კვირის ამბები

ხელისუფლების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბათუმში ვერ იხსენებენ

23.10.2015 • • 1445
ხელისუფლების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბათუმში ვერ იხსენებენ

 

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება? – არაფერი მახსენდება… მხოლოდ ის, რომ ამდენი ხანია მთავრობა გვპირდება და ისევ არ გახსნილა კურორტი გოდერძის უღელტეხილზე. მახსენდება მათი საპრემიო მარაზმი – საკუთარ ხელფასებსა და კომფორტზე როგორც იზრუნეს. სასარგებლო არაფერი”, – უთხრა “ბათუმელებს” ფოტოგრაფმა ლაშა ფალავანდიშვილმა

 

რეგიონის მთავრობის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერც ბლოგერმა დათო ტრაპაიძემ, მუსიკოსმა პაატა ძიძიგურმა და ისტორიკოსმა არჩილ ტოტოჩავამ გაიხსენეს. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა თამარ მამეიშვილმა კი რეგიონის მთავრობის დონეზე არა, მაგრამ რეგიონში მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გაიხსენა: “უგულავას საქმეზე  და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურზე მიღებული გადაწყვეტილება, მეტს ვერაფერს ვიხსენებ”, – უთხრა მან “ბათუმელებს”. 

 

საზოგადოების განწყობებზე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით კვლევის შედეგები გასულ კვირას ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მაც გამოაქვეყნა. 

 

ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის – ირაკლი ჭეიშვილის მუშაობას დადებითად გამოკითხულთა 10%, უარყოფითად – 11%, ხოლო 21% საშუალოდ აფასებს, 29%-ს კი არასდროს სმენია მის შესახებ. 

 

რაც შეეხება ბათუმის არჩეული მერის მუშაობას – NDI-ს გამოკითხვის შედეგებით გიორგი ერმაკოვის მუშაობას 17% უარყოფითად, 39% – საშუალოდ, ხოლო 158% დადებითად აფასებს, 24%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა. 

 

საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაცია მინიმალურია. გარდა ამისა, მოსახლეობას სურს იხილოს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და უფრო სუფთა გარემო. 

 

ქალაქისა და მუნიციპალიტეტების გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წელს ბათუმის მერიამ და მუნიციპალიტეტების გამგეობებმა რამდენიმე ტენდერი გამოაცხადეს. გრძელდება ბათუმის წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტიც, მაგრამ წლის განმავლობაში არც ერთი ქუჩის შეკეთება არ დასრულებულა. 

 

2015 წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად ბათუმში და მთლიანად რეგიონში საფეხბურთო სტადიონის, რესპუბლიკური საავადმყოფოს და ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის შესაძლო დაწყებას განიხილავდნენ. ამ პროექტებიდან ჯერ არც ერთის განხორციელება არ დაწყებულა (ამაზე “ბათუმელები” წინა ნომრებში წერდა). ბათუმის მოქალაქეებს კი მთავრობის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც მათ სარგებელი მოუტანა, არ ახსენდებათ.

 

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მათ ინტერესებს გამოხატავს. მათ ასევე მწირი ინფორმაცია აქვთ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ – ასეთი შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ იმ გამოკითხვიდან გამოიტანა, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსის ცენტრმა“ (CRRC) 2015 წლის აპრილში ჩაატარა. CRRC-მა საქართველოს 1867 მოქალაქე გამოკითხა.

 

ანალოგიური გამოკითხვა ამავე ორგანიზაციამ 2013 წელსაც ჩაატარა. წინა კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ადგილობრივი მთავრობის მუშაობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია – 2013 წელს ეს მაჩვენებელი გამოკითხულთა 20% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა. 2013 წლისგან განსხვავებით, 2015 წელს შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვიც, ვინც მიიჩნევს, რომ გამგებელი ან მერი სრულად გამოხატავს მათ ინტერესებს, თუმცა შემცირებულია იმათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი ან გამგებელი ამომრჩევლის ინტერესებს საერთოდ არ გამოხატავს.

 

“როგორც ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით, ასევე NDI-ის მასშტაბური კვლევის შედეგებთ, დადასტურდა კომუნიკაციის დეფიციტი თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის და მეორე მხრივ, ამ პროცესის უქონლობის გამო მოქალაქეები ხშირად კარგავენ სურვილს ისევ მიმართონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ კონკრეტულად ბათუმზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მოსახლოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ წელს ბათუმში დაიწყებოდა სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. იყო ასევე მოლოდინი, რომ იაფი სახლის პროგრამაზე მეტს გაიგებდნენ და, შესაბამისად, ექნებოდათ განაცხადის შეტანის საშუალება. თუ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვისაუბრებთ, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი რვაფეხას საკითხი. არის ბევრი კითხვითი ნიშანი წელს ჩატარებულ ტურისტულ სეზონზე და იმ კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც, რაც გაიმართა ბათუმში. იყო ფორსმაჟორში მიღებული გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ხალხს უნდა პოზიტიური ცვლილებები, ვერ ვიტყვით, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი არ ხარჯავს ბიუჯეტიდან თანხას სხვადასხვა კომუნალური სფეროს მოწესრიგებაზე, ამას ცხადყოფს გამოცხადებული ტენდერები და მიმდინარე სამუშაოები, მაგრამ მოქალაქეებს მეტი უნდათ. სწორედ იმიტომ მიანიჭეს არჩევისას უპირატესობა ამა თუ იმ კანდიდატს თუ პარტიას – მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ დანაპირები შესრულდებოდა”, – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.

 

 

გადაბეჭდვის წესი