს პროკურორის ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თითქოს ბრალდებული მიიმალა. ის, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა თანხა, სასამართლოსთვის არ ნიშნავს, რომ ბრალდებულმა მტკიცებულება გაანადგურა. „მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარესაა“, – თქვა მოსამართლემ.
ასეთ გარემოებას – ბრალდებულმა დააზიანა მნიშვნელოვნად ფასეული ინტერესი [პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების], არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი რეკომენდაციებით და საქართველოს კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიების, მითუმეტეს პატიმრობის გამოყენების საფუძვლად თუ საფრთხედ, არ იცნობს, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა ბრალდების მხარეს დასაბუთებული არ ჰქონდა.
ვიდრე მუნიციპალიტეტები მათთვის მინიჭებული უფლებებით ვერ ან არ სარგებლობენ, ქვეყნის მთავრობა აჭარაში ახალი წყალმომარაგების კომპანიის შექმნას, ან უკვე მოქმედის შემოყვანას გეგმავს. ახალი გაერთიანებული კომპანია ხუთივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება, რაც, ფაქტობრივად, ახალი მონოპოლისტის გამოჩენა იქნება რეგიონში. სემეკიც ტარიფებს ახალ კომპანიას დაუდგენს, გადასახადი კი სოფლის მოსახლეობისთვის არც თუ ისე მისაღებია. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მიზანი – მოსახლეობის ხარისხიანი და 24-საათიანი წყალმომარაგებაა. თუმცა, ამ ყველაფრის უკან დონორების მიერ აჭარის სოფლებისთვის უკვე გამოყოფილი მილიონობით ევროს ათვისებაც დგას.
მაღალმთიანი აჭარა [მანანა ქველიაშვილის ფოტო]
ვინ უზრუნველყოფს წყალმომარაგებას დაბებსა და სოფლებში – ამ საკითხზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და წყალმომარაგების სამსახურების ხელმძღვანელებს ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობაში, დახურულ კარს მიღმა 16 სექტემბერს შეხვდნენ [„ბათუმელებთან“ დეტალებზე შეხვედრის მონაწილეები ღიად არ საუბრობენ, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ გაერთიანებული კომპანიის შექმნის წინააღმდეგი იყო თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი].
იმავე დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „შუახევის წყალკანალის“ წყალმომარაგების ლიცენზია. 25 სექტემბერს სემეკმა „ხულოს წყალკანალის“, „ქობულეთის სოფლის წყალისა“ და „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ლიცენზიები გააუქმა. სემეკში ასევე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქედის წყალკანალისთვის“ ლიცენზიის გაუქმებაზეც. შესაბამისი აქტის გამოცემის ბოლო ვადად 2015 წლის 20 ოქტომბერია ჩანიშნული. რის საფუძველზე უქმდება ლიცენზიები? – “ბათუმელები“ სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიგა მანდარიას დაუკავშირდა.
„ის შპს-ები, რომლებსაც აქვთ ლიცენზია, უნდა ამარაგებდნენ მოსახლეობას სასმელი წყლით, მაგრამ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში ოპერირებდა არა ჩვენ მიერ ლიცენზიებგაცემული კომპანიები, არამედ ააიპ-ები, ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ორგანოები. შესაბამისად, ლიცენზიის არსებობა, თავისი შინაარსით, ისედაც აზრს კარგავდა“, – განაცხადა გიგა მანდარიამ.ლიცენზიანტების საკითხი „ბათუმელებმაც“ გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ზოგ მუნიციპალიტეტში, სემეკის ინფორმაციისგან განსხვავებით, სწორედ ლიცენზიანტი კომპანია ოპერირებს და არა – ააიპ-ი. იქ კი, სადაც ააიპ-ი ზრუნავს წყალმომარაგებაზე, აცხადებენ, რომ მათ შპს თავის დროზე სწორედ ლიცენზიისა და ტარიფების შემოღების მიზნით შექმნეს – ლიცენზიები მიიღეს, თუმცა, შემდგომ ტარიფების დადგენაზე სემეკმა უარი უთხრა.
სემეკში „ბათუმელებს“ ისიც უთხრეს, რომ ლიცენზიანტმა კომპანიებმა თავად მიმართეს ლიცენზიის გაუქმებაზე. თუმცა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ თქვეს, რომ სემეკისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ. „არ მიგვიმართავს ლიცენზიის გაუქმების თხოვნით. პირიქით, ხელვაჩაურში ჩვენი შპს ოპერირებს… რაც შეეხება ტარიფებს, როცა ქუთაისში იყო სემეკის ოფისი, მაშინ ვწერდით და არ დაგვიდგინეს ტარიფი“, – განაცხადა „ხელვაჩაურის წყალკანალის“ დირექტორმა ჯემალ შავლიძემ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები… უკვე 9 მილიონი ლარის ქონებას ფლობს კომპანია და თუ ლიცენზიას ჩამოართმევენ, „დავარქმევთ ტექნიკურ წყალს, გავმართავთ სისტემას და შემდეგ ვიზრუნებთ ლიცენზიასა და ტარიფებზე“.
ა[ა]იპ „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელის ჯემალ გოლიაძის თქმით, ამჟამად ლიცენზიის მქონე შპს-ს მუშაობა შეჩერებულია: „სემეკმა მოგვთხოვა – ახლა გავაუქმებთ ლიცენზიას და როცა შპს ამუშავდება, შემდეგ აღვადგინოთო. თავის დროზე ტარიფის დასადგენად შევქმენით ეს კომპანია, ლიცენზიაც მივიღეთ, მაგრამ როცა ჩავედით 2011 წელს, ტარიფი აღარ დაგვიდგინა სემეკმა. შპს-ს ვეღარ დააფინანსებდა მუნიციპალიტეტი, ამიტომ ისევ ააიპ-მა გააგრძელა სოფლების წყალმომარაგებაზე მუშაობა. სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავასთანაც ვიყავით, გვითხრეს – ტარიფი რომ დაგიდგინოთ, 2 წლის შიგნით უნდა მოხდეს მთლიანი გამრიცხველიანებაო. ჩვენ ავუხსენით, რომ 17 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება ასე მოკლე დროში არარეალურია. შემდეგ გვითხრეს, რომ ააიპ-ს გაეგრძელებინა მუშაობა“.
ჯემალ გოლიაძის განცხადებით, ყველა ახალ პროექტში გათვალისწინებული აქვთ გამრიცხველიანება: „2016 წლის ბოლოსთვის დამთავრდება ეს ახალი პროექტები – 80% გვეყოლება გამრიცხველიანებული. მერე უკვე მივმართავთ სემეკს შპს-ს სახით ტარიფის დადგენაზე. სემეკში გვითხრეს, როცა ტარიფზე განაცხადს შევიტანთ, პარალელურად საბუთები შევიტანოთ ლიცენზიის მოთხოვნაზეც, თორემ დღეს ჯარიმები დაგეკისრებათო. არ გვაქვს იმდენი რესურსი, ჯარიმები ვიხადოთ“.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის განცხადებით, ქედაშიც ლიცენზიანტი შპს ოპერირებს, თუმცა სემეკს ლიცენზიის გაუქმებაზე წერილი მაინც მისწერეს: „სემეკმა მოითხოვა ტონა წყალზე მოსახლეობისთვის გადასახადი ყოფილიყო 1 ლარი, ხოლო კომერციულზე – 4,5 ლარი. ეს კოლოსალური თანხაა და ამ ტარიფის გადახდისუნარიანი მოსახლეობა ჩვენ არ გვყავს. სემეკმა ერთი თვის წინ მოგვთხოვა სისტემატიზაციაში მოგვეყვანა წყალმომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებთო. წყალს კი მოვიპოვებთ, მაგრამ დანაკარგია დიდი და ჯარიმის გადახდა შეუძლებელი იქნება. ამიტომ არაფერში მჭირდება ლიცენზია. არსებობს საკრებულოს 2007 წლის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს ტარიფს, როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე გაუმრიცხველიანებელ აბონენტებზე და ვიხელმძღვანელებ ამით. ამიტომ ჩვენთვის, სემეკის ლიცენზია იქნება თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შპს ლიცენზიის გარეშე გააგრძელებს მუშაობას საკრებულოს დადგენილებით. შემდგომში ტარიფებიც ამ დადგენილებით განისაზღვრება – 1 ლარი კომერციულზე და 10 თეთრი [ერთი ტონა წყალი] მოსახლეობაზე“.
მაღალმთიანი აჭარა [ეკა ბარამიძის ფოტო]
წყალმომარაგებას ააიპ-ი ახორციელებს ხულოშიც. რაც შეეხება ლიცენზიანტ შპს-ს, მისი რეორგანიზაცია, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, 2007 წლიდან დაიწყო: „ეს კომპანია დღემდე ლიკვიდაციის პროცესშია. რადგან უფასოდ იყო წყლის მიწოდება, ხოლო შპს მაინც მოგებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ალბათ ამიტომ გადაკეთდა ააიპ-ად. დღესაც, ვინაიდან არ გვაქვს ტარიფი და უფასო მიწოდებაა, ამიტომ ლიცენზიაც არ გვჭირდება“.
გიგა მანდარია კი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში აჭარის ლიცენზიანტ კომპანიებს ოფიციალური ტარიფების დადგენის თხოვნით სემეკისთვის არ მიუმართავთ: „სიტყვიერად იყო საუბარი, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. რაც შეეხება იმას, თითქოს ორი წლის შიგნით მოვთხოვეთ ვინმეს გამრიცხველიანება და ა.შ. გეტყვით, რომ ჩვენ კანონით გვაქვს უფლება, ტარიფი დავადგინოთ როგორც გამრიცხველიანებული, ასევე გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობისთვის… ამიტომ არ ვიცი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ… ტარიფზე რომ მოემართათ, განვიხილავდით, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით, დამტკიცდებოდა თუ არა და რამდენი დამტკიცდებოდა“.
„წყლის მიმწოდებელი შეიძლება იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან თავად მუნიციპალიტეტმა შექმნას მიმწოდებელი კომპანია. კითხვები არ უნდა გაუჩნდეს მოსახლეობას თუ ორგანიზაციებს, რომ რაღაც არასწორად ხდება და რაღაც ან ვიღაც სპეციალურად აჭიანურებს პროცესს“, – ამბობს საიას იურისტი ირმა პავლიაშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით [მუხლი 16], წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით) და წყალარინების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, თუმცა ამავე კოდექსში მუნიციპალიტეტებს ამ უფლებამოსილების განხორციელების პირობებიც დაუწესეს, – რომ ის „სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შესაბამისი ლიცენზიატი კერძო სამართლის სუბიექტების საშუალებით იმ დასახლებაში, სადაც სასმელი წყლის მიწოდებას შესაბამისი ლიცენზიატი მიმწოდებელი არ ახორციელებს“ [მუხლი 163].
ლიცენზიების გაუქმების შემდეგ, ლიცენზიანტი კომპანიები მუნიციპალიტეტებში აღარ დარჩებიან. კოდექსის მიხედვით კი, თვითმმართველობები დილემის წინაშე დადგებიან – ან ხელახლა მოიპოვონ ლიცენზიები მუნიციპალური საწარმოებისთვის, ან ქონება სამართავად გადასცენ სხვა ლიცენზიანტ, მათ შორის, კერძო კომპანიებს.
მუნიციპალიტეტს, სემეკსა და წყლის მიმწოდებელ სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობები წყალმომარაგების საკითხში შესაბამისი საკანონმდებლო აქტით უნდა განსაზღვრულიყო. ამ აქტის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა მოემზადებინა და საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მთავრობას წარედგინა, რაც არ მომხდარა. სამინისტროს აქტის მოსამზადებლად ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს. ბოლო ცვლილებით ეს ვადა 2015 წლის პირველი ივლისი იყო. პროექტი ჯერ კიდევ არ არის მზად.
ირმა პავლიაშვილის თქმით, „დღეს არსებულ სიტუაციას დაარეგულირებდა შესაბამისი აქტი, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კუთხით მსჯელობაც კი არ დაწყებულა. შესაბამისად, თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა მთავრობისგან გარკვეულ ვადებში ჩატეულიყო და ეს საკითხი დაერეგულირებინა, ფაქტობრივად, დაირღვა“.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა.
„საკანონმდებლო აქტის პროექტი არსებობს და საზოგადოებას უახლოეს ხანში წარედგინება. შესათანხმებელია გარკვეული საკითხები, რომელთა ჩამოყალიბებაზეც ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ… 22 სექტემბრიდან განხილვებში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და დონორები. ამჟამად კი პროცესს მხარს უჭერს UშAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)“, – განაცხადეს სამინისტროში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე კი კარგა ხანია მოიპოვება ინფორმაცია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტია 20 მილიონი ევრო [გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) სესხი]. ეს პროექტი არ ხორციელდება.
აჭარის წყალმომარაგების კომპანიების [მათ შორის ბათუმის] გაერთიანება საქართველოს მთავრობამ გასულ წელსაც სცადა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელი განკარგულებით. იდეა მთავრობამ მაშინ დონორის – KFW-ის მხრიდან წინააღმდეგობის გამო ვერ განახორციელა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი გასულ კვირას განაცხადეს, რომ „გაერთიანებული კომპანიების შექმნის უფლებამოსილება გააჩნიათ მუნიციპალიტეტებს. სამინისტრო მათ კომპეტენციაში არ ჩარევა. სამინისტროში არ განიხილება აჭარის ავტონომიის რომელიმე მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ფუნქციების გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის გადაცემა“.
„ბათუმელების“ ცნობით, რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში 6 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის შედარებით მძიმედ არის ერთი, რომელსაც ნეკნები აქვს ჩამტვრეული, დანარჩენს მსუბუქი, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ამის შესახებ მერიის პრესსამსახურმა განაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში:
„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გოჩა ფუტკარაძის მიერ გამოტანილი იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დამ-ფუძნებელი პარტნიორის (ქ. ბათუმის მერის) ერთპიროვნულ უფლებამოსილებას განეკუთვნება გადაწყვიტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. (თვითმმართველობის კოდექსის 1061 მუხლის მე-13 პუნქტი; სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი; 35-ე მუხლის მე-4 ნაწილი; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტი). გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ასევე საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივად შეცვლილი იქნა უზენაეს სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკა იმის თაობაზე, რომ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დირექტორების გამოწვევის უფლება არის პარტნიორის ექსკლუზიური უფლებამოსილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სააპელაციო წესით.“
ლაშა ბერძენიშვილის განცხადებით, იგი 2015 წლის 23 აპრილს გაათავისუფლა თანამდებობიდან ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, მისთვის უცნობი მიზეზის გამო. „რადგან არ ვიყავი მისი სამეგობრო წრიდან, ამიტომ გამიშვეს თანამდებობიდან“ – აღნიშნა ლაშა ბერძენიშვილმა.
გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ მუშაობს ქალაქის მერი: „ის იღებს გადაწყვეტილებებს არა კანონის შესაბამისად, არამედ პირადი შეხედულებებით, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ერთ პრინციპს: თანამდებობებზე უდნა მუშაობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არიან მისი მეგობრები და გუნდის წევრები“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
მისივე თქმით, ლაშა ბერძენიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება საეჭვოდ დაემთხვა აიპი „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ 3 მილიონ 600-ათასლარიანი ტენდერის გამოცხადებას: „მოხდა ისე, რომ ჯერ ლაშა ბერძენიშვილი გაათავისუფლეს სამსხურიდან და შემდეგ გამოცხადდა ტენდერი, რაც ეჭვებს ბადებს.“
30 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 12 საკითხს უყარეს კენჭი.
მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამის მრავალშვილიანი დედების ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას ერთჯერად მატერიალურ დახმარების პროგრამას დაემატა 15200 ლარი, რაც გამოწვეულია შობადობის ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებით.
ცვლილების თანახმად დაგეგმილია ასევე სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლზე ელექტროენერგიის ტექნიკური პირობების ჩართვისათვის – 12000 ლარი, ხოლო წყლის ტექნიკური პირობებისათვის – 7000 ლარის გამოყოფა.
49 889 ლარი გამოიყო სოფელ წინსვლაში ცენტრში, გარეგანათების მოსაწყობად.
დღესვე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმა დადგინდა.
აჭარის მთავრობის აპარატში შიდა აუდიტის დეპარტამენტს ჯემალ ანანიძე ხელმძღვანელობს. დეპარტამენტში კიდევ ორი სპეციალისტი მუშაობს. ჯემალ ანანიძის განმარტებით, აუდიტს ხშირად ერთგვარ სადამსჯელო სამსახურად აღიქვამენ, რაც არასწორია: „ჩვენი მიზანია მივცეთ რეკომენდაცია. თუ მთავრობის აპარატში მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა, გამოდის, რომ ჩვენ არ გვიმუშავია მართებულად, დროულად არ მიგვიცია რეკომენდაცია. მთავრობის აპარატის მუშაობაში მნიშვნელოვანი დარღვევა ჩვენ არ გამოგვივლენია“.
ახერხებენ თუ არა სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელების მიერ დანიშნული პირები, რომელთა გათავისუფლებაც ამავე უწყების ხელმძღვანელების კომპეტენციაა, ეფექტური კონტროლის განხორციელებას? – აჭარის სამინისტროებში დასაქმებული აუდიტორების უმეტესობა ამბობს, რომ მინისტრი მათ საქმიანობას არათუ არ ზღუდავს, არამედ ხარვეზისა თუ გადაცდომის გამოვლენისა და დაფიქსირებისას უხერხულობის მომენტიც კი არ არსებობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინც, „ყოველი შემთხვევისთვის“ ურჩევნიათ მათი დანიშვნა-გათავისუფლების კომპეტენცია სხვა უწყების უფლებამოსილება იყოს.
მამუკა გოლიაძე
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტს მამუკა გოლიაძე ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დეპარტამენტში კიდევ ორი სპეციალისტი მუშაობს. ისინი აუდიტორულ შემოწმებას წინასწარ დამტკიცებული და მინისტრის მიერ ხელმოწერილი გეგმის მიხედვით ატარებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებების მიერ პაციენტების მიმართ ზედმეტად დარიცხული თანხები გამოავლინა. შესაბამისად, დაწესებულებებს რეკომენდაცია მისცა ზედმეტად დარიცხული თანხები და ასევე სამინისტროსგან მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად ზედმეტად მოთხოვნილი თანხები უკან დაებრუნებინათ. კიდევ ერთმა სამინისტროზე დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ კი, სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო არ ამოიღო. ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტმა რეკომენდაციით მიმართა მინისტრს, სამინისტროში შეემუშავებინათ ანალიზური აღრიცხვის ფორმა, სადაც საჯარიმო სანქციების შესრულების მიმდინარეობას აღწერდნენ. მამუკა გოლიაძის თქმით, მინისტრი უმეტეს შემთხვევაში აუდიტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე ადეკვატურად რეაგირებს, – აძლევს შესაბამის მითითებებს ან იღებს გადაწყვეტილებას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამხდარა სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარო ჩხეიძის სამსახურიდან წასვლის საფუძველი. თავად მარო ჩხეიძემ კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გათავისუფლების განცხადება თავად დაწერა.
ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაციით შექმნეს, ასევე, მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახური. განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი ორ – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განყოფილებას აერთიანებს. ეს დეპარტამენტი სწავლობს როგორც სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობას, ასევე თითოეული თანამშრომლის, სკოლის, პედაგოგისა თუ მშობლის პრეტენზიას, რაც შეიძლება სამინისტროში შევიდეს: „ჩვენ ყველანაირ გადაცდომაზე ვრეაგირებთ.“
ალექსანდრე მჟავანაძე
განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდერე მჟავანიძის თქმით, მისი დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა არაერთხელ გამხდარა პირის სამსახურიდან გათვისუფლების საფუძველი. ბოლოს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას ერგეს სკოლის დირექტორის დათხოვნა და მის მიმართ საგამოძიებო პროცედურების დაწყება მოჰყვა.
„იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. შესაბამისი მასალები საგამოძიებო უწყებაში გადავაგზავნეთ. ბოლო დროს, მაგალითად, დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა თანხის მითვისებას. ეს ფაქტი სწრაფად გამოვავლინეთ და მასალები გადავეცით პროკურატურას.“
გამოვლენილი მასალები პროკურატურას გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტიდანაც გადაუგზავნეს. „დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და პროკურატურას გადავეცით ე.წ. ხოფის ბაზრობსა და შპს გაზეთ აჭარის დოკუმენტები“. როგორც სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტში ამბობენ, ორივე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მთავარი აუდიტორის ჯემალ თავდგირიძის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მინისტრის მიერ დანიშნული პირი უწყებას აკონტროლებს, უხერხულობას არ ქმნის: „უწყების ხელმძღვანელს უნდა ჰყავდეს შიდა აუდიტი, რომ მუდმივად შეამოწმოს ის სამსახურები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები, სადაც რისკები მაღალია. არის შემთხვევები, როცა გადაცდომა დოკუმენტების გადაგზავნას ითვალისწინებს, მაგრამ სამსახური ცდილობს მაქსიმალურად გაითვალისწინოს რეკომენდაცია და შეცდომა გამოასწოროს. ამ შემთხვევაში პირის სამსახურში დარჩენა-არდარჩენის საკითხი შეიძლება დადგეს. ეს მინისტრის გადასაწყვეტია. მინისტრი ამტკიცებს გეგმას, თუ რა უნდა შემოწმდეს. არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ ჩვენი მინისტრი გეგმის დამტკიცების შემდეგ ჩვენს საქმეში არ ერევა.“
ზაურ ბერიძე
სოფლის მეურნეობის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაურ ბერიძემ „ბათუმელებს“ კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა. ზაურ ბერიძე ამბობს, რომ მათი სამსახური, ძირითადად, რეკომენდაციებით შემოიფარგლება: „მაგალითად, ვეხმარებით შესყიდვების სამსახურს, რომ სატენდერო წინადადება უფრო გამართული იყოს, ტენდერის ჩაშლამ პრობლემები რომ არ გამოიწვიოს.“
მამუკა დარჩია
დარღვევების გამოვლენის კონკრეტულ მაგალითებზე საუბარი არ ისურვა ბათუმის მერიის აუდიტმა. მამუკა დარჩია ამბობს, რომ მათი მთავარი ფუნქცია რისკების დროული პრევენციაა.
შიდა მაკონტროლებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულება – „საქართველოს ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერა“. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ დღის წესრიგში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხი დადგა. სამი წლის შემდეგ, 2010 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“, რომლის შემდეგაც საქართველოს სამთავრობო უწყებებში შიდა აუდიტის დეპარტამენტები ჩამოყალიბდა.
სწორედ ამ კანონის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უწყების ხელმძღვანელი. ამავე კანონითაა გარანტირებული აუდიტის საქმიანობის შეუფერხებლად და დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა თავად აუდიტორები საუბრობენ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, აუდიტორს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი, არამედ ჰარმონიზაციის ცენტრი, რომელთან ანგარიშვალდებული შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოქმედი კანონმდებლობითაც არის.
ჰარმონიზაციის ცენტრი ადრე საქართველოს პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული სამთავრობო ორგანო იყო, ახლა კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ უწყებას აუდიტის დეპარტამენტები მუშაობის ანგარიშს ყოველი წლის ბოლოს წარუდგენენ.
რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითხზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე უნდა ემსჯელათ.
სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯა.
ახალი ლიფტი უკვე დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქ. #78/88-ში. ლიფტის შეცვლის სამუშაოები ამჟამად გორგილაძის ქ# 82-ის III სადარბაზოში მიმდინარეობს. კიდევ 3 ახალი ლიფტი ვალენბერგის ქუჩაზე ექსპლუატაციაში 10 ოქტომბრამდე შევა.
ლიფტების შეცვლის სამუშაოების ორგანიზებას „ბათუმის კორპუსი“ ახორციელებს. საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ღირებულების 10%-ს მოსახლეობა იხდის, დანარჩენი 90 პროცენტი კი მუნიციპალური ბიუჯეტიდან იფარება.
პარალელურად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გამოცვლა. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის გადახურულია 31 სახლი, 3 სახლზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კიდევ 6 კორპუსის სახურავის შეცვლაა დაგეგმილი.
ამჟამად სახურავის გამოცვლის სამუშაოები თამარის დასახლებაში, #10 სახლზე მიმდინარეობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარია გამოყოფილი. სახურავების გამოცვლის პარალელურად იცვლება წყალსაწრეტი მილები და წყალშემკრები ღარები.
აგროსერვისცენტრში ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბულგარული რეგიონში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა რეგიონში მცირე რაოდენობით იწარმოება და ძირითადად იმპორტირებულია. აგროსერვისცენტრის მიზანი ფერმერებისთვის ბულგარული წიწაკის სარგებლის ჩვენება და მისი ფერმერულ მეურნეობებში წარმოების დანერგვის ხელშეწყობაა.
„დღეისთვის რეგიონში იწარმოება ბულგარულის მხოლოდ 1-2 ჯიში და ისიც მცირე რაოდენობით. ბაზარს ჩვენთან წარმოებული ბულგარულით ვერ ვაკმაყოფილებთ და ძირითადად შემოდის იმპორტირებული ტკბილი წიწაკა. ბულგარულის წარმოებას რეგიონში დიდი პერპექტივა აქვს და ჩვენ მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული ჯიშები ბაზარზე მოთხოვნადია. ჩვენი მიზანია ფერმერებსა და მეწარმეებს გავაცნოთ ეს ჯიშები, რათა ეტაპობრივად მოხდეს მისი დანერგვა რეგიონში,“ – ამბობს აგროსერვისცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე.
ბათუმის საოჯახო ტიპის სახლში მოზარდები სკოლიდან ერთიმეორის მიყოლებით ბრუნდებიან. ჯერ ლუკა მოვიდა, ის მოზარდებს შორის ყველაზე უფროსია. აღმზრდელები, რომლებიც სახლში „დედობილისა“ და „მამობილის“ სტატუსს ატარებენ, საუბარს ლუკას შექებით იწყებენ. ამბობენ, რომ ლუკა უკვე ჩამოყალიბებული ბიჭია. „მას ბოლომდე ვენდობით. ჭკვიანია, დამჯერი. მარტო გადის ქალაქში, სხვები კი ჩვენთან ერთად გადიან, რადგან ქალაქი არ იციან“, – ამბობს მურად გორგილაძე, მამობილი.
ლუკა ინგლისურს ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში უფასოდ სწავლობს. მოსწონს ხატვაც. მისი ორი ნახატი მისაღები ოთახის კედელზეა გამოფენილი, მოხატული აქვს საძინებლის კედელიც, შესასვლელში დიდი შავი ღამურაა დახატული, შემდეგ – თეთრი მტრედი და ქალი. კუთხეში პატარა მაგიდა დგას, მასზე ტელევიზორი და ნიჟარებიანი თასია განთავსებული, რომლის შუაგულში, პატარა წყლიან ჯამში კუ მოძრაობს. ლუკა ამბობს, რომ პატარა კუ ურეკში ზღვის ნაპირზე იპოვა და წამოიყვანა.
`როგორ უნდა გამოვკვებო, ამაზე ინფორმაცია ინტერნეტში ვნახე, მოვლის წესებიც ვიცი“, – ამბობს ლუკა და პარკში ჩაყრილ კუს საკვებს გვაჩვენებს. ლუკა მის მომავალ პროფესიასაც გვიმხელს, – უნდა, რომ ფსიქოლოგი გამოვიდეს. უყვარს კითხვა, ახლა დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ კითხულობს.
ლუკასთან საუბრის პროცესში სკოლიდან გოგონებიც ბრუნდებიან. მალე კახაც შემოდის. სადილობის დროა. ბავშვები ტანზე იცვლიან და სადილს ელოდებიან.
„სადილად აჯაფსანდალი და სუპი გვაქვს“, – გვეუბნება ეფემია. „მე ხორციანი საჭმელი მიყვარს“, – ამბობს კახა. ბავშვები სამზარეულოში გადიან. მაგიდაზე წვნიანის თეფშები და პური დევს.
ეფემიას წარბებს შორის შუბლზე, ყვითელი „სმაილიკი“ აქვს მიკრული. „მოგწონს აქ?“ – ვეკითხები მას. „ისე რაა, დედიკოსთან მინდა, იქ მომწონს“, – მპასუხობს. ის მოზარდებს შორის ყველაზე ცელქია. აღმზრდელები ამბობენ, რომ ეფემია სუპერაქტიურია, – „სულ მოძრაობს“. აღმზრდელების თქმით, ეფემიამ წერა-კითხვა არ იცის – „უბრალოდ გაკვეთილზე ზის. ადრე ესეც შეუძლებელი იყო. ასეთივე რთული ბავშვი იყო გიაც, თუმცა დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს“, – ამბობს დედობილი ნაირა ცინცაძე.
„მასწავლებლები გავაგიჟე რა, ჩემი სწავლით“, – გვეუბნება კახა და პატარა ფურცელს აღმზრდელს აწვდის. „ხატვაზე უნდა ჩამწეროთ, დღეს იყვნენ სკოლაში და ეს ფურცელი მომცეს“. აღმზრდელი ამბობს, რომ ამ საკითხს ინდივიდუალურად ვერ გადაწყვეტს და ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმდეს.
აღმზრდელის თქმით, საახალწლოდ ხუთმა მოზარდმა პრეზიდენტისგან ფულადი საჩუქარი – 700-700 ლარი მიიღო. „ამ თანხით ლუკამ კომპიუტერი იყიდა, გოგონებმა კი – ტელეფონები და ტანსაცმელი.“
სამივე გოგონა სკოლის გარდა ტანვარჯიშზეც დადის. გოგონები მე-4 საჯარო სკოლაში ინკლუზიურ კლასში სწავლობენ. წერა-კითხვა თითქმის არ იციან. აღმზრდელების თქმით, გოგონები ვაუჩერული დაფინანსებით სარგებლობენ და რეაბილიტაციისთვის ჯანმრთელობის ცენტრ „სანიტასში“ დაჰყავთ. „ლოგოპედი და ფსიქოლოგი მუშაობს მათთან“, – ამბობს მურად გორგილაძე.
13 წლის ალინა ყველაზე წყნარი ბავშვია. როგორც გვეუბნებიან, სწავლა მასაც უჭირს, თუმცა ალინა ამბობს, რომ მომავალი პროფესია არჩეული აქვს და უნდა მზარეული გამოვიდეს: „კვერცხის შეწვა და სალათის მომზადება ვიცი. ყავასაც ვადუღებ“.
საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებს სახელმწიფო, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. მენეჯმენტს კი აიპი „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს. მათი ინფორმაციით, თითოეულ ბავშვზე დღეში 18 ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან, რაც წელიწადში ექვს ბავშვზე 39 420 ლარი გამოდის. „ამ თანხაში შედის კვება, განათლება, ჯანდაცვა, კომუნალური გადასახადები და აღმზრდელის ხელფასიც“, – ამბობს აიპის ხელმძღვანელი მაია ქათამაძე. თუმცა, მოზარდები მერიის ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობენ, რომლის ფარგლებშიც მათ ექვს თვეში ერთხელ გამოკვლევები უტარდებათ.
საოჯახო ტიპის სახლისთვის განკუთვნილი შენობა ბათუმის მერიამ 2004 წელს შეიძინა, კოსმეტიკური რემონტი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვოლდვიჟენმა“ გააკეთა. სახლს სარემონტო სამუშაოები დღესაც სჭირდება. კედლები შესაღებია, ელექტროსისტემა – გამოსაცვლელი, სახლში არც ბუნებრივი აირია შეყვანილი, იმის მიუხედავად, რომ გაზის ცენტრალური მილი სახლთან უკვე მოყვანილია. ტელევიზორი თითქმის ყველა ოთახში დგას, თუმცა რამდენიმე მათგანი გაფუჭებულია. გასაახლებელია სველი წერტილებიც. „გვინდა ამ პრობლემების მოგვარება. საქველმოქმედო კონცერტიც გვაქვს დაგეგმილი და შემოსული თანხით კოსმეტიკურ რემონტს გავაკეთებთ“, – ამბობს მაია ქათამაძე.
რაც შეეხება აღმზრდელებს, ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს: „აუცილებელი პირობა იყო, რომ ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ, რადგან 24 საათი მათ ბავშვებთან ერთად უწევთ ცხოვრება. აღმზრდელებს გავლილი აქვთ ტრენინგკურსიც“.
მურად გორგილაძე პროფესიით იურისტია. როგორც ამბობს, წლების განმავლობაში შს ორგანოებში მუშაობდა გამომძიებლად. არის ომის ვეტერანი. მისი მეუღლე ნაირა ცინცაძე კი პროფესიით ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტია და პედაგოგად მუშაობდა.
„ჩვენი შვილები სრულწლოვნები არიან, ხუთი დღე ამ ბავშვებთან ვართ, შაბათ-კვირას კი სხვა „მშობლები“ გვენაცვლებიან“, – ამბობენ ისინი.
„შაბათ-კვირის მშობლები“ ორგანიზაცია „ვოლდვიჟენის“ მიერ არიან შერჩეულები.
მურადი და ნაირა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მესამე წელია მუშაობენ. მანამდე, რვა წლის განმავლობაში, სხვა ცოლ-ქმარი მუშაობდა. აღმზრდელები ამბობენ, რომ საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრება მოზარდებზე კარგად აისახა. „ვფიქრობ, აქ ისინი, როგორც ოჯახში, ისე გრძნობენ თავს“, – ამბობს მურად გორგილაძე. მისი თქმით, საოჯახო სისტემა დასჯის მეთოდებსაც ითვალისწინებს:
“შეიძლება კუთხეში დააყენო ან უთხრა, რომ სხვა ოთახში გავიდეს და ცოტა ხნით წყნარად იყოს. თუ შევამჩნევთ პრობლემებს ურთიერთობებში, სკოლაში, მაშინ მივმართავთ ფსიქოლოგს“.
დადგენილი წესის მიხედვით, თუ ბავშვი გარეთ გასვლის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდება და ამ დროს არც სკოლაშია, აღმზრდელი უკავშირდება პატრულს და სოციალური მომსახურების სააგენტოს.
„გვქონდა ასეთი შემთხვევები, როცა ბიჭები გავიდნენ და მოსვლა დააგვიანდათ, პატრულს მივმართეთ“.
ბავშვები დასასვენებლადაც გაჰყავთ: „შარშან ბეშუმში წავიყვანეთ, წელს – ურეკში“.
აღმზრდელების თქმით, ბავშვებისთვის სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს. „თუმცა მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება“ – ამბობენ აქ.
29 სექტემბერს დელეგაციას არჩილ ხაბაძე შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები. ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ მდებარეობას, საზღვრისპირა რეგიონის ურთიერთობას მეზობელ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უკვე ორმა ბათუმელმა მედიკოსმა სილეზიის რეგიონის წამყვან კლინიკაში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს პერიოდში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლების გადასამზადებლად პოლონეთიდან ჩამოდიან ექსპერტები, რომლებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ ადგილობრივ კადრებს.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ასევე „თანას“ სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტების გადამზადება და დამატებითი აღჭურვილობის შეძენა ცენტრისათვის, აჭარის მუზეუმების პერსონალის სასწავლო ვიზიტი სილეზიაში, სადაც ისინი შეხვდებიან სილეზიის მუზეუმის ხელმძღვანელებს, ჩაუტარდებათ პრეზენტაციები და ტრენინგები. ასევე ტრადიციული ხელობის, ფოლკლორის ადათ-წესებისა და ტრადიციების გამოყენების მეთოდების შესწავლისა და რეგიონის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდება თანამშრომლობა სილეზიის კულტურის დეპარტამენტთან, რეგიონული კულტურის და განათლების ცენტრებთან. იგეგმება თანამშრომლობა კულტურული ტურიზმის კუთხით, პრეზენტაციები, მონიტორინგი თანამშრომლობის სფეროების გამოკვლევის მიზნით.
აჭარისა და სილეზიის რეგიონებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას საფუძველი 2011 წლის 17 ივნისიდან ჩაეყარა, როდესაც ქალაქ კატოვიცეში ხელი მოეწერა აჭარასა და სილეზიის სავოევოდოს შორის შეთანხმებას თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის განვითარების შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს ეკონომიკის, ტურიზმის კულტურისა და ხელოვნების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების, ასევე სასოფლო ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს. ამ მიზნით ორმხრივი კომისია, ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს სამოქმედო პროგრამას და ხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თქვენი არჩევის საკითხი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა. როდის არის დაგეგმილი ამ სხდომის ჩატარება?
ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ ოქტომბერში აუცილებლად გაიმართება. ეს შეიძლება იყოს 15 ოქტომბერი.
უმაღლესი საბჭოს მოადგილის თანამდებობაზე წარგადგინათ თანაპარტიელმა, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
მე არ გადამიწყვეტია, ფრაქციაზე განვიხილეთ ეს საკითხი. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დიდი ხანია არ ჰყავს მოადგილე, გადაწყვეტილება, რომ ამჯერად მე ვიყო წარდგენილი, პოლიტიკური ბალანსიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში მთავარია, რაც შეიძლება მეტ ინფორმაციულ რესურსებზე ჰქონდეს წვდომა, რაც შეიძლება ახლოს იყოს [პარტია] გადაწყვეტილების მიღებასთან. შესაბამისად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჩავთვალეთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა ლოგიკური. დანარჩენი აჭარის უმაღლეს საბჭოზეა დამოკიდებული. მე ამ პროცესს ნაკლებად ემოციურად ვუყურებ, ჩემთვის მთავარია, რომ თემა დაიძრა. მე, პირადად, არავისთან რაიმე ტიპის კონსულტაცია არ მქონია და არც მხარდაჭერა მითხოვია.
ცოტა ხნის წინ თქვენი ამჟამინდელი ფრაქციის წევრი იყო წარდგენილი იმავე თანამდებობაზე, მაგრამ მაშინ, როგორც მახსოვს, თქვენ ჯემალ ფუტკარაძეს მხარი არ დაუჭირეთ…
მაშინ ჩვენ ფრაქცია საერთოდ არ გვქონდა, შემდეგ შემოგვიერთდა ჯემალ ფუტკარაძე. როცა ფრაქცია შევქმენით, მაშინ იყო მოსაზრება, რომ თითქოს ფრაქციის შექმნის მთავარი პირობა იყო ის, რომ ბატონი ჯემალი უნდა დაგვესახელებინა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე. სინამდვილეში ეს ასე არ იყო, ჩვენ არავითარი პირობით არ შეგვიქმნია ფრაქცია, ფრაქცია შევქმენით იმის გამო, რომ ბიუროში გვქონოდა წარმომადგენლობა, უფრო მეტი ხმა ჰქონოდა ოპოზიციას ბიუროში. შესაბამისად, ფრაქციაზე ახლაც დადგა ბატონი ჯემალის კანდიდატურა ჩემს კანდიდატურასთან ერთად. ამჯერად ფრაქციამ ჩემი კანდიდატურის წარდგენა გადაწყვიტა.
გარდა ამისა, მაშინ, როცა ჩვენ მას [ჯემალ ფუტკარაძეს] მხარი არ დავუჭირეთ, ეს არ ყოფილა არავითარი პირადი გადაწყვეტილება, ჩვენ მაშინ საკადრო საკითხებში მონაწილეობას არ ვიღებდით – არ მიგვიღია მონაწილეობა არც ვიცე-სპიკერის გადაყენების, არც კომისიის ხელმძღვანელების გადაყენების პროცესში. ბატონი ჯემალის მიმართ მე ღრმა პატივისცემის გარდა არაფერი გამაჩნია, უბრალოდ, ჩვენ მაშინ საკადრო საკითხებში არ ვმონაწილეობდით.
რატომ არ წარადგინა ამჯერად თქვენმა ფრაქციამ ჯემალ ფუტკარაძე და რატომ წარგადგინათ თქვენ?
ამის შესახებ განსაკუთრებული სჯა-ბაასი არ ყოფილა. დადგა საკითხი კენჭისყრაზე, მანამდე ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და, უბრალოდ, ორი ხმით გადაწყდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამაზე შეგიძლიათ ფრაქციის სხვა წევრებს ჰკითხოთ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს თქვა, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს, როცა თქვენი მხარდაჭერის შესახებ ჰკითხეს. მე მახსოვს, თქვენ ოფიციალურად აცხადებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მხარადჭერას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებდით. ახლა რა მოხდა, რატომ შეცვალეთ დისტანცირების პოლიტიკა და რა დივიდენდებს ელოდებით ამ პროცესისგან?
კარგი კითხვაა. „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია უმაღლეს საბჭოში ასეთია – ჩვენ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მივიღოთ, თუ ეს „ქართული ოცნებისთვის“ იქნება მისაღები გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვართ გარიგებული და პირიქით – სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ იტყვის იმავეს. როცა შენი ხმა არის გადამწყვეტი, ამ სიტუაციას სჭირდება გააზრება. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება ყოველთვის არის ნაკარნახევი რეგიონის ინტერესებით.
რაც შეეხება კონკრეტულ ალიანსს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არც ერთ პარტიასთან მოლაპარაკება არ მიწარმოებია. თუ დამიჭერს მხარს „ქართული ოცნება“, მაშინ ზოგიერთი პოლიტიკოსი იტყვის, რომ როგორი ოპოზიციონერი ვარ, როცა ხელისუფლება მიჭერს მხარს, თუ გვექნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა რაღაც საკითხზე, მაშინ იტყვიან, რომ ამ პარტიასთან ფართო ალიანსი გვაქვს. მაგრამ მე არ ვაპირებ ვესაუბრო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თუ საუბარი შედგება მე დაველაპარაკები კონკრეტულ დეპუტატებს და ვეტყვი – თვლით, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში საჭიროა თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა? – მიიღეთ გადაწვეტილება. თუ პირიქით – შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ არავის, გარდა „ქართული ოცნებისა“. შემდეგში იქნება სხვა საკითხები, რითაც გამოჩნდება, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი ალიანსი არ გვაქვს. ამ ალიანსების, კონსპირაციების თეორიაზე, მარტივად იქნება პასუხები გაცემული. მე მირჩევნია, ყველაფერს პასუხი გასცეს პროცესმა, რომელიც იქნება დემოკრატიული.
უმაღლეს საბჭოში პროფესიონალიზმი უკანა პლანზე გადმოდის და საინტერესო ხდება დეპუტატების ის ნაწილი, რომლებიც ეპატაჟურ განცხადებებს აკეთებენ. მე კი მგონია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს ცივი გონებით.
მე არჩევას, თუ ხმების ვერდაგროვებას თანაბარი ემოციით შევხვდები. არჩევის შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, არარჩევის შემთხვევაში კი კარგი რამ მოხდება – ერთხელ და სამუდამოდ დაინახავენ, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ხმების თხოვნით კარდაკარ არ გვივლია.
თქვენ ასეთ სურათს ხატავთ, რომ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ანლიასში გდებთ ბრალს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი პირიქით – ოპოზიციონერობას გიწუნებთ. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა მესამე გზაც – ცნობილი სკანდალების შემდეგ დღის წესრიგში იდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხი. თქვენ მიერ ზემოთ აღწერილი დილემისგან თუნდაც ერთჯერადად თავის არიდების მიზნით, რატომ არ დაუჭირეთ მხარი ვიცე-სპიკერის თანამდებობის გაუქმებას?
რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არ ჰქონდეს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა – ასეთი რამ არალოგიკურია, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი საკანონმდებლო ორგანო, სადაც რეგლამენტით არ რეგულირდებოდეს, რომ, როცა თავმჯდომარე არ არის, რა ხდება შემდგომ. ჩვენ ამ დარტყმის წინაშე ვერ დავაყენებთ კონსტიტუციას. ჩვენ ამას მხარი იმიტომ არ დავუჭირეთ, რომ მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც მსგავი რამე იქნება.
ავტომანქანების გარდა, ბათუმის საკრებულომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადასცა ბათუმში, 26 მაისის ქ. # 45-ში მდებარე შენობიდან 868 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა და მასზე წილობრივად დამაგრებული 1956 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ასევე,ბათუმში, ხახულის ქუჩის #39-ში მდებარე 539 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული 2687 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად.
წერილში, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოუგზავნა ბათუმის საკრებულოს ქონების მისთვის გადაცემის მოთხოვნით, წერია, რომ სააგენტოს ეს ქონება იმისთვის სჭირდება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადასცეს სარგებლობაში.
თუმცა, აღნიშნული ქონებით ისედაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სარგებლობდა – მას ეს ქონება უზურფრუქტის წესით 2015 წლიდან, ანუ მას შემდეგ გადაეცა, რაც ბათუმის სახანძრო და სამაშველო სამსახურები გაუქმდა. ეს სამსახურები 2015 წლიდან სწორედ შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
რაში დასჭირდა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ზემოთ ჩამოთვლილი ქონების საკუთარ ბალანსზე გადატანა? – კობა ჩხეიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ამბობს, რომ მისთვის ბუნდოვანია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მისწრაფება.
კობა ჩხეიძე: „ამ საკითხზე საკრებულოში ერთადერთი ახსნა ჰქონდათ – თურმე ერთ დროს ეს შენობები შს სამინისტროსი ყოფილა. ეს არის უხსოვარი დროის ამბავი. თუ ამ გზით წავა ბათუმის საკრებულო, მაშინ ყველა ფიზიკურ პირს უნდა დაუბრუნოს ქონება, რომელიც ერთ დროს ვიღაცის საკუთრება იყო და წაართვეს.
სინამდვილეში ეს ქონება ისედაც უზურფრუქტის წესით გვაქვს გადაცემული. რატომ მოითხოვეს მისი საკუთრებაში გადაცემა? შს სამინისტროს ისედაც ხომ შეუძლია ნებისმიერი მოქმედების განხორციელება ამ ქონებაზე – რემონტი იქნება თუ სხვა აუცილებელი ქმედება? – საკრებულო მას ამაში ხელს არ შეუშლიდა.
ანუ მივედით იქამდე, რომ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი იმისა, რომ აუცილებელი ყოფილიყო ამ ქონების გადაცემა, არ არსებობს.
ჩვენთვის სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა პრობლემა არ არის, ვინც რეალურად მოიხმარს ქონებას, იმისი საკუთრება უნდა იყოს. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით უძრავი ქონების გადაცემაზე. დღეს ეს ქონება ყოველგვარი ახსნის გარეშე გადასცეს. უბრალოდ, ამას ერთი ახსნა აქვს, როცა საკუთრებაში გაქვს ქონება, შეგიძლია ის გაყიდო. როცა სარგებლობაში გაქვს ქონება, მას ვერ ყიდი“.
კობა ჩხეიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკრებულომ თავი მხოლოდ იმ ქონების გადაცემისგან შეიკავა, სადაც 3 ოჯახი ცხოვრობს.„სახანძროს ეზოში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის გარკვეულ ნაწილში, 70 წელია სამი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენი თხოვნით საკრებულომ სწორედ ამ ნაწილის სრულად გადაცემისგან შეიკავა თავი“, – უთხრა “ბათუმელებს” კობა ჩხეიძემ.
როგორც საკრებულოს წევრები ამბობენ, საზოგადოებრივი საბოჭს, იგივე სათათბირო ორგანოს, შექმნის უფლებამოსილება თვითმმართველობის ახალი კოდექსით ქალაქის მერს აქვს. შესაბამისად, ზოგიერთ დეპუტატს მიაჩნია, რომ თუ საკრებულოც დაიტოვებს მსგავს რგოლს, „ეს იქნება დუბლირება“.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის შეფასებით, ბათუმის საკრებულოსთან არსებული საბჭო „დემოკრატიის პირმშოა“ და მისი ასე ხელაღებით გაუქმება იქნება „ნაბიჯი უკან დემოკრატიაში“.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ფიქრობს, რომ „მგლის შიშით ფარა არ უნდა გაწყვიტონ“ და საკრებულო დაელოდება მერს – მანამ ის თავის საბჭოს არ შექმნის, რის შემდეგ თავადაც მოიფიქრებენ, რა ფორმით შეინარჩუნონ უკვე არსებული საბჭო.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, „მერთან არსებულ მრჩეველთა საჭოს დაევალება ბიუჯეტის ნაწილში მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე რეკომენდაციების გაწევა, საკრებულოს შემთხვევაში კი შემოთავაზებულ ბიუჯეტზე რეკომენდაციების მიღება“.
საკრებულოს სხდომაზე მყოფი იურისტის განმარტებით კი, მერთან არსებულ საბჭოს ფუნქცია-მოვალეობები გაწერილია კანონმდებლობით – ახალი საბჭო მერს ბიუჯეტის, სივრცითი მოწყობის, საპატიო მოქალექეობის მინიჭებისა და ჯილდოების გაცემის საკითხებზე გაუწევს რეკომენდაციებს.
ხანგრძლივი კამათის შემდეგ, დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მაინც ვერ გაარკვიეს, „მოქმედი საბჭოს დატოვება არის უფრო მეტი კანონდარღვევა თუ თვითმმართველობის ახალი კოდექსის დარღვევა“. ამიტომ ირაკლი ჭეიშვილმა ასეთი „გამოსავალი“ მონახა: „ახლა დავიტოვოთ საბჭო. ჩვენ დადგენილებებს ამოწმებს იუსტიციის საბჭო, თუ ჩვენი საბჭოს დატოვების გამო მათი შენიშვნა იქნება კანონთან შეუსაბამობის შესახებ, სხდომა ჩავნიშნოთ 5 რიცხვისთვის და მათი რეკომენდაციის მიხედვით ჩამოვყალიბდეთ, ამით არ დაინგრევა ქვეყანა“.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა კობა ჩხეიძემ სხდომაზე გააპროტესტა თვითმმართველობის კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი და საქართველოს პარლამენტს „სამარცხვინო“ უწოდა: „მინდა პარლამენტის მიმართულებით გამოვთქვა საყვედური – რეალურად მერი ხდება მთავარი ფიგურა და არავითარი თვითმმართველობა აღარ გვაქვს, საკრებულოს მაკონტროლებლის უფლებაც კი ჩამოერთვა. თქვენი დაპირებების შესრულება გახდა მერის გადასაწყვეტი, რადგან ჩვენ ამის შესრულების არანაირი ბერკეტი აღარ დაგვრჩა. პარლამენტმა წაგვართვა იმის უფლება“.
ბათუმის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო არის დაახლოებით 300-წევრიანი რგოლი. მასში შედიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. ერთ-ერთი მათგანი, ნათია აფხაზავა წინააღმდეგია საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს გაუქმების, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად აკრიტიკებდა ამ საბჭოს უფუნქციობას.
საზოგადოებრივ დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პირს.
როგორც დღევანდელი სხდომიდან გაირკვა, ბათუმის საკრებულო საბჭოს გაუქმებასა თუ ფორმირებაზე განმეორებით 5 ოქტომბერს იმსჯელებს.
„მნიშვნელოვანია აგროსერვისცენტრის გამოცდილების სხვა რეგიონებისთვის გაზიარება. ჩვენთან სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის არაერთი სადემონსტრაციო პროექტი ხორციელდება, რომელიც ექსტენციის მომსახურების საშუალებით ფერმერებამდე მიდის. მაგალითად, ჩვენი მარწყვის სადემონსტრაციო სათბურში ფერმერების ვიზიტის შემდეგ რამდენიმემ თვითონ დაიწყო ეს ბიზნესი. ამ პროექტების მთავარი დანიშნულებაც სწორედ ესაა, თანამედროვე ტექნოლოგიების ფერმერულ მეურნეობებში დანერგვა. დღევანდელი აგროტურის მონაწილეები კი აგროსერვისცენტრში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაციას თავიანთ მუნიციპალიტეტებში ფერმერებს გაუზიარებენ. კარგი იქნება, თუ მოხდება რომელიმე პროექტის მაგალითის გადაღებაც“ – განაცხადა აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.
ვიდრე ბათუმის საკრებულოში მეორე მოადგილის დანიშვნის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებაზე კენჭისყრა გაიმართებოდა, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა რეპლიკის სახით თქვა, რომ „ეს საკითხი კიდევ დადგება დღის წესრიგში“ და აუცილებლად იმსჯელებენ ამაზე.
საკრებულოს სხდომაზე მეორე მოადგილის დანიშვნის შესახებ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას უმრავლესობაც დაეთანხმა, თუმცა იგივე საკითხს, სავარაუდოდ, შემდეგ სხდომაზე ისევ დააყენებენ.
საკრებულოს ოპოზიცია, კონკრეტულად კი „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს არ სჭირდება ორი მოადგილე.
„ამ ეტაპზე ზუსტდება, როგორც კონკრეტული მარშრუტი, ანუ დერეფანი, თუ სად გაივლის გადამცემი ხაზი, ასევე განსახლების გეგმაც, რომელსაც შემდეგ წარუდგენენ მთავრობას. დამტკიცდება ეს გეგმა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად დაიწყება როგორც მშენებლობა, ასევე განსახლება. რაც შეეხება მოსახლეობას, მათ ავტომატურად, დაუყოვნებლივ ეცნობებათ ამის შესახებ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის [სსე] საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჯერანაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს – იმისთვის, რომ მიიღონ კომპენსაცია, კუთვნილი ქონება [საკარმიდამო და სხვ.] აუცილებლად უნდა დაიკანონონ, რადგან კომპენსაცია მხოლოდ დაკანონებულ ქონებაზე გაიცემა. სახელმწიფო ელექტროსისტემაში არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება პროცესი. ხელშეკრულებების გაფორმება „დაიწყება უახლოეს მომავალში, თუმცა ზუსტ ვადებს ვერ გეტყვით,“ – განაცხადა ჯერანაშვილმა.
„ბათუმელებმა“ მოიპოვა რუკა, სადაც დატანილია, თუ სად გაივლის აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის დერეფანი. ჩვენი ინფორმაციით, ხელვაჩაურიდან [ქვესადგური „ბათუმი“, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე], ქედისა და თითქმის შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ჩათვლით, ეს მარშრუტი დაზუსტებულია; შესაბამისად, არსებობს განსახლების გეგმაც, თუმცა, ნინო ჯერანაშვილი აცხადებს, რომ „შუახევი-ბათუმის განსახლების გეგმის საორიენტაციო ვარიანტი შესაძლოა შეიცვალოს“.
ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
სახელმწიფო ელექტროსისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული დოკუმენტებით „ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ყველა პირი მიიღებს გარკვეულ დახმარებას, მიუხედავად მათი საკუთრების იურიდიული სტატუსისა, ყველა იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია განსახლების ჩარჩო-დოკუმენტით. იურიდიული დოკუმენტების არასაკმარისობა [მიწის თვითნებურად დაკავება] არ უნდა წარმოადგენდეს ბარიერს, გაიცეს კომპენსაცია [შენობებზე, ნათესებზე და ა.შ.] ან/და სარეაბილიტაციო შემწეობანი.“
წინასწარი შეფასების მიხედვით, ახალი ხაზის მთელ პერიმეტრზე [ახალციხის, ადიგენის, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები] დაახლოებით 120 ოჯახის ადგილმონაცვლეობა იგეგმება. `ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ყველა პირს გაეწევა კონსულტაცია და აქტიურად იქნებიან ჩართულნი მოლაპარაკების პროცესში“. რაც შეეხება იძულებით განსახლებას – ის „უნდა იქნეს გაგებული, როგორც ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის საარსებო საშუალებების გაუმჯობესება“. მიწის შესყიდვის სამუშაოებს ზედამხედველობას მსოფლიო ბანკი გაუწევს, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს.
„განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ მიხედვით, კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ იმ პირებს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე დაფიქსირდებიან ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი პირების აღწერისა და დეტალური ინვენტარიზაციის დაწყების დღისთვის. იმათზე, რომლებიც ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ტერიტორიაზე დასახლდებიან ამ თარიღის შემდეგ, კომპენსაცია არ გაიცემა.
რაც შეეხება ადგილზე არმყოფ მეპატრონეებს [პირები, რომლებსაც გააჩნიათ მიწაზე საკუთრების უფლება, მაგრამ ცხოვრობენ სხვაგან], მათ მაინც გააჩნიათ კომპენსაციის მიღების უფლება და პროექტის განმახორციელებელმა ერთეულმა უნდა გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა მათ მოსაძიებლად, დოკუმენტურად დასამოწმებლად და გააცნოს მათ პროცესის არსი. აღნიშნული ძალისხმევა შეიძლება გამოხატული იქნას მათთან დაკავშირებაში, მეზობლების დახმარებით, გაზეთში პროცესის შესახებ განცხადების გამოქვეყნების გზით და სხვ. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოძიება ვერ მოხერხდა, კომპენსაციის თანხა დეპონირდება პირობით ანგარიშზე და ხელმისაწვდომი იქნება ადგილზე არმყოფი მეპატრონის გამოჩენის შემთხვევაში.
საკუთრების შეფასებების დასამოწმებლად სსე თავისი კონსულტანტების მეშვეობით შექმნის რაიონული დონის მიწის შესყიდვისა და განსახლების ჯგუფებს, რომლებთანაც იმუშავებენ რაიონის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები (რაიონის საკრებულო, გამგებელი) და თითოეული ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი სოფლის/თემის ადმინისტრაციის წარმომადგენლები (ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი სოფლების/თემების საკრებულოების წარმომადგენლები და გამგებლები)“.
ბათუმი-ახალციხის 220-კილოვოლტიანი[კვ] ორჯაჭვა გადამცემი ხაზის სიგრძე დაახლოებით 150 კმ-ია და მის მოსაწყობად 500 ანძა იქნება საჭირო. ანძებს შორის მანძილი – 300-400 მ. სიმაღლე კი – 35 მეტრი იქნება [თითოეულისთვის საჭიროა 200 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ჯამში კი, მთლიანი დერეფნის მოსაწყობად – 10 მილიონ კვ/მ-დე ფართობი].
ჩვენს ხელთ არსებული რუკის მიხედვით, ქვესადგურ „ბათუმიდან“ [ხელვაჩაურში], ხაზი გადის ყოფილი „უნივერმაღის“ უკან, შემდეგ ე.წ. „გვირაბთან“ გადაკვეთს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალს და მთებით გადადის მდინარე აჭარისწყლისა და ჭოროხის შესართავთან ახლოს, სადაც კვლავ კვეთს ავტომაგისტრალს და მდინარე აჭარისწყალს. აქედან გადამცემი ხაზი, პროექტით, ძირითადად, მდინარე აჭარისწყალს მიუყვება [შუახევის მუნიციპალიტეტის ჩათვლით ტერიტორიაზე], ხან – ერთ, ხან მეორე სანაპიროზე და მდინარის კალაპოტს [მდინარე სხალთის შესართავამდე] დაახლოებით 45-ჯერ კვეთს.
ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ხორციელდება ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ, საქართველოს მთავრობის დავალებით.
გარემოზე შეფასების დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ამერიკული დოლარია [სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს უნდა დაწყებულიყო და სამ წელში დასრულებულიყო].
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით, შპს „აჭარისწყალი საქართველოს“ მიერ მდინარე აჭარისწყალზე მშენებარე შუახევის 178 მგვტ-იანი და კორომხეთის 150 მგვტ-იანი ჰესები მიუერთდება სახელმწიფო ენერგოსისტემას.
შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (Adjaristsqali Georgia Ltd – AGL) ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest-is (CEI) მიერ სპეციალურად აჭარისწყალზე ჰესების კასკადის ასაგებად დაფუძნდა, რომელმაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ შეთანხმებით თავის თავზე აიღო ამ ხაზის პროექტის საინჟინრო და გარემოსდაცვითი კომპონენტების დაფინანსება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება იგეგმება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის საშუალებით. როგორც მსოფლიო ბანკის „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების“ (TGS-Transmission Grid Strengthening) პროექტის ნაწილი. ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი იქნება სსე, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იქნება ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე.
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დაიქირავა „დგ კონსალტინგი“ (საქართველო) განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის მოსამზადებლად. რა ეტაპზეა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ კომენტარი ვერც აღნიშნული კომპანიებიდან მიიღო, მათ სახელმწიფო ელექტროსისტემაში გადაგვამისამართეს.
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მარშრუტი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
კონკურსის სახელწოდებაა „სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2012, 2013 და 2014 წელს ჩაირიცხნენ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
კონკურსში მონაწილეებისთვის აჭარის განათლების სამინისტროს შემდეგი კრიტერიუმები აქვს დადგენილი: კონკურსანტს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უნდა ესწავლა და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული უნდა ჰქონდეს აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების საშუალო არითმერტიკული ტოლია ან მეტი უნდა იყოს 71%-ს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:
აჭარის განათლების სამინისტროს მერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ „კონკურსანტებმა, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 2015 წლის 3 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პროგრამაში მონაწილეობისთვის, მაგრამ ვერ მოიპოვეს სწავლის დაფინანსება, მათი განაცხადები ავტომატურად ჩაითვალება დამატებით გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებულად“.
2 სექტემბერს ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 37 წლის ქალი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულმა დაჭრა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც შემთხვევით შეესწრო ქალის მკვლელობას. დაჭრილი მამაკაცი გადარჩა. მოკლული მაღალი ჩინის პოლიციელის მეუღლე იყო.
მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ მ. დანაშაულის ჩადენის ფაქტიდან მალევე დააკავეს – ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში წვერს იპარსავდა, როდესაც პოლიციამ მიაკითხა. პოლიციის ცნობით, ბრალდებულს სისხლიანი ტანსაცმელი უკვე გამოცვლილი ჰქონდა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალი რამდენიმე ქილა ლუდის გამო მოკლეს.
მალხაზ მ.-ს ბრალი 108-ე (განზრახ მკვლელობა, რომელიც 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება) და 179-ე (ყაჩაღობა, რომელიც 5-დან 7-წლამდე პატიმრობას ითავალისწინებს) მუხლებით აქვს წარდგენილი. მკვლელობაში ბრალდებული აქამდეც ორჯერ ყოფილა გასამართლებული – 2007 წელს ცაგერის სასამართლოს ის ორი მუხლით გაუსამართლებია – ქურდობა და დოკუმენტის მისაკუთრება. მაშინ მას ორი წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულმა სასჯელი სრულად მოიხადა.
მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ. მ.-მ განმეორებითი სასჯელის მოხდა 2013 წელს დაასრულა. მას ნაწილობრივ შეეხო ამნისტიაც.
მკვლელობა 10 სექტემბერს
10 სექტემბერს ბათუმში, თამარის დასახლებაში (ბენზე), ორი მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცებს შორის შელაპარაკების მიზეზი ერთ-ერთის ახლობელი გოგონა იყო. აწ უკვე გარდაცვლილმა მამუკა შეროზიამ, რომელიც სამართალდამცავების არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანიაშია ნასამართლევი, ჯერ დანით მოკლა რაულ მუკუტაძე, ხოლო შემდეგ დაჭრა მისი ახლობელი მამუკა. ა.
ამ კონფლიქტის დროს მოკლეს მამუკა შეროზიაც, მის მკვლელობაში ბრალდებულია 27 წლის მამუკა გ., რომელიც მამუკა შეროზიას მიერ მოკლულისა და დაჭრილის ნათესავია.
ძიების ვერსიით მამუკა გ-მ მამუკა შეროზია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ადრე ნასამართლევია მამუკა გ.-ც – ბათუმის სასამართლომ ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების შენახვისთვის პირობითი სასჯელით დასაჯა, შემდეგ კი, 2010 წელს, პირველი ბრალის გაქარწყლებამდე – 273-ე მუხლით (მცირე ოდენობის ნარკოტიკი) გაასამართლა. მამუკა გ-ს მაშინ 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება.
ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლო ახლა სამი უმძიმესი მუხლით გაასამართლებს: 108-ე (განზრახ მკვლელობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის ტარება) და 260-ე მუხლი (ნარკოტიკი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 20 წელზე მეტი ხნით პატიმრობა ელის.
მკვლელობა 17 სექტემბერს
კიდევ ერთი მკვლელობა ბათუმში 17 სექტემბერს მოხდა – ძიების ვერსიით, 1965 წელს დაბადებულმა ზაზა ლ-მ. დანით მოკლა მეგობარი ქალის ბიძაშვილი – რევაზ გ. ჭრილობა გარდაცვლილს ყელის არეში აქვს მიყენებული.
ზაზა ლ.-ს მიმართ 2010 წელს საქმე 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღი) იყო აღძრული.
მოწმეთა ჩვენებით, ბრალდებულმა მკვლელობის წინა ღამით მეგობარი ქალისთვის სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა. ბრალდებულმა შენიშვნა მისცა მეგობარი ქალის 15 წლის შვილს, რომელიც ამ დროს მეორე ოთახში კომპიუტერით ერთობოდა, – ჩვენებების თანახმად მან ბიჭს ხელი გაარტყა. ბიჭმა დაურეკა მამას, რომელიც, თავის მხრივ, მივიდა ყოფილი ცოლის ბიძაშვილებთან, რომლებიც მეორე დღეს ქალის ბინაში მივიდნენ და ბრალდებულს სცემეს გამეტებით, ბრალდებული ქუჩაში გაიქცა. ერთ-ერთი ბიძაშვილი ბრალდებულმა სწორედ ქუჩაში მოკლა დანით.
17 სექტემბერსვე კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი მ. დააკავეს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. მან ბათუმში, თბილისის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ ზვიად გ-ს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა.
10 სექტემბერს ქობულეთში ერთი პირი დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ექიმების თქმით, მან 10 ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ერთ-ერთ მამაკაცს კისრის არეში.
24 აგვისტოს ხულოში დააკავეს მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული.
ბათუმში ბოლო დღეებში მომხდარ მკვლელობებს, განიხილავენ ყველგან _ სამზარეულოებში, სამარშრუტო ტაქსებსა და სამუშაო ოფისებში, რასაც თან ახლავს რიტორიკული შეფასება: გარეთ გასვლა საშიში გახდა.
რამდენად საშიშია გარემო, სადაც ვცხოვრობთ, გარდა პოლიციისა, სხვა ვინ უნდა იზრუნოს დანაშაულის პრევენციაზე, რამდენად სახიფათო არიან წარსულში გასამართლებული ადამიანები საზოგადოებისთვის, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ოჯახმა ამ არც თუ ისე მცირერიცხოვანი ჯგუფის რეაბილიტაციისთვის? – ფსიქოლოგი მარიკა ნათაძე, რომელსაც პატიმრებთან თუ ყოფილ პატიმრებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ამ პრობლემას სჭირდება კომპლექსური მიდგომა.
ფსიქოლოგის აზრით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც განაპირობებს დანაშაულის ხელმეორედ ჩადენას:
„ეს ფაქტორებია – რა დანაშაული აქვს პირს ჩადენილი, რაზე იყო მანამდე გასამართლებული, დაწესებულებაში როგორ იქცეოდა, ადრეულ ასაკში როგორ პირობებში ცხოვრობდა, ჰქონდა თუ არა საცხოვრებელი ადგილი; ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული გამოცდილებაც – ხომ არ იყო ძალადობის მსხვერპლი, ზრუნავდნენ თუ არა მასზე ოჯახში, დანაშაულის ჩადენის დროს რა ასაკის იყო. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი კი შემდგომი დასაქმებაა. თუ არ მოხერხდა ყოფილი პატიმრის დასაქმება, თუ ამ ადამიანს არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ის დანაშაულს ხელმეორედ ჩაიდენს“ – ამბობს ფსიქოლოგი.
მარიკა ნათაძის თქმით, ყოფილი პატიმრებისთვის ყველაზე რთული პერიოდია გათავისუფლებიდან პირველი სამი წელი, განსაკუთრებით რთული გადასატანი კი პირველი ერთი წელია:
„ის ეტაპი, როდესაც პატიმარი ტოვებს დაწესებულებას, გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა პერიოდი – შფოთვა მომატებულია იგივენაირად, როგორც ეს დაკავების დროს იყო.
დაწესებულებაში მოხვედრის პირველი წელი კი ძალიან ტრავმულია. ასევეა გათავისუფლების დროს. სხვა ქვეყნის გამოცდილებით, პატიმრობის ბოლო ეტაპზე პირი ორი დღით გაყავთ საცხოვრებელ სახლში და ის დამოუკიდებლად ცდილობს გადაიხადოს გადასახადი, შეიძინოს პროდუქტები, ანუ ის რამდენიმე დღეს თავისუფლებაში ატარებს. ადამიანს ნელ-ნელა აჩვევენ იმ ცხოვრებისეულ სიახლეებს, რომელიც მან კარგა ხნის წინ დატოვა. შემდეგ ერთი კვირით უშვებენ თავისუფლებაში… ასე ადამიანი ეგუება ახალ გარემოს, იძენს ახალ უნარებს, რაც შეიძლება შეცვლილიყო მისი არყოფნის პერიოდში, შფოთვაც მინიმალურია. კარგი იქნება, თუ ეს საქართველოშიც დაინერგება“.
როგორც ცნობილია, საპატიმრო დაწესებულებებს ჰყავთ თავიანთი ფსიქოლოგები, მაგრამ არასრულწლოვნებისგან განსხვავებით ზრდასრულებთან, ზოგ შემთხვევაში, ორი ათას პატიმარზე ერთი ფსიქოლოგი მოდის. შესაბამისად, შეუძლებელია ფსიქოლოგმა თითოეულ პატიმართან სრულყოფილად შეძლოს მუშაობა. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზეც, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ფსიქოლოგების სერიოზული დეფიციტია. არადა, როგორც მარიკა ნათაძე ამბობს, არათუ პატიმრებს, არამედ, გარკვეულ ეტაპზე, მათი ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება:
„ციხიდან გამოსვლის წინ საჭიროა ოჯახის წევრის შემზადება მათი ახლობელი ადამიანის მისაღებად. ყოფილ პატიმარს ხელახლა უწევს გარემოსთან შეგუება, ამიტომ ოჯახის წევრები მზად უნდა იყვნენ იმ სირთულეებისთვის, რომელიც მათ წინაშე დადგება. ხშირ შემთხვევაში მათ ერთად სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება“.
ფსიქოლოგის თქმით, ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი: „ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვაკრავთ მათ იარლიყს – „ნაციხარი“. ამ დამოკიდებულების გამო პირი ხშირად რთულად უბრუნდება საზოგადოებას, ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ადამიანებს. ეს სტერეოტიპი კი ხელს უშლის მათ თავის დამკვიდრებაში, შესაბამისად უბიძგებს ახალი დანაშაულის ჩადენისკენ, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე პირველ შემთხვევაში იყო“.
იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობის მხრივ საქართველო მოწინავე პოზიციებზე იყო ევროპაში, იმ ფონზე, როცა დასაქმება უჭირთ არათუ ყოფილ პატიმრებს, არამედ ნასამართლეობის არ მქონე ადამიანებს, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ კრიმინალური გარჩევები კიდევ უფრო მოიმატებს? ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამის პრევენციის რეცეპტი არ არსებობს.
მარიკა ნათაძის თქმით, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია საკითხის კომპლექსურად შესწავლა: „არსებობს ინდივიდუალური ფაქტორები, თუ რის გამო ხდება დანაშაული. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რატომ არიან ისინი გასამართლებული, ხანგრძლივად იყვნენ დაწესებულებაში თუ მცირე დროით, რა სახის დანაშაულზე იყვნენ დაკავებულები. თუ ადამიანი დაკავებულია ძარცვაზე, ის, მეტი ალბათობით, ჩაიდენს დანაშაულს, ვიდრე ადამიანი, რომელიც დაკავებულია სექსუალური ხასიათის დანაშაულზე. თუ ადამიანმა ერთი წელი ან ნაკლები გაატარა დაწესებულებაში, უფრო მეტია ალბათობა, რომ ის ხელმეორედ არ ჩაიდენს დანაშაულს.
ეს ყველაფერი დაკავშირებულია სხვა ფაქტორებთან, ასაკთან – მაღალი ალბათობით, 18-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანები უფრო ჩაიდენენ განმეორებით დანაშაულს, ვიდრე უფრო ასაკოვანი ადამიანები“.
მარიკა ნათაძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საპატიმრო დაწესებულებებიდან გამოსვლის შემდეგ გაგრძელდეს პიროვნების რეაბილიტაციის, საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის პროცესი. დასაქმება კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად.
ცოფისა და მასთან დაკავშირებული რისკების, ასევე ცხოველებთან ქცევისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებს ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მათივე თანატოლი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლე, თეკლა კილაძე ესაუბრა.
N16 სკოლის მოსწავლეებს დაურიგდათ თემატური ფლაერები და პოსტერები – „როგორ მოვიქცეთ ცხოველებთან”.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ცოფი ზოონოზური (გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს) დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას – ის პრაქტიკულად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.
ცოფი ენდემურია მთელი მსოფლიოსთვის, ანტარქტიდის გარდა. ყველაზე მაღალი ინციდენტობით გამოირჩევა აზია და აფრიკა, სადაც ცოფის განვითარების რისკის ქვეშაა 3 მილიარდ ადამიანზე მეტი.
ცოფი 100%-ით ვაქცინით მართვადი დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დაავადების პრევენციის საშუალება, ცოფი მსოფლიოში ყოველწლიურად ათობით ათასი სიკვდილის მიზეზი ხდება. დაავადება დისპროპორციულად აზარალებს ღარიბ, დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას/თემს/სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს – ცოფით ყოველი 10 გარდაცვლილიდან ოთხი – 15 წლამდე ასაკის ბავშვია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2014 წელს ცოფით 4 ადამიანი გარდაიცვალა. 2015 წელს, ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ტურნირი ბათუმის მერიის, სპორტის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია ტარდება. შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და რუსეთის წყვილები.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ თასები და სიგელები, ასევე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.