სიახლეები

ცხოვრება ბავშვთა სახლის შემდეგ

30.09.2015 • 2857
ცხოვრება ბავშვთა სახლის შემდეგ

ბათუმის საოჯახო ტიპის სახლში მოზარდები სკოლიდან ერთიმეორის მიყოლებით ბრუნდებიან. ჯერ ლუკა მოვიდა, ის მოზარდებს შორის ყველაზე უფროსია. აღმზრდელები, რომლებიც სახლში „დედობილისა“ და „მამობილის“ სტატუსს ატარებენ, საუბარს ლუკას შექებით იწყებენ. ამბობენ, რომ ლუკა უკვე ჩამოყალიბებული ბიჭია. „მას ბოლომდე ვენდობით. ჭკვიანია, დამჯერი. მარტო გადის ქალაქში, სხვები კი ჩვენთან ერთად გადიან, რადგან ქალაქი არ იციან“, – ამბობს მურად გორგილაძე, მამობილი.  

ლუკა ინგლისურს ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში უფასოდ სწავლობს. მოსწონს ხატვაც. მისი ორი ნახატი მისაღები ოთახის კედელზეა გამოფენილი, მოხატული აქვს საძინებლის კედელიც, შესასვლელში დიდი შავი ღამურაა დახატული, შემდეგ – თეთრი მტრედი და ქალი. კუთხეში პატარა მაგიდა დგას, მასზე ტელევიზორი და ნიჟარებიანი თასია განთავსებული, რომლის შუაგულში, პატარა წყლიან ჯამში კუ მოძრაობს. ლუკა ამბობს, რომ პატარა კუ ურეკში ზღვის ნაპირზე იპოვა და წამოიყვანა.

`როგორ უნდა გამოვკვებო, ამაზე ინფორმაცია ინტერნეტში ვნახე, მოვლის წესებიც ვიცი“, – ამბობს ლუკა და პარკში ჩაყრილ კუს საკვებს გვაჩვენებს. ლუკა მის მომავალ პროფესიასაც გვიმხელს, – უნდა, რომ ფსიქოლოგი გამოვიდეს. უყვარს კითხვა, ახლა დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ კითხულობს.

ლუკასთან საუბრის პროცესში სკოლიდან გოგონებიც ბრუნდებიან. მალე კახაც შემოდის. სადილობის დროა. ბავშვები ტანზე იცვლიან და სადილს ელოდებიან.

„სადილად აჯაფსანდალი და სუპი გვაქვს“, – გვეუბნება ეფემია. „მე ხორციანი საჭმელი მიყვარს“, – ამბობს კახა. ბავშვები სამზარეულოში გადიან. მაგიდაზე წვნიანის თეფშები და პური დევს.

ეფემიას წარბებს შორის შუბლზე, ყვითელი „სმაილიკი“ აქვს მიკრული. „მოგწონს აქ?“ – ვეკითხები მას. „ისე რაა, დედიკოსთან მინდა, იქ მომწონს“, – მპასუხობს. ის მოზარდებს შორის ყველაზე ცელქია. აღმზრდელები ამბობენ, რომ ეფემია სუპერაქტიურია, – „სულ მოძრაობს“. აღმზრდელების თქმით, ეფემიამ წერა-კითხვა არ იცის –  „უბრალოდ გაკვეთილზე ზის. ადრე ესეც შეუძლებელი იყო. ასეთივე რთული ბავშვი იყო გიაც, თუმცა დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს“, – ამბობს დედობილი ნაირა ცინცაძე.

„მასწავლებლები გავაგიჟე რა, ჩემი სწავლით“, – გვეუბნება კახა და პატარა ფურცელს აღმზრდელს აწვდის. „ხატვაზე უნდა ჩამწეროთ, დღეს იყვნენ სკოლაში და ეს ფურცელი მომცეს“. აღმზრდელი ამბობს, რომ ამ საკითხს ინდივიდუალურად ვერ გადაწყვეტს და ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმდეს.

აღმზრდელის თქმით, საახალწლოდ ხუთმა მოზარდმა პრეზიდენტისგან ფულადი საჩუქარი – 700-700 ლარი მიიღო. „ამ თანხით ლუკამ კომპიუტერი იყიდა, გოგონებმა კი – ტელეფონები და ტანსაცმელი.“

 

სამივე გოგონა სკოლის გარდა ტანვარჯიშზეც დადის. გოგონები მე-4 საჯარო სკოლაში ინკლუზიურ კლასში სწავლობენ. წერა-კითხვა თითქმის არ იციან. აღმზრდელების თქმით, გოგონები ვაუჩერული დაფინანსებით სარგებლობენ და რეაბილიტაციისთვის ჯანმრთელობის ცენტრ „სანიტასში“ დაჰყავთ. „ლოგოპედი და ფსიქოლოგი მუშაობს მათთან“, – ამბობს მურად გორგილაძე.

13 წლის ალინა ყველაზე წყნარი ბავშვია. როგორც გვეუბნებიან, სწავლა მასაც უჭირს, თუმცა ალინა ამბობს, რომ მომავალი პროფესია არჩეული აქვს და უნდა მზარეული გამოვიდეს: „კვერცხის შეწვა და სალათის მომზადება ვიცი. ყავასაც ვადუღებ“.

საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებს სახელმწიფო, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. მენეჯმენტს კი აიპი „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს. მათი ინფორმაციით, თითოეულ ბავშვზე დღეში 18 ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან, რაც წელიწადში ექვს ბავშვზე 39 420 ლარი გამოდის. „ამ თანხაში შედის კვება, განათლება, ჯანდაცვა, კომუნალური გადასახადები და აღმზრდელის ხელფასიც“, – ამბობს აიპის ხელმძღვანელი მაია ქათამაძე. თუმცა, მოზარდები მერიის ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობენ, რომლის ფარგლებშიც მათ ექვს თვეში ერთხელ გამოკვლევები უტარდებათ.

საოჯახო ტიპის სახლისთვის განკუთვნილი შენობა ბათუმის მერიამ 2004 წელს შეიძინა, კოსმეტიკური რემონტი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვოლდვიჟენმა“ გააკეთა. სახლს სარემონტო სამუშაოები დღესაც სჭირდება. კედლები შესაღებია, ელექტროსისტემა – გამოსაცვლელი, სახლში არც ბუნებრივი აირია შეყვანილი, იმის მიუხედავად, რომ გაზის ცენტრალური მილი სახლთან უკვე მოყვანილია. ტელევიზორი თითქმის ყველა ოთახში დგას, თუმცა რამდენიმე მათგანი გაფუჭებულია. გასაახლებელია სველი წერტილებიც.
„გვინდა ამ პრობლემების მოგვარება. საქველმოქმედო კონცერტიც გვაქვს დაგეგმილი და შემოსული თანხით კოსმეტიკურ რემონტს გავაკეთებთ“, – ამბობს მაია ქათამაძე.

რაც შეეხება აღმზრდელებს, ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს: „აუცილებელი პირობა იყო, რომ ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ, რადგან 24 საათი მათ ბავშვებთან ერთად უწევთ ცხოვრება. აღმზრდელებს გავლილი აქვთ ტრენინგკურსიც“.

მურად გორგილაძე პროფესიით იურისტია. როგორც ამბობს, წლების განმავლობაში შს ორგანოებში მუშაობდა გამომძიებლად. არის ომის ვეტერანი. მისი მეუღლე ნაირა ცინცაძე კი პროფესიით ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტია და პედაგოგად მუშაობდა.

„ჩვენი შვილები სრულწლოვნები არიან, ხუთი დღე ამ ბავშვებთან ვართ, შაბათ-კვირას კი სხვა „მშობლები“ გვენაცვლებიან“, – ამბობენ ისინი.

„შაბათ-კვირის მშობლები“ ორგანიზაცია „ვოლდვიჟენის“ მიერ არიან შერჩეულები.

მურადი და ნაირა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მესამე წელია მუშაობენ. მანამდე, რვა წლის განმავლობაში, სხვა ცოლ-ქმარი მუშაობდა.
აღმზრდელები ამბობენ, რომ საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრება მოზარდებზე კარგად აისახა. „ვფიქრობ, აქ ისინი, როგორც ოჯახში, ისე გრძნობენ თავს“, – ამბობს მურად გორგილაძე. მისი თქმით, საოჯახო სისტემა დასჯის მეთოდებსაც ითვალისწინებს:

“შეიძლება კუთხეში დააყენო ან უთხრა, რომ სხვა ოთახში გავიდეს და ცოტა ხნით წყნარად იყოს. თუ შევამჩნევთ პრობლემებს ურთიერთობებში, სკოლაში, მაშინ მივმართავთ ფსიქოლოგს“.

დადგენილი წესის მიხედვით, თუ ბავშვი გარეთ გასვლის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდება და ამ დროს არც სკოლაშია, აღმზრდელი უკავშირდება პატრულს და სოციალური მომსახურების სააგენტოს.

„გვქონდა ასეთი შემთხვევები, როცა ბიჭები გავიდნენ და მოსვლა დააგვიანდათ, პატრულს მივმართეთ“. 

ბავშვები დასასვენებლადაც გაჰყავთ: „შარშან ბეშუმში წავიყვანეთ, წელს – ურეკში“.

აღმზრდელების თქმით, ბავშვებისთვის სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს. „თუმცა მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება“ – ამბობენ აქ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: