ნეტგაზეთი • RU

რაზე მიუთითებს ცხვირიდან სისხლდენა

 

ცხვირიდან სისხლდენას (ეპიტაქსისს) ხშირად ერთჯერად და უმნიშვნელო პრობლემად მიიჩნევენ, თუმცა ოტორინოლარინგოლოგი ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ეპიტაქსისი თითქმის ყოველთვის ორგანიზმში რაღაც დარღვევის მანიშნებელია და შესაძლოა რომელიმე კონკრეტული დაავადების სიმპტომიც იყოს. “ეს ყველაფერი არის საყურადღებო, პაციენტი უნდა გასინჯოს ექიმმა და არა მეზობელმა, რადგან ყველას სხვადასხვა, ინდივიდუალური პრობლემის გამო აქვს ცხვირიდან სისხლდენა. ამ მიზეზის დასადგენად კი აუცილებელია ვიზიტი ექიმთან”, – ამბობს ნინო კვერნაძე.

ექიმის განმარტებით, ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა ცხვირის ლორწოვანას სიმშრალით ან ცხვირის ძგიდეზე სისხლძარღვების ანატომიური განლაგებით იყოს გამოწვეული, ასევე, სისხლმდენი პოლიპის ან ტრავმის გამო. შესაძლოა ეპიტაქსისი განვითარდეს მაღალი ემოციური ფონის დროსაც, ამ დროს ხდება სისხლძარღვების გადავსება, რის გამოც წყდება კაპილარი და ცხვირიდან მოდის სისხლი.

ხშირად ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა. მაღალი წნევა აძლიერებს სისხლის ჭავლს სუსტი კაპილარების კედლებზე და ხეთქავს მათ. გარდა ამისა, არსებობს ვირუსული წარმოშობის სისხლდენები, რომლებიც უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული. ექიმის განმარტებით, ამ დროს შესაძლოა სისხლდენა ყურიდანაც კი განვითარდეს: “პატარებში ხშირია ვირუსული სისხლდენა, უფრო ბაქტერიული რინიტები. გარდა ამისა ცხვირიდან სისხლდენას ბავშვებში ხშირად იწვევს ის, რომ ისინი აწვალებენ ცხვირს. შუა ხნის ადამიანებს კი სისხლდენა უფრო დაავადებების გამო უვითარდებათ. ასაკოვანი ადამიანების ცხვირიდან პერიოდული სისხლდენის მიზეზი კი არის წნევა, მაღალი ემოციური ფონი, ორგანოების დაავადებები და გამომშრალი ცხვირის ლორწოვანა”, – განმარტავს ექიმი.

ეპიტაქსისი ორი სახისაა, იგი შესაძლოა განვითარდეს ცხვირის წინა ნაწილში, ასევე ცხვირის შუა და უკანა ნაწილში. “სისხლდენა, რომელიც ცხვირის წინა ნაწილში ვითარდება, არ არის საშიში, მაგრამ როცა იგი უფრო ღრმაა და ვითარდება ცხვირის შუა ან უკანა ნაწილში, სადაც სხვა ვენები გადის, საჭირო ხდება სპეციალისტის დროული ჩარევა, რათა ადამიანი სისხლისგან არ დაიცალოს და არ დაიღუპოს”, – ამბობს ნინო კვერნაძე. ასეთი სისხლდენა ძირითადად მაღალი არტერიული წნევის დროს ან რომელიმე დაავადების დროს ვითარდება.

ცხვირიდან სისხლდენა წელიწადში ერთხელ არ მიიჩნევა საგანგაშოდ, მაგრამ როცა ადამიანს ასეთი შემთხვევების გამო დისკომფორტი ექმნება, დროა ექიმს მიმართოს. ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ცხვირიდან სისხლდენა, გარკვეული პერიოდულობით, დღეში რამდენჯერმეც კი შეიძლება განუვითარდეს პაციენტს. “ყველა შემთხვევა საყურადღებოა. უყურადღებოდ დატოვებულმა ერთჯერადმა სისხლდენამ შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების დიაგნოსტიკა გამოგიტოვოს”, – ამბობს ის.

ექიმის განმარტებით, ცხვირიდან სისხლდენა, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ჩერდება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და იგი შესაძლოა ნახევარ საათზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

ცხვირიდან სისხლდენის დროს არ არის რეკომენდებული თავის უკან გადაწევა და მით უმეტეს დაწოლა, ამ დროს შესაძლოა პაციენტმა სისხლი გადაყლაპოს, რის შედეგადაც კუჭი ივსება სისხლით და იწყება ღებინება. “გარდა არასასიამოვნო გემოსა და შეგრძნებისა, შეიძლება ეს მასა ისევ ცხვირში წავიდეს და უფრო გართულდეს მდგომარეობა”, – ამბობს ექიმი.

იმისთვის, რომ წინა ცხვირიდან სისხლდენა დროულად შეჩერდეს, ექიმის რეკომენდაციით, ადამიანი უნდა იჯდეს და ცხვირის ნესტოებზე დაიდოს ცივი საფენები, ცხვირის ნესტოში, წინა შესასვლელში კი მოითავსოს წყალბადის ზეჟანგში (ე.წ. “პერეკისი”) დასველებული ბამბის ტამპონი. “წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი) სასურველია იყოს ცივი (როცა პაციენტი ინფორმირებულია პერიოდულად სისხლდენაზე მას მაცივარშიც კი უდევს ეს ხსნარი). მას შემდეგ, რაც ე.წ. პერეკისში დასველებულ ტამპონს მოათავსებთ ცხვირის ნესტოში, ცხვირის ფრთაზე დაიდეთ ხელსახოცში გახვეული ყინულის ნატეხი და მიიჭირეთ ხელი რამდენიმე წუთის განმავლობაში”, – ამბობს ექიმი.

იმ შემთხვევაში თუ ეს ცხვირის პირველადი და წინა ნაწილის სიხლდენაა, მაშინ კაპილარი რამდენიმე წუთში დაითრომბება და სისხლდენა გაჩერდება, მაგრამ თუ სისხლდენა ცხვირის უკანა ნაწილში ხდება, მისი შეჩერება მხოლოდ სპეციალური ტამპონის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც შიგნიდან, ანუ უკანა ხახიდან თავსდება, ეს კი მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები“