სიახლეები

რატომ უნდა სულხან ღლონტს ვიცე-სპიკერობა?

29.09.2015 • 1550
რატომ უნდა სულხან ღლონტს ვიცე-სპიკერობა?


სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი


თქვენი არჩევის საკითხი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა. როდის არის დაგეგმილი ამ სხდომის ჩატარება?


ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ ოქტომბერში აუცილებლად გაიმართება. ეს შეიძლება იყოს 15 ოქტომბერი.

 


უმაღლესი საბჭოს მოადგილის თანამდებობაზე წარგადგინათ თანაპარტიელმა, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

 

მე არ გადამიწყვეტია, ფრაქციაზე განვიხილეთ ეს საკითხი. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დიდი ხანია არ ჰყავს მოადგილე, გადაწყვეტილება, რომ ამჯერად მე ვიყო წარდგენილი, პოლიტიკური ბალანსიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

 

პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში მთავარია, რაც შეიძლება მეტ ინფორმაციულ რესურსებზე ჰქონდეს წვდომა, რაც შეიძლება ახლოს  იყოს [პარტია] გადაწყვეტილების მიღებასთან. შესაბამისად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჩავთვალეთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა ლოგიკური. დანარჩენი აჭარის უმაღლეს საბჭოზეა დამოკიდებული. მე ამ პროცესს ნაკლებად ემოციურად ვუყურებ, ჩემთვის მთავარია, რომ თემა დაიძრა. მე, პირადად, არავისთან რაიმე ტიპის კონსულტაცია არ მქონია და არც მხარდაჭერა მითხოვია.

 

ცოტა ხნის წინ თქვენი ამჟამინდელი ფრაქციის წევრი იყო წარდგენილი იმავე თანამდებობაზე, მაგრამ მაშინ, როგორც მახსოვს, თქვენ ჯემალ ფუტკარაძეს  მხარი არ დაუჭირეთ…

 

მაშინ ჩვენ ფრაქცია საერთოდ არ გვქონდა, შემდეგ შემოგვიერთდა  ჯემალ ფუტკარაძე. როცა ფრაქცია შევქმენით, მაშინ იყო მოსაზრება, რომ თითქოს ფრაქციის შექმნის მთავარი პირობა იყო ის, რომ ბატონი ჯემალი უნდა დაგვესახელებინა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე. სინამდვილეში ეს ასე არ იყო, ჩვენ არავითარი პირობით არ შეგვიქმნია ფრაქცია, ფრაქცია შევქმენით იმის გამო, რომ ბიუროში გვქონოდა წარმომადგენლობა, უფრო  მეტი  ხმა ჰქონოდა ოპოზიციას ბიუროში. შესაბამისად, ფრაქციაზე ახლაც  დადგა ბატონი ჯემალის კანდიდატურა ჩემს კანდიდატურასთან ერთად. ამჯერად ფრაქციამ  ჩემი კანდიდატურის წარდგენა გადაწყვიტა.

 

გარდა ამისა, მაშინ, როცა ჩვენ მას [ჯემალ ფუტკარაძეს] მხარი არ დავუჭირეთ, ეს არ ყოფილა არავითარი პირადი გადაწყვეტილება, ჩვენ  მაშინ საკადრო საკითხებში მონაწილეობას არ ვიღებდით – არ მიგვიღია მონაწილეობა არც ვიცე-სპიკერის გადაყენების, არც კომისიის ხელმძღვანელების გადაყენების პროცესში. ბატონი ჯემალის მიმართ მე ღრმა პატივისცემის გარდა არაფერი გამაჩნია, უბრალოდ, ჩვენ მაშინ საკადრო საკითხებში არ ვმონაწილეობდით.

 

რატომ არ წარადგინა ამჯერად თქვენმა ფრაქციამ ჯემალ ფუტკარაძე და რატომ წარგადგინათ თქვენ?

 

ამის შესახებ განსაკუთრებული სჯა-ბაასი არ ყოფილა. დადგა საკითხი კენჭისყრაზე, მანამდე ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და, უბრალოდ, ორი ხმით გადაწყდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამაზე შეგიძლიათ ფრაქციის სხვა წევრებს ჰკითხოთ.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს თქვა, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე  ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს, როცა თქვენი მხარდაჭერის შესახებ ჰკითხეს. მე მახსოვს, თქვენ ოფიციალურად აცხადებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მხარადჭერას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებდით. ახლა რა მოხდა, რატომ შეცვალეთ დისტანცირების პოლიტიკა და რა დივიდენდებს ელოდებით ამ პროცესისგან?

 

კარგი კითხვაა. „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია უმაღლეს საბჭოში ასეთია – ჩვენ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მივიღოთ, თუ ეს „ქართული ოცნებისთვის“ იქნება მისაღები გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვართ გარიგებული და პირიქით – სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ იტყვის იმავეს. როცა შენი ხმა არის გადამწყვეტი, ამ სიტუაციას სჭირდება გააზრება. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება ყოველთვის არის ნაკარნახევი რეგიონის ინტერესებით.

 

რაც შეეხება კონკრეტულ ალიანსს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არც ერთ პარტიასთან მოლაპარაკება არ მიწარმოებია. თუ დამიჭერს მხარს „ქართული ოცნება“, მაშინ ზოგიერთი პოლიტიკოსი იტყვის, რომ როგორი ოპოზიციონერი ვარ, როცა ხელისუფლება მიჭერს მხარს, თუ გვექნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა რაღაც საკითხზე, მაშინ იტყვიან, რომ ამ პარტიასთან ფართო ალიანსი გვაქვს. მაგრამ მე არ ვაპირებ ვესაუბრო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თუ საუბარი შედგება მე დაველაპარაკები კონკრეტულ დეპუტატებს და ვეტყვი – თვლით, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში საჭიროა თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა? – მიიღეთ გადაწვეტილება. თუ პირიქით – შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ. 

 

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ არავის, გარდა „ქართული ოცნებისა“. შემდეგში იქნება სხვა საკითხები, რითაც გამოჩნდება, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი ალიანსი არ გვაქვს. ამ ალიანსების, კონსპირაციების თეორიაზე, მარტივად იქნება პასუხები გაცემული. მე მირჩევნია,  ყველაფერს პასუხი გასცეს პროცესმა, რომელიც იქნება დემოკრატიული.

 

უმაღლეს საბჭოში პროფესიონალიზმი უკანა პლანზე გადმოდის და  საინტერესო ხდება  დეპუტატების ის ნაწილი, რომლებიც ეპატაჟურ განცხადებებს აკეთებენ. მე კი მგონია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს ცივი გონებით.

 

მე არჩევას, თუ ხმების ვერდაგროვებას თანაბარი ემოციით შევხვდები. არჩევის შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, არარჩევის შემთხვევაში კი კარგი რამ მოხდება – ერთხელ და სამუდამოდ დაინახავენ, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ხმების თხოვნით კარდაკარ არ გვივლია.

 

თქვენ ასეთ სურათს ხატავთ, რომ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ანლიასში გდებთ ბრალს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი პირიქით – ოპოზიციონერობას გიწუნებთ. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა მესამე გზაც – ცნობილი სკანდალების შემდეგ დღის წესრიგში იდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხი. თქვენ მიერ ზემოთ აღწერილი დილემისგან თუნდაც ერთჯერადად თავის არიდების მიზნით, რატომ არ დაუჭირეთ მხარი ვიცე-სპიკერის თანამდებობის გაუქმებას?   

 

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არ ჰქონდეს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა – ასეთი რამ არალოგიკურია, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი საკანონმდებლო ორგანო, სადაც რეგლამენტით არ რეგულირდებოდეს, რომ, როცა თავმჯდომარე არ არის, რა ხდება შემდგომ. ჩვენ ამ დარტყმის წინაშე ვერ დავაყენებთ კონსტიტუციას. ჩვენ ამას მხარი იმიტომ არ დავუჭირეთ, რომ მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც მსგავი რამე იქნება.  

გადაბეჭდვის წესი