სიახლეები

ხელვაჩაურის მაჟორიტარი: მურმან დუმბაძის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემდი

29.10.2015 • 1406
ხელვაჩაურის მაჟორიტარი: მურმან დუმბაძის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემდი

 

როსტომ ბერიძე

  ბატონო როსტომ, რა ინტენსივობით ხვდებით ამომრჩეველს და ბოლოს როდის შეხვდით?
ბიუროში ორშაბათობით მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა. გარდა ამისა, მე თვითონ ვარ სოფლელი, ვცხოვრობ სოფელ ორთაბათუმში და ჩემი ცხოვრების მეტი წილი – 30 წელი ხელვაჩაურში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, რაიონს ვიცნობ. ჩემი ამომრჩეველთან კონტაქტი მარტო განცხადების შემოსვლით არ შემოიფარგლება, რადგანაც დეპუტატი გქვია, ადამიანი ეცდება შენთან მოვიდეს, სულ ხალხთან ურთიერთობაში ვარ. მე სხვაგან არ ვცხოვრობ, რომ ხალხთან შეხება არ მქონდეს, მათთან ერთად ვცხოვრობ.
  რა ინფორმაცია გაქვთ თქვენი ამომრჩევლისგან, როგორ მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხალხი კმაყოფილია?

დალხენილი ცხოვრება არ გვაქვს, მაგრამ მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტში, მე ვიტყოდი წარმატებით. სოფლის პროგრამა მუშაობს. მოსახლეობასთან შეხვედრებისა და ჩემთან მომსვლელების მოსმენისას ჩანს, რომ ყველაზე მტკივნეული მიწის რეფომასთან დაკავშირებული საკითხებია. ამ მიმართულებით სირთულეები გვაქვს. ამასწინათ გახლდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არ ვიცი ზუსტად რა ფორმით, მაგრამ ამ წელში აუცილებლად დავიწყებთ მიწების დანაწილებას, რადგან მიწას პატრონი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პლანტაციები, რომლებიც საბჭოთა მეურნეობებს ეკუთვნოდა, ფაქტობრივად, გატყევდა. ეს საკითხები, ბუნებრივია, მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ გადაწყდება. ბატონი არჩილი შეგვპირდა და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩატარდეს რეფორმა და მიწები გაუნაწილონ მოსახლეობას. ამისათვის ჯერ უნდა აღვწეროთ რა ფართობები გვაქვს.

 

 უმაღლესი საბჭოს კანონპროექტი მიწების შესახებ პარლამენტში სახეცვლილი უნდა დაბრუნებულიყო. რომელ უწყებაშია ახლა ეს კანონპროექტი?
  ის კანონპროექტი დაიბლოკა და მიმდინარეობს მისი ჩასწორება. ეს საკითხი თუ არ მოგვარდება, პრობლემები გვექნება, რადგან ხალხისთვის მიწა აუცილებელია. რაც შეეხება გამგეობასა და საკრებულოს _ წარმატებულად მუშაობენ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2013-2014 წლებში ხელვაჩაურში 75 კილომეტრამდე გზა გაკეთდა, ამ დღეებში კიდევ 30 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს. გარემონტდა ოთხი ბაღი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები რვა ბაღში. აშენდა ორი ახალი ბაღი და კიდევ ხუთი ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბაღის მშენებლობა იგეგმება სოფელ მახოშიც. ხალხისთვის მტკივნეულია გაზიფიცირების თემაც. “სოკარისგან” გვაქვს პირობა, რომ ამ წელში 2700 აბონენტი უნდა ჩართონ სისტემაში, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოხერხდება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენ ოჯახსაც გაზი ექნება, იმდენი ხე გადარჩება. რა არის მთავარი საკითხები სოფელში? – დენი, გაზი, წყალი. პროექტი მზად არის უკვე და მომავალი წლიდან იგეგმება მტირალას ძირიდან წყლის გამოყვანა – რამდენიმე სოფელს წყლის პრობლემა მოეხსნება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე 5 მილიონის სამუშაოები ჩატარდა, გაკეთდა და გარემონტდა სათავო ნაგებობები, მაგისტრალები და ასე შემდეგ.

 

 რამდენად ხარისხიანად ტარდება ეს სამუშაოები, ამაზე გაქვთ ინფორმაცია?
 ამაში მოსახლეობაცაა ჩართული, როცა კაცი თავის გზაზე მუშაობს, ეცდება ის როგორმე ნორმალურად გაკეთდეს. რაც შეეხება ბაღებს, არ იქნება წესიერად აშენებული, არ ჩაბარდება.
  ინფრასტრუქტურული პროექტები ჩამოთვალეთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, რაც ხელვაჩაურის მაჟორიტარი ხართ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა გაკეთდა ამ მუნიციპალიტეტში ამომრჩევლისთვის, რას გამოარჩევდით?
 


გზებსა და წყალს დავასახელებდი, რადგან გაზიფიკაციის პრობლემაზე მუშაობა ახლა იწყება. ამ წელს თუ 2400 აბონენტი გაზს მიიღებს, ეს უკვე კარგია. საკეთებელი სულ იქნება. ვცხოვრობთ და ცხოვრებას ახლავს პრობლემები. სალიბაურის სკოლაც ერთ-ერთი დიდი საქმეა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლს, გაქვთ ინფრომაცია როგორ იხარჯება თქვენი ამომრჩევლის ფული?
ბიუჯეტი სწორად იხარჯება. ტენდერის თემა ისეთი თემაა, რომ ამ საკითხში ჩახედული ვერ ვარ. მგონია, შეუძლებელია ტენდერის შემთხვევაში რამე არასწორად გაკეთდეს. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
 ძირითადად რა საკითხებზე მოგმართავთ ამომრჩეველი?
  როგორც გითხარით, ძირითადად, მიწის საკითხები აინტერესებთ. ზოგს მონაცვლეობა სჭირდება, დაემეწყრა ოჯახი და ამას ვერ აგვარებს, რადგან კანონი არ იძლევა ამის საშუალებას, ან მოქალაქე სარგებლობს ნაკვეთს და არ აქვს კანონიერ მფლობელობაში.
  გასულ კვირას მოსახლეობა მაჭახლის ხეობაში, მდინარე მაჭახელაზე ჰესების შესაძლო მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. მიმდინარე პროექტსაც მდინარე ჭოროხზე ბევრი გაუგებრობა და მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. იქ მათი უფლებების დაცვა თქვენს მოვალეობებში შედის?


დაპირისპირება უკავშირდება იმას, რომ გლეხს მიწა ფაქტობრივ საკუთრებაში ჰქონდა, მაგრამ ძველი მეპატრონე შეიძლება ყოფილიყო სხვა გვარის კაცი, ამან გამოიწვია დაპირისპირება. იყო შემთხვევები, როცა მდინარეში მოქცეულ ფართობზე ითხოვდნენ კომპენსაციას, მოსახლეობა რაღაც ნაწილში მართალია, რაღაც ნაწილში კი გასარკვევია რა ხდება.
 ხელვაჩაურში საუბრობენ, რომ საპარლამენტო საქმიანობის დასაწყისში გამგებლის კაბინეტში ხშირად გხედავდნენ და თითქოს საკადრო პოლიტიკაში ჩაერიეთ მას, რომელმაც თქვენი ბევრი ნათესავი დაასაქმა…


ერთი ფაქტი დამისახელონ, როცა მე მივიღე გადაწყვეტილება.


ითქვა, რომ თქვენი გავლენები შესუსტდა მას შემდეგ, რაც მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეთ. ამის გამო საყვედური მიიღეთ პარტიიდან?

არავისგან საყვედური არ მიმიღია. კაცი ვარ და ასე უნდა გამეკეთებინა, როგორც მე ჩავთვალე, მართალი როგორც იყო. მურმან დუმბაძეს ვიცნობ მე როგორც კარგ ქართველს და აქედან გამომდინარე მე მის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემდი. მასთან ვმეგობრობ, ვახლობლობ და მეგობრობა მე ასე მესმის.
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ მურმან დუმბაძის ხელდასმით გახდა ეს ხალხი უმაღლესი საბჭოს წევრი. იმ პერიოდში მურმან დუმბაძე მათთვის ავტორიტეტი იყო, მას უსმენდნენ, საარჩევნო სიებში მოხვდნენ და მოვიდნენ უმაღლეს საბჭოში. თუ შეიძლებოდა შემდეგ შერიგება, რატომ არ შეიძლებოდა მურმან დუმბაძესთან ერთად შერიგებულიყვნენ? _ როცა მურმან დუმბაძე გაირიცხა პარტიიდან, მეორე დღესვე ყველა შეურიგდა ერთმანეთს, ძმები და მეგობრები გახდნენ. ახლა ყველა მართალი დარჩა და მურმან დუმბაძე გამოიყვანეს მტყუანი. ადამიანი უნდა იყო მართალი შენს ქცევებში, ამას როგორც ერთი მოქალაქე გეუბნებით და არა როგორც დეპუტატი.
  რაც შეეხება საკანონმდებლო საქმიანობას პარლამენტში, რა კანონპროექტებზე მოგიწიათ მუშაობა?
  ჩემი ინიცირებით პარლამენტში კანონპროექტი არ ყოფილა, მაგრამ აქტიურად ვიმუშავე კანონზე კოოპერაციის შესახებ, ასევე მთის კანონზე.
  თვითონ როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას, მიიღებთ იმდენ ხმას, რომ კვლავ გახდეთ დეპუტატი?

ეს ხალხის გადასაწყვეტია, მე მწამს ერთი რამის, რომ წინ უნდა ვიხედებოდეთ და უკეთესი გვჭირდება. როსტომ ხალვაშზე უკეთესი იქნება, უკეთესი უნდა მოვიდეს. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვარ ჩემს ამომრჩეველთან.

გადაბეჭდვის წესი