სიახლეები

საზღვაო აკადემია კვლავ საწვრთნელი გემის გარეშე და რეიტინგული სპეციალობები

01.10.2015 • 3211
საზღვაო აკადემია კვლავ საწვრთნელი გემის გარეშე და რეიტინგული სპეციალობები

საზღვაო აკადემია

საზღვაო აკადემიამ წელს თითქმის ყველა პროგრამული მიმართულება ასი პროცენტით დააკომპლექტა. რამდენიმე ვაკანსია დარჩა ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაციის პროგრამაზე, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა. დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში, აბდულ კახიძე ამბობს, რომ გასულ წელს ამ მიმართულებაზე ოთხი სტუდენტი მიიღეს, წელს კი – 21: „პროგრამა ახალია, მაგრამ წელს კონტინგენტი მაინც გაიზარდა. მხოლოდ ოთხი ადგილი დაგვრჩა თავისუფალი. ასი პროცენტით დაკომპლექტდა საზღვაო ნავიგაციის, გემის, მექანიკისა და ელექტრომექანიკის მიმართულებები“.

აბდულ კახიძის ინფორმაციით, კვლავ რეიტინგულია გადაზიდვები და ლოჯისტიკა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, ნავსადგურის მენეჯმენტზე 50 ადგილიდან 44 შეივსო. საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი, რომელიც აკადემიამ გასულ წელს დაამატა, მთლიანად დაკომპლექტდა. ამ სპეციალობაზე სულ 50 ადგილი იყო გამოყოფილი.

ყველაზე მოთხოვნადი ამჯერადაც საზღვაო სპეციალობებია. საზღვაო სპეციალობებზე გასულ წელს ერთი გოგონა სწავლობდა, წელს კი ორი გოგონა ჩაირიცხა. გენდერული თვალსაზრისით, საზღვაო სპეციალობებზე ბიჭები სჭარბობენ, ბიზნესისა და მართვის პროგრამებზე კი – (70 პროცენტი) გოგონები არიან.

აბდულ კახიძე ამბობს, რომ საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი თავიდანვე მოთხოვნადი იყო, ხოლო იმ მიმართულებებზე, სადაც ძირითადი მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნებია, მოთხოვნა მცირდება.

აბდულ კახიძე

„2011 წლამდე საზღვაო სპეციალობებზე მიღება გვქონდა მხოლოდ მათემატიკით. გამომდინარე იქედან, რომ მთელ ქვეყანაში მათემატიკის მცოდნეების ფონი კლებულობს, კონტინგენტის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემები გაგვიჩნდა. ამის გამო დამატებით დავუშვით გეოგრაფიაც. ამან მიღება გამოასწორა, თუმცა გააუარესა სწავლა. შარშან გემთმექანიკურ სპეციალობაზე მათემატიკით სტუდენტები არ მიგვიღია, წელს ცოტათი გაიზარდა მათემატიკით მიღებულთა წილი. გეოგრაფიით მოხვედრილ სტუდენტებს გაუჭირდათ მათემატიკის სწავლა, მაგრამ მათთვის აკადემიამ დამატებითი საათები დანიშნა მათემატიკაში“.

აბდულ კახიძის აზრით, მათემატიკის შესუსტება საბლოოდ ბაზარზე სპეციალისტების დეფიციტს გამოიწვევს: „ქვეყანა წინ ვერ წავა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების გარეშე. მთელ მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოებები განვითარებად ქვეყნებში გადაიტანონ, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკის ზრდას იწვევს. საქართველოში კი, სამწუხაროდ, არავინ არ მორბის, რადგან სპეციალისტების დეფიციტია და არ არსებობს საკმარისი რესურსი, აქ შესაბამისი ბაზები რომ მოამზადონ“.

 

საზღვაო აკადემიის სპეციალობები სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებებში არ შედის. როგორც აკადემიაში ამბობენ, იმისათვის, რომ აკადემიამ სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, ის სამივე საფეხურის განათლებას უნდა უზრუნველყოფდეს. აკადემიას კი დოქტორანტურის საფეხური არ აქვს.

„წელს სტრატეგიულ გეგმაში შევიტანეთ მინიმუმ ორი სადოქტორო პროგრამის ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგცემს გემთმექანიკური და ელექტრომექანიკური დისციპლინები წარვადგინოთ სახელმწიფო დაფინანსებაზე“, – ამბობს აბდულ კახიძე.

რაც შეეხება საწვრთნელ გემს, რომლის შესყიდვასაც აკადემია რამდენიმე წელია ცდილობს, ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას. აკადემია გემის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფას აჭარის მთავრობას სთხოვს, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს თანხმობაა საჭირო. აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ აკადემიამ ამისთვის ბიზნესგეგმა უნდა წარადგინოს.

„ბიზნესგეგმა გულისხმობს იმას, თუ როგორ მოხდება ამ გემის ექსპლუატაცია შემდგომში, რადგან გემს თავისი ხარჯები აქვს. არ ვიცი ქართულ კანონმდებლობაში როგორ არის, მაგრამ სასწავლო მიზნებისთვის განკუთვნილი გემი ბევრ ქვეყანაში საპორტო მოსაკრებელს არ იხდის, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს ხარჯზეა. გარდა ამისა, გემს სჭირდება კომპეტენტური ეკიპაჟი, რისი შენახვაც საკმაოდ ძვირია. გვჭირდება საწვავი და ტექნიკური უზრუნველყოფაც“.

რექტორის მოადგილის თქმით, აკადემიას შეუძლია პრაქტიკისთვის სხვა საზღვაო სასწავლებლებიდან მოიწვიოს სტუდენტები და ამით გემის შენახვისთვის საჭირო ფინანსური რესურსი მოიძიოს. „2013 წელს ჩვენ გვქონდა ტურები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ არსებობს მოთხოვნა თურქეთიდან და აფრიკიდან, კერძოდ, ნიგერიიდან. ნიგერიის მოსახლება 135 მილიონია და ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა. ისინი დაინტერესული არიან საკუთარი ეკიპაჟით გაიტანონ ნავთობი“.

აბდულ კახიძე ამბობს, რომ საწვრთნელი გემები ძვირადღირებულია, მისი საშუალო ფასი 25-30 მილიონ დოლარამდეა, ამ ღირებულების გემს კი აკადემია ვერ შეიძენს:

„ყველა გემს თავისი კლასი აქვს მინიჭებული. უკლასო გემზე გავლილ პრაქტიკანტს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კვალიფიკაციას არ მიანიჭებს. ბუნებრივია, ასეთ გემს ვერ ვიყიდით. 10-15 წლის გემი რომ შევისყიდოთ, თავისი მოწყობილობებით დაახლოებით 2 მილიონი ან მეტიც დაგვიჯდება“.

აბდულ კახიძის ინფორმაციით, გემის შესყიდვის საკითხი ძალაშია და რექტორი უმაღლეს საბჭოს ბიზნესგეგმას მალე წარუდგენს.

გადაბეჭდვის წესი