კვირის ამბები

მკვლელობების ორკვირეული ბათუმში

28.09.2015 • 1737
მკვლელობების ორკვირეული ბათუმში

 

მკვლელობა 2 სექტემბერს

 

მკვლელობის ადგილი ხელვაჩაურში
მკვლელობის ადგილი ხელვაჩაურში

2 სექტემბერს ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 37 წლის ქალი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულმა დაჭრა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც შემთხვევით შეესწრო ქალის მკვლელობას. დაჭრილი მამაკაცი გადარჩა. მოკლული მაღალი ჩინის პოლიციელის მეუღლე იყო.

 

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ მ. დანაშაულის ჩადენის ფაქტიდან მალევე დააკავეს – ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში წვერს იპარსავდა, როდესაც პოლიციამ მიაკითხა. პოლიციის ცნობით, ბრალდებულს სისხლიანი ტანსაცმელი უკვე გამოცვლილი ჰქონდა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალი რამდენიმე ქილა ლუდის გამო მოკლეს.

 

მალხაზ მ.-ს ბრალი 108-ე (განზრახ მკვლელობა, რომელიც 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება) და 179-ე (ყაჩაღობა, რომელიც 5-დან 7-წლამდე პატიმრობას ითავალისწინებს) მუხლებით აქვს წარდგენილი. მკვლელობაში ბრალდებული აქამდეც ორჯერ ყოფილა გასამართლებული – 2007 წელს ცაგერის სასამართლოს ის ორი მუხლით გაუსამართლებია – ქურდობა და დოკუმენტის მისაკუთრება. მაშინ მას ორი წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულმა სასჯელი სრულად მოიხადა.

 

 

მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ. მ.-მ განმეორებითი სასჯელის მოხდა 2013 წელს დაასრულა. მას ნაწილობრივ შეეხო ამნისტიაც.

 

მკვლელობა 10 სექტემბერს

 

10 სექტემბერს ბათუმში, თამარის დასახლებაში (ბენზე), ორი მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცებს შორის შელაპარაკების მიზეზი ერთ-ერთის ახლობელი გოგონა იყო. აწ უკვე გარდაცვლილმა მამუკა შეროზიამ, რომელიც სამართალდამცავების არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანიაშია ნასამართლევი, ჯერ დანით მოკლა რაულ მუკუტაძე, ხოლო შემდეგ დაჭრა მისი ახლობელი მამუკა. ა.

ამ კონფლიქტის დროს მოკლეს მამუკა შეროზიაც, მის მკვლელობაში ბრალდებულია 27 წლის მამუკა გ., რომელიც მამუკა შეროზიას მიერ მოკლულისა და დაჭრილის ნათესავია.

 

ძიების ვერსიით მამუკა გ-მ მამუკა შეროზია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ადრე ნასამართლევია მამუკა გ.-ც – ბათუმის სასამართლომ ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების შენახვისთვის პირობითი სასჯელით დასაჯა, შემდეგ კი, 2010 წელს, პირველი ბრალის გაქარწყლებამდე – 273-ე მუხლით (მცირე ოდენობის ნარკოტიკი) გაასამართლა. მამუკა გ-ს მაშინ 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება.

ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლო ახლა სამი უმძიმესი მუხლით გაასამართლებს: 108-ე (განზრახ მკვლელობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის ტარება) და 260-ე მუხლი (ნარკოტიკი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 20 წელზე მეტი ხნით პატიმრობა ელის.

 

მკვლელობა 17 სექტემბერს

 

კიდევ ერთი მკვლელობა ბათუმში 17 სექტემბერს მოხდა – ძიების ვერსიით, 1965 წელს დაბადებულმა ზაზა ლ-მ. დანით მოკლა მეგობარი ქალის ბიძაშვილი – რევაზ გ. ჭრილობა გარდაცვლილს ყელის არეში აქვს მიყენებული.

 

ზაზა ლ.-ს მიმართ 2010 წელს საქმე 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღი) იყო აღძრული.

 

მოწმეთა ჩვენებით, ბრალდებულმა მკვლელობის წინა ღამით მეგობარი ქალისთვის სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა. ბრალდებულმა შენიშვნა მისცა მეგობარი ქალის 15 წლის შვილს, რომელიც ამ დროს მეორე ოთახში კომპიუტერით ერთობოდა, – ჩვენებების თანახმად მან ბიჭს ხელი გაარტყა. ბიჭმა დაურეკა მამას, რომელიც, თავის მხრივ, მივიდა ყოფილი ცოლის ბიძაშვილებთან, რომლებიც მეორე დღეს ქალის ბინაში მივიდნენ და ბრალდებულს სცემეს გამეტებით, ბრალდებული ქუჩაში გაიქცა. ერთ-ერთი ბიძაშვილი ბრალდებულმა სწორედ ქუჩაში მოკლა დანით.

 

17 სექტემბერსვე კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი მ. დააკავეს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. მან ბათუმში, თბილისის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ ზვიად გ-ს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა.

10 სექტემბერს ქობულეთში ერთი პირი დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ექიმების თქმით, მან 10 ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ერთ-ერთ მამაკაცს კისრის არეში.

24 აგვისტოს ხულოში დააკავეს მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული.

ბათუმში ბოლო დღეებში მომხდარ მკვლელობებს, განიხილავენ ყველგან _ სამზარეულოებში, სამარშრუტო ტაქსებსა და სამუშაო ოფისებში, რასაც თან ახლავს რიტორიკული შეფასება: გარეთ გასვლა საშიში გახდა.

 

რამდენად საშიშია გარემო, სადაც ვცხოვრობთ, გარდა პოლიციისა, სხვა ვინ უნდა იზრუნოს დანაშაულის პრევენციაზე, რამდენად სახიფათო არიან წარსულში გასამართლებული ადამიანები საზოგადოებისთვის, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ოჯახმა ამ არც თუ ისე მცირერიცხოვანი ჯგუფის რეაბილიტაციისთვის? – ფსიქოლოგი მარიკა ნათაძე, რომელსაც პატიმრებთან თუ ყოფილ პატიმრებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ამ პრობლემას სჭირდება კომპლექსური მიდგომა.

 

ფსიქოლოგის აზრით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც განაპირობებს დანაშაულის ხელმეორედ ჩადენას:

„ეს ფაქტორებია – რა დანაშაული აქვს პირს ჩადენილი, რაზე იყო მანამდე გასამართლებული, დაწესებულებაში როგორ იქცეოდა, ადრეულ ასაკში როგორ პირობებში ცხოვრობდა, ჰქონდა თუ არა საცხოვრებელი ადგილი; ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული გამოცდილებაც – ხომ არ იყო ძალადობის მსხვერპლი, ზრუნავდნენ თუ არა მასზე ოჯახში, დანაშაულის ჩადენის დროს რა ასაკის იყო. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი კი შემდგომი დასაქმებაა. თუ არ მოხერხდა ყოფილი პატიმრის დასაქმება, თუ ამ ადამიანს არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ის დანაშაულს ხელმეორედ ჩაიდენს“ – ამბობს ფსიქოლოგი. 

 

მარიკა ნათაძის თქმით, ყოფილი პატიმრებისთვის ყველაზე რთული პერიოდია გათავისუფლებიდან პირველი სამი წელი, განსაკუთრებით რთული გადასატანი კი პირველი ერთი წელია:

 

„ის ეტაპი, როდესაც პატიმარი ტოვებს დაწესებულებას, გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა პერიოდი – შფოთვა მომატებულია იგივენაირად, როგორც ეს დაკავების დროს იყო.

 

დაწესებულებაში მოხვედრის პირველი წელი კი ძალიან ტრავმულია. ასევეა გათავისუფლების დროს. სხვა ქვეყნის გამოცდილებით, პატიმრობის ბოლო ეტაპზე პირი ორი დღით გაყავთ საცხოვრებელ სახლში და ის დამოუკიდებლად ცდილობს გადაიხადოს გადასახადი, შეიძინოს პროდუქტები, ანუ ის რამდენიმე დღეს თავისუფლებაში ატარებს. ადამიანს ნელ-ნელა აჩვევენ იმ ცხოვრებისეულ სიახლეებს, რომელიც მან კარგა ხნის წინ დატოვა. შემდეგ ერთი კვირით უშვებენ თავისუფლებაში… ასე ადამიანი ეგუება ახალ გარემოს, იძენს ახალ უნარებს, რაც შეიძლება შეცვლილიყო მისი არყოფნის პერიოდში, შფოთვაც მინიმალურია. კარგი იქნება, თუ ეს საქართველოშიც დაინერგება“.

 

როგორც ცნობილია, საპატიმრო დაწესებულებებს ჰყავთ თავიანთი ფსიქოლოგები, მაგრამ არასრულწლოვნებისგან განსხვავებით ზრდასრულებთან, ზოგ შემთხვევაში, ორი ათას პატიმარზე ერთი ფსიქოლოგი მოდის. შესაბამისად, შეუძლებელია ფსიქოლოგმა თითოეულ პატიმართან სრულყოფილად შეძლოს მუშაობა. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზეც, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ფსიქოლოგების სერიოზული დეფიციტია. არადა, როგორც მარიკა ნათაძე ამბობს, არათუ პატიმრებს, არამედ, გარკვეულ ეტაპზე, მათი ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება:

 

„ციხიდან გამოსვლის წინ საჭიროა ოჯახის წევრის შემზადება მათი ახლობელი ადამიანის მისაღებად. ყოფილ პატიმარს ხელახლა უწევს გარემოსთან შეგუება, ამიტომ ოჯახის წევრები მზად უნდა იყვნენ იმ სირთულეებისთვის, რომელიც მათ წინაშე დადგება. ხშირ შემთხვევაში მათ ერთად სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება“.

 

ფსიქოლოგის თქმით, ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი: „ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვაკრავთ მათ იარლიყს – „ნაციხარი“. ამ დამოკიდებულების გამო პირი ხშირად რთულად უბრუნდება საზოგადოებას, ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ადამიანებს. ეს სტერეოტიპი კი ხელს უშლის მათ თავის დამკვიდრებაში, შესაბამისად უბიძგებს ახალი დანაშაულის ჩადენისკენ, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე პირველ შემთხვევაში იყო“.

 

იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობის მხრივ საქართველო მოწინავე პოზიციებზე იყო ევროპაში, იმ ფონზე, როცა დასაქმება უჭირთ არათუ ყოფილ პატიმრებს, არამედ ნასამართლეობის არ მქონე ადამიანებს, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ კრიმინალური გარჩევები კიდევ უფრო მოიმატებს? ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამის პრევენციის რეცეპტი არ არსებობს.

 

მარიკა ნათაძის თქმით, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია საკითხის კომპლექსურად შესწავლა: „არსებობს ინდივიდუალური ფაქტორები, თუ რის გამო ხდება დანაშაული. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რატომ არიან ისინი გასამართლებული, ხანგრძლივად იყვნენ დაწესებულებაში თუ მცირე დროით, რა სახის დანაშაულზე იყვნენ დაკავებულები. თუ ადამიანი დაკავებულია ძარცვაზე, ის, მეტი ალბათობით, ჩაიდენს დანაშაულს, ვიდრე ადამიანი, რომელიც დაკავებულია სექსუალური ხასიათის დანაშაულზე. თუ ადამიანმა ერთი წელი ან ნაკლები გაატარა დაწესებულებაში, უფრო მეტია ალბათობა, რომ ის ხელმეორედ არ ჩაიდენს დანაშაულს. 

ეს ყველაფერი დაკავშირებულია სხვა ფაქტორებთან, ასაკთან – მაღალი ალბათობით, 18-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანები უფრო ჩაიდენენ განმეორებით დანაშაულს, ვიდრე უფრო ასაკოვანი ადამიანები“.

 

მარიკა ნათაძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საპატიმრო დაწესებულებებიდან გამოსვლის შემდეგ გაგრძელდეს პიროვნების რეაბილიტაციის, საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის პროცესი. დასაქმება კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: