კვირის ამბები

ვინ და როგორ შეაჩერებს ბულინგს სკოლაში

31.10.2015 • 3668
ვინ და როგორ შეაჩერებს ბულინგს სკოლაში

 

 

შარიანობა ფიზიკურ ან/და ფსიქოლოგიურ ტერორს ნიშნავს, რომელსაც მოსწავლის მიმართ თანაკლასელები ან სხვა ბავშვების ჯგუფები მიმართავენ. ეს შეიძლება იყოს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა, შევიწროება, დაცინვა, სახელების დაძახება, მუქარა, დევნა, დამცირება, სოციალური გარიყვა თუ ჭორების გავრცელება. დღეს უკვე ხშირია კიბერბულინგის შემთხვევებიც, რომელიც ინტერნეტტექნოლოგიების, მათ შორის სოციალური ვებგვერდების, შეტყობინებებისა და ელფოსტის მეშვეობით ძალადობას გულისხმობს.

 

მოსწავლეებს შორის გარჩევებსა და ზოგიერთი მოსწავლის ფიზიკურ დამცირებას თანაკლასელები მობილური ტელეფონებით იღებენ და შემდეგ ინტერნეტში, საჯაროდ ავრცელებენ. youtube-ზე დღეს ასეთი რამდენიმე ქართული ვიდეოც იძებნება.

 

სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ძალადობის შემცირების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საპილოტე პროგრამას – „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობას“ ახორციელებს. პროგრამა თბილისისა და ბათუმის ორ სკოლაში ხორციელდება. ორგანიზაციის დირექტორი ლია სარალიძე ამბობს, რომ პროექტი ორიენტირებულია შეასწავლოს ბავშვებს „არაძალადობრივი კომუნიკაციები“ და დაამკვიდროს სკოლაში არაძალადობრივი კულტურა.

 

„სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში ამ უნარების ჩამოყალიბებას. არ შეიძლება სკოლაში დირექტორი, სასწავლო ნაწილი თუ დამრიგებელი უხეშად ეპყრობოდეს სხვა ადამიანს – იქნება ეს მასზე უმცროსი თუ მისი თანატოლი“, – ამბობს ლია სარალიძე.

 

მისივე განმარტებით, ბულინგის მართვა მხოლოდ ბავშვების დატუქსვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: „ბულინგის მართვა დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის ჩარევასაც მოიცავს, იმის დასადგენად, თუ რატომ არის ესა თუ ის მოსწავლე აგრესიული, ან ყოველთვის მსხვერპლი. ამ შემთხვევის მართვის წრე შესაძლოა გაფართოვდეს. მაგალითად, თუ ეს ოჯახური ძალადობის პრობლემებისკენ მიდის, საკითხის მოგვარებაში შეიძლება ჩაერთოს სოციალური მომსახურების სააგენტო და ა.შ.“

 

ანალოგიური მოდელი მუშაობს აშშ-სა და ჰოლანდიის სკოლებშიც, სადაც პროგრამა საბავშვო ბაღიდან იწყება. კვლევამ, რომელიც ამ პროგრამის ეფექტურობის დასადგენად ჩატარდა, აჩვენა, რომ ჰოლანდიის იმ 550 სკოლაში, სადაც ეს პროგრამა მუშაობს, საგრძნობლად იკლო მოსწავლეებს შორის კონფლიქტების ფაქტებმა.

 

ლია სარალიძის განმარტებით, სკოლაში არაძალადობრივი კომუნიკაცია და არაძალადობრივი კულტურა უნდა დაინერგოს როგორც ტრენინგების, ისე კონკრეტული სავარჯიშოების საშუალებით. „მაგალითად, ჰოლანდიაში, უტრეხტის სკოლაში ცალკე საგაკვეთილო თემები ბულინგის შესახებ არ არის, ეს ყველაფერი ინტეგრირებულია სასწავლო პროცესში. თუმცა ჩვენთან, საჭიროების შემთხვევაში სკოლამ შესაძლოა ამ საკითხებზე საუბრისთვის ცალკე გამოყოს საათი“, – ამბობს ის.

 

პროექტის ფარგლებში, თბილისისა და ბათუმის ორ სკოლაში (თბილისში – #123 და ბათუმში – #2 სკოლა) ფოკუსჯგუფები გამოკითხეს. კითხვაზე, თუ ვინ არის სკოლაში პასუხისმგებელი პირი მოსწავლეების ძალადობისგან დასაცავად, მოსწავლეებმა უპასუხეს: დაცვა, დირექცია, დამრიგებელი, ექთანი, სასწავლო ნაწილი, სკოლის დირექტორი და მანდატური, მაშინ როცა ფსიქოლოგის თქმით, მასწავლებელსა თუ კლასის დამრიგებელს წამყვანი როლი აქვს ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში.

 

 

ნატალია მჭედლიშვილი

სპეციალისტები ამბობენ, რომ ხშირად მასწავლებლებმა იციან კლასში ბულინგის შესახებ, მაგრამ ისინი პროცესში მხოლოდ მაშინ ერთვებიან, როცა სიტუაცია ძალიან მძიმდება. „მასწავლებლები არ იმჩნევენ რაღაც მომენტში, რადგან ეს არ შეუძლიათ, უჭირთ ამ სიტუაციის მართვა“, – ამბობს ლია სარალიძე.

 

ფსიქოლოგი ნატალია მჭედლიშვილი ამბობს, რომ მასწავლებლები ხედავენ ბულინგს, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და ბავშვები თავისით მოაგვარებენ ურთიერთობას: „მაშინ, როცა შეიძლება ბავშვს პატარა ასაკში არც ესმოდეს რას აკეთებს და რა შედეგი მოჰყვება მის საქციელს“. ფსიქოლოგის განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვები სკოლაში ძალადობის შესახებ ვერ ყვებიან, სირცხვილის გრძნობაა. ამას ერთვის ის გარემოებაც, რომ მასწავლებლისთვის ან სხვა უფროსისთვის დახმარების თხოვნა „დაბეზღებად“ აღიქმება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას.

 

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის შედეგებში სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლების ჯგუფმაც აღნიშნა, რომ კლასის დამრიგებელს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი საათები, ვინაიდან ის ვერ ახერხებს სადამრიგებლო კლასისთვის საჭირო დროის დათმობას.

 

ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ბულინგის მართვაში დიდი როლი აქვს თანატოლების ჩართულობასაც. „ხშირ შემთხვევაში თანატოლები ბულინგის პასიური მოწმეები და ამავდროულად, რაღაც დოზით თანამონაწილეებიც ხდებიან. ამ დროს ბავშვს შეუძლია თვითონ ჩაერიოს და უთხრას მოძალადეს, რომ ასე არ შეიძლება, ან მოუყვეს ამის შესახებ მასწავლებელს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია ამ საკითხზე“, -ამბობს ნატალია მჭედლიშვილი.

 

არც თუ ისე იშვიათად სკოლაში ძალადობის შემთხვევები იმდენად ღრმად მიდის, რომ ერთადერთი გამოსავალი სკოლის შეცვლა რჩება, რაც, სპეციალისტების აზრით, უკიდურესი ზომაა და იგი არ უნდა იქცეს ძირითად გამოსავლად.

 

საპილოტე პროგრამა „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“, გარდა ბულინგის პრევენციისა და მართვისა, ორიენტირებულია სკოლაში ოჯახური თუ სხვა ფორმის ძალადობის რისკების იდენტიფიცირების გაუმჯობესებაზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: