სიახლეები

ექვსი კოტეჯი და სასტუმრო გოდერძის უღელტეხილზე

30.10.2015 • 9575
ექვსი კოტეჯი და სასტუმრო გოდერძის უღელტეხილზე

 

ბატონო ჯემალ, როდის გაიხსნება კურორტი და პირველ დამსვენებელს როდის მიიღებთ?


ჯემალ ბოლქვაძე
ჯემალ ბოლქვაძე

კურორტის ოფიციალური გახსნა დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა გახსნის კონკრეტული თარიღი გარკვეულწილად ამინდზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, თუ როდის იქნება თოვლის საკმარისი რაოდენობა. კურორტი პირველი დამსვენებლის მიღებას გახსნისთანავე შეძლებს და 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე სრული დატვირთვით იმუშავებს.

 

დასრულებულია თუ არა სამშენებლო და კეთილმოწყობითი სამუშაოები?


 სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპისთვის სრულდება კეთილმოწყობითი სამუშაოები. მოეწყო ორი საბაგირო გზა, რომლის საერთო სიგრძე ოთხ კილომეტრს აღემატება და რვა კილომეტრამდე სიგრძის სათხილამურო ტრასა. საბაგირო გზის პირველი სადგური ზღვის დონიდან 1700, ხოლო ბოლო სადგური 2350 მეტრზე მდებარეობს.


დასვენებისა და კვების რა ობიექტები მოეწყო კურორტზე?


72 პერსონაზე გათვლილი სასტუმრო ტიპის ექვსი კოტეჯი აშენდა. თითოეული კოტეჯის მეორე სართულზე განლაგებულია ოთხი ინდივიდუალური ნომერი, ხოლო, პირველ სართულზე ფოიე, სამზარეულო და დამხმარე სათავსო ოთახებია განთავსებული. ნებისმიერ დამსვენებელს შეეძლება კოტეჯის სამზარეულოთი სარგებლობა. გარდა კოტეჯებისა, აშენდა 36 პერსონაზე გათვლილი სასტუმროს ტიპის სახლი, რომლის მეორე სართულზე მოწყობილია ნომრები, ხოლო პირველ სართულზე – სამზარეულო, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, საოფისე ოთახები და დამხმარე სათავსოები. მთელი სეზონის განმავლობაში იფუნქციონირებს შენობაში განთავსებული სასადილო, რომლით სარგებლობა შეეძლება კურორტის ნებისმიერ ვიზიტორს. გარდა ამისა, უშუალოდ გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს 26 პერსონაზე გათვლილი სასტუმრო სრული მომსახურებით.

 

კურორტი ერთი დღის განმავლობაში ერთდროულად რამდენი დამსვენებლის მიღებას შეძლებს?


არსებული სასტუმრო ტიპის ინფრასტრუქტურით, კურორტს შესაძლებლობა ექნება ერთდროულად, ღამისთევით მოემსახუროს 134 დამსვენებელს, თუმცა, საერთო ჯამში, კურორტზე არსებული სათხილამურო ინფრასტრუქტურის გამტარიანობა საათში დაახლოებით 4 000 კაცზეა გათვლილი.


რამდენად ხელმისაწვდომი ტარიფი იქნება დამსვენებლებისთვის და გექნებათ თუ არა შეღავათები ბავშვებზე?


 საკურორტო მომსახურების ზუსტი ტარიფები ჯერ დადგენილი არ არის. ტარიფების განსაზღვრაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ვინაიდან ამ ადგილისთვის ზამთრის საკურორტო მომსახურების ბაზარი წარმოადგენს სიახლეს, ჩვენ მიერ განსაზღვრული იქნება მომსახურების დროებითი ღირებულება. 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე რეგულარულად გამოვკითხავთ კურორტის ვიზიტორებს, როგორც დადგენილი დროებითი ფასების, ასევე საკურორტო მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ირგვლივ და გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ შემდეგში შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

ამ ეტაპისთვის განსაზღვრული გვაქვს, რომ ფასები დიფერენცირებული იქნება სასტუმრო მომსახურების ობიექტების მიხედვით, ანუ განსხვავებული იქნება სასტუმროს ტიპის კოტეჯებში არსებული ნომრების, სასტუმრო ტიპის სახლში არსებული ნომრებისა და გოდერძის უღელტეხილზე მდებარე სასტუმროს ნომრების სარგებლობის ღირებულება. საორიენტაციო ფასები დადგინდება კონკრეტული სასტუმრო ნომრით სარგებლობისათვის, რომელშიც არ იქნება შეყვანილი კვების ღირებულება. საორიენტაციოდ, ერთი პერსონისთვის ღამისთევით დასვენების მაქსიმალური ღირებულება 50 ლარს არ გადააჭარბებს.

 

რას ფიქრობთ, როგორ გაუწევთ კონკურენციას სხვა სამთო კურორტებს?


როგორც აღვნიშნე, 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე კურორტი იფუნქციონირებს სრული დატვირთვით ყოველდღიურ რეჟიმში. ვფიქრობ, ის საქართველოში არსებულ სხვა ზამთრის კურორტებთან მიმართებაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.


რამდენად დაცული იქნება დამსვენებლის უსაფრთხოება კურორტზე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა? 


 რაც შეეხება სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე შესყიდულია ყველა საჭირო ინვენტარი _ სათხილამურო ტრასის დამცავი სხვადასხვა ტიპის ბადე, ნიშნები, უსაფრთხოების ლეიბები და სხვა. ძირითადად, მსგავსი სისტემები დამონტაჟდება თოვლის მოსვლის შემდეგ. ამასთან, კურორტზე მობილიზებული იქნება სამაშველო სამსახური და სამედიცინო პუნქტი.


კურორტთან დაკავშირებით სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?


კურორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, კერძო ინვესტიციების მოზიდვის გზით, საკურორტო ტერიტორიაზე სასტუმრო, დასვენებისა და მომსახურების ობიექტების მშენებლობაზე. სახელმწიფოს მხრიდან კურორტის შემდგომი განაშენიანების უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსდება შიდა საკურორტო გზების, ახალი საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების მშენებლობის სამუშაოები.

 

დღეისათვის ჩატარებული სამუშაოები – საბაგირო გზებისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ცენტრალური ენერგომომარაგება, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები, სასტუმრო და დამხმარე ინფრასტრუქტურა, სპეციალური ტექნიკის, აღჭურვილობებისა და ინვენტარის შეძენა, – 100 პროცენტით დაფინანსებულია სახელმწიფო ინვესტიციით.

 

 მთლიანობაში რა თანხა დაიხარჯა?

 

საბაგირო გზების მოსაწყობად 10 მილიონ 930 000 ევრო, ხოლო სხვა საკურორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და საჭირო სპეციალური ტექნიკისა და ინვენტარის შესაძენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

გადაბეჭდვის წესი