სიახლეები

აჭარის სოფლებში წყალი ფასიანი ხდება

01.10.2015 • 2933
აჭარის სოფლებში წყალი ფასიანი ხდება

 

ვიდრე მუნიციპალიტეტები მათთვის მინიჭებული უფლებებით ვერ ან არ სარგებლობენ, ქვეყნის მთავრობა აჭარაში ახალი წყალმომარაგების კომპანიის შექმნას, ან უკვე მოქმედის შემოყვანას გეგმავს. ახალი გაერთიანებული კომპანია ხუთივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება, რაც, ფაქტობრივად, ახალი მონოპოლისტის გამოჩენა იქნება რეგიონში. სემეკიც ტარიფებს ახალ კომპანიას დაუდგენს, გადასახადი კი სოფლის მოსახლეობისთვის არც თუ ისე მისაღებია. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მიზანი – მოსახლეობის ხარისხიანი და 24-საათიანი წყალმომარაგებაა. თუმცა, ამ ყველაფრის უკან დონორების მიერ აჭარის სოფლებისთვის უკვე გამოყოფილი მილიონობით ევროს ათვისებაც დგას.

 

მაღალმთიანი აჭარა [მანანა ქველიაშვილის ფოტო]

 

ვინ უზრუნველყოფს წყალმომარაგებას დაბებსა და სოფლებში – ამ საკითხზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და წყალმომარაგების სამსახურების ხელმძღვანელებს ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობაში, დახურულ კარს მიღმა 16 სექტემბერს შეხვდნენ [„ბათუმელებთან“ დეტალებზე შეხვედრის მონაწილეები ღიად არ საუბრობენ, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ გაერთიანებული კომპანიის შექმნის წინააღმდეგი იყო თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი].

 

იმავე დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „შუახევის წყალკანალის“ წყალმომარაგების ლიცენზია. 25 სექტემბერს სემეკმა „ხულოს წყალკანალის“, „ქობულეთის სოფლის წყალისა“ და „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ლიცენზიები გააუქმა. სემეკში ასევე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქედის წყალკანალისთვის“ ლიცენზიის გაუქმებაზეც. შესაბამისი აქტის გამოცემის ბოლო ვადად 2015 წლის 20 ოქტომბერია ჩანიშნული. რის საფუძველზე უქმდება ლიცენზიები? – “ბათუმელები“ სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიგა მანდარიას დაუკავშირდა.

 

„ის შპს-ები, რომლებსაც აქვთ ლიცენზია, უნდა ამარაგებდნენ მოსახლეობას სასმელი წყლით, მაგრამ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში ოპერირებდა არა ჩვენ მიერ ლიცენზიებგაცემული კომპანიები, არამედ ააიპ-ები, ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ორგანოები. შესაბამისად, ლიცენზიის არსებობა, თავისი შინაარსით, ისედაც აზრს კარგავდა“, – განაცხადა გიგა მანდარიამ.ლიცენზიანტების საკითხი „ბათუმელებმაც“ გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ზოგ მუნიციპალიტეტში, სემეკის ინფორმაციისგან განსხვავებით, სწორედ ლიცენზიანტი კომპანია ოპერირებს და არა – ააიპ-ი. იქ კი, სადაც ააიპ-ი ზრუნავს წყალმომარაგებაზე, აცხადებენ, რომ მათ შპს თავის დროზე სწორედ ლიცენზიისა და ტარიფების შემოღების მიზნით შექმნეს – ლიცენზიები მიიღეს, თუმცა, შემდგომ ტარიფების დადგენაზე სემეკმა უარი უთხრა.

 

სემეკში „ბათუმელებს“ ისიც უთხრეს, რომ ლიცენზიანტმა კომპანიებმა თავად მიმართეს ლიცენზიის გაუქმებაზე. თუმცა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ თქვეს, რომ სემეკისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ.  „არ მიგვიმართავს ლიცენზიის გაუქმების თხოვნით. პირიქით, ხელვაჩაურში ჩვენი შპს ოპერირებს… რაც შეეხება ტარიფებს, როცა ქუთაისში იყო სემეკის ოფისი, მაშინ ვწერდით და არ დაგვიდგინეს ტარიფი“, – განაცხადა „ხელვაჩაურის წყალკანალის“ დირექტორმა ჯემალ შავლიძემ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები… უკვე 9 მილიონი ლარის ქონებას ფლობს კომპანია და თუ ლიცენზიას ჩამოართმევენ, „დავარქმევთ ტექნიკურ წყალს, გავმართავთ სისტემას და შემდეგ ვიზრუნებთ ლიცენზიასა და ტარიფებზე“.

 

ა[ა]იპ „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელის ჯემალ გოლიაძის თქმით, ამჟამად ლიცენზიის მქონე შპს-ს მუშაობა შეჩერებულია: „სემეკმა მოგვთხოვა – ახლა გავაუქმებთ ლიცენზიას და როცა შპს ამუშავდება, შემდეგ აღვადგინოთო. თავის დროზე ტარიფის დასადგენად შევქმენით ეს კომპანია, ლიცენზიაც მივიღეთ, მაგრამ როცა ჩავედით 2011 წელს, ტარიფი აღარ დაგვიდგინა სემეკმა. შპს-ს ვეღარ დააფინანსებდა მუნიციპალიტეტი, ამიტომ ისევ ააიპ-მა გააგრძელა სოფლების წყალმომარაგებაზე მუშაობა. სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავასთანაც ვიყავით, გვითხრეს – ტარიფი რომ დაგიდგინოთ, 2 წლის შიგნით უნდა მოხდეს მთლიანი გამრიცხველიანებაო. ჩვენ ავუხსენით, რომ 17 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება ასე მოკლე დროში არარეალურია. შემდეგ გვითხრეს, რომ ააიპ-ს გაეგრძელებინა მუშაობა“.

 

ჯემალ გოლიაძის განცხადებით, ყველა ახალ პროექტში გათვალისწინებული აქვთ  გამრიცხველიანება: „2016 წლის ბოლოსთვის დამთავრდება ეს ახალი პროექტები – 80% გვეყოლება გამრიცხველიანებული. მერე უკვე მივმართავთ სემეკს შპს-ს სახით ტარიფის დადგენაზე. სემეკში გვითხრეს, როცა ტარიფზე განაცხადს შევიტანთ, პარალელურად საბუთები შევიტანოთ ლიცენზიის მოთხოვნაზეც, თორემ დღეს ჯარიმები დაგეკისრებათო. არ გვაქვს იმდენი რესურსი, ჯარიმები ვიხადოთ“.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის განცხადებით, ქედაშიც  ლიცენზიანტი შპს ოპერირებს, თუმცა სემეკს ლიცენზიის გაუქმებაზე წერილი მაინც მისწერეს: „სემეკმა მოითხოვა ტონა წყალზე მოსახლეობისთვის გადასახადი ყოფილიყო 1 ლარი, ხოლო კომერციულზე – 4,5 ლარი. ეს კოლოსალური თანხაა და ამ ტარიფის გადახდისუნარიანი მოსახლეობა ჩვენ არ გვყავს. სემეკმა ერთი თვის წინ მოგვთხოვა სისტემატიზაციაში მოგვეყვანა წყალმომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებთო. წყალს კი მოვიპოვებთ, მაგრამ დანაკარგია დიდი და ჯარიმის გადახდა შეუძლებელი იქნება. ამიტომ არაფერში მჭირდება ლიცენზია. არსებობს საკრებულოს 2007 წლის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს ტარიფს, როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე გაუმრიცხველიანებელ აბონენტებზე და ვიხელმძღვანელებ ამით. ამიტომ ჩვენთვის, სემეკის ლიცენზია იქნება თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შპს ლიცენზიის გარეშე გააგრძელებს მუშაობას საკრებულოს დადგენილებით. შემდგომში ტარიფებიც ამ დადგენილებით განისაზღვრება – 1 ლარი კომერციულზე და 10 თეთრი [ერთი ტონა წყალი] მოსახლეობაზე“.

 

მაღალმთიანი აჭარა [ეკა ბარამიძის ფოტო]

 

წყალმომარაგებას ააიპ-ი ახორციელებს ხულოშიც. რაც შეეხება ლიცენზიანტ შპს-ს, მისი რეორგანიზაცია, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, 2007 წლიდან დაიწყო: „ეს კომპანია დღემდე ლიკვიდაციის პროცესშია. რადგან უფასოდ იყო წყლის მიწოდება, ხოლო შპს მაინც მოგებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ალბათ ამიტომ გადაკეთდა ააიპ-ად. დღესაც, ვინაიდან არ გვაქვს ტარიფი და უფასო მიწოდებაა, ამიტომ ლიცენზიაც არ გვჭირდება“.

 

გიგა მანდარია კი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში აჭარის ლიცენზიანტ კომპანიებს ოფიციალური ტარიფების დადგენის თხოვნით სემეკისთვის არ მიუმართავთ: „სიტყვიერად იყო საუბარი, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. რაც შეეხება იმას, თითქოს ორი წლის შიგნით მოვთხოვეთ ვინმეს გამრიცხველიანება და ა.შ. გეტყვით, რომ ჩვენ კანონით გვაქვს უფლება, ტარიფი დავადგინოთ როგორც გამრიცხველიანებული, ასევე გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობისთვის… ამიტომ არ ვიცი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ… ტარიფზე რომ მოემართათ, განვიხილავდით, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით, დამტკიცდებოდა თუ არა და რამდენი დამტკიცდებოდა“.

 

„წყლის მიმწოდებელი შეიძლება იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან თავად მუნიციპალიტეტმა შექმნას მიმწოდებელი კომპანია. კითხვები არ უნდა გაუჩნდეს მოსახლეობას თუ ორგანიზაციებს, რომ რაღაც არასწორად ხდება და რაღაც ან ვიღაც სპეციალურად აჭიანურებს პროცესს“, – ამბობს საიას იურისტი ირმა პავლიაშვილი.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით [მუხლი 16], წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით) და წყალარინების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, თუმცა ამავე კოდექსში მუნიციპალიტეტებს ამ უფლებამოსილების განხორციელების პირობებიც დაუწესეს, – რომ ის „სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შესაბამისი ლიცენზიატი კერძო სამართლის სუბიექტების საშუალებით იმ დასახლებაში, სადაც სასმელი წყლის მიწოდებას შესაბამისი ლიცენზიატი მიმწოდებელი არ ახორციელებს“ [მუხლი 163].

 

ლიცენზიების გაუქმების შემდეგ, ლიცენზიანტი კომპანიები მუნიციპალიტეტებში აღარ დარჩებიან. კოდექსის მიხედვით კი, თვითმმართველობები დილემის წინაშე დადგებიან – ან ხელახლა მოიპოვონ ლიცენზიები მუნიციპალური საწარმოებისთვის, ან ქონება სამართავად გადასცენ სხვა ლიცენზიანტ, მათ შორის, კერძო კომპანიებს.

 

მუნიციპალიტეტს, სემეკსა და წყლის მიმწოდებელ სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობები წყალმომარაგების საკითხში შესაბამისი საკანონმდებლო აქტით უნდა განსაზღვრულიყო. ამ აქტის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა მოემზადებინა და საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მთავრობას წარედგინა, რაც არ მომხდარა. სამინისტროს აქტის მოსამზადებლად ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს. ბოლო ცვლილებით ეს ვადა 2015 წლის პირველი ივლისი იყო. პროექტი ჯერ კიდევ არ არის მზად.

 

ირმა პავლიაშვილის თქმით, „დღეს არსებულ სიტუაციას დაარეგულირებდა შესაბამისი აქტი, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კუთხით მსჯელობაც კი არ დაწყებულა. შესაბამისად, თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა მთავრობისგან გარკვეულ ვადებში ჩატეულიყო და ეს საკითხი დაერეგულირებინა, ფაქტობრივად, დაირღვა“.

 

„ბათუმელები“ კომენტარისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს დაუკავშირდა.

„საკანონმდებლო აქტის პროექტი არსებობს და საზოგადოებას უახლოეს ხანში  წარედგინება. შესათანხმებელია გარკვეული საკითხები, რომელთა ჩამოყალიბებაზეც ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ… 22 სექტემბრიდან განხილვებში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და დონორები. ამჟამად კი პროცესს მხარს უჭერს UშAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)“, – განაცხადეს სამინისტროში.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე კი კარგა ხანია მოიპოვება ინფორმაცია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტია 20 მილიონი ევრო [გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) სესხი]. ეს პროექტი არ ხორციელდება.

 

აჭარის წყალმომარაგების კომპანიების [მათ შორის ბათუმის] გაერთიანება საქართველოს მთავრობამ გასულ წელსაც სცადა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელი განკარგულებით. იდეა მთავრობამ მაშინ დონორის – KFW-ის მხრიდან წინააღმდეგობის გამო ვერ განახორციელა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი გასულ კვირას განაცხადეს, რომ „გაერთიანებული კომპანიების შექმნის უფლებამოსილება გააჩნიათ მუნიციპალიტეტებს. სამინისტრო მათ კომპეტენციაში არ ჩარევა. სამინისტროში არ განიხილება აჭარის ავტონომიის რომელიმე მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ფუნქციების გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის გადაცემა“.

 

მაღალმთიანი აჭარა [ეკა ბარამიძის ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: