სიახლეები

ბრალდებული ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

24.10.2015 • 1190
ბრალდებული ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

 

სასამართლო პროცესი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლემ დაგვიანების მიზეზად პატიმრის ბადრაგირების დაგვიანება დაასახელა. რ.ჯ-ს ბრალი ძარცვაში ედებოდა, კონკრეტულად კი – მობილური ტელეფონის მოპარვაში. ბრალდების მიხედვით, მან მობილური ტელეფონი რესტორან “პორტო ფრანკოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ქალს ჩანთიდან ამოაცალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

 

საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებს დაცვისა და ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის. პროკურორმა, ქეთევან ადამიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს არ შეუძლია მონაწილეობა სასამართლო პროცესის განხილვაში, რადგან ექიმების აზრით, ბრალდებული პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს ვინმეს ან საკუთარ ინტერესები დაიცვას, უფრო მეტიც, ექიმების ვარაუდით მაღალია იმის რისკფაქტორი, რომ ბრალდებულმა რისკის ქვეშ დააყენოს როგორც მისი, ასევე სხვების უსაფრთხოება, ამიტომაც საზოგადოებისგან მისი იზოლაცია მოითხოვეს…

პროკურორმა თქვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული, დიაგნოზის მიხედვით, ვერ აცნობიერებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, როგორც დანაშაულს, ამიტომაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა. მას ადვოკატი დავით გოგუაძეც დაეთანხმა. ბრალდებულს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი იცავს. 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ექიმების რჩევითა და რეკომენდაციით, მას დროებით საავადმყოფოში სამკურნალოდ უშვებს, ასევე უთხრა, რომ მას შესაძლებლობა ექნება საავადმყოფო 6 თვეზე უფრო ადრეც დატოვოს, თუ მისი ჯანმრთელობა ამის შესაძლებობას მისცემს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულს კომენტარი არ გაუკეთებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: