სიახლეები

რატომ აუქმებენ ბათუმის საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოს

29.09.2015 • 1455
რატომ აუქმებენ ბათუმის საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოს

 

ბათუმის საკრებულოს სხდომა
ბათუმის საკრებულოს სხდომა

როგორც საკრებულოს წევრები ამბობენ, საზოგადოებრივი საბოჭს, იგივე სათათბირო ორგანოს, შექმნის უფლებამოსილება თვითმმართველობის ახალი კოდექსით ქალაქის მერს აქვს. შესაბამისად, ზოგიერთ დეპუტატს მიაჩნია, რომ თუ საკრებულოც დაიტოვებს მსგავს რგოლს, „ეს იქნება დუბლირება“.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის შეფასებით, ბათუმის საკრებულოსთან არსებული საბჭო „დემოკრატიის პირმშოა“ და მისი ასე ხელაღებით გაუქმება იქნება „ნაბიჯი უკან დემოკრატიაში“.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ფიქრობს, რომ „მგლის შიშით ფარა არ უნდა გაწყვიტონ“ და საკრებულო დაელოდება მერს – მანამ ის თავის საბჭოს არ შექმნის, რის შემდეგ თავადაც მოიფიქრებენ, რა ფორმით შეინარჩუნონ უკვე არსებული საბჭო.

 

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, „მერთან არსებულ მრჩეველთა საჭოს დაევალება ბიუჯეტის ნაწილში მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე რეკომენდაციების გაწევა, საკრებულოს შემთხვევაში კი შემოთავაზებულ ბიუჯეტზე რეკომენდაციების მიღება“.

 

საკრებულოს სხდომაზე მყოფი იურისტის განმარტებით კი, მერთან არსებულ საბჭოს ფუნქცია-მოვალეობები გაწერილია კანონმდებლობით – ახალი საბჭო მერს  ბიუჯეტის, სივრცითი მოწყობის, საპატიო მოქალექეობის მინიჭებისა და ჯილდოების გაცემის საკითხებზე გაუწევს რეკომენდაციებს.

 

ხანგრძლივი კამათის შემდეგ, დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მაინც ვერ გაარკვიეს, „მოქმედი საბჭოს დატოვება არის უფრო მეტი კანონდარღვევა თუ თვითმმართველობის ახალი კოდექსის დარღვევა“. ამიტომ ირაკლი ჭეიშვილმა ასეთი „გამოსავალი“ მონახა: „ახლა დავიტოვოთ საბჭო. ჩვენ დადგენილებებს ამოწმებს იუსტიციის საბჭო, თუ ჩვენი საბჭოს დატოვების გამო მათი შენიშვნა იქნება კანონთან შეუსაბამობის შესახებ, სხდომა ჩავნიშნოთ 5 რიცხვისთვის და მათი რეკომენდაციის მიხედვით ჩამოვყალიბდეთ, ამით არ დაინგრევა ქვეყანა“.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა კობა ჩხეიძემ სხდომაზე გააპროტესტა თვითმმართველობის კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი და საქართველოს პარლამენტს  „სამარცხვინო“ უწოდა: „მინდა პარლამენტის მიმართულებით გამოვთქვა საყვედური – რეალურად მერი ხდება მთავარი ფიგურა და არავითარი თვითმმართველობა აღარ გვაქვს, საკრებულოს მაკონტროლებლის უფლებაც კი ჩამოერთვა. თქვენი დაპირებების შესრულება გახდა მერის გადასაწყვეტი, რადგან ჩვენ ამის შესრულების არანაირი ბერკეტი აღარ დაგვრჩა. პარლამენტმა წაგვართვა იმის უფლება“.

 

ბათუმის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო არის დაახლოებით 300-წევრიანი რგოლი. მასში შედიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. ერთ-ერთი მათგანი, ნათია აფხაზავა წინააღმდეგია საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს გაუქმების, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად აკრიტიკებდა ამ საბჭოს უფუნქციობას.

 

საზოგადოებრივ დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პირს. 

როგორც დღევანდელი სხდომიდან გაირკვა, ბათუმის საკრებულო საბჭოს გაუქმებასა თუ ფორმირებაზე განმეორებით 5 ოქტომბერს იმსჯელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: