კვირის ამბები

სასამართლოს თავმჯდომარე: მოსამართლე ვარ და ვემორჩილები პოლიციელების ბრძანებას

30.10.2015 • • 2790
სასამართლოს თავმჯდომარე: მოსამართლე ვარ და ვემორჩილები პოლიციელების ბრძანებას

 

 

სახელმწიფო ბრალმდებელი, პროკურორი ზურაბ კონცელიძე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რადგან მან ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორც ძალადობრივი დანაშაული, ისე შეაფასა. ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ 18 ოქტომბერს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის 17 ნომერთან, იგინებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული. შემთხვევის ადგილზე ხმაურის გამო გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პოლიციელები კი ბრალდებულმა სიტყვიერად შეურაცყო და ერთ-ერთ პოლიციელს დაუზიანა ფორმა.
ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, მინიმუმ ორი ათასი ლარის ოდენობით ან პატიმრობას მაქსიმუმ 5 წლამდე.

ადვოკატმა ნუგზარ მგელაძემ თქვა, რომ ბრალდებული მისი სოფლიდანაა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომიდან, რომ ის პირადად იცნობს მის ოჯახს და ბრალდებულს. მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონია:

`მეგონა, რომ პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, მე გირაოს თანხაზე ვფიქრობდი. ბატონო მოსამართლევ, ბრალდებულის მამა ავადაა, ეს ერთადერთი ვაჟია იმ ოჯახში და მამას უვლის. მამამ არ იცის, რომ ის დაკავებულია. თუ თქვენ შეუფარდებთ მას გირაოს 2 ათასი ლარის ოდენობით, ამ თანხას ჩვენ, მისი ნაცნობები და ახლობლები შევაგროვებთ, თუ უფრო მეტის გადახდას დააკისრებთ, გთხოვთ თანხის ნახევრის გადახდის შემდეგ გაათავისუფლოთ ის პატიმრობიდან~.
პროკურორმა როცა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, დაასახელა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. ადვოკატმა თქვა, რომ ეს გამორიცხულია:

“ის მშრომელი კაცია, სასჯელად ისიც ეყოფა, რომ მას ნასამართლობა ექნება. ის კანონმორჩილი ადამიანია და ინანიებს თავის ქმედებას”.

მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა მაისურზე სისხლის ლაქებისა და ყურზე დაზიანების შესახებ. ბრალდებულმა თქვა, რომ დაეცა და ეს დაზიანებები მაშინ მიიღო. მოსამართლემ ჰკითხა ეს დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც მასთან პოლიციელები მივიდნენ, თუ მანამდე. ბრალდებულმა უპასუხა, რომ დაზიანებები პოლიციელების მისვლამდე მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც სახელმწიფო ბუჯეტში მისი ახლობლები 2 ათას ლარს შეიტანენ. მოსამართლემ ბრალდებულს საერთო ჯამში გირაოს – 4 ათასი ლარის გადასახდელად 60 დღე მისცა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა: “არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენ შეიძლება ისევ დათვრეთ და დაარღვიოთ საზოგადოებრი წესრიგი, მაგრამ თქვენ არ დაიწყეთ მანიპულაცია, როცა შეიძლებოდა ამ საქციელით სამართლებრივად თქვენ სასარგებლოდ უკეთესი შედეგი დამდგარიყო – თქვენ არ გითქვამთ, რომ გცემეს პოლიციელებმა; ბრალდებულების უმრავლესობა ასე მოიქცეოდა. თქვენ გეტყობათ, რომ გულწრფელი ხართ, ამაში ისიც მარწმუნებს, რომ თქვენს ადვოკატს დაახლოებით შვიდი წელია ვიცნობ… ვფიქრობ, ადამიანს შანსი უნდა მივცეთ, რომ გაიაზროს თავისი ქმედების შედეგი, მე სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ვარ და ვემორჩილები პოლიციელების ბრძანებას, მაგალითად, მაშინ, როცა საჭეს ვმართავ. ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოთ აგრესიულები პოლიციელების მიმართ, ისინი ხომ ჩვენ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ… სასამართლო დარბაზი სავსეა, აქ იმყოფებიან თქვენი ახლობლები, 30-40 ადამიანი, ყველა იმაზე დარდობდა, პატიმრობაში დაგტოვებდით თუ არა. ჭკუას არ გასწავლით, მე თქვენი მოძღვარი არ ვარ, მაგრამ თქვენი ქცევით ეს ადამიანები ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეთ…“

მოსამართლემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში პოლიციელებს რაიმე სახის დაზიანება არ მიუღიათ, თორემ აუცილებლად გამოიყენებდა ბრალდებულის მიმართ პატიმრობას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: