სიახლეები

ბათუმის საკრებულოს საჩუქარი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს

29.09.2015 • 1588
ბათუმის საკრებულოს საჩუქარი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს

 

ავტომანქანების გარდა, ბათუმის საკრებულომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადასცა ბათუმში, 26 მაისის ქ. # 45-ში მდებარე შენობიდან 868 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა და მასზე წილობრივად დამაგრებული 1956 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ასევე,ბათუმში, ხახულის ქუჩის #39-ში მდებარე 539 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული 2687 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად.

 

წერილში, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოუგზავნა ბათუმის საკრებულოს ქონების მისთვის გადაცემის მოთხოვნით, წერია, რომ სააგენტოს ეს ქონება იმისთვის სჭირდება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადასცეს სარგებლობაში.  

 

თუმცა, აღნიშნული ქონებით ისედაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სარგებლობდა – მას ეს ქონება უზურფრუქტის წესით 2015 წლიდან, ანუ მას შემდეგ გადაეცა, რაც ბათუმის სახანძრო და სამაშველო სამსახურები გაუქმდა. ეს სამსახურები 2015 წლიდან სწორედ შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

 

რაში დასჭირდა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ზემოთ ჩამოთვლილი ქონების საკუთარ ბალანსზე გადატანა? – კობა ჩხეიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ამბობს, რომ მისთვის ბუნდოვანია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მისწრაფება. 

 

კობა ჩხეიძე: „ამ საკითხზე საკრებულოში ერთადერთი ახსნა ჰქონდათ – თურმე ერთ დროს ეს შენობები შს სამინისტროსი ყოფილა. ეს არის უხსოვარი დროის ამბავი. თუ ამ გზით წავა ბათუმის საკრებულო, მაშინ ყველა ფიზიკურ პირს უნდა დაუბრუნოს ქონება, რომელიც ერთ დროს ვიღაცის საკუთრება იყო და წაართვეს.

 

სინამდვილეში ეს ქონება ისედაც უზურფრუქტის წესით გვაქვს გადაცემული. რატომ მოითხოვეს მისი საკუთრებაში გადაცემა? შს სამინისტროს ისედაც ხომ შეუძლია ნებისმიერი მოქმედების განხორციელება ამ ქონებაზე – რემონტი იქნება თუ სხვა აუცილებელი ქმედება? – საკრებულო მას ამაში ხელს არ შეუშლიდა.

 

ანუ მივედით იქამდე, რომ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი იმისა, რომ აუცილებელი ყოფილიყო ამ ქონების გადაცემა, არ არსებობს.

 

ჩვენთვის სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა პრობლემა არ არის, ვინც რეალურად მოიხმარს ქონებას, იმისი საკუთრება უნდა იყოს. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით უძრავი ქონების გადაცემაზე. დღეს ეს ქონება ყოველგვარი ახსნის გარეშე გადასცეს. უბრალოდ, ამას ერთი ახსნა აქვს, როცა საკუთრებაში გაქვს ქონება, შეგიძლია ის გაყიდო. როცა სარგებლობაში გაქვს ქონება, მას ვერ ყიდი“.

 

კობა ჩხეიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკრებულომ თავი მხოლოდ იმ ქონების გადაცემისგან შეიკავა, სადაც 3 ოჯახი ცხოვრობს.„სახანძროს ეზოში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის გარკვეულ ნაწილში, 70 წელია სამი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენი თხოვნით საკრებულომ სწორედ ამ ნაწილის სრულად გადაცემისგან  შეიკავა თავი“, – უთხრა “ბათუმელებს” კობა ჩხეიძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: