წიგნი ქალებზე და არა მარტო მათზე – პრეზენტაცია ბათუმში

 

წიგნის „ქალაქი წყალზე“ პრეზენტაცია

 

წიგნის რედაქტორი მარი კორინთელია, მისი შეფასებით, სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“  ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის რაც კი ქართულ პროზაში ბოლო პერიოდში დაწერილა.

 

„წიგნი დაწერილია ყველა იმ ადამიაზე, რომელსაც ცხოვრებაში რაღაცისთვის უბრძოლია, სადღაც ჩავარდნილა და შემდეგ მაინც მოუხერხებია ფეხზე წამოდგომა“- ამბობს მარი კორინთელი.

 

 

 

მწერალი სალომე ბენიძე ამბობს, რომ ამ წიგნის დაწერა პირველმა მოთხრობამ „ლიდია“-მ განაპირობა, რომელიც გასულ წელს, პროექტს „ინსომნიას“ ფარგლებში დაწერა:

 

„ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ შეიძლება გაკეთებულიყო მოთხობების სერია სადაც მე მოვყვები ისტორიას ქალებზე.  

 

სალომე ბენიძე

 

რატომ ქალებზე? – იმიტომ რომ მე ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების მიმართულებით და ჩემი ყოველდღიური საქმიანობა არის ეს ყველაფერი.

 

თუმცა, მე გადავწყვიტე რომ პირდაპირ არ დამეწერა რეალურ ისტორიებზე და ეს ყველაფერი გადავიტანე მისტიკურ ქალაქში, რომელიც რეალურად არ არსებობს. თუმცა ბევრი რამ აქვს ამ ქალაქს აღებული ბალტიისპირული ქალაქებისგან, ბათუმისგანაც აღებული და ეს ქალები, ჩემი გმირები ამ არარეალურ ქალაქში გადავასახლე.

 

მათ აქვთ ისეთი პრობლემები, როგორც დღეს რეალურ ქალებს აქვთ. ეს შეეხება სიყვარულს, უფლებებს, საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას და ბევრ სხვა რამეს“-ამბობს ავტორი.

 

სალომე ბენიძე, მარი კორინთელი

სალომე ბენიძის თქმით, წიგნი ეძღვნება მისი გერმანელი მეგობარის ცხოვრების ისტორიას „მისი დაავადება ასევე იყო ერთ-ერთი ბიძგი ამ ამბების დასაწერად“-ამბობს მწერალი.    

 

კითხვაზე, – „რატომ ქალაქი წყალზე?“ მწერალი პასუხობს:

 

„იმიტომ რომ მე მაქვს წყალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და მიყვარს ქალაქები რომლებიც წყალთან ახლოს არის გაშენებული. ჩემი წიგნის გმირი ქალები რომლებიც ფლობენ რაღაც ზებუნებრივ ძალებს, თავიანთ განსაკუთრებულ ძალას იღებენ სწორედ წყლისგან. ეს არ არის მთლად შემთხვევითი, რადგან მეც მგონია რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც წყალთან ახლოს გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს ვიდრე სხვაგან“. 

 

ვინ და როგორ შეაჩერებს ბულინგს სკოლაში

 

 

შარიანობა ფიზიკურ ან/და ფსიქოლოგიურ ტერორს ნიშნავს, რომელსაც მოსწავლის მიმართ თანაკლასელები ან სხვა ბავშვების ჯგუფები მიმართავენ. ეს შეიძლება იყოს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა, შევიწროება, დაცინვა, სახელების დაძახება, მუქარა, დევნა, დამცირება, სოციალური გარიყვა თუ ჭორების გავრცელება. დღეს უკვე ხშირია კიბერბულინგის შემთხვევებიც, რომელიც ინტერნეტტექნოლოგიების, მათ შორის სოციალური ვებგვერდების, შეტყობინებებისა და ელფოსტის მეშვეობით ძალადობას გულისხმობს.

 

მოსწავლეებს შორის გარჩევებსა და ზოგიერთი მოსწავლის ფიზიკურ დამცირებას თანაკლასელები მობილური ტელეფონებით იღებენ და შემდეგ ინტერნეტში, საჯაროდ ავრცელებენ. youtube-ზე დღეს ასეთი რამდენიმე ქართული ვიდეოც იძებნება.

 

სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ძალადობის შემცირების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საპილოტე პროგრამას – „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობას“ ახორციელებს. პროგრამა თბილისისა და ბათუმის ორ სკოლაში ხორციელდება. ორგანიზაციის დირექტორი ლია სარალიძე ამბობს, რომ პროექტი ორიენტირებულია შეასწავლოს ბავშვებს „არაძალადობრივი კომუნიკაციები“ და დაამკვიდროს სკოლაში არაძალადობრივი კულტურა.

 

„სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში ამ უნარების ჩამოყალიბებას. არ შეიძლება სკოლაში დირექტორი, სასწავლო ნაწილი თუ დამრიგებელი უხეშად ეპყრობოდეს სხვა ადამიანს – იქნება ეს მასზე უმცროსი თუ მისი თანატოლი“, – ამბობს ლია სარალიძე.

 

მისივე განმარტებით, ბულინგის მართვა მხოლოდ ბავშვების დატუქსვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: „ბულინგის მართვა დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის ჩარევასაც მოიცავს, იმის დასადგენად, თუ რატომ არის ესა თუ ის მოსწავლე აგრესიული, ან ყოველთვის მსხვერპლი. ამ შემთხვევის მართვის წრე შესაძლოა გაფართოვდეს. მაგალითად, თუ ეს ოჯახური ძალადობის პრობლემებისკენ მიდის, საკითხის მოგვარებაში შეიძლება ჩაერთოს სოციალური მომსახურების სააგენტო და ა.შ.“

 

ანალოგიური მოდელი მუშაობს აშშ-სა და ჰოლანდიის სკოლებშიც, სადაც პროგრამა საბავშვო ბაღიდან იწყება. კვლევამ, რომელიც ამ პროგრამის ეფექტურობის დასადგენად ჩატარდა, აჩვენა, რომ ჰოლანდიის იმ 550 სკოლაში, სადაც ეს პროგრამა მუშაობს, საგრძნობლად იკლო მოსწავლეებს შორის კონფლიქტების ფაქტებმა.

 

ლია სარალიძის განმარტებით, სკოლაში არაძალადობრივი კომუნიკაცია და არაძალადობრივი კულტურა უნდა დაინერგოს როგორც ტრენინგების, ისე კონკრეტული სავარჯიშოების საშუალებით. „მაგალითად, ჰოლანდიაში, უტრეხტის სკოლაში ცალკე საგაკვეთილო თემები ბულინგის შესახებ არ არის, ეს ყველაფერი ინტეგრირებულია სასწავლო პროცესში. თუმცა ჩვენთან, საჭიროების შემთხვევაში სკოლამ შესაძლოა ამ საკითხებზე საუბრისთვის ცალკე გამოყოს საათი“, – ამბობს ის.

 

პროექტის ფარგლებში, თბილისისა და ბათუმის ორ სკოლაში (თბილისში – #123 და ბათუმში – #2 სკოლა) ფოკუსჯგუფები გამოკითხეს. კითხვაზე, თუ ვინ არის სკოლაში პასუხისმგებელი პირი მოსწავლეების ძალადობისგან დასაცავად, მოსწავლეებმა უპასუხეს: დაცვა, დირექცია, დამრიგებელი, ექთანი, სასწავლო ნაწილი, სკოლის დირექტორი და მანდატური, მაშინ როცა ფსიქოლოგის თქმით, მასწავლებელსა თუ კლასის დამრიგებელს წამყვანი როლი აქვს ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში.

 

 

ნატალია მჭედლიშვილი

სპეციალისტები ამბობენ, რომ ხშირად მასწავლებლებმა იციან კლასში ბულინგის შესახებ, მაგრამ ისინი პროცესში მხოლოდ მაშინ ერთვებიან, როცა სიტუაცია ძალიან მძიმდება. „მასწავლებლები არ იმჩნევენ რაღაც მომენტში, რადგან ეს არ შეუძლიათ, უჭირთ ამ სიტუაციის მართვა“, – ამბობს ლია სარალიძე.

 

ფსიქოლოგი ნატალია მჭედლიშვილი ამბობს, რომ მასწავლებლები ხედავენ ბულინგს, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და ბავშვები თავისით მოაგვარებენ ურთიერთობას: „მაშინ, როცა შეიძლება ბავშვს პატარა ასაკში არც ესმოდეს რას აკეთებს და რა შედეგი მოჰყვება მის საქციელს“. ფსიქოლოგის განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვები სკოლაში ძალადობის შესახებ ვერ ყვებიან, სირცხვილის გრძნობაა. ამას ერთვის ის გარემოებაც, რომ მასწავლებლისთვის ან სხვა უფროსისთვის დახმარების თხოვნა „დაბეზღებად“ აღიქმება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას.

 

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის შედეგებში სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლების ჯგუფმაც აღნიშნა, რომ კლასის დამრიგებელს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი საათები, ვინაიდან ის ვერ ახერხებს სადამრიგებლო კლასისთვის საჭირო დროის დათმობას.

 

ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ბულინგის მართვაში დიდი როლი აქვს თანატოლების ჩართულობასაც. „ხშირ შემთხვევაში თანატოლები ბულინგის პასიური მოწმეები და ამავდროულად, რაღაც დოზით თანამონაწილეებიც ხდებიან. ამ დროს ბავშვს შეუძლია თვითონ ჩაერიოს და უთხრას მოძალადეს, რომ ასე არ შეიძლება, ან მოუყვეს ამის შესახებ მასწავლებელს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია ამ საკითხზე“, -ამბობს ნატალია მჭედლიშვილი.

 

არც თუ ისე იშვიათად სკოლაში ძალადობის შემთხვევები იმდენად ღრმად მიდის, რომ ერთადერთი გამოსავალი სკოლის შეცვლა რჩება, რაც, სპეციალისტების აზრით, უკიდურესი ზომაა და იგი არ უნდა იქცეს ძირითად გამოსავლად.

 

საპილოტე პროგრამა „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“, გარდა ბულინგის პრევენციისა და მართვისა, ორიენტირებულია სკოლაში ოჯახური თუ სხვა ფორმის ძალადობის რისკების იდენტიფიცირების გაუმჯობესებაზე.

 

სასწავლო ცენტრი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

 

სასწავლო ცენტრის მოსწავლეები

 

„სოციალურად დაუცველ ბავშვებს როცა ვესაუბრებოდით, ძირითადი ნაწილის მოთხოვნა იყო, რომ დამატებით მეცადინეობას ვერ ასწრებდნენ, განსაკუთრებით ინგლისურ ენაში ჰქონდათ ყველაზე დიდი ჩამორჩენა. ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაცხადა აქცია, მოხალისე მასწავლებლებისთვის, რომლებიც მოვლენ ჩვენს ცენტრში და იმუშავებენ ამ ბავშვებთან,“- ამბობს საქველმოქმედო ცენტრ „იალქანის“ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.

 

როგორც თიკო აბაშიძე ამბობს, სოციალურად დაუცველი ბავშვების სასწავლო ცენტრისთვის ფართობი დროებით სარგებლობაში, სამი თვით აქვთ აღებული.

 

„ახლობელმა დაგვითმო შენობის ერთი ოთახი და აქ მიმდინარეობს მეცადინეობა. ამ დროისთვის 120 ბავშვია რეგისტრირებული, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ფართობი არ იძლევა ყველა ბავშვის ერთდროულად მეცადინეობის შესაძლებლობას, ეტაპობრივად მოგვიწევს ბავშვებთან მუშაობა“.

 

თიკო აბაშიძის თქმით, ცენტრში სწავლის სურვილი ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა გამოთქვეს.

 

სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოხალისე მასწავლებლები გაკვეთილებს ჩაუტარებენ ქართულ ენაში, მათემატიკაში, ინგლისურ ენში, ხატვასა და მუსიკაში.

 

 

 

ხატვა, მუსიკა და ინგლისური მხოლოდ შაბათ-კვირას ჩატარდება, დანარჩენი გაკვეთილები კი _ ყოველდღე. ბავშვები ცენტრში შეისწავლიან ხალხურ სიმღერებს და ვოკალის გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ.

 

„ერთადერთი, რაშიც ფინანსები დაგვეხარჯა, საკანცელარიო ნივთებია, რადგან ბავშვებს ბუნებრივია მათი შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. მასწავლებლები ენთუზიამზე მუშაობენ, სამი თვის შემდეგ, ხელმეორედ გამოვაცხადებთ მოხალისე მასწავლებლების მიღებას, რადგან დიდი ხნით უხელფასოდ მუშაობა ალბათ რთული იქნება,“- ამბობს  თიკო აბაშიძე.

 

საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ცენტრის არსებობით ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან და სოციალურად დაუცველ სხვა ბავშვებსაც მიეცემათ უფასო გაკვეთილებზე დასწრების  შესაძლებლობა.

 

ბრალდებული: პოლიციის განყოფილებაში ელექტროშოკით მცემეს

 

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს. გამომძიებელმა გიორგი კურცხალიძემ ბრალდებულების ტელეფონი დაათვალიერა. „ვინ იყო თქვენი უშუალო უფროსი, როცა გამოძიება დაიწყეთ, ჩვენი დაკითხვა დღისით მიმდინარეობდა თუ ღამით?“-  ბრალდებულის ეს ორი კითხვა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ მოწმეს განარიდა.

 

მოსამართლემ ასევე სიტყვიერი გაფრთხილება [შენიშვნა] მისცა პროკურორს განრიდების დროს მოწმეებისთვის მიმანიშნებელი პასუხებისთვის: „ელექტროშოკით რომ მცემეს, თქვენ მაგ დროს სად იყავით?“ – ჰკითხა ბრალდებულმა პოლიციელს, რომელმაც უპასუხა, რომ ცემის შესახებ არაფერი იცის.

 

ბრალდებულის თქმით, მის მიმართ ელექტროშოკი პოლიციის პირველ განყოფილებაში 2 აპრილს გამოიყენეს.
სასამართლომ მოწმის სახით ასევე დაკითხა პოლიციელები: თამაზ შავაძე, ალექსანდრე ჭელიძე, ედუარდ აბუსელიძე და ანზორ წიქვაძე.

 

დაცვის მხარემ ბრალდებულების სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება პროკურატურას სთხოვა. „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ფაქტზე გამოძიება დაცვის მხარის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, თუმცა რა ეტაპზეა ძიება, ამ კითხვაზე პასუხი არც დაცვის მხარეს აქვს და ვერც „ბათუმელებმა“ გაარკვია – პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელი ნათია სუხიაშვილი, როგორც წესი, „ბათუმელების“ ზარებსა თუ კითხვებს არ პასუხობს.

 

ბრალდებულებს გოგონებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგო არასრუწლოვანია.

 

მთვრალი ბრალდებული მოსამართლემ სასამართლო პროცესზე არ შეუშვა

 

პროკურორმა დავით კირჩხელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებული ქობულეთში ცხოვრობს და დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პროკურორმა ქმედება ძალადობრივად შეაფასა და აღკვეთის სახით გირაოს – სამი ათასი ლარის გამოყენება მოითხოვა.

 

„ფაქტი 2 ოქტომბერს მოხდა, მას შემდეგ ბრალდებული არ მიმალულა, დაიკითხა მოწმის სტატუსით, გირაოს შეფარდებას რომ მოითხოვთ, რა არის საფუძველი, მეტად დასაბუთებას მოვითხოვ“, – უთხრა მოსამართლემ პროკურორს.

 

ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის სახით არც პატიმრობა შეუფარდა და არც გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ხელწერილით მხოლოდ ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა მანამ, ვიდრე სასამართლო გამოძიება არ დასრულდება.

 

 

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

”მე მათ დავახვედრე პროექტების სამი წყება” – ლევან ვარშალომიძე აჭარის მოქმედ მთავრობას აკრიტიკებს

 

ლევან ვარშალომიძე არჩილ ხაბაძე | 2012 წლის 30 ოქტომბერი, აჭარის მთავრობის სახლი

 

 

არჩილ ხაბაძე და ლევან ვარშალომიძე | 2012 წლის 30 ოქტომბერი, აჭარის მთავრობის სახლი

 

არჩილ ხაბაძე და ლევან ვარშალომიძე | 2012 წლის 30 ოქტომბერი, აჭარის მთავრობის სახლი

 

„მე მათ დავახვედრე პროექტების სამი წყება, ექსპლუატაციაში გაშვებული პროექტები, დაწყებული პროექტები და დაგეგმილი, პროექტების ნუსხა“ – წერს აჭარის ყოფილი თავმჯდომარე და დასძენს,  რომ ახალმა მთავრობამ ვერ შეძლო ამ „წყება“ პროექების განხორციელება, მათ შორის იხსენიებს: ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას, ბათუმის სტადიონის მშენებლობას, ინდუსტრიული ზონის შექმნას ხელვაჩაურში, ტურისტულ პროექტ „როიალ კარიბიანის“ განხორციელებას, ბათუმი-კვარიათი-გონიო-სარფის გზის მშენებლობას, სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ მშენებლობას.

„დაგეგმილ პროექტებში ბუნებრივია იდეები არ იგულისხმებოდა, ეს იყო შეკვრა პროექტების, რომელზეც იყო ნამუშევარი, როგორც ტექნიკურ ნაწილზე, ასევე ბიუჯეტზეც და რამდენიმე მათგანის ინვესტორთან კი მოლაპარაკებები ნაწარმოები.

მაგიდაზე დავტოვე ერთადერთი ფურცელი, რომელზეც აჭარის 2013 წლის გაზრდილი ბიუჯეტი იყო. გაზრდილი ბიუჯეტი სრულად უზრუნველყოფდა ყველა დაწყებული პროექტის დასრულებას ვადებში, რაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მაგალითად ამ დროისთვის სრულად უნდა იყოს დამთავრებული ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე არხების) რეაბილიტაცია, სამუშაოები დაიწყო 2009 წელს და 2012 წლისთვის ქალაქის 50% რეაბილიტირებული იყო.

ასევე, ამ დროისთვის დასასრულს უნდა უახლოვდებოდეს ბათუმის სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაწყებულიც არ არის (სტადიონის პროექტიც და გამოყოფილი ტერიტორიაც მზად დახვდათ)“.

ლევან ვარშალომიძე ასახელებს იმ პროექტებსაც, რომელიც განხორციელდა აჭარის ამჟამინდელი მთავრობის დროს და მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პროექტების მშენებლობაც თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში დაიწყო:

„ბათუმის საბაგირო გზა, ქობულეთის შემოვლითი გზა, სასტუმრო „ლონდონი“, სასტუმრო „ჰილტონი“, სასტუმრო „კოლიზიუმი“, სასტუმრო „სემირამიდას ბაღები“, ბათუმის მრავალპროფილური საავადმყოფო – სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი, სასტუმრო „ლეოგრანდი“, რესტორანი „მაგდონალდსი“, ეს არის იმ მსხვილი საინვესტიციო პროექტების არასრული ჩამონათვალი, რომელთა მშენებლობები პროცესში დავტოვეთ“.

კრიტიკის ტექსტის ბოლოს ლევან ვარშალომიძე განმარტავს:

„3 წლის წინანდელი ისტორიის მოგონება ადამიანური სენტიმენტი არ გეგონოთ, ამ ჩამონათვალის მიხედვით, მინდა გითხრათ, რომ ახალ ხელისუფლებას, არანაირ პროექტზე და სიახლეზე რომ არ ეფიქრა და მხოლოდ იმისთვის მიეხედათ რაც მე მათ, 2012 წლის 30 ოქტომბერს გადავეცი სამუშაო ოთახთან ერთად, დღეს აჭარას ექნებოდა ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ“.

ქედის გამგეობასა და საკრებულოს თანამშრომლების გადამზადებისთვის 17 250 ლარი დაიხარჯება

 

 

სად გადამზადდებიან ქედის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში დასაქმებული საჯარო მოხელეები ამ დროისთვის უცნობია.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე ამბობს, რომ სასწავლებელს საჯარო სამსახურის ბიურო განსაზღვრავს. „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი თვითმართველობის საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობას დაევალა შეემუშავებინა წესი, რითაც საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეების სწავლების სისტემა შეექმნა, შესაბამისად ამ დადგენილების ფორმატში ქედის საკრებულომ დაამტკიცა სასწავლო გეგმა, რომელიც 2016 წელში უნდა განხორციელდეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან ექვსი, გამგეობიდან კი 10-მდე საჯარო მოხელე გადამზადდება, რაც შეეხება სასწავლებელს, ამას საჯარო სამსახურის ბიურო განსაზღვრავს“ – აცხადებს მუხრან სალაძე

 

 

უფასო კონსულტაციები კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების მქონე პაციენტებისთვის

 

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ბათუმში, ტაბიძის ქუჩის N2/ა-ში მდებარეობს.

მიღება იწარმოებს #14 კაბინეტში. 

 

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციის მეხუთე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

 

 

საერთაშორისო გამოფენაში წარმოდგენილია ინოვაციები მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მიმართულებებით.

 

 

გამოფენა 2 დღეს გაგრძელდება.

 

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სერტიფიკატებით.

 

 

 

 

საჯარო ლექცია თემაზე: მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევები ბავშვებში

 

ლექციის თემა იყო – მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევები ბავშვებში. 

ხვალ თამარ გაგოშიძე, კიდევ ერთ საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე – დემენციების ნეიროფსიქოლოგია.

 

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-მდე ადამიანია დაჯარიმებული

 

მათ შორის ყველაზე ბევრი – 392 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 34 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 3 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 4 ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

 

 

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო სოციალურ ქსელში მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

 

“ბათუმის საქალაქო სასამართლო  გმობს სოციალურ ქსელში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის  შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის  განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ  ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. სასამართლო პროცესები ღია და საჯარო იყო, ჩატარდა გასვლითი სასამართლო სხდომა (ადგილზე დათვალიერება). სასამართლოში საქმისწარმოება  შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება”.

 

გარდა ამისა, სასამართლო მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო სამოქალაქო დავა, რომლის საგანს სასმელი წყლით სარგებლობის ხელისშეშლის აღკვეთა, უფლების აღიარება წარმოადგენდა. მოსარჩელეები იყვნენ:  ჯემალ, ფატი და არჩილ სურმანიძეები, მოპასუხეების: ომარ, ვალერი და ვეფხვია სურამანიძეების წინააღმდეგ.

 

ამ საქმეზე, ბოლო სასამართლო სხდომა 2015 წლის  28 ოქტომბერს გაიმართა, სადაც გამოცხადდა გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობით, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები ძალაშია და არ არის ამოწურული სამართლებრივი მექანიზმები. 

 

ექვსი კოტეჯი და სასტუმრო გოდერძის უღელტეხილზე

 

ბატონო ჯემალ, როდის გაიხსნება კურორტი და პირველ დამსვენებელს როდის მიიღებთ?


ჯემალ ბოლქვაძე
ჯემალ ბოლქვაძე

კურორტის ოფიციალური გახსნა დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა გახსნის კონკრეტული თარიღი გარკვეულწილად ამინდზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, თუ როდის იქნება თოვლის საკმარისი რაოდენობა. კურორტი პირველი დამსვენებლის მიღებას გახსნისთანავე შეძლებს და 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე სრული დატვირთვით იმუშავებს.

 

დასრულებულია თუ არა სამშენებლო და კეთილმოწყობითი სამუშაოები?


 სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპისთვის სრულდება კეთილმოწყობითი სამუშაოები. მოეწყო ორი საბაგირო გზა, რომლის საერთო სიგრძე ოთხ კილომეტრს აღემატება და რვა კილომეტრამდე სიგრძის სათხილამურო ტრასა. საბაგირო გზის პირველი სადგური ზღვის დონიდან 1700, ხოლო ბოლო სადგური 2350 მეტრზე მდებარეობს.


დასვენებისა და კვების რა ობიექტები მოეწყო კურორტზე?


72 პერსონაზე გათვლილი სასტუმრო ტიპის ექვსი კოტეჯი აშენდა. თითოეული კოტეჯის მეორე სართულზე განლაგებულია ოთხი ინდივიდუალური ნომერი, ხოლო, პირველ სართულზე ფოიე, სამზარეულო და დამხმარე სათავსო ოთახებია განთავსებული. ნებისმიერ დამსვენებელს შეეძლება კოტეჯის სამზარეულოთი სარგებლობა. გარდა კოტეჯებისა, აშენდა 36 პერსონაზე გათვლილი სასტუმროს ტიპის სახლი, რომლის მეორე სართულზე მოწყობილია ნომრები, ხოლო პირველ სართულზე – სამზარეულო, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, საოფისე ოთახები და დამხმარე სათავსოები. მთელი სეზონის განმავლობაში იფუნქციონირებს შენობაში განთავსებული სასადილო, რომლით სარგებლობა შეეძლება კურორტის ნებისმიერ ვიზიტორს. გარდა ამისა, უშუალოდ გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს 26 პერსონაზე გათვლილი სასტუმრო სრული მომსახურებით.

 

კურორტი ერთი დღის განმავლობაში ერთდროულად რამდენი დამსვენებლის მიღებას შეძლებს?


არსებული სასტუმრო ტიპის ინფრასტრუქტურით, კურორტს შესაძლებლობა ექნება ერთდროულად, ღამისთევით მოემსახუროს 134 დამსვენებელს, თუმცა, საერთო ჯამში, კურორტზე არსებული სათხილამურო ინფრასტრუქტურის გამტარიანობა საათში დაახლოებით 4 000 კაცზეა გათვლილი.


რამდენად ხელმისაწვდომი ტარიფი იქნება დამსვენებლებისთვის და გექნებათ თუ არა შეღავათები ბავშვებზე?


 საკურორტო მომსახურების ზუსტი ტარიფები ჯერ დადგენილი არ არის. ტარიფების განსაზღვრაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ვინაიდან ამ ადგილისთვის ზამთრის საკურორტო მომსახურების ბაზარი წარმოადგენს სიახლეს, ჩვენ მიერ განსაზღვრული იქნება მომსახურების დროებითი ღირებულება. 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე რეგულარულად გამოვკითხავთ კურორტის ვიზიტორებს, როგორც დადგენილი დროებითი ფასების, ასევე საკურორტო მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ირგვლივ და გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ შემდეგში შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

ამ ეტაპისთვის განსაზღვრული გვაქვს, რომ ფასები დიფერენცირებული იქნება სასტუმრო მომსახურების ობიექტების მიხედვით, ანუ განსხვავებული იქნება სასტუმროს ტიპის კოტეჯებში არსებული ნომრების, სასტუმრო ტიპის სახლში არსებული ნომრებისა და გოდერძის უღელტეხილზე მდებარე სასტუმროს ნომრების სარგებლობის ღირებულება. საორიენტაციო ფასები დადგინდება კონკრეტული სასტუმრო ნომრით სარგებლობისათვის, რომელშიც არ იქნება შეყვანილი კვების ღირებულება. საორიენტაციოდ, ერთი პერსონისთვის ღამისთევით დასვენების მაქსიმალური ღირებულება 50 ლარს არ გადააჭარბებს.

 

რას ფიქრობთ, როგორ გაუწევთ კონკურენციას სხვა სამთო კურორტებს?


როგორც აღვნიშნე, 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე კურორტი იფუნქციონირებს სრული დატვირთვით ყოველდღიურ რეჟიმში. ვფიქრობ, ის საქართველოში არსებულ სხვა ზამთრის კურორტებთან მიმართებაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.


რამდენად დაცული იქნება დამსვენებლის უსაფრთხოება კურორტზე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა? 


 რაც შეეხება სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე შესყიდულია ყველა საჭირო ინვენტარი _ სათხილამურო ტრასის დამცავი სხვადასხვა ტიპის ბადე, ნიშნები, უსაფრთხოების ლეიბები და სხვა. ძირითადად, მსგავსი სისტემები დამონტაჟდება თოვლის მოსვლის შემდეგ. ამასთან, კურორტზე მობილიზებული იქნება სამაშველო სამსახური და სამედიცინო პუნქტი.


კურორტთან დაკავშირებით სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?


კურორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, კერძო ინვესტიციების მოზიდვის გზით, საკურორტო ტერიტორიაზე სასტუმრო, დასვენებისა და მომსახურების ობიექტების მშენებლობაზე. სახელმწიფოს მხრიდან კურორტის შემდგომი განაშენიანების უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსდება შიდა საკურორტო გზების, ახალი საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების მშენებლობის სამუშაოები.

 

დღეისათვის ჩატარებული სამუშაოები – საბაგირო გზებისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ცენტრალური ენერგომომარაგება, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები, სასტუმრო და დამხმარე ინფრასტრუქტურა, სპეციალური ტექნიკის, აღჭურვილობებისა და ინვენტარის შეძენა, – 100 პროცენტით დაფინანსებულია სახელმწიფო ინვესტიციით.

 

 მთლიანობაში რა თანხა დაიხარჯა?

 

საბაგირო გზების მოსაწყობად 10 მილიონ 930 000 ევრო, ხოლო სხვა საკურორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და საჭირო სპეციალური ტექნიკისა და ინვენტარის შესაძენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

კინოჩვენება ხელვაჩაურის კინო კლუბში

 

 ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც კინომცოდნე სოფიო თავაძე წარუძღვება.

 

დასწრება თავისუფალია.

 

რაზე მიუთითებს ცხვირიდან სისხლდენა

ექიმის განმარტებით, ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა ცხვირის ლორწოვანას სიმშრალით ან ცხვირის ძგიდეზე სისხლძარღვების ანატომიური განლაგებით იყოს გამოწვეული, ასევე, სისხლმდენი პოლიპის ან ტრავმის გამო. შესაძლოა ეპიტაქსისი განვითარდეს მაღალი ემოციური ფონის დროსაც, ამ დროს ხდება სისხლძარღვების გადავსება, რის გამოც წყდება კაპილარი და ცხვირიდან მოდის სისხლი.

ხშირად ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა. მაღალი წნევა აძლიერებს სისხლის ჭავლს სუსტი კაპილარების კედლებზე და ხეთქავს მათ. გარდა ამისა, არსებობს ვირუსული წარმოშობის სისხლდენები, რომლებიც უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული. ექიმის განმარტებით, ამ დროს შესაძლოა სისხლდენა ყურიდანაც კი განვითარდეს: “პატარებში ხშირია ვირუსული სისხლდენა, უფრო ბაქტერიული რინიტები. გარდა ამისა ცხვირიდან სისხლდენას ბავშვებში ხშირად იწვევს ის, რომ ისინი აწვალებენ ცხვირს. შუა ხნის ადამიანებს კი სისხლდენა უფრო დაავადებების გამო უვითარდებათ. ასაკოვანი ადამიანების ცხვირიდან პერიოდული სისხლდენის მიზეზი კი არის წნევა, მაღალი ემოციური ფონი, ორგანოების დაავადებები და გამომშრალი ცხვირის ლორწოვანა”, – განმარტავს ექიმი.

ეპიტაქსისი ორი სახისაა, იგი შესაძლოა განვითარდეს ცხვირის წინა ნაწილში, ასევე ცხვირის შუა და უკანა ნაწილში. “სისხლდენა, რომელიც ცხვირის წინა ნაწილში ვითარდება, არ არის საშიში, მაგრამ როცა იგი უფრო ღრმაა და ვითარდება ცხვირის შუა ან უკანა ნაწილში, სადაც სხვა ვენები გადის, საჭირო ხდება სპეციალისტის დროული ჩარევა, რათა ადამიანი სისხლისგან არ დაიცალოს და არ დაიღუპოს”, – ამბობს ნინო კვერნაძე. ასეთი სისხლდენა ძირითადად მაღალი არტერიული წნევის დროს ან რომელიმე დაავადების დროს ვითარდება.

ცხვირიდან სისხლდენა წელიწადში ერთხელ არ მიიჩნევა საგანგაშოდ, მაგრამ როცა ადამიანს ასეთი შემთხვევების გამო დისკომფორტი ექმნება, დროა ექიმს მიმართოს. ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ცხვირიდან სისხლდენა, გარკვეული პერიოდულობით, დღეში რამდენჯერმეც კი შეიძლება განუვითარდეს პაციენტს. “ყველა შემთხვევა საყურადღებოა. უყურადღებოდ დატოვებულმა ერთჯერადმა სისხლდენამ შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების დიაგნოსტიკა გამოგიტოვოს”, – ამბობს ის.

ექიმის განმარტებით, ცხვირიდან სისხლდენა, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ჩერდება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და იგი შესაძლოა ნახევარ საათზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

ცხვირიდან სისხლდენის დროს არ არის რეკომენდებული თავის უკან გადაწევა და მით უმეტეს დაწოლა, ამ დროს შესაძლოა პაციენტმა სისხლი გადაყლაპოს, რის შედეგადაც კუჭი ივსება სისხლით და იწყება ღებინება. “გარდა არასასიამოვნო გემოსა და შეგრძნებისა, შეიძლება ეს მასა ისევ ცხვირში წავიდეს და უფრო გართულდეს მდგომარეობა”, – ამბობს ექიმი.

იმისთვის, რომ წინა ცხვირიდან სისხლდენა დროულად შეჩერდეს, ექიმის რეკომენდაციით, ადამიანი უნდა იჯდეს და ცხვირის ნესტოებზე დაიდოს ცივი საფენები, ცხვირის ნესტოში, წინა შესასვლელში კი მოითავსოს წყალბადის ზეჟანგში (ე.წ. “პერეკისი”) დასველებული ბამბის ტამპონი. “წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი) სასურველია იყოს ცივი (როცა პაციენტი ინფორმირებულია პერიოდულად სისხლდენაზე მას მაცივარშიც კი უდევს ეს ხსნარი). მას შემდეგ, რაც ე.წ. პერეკისში დასველებულ ტამპონს მოათავსებთ ცხვირის ნესტოში, ცხვირის ფრთაზე დაიდეთ ხელსახოცში გახვეული ყინულის ნატეხი და მიიჭირეთ ხელი რამდენიმე წუთის განმავლობაში”, – ამბობს ექიმი.

იმ შემთხვევაში თუ ეს ცხვირის პირველადი და წინა ნაწილის სიხლდენაა, მაშინ კაპილარი რამდენიმე წუთში დაითრომბება და სისხლდენა გაჩერდება, მაგრამ თუ სისხლდენა ცხვირის უკანა ნაწილში ხდება, მისი შეჩერება მხოლოდ სპეციალური ტამპონის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც შიგნიდან, ანუ უკანა ხახიდან თავსდება, ეს კი მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.

სასამართლოს თავმჯდომარე: მოსამართლე ვარ და ვემორჩილები პოლიციელების ბრძანებას

 

 

სახელმწიფო ბრალმდებელი, პროკურორი ზურაბ კონცელიძე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რადგან მან ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორც ძალადობრივი დანაშაული, ისე შეაფასა. ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ 18 ოქტომბერს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის 17 ნომერთან, იგინებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული. შემთხვევის ადგილზე ხმაურის გამო გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პოლიციელები კი ბრალდებულმა სიტყვიერად შეურაცყო და ერთ-ერთ პოლიციელს დაუზიანა ფორმა.
ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, მინიმუმ ორი ათასი ლარის ოდენობით ან პატიმრობას მაქსიმუმ 5 წლამდე.

ადვოკატმა ნუგზარ მგელაძემ თქვა, რომ ბრალდებული მისი სოფლიდანაა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომიდან, რომ ის პირადად იცნობს მის ოჯახს და ბრალდებულს. მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონია:

`მეგონა, რომ პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, მე გირაოს თანხაზე ვფიქრობდი. ბატონო მოსამართლევ, ბრალდებულის მამა ავადაა, ეს ერთადერთი ვაჟია იმ ოჯახში და მამას უვლის. მამამ არ იცის, რომ ის დაკავებულია. თუ თქვენ შეუფარდებთ მას გირაოს 2 ათასი ლარის ოდენობით, ამ თანხას ჩვენ, მისი ნაცნობები და ახლობლები შევაგროვებთ, თუ უფრო მეტის გადახდას დააკისრებთ, გთხოვთ თანხის ნახევრის გადახდის შემდეგ გაათავისუფლოთ ის პატიმრობიდან~.
პროკურორმა როცა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, დაასახელა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. ადვოკატმა თქვა, რომ ეს გამორიცხულია:

“ის მშრომელი კაცია, სასჯელად ისიც ეყოფა, რომ მას ნასამართლობა ექნება. ის კანონმორჩილი ადამიანია და ინანიებს თავის ქმედებას”.

მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა მაისურზე სისხლის ლაქებისა და ყურზე დაზიანების შესახებ. ბრალდებულმა თქვა, რომ დაეცა და ეს დაზიანებები მაშინ მიიღო. მოსამართლემ ჰკითხა ეს დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც მასთან პოლიციელები მივიდნენ, თუ მანამდე. ბრალდებულმა უპასუხა, რომ დაზიანებები პოლიციელების მისვლამდე მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც სახელმწიფო ბუჯეტში მისი ახლობლები 2 ათას ლარს შეიტანენ. მოსამართლემ ბრალდებულს საერთო ჯამში გირაოს – 4 ათასი ლარის გადასახდელად 60 დღე მისცა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა: “არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენ შეიძლება ისევ დათვრეთ და დაარღვიოთ საზოგადოებრი წესრიგი, მაგრამ თქვენ არ დაიწყეთ მანიპულაცია, როცა შეიძლებოდა ამ საქციელით სამართლებრივად თქვენ სასარგებლოდ უკეთესი შედეგი დამდგარიყო – თქვენ არ გითქვამთ, რომ გცემეს პოლიციელებმა; ბრალდებულების უმრავლესობა ასე მოიქცეოდა. თქვენ გეტყობათ, რომ გულწრფელი ხართ, ამაში ისიც მარწმუნებს, რომ თქვენს ადვოკატს დაახლოებით შვიდი წელია ვიცნობ… ვფიქრობ, ადამიანს შანსი უნდა მივცეთ, რომ გაიაზროს თავისი ქმედების შედეგი, მე სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ვარ და ვემორჩილები პოლიციელების ბრძანებას, მაგალითად, მაშინ, როცა საჭეს ვმართავ. ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოთ აგრესიულები პოლიციელების მიმართ, ისინი ხომ ჩვენ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ… სასამართლო დარბაზი სავსეა, აქ იმყოფებიან თქვენი ახლობლები, 30-40 ადამიანი, ყველა იმაზე დარდობდა, პატიმრობაში დაგტოვებდით თუ არა. ჭკუას არ გასწავლით, მე თქვენი მოძღვარი არ ვარ, მაგრამ თქვენი ქცევით ეს ადამიანები ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეთ…“

მოსამართლემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში პოლიციელებს რაიმე სახის დაზიანება არ მიუღიათ, თორემ აუცილებლად გამოიყენებდა ბრალდებულის მიმართ პატიმრობას.

 

ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს

 

26 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს.  “ბათუმელების” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაიტაცეს სამასი ლარი, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  

 

27 ოქტომბერს კი, საღამოს 8 საათზე, ქობულეთის რკინიგზის სადგურში  ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააყაჩაღეს. ჩვენივე ინფორმაციით, თავმდამსხმელებმა ჯიხურიდან დაახლოებით 15 ათასი ლარი გაიტაცეს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორთავე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ნიშნავს. ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარს „ბათუმელები“ მოგვიანებით მოგაწვდით.

 

 

 

მიღება ბათუმში თურქეთის საკონსულოს ეგიდით

 

საზეიმო მიღებაზე. ფოტო: არჩილ კახაძე
საზეიმო მიღებაზე. ფოტო: არჩილ კახაძე

მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს ბათუმში თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანიმ მიმართა. მისასალმებელი სიტყვით საზოგადოებას ასევე მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ.

 

თურქეთის საკონსულო ბათუმში რესპუბლიკის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.

 

საკონსულოს სტუმრებს შორის იყვნენ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები, სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

 

მოარგო თუ არა ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ ტენდერი კონკრეტულ კომპანიას

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ე.წ. იაფი სახლი, რომლის მშენებლობასაც ბათუმის მერია გეგმავს, მონოლითური რკინა-ბეტონისგან უნდა იყოს დაპროექტებული:

 

„სატენდერო დოკუმენტაციის შედგენას საფუძვლად დაედო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების (მფთკ) ტექნოლოგიის გამოყენება შენობა-ნაგებობების მშენებლობაში შემდეგი პრინციპით: სწრაფად, ხარისხიანად, ხელმისაწვდომ ფასებში, მაღალი სეისმომედეგობით (9 ბალი). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი შენობის დაშლა და სხვა ადგილას გადატანა მინიმალური ხარჯებით. კონსტრუქციის საყრდენი და არასაყრდენი ელემენტების შეერთება ხდება მაღალი ხარისხის თვით საბურღი ხრახნების დახმარებით. სახლის საფუძველზე დამაგრება სრულდება ანკერული მეთოდით“,  – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, (სტილი დაცულია) .

 

კომპანია სტალდომის ვებგვერდზე WWW.STALDOM.COM –  გამოქვეყნებული ინფორმაციით:

 

„სტალდომი – ეს ადვილად ასაწყობი სახლთმშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგია. მოცემული ტექნოლოგიას საფუძვლად უდევს მსუბუქი  ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების (მფთკ) გამოყენება. ამგვარი მასალებისგან აშენებული შენობები, მიეკუთვნება სწრაფ აღმართავ შენობებს (საშ). მათი განმასხვავებელი თავისებურება  – ისინი შენდება პრინციპით: სწრაფად, ხარისხიანად, მისაწვდომ ფასებში. მოცემული პრინციპის გამოყენება   მშენებლობაში, ამგვარი შენობის მომხმარებელს  აძლევს საშუალებას იცოდეს მშენებლობის ზუსტი ღირებულება ჯერ კიდევ წინასწარი საპროექტო მომზადების ეტაპზე, მიიღოს მზადყოფნაში მიყვანილი შენობა  მაქსიმალურად მოკლე ვადებში, მშენებლობის დროს არ გამოიყენოს მძიმე ტექნიკა  და არ დააბინძუროს  სამშენებლო მოედანი სამშენებლო მასალებით, განახორციელოს მშენებლობა პრობლემატურ ნიადაგზე,  მიწისძვრის საშიშროების რაიონებში (სეისმომედეგობის 9 ბალი). საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიის მიხედვით აგებული შენობა, შეიძლება დაიშალოს და აეწყოს სხვა ადგილას  მინიმალური ხარჯებით. აგრეთვე სტალდომ ტექნოლოგია განკუთვნილია შენობების რეკონსტრუქციისთვის, დამატებითი სართულების  დაშენებისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქის ძველ უბნებში, სადაც საკმაოდ რთულია  მძიმე ტექნიკის გამოყენება და ძველი შენობები არ შეიძლება “დაიტვირთოს” მძიმე მასალებით. სტალდომ სისტემა საშუალებას გვაძლევს ავაშენოთ საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო დანიშნულების შენობები“. სტილი დაცულია.

 

შენობის საილუსტრაციოდ  კომპანია აქვეყნებს ფოტოს:

 

იგივე ფოტო აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში გამოქვეყნებული მერიის შესყიდვების სამსახურსაც.

 

 

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „იაფი სახლის“ გარე კედლების კარკასი – „უნდა შედგებოდეს პერფორირებული მოთუთიებული ფოლადის პროფილებისგან (თერმოპროფილი) – ჰორიზონტალური მიმმართველები, დგარები, დამხმარე ელემენტები. “ ( სტილი დაცულია.)

 

მერიის შესყიდვების სამსახური სატენდერო დოკუმენტაციაში განმარტავს:

თერმოპროფილი: ა) მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციები (მფთკ) – მათი საფუძველია სხვადასხვა სისქის და კონფიგურაციის ცივგრეხილი პროფილები. ასეთი კონსტრუქციების განმასხვავებელი თვისებაა თერმოპროფილების გამოყენება შემოღობვის კონსტრუქციებისათვის (კედლები, ჭერი და სხვა). თერმოპროფილი არის მოთუთიებული ფოლადის პროფილი გამჭოლი გრძივი ნაკეჭნებით, რომელიც გაჭრილია ჭადრაკისებურად. აღნიშნულის საშუალებით მნიშვნელოვნად იზრდება თბოსაიზოლაციო თვისება სითბური ნაკადის ეფექტური გავლის გზის გაზრდის ხარჯზე ანუ აღმოფხვრილია ე.წ. “სიცივის ხიდი”.“

 

კომპანია „სტალდომი“ თავის ვებგვერდზე განმარტავს:

 

თერმოპროფილი – ეს არის მოთუთიებული  ფოლადის პროფილი  გამჭოლი გრძივი  ნაკეჭნებით, რომელიც გაჭრილია ჭადრაკისებურად.  ამის წყალობით მნიშვნელოვნად იზრდება თბოსაიზოლაციო თვისება სითბური ნაკადის ეფექტური გავლის გზის გაზრდის ხარჯზე, სხვა სიტყვებით აღმოფხვრილია ეგრეთ წოდებული “სიცივის ხიდი”. კონსტრუქციის საყრდენი და არასაყრდენი  ელემენტების  შეერთება ხვდება მაღალი ხარისხის თვითსაბურღი ხრახნების  დახმარებით. სახლის  საფუძველზე  დამაგრება  სრულდება ანკერული  მეთოდით.  

 

ნათქვამის საილუსტრაციოდ კომპანიას და მერიას ერთი და იგივე ფოტო აქვთ გამოყენებული.

 

 

 ბათუმის მერიის მოთხოვნით შენობის საყრდენი და თვითსაყრდენი გარე კედლები უნდა იყოს:

ა) გარე შემოსვა – შესრულებული უნდა იყოს “ვენტილირებადი ფასადის” პრინციპის შესაბამისად. საჰაერო ღრიჭომ უნდა უზრუნველყოს თბოიზოლაციის ვენტილაცია (სურათზე ); ბ) ქარსაწინააღმდეგო მემბრანა – სურათზე; საცხოვრებელი სახლის მშენებლობის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია 13 გ) პერფორირებული მოთუთიებული ლითონის პროფილები – დამზადებული უნდა იყოს თხელფურცლიანი ფოლადისაგან. პროფილები პანელის სიბრტყეზე ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს თვითხრახნებით. ვერტიკალური დგარები, ჰორიზონტალური პროფილები და დამაკავშირებელი ელემენტები შექმნიან შენობის (სამშენებლო ობიექტის) კარკასს – (სურათზე ƒ); დ) ეკობამბა – ეფექტური მათბუნებელი, რომელიც ავსებს კედლის მთლიან სივ-რცეს. მათბუნებელი არ უნდა იყოს აალებადი, უნდა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და უზრუნველყოფდეს კედლების მაღალ თერმოფიზიკურ პარამეტრებს (სურათზე „); ე) ორთქლსაწინააღმდეგო ფირი – სურათზე …; ვ) თაბაშირმუყაოს ფურცლები – გამოყენებული უნდა იქნას კედლის გარე შემოს-ვისას შიდა მხარეს – (სურათზე †); შენობის შიდა კედლები უნდა შედგებოდეს მოთუთიებული ფოლადის პროფილე- ბისაგან, რომლებიც ორივე მხრიდან გადაკრულია თაბაშირმუყაოს ფურცლებით. შიგნით კედლების მთელი სივრცე ამოვსებული უნდა იყოს ეკობამბით.

 

კომპანია „სტალდომის“ ინფორმაციით,  შენობის საყრდენი და თვითსაყრდენი გარე კედლები, რომლებსაც ის მომხმარებელს სთავაზობს შედგება:

გარე შემოსვის, რომელიც  შესრულებულია “ვენტილირებადი ფასადის” (1) პრინციპის შესაბამისად, საჰაერო  ღრიჭო უზრუნველყოფს თბოიზოლაციის ვენტილაციას .ქარსაწინააღმდეგო მემბრანისაგან (2).პერფორირებული მოთუთიებული ლითონის პროფილებისაგან (3), რომლებიც  დამზადებულია თხელფურცლიანი  ფოლადისაგან. ეს პროფილები პანელის სიბრტყეზე ერთმანეთთან შეერთებულია თვითხრახნებით. ვერტიკალური დგარები, ჰორიზონტალური პროფილები და დამაკავშირებელი ელემენტები ქმნიან შენობის კარკასს.ეფექტური მათბუნებლისაგან – ეკობამბისაგან(4), რომელიც ავსებს კედლის მთლიან სივრცეს. მათბუნებელი არ არის  აალებადი, ეკოლოგიურად უსაფრთხოა, უზრუნველყოფს კედლების მაღალ თერმოფიზიკურ პარამეტრებს .ორთქლსაწინააღმდეგო ფირისგან (5).თაბაშირმუყაოს ფურცლებისაგან (6) კედლის გარეშემოსვის შიდა მხარეს  (შესაძლოა გამოიყენოს DSP, MP და სხვა მასალები).შენობის შიდა კედლები შედგება მოთუთიებული ფოლადის პროფილებისაგან, რომლებიც ორივე მხრიდან გადაკრულია თაბაშირმუყაოს ფურცლებით. შიგნით კედლების მთელი  სივრცე ივსება ეკობამბით.

 

ფოტოები ამ შემთხვევაშიც ემთხვევა.

 

„იაფ სახლთან“ დაკავშირებული სატენდერო პირობები კითხვებს საკრებულოს წევრ კობა ჩხეიძეს კითხვებს უჩენს:

 

„მაეჭვებს ის გარემოება, რომ ბათუმის მერიამ უარი თქვა ტრადიციული ბეტონის კონსტრუქციაზე, რომელიც ყველაზე უფრო აპრობირებული და ადაპტირებულია ბათუმთან. საკრებულოს სამი სხდომის განმავლობაში დაჟინებით ვითხოვდით მერიისგან აეხსნა, თუ რა ტიპის მშენებლობაზე იყო საუბარი და პროექტის ღირებულებას რატომ არ აცხადებდნენ. მაშინ მერიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჰქონდათ მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომელთა სახელებიც არ დაასახელეს. შემდეგ ითქვა, რომ პროექტს მთავრობა ჩუქნიდა ბათუმის მერიას. მე ვიცი აჭარის მთავრობის პროექტების შესახებ და ვითხოვდი ეთქვათ, რომელ პროექტზე იყო საუბარი, რადგან 61 კვადრატული ფართობის ბინები, რაც კეთდება ეკომიგრანტებისთვის, იაფი სახლის ბენეფიციარებისთვის იქნება რთულად გამოსასყიდი. ასევე მაქვს კითხვა – კრიტერიუმების მსჯელობის გარეშე, რატომ გაიტანეს პროექტი ტენდერზე? – და მესამე კითხვა რატომ ეს ტექნოლოგია, რომელიც საერთოდ არ არის  ბათუმური, ქართული მშენებლობისთვის აპრობირებული?  და კიდევ, რატომ თხოვენ კომპანიას 10 მილიონი ბრუნვის გამოცდილებას? –  გადავამოწმე და ბათუმში არ არის კომპანია, რომელიც ამ ტიპის მასალაზე მუშობს. სავარაუდოდ, საქართველოშიც ნაკლებად მოიძებნება მსგავსი კომპანია. “ 

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურმა იაფი სახლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვესთან დაკავშირებულ სატენდერო პირობებზე კითხვებით „იაფი სახლის“ კრიტერიუმების განსაზღვრასთან დაკავშირებით მერის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარესთან, თამაზ თურმანიძესთან გადაგვამისამართა. თამაზ თურმანიძემ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ სატენდერო პორობებზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს. „ბათუმელები“ კომპანია „სტალდომსაც“ დაუკავშირდა. დირექტორის ინფორმაციით შპს „სტალდომი“ ნამდვილად გეგმავს „იაფი სახლის“  ტენდერში მონაწილეობის მიღებას.

 

რეესტრის მონაცემებით, კომპანია სტალდომ ელ ელ სი STALDOM LLC  საქართველოში ფოთის  ინდუსტრიულ ზონაში 2013 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი უკრაინის მოქალაქე ივან ბერეზაა.  STALDOM LLC-ის წილების 100%-ს ჩეხური კომპანია STALDOM LLC ფლობს.

 

 

 

 

 

 

როგორ შეიქმნა ბათუმური ყავის მომზადების ტრადიცია

რეცეპტი, რომლითაც ბათუმში და, ზოგადად, აჭარაში, ყავას ამზადებენ, სავარაუდოდ იმდროინდელია, როცა ბათუმი ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის ნავსადგური იყო. ოსმალებმა, რომლებმაც მსოფლიოში პირველი ყავახანა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გახსნეს კონსტანტინოპოლში, ყავა ბათუმშიც შემოიტანეს.

ისტორია არაფერს ამბობს იმაზე, თუ როდის გაიხსნა პირველი ყავახანა ბათუმში, მაგრამ ქალაქში რომ ყავა პოპულარული სასმელი იყო, საკამათო არ არის. ისტორიული ცნობების მიხედვით XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბათუმში უკვე ექვსი ყავახანა იყო.

1920 წლის შემოდგომაზე ბათუმში რუსი პოეტი ოსიპ მანდელშტამი ჩამოვიდა, ქალაქში გაისეირნა და თავის მოგონებებში ტიპური ბათუმური ყავახანა აღწერა:

„აქვე [ბულვარში] იწყება ზეიმი საპორტო ყავახანებისთვის, მთელი ქალაქის სული და გული რომაა: თავისი კლუბებითა და ბირჟებით. ყავახანები ნახევრადჩაბნელებულია და თამბაქოს კვამლითაა გაჟღენთილი. არომატული ყავის ორთქლი დიდხანს ტრიალებს ჰაერში. ყავახანის მოსამსახურე არაქათგამოცლილია წამდაუწუმ პატარა ყავის ფინჯნების აქეთ-იქით დატარებით…”

და კიდევ ერთი მოგონება, რომელიც 1922-1924 წლების ბათუმში ყავის კულტურას უკავშირდება, ამჯერად კონსტანტინე პაუსტოვსკის: „მინიანი კარი ყველა დუქანსა და ყავახანას მონჯღრეული ჰქონდა, ყოველ ბიძგზე დიდხანს ჟღარუნებდნენ და ზრიალებდნენ… კარის გამუდმებული ჭრიალი სპილენძის ფურცლების ზრიალს უერთდებოდა. ამ ფურცლებიდან მეთუნუქეები პატარა თურქულ ყავადნებს კერავდნენ და ზედ სპილენძისავ გრძელ სახელურებს უკეთებდნენ…

…ნავსადგურში, ჭილოფგადაფარებულ ფორთოხლებზე მოხუცები ისხდნენ და ენის წლაკუნით სვამდნენ სქელ, სურნელოვან ყავას. ყავის სუნი ასდიოდა სანაპიროზე წვრილ კენჭებსაც… დიახ, ბათუმის ნავსადგური გაჟღენთილი იყო მანდარინის, ყავისა და ნავთის სუნით.”

დილის ყავა იალაღზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო
დილის ყავა იალაღზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

საბჭოთა ბათუმში ყავა აღარ იყო ჩვეულებრივი ამბავი, გარკვეულ პერიოდებში ლამის კონტრაბანდადაც კი მიიჩნეოდა და ყავის მარცვალს ას-ასი გრამობით ყიდულობდნენ ყავის მოყვარულები გადამყიდველებისგან. მიუხედავად ამისა, ბათუმში ყავა ვერასდროს ვერ ჩაანაცვლა საბჭოთა კავშირში ყველაზე ხელმისაწვდომმა არაალკოჰოლურმა სასმელმა – ჩაიმ.

თითქმის ყველა ბათუმელის სახლში დღემდე ნახავთ ვერცხლისფერ ყავის წისქვილს. ბათუმელები ყავის მარცვლებს დაბალ ცეცხლზე ხალავდნენ მუქი ფერისა და არომატის მიღებამდე, შემდეგ კი გაგრილებულ მარცვლებს პატარა ყავის წისქვილში ფქვავდნენ ხელით და მინის ქილაში ინახავდნენ. მიიჩნეოდა, რომ დაქფული ყავა დიდხანს არ უნდა შეგენახა, ასე ყავა ინესტებოდა და არომატს კარგავდა.

დღეს ბათუმში ყავას იშვიათად ფქვავენ სახლში. ყავის წისქვილები დავიწყებას მას შემდეგ მიეცა, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდში მაღაზიის დახლებზე დაფქული, დაფასოებული ყავა გამოჩნდა. თუმცა ყავის მოყვარულები ერთხმად თანხმდებიან – ახალდაფქულ ყავასთან დაფასოებული ყავის გემო ახლოსაც ვერ მივა.

რა არის კარგი ბათუმური ყავის მომზადების საიდუმლო? – ის ბათუმელები, რომლებიც კარგი ყავის მომზადების ნიუანსებს იცნობენ, ამბობენ, რომ მთავარია ყავის მარცვალი ახალდაფქული იყოს და ყავის ხარშვის ტემპერატურა – რაც უფრო დაბალ ცეცხლზე მზადდება ყავა, მით უფრო გემრიელია.

ბათუმში ყავა მომზადების კიდევ ერთ წესს უკავშირდება. ქვიშაზე მოხარშული ყავა საუკეთესოდ ითვლებოდა ბათუმში. ასეთ ყავას საბჭოთა ბათუმში ყველაზე კარგად სანაპიროზე ამზადებდა ქალი, რომელსაც ჰაიკუშა ერქვა და უკლებლივ ყველა ბათუმელს ჰქონდა მისი სახელი გაგონილი მაინც.

ბათუმურ ყავას ხშირად თურქულს უწოდებენ საქართველოში. ამ შემთხვევაში „თურქული” ყავის მომზადების წესს აღნიშნავს, თუმცა, თუ თურქეთში ერთხელ მაინც გაგისინჯავთ ყავა, დარწმუნდებით, რომ ეს სხვა გემოა. ამას ის თურქებიც აღნიშნავენ, რომელთაც ბათუმური ყავა გაუსინჯავთ. „ასეთ ყავას არ ამზადებენ ჩვენთან, ეს ალბათ არაბული ყავაა“, – ასეთ მოსაზრებასაც მოისმენთ მათგან, თუმცა ბათუმური ყავა არც არაბულ ყავას ჰგავს, რომლის მოხარშვის მეთოდიც განსხვავებულია.

მოხარშვის მეთოდი იდენტურია, თუმცა ყავის გემო სხვაა საბერძნეთშიც, სადაც ყავა ასევე პოპულარული სასმელია. საბერძნეთში ყავასთან ერთად მოგართმევენ რაჰათ-ლუკუმს და ერთ ჭიქა ცივ წყალს. ბერძნები ამბობენ, რომ ცივი წყალი ყავის გემოს უსვამს ხაზს.

ბათუმში წყალს იშვიათად – მაგრამ თხილს და შოკოლადს კი ხშირად ატანენ ყავას. მიღებულია ნამცხვრისა და ხილის სერვირებაც ყავასთან ერთად, თუმცა ეს მაინც გემოვნების საკითხია.

არქეოლოგი და ნეოგრეცისტი ნინო ძნელაძე ამბობს, რომ ყველაზე უცნაური, რასაც ყავას არც თუ ისე იშვიათად ატანს, შავი პური და სერველატია. ნინო ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მუშაობს, სადაც ყოველი დღე, ისევე როგორც ბათუმში არსებული დაწესებულებების უმეტესობაში, ყავის რიტუალით იწყება: „ეს დაუწერელი კანონია, ერთი ფინჯანი ბათუმური ყავა დილით. დილის ყავას ხუმრობით „სხდომას“ ვეძახით, რომელსაც თითქმის ყველა თანამშრომელი „ესწრება“. რამდენიმე წუთში იგეგმება დღე“.

ნინო იხსენებს, რომ პირველად ყავა ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე გასინჯა:

„ჩემი, პატარა ფინჯანი მქონდა. ეს არ იყო რძიანი ან გაზავებული ყავა. ჩვეულებრივი, ბათუმური ყავა იყო, რომელსაც სიამოვნებით მივირთმევდი. იქიდან მოყოლებული ყავა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ჩემთვის.

მახსოვს, ერთი პერიოდი ყავის დეფიციტი იყო ბათუმში და გამოჩნდა დაფასოებული, მწვანე ფერის ყავის მარცვალი, რომელსაც დედა კარგად ხალავდა და ისე ფქვავდა. მახსოვს ყავის ძლიერი, სასიამოვნო არომატი ბათუმის საკათედრო ტაძრის ახლოს მდებარე ქუჩაზე, სადაც ყავას ფქვავდნენ პატარა საამქროში. ეს საამქრო შემდეგ გაუქმდა, მაგრამ ამ ადგილას ყავის სუნი კიდევ დიდხანს იდგა.”

ბათუმური ყავა უკვე დიდი ხანია გასცდა ბათუმის საზღვრებს და საქართველოში დღეს ამ მეთოდით ყველგან ამზადებენ ყავას, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული ეს სასმელი მაინც აჭარაშია.

დღეს, აჭარაში, სადაც არ უნდა მიხვიდეთ სტუმრად, ბათუმში, მაღალმთიან სოფლებში თუ სულაც იალაღებზე, სადაც ზაფხულობით საქონელს მწყემსავენ, ფინჯან ყავას ყველგან შემოგთავაზებენ. ეს დაუწერელი წესია – ყავა კეთილგანწყობის, პატივისცემის, შენთან საუბრის სურვილის ნიშანია.

შავი, სურნელოვანი ყავით სავსე პატარა ფინჯანთან საათობით შეიძლება საუბარი, შენი თუ მეზობლის ამბების მოყოლა, საიდუმლოებების გამხელა თუ სერიალისთვის თვალყურის დევნება.

თუ ადრე ყავას როგორც ბათუმში, ისე მაღალმთიან სოფლებში ქალები უფრო ეტანებოდნენ, სიტუაცია ახლა შეიცვალა, ყავაზე კაცებიც იშვიათად ამბობენ უარს.

ჩირუხი. იალაღებზე მყოფი ქალი მოგზაურებს ყავით უმასპინძლდება. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ჩირუხი. იალაღებზე მყოფი ქალი მოგზაურებს ყავით უმასპინძლდება. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ინდირა თებიძე ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში ცხოვრობს. მისი ყოველი დილა, ისევე როგორც ათასობით ადამიანისთვის აჭარაში, ერთი ფინჯანი ბათუმური ყავით იწყება. ჩვეულებრივ, ჯერ ყავა – შემდეგ საუზმე.

ინდირა ამბობს, რომ მის მიერ მომზადებული ყავის რეცეპტი კლასიკურია: ერთი ჩაის კოვზი ყავა + ერთი ჩაის კოვზი შაქარი. ყავა არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი. ინდირა ამბობს, რომ ყავას გაზზე ან „ფეჩზე“ ხარშავს.

„ფეჩზე“ მოხარშული ყავის რეცეპტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ყავა და შაქარი წყალთან ერთად თავსდება პირდაპირ შეშის „ფეჩზე“ ფინჯნით. ხარშვის პროცესი უფრო ხანგრძლივია და სწორედ ეს არის „ფეჩზე“ მოხარშული ყავის გემოს საიდუმლო – ყავა ნაკლებად ქაფიანი, თუმცა უფრო არომატული გამოდის.

აჭარის სოფლებში ხშირად ნახავთ განჯინაში საგანგებოდ „ფეჩზე“ მოსახარში ყავისთვის განკუთვნილ „საშინაო“ ფინჯნებს, რომელთაც „ფეჩზე“ ხშირი დგომის გამო ძირი აქვთ გამომწვარი. სწორედ ასე, ფინჯნებში იხარშება ყველაზე გემრიელი ყავა.

ხოლო თუ მასპინძელს მდიდარი ფანტაზიაც აქვს, ყავის ფინჯნის მარჯვენა ხელით, საპირისპირო მიმართულებით გადატრიალებას შემოგთავაზებთ და ყავის ნალექზეც გიმკითხავებთ: მოსალოდნელ გზებზე, ფინჯანში გამოსახულ ბეჭდებსა და იმ ადამიანებზე, რომელთა სახელი „ა“-ზე, „ბ“-ზე ან „გ“-ზე იწყება.

ყავა ფეჩზე. სოფელი ზედა ვაშლოვანი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ყავა ფეჩზე. სოფელი ზედა ვაშლოვანი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ვისთვის არის მიუღებელი ტერმინები: ლიბერალიზმი და გენდერი

 

 

 

„საპატრიარქო საკუთარი ინტერესებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ნებისმიერი ინსტიტუცია, უფლებამოსილია ჩაერიოს განათლების სისტემაში ისევე, როგორც სხვა ინტერესთა ჯგუფები. მეორე საკითხია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო როგორ ამყარებს ურთიერთობებს სხვადასხვა ჯგუფთან, როგორ ახერხებს გაუძლოს მათ ზეწოლას და გაატაროს ის პოლიტიკა, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად პროფესიული თვალსაზრისით“, – ამბობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობის ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე.

 

მისი აზრით, მთავარი პრობლემა სწორედ ამ ურთიერთობისას იჩენს თავს: „ჩემი ორგანიზაცია წლებია მუშაობს განათლების საკითხებზე, მაგრამ ამ სახელმძღვანელოს სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში ჩვენ არ ჩავერთეთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამინისტრო პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე რეკომენდაციებზე არასდროს რეაგირებს. სამაგიეროდ, რეაგირებს საპატრიარქოსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის რეკომენდაციებზე. სამინისტრო აღმოჩნდა სუსტი საპატრიარქოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამ სისუსტის დასაბალანსებლად ის შეეცადა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებას. ნაცვლად იმისა, რომ სამინისტროს პროფესიული ურთიერთობა აეგო საპატრიარქოსთან და დაერწმუნებინა ის მისი პოზიციის სიმყარეში, უსიტყვოდ მიიღო მისი შენიშვნები“.

 

შალვა ტაბატაძის თქმით, სამინისტრომ საპატრიარქოს ზეწოლით შეცვალა სასწავლო გეგმის სკოლებში შეტანის ვადებიც – „მე და საზოგადოებას“ სწავლება სკოლებში სექტემბრიდან უნდა დანერგილიყო.

 

შალვა ტაბატაძის აზრით, სასწავლო გეგმაში „ლიბერალიზმი“ და „დემოკრატიული ღირებულებების“ ჩაწერა ან არჩაწერა პრინციპულ პრობლემას არ ქმნის, რადგან ამ ღირებულებების გატარებას ისედაც ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სადაც ეს ღირებულებები ჩამოყალიბებულია და განათლების სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

 

„პრობლემა გაჩნდება მაშინ, თუ სამინისტრო ამ ტერმინების ამოღებასთან ერთად გადაუხვევს განათლების საერთო პოლიტიკიდან. სასწავლო გეგმა მასწავლებლებისთვისაა და არა მოსწავლეებისთვის, ამიტომ მათ უნდა იცოდნენ ამ ღირებულებების შესახებ და არ მოახდინონ მისი იგნონირება“, –  ამბობს რესპონდენტი.

 

საპატრიარქოს განმარტებაში წერია, რომ „ლიბერალიზმი“ და „დემოკრატიული ღირებულებები“ მოზარდების პოლიტიკურ ინდოქტრინაციას მოახდენს. მაშინ, როცა თემა – „რისი მჯერა და რისი მწამს“, ჩაანაცვლა ტერმინმა – „რელიგია“.

 

შალვა ტაბატაძის აზრით, „რელიგია და რწმენა“ არის სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი, რადგან ის ჩვენი ცხოვრების ნაწილიცაა, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს არა რელიგიის სწავლება, არამედ სწორედ რელიგიური ინდოქტრინაცია, რომელიც, მისი აზრით, ძალიან თვალშისაცემია დღევანდელ სკოლებში.

 

„სამინისტრო მიიჩნევს, რომ მას სკოლებში ინდოქტრინაციის პრობლემა არ აქვს. პრობლემა არის ეს, რადგან სანამ სამინისტრო არ აღიარებს, რომ ინდოქტრინაცია და რელიგიური დისკრიმინაცია დღეს სისტემური პრობლემაა, არაფერი შეიცვლება. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას სკოლამ“, –  ამბობს შოთა ტაბატაძე. მისი აზრით, ლიბერალური ფასეულობების განვითარება ნიშნავს, რომ მოსწავლეს განუვითარო მრავალმხრივი ხედვა.

 

„სკოლის კულტურა, მისი ღირებულებები იმისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, რომ ვიღაც „მართებულ რელიგიაზე“ მოაქციოს და ამაში ხედავდეს თავის თავს, არამედ იმაში, რომ სკოლამ გაითავისოს განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნება“.

 

რაც შეეხება გენდერული იდენტობის სწავლების საკითხს, შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკითხის სწავლება და ინფორმირება ხელს უწყობს სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას, რადგან რაც უფრო ნაკლებად არის ინფორმირებული მოსწავლე, მით უფრო ადვილია მასზე ზეგავლენის მოხდენა და პირიქით.

 

„განათლებული ადამიანი ნიშნავს მეტ ღიაობას, მეტ თავისუფლებას და ნაკლებ ფობიებს. განათლებულ საზოგადოებაში პრობლემას ხედავენ ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ მართონ საზოგადოება. ბუნებრივია, ასეთი რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფები განათლებულ საზოგადოებაში კონკურენტული ვეღარ იქნებიან“.

 

შალვა ტაბატაძის აზრით, იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც აღნიშნული სახელმძღვანელოს სასწავლო გეგმის შემუშავებაში იყვნენ ჩართულები, რეაგირება უნდა მოახდინონ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე და ხმამაღლა ისაუბრონ მის სისუსტეებზე.

 

საპატრიარქოს განათლების ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერმინები –  „ლიბერალიზმი“  და  „დემოკრატიული ღირებულებები“ სამინისტრომ მათი რეკომენდაციით ამოიღო სასწავლო გეგმიდან. სამინისტროში კი გვეუბნებიან, რომ „მე და საზოგადოებას“ სტანდარტის განხილვა გრძელდება და პროცესს მთლიანად სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტი წარმართავს.

 

„საჯარო განხილვებსა და აქტიურ სამუშაო პროცესში ჩართულია ასევე ყველა დაინტერესებული პირი. სტანდარტი ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ მის საბოლოო სახეზე ვინმეს მხრიდან საჯარო საუბარი, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, –  განაცხადეს სამინისტროში.

 

საპატრიარქოს განცხადებით, სასწავლო გეგმა III-IV-კლასელების მიერ გაკვეთილზე სხვადასხვა სიტუაციის წარმოსახვას გულისხმობს, რაც ოჯახურ და რელიგიურ ფასეულობებს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. მაგალითისთვის მოყვანილია ოჯახური კონფლიქტი, რომლის შესახებაც მოსწავლემ თანატოლების თანდასწრებით უნდა ისაუბროს.

 

განათლების სამინისტროს დოკუმენტში წერია, რომ „მე და საზოგადოებას“ სასწავლო გეგმის განხილვის პროცესში გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ქალთა ფონდი, ასოციაციების წარმომადგენლები, PH intarnationali და მოწვეული ექსპერტები არიან ჩართულნი.

 

ნამდვილად ამოიღო თუ არა ეს ტერმინები საბოლოოდ სამინისტრომ სასწავლო გეგმიდან? ამ კითხვით „ბათუმელებმა“ გაეროს ქალთა ფონდისა და PH ინტერნატიონალ-ის წარმომადგენლებს მიმართა. მათ განაცხადეს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

სახელოვნებო ფესტივალი ბათუმში

 

 

 

პროექტის მასპინძელია  ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა-თერთმეტწლედის დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზი.

 

ნორჩი მხატვრების გამოფენა / ფესტივალის საზეიმო გახსნა დღეს 29 ოქტომბერს 17 საათზეა დაგეგმილი, მცირე დარბაზში. ლაურეატების კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად , ასევე, დღეს გაიმართება  18 საათზე, სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში.

 

მასტერკლასი მხატვრებისთვის  დაგეგმილია ხვალ, 30 ოქტომბერს, 16 საათზე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კერამიკულ სახელოსნოში. გალაკონცერტი ინდივიდუალური სოლოპროგრამით  კი ხვალ, 18 საათზე გაიმართება.

 

ლაურეატების კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  გაიმართება შაბათს, 31 ოქტომბერს,  18 საათზე, დიდ დარბაზში.

 

კონცერტებს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დირიჟორობს შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის საოპერო თეატრის დირიჟორი,  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი   დავით მუქერია.

 

პროექტში ჩართულნი არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მარგარიტა ლონგის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, პიანისტი  ნინო ქათამაძე და ბათუმის არტ-სტუდია „ანდამატის“ ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ლია კასპელაშვილი.

 

საფესტივალო კვირეულში მონაწილეობენ:  თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბორჯომის, გორის, ზესტაფონის, ჩხოროწყუს, ახალქალაქის, ზუგდიდის სამუსიკო, სამხატვრო და სახელოვნებო სკოლები და სასწავლებლები, ასევე მოწვეული მუსიკოსი იტალიიდან, პროფესიონალთა მე-5 ასაკობრივ კატეგორიაში – მაია მურადაშვილი, რომელმაც 2015 წლის მარმარისის საერთაშორისო კონკურსზე მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვა.  

 

ტერნოპოლის ექიმთა დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქალაქ ტერნოპოლის რეგიონული ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვლადიმერ შკრობოტი, ბავშვთა რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გრიგორი კორიცკი და ხანდაზმულთა რეგიონული მუნიციპალური ინტერნატის დირექტორი სტეფანე გლუშკო.


შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე და აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების თავმჯდომარე რამაზ სურმანიძე.


ტერნოპოლელი ექიმების აჭარაში ვიზიტი გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.


უკრაინელი მედიკოსები აჭარაში 4 დღეს დარჩებიან, ამ ხნის განმავლობაში გაეცნობიან ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონული ცენტრის საქმიანობას, ეწვევიან რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოს, ქედის სამედიცინო ცენტრს, აჭარის ონკოლოგიის ცენტრს და წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს. 


ხელვაჩაურის მაჟორიტარი: მურმან დუმბაძის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემდი

 

როსტომ ბერიძე

  ბატონო როსტომ, რა ინტენსივობით ხვდებით ამომრჩეველს და ბოლოს როდის შეხვდით?
ბიუროში ორშაბათობით მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა. გარდა ამისა, მე თვითონ ვარ სოფლელი, ვცხოვრობ სოფელ ორთაბათუმში და ჩემი ცხოვრების მეტი წილი – 30 წელი ხელვაჩაურში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, რაიონს ვიცნობ. ჩემი ამომრჩეველთან კონტაქტი მარტო განცხადების შემოსვლით არ შემოიფარგლება, რადგანაც დეპუტატი გქვია, ადამიანი ეცდება შენთან მოვიდეს, სულ ხალხთან ურთიერთობაში ვარ. მე სხვაგან არ ვცხოვრობ, რომ ხალხთან შეხება არ მქონდეს, მათთან ერთად ვცხოვრობ.
  რა ინფორმაცია გაქვთ თქვენი ამომრჩევლისგან, როგორ მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხალხი კმაყოფილია?

დალხენილი ცხოვრება არ გვაქვს, მაგრამ მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტში, მე ვიტყოდი წარმატებით. სოფლის პროგრამა მუშაობს. მოსახლეობასთან შეხვედრებისა და ჩემთან მომსვლელების მოსმენისას ჩანს, რომ ყველაზე მტკივნეული მიწის რეფომასთან დაკავშირებული საკითხებია. ამ მიმართულებით სირთულეები გვაქვს. ამასწინათ გახლდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არ ვიცი ზუსტად რა ფორმით, მაგრამ ამ წელში აუცილებლად დავიწყებთ მიწების დანაწილებას, რადგან მიწას პატრონი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პლანტაციები, რომლებიც საბჭოთა მეურნეობებს ეკუთვნოდა, ფაქტობრივად, გატყევდა. ეს საკითხები, ბუნებრივია, მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ გადაწყდება. ბატონი არჩილი შეგვპირდა და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩატარდეს რეფორმა და მიწები გაუნაწილონ მოსახლეობას. ამისათვის ჯერ უნდა აღვწეროთ რა ფართობები გვაქვს.

 

 უმაღლესი საბჭოს კანონპროექტი მიწების შესახებ პარლამენტში სახეცვლილი უნდა დაბრუნებულიყო. რომელ უწყებაშია ახლა ეს კანონპროექტი?
  ის კანონპროექტი დაიბლოკა და მიმდინარეობს მისი ჩასწორება. ეს საკითხი თუ არ მოგვარდება, პრობლემები გვექნება, რადგან ხალხისთვის მიწა აუცილებელია. რაც შეეხება გამგეობასა და საკრებულოს _ წარმატებულად მუშაობენ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2013-2014 წლებში ხელვაჩაურში 75 კილომეტრამდე გზა გაკეთდა, ამ დღეებში კიდევ 30 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს. გარემონტდა ოთხი ბაღი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები რვა ბაღში. აშენდა ორი ახალი ბაღი და კიდევ ხუთი ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბაღის მშენებლობა იგეგმება სოფელ მახოშიც. ხალხისთვის მტკივნეულია გაზიფიცირების თემაც. “სოკარისგან” გვაქვს პირობა, რომ ამ წელში 2700 აბონენტი უნდა ჩართონ სისტემაში, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოხერხდება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენ ოჯახსაც გაზი ექნება, იმდენი ხე გადარჩება. რა არის მთავარი საკითხები სოფელში? – დენი, გაზი, წყალი. პროექტი მზად არის უკვე და მომავალი წლიდან იგეგმება მტირალას ძირიდან წყლის გამოყვანა – რამდენიმე სოფელს წყლის პრობლემა მოეხსნება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე 5 მილიონის სამუშაოები ჩატარდა, გაკეთდა და გარემონტდა სათავო ნაგებობები, მაგისტრალები და ასე შემდეგ.

 

 რამდენად ხარისხიანად ტარდება ეს სამუშაოები, ამაზე გაქვთ ინფორმაცია?
 ამაში მოსახლეობაცაა ჩართული, როცა კაცი თავის გზაზე მუშაობს, ეცდება ის როგორმე ნორმალურად გაკეთდეს. რაც შეეხება ბაღებს, არ იქნება წესიერად აშენებული, არ ჩაბარდება.
  ინფრასტრუქტურული პროექტები ჩამოთვალეთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, რაც ხელვაჩაურის მაჟორიტარი ხართ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა გაკეთდა ამ მუნიციპალიტეტში ამომრჩევლისთვის, რას გამოარჩევდით?
 


გზებსა და წყალს დავასახელებდი, რადგან გაზიფიკაციის პრობლემაზე მუშაობა ახლა იწყება. ამ წელს თუ 2400 აბონენტი გაზს მიიღებს, ეს უკვე კარგია. საკეთებელი სულ იქნება. ვცხოვრობთ და ცხოვრებას ახლავს პრობლემები. სალიბაურის სკოლაც ერთ-ერთი დიდი საქმეა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლს, გაქვთ ინფრომაცია როგორ იხარჯება თქვენი ამომრჩევლის ფული?
ბიუჯეტი სწორად იხარჯება. ტენდერის თემა ისეთი თემაა, რომ ამ საკითხში ჩახედული ვერ ვარ. მგონია, შეუძლებელია ტენდერის შემთხვევაში რამე არასწორად გაკეთდეს. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
 ძირითადად რა საკითხებზე მოგმართავთ ამომრჩეველი?
  როგორც გითხარით, ძირითადად, მიწის საკითხები აინტერესებთ. ზოგს მონაცვლეობა სჭირდება, დაემეწყრა ოჯახი და ამას ვერ აგვარებს, რადგან კანონი არ იძლევა ამის საშუალებას, ან მოქალაქე სარგებლობს ნაკვეთს და არ აქვს კანონიერ მფლობელობაში.
  გასულ კვირას მოსახლეობა მაჭახლის ხეობაში, მდინარე მაჭახელაზე ჰესების შესაძლო მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. მიმდინარე პროექტსაც მდინარე ჭოროხზე ბევრი გაუგებრობა და მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. იქ მათი უფლებების დაცვა თქვენს მოვალეობებში შედის?


დაპირისპირება უკავშირდება იმას, რომ გლეხს მიწა ფაქტობრივ საკუთრებაში ჰქონდა, მაგრამ ძველი მეპატრონე შეიძლება ყოფილიყო სხვა გვარის კაცი, ამან გამოიწვია დაპირისპირება. იყო შემთხვევები, როცა მდინარეში მოქცეულ ფართობზე ითხოვდნენ კომპენსაციას, მოსახლეობა რაღაც ნაწილში მართალია, რაღაც ნაწილში კი გასარკვევია რა ხდება.
 ხელვაჩაურში საუბრობენ, რომ საპარლამენტო საქმიანობის დასაწყისში გამგებლის კაბინეტში ხშირად გხედავდნენ და თითქოს საკადრო პოლიტიკაში ჩაერიეთ მას, რომელმაც თქვენი ბევრი ნათესავი დაასაქმა…


ერთი ფაქტი დამისახელონ, როცა მე მივიღე გადაწყვეტილება.


ითქვა, რომ თქვენი გავლენები შესუსტდა მას შემდეგ, რაც მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეთ. ამის გამო საყვედური მიიღეთ პარტიიდან?

არავისგან საყვედური არ მიმიღია. კაცი ვარ და ასე უნდა გამეკეთებინა, როგორც მე ჩავთვალე, მართალი როგორც იყო. მურმან დუმბაძეს ვიცნობ მე როგორც კარგ ქართველს და აქედან გამომდინარე მე მის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემდი. მასთან ვმეგობრობ, ვახლობლობ და მეგობრობა მე ასე მესმის.
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ მურმან დუმბაძის ხელდასმით გახდა ეს ხალხი უმაღლესი საბჭოს წევრი. იმ პერიოდში მურმან დუმბაძე მათთვის ავტორიტეტი იყო, მას უსმენდნენ, საარჩევნო სიებში მოხვდნენ და მოვიდნენ უმაღლეს საბჭოში. თუ შეიძლებოდა შემდეგ შერიგება, რატომ არ შეიძლებოდა მურმან დუმბაძესთან ერთად შერიგებულიყვნენ? _ როცა მურმან დუმბაძე გაირიცხა პარტიიდან, მეორე დღესვე ყველა შეურიგდა ერთმანეთს, ძმები და მეგობრები გახდნენ. ახლა ყველა მართალი დარჩა და მურმან დუმბაძე გამოიყვანეს მტყუანი. ადამიანი უნდა იყო მართალი შენს ქცევებში, ამას როგორც ერთი მოქალაქე გეუბნებით და არა როგორც დეპუტატი.
  რაც შეეხება საკანონმდებლო საქმიანობას პარლამენტში, რა კანონპროექტებზე მოგიწიათ მუშაობა?
  ჩემი ინიცირებით პარლამენტში კანონპროექტი არ ყოფილა, მაგრამ აქტიურად ვიმუშავე კანონზე კოოპერაციის შესახებ, ასევე მთის კანონზე.
  თვითონ როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას, მიიღებთ იმდენ ხმას, რომ კვლავ გახდეთ დეპუტატი?

ეს ხალხის გადასაწყვეტია, მე მწამს ერთი რამის, რომ წინ უნდა ვიხედებოდეთ და უკეთესი გვჭირდება. როსტომ ხალვაშზე უკეთესი იქნება, უკეთესი უნდა მოვიდეს. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვარ ჩემს ამომრჩეველთან.

მოსამართლე 4 თევზის დამჭერზე: ”ვფიქრობ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა”

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლემ სასამართლო პროცესის დაწყებისას ბრალდებულის ვინაობა დაადგინა, შემდეგ კი ბრალი განუმარტა: სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, მანქანის მართვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია… მოსამართლე თეიმურაზ ქათამაძეს პროკურორმა შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო თევზჭერას ნიშნავს. მოსამართლემ ამის შემდეგ კოდექსი გადაშალა და ბრალდებულს განუმარტა, თუ რას ითვალისწინებდა ეს მუხლი – მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2 კილოგრამი და 300 გრამი თევზი ჭოროხზე ე.წ. ეკრანბადით დაიჭირა, რითაც სახელმწიფო 47 ლარითა და 15 თეთრით აზარალა. ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის სახით გირაოს – ორი ათასი ლარის გადახდა დააკისრა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

 

ბრალდებული ამ თანხას ვერ იხდის, რადგან ის არ მუშაობს, მის ოჯახს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ, სავარაუდოდო, მას ისევ დააკავებენ.
როგორც სასამართლო პროცესზე საიას ადვოკატმა, პაატა დიასამიძემ განმარტა, ბრალდებულის დედა ავადაა, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, თუმცა მას იმიტომ ვერ მკურნალობენ, რომ ოჯახს ფული არ აქვს. ადვოკატმა სწორედ ბრალდებულის სოციალური მდგომარეობის გამო მოითხოვა გირაოს გაუქმება: “ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ უცდია მიმალვა და საქართველოს საზღვრის დატოვება”.

 

მოსამართლემ და პროკურორმა სასამართლო დარბაზში განმარტეს, რომ ბრალდებულის დედის ავადმყოფობა ამ საქმესთან არავითარ შემხებლობაში არ არის. “თანაც შეუძლია ოჯახს უძრავა ქონება, სახლი დააყადაღოს”, – თქვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა.
მშობლების სახლის იპოთეკით დატვირთვა უკვე სცადა ბრალდებულმა, მაგრამ ქონება საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული, ამიტომაც ბანკებმა უარი თქვეს სახლის იპოთეკით დატვირთვაზე.
მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშვედ? – ბრალდებულმა უპასუხა, რომ არა. ადვოკატმა კი განმარტა, რომ თევზჭერის ფაქტს ისინი არ უარყოფენ. `ჩვენ სადავოდ არ ვხდით თევზის დაჭერის ფაქტს. სახელმწიფოსთვს მიყენებული ზიანი, რომელიც შეადგენდა 47 ლარსა და 15 თეთრს, ბრალდებულმა უკვე აანაზღაურა. მისი ქმედება შესაძლოა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული გადაცდომა, ის არ შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, არასწორად მინიჭებული კვალიფიკაცია კი ამძიმებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, ამიტომ ჩვენი თხოვნაა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა”, – უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

 

“საფუძველს მოკლებულია ადვოკატის შუამდგომლობა”, – პროკურორის ეს შეფასება გაიზიარა და გაიმეორა მოსამართლე თეიმურაზ ქათამაძემაც. მისი აზრით, საქმის შეწყვეტა მტკიცებულების გამოკვლევის გარეშე არგუმენტს მოკლებულია. თუმცა, წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლეები ყოველთვის განიხილავენ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს, მაგალითად, გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორედ წინასასამართლო სხდომაზე შეწყვიტა ბრალდებულის დევნა.

 

შემდეგი სასამართლო პროცესი 4 ნოემბერს ჩაინიშნა. მოსამართლემ სხდომის ბოლოს თქვა, რომ მისი ვარაუდით სასამართლო ამ საქმეზე გამამატყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ნიკო ბერიძე: პატარა ქვეყანაში შოუ-ბიზნესი არ ხარობს

 

ნიკო ბერიძე
ნიკო ბერიძე

ვინ არის ნიკო ბერიძე?

 

ნიკო ბერიძე არის ნიკო ბერიძე.

 

თუ გახსოვთ პირველად რამდენი წლის ასაკში იმღერეთ?

 

თუ არ ვცდები 5 წლის ასაკში სახლში,სახლში ოღონდ რა სიმღერა იყო ზუსტად არ მახსოვს თუ არ ვცდები სიმღერა მულტფილმიდან “საზამთრო”

 

პირველად როდის წარსდექით ფართო  აუდიტორიის წინაშე?

 

7 წლის რომ ვიყავი კონკურსში მივიღე მონაწილეობა ბათუმში და გავიმარჯვე

 

თქვენი პირველი სიმღერა რომელიც ტრამპლინი გახდა თვენს ცხოვრებაში?

 

ბავშვობის პერიოდს თუ ვიგულისხმებ, იყო ლუჩიო დალას კარუზო და შემდეგ  იესოს არია  ოპერიდან  – jesus christ superstar.   

 

წერთ თუ არა სიმღერებს?

კი, მაქვს რამდენიმე, რომლის ჩაწერასაც ვგეგმავ მალე. ერთი უკვე მზადაა. ასევე ვწერ მუსიკას სატელევიზიო ტიხრებისათვის, გადაცემის ქუდებისთვის. ვმუშაობ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში, თუმცა ახალი დაწყებული მაქვს სიმღერის წერა და ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდები.

 

რომელია ქართველი და შემდეგ უცხოელი კომპოზიტორი, რომლის სიმღერასაც სიამოვნებით შეასრულებდით?

 

ალბათ საკუთარს, იმიტომ რომ არასდროს არ შემისრულებია

 

როგორ შეფასებას გააკეთებთ ქართულ შოუბიზნესზე?

 

არც ერთ პატარა ქვეყანაში შოუ-ბიზნესი არ ხარობს, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი

 

მოგწონთ თუ არა მუსიკალური კონკურსები და აპირებთ თუ არა მომავალში მონაწილეობის მიღებას?

 

ერთის მხრივ კარგია ეგ პროექტები, იმიტომ რომ თუ ვარგიხარ,  წამებში პოპულარულს გხდის. მეორეს მხვრივ, თუ ცუდია, იმით, რომ თუ არაა გამოცდილი ოდნავ მაინც ამ საქმეში ადამიანი, ზარმაცდება და ავიწყდება, თუ რა შრომა, ჟინი და ოფლი ჭირდება იმას, რომ მუსიკოსად შედგე და აკეთო საკუთარი მუსიკა, იყო ის ვინც ხარ და არ იყო” cover მონა” (მე არ ვამბობ რომ ქავერები არ უნდა იმღერო)  სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების მონა. სამწუხაროდ დღეს უმრავლესობა ასეა. მონაწილეობის მიღებას რაც შეეხება  –  არა, იმიტომ, რომ მე მეყო ის, სადაც ვიყავი და დღესაც მყოფნის, თუმცა იყო შემოთავაზებები უკრაინის X   ფაქტორიდან და ქართული voice–დან. ამაო პოპულარობა აღარ მჭირდება, ახლა  საკუთარი რეპერტუარით წავრსდგები ფართო მსმენელის წინაშე და პოპულარობა, რომელიც მომიტანა პროექტმა, დღემდე მყოფნის და მაქვს, ნამდვილად არ მიღირს კიდე რომელიმე პროექტში მონაწილეობის მიღება.  ვერ ვხვდები, ამას რატო აკეთებენ ისინი, ვინც ნამყოფი არიან სხვადასხვა პროექტში.

 

ყველაზე გამაღიზიანებელი ჭორი რაც საკუთარ თავზე გაგიგიათ…

 

ჭორები  არ მაღიზიანებს საერთოდ, უფრო ვერთობი და ვხალისობ მაგ ამბავზე…  არ ვიცი რომელი გითხრა.

 

რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად?

 

თავისუფლებას, ერთგულებას, პირდაპირობას, „არავაზელინობას“, „არაპეროობას“ შეგრძნებების ქონას

 

იცხოვრებდით თუ არა სხვა ქალაქში?

 

უბრალოდ დროებით შევცვლიდი ხოლმე ქალაქებსა თუ ქვეყნებს…  ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადაც ვარ, ცუდად ვარ.

 

დაწერთ ბათუმზე როდესმე სიმღერას?

 

არა მგონია დავწერო, იმიტომ რომ მსგავსი შინაარსის მქონე სიმღერები არ მიზიდავს ქალაქებზე და ქვეყნებზე.  “ეეხ ბათუმი” დაწერილია, ეყოფა ამ ეტაპზე.

 

რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

 

როგორც გითხარი, საკუთარი სიმღერების ჩაწერა და რამდენიმე გასტროლი.

 

და ბოლოს, რას ეტყვით თქვენს მსმენელს?

 

თქმით არაფერს ვეტყვი, ამჯერად მუსიკა ეტყვის ზოგადად.

 

”ქალაქი წყალზე” – სალომე ბენიძის პროზაული კრებულის პრეზენტაცია ბათუმში

 

„ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და, მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა, ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ თავზე. „ქალაქი წყალზე“ დავწერე ყველა ბიჭისთვის, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს, თუმცა, ალბათ, იმ ბიჭებისთვისაც დავწერე, რომლებსაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად ბიძგი სჭირდებათ. უფრო მეტიც – დავწერე იმ ბიჭებისთვისაც, ვინც მცდარი ნაბიჯი უკვე გადადგა,“ – აღნიშნულია წიგნის ელექტორნული ვერსიის ანოტაციაში. 

 

“ქალაქი წყალზე” წარმოადგენს რამდენიმე მოთხრობისაგან შემდგარ კრებულს, რომელსაც ერთი საერთო ხაზი აერთიანებს. წიგნში მოთხრობილია შვიდი ქალის ცხოვრების, ტკივილის, სიყვარულის, ბრძოლისა და ბედნიერების ისტორია, მისტიკური და იდუმალებით მოცული ელფერით. კრებული 2015 წელს გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“. 


პრეზენტაციაზე წიგნის შეძენა, 9.9 ლარის ნაცვლად, 7 ლარად იქნება შესაძლებელი. 


სალომე ბენიძემ უარი თქვა წიგნიდან მიღებულ საავტორო ჰონორარზე და თანხას მთლიანად გადასცემს ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს.


უზენაესმა სასამართლომ შს სამინისტროს საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

შს სამინისტრომ უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისს მიმართა საჩივრით და მოითხოვა სასამართლოს მეორე ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ შს სამინისტროს პრემიების შესახებ უწყებაში დაცული ინფორმაციის „ბათუმელებისთვის“ მიწოდება დაავალა.

საკასაციო საჩივარში შს სამინისტრო წერს: „სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პოლიციის შესახებ კანონით პრემია წახალისების ერთ-ერთი ფორმაა. ამასთან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები ამ პირის თანხმობის გარეშე“.

გაზეთმა „ბათუმელებმა“ შს სამინისტროსგან პრემიების შესახებ ინფორმაცია, თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მითითებით, 2013 წლის ბოლოს გამოითხოვა. ინფორმაციის ვერმიღების შემდეგ, 2014 წლის თებერვალში, რედაქციამ  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ 2015 წლის 27 თებერვალს მოახერხა და “ბათუმელების” საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – დაავალდებულა პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა. თუმცა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, შს სამინისტრომ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, სადაც სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შს სამინისტროს საჩივრი დასაშვებად არ ცნეს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებმა – ვასილ როინიშვილის, ლევან მუსერიძისა და მაია ვაჩაძის შემადგენლობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს საერთო სასამართლოებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

წყლით დამზადებული ფაფა 7 თვის საბასთვის – მარტოხელა დედა ”ჰუმანას” ვერ ყიდულობს

7 თვის საბას და 3 წლის ნინის დედა, 25 წლის ქრისტინე, მარტოხელა დედაა. იგი ამბობს, რომ ბავშვების მამა, რომელსაც სხვა ქალაქში ჰყავს ცოლ-შვილი, თურქეთში მუშაობს და ყოველთვიურად ბინის ქირას – 70 ლარს და მცირე საარსებო თანხას უგზავნის. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი, აუცილებელი თეთრეული და ნინის რამდენიმე ძველი თოჯინა ქრისტინეს ოჯახის ერთადერთი ქონებაა.

ნინი, საბა და ქრისტინე

„70 ლარს ვიხდით ამ ოთახში. 60 ლარი ბინისაა, 10 ლარი – შუქის და გაზის. მე არ ვმუშაობ, ბავშვებს ხომ უნდა მოვუარო. ნინი ჯერ სამი წლისაც არ არის, ბაღში რომ შევიყვანო. ბავშვების მამა იხდის ოთახის ფულს. ცოტა ხნის წინ 20 დღით თურქეთში ვიყავი წასული სამუშაოდ, სხვა გზა არ იყო, ბავშვები „ხაზაიკას“ დავუტოვე. უცებ ვირუსი შეეყარა, გაცივდა საბა და საავადმყოფოში მოვხვდით. ხუთი დღე იწვა საბა რეანიმაციაში, ერთი დღე – პალატაში. ექიმმა ანემიის ნიშნებიაო, ჰემოგლობინი ჰქონდა ძალიან დაბალი. „ჰუმანას“ ყიდვის საშუალება რომ არ მქონდა, საბას მოხრაკულ ფქვილს და ბრინჯის ქაშს ვაჭმევდით, წყალში მოხარშულს“, – ამბობს ქრისტინე.

საბას ექიმმა „ჰუმანას“ ფაფა გამოუწერა, მაგრამ ქრისტინემ არ იცის, როგორ იყიდის. მას ბავშვების მამის გამოგზავნილი თანხის გარდა, სხვა შემოსავალი არა აქვს, ერთი კოლოფი „ჰუმანა” კი, რომელიც ბავშვს 2-3 დღეს თუ ყოფნის, 10 ლარამდე ღირს. საავადმყოფოში საბას, რომელიც მანამდე მხოლოდ წყალზე დამზადებულ ფაფას ჭამდა, „ჰუმანას“ აჭმევდნენ და ქრისტინე ამბობს, რომ ბავშვმა საავადმყოფოში წონაშიც კი მოიმატა.

ქრისტინე სოციალურ დახმარებას არ იღებს, მიუხედად იმისა, რომ მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამბობს, რომ არ მიუმართავს სახელმწიფოსთვის დახმარების სათხოვნელად: „არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, სად უნდა მივიდე, ვის უნდა ვთხოვო დახმარება ან დამეხმარებიან თუ არა. ამ ოთახში 6 თვეა ვცხოვრობ, მანამდე ოზურგეთში ვცხოვრობდი, საბაც იქ დაიბადა.“

ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ნინისაც, რომლის ფეხები სწორად არ ვითარდება. ქრისტინემ არ იცის ბავშვის ზუსტი დიაგნოზი: „პირველ რიგში ნინიკოს ფეხებზე მაქვს მისახედი. გვიჯოო – ასე უძახიან მგონი ამას. მითხრეს, გამოლოცვა ეყოფაო, მყავდა გამომლოცავი, ზინა ჰქვია ქალს, გამოვულოცეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცი… ექიმს ვაჩვენეთ ახლა, საბა რომ იყო საავადმყოფოში. თავისითაც შეიძლება გაუსწორდესო – თქვა. ზოგი ამბობს, თუ არ მიხედე, თავისით არ გასწორდება, შეიძლება ოპერაციაც დასჭირდესო“.

ნინის რამდენიმე, ძველი თოჯინა ოთახში,კედელზე ჰკიდია. დედის საუბარს იგი წყნარად ისმენს და პერიოდულად საუბარშიც გვერთვება რეპლიკებით. კითხვაზე, რა ჰქონდა დღეს ნინის სადილად, ქრისტინე ამბობს, რომ „წვნიანი“.

ნინის ყველაზე მეტად ფოტოაპარატის ციფრულ ეკრანზე საკუთარი გამოსახულების დანახვა ამხიარულებს და თვითონაც ცდილობს ღილაკს ხელი დააჭიროს და ფოტო გადაიღოს.

 

ქრისტინეს ოჯახი, დედ-მამა, დები და ძმა ქობულეთში ცხოვრობენ. ერთი წელია რაც ოჯახი ქრისტინეს არ ელაპარაკება, მათ არც საბას ავადმყოფობის შესახებ იციან. ქრისტინე ამბობს, რომ უთანხმოების მიზეზი მშობლების უკმაყოფილება გახდა ბავშვების მამასთან: „მათ რომ ჰკითხო, ჩემი ქმარია პრობლემა, მაგრამ ჩემი ქმარი მათი პატივისცემის მეტს არაფერს აკეთებდა, ხუთი წელია ერთად ვართ. მაშინ ცოლს გაშორებული იყო, მაგრამ შემდეგ შერიგდნენ. იქეთაც დადის და აქეთაც. ახლა თურქეთშია სამუშაოდ. იქეთ ორი ბავშვი ჰყავს“.

ქრისტინე 16 წლის იყო, როცა 27 წლის მამაკაცმა მოიტაცა. ქმარს 19 წლის ასაკში გაშორდა და ქმრის ოჯახში ორი შვილის დატოვება მოუხდა. ქრისტინე ამბობს, რომ ამის მიზეზი მისი მშობლები გახდნენ, რომელთაც არ სურდათ ბავშვები მას წამოეყვანა.

ახლა ქრისტინეს მთავარი საზრუნავი საბასთვის „ჰუმანას“ ყიდვაა. „ბავშვების მამასაც არა აქვს იმის საშუალება, რომ დაგვეხმაროს უფრო მეტად, მას არაფერში ვადანაშაულებ. თურქეთში გავიცანით ერთმანეთი, მე სამზარეულოში ვმუშაობდი, ის – მუშად. იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ყველაფერი სერიოზულად იყო. ერთადერთი იმაზე მტკივა გული, თუ ცოლთან შერიგებას აპირებდა, ხომ შეეძლო არც მე გავემწარებინე და არც მისი ცოლი“.

ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების გავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე

 

ძირითადი მომხსენებლები არიან: 

ირაკლი მაჭარაშვილი, გარემოს დაცვის სპეციალისტი, ასოციაცია“მწვანე ალტერნატივა“;

ვახტანგ წულაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი;

საშა ხორავა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი.

მოდერატორი: ნატა იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი. 

 

დასწრება თავისუფალია.

 

დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.  მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 62-64


ბიოლის ფონდი
ბიოლის ფონდი

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩიდან გოგებაშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთამდე მოძრაობა შეზღუდულია

 

მერიის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია გოგებაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცალმხრივი იქნება.

სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს.  




”ხელისუფლება კრიმინალს ახალისებს” – ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში

 

რაულ თავართქილაძე
რაულ თავართქილაძე

„იმ დროს, როდესაც ხელისუფლების მიერ მართული კრიმინალები თავს ესხმიან ჩვენი პარტიის ოფისს,  პარტიის წევრებსა და მათ ოჯახებს, გაუხსნელია ეს საქმეები და ნიღბიანი პირები თავისუფლად დაპარპაშებენ ქალაქში, ეს იწვევს უკუშედეგს და  ახალისებს კრიმინალს.  


ამის ნათელი მაგალითია ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები. ზედიზედ ორი ყაჩაღობა მოხდა ქობულეთში. გაზგასამართ სადგურს დაესხნენ თავს ყაჩაღები, სასტიკად გაუსწორდნენ თანამშრომლებს და მეორე ფაქტი: ვალუტის ჯიხურს თავს დაესხნენ და წაიღეს 15 000 ლარი.  

 

ვანდალური ფაქტი მოხდა გუშინ ბათუმში, 26 მაისის პარკში.  გარეგანათების ნათურები მთლიანად განადგურებულია პარკში და ვფიქრობ, რომ ეს, ზედიზედ მომხდარი დანაშაული, იმის შედეგია, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ მოქმედებს, კრიმინალების დაკავება ვერ ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ დროულად მოხდეს აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების დაგდენა-დაკავება და მათი პასუხისგებაში მიცემა,“ – განაცხადა რაულ თავართქილაძემ. 

აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

 

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. 


ღონისძიება 30 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება ყინულის სასახლეში. ცერემონიას გახსნიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, აჭარის მოქმედი საკონსულოების გენერალური კონსულები, ქალაქ ბათუმის მერი. 


გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია 12-დან 18 საათამდე. 


Agro Batumi 2015 მეხუთედ იმართება.   მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად რეკლამირებაც გაუწიონ.


გამოფენის თანაორგანიზატორები არიან: აჭარის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის ტელევიზია. 

 



”რეფორმა”, როგორც პრობლემის მფარველი


<!** Image 1 align="left" alt="გიორგი ბაგრატიონი" sub="გიორგი ბაგრატიონი" width="400" height="3000" >თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ სტუდენტების პოზიციების, მოთხოვნების, ინტერესების გათვალისწინება რაღაც დოზით ყოველთვის ხდებოდა, ვინაიდან მეტნაკლებად ყველა აღიარებდა არსებულ პრობლემებს, თუმცა შედეგი ის აღმოჩნდა, რომ დიდი ნაწილი ნაბიჯსაც არ დგამდა ამ პრობლემების გადასაჭრელად და მივხვდი, რომ ეს თანხმობა რეალურად სტუდენტების ხმის ჩახშობას და დროის გაწელვას ემსახურებოდა. მეტიც, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ უნივერსიტეტში მუშაობა იმ მიმართულებით კი არ მიდის, რომ სტუდენტებთან დიალოგის რეჟიმში მოხდეს არსებულ პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიება, არამედ არსებული პოლიტიკა, მიმართულია იმისკენ, რომ ამ „ხმაურიანი“ ჯგუფების მარგინალიზება და გარიყვა მოხდეს, რათა უკეთ განხორციელდეს ის „პოლიტიკა” რომელიც დღეს არის უნივერსიტეტში.

 

გარდა იმისა, რომ დღეს უნივერსიტეტი ისევ გარედან იმართება, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება ხარისხის ასამაღლებლად, უნივერსიტეტის დიდ პრობლემად ისევ რჩება სამეცნიერო მიმართულებით განვითარება, სტუდენტი დღეს განიხილება როგორც შემოსავლის წყარო, როგორც პოტენციური მუშაკი ბაზარზე და არა ცოდნის შემქმნელი და ასე შემდეგ, დღეს უნივერსიტეტში გვაქვს ახალი პრობლემა, ეს არის “რეფორმები” რომელიც თითქოს ხარისხის გაზრდაზე არის ორიენტირებული, და ეს “რეფორმები” ეხება სალექციო და სასემინარო საათებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.


უნივერსიტეტში მართლაც არსებობს იმის პრობლემა, რომ სტუდენტთა ერთი ნაწილი არ ესწრება ლექციებისა და სემინარების ერთ ნაწილს, მაგრამ ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს ეხება კონკრეტული ლექტორების მიერ წაკითხულ ლექციებს და კონკრეტული პროგრამების მიერ დადგენილ სალექციო კურსებს.


სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რექტორისა და აკადემიური საბჭოს შეთანხმებით, (თუმცა როგორც ირკვევა სრული თანხმობა არ არსებობდა) შეიქმნა ახალი „რეფორმა“, რომელიც ავალდებულებს სტუდენტს დაესწროს ლექციების 1/2-ს, ხოლო რაც შეეხება სასემინარო მუშაობას, სტუდენტი ვალდებულია მიიღოს ნიშანი ყველა სემინარული მუშაობისას, რაც უფრო და უფრო მეტად ახდენს სტუდენტთა ორიენტირებას ნიშანზე და არა ხარისხზე და მეტად ხდის მიჯაჭვულს სისტემაზე, საბოლოოდ კი პრობლემა პრობლემად გვრჩება, ვინაიდან ის, რასაც ეს რეფორმა ებრძვის, არ წარმოადგენს პრობლემის სათავეს და არსებული ცვლილება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტში არსებული პრობლემის, ამ შემთხვევაში ლექციაზე დასწრების დაბალი ხარისხის გადაფარვას და „იდეალური“ და წარმოსახვითი მდგომარეობის შექმნას.


ეს „რეფორმა“ ებრძვის პრობლემის შედეგს და არა პრობლემას. მსგავსი მიდგომებით კიდევ უფრო ვუახლოვდებით საზოგადოებას, რომელიც გახვრეტილ ნავში ზის და ცდილობს, რომ წყალი ამოტუმბოს, რათა არ ჩაიძიროს, თუმცა წყლის დონე არასოდეს იკლებს, არავის უფიქრია, რომ პრობლემის სათავე, ანუ ხვრელი დაეფარათ, რომ წყალი აღარ შემოსულიყო. ამ შემთხვევაში ხვრელი არის ის ძირეული პრობლემები, რომლებიც უნივერსიტეტში დგას, დღევანდელი რეფორმა კი ტუმბო, რომელსაც უნივერსიტეტი იყენებს იმისათვის, რომ არ ჩაიძიროს. ყოველივე ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ პრობლემას ის კი არ წარმოადგენს, რომ სტუდენტები არ ესწრებიან ლექციებს, არამედ ის, თუ რატომ არ ესწრებიან, სწორედ ამ პრობლემების კვლევის გარეშე და გაუთვალისწინებლად არის მიღებული არსებული გადაწყვეტილება, თუმცა ვფიქრობ, ეს პრობლემები ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ აღიარება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.


რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, ვფიქრობ, ორ ძირითად პრობლემასთან გვაქვს საქმე:


პირველი: ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებებზე, კონკრეტული ლექტორების მიერ წაკითხულ ლექციებს, რომელიც არის დიდწილად არაფრისმომცემი, უინტერესო და სრულიად დაცლილი თანამედროვეობისაგან თუ მეცნიერებისაგან. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მიდგომები, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება სალექციო თუ სასემინარო მუშაობის დროს. აგრეთვე, ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს  არასწორად განსაზღვრული სალექციო კურსები, ასევე შესაძლო დამთხვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არსებობს საგნის ხელმეორედ გავლის შემთხვევაში ან თავისუფალი კომპონენტების გავლის შემთხვევაში.


 უნივერსიტეტი უნდა ეცადოს სწორედ ეს ძირეული პრობლემები გაანალიზოს და მიმართოს ქმედით ნაბიჯებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.


რაც შეეხება არსებული რეფორმის იმით გამართლებას, რომ სტუდენტთა ერთი ნაწილი არც კი ითხოვს უკეთესს და საერთოდ არ აინტერესებს სწავლა, მაშინ მე მინდა გითხრათ, რომ თუკი თქვენ აღიარებთ ამ სეგმენტის არსებობას უნივერსიტეტში, ესეც საუნივერსიტეტო და ზოგადად განათლების არსებული სისტემის შედეგია, რომელიც ორიენტირებულია რაოდენობაზე და არა შედეგზე. და მაინც, თუკი არსებობს აუცილებლობა და მოითხოვს ვინმე, რომ უკეთ იქნას დასაბუთებული არსებული ეს მოსაზრება, მე პირადად მზად ვარ, ვინაიდან არსებობს კონკრეტული მაგალითებიც, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს რეალობას.


მეორე: რაც შეეხება მეორე პრობლემას, ის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია და  ეხება საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას. ბუნებრივია, ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ სტუდენტი უნდა ისმენდეს ლექციას და ბოლომდე უნდა იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, (თუმცა მეორე საკითხია ის, თუ რამდენად მოდის შესაბამისობაში არსებული საგანმანათლებლო პროცესი სასურველ ხარისხთან), მაგრამ არ შეიძლება ვისაუბროთ ამ საკითხზე ცალსახად და არ გავითვალისწინოთ ის, რომ დღეს უამრავი სტუდენტი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულია იმუშაოს, სწორედ იმისათვის, რომ ისწავლოს, უარეს შემთხვევაში კი ოჯახის რჩენაც უწევს და ამ ყოველივეს გაკეთება უწევს სასწავლო პროცესის პარალელურად, იმ ლექციების გაცდენის ხარჯზე, რომელშიც თავისი ნამუშევარი თანხა აქვს გადახდილი.


რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ტვირთი სტუდენტისათვის? ამ პრობლემის მოგვარების გზა კონკრეტულ შეზღუდვებზე კი არ გადის, არამედ იმ ქმედებებზე, რაც იდეაში უნდა კეთდებოდეს უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი უნდა იკვლევდეს და აფასებდეს არსებულ რეალობას, მათ შორის საზოგადოების სოციალურ ფონსაც და უნდა სახავდეს არსებული პრობლემების მოგვარების გზებს, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს სახელისუფლებო დონეზე. სწორედ ამიტომ ითხოვს სტუდენტთა ერთი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რათა უნივერსიტეტი არ იყოს ორიენტირებული სტუდენტთა რაოდენობაზე, როგორც შემოსავლის წყაროზე. სტუდენტს შეუმსუბუქდეს ტვირთი, რომელიც მაღალი გადასახადით არის განპირობებული და უნივერსიტეტს ჰქონდეს საკმარისი რესურსი, რათა განვითარდეს. უნივერსიტეტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს და ვერ გაატარებს რეფორმებს იმ მოვლენებისა და პროცესების უგულებელყოფის ხარჯზე რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.


და ბოლოს. მე არ მჭირდება სისტემის იძლება იმისათვის, რომ დავესწრო ლექციებს, მივიღო განათლება, მე არ მჭირდება შეხსენება თუ რისთვის ვარ უნივერსიტეტში, მე მჭირდება ის, რასაც ვითხოვ, (და არამარტო მე) როგორც რიგითი სტუდენტი: ეს არის საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, რომელიც არ იქნება დამოკიდებული დოგმატური ცოდნის გადმოცემაზე, რომელიც არ აიძულებს სტუდენტს იფიქროს ნიშანზე და არა ცოდნაზე, რომელიც მისცემს ლექტორს საშუალებას სამუშაო საათი მოახმაროს ლექციაზე გაზიარებული ცოდნის პრაქტიკულ გაჯანსაღებას, რომელიც ორიენტირებული იქნება სწავლის მეთოდზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ინფორმაციის გაზიარებაზე და ახალი ცოდნის დაბადებაზე და რომელიც იქნება მეცნიერებასთან შეჯერებული. ამიტომ მივმართავ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს და პირებს, რომ გაითვალისწინონ ყველა არსებული ფაქტორი, რაც მოქმედებს დღეს განათლებაზე, გაითვალისწინონ სტუდენტთა ინტერესები, გაითვალისწინონ უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა ზოგადად საზოგადოების წინაშე და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.


მარტივად შესაძლებელია არსებული განცხადების გამოყენება სხვადასხვა პოზიციიდან და ამის მაგალითებიც არსებობს. სტუდენტებს, რომლებიც ყოველთვის მოწინააღმდეგეები იყვნენ სისტემური, ხელოვნური რეფორმების და ითხოვდნენ რეალურ ქმედებებს, ხშირ შემთხვევაში „ოროსნების“ სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და არ გამიკვირდება „ვიწრო წრე“ ამ სტატუსს მეც თუ მომანიჭებს.


ბუნებრივია არ დავიწყებ ჩემი პოზიციის მტკიცებას მათ წინაშე, უბრალოდ შევეცდები ავხსნა, თუ რაში მდგომარეობს რეალური პრობლემა და რატომ არის აცდენილი დღევანდელი რეფორმა ძირეულ საკითხებს.



ვინ არიან საპროკურორი საბჭოს წევრები

 

საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები არიან: მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი გიგა ძნელაძე, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა, რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე, თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე, თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე. აჭარიდან ანზორ უსტიაძე და სამეგრელო ზემო სვანეთიდან – მამუკა ფიფია.

 

პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შექმნილი საპროკურორო საბჭოს უფლებაა დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარუდგინოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა. მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი, საბჭო მას ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს მთავრობას, შემდეგ კი – პარლამენტს.

 

არასამთავრობო სექტორს უფლება აქვს რეკომენდაცია გაუწიოს ან წარადგინოს საბჭოს წევრი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ პროცესში ჩართვას საია არ აპირებს: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ სისტემა ფუნდამეტურ რეფორმას საჭიროებს, შესაცვლელია საქალაქო და რაიონული პროკურორების შერჩევის პრინციპი, დაწინაურებისა და დისიპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურა ან მათი თანამდებობიდან გათავისუფლება. სისტემა არის ცენტრალიზებული და პრაქტიკაში იმის არაერთი მაგალითი არსებობს, რომ პროკურორები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას იმ საქმეზე, რომელსაც უწევენ ზედამხედველობას.


არგუმენტი, რომელსაც ჩვენ გვეუბნება კანონის ავტორი, არის ასეთი: საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო და დავიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანიდან, მთავარი პროკურორის არჩევის წესიდან. ერთბაშად ყველაფრის რეფორმირება მართლაც შეუძლებელია, მაგრამ მე მაქვს ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ არგუმენტი: მოდელი, რომელიც შეიქმნა დიდ ძალაუფლებას აძლევს პროკურორთა კონფერენციაზე არჩეულ რვა პროკურორს, მაგრამ პროკურორები, რომლებიც ამ საბჭოში უნდა იყვნენ, ვერ არიან სათანადოდ დამოუკიდებლები და მათი ავტონომიურობა არ არის განმტკიცებული კანომდებლობით. არ არსებობს ბერკეტი, რომ ეს ადამიანები მიიღებენ თავისუფალ გადაწყვეტილებებს. ეს ახალი მოდელი პრობლემურია მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი შემოდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში – საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები არის მმართველ პოლიტიკური ძალა”.

 

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, კვოტა, რომელიც სამოქალაქო სექტორსა და აკადემიურ წრეს ეკუთვნის, გადაწყვეტლებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს: “ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ საბჭოს წევრების შესარჩევი კრიტერიუმები ყოფილიყო მაღალი, როგორც პროფესიული, ასევე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ესეც არ გაითვალისწინეს~.
კიდევ ერთი დეტალი, რაზეც საიას ხელმძღვანელი „ბათუმელებთან~ ყურადღებას ამახვილებს, არის საპროკურორო საბჭოს წევრი პროკურორების შერჩევის პრინციპი: “შიშები, რაც კანონპროექტის კითხვის დროს გაჩნდა, დადასტურდა კონფერენციის დროს. კონფერენციის გახსნისთანავე დასახელდა საბჭოს წევრობის კანდიდატების 16 გვარი. ჩვენთვის უცნობია ეს ადამიანები ვინ აარჩია, როგორ ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, ამ საინიციატივო ჯგუფებმა რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კანდიდატები. ეს გვარწმუნებს კიდევ ერთხელ, რომ პროცესი და კანონი ვერ ქმნის გარანტიას, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით დაასახელეს ადამიანები საბჭოში თუ სხვა მოტივებით“.

 

საბჭოს ერთ-ერთი წევრი _ გოჩა ფარულავა იყო აჭარაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების პროკურორი. ის ახალმა მთავრობამ 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა. გოჩა ფარულავა აჭარის პროკურატურის პირველი პირი იყო ორი წლის განმავლობაში. მისი პროკურორად მუშაობის პერიოდში, 2011 წლის 21 მაისს, სამართალდამცავებმა ჯერ დაარბიეს აქცია ბათუმში, შემდეგ კი ნაცემი მოქალაქეები დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ეს დაკავება არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ისინი გაათავისუფლა, როგორც პოლიტპატიმრები.

 

პირადად გოჩა ფარულავას „ბათუმელებმა“ მიმართა თხოვნით, გამოეძიებინა გაზეთის რედაქტორის მიმართ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი. უცნობია გოჩა ფარულავამ რა ძალისხმევა გაიღო ამ დანაშაულის გამოსაძიებლად. „ბათუმელებმა“ ორწლიანი ძიების შემდეგ თავად დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც აშანტაჟებდა ჟურნალისტს. გოჩა ფარულავასადმი გაგზავნილ მორიგ წერილში მითითებული იყო იმ პირის სახელი და გვარი, ვინც ხელმძღვანელობდა ჟურნალისტის დაშანტაჟებას. არც ამ შემთხვევაში ჩაუთვლია თავი ვალდებულად გოჩა ფარულავას უწყებას, დაეკითხა ამ საქმეზე ინფორმირებული პირები. ყოველ შემთხვევაში, უწყებას, რომელსაც გოჩა ფარულავა ხელმძღვანელობდა, საზოგადოებისთვის ამ საკითხზე ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

პროკურორი ანზორ უსტიაძე აჭარის პროკურორის, შოთა ტყეშელაშვილის მოადგილეა. ამ თანამდებობაზე ის გასულ წელს დანიშნეს. ანზორ უსტიაძე წინა ხელისუფლების დროს ძირითადად ფინანსურ საქმეებს იძიებდა. სახელმწიფომ მისი პროკურორობით 2010 წელს გაასამართლა ბიზნესმენი ზურაბ ლობჟანიძე იმ ქონების გაყიდვისთვის, რომლითაც ახალი ხელისუფლების გამოძიების ვერსიით, ივანე მერაბიშვილი უკანონოდ სარგებლობდა, როცა ის შს მინისტრი იყო. სწორედ ამ აგარაკის უკანონო სარგებლობისთვის წარუდგინეს ბრალი 2013 წელს ვანო მერაბიშვილს.

ანზორ უსტიაძესვე ახალმა ხელისუფლებამ დაავალა ივანე მერაბიშვილის მეგობრის, ლუხუმ კაპანაძისთვის ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის მიყიდვის კანონიერების შესწავლა.

 

რა კრიტერიუმებით შეარჩიეს და დაასახელეს პროკურორები საპროკურორო საბჭოს წევრებად? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვის დასმა იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მთავარი პროკურატურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი „ბათუმელების“ ზარებს ორი დღის განმავლობაში არ პასუხობდა.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საბჭოს წევრები 4 წლის ვადით აირჩიეს, რომლის თავმჯდომარეც იქნება იუსტიციის მინისტრი. საბჭო მთავარი პროკურორის კანდიდატურას მთავრობას 29 ნომებრისთვის წარუდგენს. კანონის თანახმად, პროკურორის ექვსი წლის ვადით დამტკიცებაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, დეკემბერში იმსჯელებს.

Exit mobile version