სასჯელი მარიხუანას მოხმარება/შენახვისთვის – რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის პირის დაპატიმრებას ითვალისწინებდა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ვის შეეხება ეს გადაწყვეტილება, რა სახის დანაშაულზე იყო საუბარი ამ მუხლში?

ბექა წიქარიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ეს ეხება ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას შენახვას პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელი, არის არაკონსტიტუციური: არამხოლოდ 7 წლით პატიმრობა, როგორც ეს სადავო ნორმაში იყო, არამედ – საერთოდ, ერთი დღით პატიმრობაც.

 ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ ოდენობად ჩაითვლება 70 გრამზე მეტი მარიხუანა?

 არა, დიდი ოდენობაზე არ არის საუბარი, საკონსტიტუციო სასამართლომ ოდენობა კი არ გააუქმა, სასამართლომ თქვა, რომ გინდა დიდი ოდენობა დაუძახე, გინდა განსაკუთრებით დიდი ოდენობა, გინდა შემაშფოთებლად დიდი ოდენობა, მინიმუმ 70 გრამამდე თუ პირს დაუდასტურდება მარიხუანას შენახვა, სასჯელად თავისუფლების აღკვეთას ვერ გამოიყენებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასჯელს ვერ დააკისრებ – სასჯელს დააკისრებს სახელმწიფო კონკრეტულ პირს მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის, თუმცა სასჯელი არ შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა ან უფლების შეზღუდვა, ან ნებისმიერი სხვა რამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი

რაც შეეხება 70 გრამზე მეტს – სასამართლომ თქვა, რომ თუ პირს აღმოუჩენ, მაგალითად, 5 კილო მარიხუანას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პირს აუცილებლად თავისუფლების აღკვეთა უნდა მიუსაჯო. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, პირს ჰქონდა თუ არა გასაღების მიზანი, ან ეს ოდენობა არის თუ არა ის ოდენობა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით ავტომატურად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.

საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ მას არ უმსჯელია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხებზე, „რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს“. ეს იმის ნიშნავს, რომ ჯარიმები, რაც იყო მოხმარებაზე, ისევ ძალაშია?

 არამხოლოდ მოხმარებაზე, არამედ შენახვაზეც.

ანუ ჯარიმები, 500-ლარიანი და მეტი, რაც იყო ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული, ისევ რჩება?

 დიახ, 500 ლარი არის ადმინისტრაციული ჯარიმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი ლაპარაკია სისხლის სამართლებრივ ჯარიმაზე. სასჯელი მარტო ციხეში ჩასმა ხომ არ არის, არსებობს სასჯელის ბევრი სხვა სახე და საკონსტიტუციო სასამართლომ სასჯელის ერთ-ერთ სახეზე – თავისუფლების აღკვეთაზე თქვა, რომ ეს არაკონსტიტუციურია.

ადამიანებს, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ან პირობით არიან გათავისუფლებულები, მათი სისხლის სამართლის საქმეები ავტომატურად შეწყდება?

 ვისაც წაყენებული აქვს ეს ბრალი, რა თქმა უნდა, მას ვერავინ ვეღარ დააპატიმრებს; ვისაც წინასწარი პატიმრობა აქვს, ისინი უნდა გაათავისუფლონ. ხოლო რაც შეეხება მსჯავრდებულებს, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს ახლად აღმოჩენილი გარემოებით. სასამართლო იმსჯელებს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე, რამდენად ვრცელდება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მათზე და, შესაბამისად, გამოიტანს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. ამ მუხლით ციხეში ვერავის ვეღარ დატოვებენ.

თქვენ იყავით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრის ავტორი. ხომ არ აპირებთ სასამართლოს მიმართოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით?

 ჯერჯერობით ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო ფორმას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდეგ ნაბიჯებზე. ჯერ ჩვენთვის სასამართლოს არგუმენტაცია უცნობია, მხოლოდ შედეგები ვიცით. ეს ცნობილი გახდება ერთ კვირაში, თუმცა რთული იქნება დეკრიმინალიზაციაზე დავა. გაცილებით რთული იქნება იმ დავის მოგება, ვიდრე ამ დავის მოგება იყო.

 

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შეურაცხმყოფელი პლაკატები მიაკრეს

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე გაკრული პლაკატი

„ოფისში ვიდეოთვალი გვაქვს დამონტაჟებული, რომელმაც დააფიქსირა ორი პირი დილის 6 საათზე. თუ წინა შემთხვევის დროს ნიღბით იყვნენ მოსული, ამ შემთხვევაში ნიღბები არ ეკეთათ,“- ამბობს რაულ თავართქილაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული პირები მათ ვერ ამოიცნეს.

„ფირები გადავეცით პოლიციას, რომელიც ამ დილით, ათი საათისთვის გამოვიძახეთ. იმედი გვაქვს გამოძიებას დაიწყებენ და დაადგენენ დამნაშავეებს,“- აცხადებს ის. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის პირველ სართულზე საგამოფენო დარბაზი ფუნქციონირებს, სადაც ამჟამად გამოფენილია მხატვარ ნინო ყუბანეიშვილის ნახატები. 

ქუჩები, რომელიც ათ დღეში გაიხსნება

 
 
აღნიშნულიდან გამომდნარე, ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას საგზაო მოძრაობის შეფერხების გამო და აცხადებს, რომ მოძრაობა აღნიშნულ ქუჩებზე 10 დღის განმავლობაში სრულად აღდგება. 
 
 
 
ბათუმის მერია
ბათუმის მერია

რა სიახლეს გეგმავს „ბათუმიველო“ მომხმარებლისთვის?

 

 

„ბათუმიველო“, ისევე როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, მერიის ორგანიზაციაა და ერთი ადმინისტრაციის მიერ იმართება. თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე ამბობს, „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“ განსხვავებით, „ბათუმიველოს“ საბიუჯეტო სუბსიდია არ სჭირდება და საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოფს ხარჯების დაფარვას. დირექტორის თქმით, ველოპარკს ამ დროისთვის 370 ველოსიპედი აქვს საკუთრებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ველოსიპედი დაიკარგა, ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს, თუმცა დაკარგული ველოსიპედები ჯერ არ უპოვიათ.

 

პაატა დუმბაძის თქმით, ველოსიპედების გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 133 ათასი ლარი შეადგინა, მიმდინარე წელს კი – 96 ათასი ლარი. „ყველაზე შემოსავლიანი წელი იყო 2013, ამ წელს 187 ათასი ლარი შემოვიდა ბიუჯეტში. წელს ასეთი მაღალი შემოსავალი არ დაფიქსირებულა. აქტიური ტურისტული სეზონი დასრულდა, თუმცა, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.“

 

 

დაზიანებული ველოსიპედების შესახებ დაზუსტებული მონაცემები „ბათუმიველოს“ ადმინისტრაციაში არ აქვთ. პაატა დუმბაძე ამბობს, რომ შესწავლის პროცესი ახლა მიმდინარეობს: „ბუნებრივია, ველოსიპედები ზიანდება, რადგან ბევრი მომხმარებელი გვყავს. სარემონტო ხარჯსაც ეტაპობრივად გამოვყოფთ, იმის მიხედვით, თუ რამდენი ველოსიპედი საჭიროებს შეკეთებას. ძირითადად საკვანძო დეტალები –  სახელურები, სიგნალები, მაშუქები და სავარძელი ზიანდება. ამ ნაწილებს ვიძენთ და ვაახლებთ ველოსიპედებს“.

 

პაატა დუმბაძის ინფორმაციით, 2013 წელს ველოსიპედების შესაკეთებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯა, გასულ წელს კი – სამი ათასი.
„იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ველოსიპედს დაკარგავს, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება და ზარალის ანაზღაურება მოუწევს. საჯარიმო თანხა ფიქსირებული არ არის, დაზიანებული ნივთის ექსპლუატაციის ვადის მიხედვით განისაზღვრება. ამის შესახებ მომხმარებელი ინფორმირებულია, რადგან ველობარათის გაცემის დროს მასთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ. თუ ველოსიპედით მომხმარებელი დაზიანდა, დაეხაჯა რაიმეს და ტრავმა მიიღო, პირველად სამედიცინო დახმარებას უფასოდ გაუწევენ. თანხას სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს, სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი ტერმინალის შკალაზეა განთავსებული“.

 

პაატა დუმბაძის თქმით, დაზღვევის პრაქტიკა შარშან ზაფხულში დაინერგა და მხოლოდ ტურისტულ სეზონზე იყო გათვლილი, თუმცა შემდეგ ყოველწლიური გახდა.

 

 

დირექტორის თქმით, ველოსიპედით დაზიანების გამო სადაზღვევოსთვის ჯერ არც ერთ აბონენტს არ მიუმართავს.
ველოსიპედით სარგებლობის ტარიფები არ შეცვლილა – ერთი საათი ორი ლარი ღირს. მომხმარებელს ველობარათით სარგებლობა ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. უცხოელი ტურისტებისთვის დამზადებულია როგორც ერთდღიანი, ასევე ათდღიანი ბარათები. პაატა დუმბაძის თქმით, ტურისტები ძირითადად ათდღიანი ველობარათებით სარგებლობენ. ბარათების შეძენა მომხმარებელს „ბათუმიველოს“ ადმინისტრაციაში შეუძლია. თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, მომავალი წლიდან როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ აბონენტებს ველობარათებით სარგებლობა სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით შეეძლებათ. „ფრანგულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და სწრაფი გადახდის აპარატებში ახალი სისტემის დასანერგად აპლიკაციას ვაკეთებთ“.

 

დირექტორი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ახალი ველოპარკების განთავსება არ იგეგმება. „წლის განმავლობაში ტერმინალი გამორთული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რადგან დენის მიწოდების პრობლემა იყო. ეს პრობლემა მოგვარებულია და ტერმინალიც მალე ჩაირთვება. ქალაქის ცენტრალური უბნების გარდა ველოპარკი მხოლოდ ჯავახიშვილის ქუჩაზე და ბოტანიკურ ბაღშია დამატებული“.

 

რაც შეეხება ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებს, პაატა დუმბაძე ამბობს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ამ ტერიტორიებზე ველოპარკი ვერ განთავსდება.

ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე საჯარო ლექციებს გამართავს

 

საჯარო ლექცია ჩატარდება შემდეგ თემაზე: ნეიროფსიქოლოგია,  როგორც ინტერდისციპლინური მეცნიერება და მისი როლი ადამიანის ქცევის გაგებაში.
 
 
საჯარო ლექციის მიზანია ნეიროფსიქოლოგიის, როგორც ახალგაზრდა და განვითარებადი ფსიქოლოგიის დარგის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.
 
თამარ გაგოშიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ექიმებს შეხვდება

 

შეხვედრებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დაავადებათა აღრიცხვიანობის სრულყოფა; შეტყობინებების დროულობა, ლაბორატორიული კვლევების ხელშწყობა.
 
 
 
მსმემენელებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია გრიპის სეზონის პერიოდში ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, გრიპისა და სხვა რესპირატორულ დაავადებათა აღრიცხვიანობის მნიშვნელობაზე, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განხორციელების ხელშეწყობაზე.
 
 
 
შეხვედრები მოიცავს რეგიონის ყველა სტაციონარულ და ამბულატორიული დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს.
 
 
 
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ორგანიაცია ,,BATTELLE”.
 

სასაზღვრო პოლიციამ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა

 

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

 

ხულოში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეამცირეს

 

გამგეობის მოთხოვნას სამი სოციალური პროგრამის შემცირების შესახებ ხულოს საკრებულომ 8 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა მხარი.

 

საკრებულოს სხდომა ხულოში
საკრებულოს სხდომა ხულოში

„ჩვენმა ფრაქციამ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. ამ პროექტით რიგი სოციალური პროგრამები 5 000 ლარით შემცირდა და თანხა გადატანილი იქნა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის მოვლა-შენახვის მუხლში. 54 000 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყეს, ეს თანხა ნაძვის ხის შეძენასა და, სავარაუდოდ, გამგეობის მუშაკების ქეიფს მოხმარდება. არსებულ ვითარებაში სოციალური პოროგრამების დაფინანსება კი არ უნდა მცირდებოდეს, პირიქით, სოციალური პროგრამები უნდა მუშავდებოდეს“, – ამბობს  ირაკლი ჯორბენაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი `ნაციონალური მოძრაობიდან“.

 

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით კი, აღნიშნული პროგრამები გასულ წელთან შედარებით მეტი თანხით დაფინანსდა, რაც საჭირო არ იყო. გამგებელი სოციალურ პროგრამებზე თანხის კლებას შემდეგი არგუმენტით ხსნის:

 

„იქედან გამომდინარე, რომ პროგრამა მომართვიანობის, ბენეფიციართა განცხადების საფუძველზე ხორციელდება, ვფიქრობდით მეტი მოგვმართავდა. წლის განმავლობაში რა თანხაც გავეცით, დავთვალეთ. სავარაუდოდ, იმ თანხაზე, რაც მოვაკელით, მოთხოვნა არ იქნება. თანხები ამ პროგრამაში, რაც მომართვიანობის საფუძველზე გაიცემა, არის. როგორც ვიცი, 3-4 000 ლარით მეტით დაფინანსდა პროგრამები წლის დასაწყისში, ვიდრე გასულ წელს იყო. დავთვალეთ რა ეკონომია შეიძლება დარჩენილიყო და ამის საფუძველზე ახალი ღონისძიებები დავგეგმეთ“.

 

ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, 54 000 ლარიდან 30 000 ლარი ნაძვის ხის შეძენას, დარჩენილი თანხა კი საახალწლო ღონისძიებების დაფინანსებასთან ერთად საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის, მრავალშვილიანი დედებისა და შშპ პირებისთვის საახალწლო ნობათის შეძენას მოხმარდება.

 

მოქალაქეების ერთი ნაწილის, ვისთვისაც ეს პროგრამები მუშავდება, პროგრამების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ილია ართმელაძე ამბობს, რომ პროგრამების შესახებ არაფერი სმენია და ამის თაობაზე არც არავის არაფერი უთქვამს.

 

„მე რამდენჯერაც ვითხოვე გამგეობაში დახმარება, იმდენჯერ უარი მითხრეს, არასოდეს დამხმარებიან“, – ამბობს ილია.

 

ხულოს გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ ცხრა სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 100 ლარია გამოყოფილი.

 

არსებული ცხრა პროგრამიდან ყველაზე მეტი დაფინანსება ხუთ და მეტ მცირეწლოვანშვილიანი ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაზე მოდის. ამ პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 60 000 ლარია. 15 ოქტომბრის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში 49-მა ოჯახმა 1000-1000 ლარი მიიღო ფინანსური დახმარების სახით, რაზეც 49 000 ლარი დაიხარჯა. დაფინანსებულია „მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაც“. პროგრამის 50 000-ლარიანი ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება  64 ოჯახს გაეწია.

 

ყველაზე მეტი ოჯახი კი „ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამამ“ მოიცვა – ხულოს გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 36 000-ლარიანი სოციალური პროგრამით დახმარება 275 ოჯახს გაეწია.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმდინარე წელს ცხრა სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც წლის დასაწყისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 239 000 ლარი გამოიყო. არსებული ცხრა პროგრამიდან მუნიციპალიტეტში მოსახლეობა, ძირითადად, ოთხი პროგრამით სარგებლობს: ყოველი ახალშობილის შეძენაზე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით, ეპილეფსიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფით, სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის ყოველდღიურად ერთჯერადი უფასო კვებისა და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებით.

 

ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე აცხადებს, რომ არსებულ პროგრამებს მომავალი წლიდან სამი ახალი პროგრამა დაემატება. მისი თქმით, მიმდინარე წელს 65-მა ახალშობილის ოჯახმა, ხოლო 45-მა გარდაცვლილის ოჯახმა მიიღო ფინანსური დახმარება; ეპილეფსიის პროგრამით უფასო მედიკამენტებს 60 ბენეფიციარი იღებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 26 ადამიანი კი უფასო სასადილოში იკვებება. 5 და მეტ მცირეწლოვანშვილიანმა 13-მა ოჯახმა ერთჯერადად 1000 ლარი მიიღო და დიალეზზე მყოფ დაავადებულ ცხრა ბენეფიციარს თანხმლებ პირთან ერთად მგზავრობა უფინანსდება.

 

„2016 წლისთვის ვაპირებ დამატებით პროგრამების შემუშავებას. კონკრეტული პროგრამების შემუშავება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მოსახლეობიდან წამოვიდა მოთხოვნა: სამომავლოდ 18-წლამდე შშმ ბავშვებისთვის, რომლებიც რეაბილიტაციის კურსებს ბათუმში გადიან, პროგრამა შევიმუშავეთ, რეაბილიტაციის კურსს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. გადავწყვიტეთ მათ დავუფინანსოთ მგზავრობა თანხმლებ პირთან ერთად. პროგრამის შემუშავება მომართვიანობისა და მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა, ასეთი ბავშვი მუნიციპალიტეტში 13-ია. პროგრამის განსახორციელებლად 9 000 ლარი იქნება საჭირო. გარდა ამისა, ვგეგმავთ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენის პროგრამის შემუშავებას, პროგრამა დაახლოებით 40 000 ლარით დაფინანსდება. ასევე ვგეგმავთ პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას. ამ პროგრამებს შესაძლოა სხვა პროგრამებიც დაემატოს“, – ამბობს დავით თედორაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს 10 სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 515 607 ლარია გამოყოფილი, აქედან 272 040 ლარი სოფელ ჩანჩხალოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 59 ოჯახისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოხმარდა. აღნიშნული პროგრამის გარდა, შუახევში ყველაზე მეტი თანხა – 59 100 ლარი ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაზეა გამოყოფილი: პროგრამით შუახევში ფინანსური დახმარება 136-მა ოჯახმა მიიღო. ვრცელია ეპილეფსიით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტების პროგრამაც – პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებს 82 ბენეფიციარი იღებს.

ვიდეოგაკვეთილი – მასწავლებლის ახალი ვალდებულება

ბათუმის #1 საჯარო სკოლა

ბათუმის #1 საჯარო სკოლა

მარინა გაბაიძე მე-10 საჯარო სკოლის მეორე კატეგორიის გეოგრაფიის მასწავლებელი და ფასილიტატორია. როგორც მარინა ამბობს, ვიდეოგაკვეთილის პრაქტიკა ჯერ არ ჰქონია. მესამე კატეგორიის მასწავლებლის ხარისხი რომ მოიპოვოს, ამისთვის 19 კრედიტი სჭირდება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს. თუმცა, წამყვანი პედაგოგის სტატუსის მიღებამდე, როგორც გამოცდებისა და შეფასების ცენტრში ამბობენ, პედაგოგები ვალდებულნი არიან, არსებული კატეგორია შეინარჩუნონ.

„კრედიტებში შედის სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მაგალითად, კონფერენციებში მონაწილეობა, ღია გაკვეთილების მომზადება, სამოდელო გაკვეთილების ჩატარება და ა.შ. მათ შორის იქნება ვიდეოგაკვეთილებიც. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია რა კრიტერიუმებით შეგვაფასებენ მასწავლებლებს და რაში მოგვანიჭებენ კატეგორიას“, – ამბობს მარინა გაბაიძე.

პედაგოგი მიიჩვენს, რომ შედეგის თვალსაზრისით ვიდეოგაკვეთილებს შესაძლებელია ნაკლები ეფექტი ჰქონდეს: „მასწავლებლისთვის მთავარია შედეგი. ეს შედეგი კი შეიძლება ჩვეულებრივი გაკვეთილითაც მივიღო, რადგან ის მექანიზმი, რასაც შემფასებელი შეიძლება შედეგის მომტანად მიიჩნევდეს, ჩემთვის არ იყოს ეფექტური. თუმცა, სიახლეების წინააღმდეგი არ ვარ“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულნაზ კარანაძეც მეორე კატეგორიის მასწავლებელია. ვიდეოგაკვეთილის პრაქტიკა აქამდე არც მას ჰქონია. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ორი ვიდეოგაკვეთილი მასწავლებლის ხარისხს ვერ განსაზღვრავს, თუმცა  მასწავლებლის თვითშეფასებასა და კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს.

„მარტო ვიდეოგაკვეთილი, ბუნებრივია, არ იქნება საკმარისი მასწავლებლის შესაფასებლად, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩავატაროთ ორი სამოდელო გაკვეთილი, რომელსაც შიდა მონიტორინგის ჯგუფი შეაფასებს და სხვადასხვა  აქტივობაშიც მივიღოთ მონაწილეობა“.

პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ქეთინო გვარჯალაძე მიიჩნევს, რომ   საკლასო დაკვირვება კარგია, თუმცა შეფასებითი არ უნდა იყოს. „მასწავლებლის შეფასებისთვის კარგი მეთოდია საგნობრივი გამოცდები, სადაც კარგად ჩანს მასწავლებლის ძლიერი მხარეც და სუსტიც. ვიდეოგაკვეთილები, ვფიქრობ, ვალიდური ვერ იქნება. არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ამაში კრედიტი უნდა დამეწეროს, რადგან მაინც ძალიან ხელოვნური მგონია“, – ამბობს ის.

პედაგოგი მიიჩნევს, რომ ვიდეოგაკვეთილები პრაქტიკული სავარჯიშო უნდა იყოს და არა შეფასებითი.

„მე ვიყავი ე.წ. შვიდკაცას პილოტირებულ ჯგუფში და ხშირად გვიტარდებოდა ტრენინგები. გვაჩვენეს პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი მასწავლებლების ვიდეოგაკვეთილები.  ფიზიკაში გედენიძეზე საუკეთესო თეორეტიკოსი არ ვიცით, მისი სახელმძღვანელოთი ვასწავლით სკოლაში და მისი ჩატარებული ვიდეოგაკვეთილი აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს, არ გამოუვიდა. მაშინ დასკვნა გამოვიტანეთ ასეთი, რომ შეიძლება თეორეტიკოსი ვერ ატარებდეს პრაქტიკულად კარგ გაკვეთილს. ამიტომ, საკლასო დაკვირვების ინსტრუმენტით ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ კარგი შედეგები პირველ ეტაპზე, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ და მივაღწიოთ მიზანს“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული უნარების ჯგუფის წევრი ირინა ჟვანია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკლასო დაკვირვების მიზანი პედაგოგების პრაქტიკული უნარების შეფასებაა. მისი თქმით, საკლასო დაკვირვების რუბრიკა ამ დროისთვის შემუშავებულია, თუმცა წლის ბოლომდე ინსტრუმენტი დაიტესტება და საბოლოო ვერსია მომავალი წლის მაისის ბოლოს იქნება მზად.

„საკლასო დაკვირვების შეფასების ინსტრუმენტი შემუშავებული გვაქვს, მაგრამ გვინდა, რომ ეს ინსტრუმენტები დავტესტოთ და გავიგოთ რა ხარვეზებია, რას აფასებს სწორად და რას ვერა. სკოლებს ვთხოვთ მოგვცენ შესაძლებლობა და ტესტირების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. გაკვეთილებს ჩავიწერთ და მეთოდის საბოლოო შეფასებისთვის გამოვიყენებთ“.

ირინა ჟვანიას განცხადებით, საკლასო დაკვირვება იმ აუცილებელი კრედიტების სიაში შედის, რომელიც პედაგოგს არსებული კატეგორიის შენარჩუნებაში დაეხმარება.

„ეს არის სავალდებულო კრედიტი, რომელშიც უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგი 5 კრედიტს მიიღებს“. ირინა ჟვანიას ინფორმაციით, შეფასების ჯგუფში საგნისა და განათლების სპეციალისტები შევლენ.

„ვიდეოგაკვეთილების ჩასატარებლად სკოლები ვიდეოთვალებით უნდა აღჭურვოს განათლების სამინისტრომ, ჩამწერი აპარატურა ერთ კლასში დამონტაჟდება და კლასში მასწავლებლისა და მოსწავლეების გარდა სხვა პირი არ იქნება.  რამდენი და  რა ტიპის ვიდეოკამერა უნდა დამონტაჟდეს, ამ საკითხზე პროფესიონალები მსჯელობენ. ტექნიკური საკითხები პედაგოგების საზრუნავი არ იქნება და ამაზე მათ არ უნდა იფიქრონ“, – ამბობს ირინა ჟვანია.

რაც შეეხება ბიუჯეტს, თუ რამდენი ლარი დასჭირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით თითო საკლასო ოთახის ტექნიკურად აღჭურვას, ამის თაობაზე საქართველოს განათლების სამინისტროში ინფორმაცია არ აქვთ.

გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 15 ათასზე მეტი უფროსი მასწავლებელია. კითხვაზე რა პერიოდში აღიჭურვება ყველა სკოლა ტექნიკურად და ამ რაოდენობის ვიდეოგაკვეთილების დამზადება, შემდეგ კი საიტზე ატვირთვა ხომ არ გამოიწვევს ქაოსს? ირინა ჟვანია პასუხობს, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრი ამ მექანიზმზეც მუშაობს:

„ზუსტი პასუხის გაცემა ამაზე არ შეგვიძლია, ჯერ შინაარსობრივ ნაწილზე ვმუშაობთ და იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაიწეროს და აიტვირთოს, მუშაობენ სპეციალისტები. არის ასეთი იდეაც, რომ შეიძლება გაკვეთილები ჩაიწეროს CD-ზე და ისე გადმოიგზავნოს. ეს არის ისეთი საკითხები, რომელზეც მსჯელობა ჯერ არ არის დასრულებული“.

ირინა ჟვანიას შეფასებით, ვიდეოგაკვეთილები შესაძლებელია გაკვეთილის ბუნებრიობას ცვლიდეს, „თუმცა, მთავარი მიზანია ის, დავინახოთ შეუძლია თუ არა მასწავლებელს პრაქტიკული გაკვეთილის ჩატარება“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, მასწავლებლის თითოეული კატეგორიის მოსაპოვებლად შესაბამისი კრედიტების დაგროვებაა საჭირო.

პრაქტიკოსი რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი, ამისათვის მას ეძლევა 4 წელი. მან პირველი სამი წლის განმავლობაში უნდა ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდა, გაიაროს შიდა საგაკვეთილო დაკვირვება და ტრენინგი. სამივე აქტივობის წარმატებით შესრულება მას მისცემს 19 კრედიქულას, რის შედეგადაც, ის შეძლებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას.

იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, 4 წლის განმავლობაში მან უნდა გაიაროს შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება და განახორციელოს დამატებითი აქტივობები, რის შედეგადაც მას მიენიჭება 13 კრედიტქულა, რაც საკმარისია სტატუსის შესანარჩუნებლად.

იმისათვის, რომ უფროს მასწავლებელს მიენიჭოს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, საჭიროა  4 წლის განმავლობაში გაიაროს შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება, განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები, რაც მას მისცემს 19 კრედიტქულას, რაც საკმარისია აღნიშნული სტატუსის მისაღებად.

იმისათვის, რომ წამყვანმა მასწავლებელმა შეინარჩუნოს სტატუსი, საჭიროა მან 5 წლის განმავლობაში ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი შიდა შეფასებისთვის, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა, განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები. ეს მას მოუტანს 14 კრედიტქულას.

მენტორის სტატუსის მისაღწევად, საჭიროა წამყვანმა მასწავლებელმა 5 წლის განმავლობაში ჩაატაროს 10 სამოდელო გაკვეთილი შიდა შეფასებისთვის, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა; განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები, რაც მისცემს 25 კრედიტქულას;

მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად, მასწავლებელმა 5 წლის განმავლობაში უნდა ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა, გასწიოს ფასილიტატორობა, განახორციელოს სკოლის საჭიროებების კვლევა, ასევე მასწავლებელთა საჭიროებების შეფასება და პროფესიული განვითარების ღონისძიებები; კონსულტირება გაუწიოს სტუდენტებსა და მასწავლებლებს და განახორციელოს დამატებითი აქტივობები.

კანონშეუსაბამო ანაზღაურება “ბათუმის წყალში“ – მასალები პროკურატურაშია

„შრომითი კანონმდებლობის შეუსაბამოდ „ბათუმის წყალში“ 2014 წლის განმავლობაში 187 თანამშრომელზე დარიცხულია საშვებულებო ანაზღაურება 93 944,5 ლარი, ხოლო 18 თანამშრომელს, შვებულებიდან გამოძახების მიუხედავად,  დაერიცხა 32 589,9 ლარი. ამასთან, თანამშრომლებზე ანაზღაურებულია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების (დღეების) ღირებულება ჯამში 1 მილიონ 341 ათას 46 ლარის ოდენობით, თუმცა დოკუმენტურად არ ფიქსირდება აღნიშნულ სამუშაოთა სახეები და მათი არასამუშაო საათებში შესრულების აუცილებლობა,“ – აღნიშნულია შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც „ბათუმის წყლის“ 2014 წლის შემოწმებას ეხება.

აუდიტის ინფორმაციით, „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებზე გაიცემოდა ხელფასი [თანამდებობრივი სარგო], პრემია [როგორც ყოველკვარტალურად, ასევე თანამშრომელთა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით], ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის [რომელიც ხელფასის ორმაგი ტარიფით განისაზღვრებოდა] და ასევე რიგ შემთხვევებში, თანამშრომლები შეთავსებით სხვა ანაზღაურებად სამუშაოებსაც ასრულებდნენ.

აუდიტის მიხედვით, საწარმოს 2014 წლის სრული შემოსულობები 10 316 576 ლარით განისაზღვრა, დანახარჯებმა კი 10 233 857 ლარი შეადგინა, საიდანაც თითქმის ნახევარი, 5 მილიონზე მეტი – სწორედ თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემიებში გაიხარჯა. საწარმოში შარშან დასაქმებული იყო 236 შტატით და 201 შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებზეც დარიცხულია: ხელფასი – 3 083 874 ლარი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება – 1 341 394 ლარი და პრემია 709 940 ლარი, მათ შორის პრემია შტატგარეშე დასაქმებულთათვის – 154 792 ლარი.

აუდიტი ხაზს უსვამს, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურება გაიცემოდა ყოველთვიურად, შესაბამისი სიის მიხედვით, სადაც აღნიშნული იყო თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, თუმცა „ვერ ხდება იდენტიფიცირება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების აუცილებლობისა და შინაარსის“.

«ბათუმის წყალში» აცხადებენ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება კანონმდებლობის სრული დაცვით და «აუდიტის ანგარიშში ასახული გაცემული ზენორმატიული სამუშაოს ანაზღაურების უმეტესი წილი მოდის წინასწარ დამტკიცებული ყოველთვიური [სათავე ნაგებობების, ცხელი ხაზის, გამწმენდი ნაგებობების, სატუმბო სადგურების, რეზერვუარების, ლაბორატორიისა და სამორიგეო მუშა-ჯგუფების] გრაფიკისა და განრიგის შესაბამისად.»

აუდიტი აღნიშნავს, რომ დასაქმებულებზე საშვებულებო ანაზღაურების გათვლა ხდებოდა ნამუშევარი ბოლო სამი თვის ანაზღაურებიდან, რომელიც გარდა ხელფასისა, ასევე მოიცავდა მათთვის ორმაგი ტარიფით ანაზღაურებულ ზეგანაკვეთური სამუშაოების თანხასაც.

„შრომის კოდექსის შესაბამისად, საშვებულებოს გათვლა უნდა მოხდეს წინა თვის ფიქსირებული ანაზღაურებიდან და არ უნდა მოიცავდეს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დარიცხულ განაცემს… მიუხედავად ამისა, „ბათუმის წყალში“ 2014 წლის განმავლობაში 187 თანამშრომელზე საშვებულებო ანაზღაურების სახით, შრომითი კანონმდებლობის შეუსაბამოდ, დარიცხულია 93 944,5 ლარი“, _ ასკვნის აუდიტი.

აუდიტის ჯგუფის მიერ, მაგალითისთვის, ორი დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურებაა მოყვანილი. პირველ შემთხვევაში დასაქმებულს ყოველთვიურად ერიცხება ხელფასი 1000 ლარის ოდენობით, რიგ შემთხვევაში პრემიაც და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ნამუშევარი დღეების ანაზღაურება ხელფასის ორმაგი ოდენობით. ეს დასაქმებული, 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, 24 სამუშაო დღით გავიდა შვებულებაში. მისი საშვებულებო ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდა შემდეგნაირად: მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ფიქსირებული ანაზღაურება, აღებული იქნა წინა სამი თვის ანაზღაურება და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დარიცხული განაცემი, რომლიდანაც გაანგარიშებული მისი საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრა 1676,07 ლარით.

თუმცა 2014 წლის 2 ოქტომბერს, ანუ შვებულებაში გასვლიდან ერთი დღის შემდეგ, გენერალური დირექტორის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, თანამშრომელი გამოძახებული იქნა შვებულებიდან, რის შედეგადაც თვის ბოლოს მას დაერიცხა ოქტომბრის სრული ხელფასი და საშვებულებო ანაზღაურება [მიუხედავად იმისა, რომ შვებულებით აღარ უსარგებლია], ანუ ჯამში _ 2676 ლარი.

მეორე დასაქმებულს, კი რომელსაც ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი 2400 ლარის ოდენობით, ასევე ეძლეოდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და რიგ შემთხვევებში პრემიაც, ანალოგიური წესით აგვისტოში ხელფასი 6040,6 ლარი დაერიცხა [საშვებულებო ანაზღაურების ჩათვლით].

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ შრომითი კანონმდებლობა არ ცნობს გამოძახების ინსტიტუტს: „როგორც გამომუშავებული ხელფასის ოდენობა არის დამოკიდებული ნამუშევარ დღეებზე, ასევე საშვებულებოს ოდენობა დამოკიდებულია შვებულებაში ყოფნის დღეებზე.

ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თანამშრომელი პირველ ოქტომბერს გავიდა შვებულებაში 24 სამუშაო დღით, რომელიც გამოძახებულ იქნა 2 ოქტომბერს, რის გამოც მან შეწყვიტა შვებულება. მიუხედავად იმისა, რომ ისარგებლა შვებულების მხოლოდ ერთი დღე, მას საშვებულებო ჩაერიცხა 24 სამუშაო დღის, ასევე მას წლის ბოლომდე აღარ უსარგებლია შვებულებით. ზემოთ აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, საშვებულებო ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ შვებულების ერთი დღე, დანარჩენი თანხა უნდა ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილად».

ანალოგიურ გამოძახებებს „ბათუმის წყალში“ წლის განმავლობაში 18-ჯერ ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოქმედ მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამოდ გადახდილმა თანხამ ჯამში 31 589,9 ლარი შეადგინა.

საქართველოს შრომის კოდექსით დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება,  ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში, განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

«ბათუმის წყალი» სადაოს ხდის «ფიქსირებული ანაზღაურების» შინაარსს და მერიის მიერ დადგენილ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს «ფიქსირებულ ანაზღაურებად» არ მიიჩნევს.

«ანაზღაურება გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს როგორც თანამდებობრივ სარგოს [საშტატო განრიგით დამტკიცებულ ხელფასის ოდენობას], ასევე შრომითი ხელშეკრულებით [ან სხვა წესებით] გათვალისწინებულ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ ნებისმიერ სხვა ფულად ან სხვა სახის კომპენსაციას… საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მიღებული ნებისმიერი ფულადი ან სხვა სახის კომპენსაციიდან», _ აცხადებენ «ბათუმის წყალში» და, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ საშვებულებო გაანგარიშებაც შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით ხდება: «წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აზრით ადგილი ექნებოდა დაქირავებულის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას».

რაც შეეხება თანამშრომლების შვებულებიდან გამოძახებას, «გამონაკლის შემთხვევაში საწარმო იძულებულია დასაქმებულის თანხმობის შემთხვევაში, შეაწყვეტინოს მას აღებული შვებულება [გამოძახების გზით]. შვებულება გადადის მომდევნო წლისთვის», _ აცხადებენ «ბათუმის წყალში».

აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ:

საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვერ ხდება სრულად დებიტორული და კრედიტორული ვალდებულებების ნაშთების იდენტიფიცირება, ასევე არ არის განხორციელებული შესაბამისი ინვენტარიზაცია.

„ბათუმის წყალში“ ავტომანქანებზე გასულ წელს გახარჯულია 204 260 ლარის საწვავი. შემოწმებით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავლილი კილომეტრაჟი ფიქსირდება არა ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით, არამედ გაცემული საწვავის არსებულ კოეფიციენტზე გაყოფით და საგზაო ფურცლებში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. „…შესაბამისად, კომპანიაში საწვავის ხარჯვის რეალობა, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რისკის შემცველია“.

აუდიტი მოუწოდებს კომპანიის ხელმძღვანელობას უზრუნველყოს რათა საწვავის ხარჯვა და ჩამოწერა, შესაბამისი ტექნიკის მიხედვით, განხორციელდეს ფაქტობრივად გამოყენებული ლიტრაჟობისა და გავლილი კილომეტრაჟის მონაცემების მიხედვით [«ბათუმის წყალში» აცხადებენ, რომ მიმდინარე წლიდან აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია].

აუდიტი ამბობს, რომ „ბათუმის წყალმა“ გასულ წელს ქუჩების შეკეთებითი სამუშაოებისათვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გაუფორმა შპს „გზებს“ 475 000 ლარზე. შემსყიდველის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ბაზრის კვლევა/სამუშაოების განფასება მისი ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით: „ასევე, ამ სამუშაოების წარმოება საჭიროებდა შესაბამის ნებართვას ქალაქ ბათუმის მერიისგან… ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის მიხედვით, მერიის ხელმძღვანელობა ყოველთვიურად აფრთხილებს/აცნობებს „ბათუმის წყალს“ იმის შესახებ, რომ რიგ შემთხვევებში გაცემული ნებართვები არ არის შესრულებული ან უხარისხოდ შესრულებულია, თუმცა რამდენად არის აღნიშნული ფაქტები აღმოფხვრილი „ბათუმის წყლის“ მიერ, ვერ დგინდება, რადგან მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებში, უმეტესად ვერ ხდება იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად ქუჩის რა მონაკვეთზე იქნა განხორციელებული სამუშაოები, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, მითითებულია ქუჩა ან სამუშაოების წარმოების ადგილი“.

სახელმწიფო აუდიტისადმი გაგზავნილ წერილში «ბათუმის წყლის» გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მიქელაძე [რომელიც გენერალურ დირექტორად ერთი თვეა რაც დაინიშნა] აღნიშნავს, რომ «აუდიტის ანგარიშით გამოვლენილ ხარვეზებზე შპს «ბათუმის წყალი» მათი აღმოფხვრისა და შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, გაატარებს ქმედით ღონისძიებებს».

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბოლო ანგარიში 2015 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა და ის რეაგირებისთვის აჭარის პროკურატურას გადაუგზავნა  [სახელმწიფო აუდიტს აჭარის პროკურატურაში «ბათუმის წყლის» 2013 წლის შემოწმების მასალებიც აქვს გადაგზავნილი]

[სტატია გაზეთში დაბეჭდილი იყო, როცა «ბათუმელებს» აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, რომ «ბათუმის წყლის» მასალებზე დღეს გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში მიმდინარეობს].

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კი «ბათუმის წყალმა», თავის მხრივ, «საწარმოს საგადასახადო აუდიტური შემოწმების დასკვნის მომზადებაზე» გამოაცხადა ტენდერი. შემოწმების მიზანი – «საწარმოს 2013, 2014 და 2015 წლების სამეურნეო საქმიანობის შესაძლო საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და გამოვლენილი საგადასახადო რისკების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება».

«ბათუმის წყალმა» ტენდერში გამარჯვებული 3 ნოემბერს უნდა გამოავლინოს. საწარმოს საგადასახადო აუდიტური შემოწმება კი, 2016 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.

„ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ერთპიროვნულად ევალება დირექტორს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მერია.

2014 წლის ბოლოდან საწარმოს გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე ასრულებდა, რომელიც საწარმოში ადრე ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა [ის 2011 წელს სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს]. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2014 წელს ალექსანდრე მიქელაძეს, როგორც «ბათუმის წყლის» გენერალური დირექტორის მოადგილეს ტექნიკურ საკითხებში, შემოსავალი, 62 411 ლარი აქვს მიღებული.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში «ბათუმელებს» უთხრეს, რომ მერი გაეცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს და «ბათუმელებთან» კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.

ზოგადად, ბათუმის მუნიციპალურ ორგანიზაციებს საკუთარი შემოსავლები [ბიუჯეტები] გააჩნიათ და მათი სახელფასო მონაცემები ქალაქის ბიუჯეტში არ აისახება. «ბათუმის წყლის» ძირითადი შემოსავალი აბონენტების მიერ წყლის საფასურის სახით გადახდილი თანხაა. საწარმო ბათუმის ბიუჯეტიდანაც იღებს სუბსიდიას.

როგორც «ბათუმელებს» ქალაქის მერიაში განუცხადეს, 2015 წელს ამ საწარმოსთვის გადასაცემი თანხა 1 მილიონ 680 ათასი ლარია; საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის სახელფასო ფონდი კი «ბათუმის წყალში» წლის დასაწყისისთვის 142 550 ლარით იყო განსაზღვრული.

ფოტო ბათუმელების არქივიდან

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლისა და კანალიზაციის სისტემის სრული  რეაბილიტაცია ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით და ბათუმის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა]. ბათუმის ბიუჯეტიდან იხარჯება ასევე ქალაქის აბონენტების გამრიცხველიანებისთვის საჭირო თანხა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში საჯარო სამსახურის ანაზღაურების სისტემა ნაკლებად მკაფიოა და რაიმე ზუსტად განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ ეფუძნება; შესაბამისად, „კანონმდებლობაში   ნაკლებად არის განსაზღვრული ის ნორმები, რის მიხედვითაც ანაზღაურების დადგენა და ბონუსების გაცემა გამჭვირვალედ და სამართლიანად იქნებოდა შესაძლებელი… ეს საშუალებას იძლევა სხვადასხვა უწყების მენეჯერებმა საკითხი თვითნებურად გადაწყვიტონ, რაც ხშირად, შესაძლოა თანამშრომლებს შორის გაურკვევლობისა და დაპირისპირების მიზეზად იქცეს.“

 

„შესაძლო გადაცდომასა“ და კორუფციაზე გარემოსდაცვით ზედამხედველობის სამსახურში

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს საქმიანობაში შესაძლო რიგ დარღვევებსა და კორუფციულ ფაქტებზე ინფორმაცია აქვთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

 

ამ საკითხზე სამინისტროს პრესცენტრმა „ბათუმელებს“ გასულ კვირას წერილობით შემდეგი განუმარტა:„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში შიდა აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა. ამასთან გაცნობებთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, 2015 წლის 29 ივლისიდან წარმოებს აჭარის სამმართველოს რიგი თანამშრომლების მხრიდან შესაძლო სამსახურებრივ გადაცდომასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება“.

 

წერილობითი განმარტების მიღების შემდეგ, საკითხში უფრო მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, „ბათუმელებმა“ დამატებითი კითხვების გზით სცადა ინფორმაციის მიღება. სამინისტროს პრესცენტრში თავდაპირველად განმარტეს, რომ იყო მზაობა თანამშრომლობისთვის, მაგრამ მოგვიანებით რედაქციას აცნობეს, რომ მეტი განმარტება არ იქნება.

 

სამინისტროს განმარტებების გარეშე კი, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უწევს ზედამხედველობას. აჭარის სამსახურში კადრებს ნიშნავენ და ათავისუფლებენ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელების რეკომენდაციით. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ბუნებრივი რესურსების მოპოვების უკანონო, შესაძლო კორუფციულ სქემასთან (რასაც ახლა აუდიტი სწავლობს) უშუალო კავშირი ჰქონდეთ სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამდებობის პირებსაც. მართალია, „ბათუმელები“ მსგავს ინფორმაციას ფლობს კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება თავად შიდა აუდიტის დეპარტამენტი რა დასკვნას დადებს „შესაძლო სამსახურებრივ გადაცდომასთან: დაკავშირებით.

 

სამსახურის ყოფილი და მოქმედი უფროსები

 

უწყების ხელმძღვანელი, რომელზეც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში „შესაძლო გადაცდომაზე“ საუბრობენ, ვახტანგ ღოღობერიძე იყო. ის თანამდებობაზე ორთვიანი გამოსაცდელი ვადით ჰყავდათ დანიშნული. თუმცა, ვახტანგ ღოღობერიძე სამსახურის ხელმძღვანელად აქამდეც მუშაობდა – ის პირველად 2014 წლის ივლისში გადადგა. მაშინ გადადგომის მოტივად ვახტანგ ღოღობერიძემ „დასვენება“ დაასახელა. მეორედ ვახტანგ ღოღობერიძე იმავე თანამდებობაზე 2015 წლის ივლისში დანიშნეს, გამოსაცდელი ვადით, ხოლო სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან გაუშვეს. ბოლო გადადგომის თაობაზე ვახტანგ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ იცის გამოსაცდელი ვადა რატომ ვერ გადალახა: „კონკურსი ყველა წესის დაცვით გავიარე, მაგრამ რატომღაც გამოსაცდელი ვადა ვერ გავიარე. როგორც ვიცი, სწავლობენ საკითხს, მაგრამ ჯერ მე თვითონ არ ვიცი რა აქვთ დაწერილი“.

 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს იმ დოკუმენტს, რომლითაც ერთ-ერთი კომპანიის მიერ ინერტული მასალების უკანონო მოპოვებაზე სათანადო აქტი არ გამოწერეს მის დაქვემდებარებაში მყოფი სწრაფი რეაგირების ჯგუფის წევრებმა, ვახტანგ ღოღობერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ სამინისტროს უნდა ვკითხოთ. მისივე თქმით, სამინისტროში მისთვის „ამ საკითხზე კითხვები არ დაუსვამთ“.

 

ვახტანგ ღოღობერიძე ამ ეტაპზე არსად მუშაობს. მის პოზიციაზე უწყებაში მოვალეობის შესრულებას შეუდგა დავით დევაძე, რომელიც ვახტანგ ღოღობერიძის მსგავსად ძალოვანი უწყების წარმომადგენელია. როგორც დავით დევაძე აცხადებს, ის აქამდე შს სამინისტროს დასავლეთ საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი იყო. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, რატომ ხდება ისე, რომ აჭარაში გარემოსდაცვით თანამდებობაზე პოლიციელებს ანიჭებენ უპირატესობას? – სამინისტროსგან პასუხი ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.

 

როგორია თქვენი გარემოსდაცვითი მგრძნობელობა? – დავით დევაძემ `ბათუმელებს~ უთხრა, რომ ამ კითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ გვიპასუხებს, რაც სამინისტროს პრესსამსახურისგან საუბრის ნებართვას მიიღებს. მისი აზრით, საკითხზე ნებართვა უნდა აიღოს არა თანამდებობის პირმა, არამედ ჟურნალისტმა.

 

მდინარე ჭოროხი, როგორც უკანონო ქვიშახრეშის მოპოვების ადგილი

 

ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე, სოფლებს – მახოსა და ახალსოფლის გასწვრივ ტერიტორიაზე, უზარმაზარ გორებად არის დაყრილი მდინარიდან ამოღებული ქვიშა და ხრეში. ამ ტერიტორიას სამრეწველო ზონის დატვირთვა აქვს. არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და არც საქართველოს მთავრობას ამ მონაკვეთში ლიცენზიები არ აქვს გაცემული. მდინარის გასწვრივ, მეორე ნაპირზე მცხოვრებლები კი „ბათუმელებს“ უდასტურებენ, რომ ჭოროხის ამ ზოლში ინერტულ მასალებს ინტენსიურად იღებენ. ექსკავატორები და ტრაქტორები, ძირითადად, ღამის საათებში მუშაობენ მდინარის კალაპოტში.

 

ზოლს თუ აუყვები, მართლაც არის რამდენიმე ისეთი მონაკვეთი ჭოროხზე, სადაც თვალნათლივ ჩანს ტექნიკის მუშაობის კვალი. მდინარის რამდენიმე მონაკვეთზე არსებობს ღრმა და ფართო ორმოები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ მონაკვეთებიდან დიდი ოდენობით ქვიშა ამოუღიათ.

 

მდინარეებიდან ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების გამოვლენა-აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურს ევალება. ამ სამსახურს სათანადოდ აღჭურვილი სპეციალური ჯგუფი ჰყავს, რომლის მოვალეობაც სწრაფი რეაგირებაა. ამ ჯგუფის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი კანონდარღვევის შესახებ საჯაროდ არაფერია ცნობილი.

 

ბაზარზე ერთი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ფასი 30-40 ლარია.

 

დაპირისპირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აჭარის სამსახურში

 

ინფორმირებული პირების თქმით, რომლებიც ამავე დროს დაინტერესებული პირებიც არიან, ზედამხედველობის სამსახურში თანამდებობის პირებს შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობს. სამსახურის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის კონფლიქტი ინერტული მასალების ლიცენზიანტების კონტროლის საკითხს უკავშირდება. ამ სამსახურის თანამშრომლები ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ მფარველობენ თანამდებობის პირები გარკვეულ ლიცენზიანტ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა უბანზე მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს. იმავე პირების თქმით, საქმე ეხება არალეგალურ შემოსავლებს, რომელიც ნაწილდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი თანამდებობის პირსა და ძალოვანი უწყების თანამდებობის პირებს შორის. ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც ამ ბრალდებას დაადასტურებს, „ბათუმელებს“ არ გააჩნია.

 

ქვიშახრეშის ბიზნესი

 

აჭარაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე ლიცენზიებს გასცემს როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ისე საქართველოს მთავრობა. ლიცენზიები, წესით, უნდა გაიცეს იმ პირობით, რომ ინერტული მასალების მოპოვებამ ნაკლებად დააზიანოს გარემო. ლიცენზიანტებს უფლება აქვთ მდინარეებიდან ამოიღონ იმ ოდენობის ქვიშა-ხრეში, რაც მათ ლიცენზიის პირობით აქვთ განსაზღვრული. რამდენად კეთილსინდისიერად საქმიანობენ ლიცენზიანტები, ამას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკვირდება. არც თუ იშვიათად, ლიცენზიანტი კომპანიები იმაზე მეტ მასალას მოიპოვებენ, ვიდრე ლიცენზიით არის განსაზღვრული.

 

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წლის 30 დეკემბერს გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნა სტიქიის შედეგად ქობულეთის სანაპირო ზოლის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას უკავშირდება. აუდიტი ამ ზოლის აღსადგენად მოპოვებული ინერტული მასალების კანონიერებაზე წერს:

 

`სამუშაოთა შესრულების შესახებ შპს „გზის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილიდან დამუშავებულია და სანაპირო ზოლში შეტანილია სულ 7075 კუბური მეტრი ქვიშა ხერში, რაც 1946 კუბური მეტრით მეტია შპს „გზისთვის“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის #715 განკარგულებით გამოყოფილ რაოდენობაზე. ამასთან აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სხვა ლიცენზია ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჩატარებული სამუშაოების შესრულება ბუნებრივი რესურსების არაკანონიერი გზით მოპოვების შესაძლო რისკებზე მიუთითებს“.

 

კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წლის 8 ივლისს გამოაქვეყნა. აუდიტის დასკვნის თანახმად „ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელებულია დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები. აუდიტის ჯგუფის მიერ მიმწოდებელ კომპანიებს გაეგზავნათ წერილები სამუშაოს შესრულების მიზნით გამოყენებული ქვიშახრეშოვანი მასალის მოპოვების დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. პასუხი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი ინფორმაციით, ეს კომპანიები ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით მესამე პირებს უკვეთავდნენ სამუშაოების შესრულებას ან მესამე პირებისგან ყიდულობდნენ ქვიშახრეშოვან მასალას. დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოების მიწოდების დოკუმენტაციის აუდიტით დგინდება, რომ მიმწოდებელი კომპანიების ნაწილს არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია ან მათ ვერ წარმოადგინეს ბუნებრივი რესურსების შესყიდვის დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნულის გამო არსებობს რისკები, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას“.

 

სტიქიური მოვლენები

 

გონიოს ხიდის ქვეშ თუ გაძვრები და მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროს აუყვები, საერთაშორისო გზატკეცილიდან რამდენიმე კილომეტრში, განსაკუთრებით იმ მონაკვეთში, სადაც ქვიშა-ხრეშს ამუშავებენ, გროვებად დაყრილი საწარმოო ნარჩენები ბევრგან შეგხვდება. ყოველი გაწვიმების შემდეგ ეს ნარჩენები უპრობლემოდ ხვდება ჭოროხში, რადგან ნარჩენები ზედ მდინარის ნაპირზე აქვთ დაყრილი. ზედამხედველობითი დეპარტამენტის აჭარის სამმართველო ვალდებულია მსგავსი დარღვევები გამოავლინოს და რეაგირება იქონიოს, რადგან ეს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით აკრძალულია. მით უფრო, როცა დარღვევის გამოვლენას არავითარი ძალისხმევა არ სჭირდება.

 

გარდა ამისა, სხვადასხვა გარემოსდაცვითი კვლევებით, მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალების ამოღება განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ბათუმის სანაპირო ზოლს – ზღვა, რომელიც მდინარიდან ინერტულ მასალებს ვეღარ იღებს, ანუ ვერ „იკვებება“, უფრო მეტ მიწას იტაცებს სანაპირო ზოლიდან. ზღვის მსგავსი „თავდასხმების“ გამო მოსახლეობასა და სახელმწიფოს არაერთხელ მიადგა ზიანი.

 

ინერტული მასალების მოპოვებას მოსახლეობა ასევე გამუდმებით აპროტესტებს აჭარის სოფლებშიც, თითქმის ყველგან, სადაც ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე სახელმწიფოს ლიცენზია აქვს გაცემული. მოსახლეობას მიაჩნია, რომ მსგავსი ჩარევის შედეგად გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ, სიცოცხლისთვის უსაფრთხო აღარ არის. თუმცა, ყოველი სტიქიის შემდეგ მთავრობა და ლიცენზიანტი კომპანიები სიტყვიერად განმარტავენ, რომ სტიქიური მოვლენების განვითარებასთან ინერტული მასალების მოპოვებას კავშირი არ აქვს.

საჭადრაკო კლუბი ”ნონა” მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

 

საჭადრაკო კლუბ ”ნონას” შემადგენლობა | მაკედონია, სკოპიე | ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 2015 წელი | ფოტო: www.chessbatumi.ge

 

„ნონამ“ ჩემპიონატის ბოლო, მეშვიდე ტურში ბელორუსიის „ბოსა ნოვა“ 3 – 1 დაამარცხა. მანამდე კი დაუმარცხებლად დაამთავრა ექვსივე ტური:

პირველ ტურში დაამარცხა იტალიის კლუბი – „ეიესდი ცირქოლო შახი . ფიშერ ჩიეტი – 3,5 – 0,5

მეორე ტურში – რუსეთის კლუბი შსმ  ლეგესი სქვეასძლია 2,5 – 1,5

მესამე ტურში – მაკედონიის გამბიტ ასსეკო სეეს“ აჯობა 3 – 1

მეოთხე ტურში – რუსეთის „უგრას“ მოუგო – 3,5 – 0,5

მეხუთე ტურშიჰოლანდიის დე შტუკკენჯაგერს“ – 3,5 – 0,5

მეექვსე ტურშირუსეთის სპბ“ – 3 – 1

 

ჩემპიონატში ცხრა ქვეყნიდან სულ 12 კლუბი მონაწილეობდა, ოთხ-ოთხი მოჭადრაკით.


„ნონამ“ ევროპის ჩემპიონობა გასულ წელსაც მოიპოვა.


მოჭადრაკეები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან. 


ბათუმის საჭადრაკო კლუბი ”ნონა” ორგზის ევროპის ჩემპიონი გახდა | მაკედონია, სკოპიე | ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 2015 წელი | ფოტო: www.chessbatumi.ge


მარიხუანას მოხმარებისთვის მოქალაქეებს აღარ დააპატიმრებენ


აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა, შენახვისათვის პირი „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია არის ჩადენილი ქმედებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და შესაბამისად, სასტიკ,  პატივისა და ღირსების შემლახველ სასჯელს წარმოადგენს.


საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანას მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს  მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია  ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის.


საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ  მარიხუანას ოდენობა (70 გარამამდე), რომლის შეძენა/შენახვაში ედება ბრალი მოსარჩელეს, თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე. ამდენად, აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.


საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დიდ ოდენობად ითვლება 50-დან 500 გრამამდე მარიხუანა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე მოწვეული მოწმეებისა და სპეციალისტების განმარტებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობა, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომლის შენახვის ფაქტი თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი ვალდებულია კანონით დადგინოს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს, შეაფასოს მარიხუანას შეძენა/შენახვის ფაქტის არსებობასთან ერთად, რამდენად არსებობს გასაღების მიზანი (ან რეალური საშიშროება) და სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენოს მხოლოდ გასაღების მიზნით შეძენა/შენახვის შემთხვევაში.


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კანონის ნორმა, რომელიც მსგავს სასჯელს ითვალისწინებდა, არაკონსტიტუციურად იქნა გამოცხადებული.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. 

 

ბექა წიქარიშვილი სამართალდამცავებმა მარიხუანას შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. მას 7-დან  14-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

 

ბექა წიქარიშვილის საქმეს საქართველოში ნარკოპოლიტიკის კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. “ბექა კრიმინალი არ არის” – კამპანია ამ სახელწოდებით ინტერნეტში დაიწყო და რეალურ სივრცეშიც გადაინაცვლა, 31 მაისს თბილისში აქცია გაიმართა ბექას მხარდასაჭერად, აქციის მონაწილეებმა მანიფესტიც გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: “მოცემული კანონი არ ანსხვავებს და ერთნაირად სჯის მომხმარებელსა და გამსაღებელს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ სამართლის უსამართლო პრინციპებს და  კი არ ვითხოვთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეწყვეტას.” 


 ბექას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში “ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრი“ იცავდა. 

ანსამბლი ”ხორუმი” ფოლკლორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

 

24 ოქტომბერს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში  ანსამბლის წევრებს მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ფოლკლორის მსოფლიო ფესტივალი შეტანილია მსოფლიოს 10 საუკეთესო ფესტივალს შორის. კონკურსში მონაწილეობისათვის შეირჩა ქორეოგრაფიული ანსამბლები მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. კონკურსში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 185 ქორეოგრაფიული კოლექტივი. საკონკურსო პროგრამა შედგებოდა ნახევარფინალისა და ფინალისაგან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10-მა საუკეთესო კოლექტივმა. 

 

ასევე, ანსამბლის წევრებმა კონცერტები გამართეს კორეის 7 ქალაქში.

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანსამბლ „ხორუმის“ გასტროლი  13 500 ლარით დააფინანსა.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეები ხიჭაურის უნივერსიტეტის ეზოში არ შეუშვეს

 

დისკუსიის დაწყებამდე ორგანიზაციის მოხალისეებმა გადაწყვიტეს დაეთვალიერებინათ ხიჭაურის უნივერსიტეტი და სტუდენტები მოეწვიათ დისკუსიაზე, თუმცა ისინი უნივერსიტეტის ეზოში არ შეუშვეს. 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები ძირითადად მოსწავლეები და სტუდენტები არიან. ისინი აჭარაში სხვადასხვა სოფელში დისკუსიებს მართავენ გენდერულ თანასწორობაზე, ნაადრევ ქორწინებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე  პროექტის -“ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში.  

 



 2011 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხიჭაურში საპატრიარქოს 61 776 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 055 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. უნივერსიტეტში 1000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი საპატრიარქოს მიერ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარიდან. 2013 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი წელიწადში 1, 354 მილიონი ლარი იყო. 





ოპერაციები გახდომის მიზნით – ბარიატრიული ქირურგია

  • ბატონო კახაბერ, რას ნიშნავს ბარიატრიული ქირურგია და როგორ მუშაობს ის?

ეს არის ჭარბი წონის მეტაბოლური ქირურგია, რომელიც არ განეკუთვნება პლასტიკურ ქირურგიას. ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ეფექტის მისაღებად არსებობს ორი ძირითადი მეთოდი, რომლის მისაღწევადაც სხვადასხვა ტიპის – რესტრიქციული და მალაბსორბციული – ოპერაცია კეთდება.

რესტრუქციული ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება. წონის კლების ეფექტი მიიღება პატარა კუჭის ხარჯზე – იგი იძულებულია მცირე რაოდენობის საკვები მიიღოს. მალაბსორბციული ტიპის ოპერაციისას კი ხდება წვრილნაწლავის ატანა კუჭთან და მისი მიერთება საყლაპავთან. ამის შედეგად, წვრილნაწლავის რაღაც მონაკვეთი ითიშება თავისი ფუნქციიდან, კერძოდ კი კარგავს შეწოვის უნარს. ამ დროს ადამიანი საკვებს იღებს ისევ ცოტა რაოდენობით, ოღონდ ამ შემთხვევაში აღარ ხდება ამ საკვების ათვისება.

  •  საქართველოში ძირითადად რა ტიპის ოპერაციები კეთდება?

რესტრუქციული ტიპის ოპერაციები, რადგან მალაბსორბციულს უფრო რთული მართვა სჭირდება. მალაბსორბციული ოპერაციის შემდეგ პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება გარკვეული ვიტამინების მიღება, რადგან დამოკლებული ნაწლავის გამო, გარდა ზედმეტი კალორიებისა, არც კალიუმის, ცილებისა და ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების ათვისება ხდება. ჩვენ ვაკეთებთ რესტრუქციული ტიპის ორ ძირითად ოპერაციას – ლაპარასკოპიული სლივ-გასტრექტომია, ანუ კუჭის ვერტიკალური გასტრექტომია და ლაპარასკოპიული გასტროპლასტიკა. სლივ-გასტრექტომიის შედეგად კუჭი იღებს ბანანის ფორმას. ასევე, ამ ოპერაციისას იჭრება კუჭის ის ნაწილი, სადაც შიმშილის ჰორმონი – გრილინი გამომუშავდება. გახდომის ეფექტი სწორედ პატარა ზომის კუჭით მიიღწევა, რადგან ადამიანი იღებს ცოტა საკვებს. გასტროპლიკაციის დროს კუჭის ზომის შემცირებისთვის, ნაცლად კუჭის ნაწილის მოჭრისა, ხდება მისი სართულებად ჩაკეცვა შიგნით და მოკერვა.

  • რა სხვაობაა ამ ოპერაციებს შორის ეფექტურობის თვალსაზრისით?

ტექნიკურად უფრო რთული და უფრო ძვირადღირებულია სლივ-გასტრექტომია. მის შედეგად პაციენტები ჭარბი წონის 60-70%ს იკლებენ, გასტროპლიკაციის დროს კი 40-50%-ს. გასტროპლიკაცია მაქსიმუმ საათ-ნახევარს გრძელდება, სლივ-გასტრექტომია კი –  საშუალოდ ორ საათს.

  •  როდის ხდება საჭირო წონის დასაკლებად ქირურგიული ჩარევა?

ოპერაციის გაკეთება წყდება მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის მაღალი, პაციენტს კი უკვე რამდენჯერმე აქვს ნაცადი დიეტა, რომლითაც დაიკლო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა დაკლებული წონა. BMI არის სიმაღლე შეფარდებული ცხიმთან, წონასთან, შესაბამისად იგი ყველას სხვადასხვა აქვს. თუ პაციენტის BMI არის 40-ზე მეტია, ეს უკვე მორბიდული ანუ ე.წ. პათოლოგიური სიმსუქნეა. ასეთ პაციენტებთან დიეტებს ნაკლებად აქვს შედეგი და საჭირო ხდება ორგანიზმზე უფრო აგრესიული, დარტყმითი ეფექტი, რომ დაიკლოს წონა. სწორედ ასეთი ეფექტია ოპერაცია. ეს აუცილებელია, რადგან ჭარბი წონის გამო ამ პაციენტებს უჩნდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – სახსრების ტკივილი, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ოპერაციით კი უმჯობესდება და ხანგრძლივდება პაციენტის სიცოცხლე.

გასტროპლასტიკას ძირითადად ვთავაზობთ ისეთ პაციენტებს, რომელთაც არ აქვთ დიდი ჭარბი წონა. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომელთაც უფრო მაღალი აქვთ სხეულის მასის ინდექსი, სლივ-გასტრექტომიაა რეკომენდებული.

  • როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის? 

ხშირად პაციენტებს ამ ოპერაციის ჩატარება დაუყოვნებლივ უნდათ, მაგრამ არსად მსოფლიოში მსგავსი ოპერაციები გადაუდებელი ჩვენებით არ ტარდება. ამისთვის პაციენტი უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. უპირველეს ყოვლისა, მან ოპერაციამდე აუცილებლად უნდა დაიკლოს განსაზღვრული რაოდენობის კილოგრამები, რათა გარკვეული რისკები ავიცილოთ თავიდან. დასაკლებ კილოგრამებსა და ვადებს ინდივიდუალურად ვუდგენთ პაციენტს. ამავდროულად პაციენტს უტარდება გამოკვლევები. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ კუჭზე ეროზიები (წყლულები), რისთვისაც მკურნალობა ენიშნებათ ოპერაციამდე. თუ ყველაფერი მწყობრში არ არის, პაციენტი არ გაგვყავს ოპერაციაზე.

  • რამდენ ხანში იკლებს ადამიანი წონაში და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?

იმის გამო, რომ ეს ოპერაციები ლაპარასკოპიულად ტარდება, ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს. შესაბამისად, ოპერაციის შემდგომ პაციენტს ნაკლები ტკივილი აქვს, უფრო ნაკლებად უჩივის სისუსტეს. უკვე მეორე დღეს დგება ფეხზე და დამოუკიდებლად გადაადგილდება, მესამე დღიდან ვიწყებთ თხიერ კვებას, 4-5 დღეში კი ეწერება სახლში. სამი კვირის შემდეგ პაციენტი იწყებს შედარებით მყარი საკვების მიღებას.

შედეგი ყველასთან ინდივიდუალურია, თუმცა სტატისტიკურად ჭარბი წონის დაკლება ოპერაციიდან 12-16 თვეში ხდება. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ აუცილებელია პაციენტმა შეიცვალოს ცხოვრების სტილი, რადგან კუჭის ელასტიურობის გამო მისი მოცულობა ისევ იზრდება და 3-5 წელიწადში პაციენტები დაკარგული წონის 15%-ს უკან იბრუნებენ. ოპერაციის შემდეგ მათ ეძლევათ რეკომენდაციები, ფიზიკური აქტივობისა და კვების შესახებ. მაგალითად, ოპერაციის შემდეგ იკრძალება საღეჭი რეზინის ღეჭვა, შავი პურის მიღება, არ შეიძლება ზოგიერთი ხილის, ჭამის დროს სითხის მიღება და ა.შ. ისინი, ვინც ამ წესებს იცავენ, მუდმივად ინარჩუნებენ მიღწეულ შედეგს.

  • რა ღირს ლაპარასკოპიული სლივ-გასტრექტომია და გასტროპლასტიკა?

სლივ-გასტრექტომიის ფასი საქართველოს კლინიკებში 9500-დან 13 000 ლარამდეა, გასტროპლასტიკა კი გაცილებით უფრო იაფი – 5000 ლარამდე ღირს. ეს ოპერაციები საყოველთაო დაზღვევითაც ფინანსდება, საამისოდ კი პაციენტის სხეულის მასის ინდექსი 50-ზე ზევით უნდა იყოს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს ზღვარი 40-დან იწყება.

ბათუმის მერიამ წლის ანგარიშის სარეკლამო ვიდეორგოლის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა

 

სარეკლამო რგოლში   ბათუმის მერიის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში უნდა იყოს წარმოდგენილი. ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი 60-120 წამი უნდა იყოს. რგოლის დასამზადებლად მერია მზადაა 1 500  ლარი გადაიხადოს. 

 

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ რგოლი უნდა შეიცავდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების ამსახველ მაღალი ხარისხის ფოტომასალას; ინფორმაციას მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;  სლოგანს, დამკვეთის ლოგოს და საკონტაქტო ინფორმაციას.

 

მიმწოდებლემა საინფორმაციო სარეკლამო რგოლის პროექტი-იდეა, ფორმატი, ფოტოები, ბანერები, მუსიკა და სხვა ტექნიკური დეტალები უნდა შეათანხმოს მერიასთან. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. 

 

ტენდერში წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დასრულდება. 


ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს


ბატონო გიორგი, რა სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს სატენდერო პირობები? 


გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

სამუშაოს ვახორციელებთ კონკრეტული ობიექტების გარშემო, დამკვეთის მიერ მოცემულ მისამართებზე. ეს არ არის დაფარვითი ინვენტარიზაცია, დამკვეთის მიერ მოცემულ მისამართებზე არსებული კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების კვლევა. ეს მოიცავს საველე ბარათისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით ძეგლების ინვენტარიზაციას იმისათვის, რომ მოცემული მისამართები დაგვემუშავებინა და გამოგვერიცხა უზუსტობები, ვინაიდან ოფიციალურ დოკუმენტაციაშიც არსებობს უზუსტობები, ზოგი სახლი შედის ნუსხაში და არ იმსახურებს სტატუსს, რადგან არ გააჩნია არანაირი ღირებულება. ზოგი ნაგებობა კი არ არის შესული და ამ დროს მას აქვს ღირებულება. სამწუხაროდ ხშირია ტექნიკურ-ბიუროკრატიული ხარვეზი, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა.

კეთილსინდისიერად რომ ჩაგვეტარებინა სამუშაოები, ეს მისამართები გადავამოწმეთ და ვაკორექტირებთ ხარვეზებს. ხელოვნებათმცოდნეებმა უკვე დაასრულეს სავალე ბარათებში მონაცემთა შეგროვება, შესაბამისი აღწერა და სარეკომენდაციო შეთავაზებების ჩამოყალიბება სააღრიცხვო ბარათის სახით. ინჟინერ-კონსტრუქტორებისაგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, ამავე ობიექტებზე, განახორციელა საინჟინრო-კონსტრუქციული შეფასება, გამომწვევი მიზეზების დაფიქსირება, მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციები. ამ მონაცემების შეჯერების საფუძველზე დამკვეთთან მისამართებისა და ნუსხის გადამოწმების შემდეგ ვაპირებთ ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას. მთელი ეს ინფორმაცია თავს მოიყრის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც გამოყენებადი იქნება გეოინფორმაციულ სისტემაში, ხოლო კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეიქმნება ამ მონაცემების დამუშავებისთვის, მონაცემებთან ერთად გადაეცემა დამკვეთს.

 

რას მისცემს ეს დამკვეთს?


დამკვეთს შეეძლება ნებისმიერ დროს მოძებნოს ძეგლი, ძეგლთან დაკავშირებული ღირებული ელემენტის, ფრაგმენტის ან ისტორიულ-მემორიალური ფაქტის შესახებ ინფორმაცია; შეიძლება გარკვეული ტიპის ფასადებზე დაამუშაოს ინფორმაცია, ასევე გარკვეული ტიპის მიწის მესაკუთრეების, შენობების, პრობლემების მიხედვით, შექმნას თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებისთვის გამზადებული ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომლითაც ის იხელმძღვანელებს თავის საქმიანობაში, იქნება ეს სტატუსის მინიჭება, მოხსნა, სამშენებლო ნებართვის გაცემა ობიექტზე ან მის მიმდებარედ, ღირებულ შენობა-ნაგებობებზე ჩარევის ფორმების დადგენა, შეთანხმება და დამტკიცება სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების უზრუნველსაყოფად და ა.შ.

 

ანუ მხოლოდ სააგენტოს მიერ გადმოცემულ მისამართებზე არსებულ შენობებს შეისწავლით და სხვას არა?


ჩვენ დავდებთ ინფორმაციას, გააჩნია თუ არა შენობას ძეგლის ნიშნები, ხომ არ არის შემთხვევით ნუსხაში შესული ისეთი ობიექტი, რომელიც არ იმსახურებს ძეგლის სტატუსს ან პირიქით, რამე ხომ არ არის გამორჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაფარვით ინვენტარიზაციას არ ვაკეთებთ, ჩვენი კომპანია კარგად იცნობს ბათუმს, „გეოგრაფიკმა“ 2006-2007 წლებში განახორციელა ბათუმის დაცვით ზონებში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაფარვითი ინვენტარიზაცია, დაამუშავა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში, დამკვეთის დავალების შესაბამისად ვალდებულები ვართ შევიმუშავოთ კონკრეტული რეკომენდაციები კონკრეტული დამკვეთის მიერ მოწოდებულ ობიექტებზე და არა მხოლოდ მათზე. რეკომენდაციები შეეხება ძეგლის სტატუსების მინიჭებას დამატებით ობიექტებზეც, და ხარვეზების შემთხვევაში ნუსხაში გაპარულ არაადეკვატურ ნაგებობებზე სტატუსის მოხსნაზეც. ჩვენი კომპანია რეკომენდაციებს არ გასცემს ღირებულ ობიექტზე არსებული სტატუსის მოხსნაზე. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ ობიექტებს, რომლებიც ღირებულია და სახელმწიფოს ჯერ არ გაუძეგლებია, ვწერთ, რომ ეს გამორჩენილია და იმსახურებს ძეგლის სტატუსს. 

 

თუ არის ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობა, მაგრამ სააგენტოს არ გადმოუცია, ან ძეგლის მიმდებარე მონაკვეთები, მაშინ რა ხდება?


ვინაიდან ჩვენ არ ვახორციელებთ დაფარვით ინვენტარიზაციას, შესაძლებელია დამკვეთის მიერ ტექნიკური დავალების ფარგლებში მოწოდებული საკვლევი სიის მიღმა არსებული ღირებული ობიექტების კვლევა ვერ მოხდეს და კვლევის მიღმა დარჩეს რაიმე ღირებული შენობა. შესაბამისად ეს ჩვენი კვლევის მასალებში ვერ მოხვდება. მაგრამ დამკვეთი ფლობს სრულ ინფორმაციას ქალაქზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და კულტურული მემკვიდრეობის ქომაგებიც ფლობენ კარგ ინფორმაციას და საბოლოოდ ჩვენი, მიმდინარე პროექტის შედეგებიც ფართო განხილვის საგანი იქნება, მსგავსი ე.წ. გაპარვისა და ხარვეზების შესაძლებლობა ძალიან დაბალი იქნება. თუმცა მაშინდელი დაფარვითი ინვენტარიზაციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: მათ შორის დაინგრა ან დეგრადირდა შენობა-ნაგებობები, დაკონკრეტდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იდენტიფიცირების კლასიფიცირების პრაქტიკა, შეიცვალა ექსპერტული შეფასების მიდგომები. მაგალითად, ახლა მხოლოდ ერთი ექსპერტი არ აფასებს შენობა-ნაგებობას, არამედ ექსპერტთა ჯგუფი და ხშირად სადავო საკითხები გადაუწყვეტელი რჩება ექსპერტების დონეზეც და ამ საკითხს უკვე გაფართოებული ექსპერტთა საბჭოები წყვეტენ.


 ბათუმში შიშობენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შესაძლოა იმისთვის აღწერენ, რომ რამდენიმე ძეგლი ან მიმდებარე ტერიტორია ინვესტორისთვის უფრო მარტივად მისაწვდომი გახდეს. ასევე ეჭვობენ, რომ ნუსხა შემცირდება. აქედან გამომდინარე გეკითხებით, თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას თქვენვე გაასაჯაროებთ, თუ მხოლოდ სააგეტოს გადასცემთ?

 

 ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქომაგების უმრავლესობა ჩემი ნაცნობები და მეგობრები არიან. კონტრაქტის ფარგლებში მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ინფორმაცია მივცე დამკვეთს. კონტრაქტის შესრულების პროცესში როგორც მეგობარი და პროფესიონალი, ჩემი გუნდის წევრები, ჩემს მეგობრებთან ერთად, ბუნებრივია, ინფორმაციას ცვლიან. დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს, ჩვენ არ შევქმნით საინტრიგო სიტუაციას. ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა დამკვეთს, თავისთავად ატარებს გახსნილობის ტექნიკურ შესაძლებლობას. ამის უზრუნველყოფა კი კონტრაქტის პირობით თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია დამკვეთზე. დამკვეთი თუ გაასაჯაროებს ინფორმაციას, ეს იქნება ინფორმაცია, რომლითაც ჩემი გუნდის წევრები იამაყებენ და ჩვენ ნებისმიერ კითხვას გავცემთ პასუხს.

 

57 წლის ნათელა, ძროხის, მიწისა და შემწეობის გარეშე

 

ნათელა შაინიძე
ნათელა შაინიძე

ზამთარი კარს არის მომდგარი, არადა, თხილვანა ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც თოვლით ყველაზე ადრე იფარება აჭარაში. არა – შეშა, არა – საჭმლის მარაგი, ასე ხვდება ნათელა ზამთარს, რომელიც 6 თვეს მაინც გაგრძელდება. მართალია, ნათელა 57 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს, მაინც ცდილობს საკუთარი შრომით გაიტანოს თავი. გაზაფხულზე მეზობლების მხარდაჭერით მოხნა ყანა, მაგრამ მოვარდნილმა მდინარემ არათუ ნარგავები, არამედ მიწის ნაკვეთიც კი მიიტაცა. ასე დარჩა სარჩო-საბადოს გარეშე. კიდევ ერთი იმედი – ორი ძროხა, რომელიც ნათელას მეზობელს ჰყავდა იაილაღებზე წაყვანი, ზაფხულში მგელმა შეუჭამა. ახლა აღარც კარტოფილი აქვს და აღარც – რძის პროდუქტები.

 

წელს კიდევ ერთი გაურკვევლობა მოხდა მის ცხოვრებაში – მოუხსნეს სახელმწიფო დახმარება – 60 ლარი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში იღებდა. 2015 წლის მაისამდე მისი, როგორც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის ქონება, სოციალური აგენტისგან შეფასებული იყო 32 ათასი ქულით. ივნისში, სოციალური აგენტის სტუმრობის შემდეგ, მისი ქულები 125 ათასამდე გაიზარდა. სწორედ ეს ციფრი გახდა იმის მიზეზი, რომ ნათელასთვის სოციალური შემწეობა მოეხსნათ.

 

ნათელას რაიმე ისეთი ახალი ნივთი ხომ არ შეუძენია წელს, რაც შეიძლება მისთვის ქულების მომატების საფუძველი გამხდარიყო? – იგი ამბობს, რომ ოთხოთახიანი სახლის ნაწილში იატაკი ამოცვენილია, ნაწილში კი, სადაც ცხოვრობს, ორი რკინის საწოლი და ერთი პატარა ტელევიზორი უდგას. რაც შეეხება მაცივარს და მსგავს სიკეთეებს, ასეთი ნივთები ნათელას სახლში არ იძებნება. ამბობს, რომ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მეზობლები ჩუქნიან, მათ გამონაცვალს. პურს და შაქარსაც მეზობლები უზიდავენ – ვისაც როგორ შეუძლია, ისე უმართავს ნათელას ხელს.

 

ნათელა შაინიძის სახლი
ნათელა შაინიძის სახლი

 

ნათელამ არ იცის ვის მიმართოს, „ბათუმელების“ რედაქციაში მეზობლის რჩევით დარეკა. ამ შემთხვევაშიც მეზობლის ტელეფონით ისარგებლა, რადგან მას ტელეფონიც არ აქვს.

 

რატომ გადაწყდა ნათელასთვის შემწეობის მოხსნა? – ამის დადგენა ხულოს სოციალური სააგენტოს სამსახურშია შესაძლებელი. ამ სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქონიაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სავარაუდოდ, ის შვებულებაშია, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვეს გამგეობაში. გამგეობაში გვირჩევენ დაკავშირება ვცადოთ ამ სამსახურში ხელმძღავანელის მოვალეობის შემსრულებელთან – ასეთი ვინმე გენადი უნდა იყოს. მართალია, გენადი სატელეფონო ზარს პასუხობს, მაგრამ ამბობს, რომ შვებულებაშია და ითხოვს სხვას მივმართოთ, მაგრამ ამ „სხვისი“ ვინაობის დასახელებაც კი არ სურს, ტელეფონის ნომერზე ხომ საერთოდაც ზედმეტია ლაპარაკი.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი ბულბული აბაშიძე ერთადერთია, ვინც ნათელასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ბოლომდე ისმენს, – ის ნათელას ყოფითი დეტალებითაც ინტერესდება. ბულბული ნათელას ურჩევს მიმართოს მათ განყოფილებას დახმარების თხოვნით და თუ კანონით დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, მუნიციპალიტეტი მას დაეხმარება.

 

ბულბული აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ნათელას მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამების შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რადგან ამ პროგრამებს სოფლის მოსახლეობას აცნობს როგორც გამგებლის წარმომადგენელი სოფლებში, ისე სოფლების მაჟორიტარი დეპუტატი. ბულბული აბაშიძე თხილვანის მაჟორიტარის ვინაობას გვეუბნება და ტელეფონის ნომერსაც. ეს ადამიანი თხილვანაში მერაბ აბულაძე ყოფილა, რომელთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

ბრალდებული ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

 

სასამართლო პროცესი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლემ დაგვიანების მიზეზად პატიმრის ბადრაგირების დაგვიანება დაასახელა. რ.ჯ-ს ბრალი ძარცვაში ედებოდა, კონკრეტულად კი – მობილური ტელეფონის მოპარვაში. ბრალდების მიხედვით, მან მობილური ტელეფონი რესტორან “პორტო ფრანკოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ქალს ჩანთიდან ამოაცალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

 

საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებს დაცვისა და ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის. პროკურორმა, ქეთევან ადამიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს არ შეუძლია მონაწილეობა სასამართლო პროცესის განხილვაში, რადგან ექიმების აზრით, ბრალდებული პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს ვინმეს ან საკუთარ ინტერესები დაიცვას, უფრო მეტიც, ექიმების ვარაუდით მაღალია იმის რისკფაქტორი, რომ ბრალდებულმა რისკის ქვეშ დააყენოს როგორც მისი, ასევე სხვების უსაფრთხოება, ამიტომაც საზოგადოებისგან მისი იზოლაცია მოითხოვეს…

პროკურორმა თქვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული, დიაგნოზის მიხედვით, ვერ აცნობიერებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, როგორც დანაშაულს, ამიტომაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა. მას ადვოკატი დავით გოგუაძეც დაეთანხმა. ბრალდებულს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი იცავს. 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ექიმების რჩევითა და რეკომენდაციით, მას დროებით საავადმყოფოში სამკურნალოდ უშვებს, ასევე უთხრა, რომ მას შესაძლებლობა ექნება საავადმყოფო 6 თვეზე უფრო ადრეც დატოვოს, თუ მისი ჯანმრთელობა ამის შესაძლებობას მისცემს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულს კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსუდან გორდეზიანის შეჩერებული რეკორდი

 

რუსუდან გორდეზიანი

 

 

რუსუდან გორდეზიანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას ეს როკორდი არ დაუმყარებია, რადგან თურქულმა მხარემ იმ ვადებში, რაც გადაცურვისთვის იყო საჭირო – 25 აგვისტომდე, ნებართვა არ გასცა.

 

“არ ვიცი რატომ არ გასცა თურქულმა მხარემ ნებართვა. როგორც მითხრეს, დრო აღმოჩნდა არასაკმარისი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვემზადებოდი გამომეცურა თურქეთიდან სარფამდე 250 კილომეტრი და ამისთვის მზად ვიყავი. თურქეთიდან იმიტომ, რომ საქართველოში ამხელა მანძილის გაცურვა ვერ მოხერხდებოდა ოკუპირებული ტერიტორიის გამო. თორემ თურქეთიდან კი არ გამოვცურავდი სარფამდე, სარფიდან სოხუმისკენ გავცურავდი. საერთოდ მინდოდა, რომ წელს სინოპიდან იალტამდე გადამეცურა შავი ზღვა, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო არ მოხერხდება ამ მარშრუტის განხორციელებაო მითხრეს, ამიტომ გვქონდა ეს ალტერნატიული მარშრუტი“.

 

რუსუდან გორდეზიანის რეკორდის დამყარებას ფინანსურად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უჭერს მხარს. მინისტრის  მოადგილის შალვა გოგოლაძის თქმით, რეკორდი იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ ცოტა დრო ჰქონდათ თურქეთის მხარისგან ნებართვის მოსაპოვებლად.

 

„საელჩოც იყო ჩვენი  მხრიდან გაფრთხილებული და შესაბამისი ქალაქებიც, მაგრამ ვერ მოესწრო თანხმობის მიღება თურქეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან“.

 

მისივე განმარტებით, მომავალი წლისთვის შესაძლებელი იქნება ვადების დაცვა და რეკორდის შესრულება.

 

„მომავალ წელს მინდა გადავცურო შავი ზღვა ოდესიდან სტამბულამდე და ამაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა მჭირდება, რომ უზრუნველყოს გემი, კომისია და რაც მთავარია, ის მოლაპარაკება და შეთანხმება აწარმოოს ამ ქვეყნებთან, რაც აუცილებელი იქნება ამ გაცურვის ორგანიზებასთან დაკავშირებით,” – უთხა “ბათუმელებს” რუსუდან გორდეზიანმა.

 

27 წლის რუსუდან გორდეზიანმა ცურვაში პირველად რეკორდი 2013 წელს დაამყარა, როდესაც თბილისში საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ 46 კილომეტრი და 500 მეტრი გაცურა 24 საათში 5 წუთიანი შესვენებით, 2014 წელს კი – 73 კილომეტრი გადაცურა სარფიდან ფოთამდე.

 

 

ბათუმში საბავშვო ატრაქციონები შემოიღობება

 

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონების ირგვლივ ბორდიურები და რკინის ღობე მოეწყობა, რომლის სიმაღლეც 80 სანტიმეტრი იქნება. გარდა ამისა, სათამაშო მოედნებზე სპეციალური ქვიშა დაიყრება.

 

 

ამ ეტაპზე სამუშაოები ტაბიძის 15-ში ხორციელდება. დაგეგმილია 17 საბავშვო ატრაქციონის შემოღობვა.

 

 

ქალაქის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის  80 000 ლარია გამოყოფილი და მას კომპანია „სტანდარტმეტრ ჯგუფი“ ასრულებს.

 

ბსუ-ში 25-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური კონფერენცია ტარდება

 

დიალექტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებებს ორ სექციაში წარადგენენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევრები.

 

კონფერენცია იმართება ბსუ-სა და თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით.

ხელისუფლების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბათუმში ვერ იხსენებენ

 

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება? – არაფერი მახსენდება… მხოლოდ ის, რომ ამდენი ხანია მთავრობა გვპირდება და ისევ არ გახსნილა კურორტი გოდერძის უღელტეხილზე. მახსენდება მათი საპრემიო მარაზმი – საკუთარ ხელფასებსა და კომფორტზე როგორც იზრუნეს. სასარგებლო არაფერი”, – უთხრა “ბათუმელებს” ფოტოგრაფმა ლაშა ფალავანდიშვილმა

 

რეგიონის მთავრობის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერც ბლოგერმა დათო ტრაპაიძემ, მუსიკოსმა პაატა ძიძიგურმა და ისტორიკოსმა არჩილ ტოტოჩავამ გაიხსენეს. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა თამარ მამეიშვილმა კი რეგიონის მთავრობის დონეზე არა, მაგრამ რეგიონში მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გაიხსენა: “უგულავას საქმეზე  და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურზე მიღებული გადაწყვეტილება, მეტს ვერაფერს ვიხსენებ”, – უთხრა მან “ბათუმელებს”. 

 

საზოგადოების განწყობებზე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით კვლევის შედეგები გასულ კვირას ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მაც გამოაქვეყნა. 

 

ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის – ირაკლი ჭეიშვილის მუშაობას დადებითად გამოკითხულთა 10%, უარყოფითად – 11%, ხოლო 21% საშუალოდ აფასებს, 29%-ს კი არასდროს სმენია მის შესახებ. 

 

რაც შეეხება ბათუმის არჩეული მერის მუშაობას – NDI-ს გამოკითხვის შედეგებით გიორგი ერმაკოვის მუშაობას 17% უარყოფითად, 39% – საშუალოდ, ხოლო 158% დადებითად აფასებს, 24%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა. 

 

საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაცია მინიმალურია. გარდა ამისა, მოსახლეობას სურს იხილოს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და უფრო სუფთა გარემო. 

 

ქალაქისა და მუნიციპალიტეტების გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წელს ბათუმის მერიამ და მუნიციპალიტეტების გამგეობებმა რამდენიმე ტენდერი გამოაცხადეს. გრძელდება ბათუმის წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტიც, მაგრამ წლის განმავლობაში არც ერთი ქუჩის შეკეთება არ დასრულებულა. 

 

2015 წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად ბათუმში და მთლიანად რეგიონში საფეხბურთო სტადიონის, რესპუბლიკური საავადმყოფოს და ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის შესაძლო დაწყებას განიხილავდნენ. ამ პროექტებიდან ჯერ არც ერთის განხორციელება არ დაწყებულა (ამაზე “ბათუმელები” წინა ნომრებში წერდა). ბათუმის მოქალაქეებს კი მთავრობის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც მათ სარგებელი მოუტანა, არ ახსენდებათ.

 

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მათ ინტერესებს გამოხატავს. მათ ასევე მწირი ინფორმაცია აქვთ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ – ასეთი შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ იმ გამოკითხვიდან გამოიტანა, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსის ცენტრმა“ (CRRC) 2015 წლის აპრილში ჩაატარა. CRRC-მა საქართველოს 1867 მოქალაქე გამოკითხა.

 

ანალოგიური გამოკითხვა ამავე ორგანიზაციამ 2013 წელსაც ჩაატარა. წინა კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ადგილობრივი მთავრობის მუშაობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია – 2013 წელს ეს მაჩვენებელი გამოკითხულთა 20% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა. 2013 წლისგან განსხვავებით, 2015 წელს შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვიც, ვინც მიიჩნევს, რომ გამგებელი ან მერი სრულად გამოხატავს მათ ინტერესებს, თუმცა შემცირებულია იმათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი ან გამგებელი ამომრჩევლის ინტერესებს საერთოდ არ გამოხატავს.

 

“როგორც ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით, ასევე NDI-ის მასშტაბური კვლევის შედეგებთ, დადასტურდა კომუნიკაციის დეფიციტი თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის და მეორე მხრივ, ამ პროცესის უქონლობის გამო მოქალაქეები ხშირად კარგავენ სურვილს ისევ მიმართონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ კონკრეტულად ბათუმზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მოსახლოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ წელს ბათუმში დაიწყებოდა სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. იყო ასევე მოლოდინი, რომ იაფი სახლის პროგრამაზე მეტს გაიგებდნენ და, შესაბამისად, ექნებოდათ განაცხადის შეტანის საშუალება. თუ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვისაუბრებთ, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი რვაფეხას საკითხი. არის ბევრი კითხვითი ნიშანი წელს ჩატარებულ ტურისტულ სეზონზე და იმ კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც, რაც გაიმართა ბათუმში. იყო ფორსმაჟორში მიღებული გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ხალხს უნდა პოზიტიური ცვლილებები, ვერ ვიტყვით, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი არ ხარჯავს ბიუჯეტიდან თანხას სხვადასხვა კომუნალური სფეროს მოწესრიგებაზე, ამას ცხადყოფს გამოცხადებული ტენდერები და მიმდინარე სამუშაოები, მაგრამ მოქალაქეებს მეტი უნდათ. სწორედ იმიტომ მიანიჭეს არჩევისას უპირატესობა ამა თუ იმ კანდიდატს თუ პარტიას – მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ დანაპირები შესრულდებოდა”, – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.

 

 

ბათუმში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

 

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ სექტორული პრეზენტაციები და მიმდინარე წელს განსახორციელებელი საქმიანობებისა და აქტივობების მოკლე მიმოხილვა. 

 

“კონფერენციაზე ხდება ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების შეჯამება. მეორე ნაწილი კი გულისხმობს ჩვენი 2016 წლის პროგრამისა და მიზნების გაცნობას დონორებისთვის. ანუ მათი 2016 წლის რესურსები, რომლებიც გამოყოფილი იქნება გრანტის სახით, თანხვედრაში იქნება თუ არა რომელიმე პროგრამასთან. მეორე ეტაპზე გაიმართება შეხვედრები შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, სადაც კონკრეტულ პროგრამებზე იქნება საუბარი. კონფერენცია ოქტომბერში ტარდება სწორედ იმიტომ, რომ ეს ორი თვე დონორ ორგანიზაციებსა და საელჩოებს სჭირდებათ მათი 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის,” – განმარტა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. 

 

“კონფერენციაზე ჩვენ დავაყენეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის. ერთ-ერთი თემა, რომელიც განვიხილეთ, არის თანამშრომლობა იმ მიმართულებით, რომ შევქმნათ ჩვენი თანამშრომლების გადამზადების გეგმა და ასევე, ვიზრუნოთ სტუდენტების მომზადებაზე მომდევნო სამუშაო ადგილებისთვის,” – განაცხადა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა დავით ბალაძემ.

 

“დონორ ორგანიზაციებთან ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. პირველ რიგში ეს არის ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიცაა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. მოლაპარაკება გვაქვს თურქეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, მათ შეგვპირდნენ, რომ დაიწყებდნენ ამ სამუშაოებს A კორპუსის რეაბილიტაციით. ამ ეტაპისთვის დოკუმენტაცია გადაგზავნილია საპროექტო კომიტეტის სათავო ოფისში, მიმდინარეობს მისი განხილვა და უკვე მოკლე პერიოდში ისინი, შეპირებისამებრ, დაიწყებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ექიმების გადამზადებას პოლონეთში, სადაც უკვე მოვამზადეთ კარდიოქირურგები და რევმატოლოგები. ახლა მათთან მოლაპარაკების შედეგად, განვიხილავთ კიდევ რა სპეციალობების ექიმებს გადავამზადებთ.  ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ თურქეთის კლინიკებთანაც. გვაქვს შეპირება, რომ ისინი გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გადაგვიმზადებენ. 2016 წლის აპრილი-მაისიდან უკვე დავიწყებთ ქმედებების განხორციელებას და იმ მცირე ჯგუფების გაგზავნას, რომლებიც ჩამოყალიბდება,“ – თქვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ.

 

 

2015-10-23 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ახალი ბულვარი – სასტუმროებისა და კაზინოების უბანი მომავალში

 

 

“მეტრო სითი” ბათუმის ახალ ბულვარში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მიმდინარე სამშენებლო პროექტია, რომელსაც თურქეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება “მეტრო ატლას ჯორჯია” განახორციელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 90-მილიონიანი ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტის მიხედვით, 13-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“ მინიმუმ 203-ნომრიანი იქნება. ტერიტორიაზე სამი შენობა და 594 აპარტამენტი განთავსდება. სასტუმრო „მეტრო სითიში“ 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზის, სავაჭრო ცენტრის, VIP რეზიდენციის, სამორინესა და სხვა ობიექტების მოწყობა იგეგმება. ინვესტიცია 600-დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 3 წლით ადრე – 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ახალ ბულვარში „მეტრო ატლას ჯორჯია“ კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. კომპანია 200-ნომრიან სასტუმროს აშენებს, რომლის ოპერირებასაც საერთაშორისო ბრენდი „ტიტანიკი“ გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი არანაკლებ 200-ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. ამ პროექტისთვის გათვალისწინებული 20 მილიონი დოლარიდან მილიონი დოლარი საინვესტიციო ტერიტორიასთან არსებული არხის კეთილმოწყობაზე დაიხარჯება. მშენებლობა უკვე დაიწყო. მშენებლობის დასრულებისთვის შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“, ხელშეკრულების თანახმად, 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იონა წითელაძის ინფორმაცით, “მეტრო ატლას ჯორჯია” მომავალში კიდევ ერთი პროექტის, მცირე მასშტაბიანი იახტკლუბის გაკეთებას გეგმავს. ეს ბათუმისთვის მეორე იახტკლუბი იქნება.

“უცხოეთში ზღვისპირა ქალაქებს თუ დავაკვირდებით, ერთი კი არა რამდენიმე იახტკლუბი აქვთ. ინვესტორს აქვს იდეა, რომ მდინარე მეჯინისწყლის შესართავთან გაკეთდეს მცირე ზომის იახტკლუბი. პროექტი უნდა შეათანხმოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მის განხორციელებას შემდეგ დაიწყებს.”

“მეტრო ატლას ჯორჯია” ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სკოლა-ლიცეუმის გახსნასაც გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, სკოლა 6064,70 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და საბავშვო ბაღიდან 12 კლასის ჩათვლით 720 მოსწავლის მომსახურებას უზრუნველყოფს. სკოლა-ლიცეუმში 60 ადგილობრივი აღმზრდელ-მასწავლებელი დასაქმდება. აღსაზრდელები განათლების მიღებას ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე შეძლებენ. სკოლის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ფონდი გაიღებს, ხოლო სკოლის სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული.

სკოლის ახალი შენობა, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში, თანამედროვე სტანდარტებით აშენდება – სკოლას ექნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:”თვალასაჩინოებებით გამდიდრებული საკლასო ოთახები, რომლებიც აღჭურვილია ვიდეოთვალით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, მუდმივად განახლებადი ბიბლიოთეკით, გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით; სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებული იქნება სველი წერტილებიც. სკოლას ექნება ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი.”

სააქციო საზოგადოება “მეტრო ატლას ჯორჯია” 2012 წელს თურქეთის მოქალაქეებმა დააარსეს. რეესტრის მონაცემებით, დღემდე კომპანიის წილები ბევრჯერ გაასხვისეს. ამ დროისთვის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირი თურქეთის სამი მოქალაქე და ერთი საქართველოს მოქალაქე, რაულ კახაძეა.

ბათუმის ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე, კიდევ ერთ, 200-ნომრიან სასტუმროსა და აპარტამენტებს ააშენებს შპს „ეიარ მერიდიანსიც“. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი “ინთერსთეითი” უზრუნველყოფს.

კომპანია “ეიარ მერიდიანსის” პროექტი “White Sails” (თეთრი იალქნები) 30-მილიონიანი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში 120 000 კვადრატულ მეტრზე ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და 6 აპარტ-ოტელი შენდება. კომპლექსის ტერიტორია ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს მოიცავს. პროექტის პირველ ეტაპზე 300, ხოლო ოთხ წელიწადში კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ კიდევ 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Interstate Hotels and Resorsts-ი სასტუმროების ინდუსტრიაში ნომერ პირველი კომპანიაა და საქართველოში პირველად შემოდის (Iნტერსტატე, 1960 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი სასტუმრო ქსელების: Starwood-ის, Intercontinental-ის, Hyatt-ის, Holiday Inn-ის, Marriott-ისა და სხვების მართვაში მონაწილეობდა). kompleqs White Sails-ის მართვას სწორედ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთა ქსელი – Interstate განახორციელებს.”

შპს “ეიარ მერიდიანსი” ბათუმში რუსულ ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია ბათუმში 2015 წელს რუსეთის მოქალაქემ რეფიყ კაიტამბამ დააფუძნა და კომპანიას თავად ხელმძღვანელობს.

კაჩინსკების ქუჩაზე გეგმავს 39-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას კომპანია “ორბი ჯგუფიც”. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ამ პროექტის ფარგლებში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

პროექტი „Orbi Beach Tower“-ი 850-ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების, სავაჭრო ცენტრების, რესტორნების, კაფეების, ღამის კლუბების, აუზის, ფიტნესცენტრის, დასასვენებელი ტერასებისა და კაზინოს მშენებლობას ითვალისწინებს.
მშენებლობის პროცესში კომპანიამ 400 პირის დასაქმების, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ 200 პირის დასაქმების ვალდებულება აიღო. შეთანხმების თანახმად, მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ირაკლი კვერღელიძეა. კომპანია 2008 წელსაა დარეგისტრირებული.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტებისთვის მომხიბვლელ ზონად განიხილავს. იონა წითელაძე: “ეს იქნება ერთ-ერთი განვითარებული უბანი, სადაც იქნება საცხოვრებელიც და ტურისტული ობიექტებიც. ვიცით, რომ რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ყველაზე დიდი სიმდიდრე მაინც ზღვაა. სანაპირო ზოლით იწყება ქალაქის განვითარება.

 

წინა მთავრობას ეს მიწები 1 ლარად ჰქონდა გაყიდული, მაგრამ არც ერთი მშენებლობა არ იყო დაწყებული. ქონება დავიბრუნეთ და პირობიანი აუქციონით გავასხვისეთ, საიდანაც ექვს მილიონამდე შევიდა ბიუჯეტში და 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ სასტუმროები და კაზინოებია, ეს არის მრავალფუნქციური შენობები”.

 

 

 

მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

 

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ასამართლებენ, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლი არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობას.

სასამართლო პროცესზე დარბაზი ხალხით შეივსო, პროცესზე დასასწრებად ხულოდან დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრები და ნათესავები მივიდნენ. მოსამართლემ ამ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა, თავის გადაწყვეტილებას მომდევნო პროცესზე გამოაცხადებს.

დაცვის მხარე სადავოდ მხოლოდ ბრალდებულის საპყრობილეში შესახლების ოქმსა და ადვოკატების ორდერს არ ხდის. სხვა მტკიცებულებები მას სადავოდ მიაჩნია და მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი საქმეს არ უნდა დაერთოს – ადვოკატმა მიუთითა ექსპერტიზის დასკვნებზე; ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნებს არ გააჩნია ნომერი, რაც შესაძლოა შეცვლილი იყოს.

პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ ადვოკატის მოსაზრება არგუმენტს მოკლებული და “მოგონილია”. სასამართლო პროცესზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომლებსაც ნომრები მინიჭებული ჰქონდა.

ადვოკატმა თქვა, რომ ნომრები არ აქვს მის ხელთ არსებულ ექსპერტიზის დასკვნებს. “შეგიძლიათ მაჩვენოთ?” – ჰკითხა მოსამართლემ ადვოკატს, რომელმაც განმარტა, რომ მას თან არ ჰქონდა საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები.
მეორე ხარვეზი, ადვოკატის შეფასებით, არის მკვლელობის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, რომლებსაც არ აწერია დრო და რიცხვი, თუ როდისაა გადაღებული ეს მასალა გამოძიების მიერ.

პროკურორმა თქვა, რომ ადვოკატს მტკიცებულებები დისკზე ჩაწერილი გადასცეს და ფოტოებს ამიტომ არ ეწერა დრო და რიცხვი.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს ჰოლში ბრალდებულის რძალს სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ის მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. როგორც ბრალდებულის ნათესავებმა “ბათუმელებთან” განაცხადეს, სხდომის დასრულების შემდეგ მოკლულის ნათესავმა სასამართლოს ჰოლში თავში ჩაარტყა ბრალდებულის ოჯახის წევრს – რძალს.

ბრალდებულიც და გარდაცვლილიც ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და მეგობრობდნენ. ბრალდების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მერე კი ცოლის დახმარებით გვამი ჯერ ერთ ადგილას დამარხა, მერე მდინარის პირას, უკვე მეორედ დამარხა.

 

ფოტო გადაღებულია სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

 

არჩილ ხაბაძე იან კელის შეხვდა

 

 

ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური კორპუსის წევრი და მინისტრ-მრჩევლის კლასის დიპლომატია. 11 სექტემბერს მან საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ფიცი დადო. კელი ბოლოს ჩიკაგოში ილინოისის უნივერსიტეტში რეზიდენტი-დიპლომატის სტატუსით მუშაობდა.

 

2010-2013 წლებში კელი ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ის დროებით ეუთოს მინსკის ჯგუფში ამერიკელი თანათავმჯდომარის პოსტსაც ითავსებდა. კელი მეუღლესთან ერთად საქართველოში ამა წლის სექტემბერში ჩამოვიდა.

 

იან კელის დღეს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვიც შეხვდა. 

 

დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადება ტელეკომპანია”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

 

„2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საჯარო განცხადებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეომასალის გავრცელების მუქარით, რომელიც გვარამიასვე განცხადებით უკავშირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მის აქტიურობას.

 

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული სასამართლო დავა, მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სიმძაფრითა და შინაარსით უკვე გასცდა ჩვეულებრივი სამოქალაქო დავის ფარგლებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ნაწილად იქცა, რაც უპირველეს ყოვლისა აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

 

ნიკა გვარამიას განცხადება წარმოადგენს შემაშფოთებელ ინფორმაციას, რაც საჭიროებს უმოკლეს ვადებში გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ინფორმაცია და ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენები და პროცესები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, ზოგადად დემოკრატიული განვითარების პროცესს. ამ ფონზე, აღნიშნული დავის სამოქალაქო ხასიათი და კერძო ბიზნეს ინტერესები უკვე კარგავს ყოველგვარ ღირებულებას.

 

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა აღნიშნული სამოქალაქო დავის დისტანცირება ვერც საკუთარი თავისგან და შესაბამისად ვერც პოლიტიკური პროცესებისაგან, რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა, განსაკუთრებით ტელეკომპანიის წილების კანონიერი მფლობელისათვის უკან დაბრუნების თაობაზე გაკეთებულმა შეფასებებმა.

 

დაუშვებელია სასამართლო დავის დაწყებამდე და ახლაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ ხელისუფლების, ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და საკითხით დაინტერესებული სხვა პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც სცილდება სამოქალაქო დავის ფარგლებს და გადაიზარდა პოლიტიკურ პროცესებში.

 

დაუშვებელია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ წამოწყებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია. მოსამართლის, ზოგადად სასამართლოსამდი ამგვარი დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს სასამართლო ინსტიტუტის ნდობის ხარისხზე.
მიგვაჩნია, რომ უმოკლეს დროში უნდა მოხდეს რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადების დროული შესწავლა, ეფექტური გამოძიება და ფაქტს მოჰყვეს შესაბამისი, სამართლიანი და ადექვატური რეაგირება.

 

დემოკრატიის ინსტიტუტი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია ,,რუსთავის-2“-ს სიტყვის თავისუფლების, მედიაპლურალიზმის, განსხვავებული და კრიტიკული აზრის არსებობისათვის ბრძოლაში და გვჯერა, რომ მათი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა და არა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების გამოხატვა“ – აღნიშნულია განცხადებაში. 


”ხელისუფლებამ თვალნათლივ დაინახა თავისი გაკოტრების რეალური სურათი”

მიხეილ მახარაძის თქმით, ხელისუფლების ქმედებები NDI-ის კვლევებს უკავშირდება. „ხელისუფლებამ თვალნათლივ დაინახა თავისი გაკოტრების რეალური სურათი. მე დღეს მთავრობის სხდომაზე მოვუსმინე ჩვენი არაფორმალური მმართველის მიერ დანიშნული ფორმალური მმართველის გამოსვლას – შეშინებული, ამავე დროს ფარისევლური, წამქეზებლური. აი, ამ შავ-ბნელ ძალებს აქეზებს საზოგადოების მოერე ნაწილზე, თანაც  ბოლოს იტყვის, ჩვენ კანონის ფარგლებშიო, მაგრამ წინადადება ვერ თქვა, რომ არ დაეყოლებინა „მაგრამ“ და ის „მაგრამ“ არის სწორედ წაქეზება. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება, ხელისუფლებას რომ ძვირად დაუჯდება, ეს დიდად არ მაღელვებს, ქვეყანას დაუჯდება ძვირად,“ – განაცხადა მიხეილ მახარაძემ. 

მთავრობის ინფორმაციით, ხიმშიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება

 

ხიმშიაშვილის ქუჩა

მთავრობის ინფორმაციით, ქუჩის კეთილმოწყობა 15 სექტემბერს დაიწყო და ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა და განხორციელდება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დამონტაჟებულია 48 საკომუნიკაციო ჭა, ასევე, 510 მ სიგრძის მილი და მიმდინარეობს ტერიტორიის მოასფალტება. დაიგება 5 სმ სისქის ასფალტის საფარი.


მთავრობის ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩარმიქლის ქუჩიდან ჟილინის არხამდე მონაკვეთში ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009“ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოებზე 27 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 199 ათასი ლარი გამოიყო.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე კაპიტალური კეთილმოწყობის სამუშაოები 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ზურაბ გორგილაძის ქუჩის გაგრძელების სამუშაოებიც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო გორგილაძის ქუჩის გაგრძელება ჯავახიშვილიდან შარტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე.


რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს, სადაც გამოიცვალა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები და დაიგო ასფალტის საფარი. ჯავახიშვილიდან შარტავას ქუჩამდე მონაკვეთში კი შეიცვალა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, მოეწყო საკომუნიკაციო ჭები, შეიცვალა გრუნტი, მოეწყო ბორდიურები, დამონტაჟდა 14 მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი და დაიგო ასფალტის ორი ფენა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები და დაიგო ფილები. აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 657 ათასამდე ლარი გამოიყო, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ,,გზამ“ შეასრულა.


აჭარის განათლების მინისტრი მისი მოადგილის მიერ წამების კადრების გავრცელებაზე

 

 

აჭარის განათლების მინისტრი

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის, როგორც განათლების მინისტრისთვის, მისი მოადგილის მხრიდან წამების კადრების ტირაჟირება, მინისტრი ამბობს:

 

„არ ვიცი, მე არ მინახავს მისი გაზიარებული კადრები, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია. ის არ არის იმ ასაკში, რომ დავაყენო და რაღაც ვურჩიო, ასე ჯობია თუ ისე ჯობია. განათავსებენ თუ არ განათავსებენ ადამიანები ამ ვიდეოებს, ეს მათი გადასაწყვეტია. მე, პირადად, არ ვარ ამ კადრების გავრცელების მომხრე.

 

ორი მიდგომაა, – ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდებოდა და მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს ადამიანების ფსიქიკაზე და უფრო მტრულად განაწყოს ისინი. მე არ ვიცი რომელია სწორი. მაგრამ მე, პირადად, არ ვარ იმის მომხრე, რომ ეს კადრები ყველამ ნახოს“.  – განაცხადა გიორგი თავამაიშვილმა.  

Exit mobile version