სიახლეები

როგორ მუშაობს შიდა აუდიტი აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში

30.09.2015 • 3523
როგორ მუშაობს შიდა აუდიტი აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში
ჯემალ ანანიძე

აჭარის მთავრობის აპარატში შიდა აუდიტის დეპარტამენტს ჯემალ ანანიძე ხელმძღვანელობს. დეპარტამენტში კიდევ ორი სპეციალისტი მუშაობს. ჯემალ ანანიძის განმარტებით, აუდიტს ხშირად ერთგვარ სადამსჯელო სამსახურად აღიქვამენ, რაც არასწორია: „ჩვენი მიზანია მივცეთ რეკომენდაცია. თუ მთავრობის აპარატში მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა, გამოდის, რომ ჩვენ არ გვიმუშავია მართებულად, დროულად არ მიგვიცია რეკომენდაცია. მთავრობის აპარატის მუშაობაში მნიშვნელოვანი დარღვევა ჩვენ არ გამოგვივლენია“.

ახერხებენ თუ არა სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელების მიერ დანიშნული პირები, რომელთა გათავისუფლებაც ამავე უწყების ხელმძღვანელების კომპეტენციაა, ეფექტური კონტროლის განხორციელებას? – აჭარის სამინისტროებში დასაქმებული აუდიტორების უმეტესობა ამბობს, რომ მინისტრი მათ საქმიანობას არათუ არ ზღუდავს, არამედ ხარვეზისა თუ გადაცდომის გამოვლენისა და დაფიქსირებისას უხერხულობის მომენტიც კი არ არსებობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინც, „ყოველი შემთხვევისთვის“ ურჩევნიათ მათი დანიშვნა-გათავისუფლების კომპეტენცია სხვა უწყების უფლებამოსილება იყოს.


მამუკა გოლიაძე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტს მამუკა გოლიაძე ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დეპარტამენტში კიდევ ორი სპეციალისტი მუშაობს. ისინი აუდიტორულ შემოწმებას წინასწარ დამტკიცებული და მინისტრის მიერ ხელმოწერილი გეგმის მიხედვით ატარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებების მიერ პაციენტების მიმართ ზედმეტად დარიცხული თანხები გამოავლინა. შესაბამისად, დაწესებულებებს რეკომენდაცია მისცა ზედმეტად დარიცხული თანხები და ასევე სამინისტროსგან მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად ზედმეტად მოთხოვნილი თანხები უკან დაებრუნებინათ. კიდევ ერთმა სამინისტროზე დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ კი, სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო არ ამოიღო. ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტმა რეკომენდაციით მიმართა მინისტრს, სამინისტროში შეემუშავებინათ ანალიზური აღრიცხვის ფორმა, სადაც საჯარიმო სანქციების შესრულების მიმდინარეობას აღწერდნენ.
მამუკა გოლიაძის თქმით, მინისტრი უმეტეს შემთხვევაში აუდიტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე ადეკვატურად რეაგირებს, – აძლევს შესაბამის მითითებებს ან იღებს გადაწყვეტილებას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამხდარა სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარო ჩხეიძის სამსახურიდან წასვლის საფუძველი. თავად მარო ჩხეიძემ კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გათავისუფლების განცხადება თავად დაწერა.

ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაციით შექმნეს, ასევე, მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახური.
განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი ორ – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განყოფილებას აერთიანებს. ეს დეპარტამენტი სწავლობს როგორც სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობას, ასევე თითოეული თანამშრომლის, სკოლის, პედაგოგისა თუ მშობლის პრეტენზიას, რაც შეიძლება სამინისტროში შევიდეს: „ჩვენ ყველანაირ გადაცდომაზე ვრეაგირებთ.“

 

ალექსანდრე მჟავანაძე
ალექსანდრე მჟავანაძე

განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდერე მჟავანიძის თქმით, მისი დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა არაერთხელ გამხდარა პირის სამსახურიდან გათვისუფლების საფუძველი. ბოლოს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას ერგეს სკოლის დირექტორის დათხოვნა და მის მიმართ საგამოძიებო პროცედურების დაწყება მოჰყვა.

„იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. შესაბამისი მასალები საგამოძიებო უწყებაში გადავაგზავნეთ. ბოლო დროს, მაგალითად, დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა თანხის მითვისებას. ეს ფაქტი სწრაფად გამოვავლინეთ და მასალები გადავეცით პროკურატურას.“

გამოვლენილი მასალები პროკურატურას გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტიდანაც გადაუგზავნეს. „დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და პროკურატურას გადავეცით ე.წ. ხოფის ბაზრობსა და შპს გაზეთ აჭარის დოკუმენტები“. როგორც სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტში ამბობენ, ორივე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მთავარი აუდიტორის ჯემალ თავდგირიძის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მინისტრის მიერ დანიშნული პირი უწყებას აკონტროლებს, უხერხულობას არ ქმნის: „უწყების ხელმძღვანელს უნდა ჰყავდეს შიდა აუდიტი, რომ მუდმივად შეამოწმოს ის სამსახურები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები, სადაც რისკები მაღალია. არის შემთხვევები, როცა გადაცდომა დოკუმენტების გადაგზავნას ითვალისწინებს, მაგრამ სამსახური ცდილობს მაქსიმალურად გაითვალისწინოს რეკომენდაცია და შეცდომა გამოასწოროს. ამ შემთხვევაში პირის სამსახურში დარჩენა-არდარჩენის საკითხი შეიძლება დადგეს. ეს მინისტრის გადასაწყვეტია. მინისტრი ამტკიცებს გეგმას, თუ რა უნდა შემოწმდეს. არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ ჩვენი მინისტრი გეგმის დამტკიცების შემდეგ ჩვენს საქმეში არ ერევა.“

ზაურ ბერიძე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაურ ბერიძემ „ბათუმელებს“ კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა. ზაურ ბერიძე ამბობს, რომ მათი სამსახური, ძირითადად, რეკომენდაციებით შემოიფარგლება: „მაგალითად, ვეხმარებით შესყიდვების სამსახურს, რომ სატენდერო წინადადება უფრო გამართული იყოს, ტენდერის ჩაშლამ პრობლემები რომ არ გამოიწვიოს.“

მამუკა დარჩია

დარღვევების გამოვლენის კონკრეტულ მაგალითებზე საუბარი არ ისურვა ბათუმის მერიის აუდიტმა. მამუკა დარჩია ამბობს, რომ მათი მთავარი ფუნქცია რისკების დროული პრევენციაა.

შიდა მაკონტროლებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულება – „საქართველოს ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერა“. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ დღის წესრიგში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხი დადგა. სამი წლის შემდეგ, 2010 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“, რომლის შემდეგაც საქართველოს სამთავრობო უწყებებში შიდა აუდიტის დეპარტამენტები ჩამოყალიბდა.

სწორედ ამ კანონის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უწყების ხელმძღვანელი. ამავე კანონითაა გარანტირებული აუდიტის საქმიანობის შეუფერხებლად და დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა თავად აუდიტორები საუბრობენ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, აუდიტორს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი, არამედ ჰარმონიზაციის ცენტრი, რომელთან ანგარიშვალდებული შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოქმედი კანონმდებლობითაც არის.

ჰარმონიზაციის ცენტრი ადრე საქართველოს პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული სამთავრობო ორგანო იყო, ახლა კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ უწყებას აუდიტის დეპარტამენტები მუშაობის ანგარიშს ყოველი წლის ბოლოს წარუდგენენ.

გადაბეჭდვის წესი