კვირის ამბები

57 წლის ნათელა, ძროხის, მიწისა და შემწეობის გარეშე

24.10.2015 • 2053
57 წლის ნათელა, ძროხის, მიწისა და შემწეობის გარეშე

 

ნათელა შაინიძე
ნათელა შაინიძე

ზამთარი კარს არის მომდგარი, არადა, თხილვანა ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც თოვლით ყველაზე ადრე იფარება აჭარაში. არა – შეშა, არა – საჭმლის მარაგი, ასე ხვდება ნათელა ზამთარს, რომელიც 6 თვეს მაინც გაგრძელდება. მართალია, ნათელა 57 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს, მაინც ცდილობს საკუთარი შრომით გაიტანოს თავი. გაზაფხულზე მეზობლების მხარდაჭერით მოხნა ყანა, მაგრამ მოვარდნილმა მდინარემ არათუ ნარგავები, არამედ მიწის ნაკვეთიც კი მიიტაცა. ასე დარჩა სარჩო-საბადოს გარეშე. კიდევ ერთი იმედი – ორი ძროხა, რომელიც ნათელას მეზობელს ჰყავდა იაილაღებზე წაყვანი, ზაფხულში მგელმა შეუჭამა. ახლა აღარც კარტოფილი აქვს და აღარც – რძის პროდუქტები.

 

წელს კიდევ ერთი გაურკვევლობა მოხდა მის ცხოვრებაში – მოუხსნეს სახელმწიფო დახმარება – 60 ლარი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში იღებდა. 2015 წლის მაისამდე მისი, როგორც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის ქონება, სოციალური აგენტისგან შეფასებული იყო 32 ათასი ქულით. ივნისში, სოციალური აგენტის სტუმრობის შემდეგ, მისი ქულები 125 ათასამდე გაიზარდა. სწორედ ეს ციფრი გახდა იმის მიზეზი, რომ ნათელასთვის სოციალური შემწეობა მოეხსნათ.

 

ნათელას რაიმე ისეთი ახალი ნივთი ხომ არ შეუძენია წელს, რაც შეიძლება მისთვის ქულების მომატების საფუძველი გამხდარიყო? – იგი ამბობს, რომ ოთხოთახიანი სახლის ნაწილში იატაკი ამოცვენილია, ნაწილში კი, სადაც ცხოვრობს, ორი რკინის საწოლი და ერთი პატარა ტელევიზორი უდგას. რაც შეეხება მაცივარს და მსგავს სიკეთეებს, ასეთი ნივთები ნათელას სახლში არ იძებნება. ამბობს, რომ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მეზობლები ჩუქნიან, მათ გამონაცვალს. პურს და შაქარსაც მეზობლები უზიდავენ – ვისაც როგორ შეუძლია, ისე უმართავს ნათელას ხელს.

 

ნათელა შაინიძის სახლი
ნათელა შაინიძის სახლი

 

ნათელამ არ იცის ვის მიმართოს, „ბათუმელების“ რედაქციაში მეზობლის რჩევით დარეკა. ამ შემთხვევაშიც მეზობლის ტელეფონით ისარგებლა, რადგან მას ტელეფონიც არ აქვს.

 

რატომ გადაწყდა ნათელასთვის შემწეობის მოხსნა? – ამის დადგენა ხულოს სოციალური სააგენტოს სამსახურშია შესაძლებელი. ამ სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქონიაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სავარაუდოდ, ის შვებულებაშია, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვეს გამგეობაში. გამგეობაში გვირჩევენ დაკავშირება ვცადოთ ამ სამსახურში ხელმძღავანელის მოვალეობის შემსრულებელთან – ასეთი ვინმე გენადი უნდა იყოს. მართალია, გენადი სატელეფონო ზარს პასუხობს, მაგრამ ამბობს, რომ შვებულებაშია და ითხოვს სხვას მივმართოთ, მაგრამ ამ „სხვისი“ ვინაობის დასახელებაც კი არ სურს, ტელეფონის ნომერზე ხომ საერთოდაც ზედმეტია ლაპარაკი.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი ბულბული აბაშიძე ერთადერთია, ვინც ნათელასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ბოლომდე ისმენს, – ის ნათელას ყოფითი დეტალებითაც ინტერესდება. ბულბული ნათელას ურჩევს მიმართოს მათ განყოფილებას დახმარების თხოვნით და თუ კანონით დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, მუნიციპალიტეტი მას დაეხმარება.

 

ბულბული აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ნათელას მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამების შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რადგან ამ პროგრამებს სოფლის მოსახლეობას აცნობს როგორც გამგებლის წარმომადგენელი სოფლებში, ისე სოფლების მაჟორიტარი დეპუტატი. ბულბული აბაშიძე თხილვანის მაჟორიტარის ვინაობას გვეუბნება და ტელეფონის ნომერსაც. ეს ადამიანი თხილვანაში მერაბ აბულაძე ყოფილა, რომელთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: