სიახლეები

წყლით დამზადებული ფაფა 7 თვის საბასთვის – მარტოხელა დედა ”ჰუმანას” ვერ ყიდულობს

28.10.2015 • 3009
წყლით დამზადებული ფაფა 7 თვის საბასთვის – მარტოხელა დედა ”ჰუმანას” ვერ ყიდულობს

7 თვის საბას და 3 წლის ნინის დედა, 25 წლის ქრისტინე, მარტოხელა დედაა. იგი ამბობს, რომ ბავშვების მამა, რომელსაც სხვა ქალაქში ჰყავს ცოლ-შვილი, თურქეთში მუშაობს და ყოველთვიურად ბინის ქირას – 70 ლარს და მცირე საარსებო თანხას უგზავნის. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი, აუცილებელი თეთრეული და ნინის რამდენიმე ძველი თოჯინა ქრისტინეს ოჯახის ერთადერთი ქონებაა.

ნინი, საბა და ქრისტინე

„70 ლარს ვიხდით ამ ოთახში. 60 ლარი ბინისაა, 10 ლარი – შუქის და გაზის. მე არ ვმუშაობ, ბავშვებს ხომ უნდა მოვუარო. ნინი ჯერ სამი წლისაც არ არის, ბაღში რომ შევიყვანო. ბავშვების მამა იხდის ოთახის ფულს. ცოტა ხნის წინ 20 დღით თურქეთში ვიყავი წასული სამუშაოდ, სხვა გზა არ იყო, ბავშვები „ხაზაიკას“ დავუტოვე. უცებ ვირუსი შეეყარა, გაცივდა საბა და საავადმყოფოში მოვხვდით. ხუთი დღე იწვა საბა რეანიმაციაში, ერთი დღე – პალატაში. ექიმმა ანემიის ნიშნებიაო, ჰემოგლობინი ჰქონდა ძალიან დაბალი. „ჰუმანას“ ყიდვის საშუალება რომ არ მქონდა, საბას მოხრაკულ ფქვილს და ბრინჯის ქაშს ვაჭმევდით, წყალში მოხარშულს“, – ამბობს ქრისტინე.

საბას ექიმმა „ჰუმანას“ ფაფა გამოუწერა, მაგრამ ქრისტინემ არ იცის, როგორ იყიდის. მას ბავშვების მამის გამოგზავნილი თანხის გარდა, სხვა შემოსავალი არა აქვს, ერთი კოლოფი „ჰუმანა” კი, რომელიც ბავშვს 2-3 დღეს თუ ყოფნის, 10 ლარამდე ღირს. საავადმყოფოში საბას, რომელიც მანამდე მხოლოდ წყალზე დამზადებულ ფაფას ჭამდა, „ჰუმანას“ აჭმევდნენ და ქრისტინე ამბობს, რომ ბავშვმა საავადმყოფოში წონაშიც კი მოიმატა.

ქრისტინე სოციალურ დახმარებას არ იღებს, მიუხედად იმისა, რომ მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამბობს, რომ არ მიუმართავს სახელმწიფოსთვის დახმარების სათხოვნელად: „არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, სად უნდა მივიდე, ვის უნდა ვთხოვო დახმარება ან დამეხმარებიან თუ არა. ამ ოთახში 6 თვეა ვცხოვრობ, მანამდე ოზურგეთში ვცხოვრობდი, საბაც იქ დაიბადა.“

ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ნინისაც, რომლის ფეხები სწორად არ ვითარდება. ქრისტინემ არ იცის ბავშვის ზუსტი დიაგნოზი: „პირველ რიგში ნინიკოს ფეხებზე მაქვს მისახედი. გვიჯოო – ასე უძახიან მგონი ამას. მითხრეს, გამოლოცვა ეყოფაო, მყავდა გამომლოცავი, ზინა ჰქვია ქალს, გამოვულოცეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცი… ექიმს ვაჩვენეთ ახლა, საბა რომ იყო საავადმყოფოში. თავისითაც შეიძლება გაუსწორდესო – თქვა. ზოგი ამბობს, თუ არ მიხედე, თავისით არ გასწორდება, შეიძლება ოპერაციაც დასჭირდესო“.

ნინის რამდენიმე, ძველი თოჯინა ოთახში,კედელზე ჰკიდია. დედის საუბარს იგი წყნარად ისმენს და პერიოდულად საუბარშიც გვერთვება რეპლიკებით. კითხვაზე, რა ჰქონდა დღეს ნინის სადილად, ქრისტინე ამბობს, რომ „წვნიანი“.

ნინის ყველაზე მეტად ფოტოაპარატის ციფრულ ეკრანზე საკუთარი გამოსახულების დანახვა ამხიარულებს და თვითონაც ცდილობს ღილაკს ხელი დააჭიროს და ფოტო გადაიღოს.

 

ქრისტინეს ოჯახი, დედ-მამა, დები და ძმა ქობულეთში ცხოვრობენ. ერთი წელია რაც ოჯახი ქრისტინეს არ ელაპარაკება, მათ არც საბას ავადმყოფობის შესახებ იციან. ქრისტინე ამბობს, რომ უთანხმოების მიზეზი მშობლების უკმაყოფილება გახდა ბავშვების მამასთან: „მათ რომ ჰკითხო, ჩემი ქმარია პრობლემა, მაგრამ ჩემი ქმარი მათი პატივისცემის მეტს არაფერს აკეთებდა, ხუთი წელია ერთად ვართ. მაშინ ცოლს გაშორებული იყო, მაგრამ შემდეგ შერიგდნენ. იქეთაც დადის და აქეთაც. ახლა თურქეთშია სამუშაოდ. იქეთ ორი ბავშვი ჰყავს“.

ქრისტინე 16 წლის იყო, როცა 27 წლის მამაკაცმა მოიტაცა. ქმარს 19 წლის ასაკში გაშორდა და ქმრის ოჯახში ორი შვილის დატოვება მოუხდა. ქრისტინე ამბობს, რომ ამის მიზეზი მისი მშობლები გახდნენ, რომელთაც არ სურდათ ბავშვები მას წამოეყვანა.

ახლა ქრისტინეს მთავარი საზრუნავი საბასთვის „ჰუმანას“ ყიდვაა. „ბავშვების მამასაც არა აქვს იმის საშუალება, რომ დაგვეხმაროს უფრო მეტად, მას არაფერში ვადანაშაულებ. თურქეთში გავიცანით ერთმანეთი, მე სამზარეულოში ვმუშაობდი, ის – მუშად. იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ყველაფერი სერიოზულად იყო. ერთადერთი იმაზე მტკივა გული, თუ ცოლთან შერიგებას აპირებდა, ხომ შეეძლო არც მე გავემწარებინე და არც მისი ცოლი“.

გადაბეჭდვის წესი