სიახლეები

თაღლითობაში ბრალდებული პოლიციის ინსპექტორი

01.10.2015 • 1712
თაღლითობაში ბრალდებული პოლიციის ინსპექტორი

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ემზარ პაპიძემ როცა გაიგო, რომ მისი ნაცნობის – შორენა მ.-ს საქმეს [პირადი მოტივით დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ოფიციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენა] გონიოს პოლიციის განყოფილება იძიებდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მისთვის თანხის გამოძალვა განიზრახა.

 

პროკურორის მტკიცებით, პოლიციელი ნაცნობს – შორენა მ.-ს შეჰპირდა, რომ ახლობელი ადვოკატის მეშვეობით, თანხის სანაცვლოდ, მის საქმეს სასურველი შედეგით დაასრულებდა. პროკურორთან და მოსამართლესთან საქმის მოგვარების სანაცვლოდ კი ბრალდებულისგან 300 ლარი აიღო – ჯერ 200, მოგვიანებით კი – 100 ლარი.

 

წინასასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მოწმის სახით დაიკითხება პროკურორი დავით ხარძეიშვილი: ადვოკატებმა აღმოაჩინეს, რომ პროკურატურისგან მიღებულ 42-ფურცლიან საქმეს ერთი ფურცელი აკლდა. პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ თქვა, რომ ის ერთი ფურცელი იყო ყდა.

 

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ თუ ერთი ფურცელი აკლია საქმეს, შესაძლოა 7 ფურცელი შეცვლილი იყოს არა, ვთქვათ, პროკურორის, არამედ იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა.

 

პროკურორის თქმით, კი საქმე ელექტრონული წესით ბაზებში ინახება და წვდომა მასთან უცხო პირებს არ აქვთ.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ დაზარალებულის სისხლის სამართლის საქმე, როგორც მტკიცებულება, ბრალდების მხარეს სასამართლოსგან უნდა გამოეთხოვა და არა პროკურატურის ბაზებიდან.

 

ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ პროკურორს ჰკითხა, თუ საქმე ელექტრონული წესით ინახებოდა, მაშინ რა ყდა ჰქონდა მას. „ჩვენ პროკურორის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები“, – თქვა ადვოკატმა.

 

ჯერჯერობით უცნობია პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს დაურთავს თუ არა საქმის მასალებს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე. სასამართლო პროცესი მოსამართლის ინიციატივით გადაიდო. დაცვის მხარე პოლიციელის საქმეში მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას სადაოს ხდის.

 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს პროკურორი ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას ითხოვდა. მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა, რადგან ეს დანაშაული ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

„მას შემდეგ, რაც ემზარ პაპიძე მხილებული იქნა დანაშაულის ჩადენაში (2015 წლის 28 ივლისის ღამეს მიმდინარეობდა მისი დაკავების ოპერაცია), ის საგამოძიებო ჯგუფის შემჩნევისას მიიმალა – მისი დაკავება რამდენიმეწუთიანი დევნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მტკიცებულება მიმალვაში ყოფნის დროს გაანადგურა… თავისი უკანონო ქმედებით უსაფუძვლოდ ჩრდილი მიაყენა საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების კეთილსინდისიერ საქმიანობას, რეპუტაციასა და ავტორიტეტს. მან შელახა სახელმწიფოებრივი ინტერესი“, – წერია პროკურატურის დადგენილებაში.

 

სასამართლომ ბრალდებული გირაოს – 20 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში ახსნა, თუ რატომ მოიქცა ასე: ბრალდებული დაკავებულია მისსავე კაბინეტში, რაც ვერ ადასტურებს პროკურორის ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თითქოს ბრალდებული მიიმალა. ის, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა თანხა, სასამართლოსთვის არ ნიშნავს, რომ ბრალდებულმა მტკიცებულება გაანადგურა. „მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარესაა“, – თქვა მოსამართლემ.

 

ასეთ გარემოებას – ბრალდებულმა დააზიანა მნიშვნელოვნად ფასეული ინტერესი [პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების], არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი რეკომენდაციებით და საქართველოს კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიების, მითუმეტეს პატიმრობის გამოყენების საფუძვლად თუ საფრთხედ, არ იცნობს, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა ბრალდების მხარეს დასაბუთებული არ ჰქონდა.

გადაბეჭდვის წესი