სიახლეები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

24.10.2015 • 1651
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს


ბატონო გიორგი, რა სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს სატენდერო პირობები? 


გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

სამუშაოს ვახორციელებთ კონკრეტული ობიექტების გარშემო, დამკვეთის მიერ მოცემულ მისამართებზე. ეს არ არის დაფარვითი ინვენტარიზაცია, დამკვეთის მიერ მოცემულ მისამართებზე არსებული კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების კვლევა. ეს მოიცავს საველე ბარათისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით ძეგლების ინვენტარიზაციას იმისათვის, რომ მოცემული მისამართები დაგვემუშავებინა და გამოგვერიცხა უზუსტობები, ვინაიდან ოფიციალურ დოკუმენტაციაშიც არსებობს უზუსტობები, ზოგი სახლი შედის ნუსხაში და არ იმსახურებს სტატუსს, რადგან არ გააჩნია არანაირი ღირებულება. ზოგი ნაგებობა კი არ არის შესული და ამ დროს მას აქვს ღირებულება. სამწუხაროდ ხშირია ტექნიკურ-ბიუროკრატიული ხარვეზი, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა.

კეთილსინდისიერად რომ ჩაგვეტარებინა სამუშაოები, ეს მისამართები გადავამოწმეთ და ვაკორექტირებთ ხარვეზებს. ხელოვნებათმცოდნეებმა უკვე დაასრულეს სავალე ბარათებში მონაცემთა შეგროვება, შესაბამისი აღწერა და სარეკომენდაციო შეთავაზებების ჩამოყალიბება სააღრიცხვო ბარათის სახით. ინჟინერ-კონსტრუქტორებისაგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, ამავე ობიექტებზე, განახორციელა საინჟინრო-კონსტრუქციული შეფასება, გამომწვევი მიზეზების დაფიქსირება, მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციები. ამ მონაცემების შეჯერების საფუძველზე დამკვეთთან მისამართებისა და ნუსხის გადამოწმების შემდეგ ვაპირებთ ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას. მთელი ეს ინფორმაცია თავს მოიყრის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც გამოყენებადი იქნება გეოინფორმაციულ სისტემაში, ხოლო კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეიქმნება ამ მონაცემების დამუშავებისთვის, მონაცემებთან ერთად გადაეცემა დამკვეთს.

 

რას მისცემს ეს დამკვეთს?


დამკვეთს შეეძლება ნებისმიერ დროს მოძებნოს ძეგლი, ძეგლთან დაკავშირებული ღირებული ელემენტის, ფრაგმენტის ან ისტორიულ-მემორიალური ფაქტის შესახებ ინფორმაცია; შეიძლება გარკვეული ტიპის ფასადებზე დაამუშაოს ინფორმაცია, ასევე გარკვეული ტიპის მიწის მესაკუთრეების, შენობების, პრობლემების მიხედვით, შექმნას თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებისთვის გამზადებული ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომლითაც ის იხელმძღვანელებს თავის საქმიანობაში, იქნება ეს სტატუსის მინიჭება, მოხსნა, სამშენებლო ნებართვის გაცემა ობიექტზე ან მის მიმდებარედ, ღირებულ შენობა-ნაგებობებზე ჩარევის ფორმების დადგენა, შეთანხმება და დამტკიცება სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების უზრუნველსაყოფად და ა.შ.

 

ანუ მხოლოდ სააგენტოს მიერ გადმოცემულ მისამართებზე არსებულ შენობებს შეისწავლით და სხვას არა?


ჩვენ დავდებთ ინფორმაციას, გააჩნია თუ არა შენობას ძეგლის ნიშნები, ხომ არ არის შემთხვევით ნუსხაში შესული ისეთი ობიექტი, რომელიც არ იმსახურებს ძეგლის სტატუსს ან პირიქით, რამე ხომ არ არის გამორჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაფარვით ინვენტარიზაციას არ ვაკეთებთ, ჩვენი კომპანია კარგად იცნობს ბათუმს, „გეოგრაფიკმა“ 2006-2007 წლებში განახორციელა ბათუმის დაცვით ზონებში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაფარვითი ინვენტარიზაცია, დაამუშავა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში, დამკვეთის დავალების შესაბამისად ვალდებულები ვართ შევიმუშავოთ კონკრეტული რეკომენდაციები კონკრეტული დამკვეთის მიერ მოწოდებულ ობიექტებზე და არა მხოლოდ მათზე. რეკომენდაციები შეეხება ძეგლის სტატუსების მინიჭებას დამატებით ობიექტებზეც, და ხარვეზების შემთხვევაში ნუსხაში გაპარულ არაადეკვატურ ნაგებობებზე სტატუსის მოხსნაზეც. ჩვენი კომპანია რეკომენდაციებს არ გასცემს ღირებულ ობიექტზე არსებული სტატუსის მოხსნაზე. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ ობიექტებს, რომლებიც ღირებულია და სახელმწიფოს ჯერ არ გაუძეგლებია, ვწერთ, რომ ეს გამორჩენილია და იმსახურებს ძეგლის სტატუსს. 

 

თუ არის ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობა, მაგრამ სააგენტოს არ გადმოუცია, ან ძეგლის მიმდებარე მონაკვეთები, მაშინ რა ხდება?


ვინაიდან ჩვენ არ ვახორციელებთ დაფარვით ინვენტარიზაციას, შესაძლებელია დამკვეთის მიერ ტექნიკური დავალების ფარგლებში მოწოდებული საკვლევი სიის მიღმა არსებული ღირებული ობიექტების კვლევა ვერ მოხდეს და კვლევის მიღმა დარჩეს რაიმე ღირებული შენობა. შესაბამისად ეს ჩვენი კვლევის მასალებში ვერ მოხვდება. მაგრამ დამკვეთი ფლობს სრულ ინფორმაციას ქალაქზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და კულტურული მემკვიდრეობის ქომაგებიც ფლობენ კარგ ინფორმაციას და საბოლოოდ ჩვენი, მიმდინარე პროექტის შედეგებიც ფართო განხილვის საგანი იქნება, მსგავსი ე.წ. გაპარვისა და ხარვეზების შესაძლებლობა ძალიან დაბალი იქნება. თუმცა მაშინდელი დაფარვითი ინვენტარიზაციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: მათ შორის დაინგრა ან დეგრადირდა შენობა-ნაგებობები, დაკონკრეტდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იდენტიფიცირების კლასიფიცირების პრაქტიკა, შეიცვალა ექსპერტული შეფასების მიდგომები. მაგალითად, ახლა მხოლოდ ერთი ექსპერტი არ აფასებს შენობა-ნაგებობას, არამედ ექსპერტთა ჯგუფი და ხშირად სადავო საკითხები გადაუწყვეტელი რჩება ექსპერტების დონეზეც და ამ საკითხს უკვე გაფართოებული ექსპერტთა საბჭოები წყვეტენ.


 ბათუმში შიშობენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შესაძლოა იმისთვის აღწერენ, რომ რამდენიმე ძეგლი ან მიმდებარე ტერიტორია ინვესტორისთვის უფრო მარტივად მისაწვდომი გახდეს. ასევე ეჭვობენ, რომ ნუსხა შემცირდება. აქედან გამომდინარე გეკითხებით, თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას თქვენვე გაასაჯაროებთ, თუ მხოლოდ სააგეტოს გადასცემთ?

 

 ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქომაგების უმრავლესობა ჩემი ნაცნობები და მეგობრები არიან. კონტრაქტის ფარგლებში მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ინფორმაცია მივცე დამკვეთს. კონტრაქტის შესრულების პროცესში როგორც მეგობარი და პროფესიონალი, ჩემი გუნდის წევრები, ჩემს მეგობრებთან ერთად, ბუნებრივია, ინფორმაციას ცვლიან. დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს, ჩვენ არ შევქმნით საინტრიგო სიტუაციას. ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა დამკვეთს, თავისთავად ატარებს გახსნილობის ტექნიკურ შესაძლებლობას. ამის უზრუნველყოფა კი კონტრაქტის პირობით თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია დამკვეთზე. დამკვეთი თუ გაასაჯაროებს ინფორმაციას, ეს იქნება ინფორმაცია, რომლითაც ჩემი გუნდის წევრები იამაყებენ და ჩვენ ნებისმიერ კითხვას გავცემთ პასუხს.

 

გადაბეჭდვის წესი