სიახლეები

ვისთვის არის მიუღებელი ტერმინები: ლიბერალიზმი და გენდერი

29.10.2015 • 1812
ვისთვის არის მიუღებელი ტერმინები: ლიბერალიზმი და გენდერი

 

 

 

„საპატრიარქო საკუთარი ინტერესებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ნებისმიერი ინსტიტუცია, უფლებამოსილია ჩაერიოს განათლების სისტემაში ისევე, როგორც სხვა ინტერესთა ჯგუფები. მეორე საკითხია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო როგორ ამყარებს ურთიერთობებს სხვადასხვა ჯგუფთან, როგორ ახერხებს გაუძლოს მათ ზეწოლას და გაატაროს ის პოლიტიკა, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად პროფესიული თვალსაზრისით“, – ამბობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობის ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე.

 

მისი აზრით, მთავარი პრობლემა სწორედ ამ ურთიერთობისას იჩენს თავს: „ჩემი ორგანიზაცია წლებია მუშაობს განათლების საკითხებზე, მაგრამ ამ სახელმძღვანელოს სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში ჩვენ არ ჩავერთეთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამინისტრო პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე რეკომენდაციებზე არასდროს რეაგირებს. სამაგიეროდ, რეაგირებს საპატრიარქოსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის რეკომენდაციებზე. სამინისტრო აღმოჩნდა სუსტი საპატრიარქოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამ სისუსტის დასაბალანსებლად ის შეეცადა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებას. ნაცვლად იმისა, რომ სამინისტროს პროფესიული ურთიერთობა აეგო საპატრიარქოსთან და დაერწმუნებინა ის მისი პოზიციის სიმყარეში, უსიტყვოდ მიიღო მისი შენიშვნები“.

 

შალვა ტაბატაძის თქმით, სამინისტრომ საპატრიარქოს ზეწოლით შეცვალა სასწავლო გეგმის სკოლებში შეტანის ვადებიც – „მე და საზოგადოებას“ სწავლება სკოლებში სექტემბრიდან უნდა დანერგილიყო.

 

შალვა ტაბატაძის აზრით, სასწავლო გეგმაში „ლიბერალიზმი“ და „დემოკრატიული ღირებულებების“ ჩაწერა ან არჩაწერა პრინციპულ პრობლემას არ ქმნის, რადგან ამ ღირებულებების გატარებას ისედაც ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სადაც ეს ღირებულებები ჩამოყალიბებულია და განათლების სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

 

„პრობლემა გაჩნდება მაშინ, თუ სამინისტრო ამ ტერმინების ამოღებასთან ერთად გადაუხვევს განათლების საერთო პოლიტიკიდან. სასწავლო გეგმა მასწავლებლებისთვისაა და არა მოსწავლეებისთვის, ამიტომ მათ უნდა იცოდნენ ამ ღირებულებების შესახებ და არ მოახდინონ მისი იგნონირება“, –  ამბობს რესპონდენტი.

 

საპატრიარქოს განმარტებაში წერია, რომ „ლიბერალიზმი“ და „დემოკრატიული ღირებულებები“ მოზარდების პოლიტიკურ ინდოქტრინაციას მოახდენს. მაშინ, როცა თემა – „რისი მჯერა და რისი მწამს“, ჩაანაცვლა ტერმინმა – „რელიგია“.

 

შალვა ტაბატაძის აზრით, „რელიგია და რწმენა“ არის სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი, რადგან ის ჩვენი ცხოვრების ნაწილიცაა, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს არა რელიგიის სწავლება, არამედ სწორედ რელიგიური ინდოქტრინაცია, რომელიც, მისი აზრით, ძალიან თვალშისაცემია დღევანდელ სკოლებში.

 

„სამინისტრო მიიჩნევს, რომ მას სკოლებში ინდოქტრინაციის პრობლემა არ აქვს. პრობლემა არის ეს, რადგან სანამ სამინისტრო არ აღიარებს, რომ ინდოქტრინაცია და რელიგიური დისკრიმინაცია დღეს სისტემური პრობლემაა, არაფერი შეიცვლება. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას სკოლამ“, –  ამბობს შოთა ტაბატაძე. მისი აზრით, ლიბერალური ფასეულობების განვითარება ნიშნავს, რომ მოსწავლეს განუვითარო მრავალმხრივი ხედვა.

 

„სკოლის კულტურა, მისი ღირებულებები იმისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, რომ ვიღაც „მართებულ რელიგიაზე“ მოაქციოს და ამაში ხედავდეს თავის თავს, არამედ იმაში, რომ სკოლამ გაითავისოს განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნება“.

 

რაც შეეხება გენდერული იდენტობის სწავლების საკითხს, შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკითხის სწავლება და ინფორმირება ხელს უწყობს სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას, რადგან რაც უფრო ნაკლებად არის ინფორმირებული მოსწავლე, მით უფრო ადვილია მასზე ზეგავლენის მოხდენა და პირიქით.

 

„განათლებული ადამიანი ნიშნავს მეტ ღიაობას, მეტ თავისუფლებას და ნაკლებ ფობიებს. განათლებულ საზოგადოებაში პრობლემას ხედავენ ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ მართონ საზოგადოება. ბუნებრივია, ასეთი რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფები განათლებულ საზოგადოებაში კონკურენტული ვეღარ იქნებიან“.

 

შალვა ტაბატაძის აზრით, იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც აღნიშნული სახელმძღვანელოს სასწავლო გეგმის შემუშავებაში იყვნენ ჩართულები, რეაგირება უნდა მოახდინონ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე და ხმამაღლა ისაუბრონ მის სისუსტეებზე.

 

საპატრიარქოს განათლების ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერმინები –  „ლიბერალიზმი“  და  „დემოკრატიული ღირებულებები“ სამინისტრომ მათი რეკომენდაციით ამოიღო სასწავლო გეგმიდან. სამინისტროში კი გვეუბნებიან, რომ „მე და საზოგადოებას“ სტანდარტის განხილვა გრძელდება და პროცესს მთლიანად სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტი წარმართავს.

 

„საჯარო განხილვებსა და აქტიურ სამუშაო პროცესში ჩართულია ასევე ყველა დაინტერესებული პირი. სტანდარტი ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ მის საბოლოო სახეზე ვინმეს მხრიდან საჯარო საუბარი, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, –  განაცხადეს სამინისტროში.

 

საპატრიარქოს განცხადებით, სასწავლო გეგმა III-IV-კლასელების მიერ გაკვეთილზე სხვადასხვა სიტუაციის წარმოსახვას გულისხმობს, რაც ოჯახურ და რელიგიურ ფასეულობებს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. მაგალითისთვის მოყვანილია ოჯახური კონფლიქტი, რომლის შესახებაც მოსწავლემ თანატოლების თანდასწრებით უნდა ისაუბროს.

 

განათლების სამინისტროს დოკუმენტში წერია, რომ „მე და საზოგადოებას“ სასწავლო გეგმის განხილვის პროცესში გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ქალთა ფონდი, ასოციაციების წარმომადგენლები, PH intarnationali და მოწვეული ექსპერტები არიან ჩართულნი.

 

ნამდვილად ამოიღო თუ არა ეს ტერმინები საბოლოოდ სამინისტრომ სასწავლო გეგმიდან? ამ კითხვით „ბათუმელებმა“ გაეროს ქალთა ფონდისა და PH ინტერნატიონალ-ის წარმომადგენლებს მიმართა. მათ განაცხადეს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: