კვირის ამბები

”რეფორმა”, როგორც პრობლემის მფარველი

28.10.2015 • 1813
”რეფორმა”, როგორც პრობლემის მფარველი


თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ სტუდენტების პოზიციების, მოთხოვნების, ინტერესების გათვალისწინება რაღაც დოზით ყოველთვის ხდებოდა, ვინაიდან მეტნაკლებად ყველა აღიარებდა არსებულ პრობლემებს, თუმცა შედეგი ის აღმოჩნდა, რომ დიდი ნაწილი ნაბიჯსაც არ დგამდა ამ პრობლემების გადასაჭრელად და მივხვდი, რომ ეს თანხმობა რეალურად სტუდენტების ხმის ჩახშობას და დროის გაწელვას ემსახურებოდა. მეტიც, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ უნივერსიტეტში მუშაობა იმ მიმართულებით კი არ მიდის, რომ სტუდენტებთან დიალოგის რეჟიმში მოხდეს არსებულ პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიება, არამედ არსებული პოლიტიკა, მიმართულია იმისკენ, რომ ამ „ხმაურიანი“ ჯგუფების მარგინალიზება და გარიყვა მოხდეს, რათა უკეთ განხორციელდეს ის „პოლიტიკა” რომელიც დღეს არის უნივერსიტეტში.

 

გარდა იმისა, რომ დღეს უნივერსიტეტი ისევ გარედან იმართება, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება ხარისხის ასამაღლებლად, უნივერსიტეტის დიდ პრობლემად ისევ რჩება სამეცნიერო მიმართულებით განვითარება, სტუდენტი დღეს განიხილება როგორც შემოსავლის წყარო, როგორც პოტენციური მუშაკი ბაზარზე და არა ცოდნის შემქმნელი და ასე შემდეგ, დღეს უნივერსიტეტში გვაქვს ახალი პრობლემა, ეს არის “რეფორმები” რომელიც თითქოს ხარისხის გაზრდაზე არის ორიენტირებული, და ეს “რეფორმები” ეხება სალექციო და სასემინარო საათებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.


უნივერსიტეტში მართლაც არსებობს იმის პრობლემა, რომ სტუდენტთა ერთი ნაწილი არ ესწრება ლექციებისა და სემინარების ერთ ნაწილს, მაგრამ ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს ეხება კონკრეტული ლექტორების მიერ წაკითხულ ლექციებს და კონკრეტული პროგრამების მიერ დადგენილ სალექციო კურსებს.


სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რექტორისა და აკადემიური საბჭოს შეთანხმებით, (თუმცა როგორც ირკვევა სრული თანხმობა არ არსებობდა) შეიქმნა ახალი „რეფორმა“, რომელიც ავალდებულებს სტუდენტს დაესწროს ლექციების 1/2-ს, ხოლო რაც შეეხება სასემინარო მუშაობას, სტუდენტი ვალდებულია მიიღოს ნიშანი ყველა სემინარული მუშაობისას, რაც უფრო და უფრო მეტად ახდენს სტუდენტთა ორიენტირებას ნიშანზე და არა ხარისხზე და მეტად ხდის მიჯაჭვულს სისტემაზე, საბოლოოდ კი პრობლემა პრობლემად გვრჩება, ვინაიდან ის, რასაც ეს რეფორმა ებრძვის, არ წარმოადგენს პრობლემის სათავეს და არსებული ცვლილება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტში არსებული პრობლემის, ამ შემთხვევაში ლექციაზე დასწრების დაბალი ხარისხის გადაფარვას და „იდეალური“ და წარმოსახვითი მდგომარეობის შექმნას.


ეს „რეფორმა“ ებრძვის პრობლემის შედეგს და არა პრობლემას. მსგავსი მიდგომებით კიდევ უფრო ვუახლოვდებით საზოგადოებას, რომელიც გახვრეტილ ნავში ზის და ცდილობს, რომ წყალი ამოტუმბოს, რათა არ ჩაიძიროს, თუმცა წყლის დონე არასოდეს იკლებს, არავის უფიქრია, რომ პრობლემის სათავე, ანუ ხვრელი დაეფარათ, რომ წყალი აღარ შემოსულიყო. ამ შემთხვევაში ხვრელი არის ის ძირეული პრობლემები, რომლებიც უნივერსიტეტში დგას, დღევანდელი რეფორმა კი ტუმბო, რომელსაც უნივერსიტეტი იყენებს იმისათვის, რომ არ ჩაიძიროს. ყოველივე ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ პრობლემას ის კი არ წარმოადგენს, რომ სტუდენტები არ ესწრებიან ლექციებს, არამედ ის, თუ რატომ არ ესწრებიან, სწორედ ამ პრობლემების კვლევის გარეშე და გაუთვალისწინებლად არის მიღებული არსებული გადაწყვეტილება, თუმცა ვფიქრობ, ეს პრობლემები ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ აღიარება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.


რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, ვფიქრობ, ორ ძირითად პრობლემასთან გვაქვს საქმე:


პირველი: ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებებზე, კონკრეტული ლექტორების მიერ წაკითხულ ლექციებს, რომელიც არის დიდწილად არაფრისმომცემი, უინტერესო და სრულიად დაცლილი თანამედროვეობისაგან თუ მეცნიერებისაგან. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მიდგომები, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება სალექციო თუ სასემინარო მუშაობის დროს. აგრეთვე, ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს  არასწორად განსაზღვრული სალექციო კურსები, ასევე შესაძლო დამთხვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არსებობს საგნის ხელმეორედ გავლის შემთხვევაში ან თავისუფალი კომპონენტების გავლის შემთხვევაში.


 უნივერსიტეტი უნდა ეცადოს სწორედ ეს ძირეული პრობლემები გაანალიზოს და მიმართოს ქმედით ნაბიჯებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.


რაც შეეხება არსებული რეფორმის იმით გამართლებას, რომ სტუდენტთა ერთი ნაწილი არც კი ითხოვს უკეთესს და საერთოდ არ აინტერესებს სწავლა, მაშინ მე მინდა გითხრათ, რომ თუკი თქვენ აღიარებთ ამ სეგმენტის არსებობას უნივერსიტეტში, ესეც საუნივერსიტეტო და ზოგადად განათლების არსებული სისტემის შედეგია, რომელიც ორიენტირებულია რაოდენობაზე და არა შედეგზე. და მაინც, თუკი არსებობს აუცილებლობა და მოითხოვს ვინმე, რომ უკეთ იქნას დასაბუთებული არსებული ეს მოსაზრება, მე პირადად მზად ვარ, ვინაიდან არსებობს კონკრეტული მაგალითებიც, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს რეალობას.


მეორე: რაც შეეხება მეორე პრობლემას, ის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია და  ეხება საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას. ბუნებრივია, ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ სტუდენტი უნდა ისმენდეს ლექციას და ბოლომდე უნდა იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, (თუმცა მეორე საკითხია ის, თუ რამდენად მოდის შესაბამისობაში არსებული საგანმანათლებლო პროცესი სასურველ ხარისხთან), მაგრამ არ შეიძლება ვისაუბროთ ამ საკითხზე ცალსახად და არ გავითვალისწინოთ ის, რომ დღეს უამრავი სტუდენტი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულია იმუშაოს, სწორედ იმისათვის, რომ ისწავლოს, უარეს შემთხვევაში კი ოჯახის რჩენაც უწევს და ამ ყოველივეს გაკეთება უწევს სასწავლო პროცესის პარალელურად, იმ ლექციების გაცდენის ხარჯზე, რომელშიც თავისი ნამუშევარი თანხა აქვს გადახდილი.


რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ტვირთი სტუდენტისათვის? ამ პრობლემის მოგვარების გზა კონკრეტულ შეზღუდვებზე კი არ გადის, არამედ იმ ქმედებებზე, რაც იდეაში უნდა კეთდებოდეს უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი უნდა იკვლევდეს და აფასებდეს არსებულ რეალობას, მათ შორის საზოგადოების სოციალურ ფონსაც და უნდა სახავდეს არსებული პრობლემების მოგვარების გზებს, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს სახელისუფლებო დონეზე. სწორედ ამიტომ ითხოვს სტუდენტთა ერთი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რათა უნივერსიტეტი არ იყოს ორიენტირებული სტუდენტთა რაოდენობაზე, როგორც შემოსავლის წყაროზე. სტუდენტს შეუმსუბუქდეს ტვირთი, რომელიც მაღალი გადასახადით არის განპირობებული და უნივერსიტეტს ჰქონდეს საკმარისი რესურსი, რათა განვითარდეს. უნივერსიტეტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს და ვერ გაატარებს რეფორმებს იმ მოვლენებისა და პროცესების უგულებელყოფის ხარჯზე რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.


და ბოლოს. მე არ მჭირდება სისტემის იძლება იმისათვის, რომ დავესწრო ლექციებს, მივიღო განათლება, მე არ მჭირდება შეხსენება თუ რისთვის ვარ უნივერსიტეტში, მე მჭირდება ის, რასაც ვითხოვ, (და არამარტო მე) როგორც რიგითი სტუდენტი: ეს არის საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, რომელიც არ იქნება დამოკიდებული დოგმატური ცოდნის გადმოცემაზე, რომელიც არ აიძულებს სტუდენტს იფიქროს ნიშანზე და არა ცოდნაზე, რომელიც მისცემს ლექტორს საშუალებას სამუშაო საათი მოახმაროს ლექციაზე გაზიარებული ცოდნის პრაქტიკულ გაჯანსაღებას, რომელიც ორიენტირებული იქნება სწავლის მეთოდზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ინფორმაციის გაზიარებაზე და ახალი ცოდნის დაბადებაზე და რომელიც იქნება მეცნიერებასთან შეჯერებული. ამიტომ მივმართავ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს და პირებს, რომ გაითვალისწინონ ყველა არსებული ფაქტორი, რაც მოქმედებს დღეს განათლებაზე, გაითვალისწინონ სტუდენტთა ინტერესები, გაითვალისწინონ უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა ზოგადად საზოგადოების წინაშე და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.


მარტივად შესაძლებელია არსებული განცხადების გამოყენება სხვადასხვა პოზიციიდან და ამის მაგალითებიც არსებობს. სტუდენტებს, რომლებიც ყოველთვის მოწინააღმდეგეები იყვნენ სისტემური, ხელოვნური რეფორმების და ითხოვდნენ რეალურ ქმედებებს, ხშირ შემთხვევაში „ოროსნების“ სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და არ გამიკვირდება „ვიწრო წრე“ ამ სტატუსს მეც თუ მომანიჭებს.


ბუნებრივია არ დავიწყებ ჩემი პოზიციის მტკიცებას მათ წინაშე, უბრალოდ შევეცდები ავხსნა, თუ რაში მდგომარეობს რეალური პრობლემა და რატომ არის აცდენილი დღევანდელი რეფორმა ძირეულ საკითხებს.



გადაბეჭდვის წესი


ასევე: