სიახლეები

სასწავლო ცენტრი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

31.10.2015 • 1613
სასწავლო ცენტრი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

 

სასწავლო ცენტრის მოსწავლეები

 

„სოციალურად დაუცველ ბავშვებს როცა ვესაუბრებოდით, ძირითადი ნაწილის მოთხოვნა იყო, რომ დამატებით მეცადინეობას ვერ ასწრებდნენ, განსაკუთრებით ინგლისურ ენაში ჰქონდათ ყველაზე დიდი ჩამორჩენა. ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაცხადა აქცია, მოხალისე მასწავლებლებისთვის, რომლებიც მოვლენ ჩვენს ცენტრში და იმუშავებენ ამ ბავშვებთან,“- ამბობს საქველმოქმედო ცენტრ „იალქანის“ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.

 

როგორც თიკო აბაშიძე ამბობს, სოციალურად დაუცველი ბავშვების სასწავლო ცენტრისთვის ფართობი დროებით სარგებლობაში, სამი თვით აქვთ აღებული.

 

„ახლობელმა დაგვითმო შენობის ერთი ოთახი და აქ მიმდინარეობს მეცადინეობა. ამ დროისთვის 120 ბავშვია რეგისტრირებული, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ფართობი არ იძლევა ყველა ბავშვის ერთდროულად მეცადინეობის შესაძლებლობას, ეტაპობრივად მოგვიწევს ბავშვებთან მუშაობა“.

 

თიკო აბაშიძის თქმით, ცენტრში სწავლის სურვილი ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა გამოთქვეს.

 

სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოხალისე მასწავლებლები გაკვეთილებს ჩაუტარებენ ქართულ ენაში, მათემატიკაში, ინგლისურ ენში, ხატვასა და მუსიკაში.

 

 

 

ხატვა, მუსიკა და ინგლისური მხოლოდ შაბათ-კვირას ჩატარდება, დანარჩენი გაკვეთილები კი _ ყოველდღე. ბავშვები ცენტრში შეისწავლიან ხალხურ სიმღერებს და ვოკალის გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ.

 

„ერთადერთი, რაშიც ფინანსები დაგვეხარჯა, საკანცელარიო ნივთებია, რადგან ბავშვებს ბუნებრივია მათი შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. მასწავლებლები ენთუზიამზე მუშაობენ, სამი თვის შემდეგ, ხელმეორედ გამოვაცხადებთ მოხალისე მასწავლებლების მიღებას, რადგან დიდი ხნით უხელფასოდ მუშაობა ალბათ რთული იქნება,“- ამბობს  თიკო აბაშიძე.

 

საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ცენტრის არსებობით ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან და სოციალურად დაუცველ სხვა ბავშვებსაც მიეცემათ უფასო გაკვეთილებზე დასწრების  შესაძლებლობა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: